მთავარი,სიახლეები

კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

19.04.2020 • 1932
კორონავირუსი ბუნებრივია, თუ ხელოვნური? – პრიმიტიული ხრიკები

„იტალიის კიდევ ერთმა ოლქმა მიმართა რუსეთს დახმარებისთვის“ – ეს ერთ-ერთი ბოლო ამბავია ქართული, მაგრამ პრორუსულად მიჩნეული გამოცემიდან – „საქართველო და მსოფლიო“. ეს ნიუსიც იმაზეა, თუ როგორ გახდა რუსეთის შემყურე ევროპა, რომელმაც პუტინს სანქციები დაუწესა. იგივე ინფორმაციას ფართოდ აშუქებს ტელეკომპანია ობიექტივი და ასევე ათობით სხვა მედია. რუსული მედია ცინიკურად განიხილავს იმ საკითხს, რომ როგორც იქნა ამერიკა გახდა „პირველი“, კორონავრუსით დაღუპულების მიხედვით.

კრემლისტური მედია რუსეთში, დასავლეთსა, თუ საქართველოში პანდემიის ამ ეტაპზე ძირითადად ორ მოსაზრებას ამყარებენ: იტალიის შემთხვევამ აჩვენა, რომ ევროკავშირი არ მუშაობს და ევროპას რეალურად მხოლოდ რუსეთი ეხმარება და მეორე – COVID 19 ბუნებრივად კი არ გაჩნდა, არამედ ის ამერიკელებმა შექმნეს.

პანდემიის საწყის ეტაპზე დასავლეთი და, მათ შორის, ევროპელი მედია რუსულ დეზინფორმაციას ნაკლებად იმჩნევდა. მას შემდეგ, რაც რუსი სამხედროები იტალიის ქუჩებში გამოჩნდნენ, გავლენიანი დასავლური გამოცემები წერენ რუსეთისგან დაზვერვის საფრთხესა და რუსულ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანიც „ევროპაში პანიკის დათესვაა“. დასავლურ მედიაში რუსულ პროპაგანდაზე საუბრის დროს გაჩნდა მოწოდებაც: სანდო წყარო მოძებნეთო და ისიც თქვეს, რომ „იტალიაში რუსეთი ხელთათმანებით მუშაობს“ – ასე რუსი ექიმების და სამხედროების ჩასვლა იტალიაში ფრანგულმა რადიომ შეაფასა.

პირველი სამიზნე: ვირუსი ხელოვნურია, ლაბორატორიაში გამოიყვანეს, თუ ბუნებრივი? 

რუსული პროპაგანდის აქტიური მუშაობის შედეგად ეს კითხვა, შესაძლოა თქვენც გაგიჩნდათ, ან მას სადმე მაინც მოჰკრავდით ყურს იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთხელ ისაუბრეს ვირუსის ბუნებრივი წარმომავლობის შესახებ. მოისმენდით ამბავს იმაზეც, რომ Covid 19 სავარაუდოდ ღამურასგან გადავიდა ადამიანზე.

კითხვას ვირუსის ლაბორატორიაში დამზადების შესახებ ხუმრობად მიიჩნევს პაატა იმნაძეც, რომელიც უკვე ყველასთვის ნაცნობი და ბევრისთვის სანდოა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2 აპრილს მან ეს თქვა:

„ხუმრობის ხასიათზე ნუ დამაყენებთ, რადგან სიტუაცია მთლად სახუმარო არ არის… მესმის, ეს არის შეთქმულების თეორიები. მე მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი – შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია, ანუ ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში წარმოიქმნა. ესეც გამოთვლილია და ამ სეკვენირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები,“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ და თავის ამ გამოსვლაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მეცნიერულად იოლად შეიძლება იმის დადგენა, ვირუსი ხელოვნურად შექმნეს, თუ იგი ბუნებრივია.

„მოლეკულურ ბიოლოგიას, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული, ან ამოღებული გენი, თუ ეს რის ბუნებრივი მუტაციის შედეგი“, – თქვა პაატა იმნაძემ „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

მსოფლიოში გავლენიანმა სამეცნიერო ინსტიტუტებმაც იგივე თქვეს. Covid 19 რომ ზოონოზური წარმოშობის ვირუსია [როცა პირველწყარო ცხოველია], ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარშშიც.

„COVID 19 არის ზოონოზური ვირუსი. ფილოგენეტიკის ანალიზებიდან, რომელიც ჩატარებულია გენომური სრული თანმიმდევრობით, ღამურები, როგორც ჩანს, COVID 19 ვირუსის რეზერვუარია. შუალედური მასპინძელი (ებ) ის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი….“ – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.

Covid 19-ის გენომზე ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა ამერიკულმა სამეცნიერო გამოცემამ Nature Medicine, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ბუნებრივი გადარჩევის შედეგადაა ჩამოყალიბებული. „გენეტიკური მასალა მკაფიოდ აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 არ არის წარმოქმნილი რომელიმე მონათესავე ვირუსის საფუძველზე…” – ვკითხულობთ ამ გამოცემის სტატიაში.

ანალოგიური შედეგი აჩვენა სკრიპსის ცნობილმა კვლევითმა ინსტიტუტმაც. აქ წერია, რომ კორონავირუსი ადამიანს არ შეუქმნია და იგი ბუნებრივი სელექციის შედეგია.

Covid 19-ის ვუჰანის ლაბორატორიიდან შესაძლოა გავრცელების შესახებ სიუჟეტი ჰქონდა CNN-ს, სადაც  საუბარია იმაზე, რომ ამერიკელებმა გამოძიება დაიწყეს. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ვირუსი შესაძლოა ვუჰანის ლაბორატორიაში კვლევების ჩატარების დროს შემთხვევით გავრცელდა.

ვინ ამტკიცებს, რომ Covid 19 ხელოვნურად შექმნეს? 

ამ ეტაპზე არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს იმის სათქმელად, რომ ვირუსი ჩინეთში, ან შეერთებულ შტატებში ხელოვნურად დაამზადეს, თუმცა რუსეთში პოლიტიკოსები მეცნიერების გვერდის ავლით საზოგადოებრივი განწყობის შექმნას ამ მიმართულებით ცდილობენ. რუსულ მედიაში ბევრგან შეხვდებით მოსაზრებას, ან იმის მტკიცებას, რომ Covid 19 ლაბორატორიაში შექმნეს და იგი „ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს ჩინეთში“. პროპაგანდის ნაწილია ისიც, რომ „სინამდვილეში, ვინც პირველად ვირუსით დაავადდა, ამერიკელი იყო“.

„ვირუსის ჰიბრიდიზაციის ცდებს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტი ატარებდა შეერთებულ შტატებში.

„კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა გამარჯობა ლუგარის ლაბორატორიავ“, – ამ სათაურით სტატია, მაგალითად, ონლაინგამოცემა NewsFrontGeorgia-მ გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია კონსპირაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ვირუსი ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეიტანეს ჩინეთში და ამაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც საუბრობდა ტვიტერის გვერდზე. სტატიაში ვერ ნახავთ სხვა მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა ამ კონსპირაციას, ან ჩინეთის მთავრობის ბრალდებაზე ამერიკის მთავრობის გამოხმაურებას: „ჭორების გავრცელების დრო არ არისო“.

Covid 19 რომ ხელოვნური ვირუსია, ლაბორატორიაში დაამზადეს და ამერიკელებმა შექმნეს – ამის შესახებ სტატიებს პრორუსულ გამოცემებში, თუ რუსულ მედიაში სხვადასხვა ფორმით ნახავთ.

მაგალითად, ტელეკომპანია „ობიექტივის“ 24 მარტის ეთერში წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსი შექმნილია ხელოვნურად და მის მოლეკულაში არსებობს საინჟინრო ჩარევის კვალი. კვარაცხელიამ „რასია 1“-ის ეთერში რუსი პოლიტიკოსის, სერგეი კურგინიანის და პოლიტოლოგის, არიელ კოენის გამოსვლები ახსენა. ისინიც კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე საუბრობენ.

კურგინიანმაც კორონავირუსის წარმოშობა ამერიკას დააბრალა იმ ლოგიკით, რომ ამერიკამ ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო.

„რატომ არ გვიჩვენებენ ამ ვირუსს? სტრუქტურას? აჩვენეთ ხალხს სტრუქტურა, ძალიან საინტერესო იქნება. მას უცნაური გენომი აქვს, ინჟინირებული, უცნაური ჭრები, მექანიკური…. ახლა მეორე კოლეგებო, ამერიკელებმა ოფიციალურად დაიწყეს უკვე ვაქცინის გამოცდა, როგორ მიაღწიეს ამას ასე მალე?… სხვანაირად შეუძლებელია, თუ ვირუსზე უკვე არ მუშაობ იმთავითვე,“ – იკითხა „რასია 1“-ის ეთერში სერგეი კურგინიანმა.

პრორუსულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული ამ ტიპის მასალების შესახებ სხვა ინფორმაციას „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში ნახავთ. ეს ორგანიზაცია პერიოდულად მუშაობს დეზინფორმაციის ახალ ფორმებზე პრორუსულ ქართულ მედიასაშუალებებში.

 

კრემლის ამბები შინ და გარეთ

კრემლისტური მედიის დავალება რუსეთში და საზღვარგარეთ საერთოა – „პუტინი დახმარების ხელს უწვდის ევროპას, ვირუსი გამოგონილია“, თუმცა განსხვავდება ნიუსები აუდიტორიის შესაბამისად. მაგალითად, რუსული მედიაგამოცემების ნაწილმა რუსული აუდიტორიისთვის ამბების მოყოლის დროს აქცენტების გაკეთება იმაზე ამჯობინეს, რომ „ვირუსი მსოფლიო მთავრობამ შექმნა“ და „კორონავირუსის წამალს ისევ რუსი მეცნიერები გამოიგონებენ“. მაგალითად, „ენტვ“-მ ნათელმხილველი ვანგაც გაიხსენა, რომელმაც თითქოს იწინასწარმეტყველა, რაც ახლა ხდება სამყაროში. ტელეკომპანიის ცნობით, ნაპოვნია ვანგას წინასწარმეტყველება ახალი კორონავირუსის წამლის შესახებ. მას რუსი მეცნიერები კედარისგან დაამზადებენ.

დასავლეთში კი, რუსული მედია, რომელიც ინგლისურ ენაზეც ვრცელდება, მთავარ აქცენტს იტალიისთვის დახმარების გაწევაზე აკეთებს. კიდევ ერთი აქცენტი ესაა: „ევროკავშირი ხელს უშლის მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლას“ – ეს სათაური 8 აპრილს ინგლისურენოვან რუსულ გამოცემა „ნიუს ფრონტს“ ჰქონდა.

ამავე გამოცემის სტატიის სათაური 22 მარტს ასეთი იყო: „იტალიამ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა – პუტინი თანახმაა“. ამ და სხვა სტატიებში სხვადასხვა ექსპერტის, ან პოლიტოლოგის მოსაზრებას ნახავთ, როგორ დაეხმარა პუტინი იტალიას და როგორი ქმედითი იყო ეს. აქ არ შეგვხვედრია, მაგალითად, ცნობილი იტალიური გამოცემის La Stampa-ს სტატიაზე გამოხმარება. ეს იტალური გამოცემა 23 მარტს წერდა, რომ რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარების 80 პროცენტი უვარგისი აღმოჩნდა. 

რუსი სამხედროები იტალიაში

ინგლისურნოვანი რუსული გამოცემები დასავლური აუდიტორიისთვის „მასონურ მითებსაც“ არ ივიწყებენ, მაგალითად, 14 აპრილს გამოცემა RT-მ გამოაქვეყნა ცნობილი რუსი ჩოგბურთელის, მარატ საფინის მოსაზრება: „კორონავირუსული პანდემია შესაძლოა საბაბი იყოს ადამიანებში მიკროკრიპების მასობრივი გადანერგვისთვის…“

როგორ „შეამჩნიეს“ რუსული ხელთათმანი დასავლურ მედიაში 

„რუსეთი მუშაობს ხელთათმანებით ჩინეთთან ერთად“ – წერდა 5 აპრილს ფრანგული რადიო RFI.fr. მულტიმედია მასალა იტალიის მიმართ რუსეთის დახმარებას ეხებოდა და ასეთი სათაური ჰქონდა: „რუსეთი და ჩინეთი იყენებენ COVID 19-ს ევროკავშირის დიკრედიტაციისთვის.“ ჟურნალისტურ მასალაში ეჭვია გამოხატული, რომ იტალიაში რუსები რეალურად დაზვერვისთვის შევიდნენ.

ფრანგული რადიო ყურადღებას ამახვილებს EU vs Disinfo- ს მონაცემებზეც, რომლის მიხედვითაც კრემლისტური მედიასაშუალებები დეზინფორმაციას ავრცელებენ. ერთ-ერთ სტატიაში ფრანგული რადიო Sputnik-ის ლატვიური ვერსიის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ ამბავს იხსენებს –  ვირუსი ლატვიაში შექმნეს ხანდაზმული იტალიელების მკვლელობისთვისო.

დეზინფორმაციის შესახებ ბრალდებებს რუსული მედიაგამოცემებებიც ეხმაურებიან და რუსეთის ხელისუფლებაც, მაგალითად, გამოცემა „სპუტნიკის“ ინგლისურენოვანმა ვერსიამ 14 აპრილს გაავრცელა აშშ-ში რუსეთის საელჩოს შეფასება პენტაგონისგან რუსული მედიაგამოცემების კრიტიკაზე.

„…სასაცილოა SPUTNIK-ის და RT-ს დადანაშაულება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. უმჯობესია, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილოს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, – აღნიშნა რუსეთის საელჩომ.

13 აპრილს რუსეთის მხრიდან კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის შესაძლო დამალვას სტატია მიუძღვნა „The New-York Times“-მა. ამ გამოცემას პუტინის პრესპიკერი 15 აპრილს გამოეხმაურა და თქვა: „არანაირი რეაქცია არ იქნება მოსკოვის მხრიდან. ჩვენ არ გვჯერა, რომ ასეთი დაბალი კლასის პუბლიკაციები იმსახურებენ რეაქციას“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

„რუსული მედია Covid 19-ზე ავრცელებს დეზინფორმაციას“ – ამ სათაურით სტატია რუსულ ყალბ ამბებს „გარდიანს“ ჰქონდა. ეს სტატია ევროკომისიის სპიკერის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანოს ციტატით სრულდება:

„ვინც ავრცელებს დეზინფორმაციას, არსებითად თამაშობს ადამიანების ცხოვრებასთან… ყველა პასუხისმგებელმა სოციალურმა მედიამ, ან მედიის მომხმარებელმა უნდა იცოდეს ამის შესახებ, რომ არსებობს უამრავი დეზინფორმაცია, რომელიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს… ორმაგი შემოწმება, სამმაგი შემოწმებაა საჭირო, გადადით იმ მედიაზე, რომელსაც ნამდვილად ენდობით და გადახედეთ წყაროებს,” – თქვა პიტერ სტანომ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: