მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო პირბადეებს აღარ შეკერავს

19.04.2020 • 2817
სახელმწიფო პირბადეებს აღარ შეკერავს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოში სამედიცინო პირბადეების წარმოების ხაზის გამართვა და პირბადეების წარმოება, რისთვისაც 6 600 000 აშშ დოლარი უნდა დაეხარჯა.

„საპარტნიორო ფონდმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, 6,6 მილიონი აშშ დოლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ფონდმა თავისი განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.

საპარტნიორო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო და ფონდმა იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100%-ით დასაფინანსებლად“. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდმა“, მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა“.

კერძო ინვესტორების შესახებ ფონდის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა სამი დღის წინ, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ შეიძენს. ამ პირბადეების საქართველოში წარმოება კი შპს „რესპირატორმა“ დაიწყო.

„ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც უკვე დღეს აწარმოებს პირბადეს, ეს კომპანია შემოიტანს დამატებით კიდევ ერთ ხაზს და შეძლებს დღეში 250 ათასი ერთჯერადი პირბადის წარმოებას. ქართუ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და 4 მილიონ პირბადეს, რომელიც ამ საწარმოში იქნება წარმოებული აჩუქებს სახელმწიფოს. პირველ რიგში ეს პირბადეები მოხმარდება სამედიცინო სექტორს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ფონდი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით კი, საქართველოში პირბადეების საწარმოო ხაზის ასამოქმედებლად სახელმწიფო სტრუქტურებიც იყო ჩართული: „ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გზით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც ჩართული იყო და გვეხმარებოდა ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში [ჯანდაცვის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები], რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნედლეული, მასალა დროულად მოხვედრილიყო საქართველოში და ეს წარმოების გაშვება შესაძლებელი გამხდარიყო“.

გარდა იმისა, რომ 4 მილიონ პირბადეს ამ საწარმოდან „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს, „რესპირატორს“ უფლება აქვს პირბადეები ქართულ ბაზარზეც გაიტანოს გასაყიდად.

შპს „რესპირატორის“ დირექტორის, სერგო გალუსტიანის თქმით, პირბადეების ადგილზე წარმოება მათ ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად შეძლეს: „დიდი მხარდაჭერა გამოხატეს, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით… მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიის დასკვნაც და ჩვენ აღნიშნული პირბადეების მიწოდება შეგვიძლია ქართულ ბაზარზე“.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება – ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.

დოკუმენტების მიხედვით, შპს „რესპირატორი“ 3 დღის წინ, 2020 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100% წილის მფლობელი და ასევე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია სერგო გალუსტიანი. ის სხვა რამდენიმე კომპანიაშიც ფლობს წილებს.

„რესპირატორი“ ე.წ. სამშრიან პირბადეებს აწარმოებს, რომელშიც კომპანიის დირექტორის თქმით, არის ფილტრატორი შრეც.

ნახევარი მილიონი ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სხვა კომპანიასთან ხელშეკრულება 570 ათას ლარზე აქვს გაფორმებული მარტის თვეში, ანუ 1 პირბადის ფასი 1.14 ლარია.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადე, რომელიც ცალი 20 თეთრად იყიდებოდა პანდემიამდე აფთიაქებში, დღეს 1 ლარი და 80 თეთრი ღირს [ესეც დეფიციტურია].

არის ასევე ქართული პირბადეებიც 50 თეთრად, თუმცა, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ სამკერვალო კომპანიები უფასოდ კერავენ, სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყნიდან ნედლეულის მობილიზება უწევს და თითო პირბადის შეკერვა 1 ლარზე მეტი უჯდება“.

საპარტნიორო ფონდმა შესყიდვების სააგენტოს 6,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების ნებართვისთვის, განცხადებით 2020 წლის 21 მარტს მიმართა.

სააგენტომ ფონდს, მოთხოვა ერთი დღის ვადაში დაეზუსტებინა ინფორმაცია – კერძოდ, მიეთითებინა ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო შესყიდვის ობიექტ(ებ)ის ჩამონათვალი და ოდენობა (მოცულობა).

ფონდმა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განცხადება სააგენტოდან გამოიხმო.

ამ თემაზე:

სახელმწიფო პირბადეების წარმოებას იწყებს, რისთვისაც 6,6 მილიონ დოლარს დახარჯავს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: