Batumelebi | „სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან „სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან – Batumelebi

„სიკვდილიანობა ახალგაზრდებშიც მაღალია“ – თეთრხალათიანთა დღიური საფრანგეთიდან

ფრანგული გამოცემა Le Monde ყოველდღე აქვეყნებს საკუთარ გვერდზე მედპერსონალის მონათხრობს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან უწევთ მუშაობა. საფრანგეთი იტალიისა და ესპანეთის შემდეგ კორონავირუსით ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით.

 თეთრხალათიანთა კრიზისის დღიური – ასე ეწოდება რუბრიკას, რომელშიც  ზოგადი პროფილის ექიმები, მედდები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები პანდემიის პირობებში ყოველდღიური საკუთარი პროფესიული გამოცდილების შესახებ საუბრობენ.

  • მატიას ვარგონი, 53 წლის, სენ-დენის დელაფონტენის ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი

„იმ პირობებში, როგორშიც ახლა საფრანგეთია, ძალიან სახიფათო იქნება დაავადების მეორე ტალღა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უკვე გადატვირთულია. მიუხედავად 11 მაისამდე გახანგრძლივებული კარანტინისა, ხალხი მაინცაა ქუჩაში, თუმცა რთულია იმ ადამიანებისთვის შინ დარჩენა, ვინც არ არის ინფიცირებული კორონავირუსით, მაგრამ აქვს სხვა ქრონიკული დაავადებები, რაც ხშირად ექიმთან ვიზიტს და შესაბამისად გარეთ გასვლასაც ნიშნავს.

სანამ ქვას ვესროდეთ ადამიანებს სახლში არდარჩენის გამო, შეგახსენებთ, რომ ამ რაიონში სენ-დენიში, უამრავი ადამიანი ცხოვრობს პატარა ბინაში, არასახარბიელო პირობებში, განსაკუთრებით სამუშაოდ ჩამოსული ემიგრანტები. აქამდე სახლებში ისინი მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდნენ, ან სადილად. გამოდის, რომ ასეთი ხალხი „ციხეში“ აღმოჩნდა ჩაკეტილი.

რამდენიმე დღის წინ ასევე ვნახეთ უზარმაზარი რიგები პარიზში, ეს ზრდის ვირუსის მეორე ტალღის რისკს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა კი უკვე გადატვირთულია.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ვირუსის ტალღა თვეების მანძილზე გაგრძელდება“.

  • ჯული უდე, 39 წლის, ტულუზის სასწრაფო დახმარების ექიმი 

„კრიზისი დიდხანს გასტანს, ეს იყო ის, რასაც სტუდენტებსაც კი ვეუბნებოდით თავიდანვე. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, პროცესის გაწელვაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა წვეთ-წვეთობთ გაიზარდოს და  პირდაპირ ცუნამი არ მივიღოთ.

თვითორგანიზება გვჭირდება, რომ თვეობით შევძლოთ ფუნქციონირება. განყოფილებების უმრავლესობა ახლა 2 ნაწილადაა გაყოფილი:  Covid-განყოფილებები და არაკოვიდგანყოფილებები.

ზოგიერთი ვერ ბედავს დაგვირეკოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხაზზე. ზოგს ერიდება, რომ გადავიტვირთებით, ან ეშინიათ დაინფიცირდნენ საავადმყოფოებში. ამ პატარა „ზრუნვას“ ხალხის მხრიდან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არიან სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტები მძიმე სიმპტომებით, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება. მაგალითად ინფარქტის დროს, როცა პაციენტს გულის უკმარისობის სტადია აქვს. იგივე ითქმის აპენდიციტზე, როცა დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა პერიტონიტი განვითარდეს“.

  • ოფელი მოჟე, 25 წლის. ნანტის საუნივერსიტეტო ცენტრის მედდა

„ბოლო რამდენიმე დღეა გადაუდებელი შინაგანი მედიცინის განყოფილებაში ვმუშაობ, ჩვენს კლინიკაში გარკვეულწილად მივაღწიეთ ბალანსს covid 19-ით შემოსულ და გაწერილ პაციენტებს შორის. პირველი ტალღის ნაკადს ვუმკლავდებით, შეზღუდვებმა და კარანტინმა ამაში ხელი შეგვიწყო, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის ვირუსის მეორე ტალღის დიდი საფრთხე. იმედია ამ დროისთვის შესაბამისად მომარაგებულები და აღჭურვილები ვიქნებით.

კორონავირუსის ტალღის გამო შეზღუდულია შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში პაციენტების მიღება, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანთა დაავადებები გართულდება და შესაბამისად მკურნალობაც მომავალში გახანგრძლივდება“.

  • მატილდა პადილია, 21 წლის, რუანის მოხუცთა თავშესაფრის მედდა, სტუდენტი

„მოხუცთა თავშესაფარში ყოფნისას ერთად საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენ. დღის მეორე ნახევარში კულინარიის მასტერკლასებია, სამაგიდო თამაშები იმართება, მღერიან ან კითხულობენ. ეს ყველაფერი თავშესაფარში ხანდაზმულთა მონოტონურ ცხოვრებას ცოტათი ახალისებს, მათ რეგულარულად სტუმრობდნენ ასევე სტილისტები და მანიკიურის სპეციალისტები. ეს ყველაფერი უცებ გაქრა. ხანდაზმულები მთელ დღეებს საკუთარ ოთახებში, მარტო ატარებენ და ვერავის ხედავენ მომვლელის გარდა.

მინდოდა მუსიკის საშუალებით რაღაც შემეცვალა იზოლაციის წესებში, ჯანდაცვის სპეციალისტებთან ყველაფერი შევათანხმე, რაიმე სახიფათო ხომ არ იყო ამაში.  მხოლოდ ორი ადამიანიც რომ გვისმენდეს, დრო დაკარგულად არ მიმაჩნია – ეს ერთად გატარებული წუთებია. თავშესაფრის ყველა ხანდაზმული გამოვკითხე, რისი მოსმენა ან სიმღერა სურდათ. უმრავლესობამ შარლ აზნაურის La Bohème და Emmenez-moi მოინდომა.

ჩემს ჰავანურ გიტარაზე რამდენიმე დღე ვაწყობდი ამ სიმღერებს. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ ჩამომევლო რამდენიმე ოთახში და ერთად გვემღერა. რაღაც დრო ხომ მაინც გავატარეთ ერთად. ერთმა იტირა – ძალიან იმოქმედა, რომ იფიქრე ჩემზე და მოხვედიო. ვუპასუხე, რომ ეს მცირეხნიანი მუსიკალური თერაპია იყო მათი განწყობისთვის. დავპირდი, რომ მომდევნო დღეებშიც ავაწყობდი  გიტარას და შარლ აზნაურის გარდა სხვა მომღერლების სიმღერებსაც ვუმღერებდი”.

  • ტომას ჟილე, 38 წლის, ბობინის ავიცენას ჰოსპიტლის პულმონოლოგი

„ვირუსი ისევ ინტენსიურად პროგრესირებს. სამწუხაროდ, დაღმავალი დინამიკა შესაძლოა არ იყოს ერთგვაროვანი, ცალკე თემაა ვირუსის მეორე ტალღა, რაც არ ვიცით უფრო ძლიერი იქნება თუ პირიქით, სუსტი. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის მოსახლეობის იმუნიტეტზე.

პრეზიდენტმა მაკრონმა აღიარა, რომ არსებობს ვალდებულებები, რის საფუძველზეც დეფიციტური რესურსი არ უნდა ყოფილიყო დეფიციტი. სიტყვაც არავის დაუძრავს იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მცირდებოდა საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა. პრეზიდენტმა გაზარდა მედპერსონალის ხელფასი, მაგრამ ეს დაგვიანებული რეაქციაა, გაშვებული შესაძლებლობა.

ახლა, როცა გადავდგით ნაბიჯი, უკან უნდა დავინახოთ, რომ კრიზისი ახალი პროვოკატორია, რომელიც არ ცნობს საზღვრებს.

საავადმყოფოში ყველანი შეძრწუნებულები ვართ. 93 ახალგაზრდა გვყავს განყოფილებაში ინფიცირებული, სიკვდილიანობა მათშიც მაღალია. მართალია უდაბნოში არ ვცხოვრობთ, მაგრამ სამედიცინო უდაბნოში აღმოვჩნდით პარიზის შუაგულში”.


ბოლო მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების  2 მილიონზე  მეტი შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის გარდაცვლილია 154 271 ადამიანი.

საფრანგეთში ვირუსით ინფიცირების 149 130 შემთხვევაა, Covid-19-ით ქვეყანაში 18 703 ადამიანი გარდაიცვალა.

________________________

მთავარი ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/CHRISTOPHE PETIT

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com