მთავარი,სიახლეები

კანონი შერჩევითია – იურისტი „გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეზე“

20.04.2020 • 1335
კანონი შერჩევითია – იურისტი „გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეზე“

გაუფრთხილებლობით ქალის მკვლელობის საქმეს, რის გამოც დღეს, 20 აპრილს, პოლიციელი დააკავეს, ეხმაურება იურისტი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროგრამის მენეჯერი, გიორგი ჩიტიძე:

„…ამ ყველაფერში ყველაზე ნამდვილი ტრაგედია იცით რა არის? აი, თეორიულად, ამ პოლიციელს შეიძლება შინაპატიმრობა შეეფარდოს. ასეც რომ არ მოხდეს, 2-დან 4 წლამდე წავა ციხეში.

მაშინ როდესაც, „ბასიანიდან“ გამოსულ რეივერს რომ 2 აბი MDMA აღმოაჩნდეს, სანქცია არის 8-დან 20 წლამდე ან უვადო, ხო, არ მოგესმათ, უვადო. ასე რომ, არამხოლოდ კანონის აღსრულებაა შერჩევითი, თავად კანონებია მოზელილი შერჩევითად,“ – წერს გიორგი ჩიტიძე ფეისბუქზე.

პროკურატურის განცხადებით, პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სახლის აივანზე ცეცხლსასროლი იარაღი უმისამართოდ გაისროლა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავებიან და თავისუფლების აღკვეთა ელის 2-დან 4 წლამდე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პოლიციელს, რომელსაც ბრალი დღეს უკვე წარუდგინეს, დანაშაულის ჩადენა დაუდასტურდება.

გამორიცხული არ არის პოლიციელს სასჯელის სახით შინაპატიმრობა შეუფარდონ. გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს – 6 თვიდან 2 წლამდე ვადით.

იურისტი გიორგი ჩიტიძე მიიჩნევს, რომ „კანონი შერჩევითია“ და ეს კონკრეტული შემთხვევა ნათლად აჩვენებს სანქციებს შორის თანაფარდობის დარღვევას. გიორგი ჩიტიძე აქცენტს ნარკოპოლიტიკაზე აკეთებს. ამ მიმართულებით ცვლილებების პაკეტი შემუშავდა კიდეც, თუმცა 2017 წლიდან პარლამენტს მისი განხილვისთვის არ მოუცლია.

„ასეთ მძიმე შემთხვევაზე არის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა… ეს ნათლად აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა და სანქციები არის გადასახედი. მარტივი შედარებისთვის, ნარკომომხმარებელი, რომელიც საფრთხეს მხოლოდ საკუთარ თავს უქმნის, შესაძლოა დასაჯო 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს არის „ნულოვანი პოლიტიკის“ შედეგი, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. სახელმწიფოს არ აქვს ნება, რომ ამას გადახედოს,“ – გვითხრა გიორგი ჩიტიძემ.

იურისტის აზრით, უნდა გადაიხედოს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლიც.

„მე მგონია, რომ როცა პოლიციელი ასე იქცევა, ეს აშკარად რბილი სანქციაა,“ – აღნიშნა გიორგი ჩიტიძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: