მთავარი,სიახლეები

„ერთი ხმელა პური მიკიდია საკენკად და ამით ვიარსებო“ – ადამიანები შიმშილის ზღვარზე

18.04.2020 • 1552
„ერთი ხმელა პური მიკიდია საკენკად და ამით ვიარსებო“ – ადამიანები შიმშილის ზღვარზე

„მოვიდნენ, გამოაღონ მაცივარი, რომელიც ცარიელია. საჭმელი აღარ არის სახლში, ერთი ხმელა პური კიდია საკენკად და ამით ვიარსებო? რამდენ ხანს გავძლებთ ასე, შვილი მყავს, ცოლი, როგორ გავიტანოთ თავი“, – გვეუბნება მევლუდ არნანია. ის ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც პანდენმიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, მევლუდი და მისი მეუღლე ორივე უმუშევარი დარჩა. არნანიას ორი თვის ქირაც გადასახდელი აქვს.

„საქართველოში არც მე ვმუშაობდი და არც ჩემი ცოლი. არც იყო რაიმე სამუშაო რომ გვენახა და ამიტომ გადავდიოდით თურქეთში. ამაზე ვიყავით დამოკიდებული. დღეს კი ვხედავთ რა მდგომარეობაა, ვეღარც თურქეთში მივდივართ და არც აქ არის რაიმე სამუშაო. ყველაფერი დაკეტილია. ცუდ მდგომარეობაში ვართ ძალიან, საჭმელი, საარსებო წყარო ხომ გვინდა? ბინის მეპატრონეს ვთხოვე, რომ ერთი თვის გადასახადი ედროვებინა, მადროვა, მაგრამ სანამ გადავიხდიდი უკვე მეორე თვის ქირაც მომადგა“.

მევლუდ არნანია ბინაში 300 ლარს იხდის. ახლა 600 ლარი უნდა გადაუხადოს მეპატრონეს. გადასახადებიც უნდა გადაიხადოს, რადგან საერთო მრიცხველზე მაღალი მაჩვენებელი იწერება და შეღავათები არ შეეხო. მევლუდს ოჯახში 17 წლის შვილიც ჰყავს. „ინტერნეტი არ გვაქვს და ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრება. თუ ახლა შუქის ფულიც ვერ გადავიხადე, ვერც ტელესკოლას ნახავს. დანაზოგი რაც გვქონდა ამოიწურა. ორი თვეა უმუშევარი ვართ. ვინმეს რომ ვესესხო იმის საშუალებაც არ არის, ყველას პრობლემა აქვს“, – გვეუბნება ის.

მევლუდ არნანიას აზრით, სახელმწიფო უსამართლო იქნება თუკი მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით იხელმძღვანელებს და მას და მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს კომპენსაციას არ გადაუხდის.

„მთავრობას რომ უსმინო გარეთ უნდა გეძინოს, ხელი ან ფეხი არ უნდა გქონდეს და თავზე ბრეზენტი უნდა გეხუროს. მაინცდამაინც სულს უნდა ღაფავდე, რომ რაღაცით დაგეხმაროს, თუმცა ბევრი აღარ გვიკლია ამ მდგომარეობამდე“, – გვეუბნება ის.

მევლუდის მსგავსად ყოველდღიურ გამომუშავება ჰქონდა აკაკი დავითაძესაც. რესტორანში მიმტანი იყო. პანდემიის გამო დაიხურა რესტორნები, საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტი, შესაბამისად, ისიც შემოსავლის გარეშე დარჩა.

აკაკის შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდა. იმ დროს საგანგებო მდგომარეობა ახალი გამოცხადებული იყო და კრიზისი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს. აკაკის ორი არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავს. ახლა მთელი ოჯახი შემოსავლის გარეშეა.

„როგორც გავიგე, სახელმწიფოს მხოლოდ იმას დაეხმარება, ვინც საგადასახადოშია დარეგისტრირებული, ეს არასწორი მიდგომაა. სოციალურად დაუცველი ვარ, არც კომუნალური შეღავათები მაქვს, არც სხვა. ბინის მეპატრონემ პრობლემები შემიქმნა, რადგან ფულს ვერ ვაძლევ, შეიძლება ქუჩაში აღმოვჩნდეთ ამ პანდემიის დროს. 300 ლარს ვიხდი ქირაში, სოციალური შემწეობა კი 280 ლარია. სად წავიდე სახლიდან თუ გაგვიშვებს“, – ამბობს აკაკი.

აკაკი წლების განმავლობაში ირჩენდა თავს მძიმე შრომით. ახლაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

„ძალიან რთულია, როცა გასაქანი არ გაქვს. უფასო სასადილოც დაკეტეს, ერთხელ ავიღეთ პროდუქტი და ეგ იყო, ჯანმრთელობის პრობლემაც მაქვს, დავწერე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, მთავრობაში, მითხრეს, რომ ფული არ აქვთ და ვერ დამეხმარებიან. ერთი თვის ბინის ქირას ვითხოვდი. არც მერია დამეხმარა“.

აკაკი ამბობს, რომ ახლა ბავშვებს არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელევიზორი – 8 და 9 წლის ბავშვები სასწავლო პროცესსაც მოწყდნენ.

მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე გვიყვება ლიანა მაკარაძეც, რომელიც ასევე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, შვილთან და შვილიშვილთან ერთად.

„ჩვენი შემოსავლის წყაროც თურქეთში მუშაობა იყო. ჩაიკეტა საზღვარი და დავრჩით უმწეო მდგომარეობაში. ერთი შვილი, რომელიც სამკურნალოდ იყო წასული, ვეღარ გადმოვიდა და თურქეთში ჩარჩა, ამის გამო, სოციალური შემწეობაზე 70 ლარი ჩამომაკლეს. მის პატარა შვილს მე ვუვლი. თუ სოციალურ შემწეობას ბინის ქირაში გადავიხდი, მშიერი ვრჩებით“, – ამბობს ლიანა.

ლიანა გვეუბნება, რომ მისი შვილების და ოჯახის გარდა, 70 წლის დედაზე და ძმაზე ზრუნვაც მოუწია, რომლებიც მძიმე ონკოლოგიური პაციენტები არიან. „ამის გარდა, ჩემს ძმას ფსიქიკური პრობლემებიც აქვს და დედას ძალიან უჭირს მოვლა. ისინიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათ ჩვენ ვეხმარებოდით, მაგრამ ახლა არც ჩვენ გვაქვს შემოსავალი სოციალური შემწეობის გარდა.

დედამ ბინის ქირა პენსიით გადაიხადა, რადგან მეპატრონე გარეთ უშვებდა, მაგრამ საჭმლის გარეშე დარჩნენ. ამ თვეში მე გავუზიარე ჩვენი სოციალური შემწეობიდან, მომავალ თვეში არ ვიცი რა იქნება“.

ლიანა ამბობს, რომ მის ოჯახს სამი თვის ქირა აქვს უკვე გადასახდელი. ოჯახში კი აღარავინ მუშაობს.

აჭარის მთავრობა ამბობს, რომ კორონავირუსის ბრძოლის ფონდში მილიონზე მეტი ლარია აკუმულირებული, თუმცა როგორ აპირებს ამ ფონდის განაწილებას ან იმ ადამიანების დახმარებას, ვინც ყოველდღიურ სამუშაოზე იყო

დამოკიდებული და დაკარგა შემოსავალი, ამ დრომდე უცნობია. აჭარის მთავრობაში ამ დროისთვის მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ „მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ პაკეტზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: