სიახლეები

სოჭის გირჩებს მოქალაქეები ლიცენზიის გარეშე ვეღარ მოიპოვებენ

19.04.2020 • 3495
სოჭის გირჩებს მოქალაქეები ლიცენზიის გარეშე ვეღარ მოიპოვებენ

გარემოს ეროვნული სააგენტო 260 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს სოჭნარ კორომებში – მუდმივი სათესლე უბნების დადგენის, მათი მონაცემთა ბანკის შექმნის, თესლმსხმოიარობის პოტენციალის, ეკოლოგიურად მდგრადი მოპოვების კვოტის დადგენისა და თესლის ხარისხის შეფასების მიზნით – სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.

სააგენტოს ინფორმაციით, ძირითადი კვლევა უნდა ჩატარდეს 2020 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მიღებული შედეგების მონიტორინგი კი – 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში.

„გასათვალისწინებულია ის გარემოება, რომ 2022 წელს ვადა გასდის უკვე გაცემულ ლიცენზიებს [სოჭის გირჩებით სარგებლობაზე] და სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე განხორციელდება შემდგომში ახალი ლიცენზიების განკარგვა სახელმწიფოსათვის მისაღებ მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასში“, – აცხადებს სააგენტო.

ლიცენზიები სამომავლოდ აუქციონით გაიცემა. აუქციონის გამოცხადებისთვის კი, სააგენტოს ინფორმაციით,  აუცილებელია სალიცენზიო და სოჭის კორომთა ფართობებზე ფაქტობრივად არსებული მდგომარეობისა და რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაციის არსებობა, რისთვისაც აუცილებელია 2-წლიანი დაკვირვება და ამ პერიოდის განმავლობაში სოჭის გირჩის ყვავილობის, მსხმოიარობის/ნაყოფიერების ერთიანი ციკლის შესწავლა.

ამასთან, სალიცენზიო ვადის გასვლის პერიოდი უნდა ემთხვეოდეს სოჭის გირჩის მსხმოიარობის პერიოდს (სოჭის გირჩის მსხმოიარობის პერიოდულობა კი განისაზღვრება 2-3 წელიწადში ერთხელ).

„ვინაიდან, კავკასიური სოჭი (განსაკუთრებით თლუღის სატყეო კვარტალში არსებული) გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით და ვარჯის განლაგებით, რის გამოც მისი თესლიდან გამოზრდილ საახალწლო ნაძვის ხეებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა ევროპის და დიდ ბრიტანეთის ბაზარზე. შესაბამისად, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ამ ბუნებრივ რესურსზე მოთხოვნა სამომავლოდ გაიზრდება და სახელმწიფო უნდა იყოს მზად, რომ ერთის მხრივ დააკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა გონივრული რაოდენობის ფარგლებში და მეორეს მხრივ ბუნებაშიც დარჩეს საკმარისი რაოდენობის რესურსი, რომ ხელი არ შეეშალოს ამ სახეობის გამრავლებას, საქართველოს ტეროტორიაზე სამომავლოდ შესაბამისი სანერგე მეურნეობების მოწყობას და.ა.შ.“ – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

სააგენტოში თვლიან, რომ „საქართველო ამით შეინარჩუნებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპულ ბაზარზე და სეზონის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მისი ჩანაცვლება სხვა ქვეყნის რესურსით, ხოლო შემდგომში რესურსზე ლიცენზიის გაცემა, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური, ეკონომკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის სტაბილურ სეზონურ დასაქმებას“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ტყის ხეების, ყვავილებისა და დანარჩენი მცენარეების საქართველოდან გასული თესლის ღირებულება იყო:

  • 2017 წელს – 1 019 800 აშშ დოლარი;
  • 2018 წელს – 1 237 600 აშშ დოლარი;
  • 2019 წელს – 620 600 აშშ დოლარი [წინასწარი მონაცემები];
  • 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი – 143 000 აშშ დოლარი.

გერმანულმა რადიო WDR-მა [საზოგადოებრივი მაუწყებელი] 2018 წლის ბოლოს გამოაქვეყნა სიუჟეტი საქართველოში ნაძვისა და სოჭის გირჩების შეგროვებაზე.

WDR-ის ცნობით, გერმანიაში ყოველწლიურად 29 მილიონი საახალწლო ნაძვის ხე იყიდება, რომლებიც, ძირითადად, საქართველოდან შეტანილი გირჩებისგან გამოჰყავთ. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სწორედ ამ გირჩებისგან გამოყვანილი სამხრეთული საახალწლო ნაძვის ხეებია.

ნახეთ ვრცლად:

გერმანული მედია: ქვეყანაში ყოველ წელს 29 მილიონი ნაძვის ხე იყიდება და ისინი ქართული წარმოშობისაა

მთავარი ფოტო: კადრები რადიო WDR-ის სიუჟეტიდან

გადაბეჭდვის წესი