ლევან ვარშალომიძე, შესაძლოა, ბათუმში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე ბათუმში ბრუნდება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული საინვესტიციო საბჭოს მდივანია და ამბობს, რომ ის აპირებს არჩევნებში იბრძოლოს. 

“თუ  ვინმეს ეგონა უკრაინაში მაღალი პოზიციის გამო საქართველოს ბედზე ხელს ჩავიქნევდი და ამ საბედისწერო  მომენტში პირად კომფორტს ვამჯობინებდი, ძალიან შეცდა. მე ახლა ვარ ტრაბზონში და ზუსტად ორ საათში ჩემს საყვარელ ბათუმში თქვენთან ერთად ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ თავსმოხვეული რუსული ოცნება, შევწყვიტოთ ეკონომიკის უკუსვლა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ისტორიულ გაუგებრობას და ჯერ არარსებული ტემპით განვავითარებთ ჩვენს ულამაზეს საქართველოს,” – ამ შინაარსის ვიდეო გაავრცელა ლევან ვარშალომიძემ ტრაბზონიდან.

ჯერჯერობით უცნობია, დატოვა თუ არა თანამდებობა უკრაინაში ლევან ვარშალომიძემ. ცნობილია, რომ მასთან აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ ლევან ვარშალომიძის მაჟორიტარ კანდიდატობას, თუმცა ამბობენ, რომ ის იქნება „ბრძოლის წინა ხაზზე“. 

ენმ აჭარაში რამდენიმე დღეში გეგმავს კანდიდატების წარდგენას. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა ლევან ვარშალომიძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 

მთავარი ფოტო: ლევან ვარშალომიძე სარფში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ბათუმში – 30 აგვისტო

30 აგვისტოს ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთი კარანტინში მყოფი პირია, მეორე კი ქობულეთის კლასტერთანაა დაკავშირებული. ორივე მათგანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკაში სულ 28 კოვიდინფიცირებულია.

დღესვე ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 აგვისტოს საქართველოში სულ კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მთავრობის ვებგვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1469
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1221
მათ შორის გარდაცვლილი – 19
კარანტინის რეჟიმში – 5524
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე– 41

 

მერიის განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდის ჩამოხსნაზე

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია დღეს, 29 აგვისტოს, „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდის ჩამოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიამ ბილბორდი ქალაქში უნებართვოდ განათავსა.

„ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ბათუმში 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით“, – აცხადებს მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე გამოსახულ საქართველოს რუკაზე,  რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსგავსად აჭარაც წითლად იყო აღბეჭდილი, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ქალაქში განთავსებული ორი ბილბორდი ჩამოხსნეს.

„მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, ბათუმს სჭირდება განაშენიანების გეგმა“ – გახარია

დღეს, 29 აგვისტოს, ბათუმის პორტში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. თავის სიტყვაში გიორგი გახარიამ ბათუმში მიმდინარე მშენებლობებსა და ქალაქის განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.

„ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ზუსტი გეგმა გვაქვს ყოველდღიური გაწერილი და ეს ბათუმის მშენებლობის ტემპებსაც ეტყობა.

უნდა გვქონდეს ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ადრეც უნდა გაკეთებულიყო, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ბათუმის განვითარება ყველანაირი ჩვენ არ გვინდა და ის, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ამისთვის გვჭირდება განაშენიანების გეგმა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – თქვა გიორგი გახარია.

მისი თქმით, ბათუმის განაშენიანების გეგმაზე ტენდერი წელს გამოცხადდება, ერთ წელიწადში კი გეგმა დასრულდება.

„ეს უნდა იყოს განუხრელი კანონი თითოეული მშენებლისთვის. მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, რომ ვიფიქროთ ბათუმის იერ-სახეზე და რაც დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – აცხადებს გიორგი გახარია.

მან გამოსვლისას ასევე ისაუბრა იმაზე, რომ უნდა გაკეთდეს ბათუმის შემოვლითი 13- კილომეტრიანი გზა და ბათუმი-სარფის გზა, რომელიც დაუერთდება შემოვლით გზას.

„სატრანზიტო ტვირთები ქალაქის შუაგულში არ გადიოდნენ. თითოეულ მოქალაქეს, ქვეყანას და ქალაქს ეკოლოგიურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდნენ.

ამ ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი, მისი ღირსება და სამართლიანობა. ეფექტური სახელმწიფო მანქანა და, რა თქმა უნდა, სამართლიანი სახელმწიფო აპარატი“, – თქვა გახარიამ.

___

ხელისუფლება უკვე 14 წელია, ყოველი არჩევნების წინ, დებს პირობას, რომ ბათუმის გენერალურ გეგმას მიიღებს. გენგეგმის არარსებობის გამო ქალაქი ქაოტურად შენდება.

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

დაზიანებული ქვის ბოძები ბათუმში, ევროპის მოედანზე [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე, დამონტაჟებული ქვის დაბალი ბოძები, რომლებითაც მოედანია შემოსაზღვრული, მოგლეჯილია. ზოგიერთ ადგილზე კი საერთოდ აღარ არის.

ბათუმი, ევროპის მოედანი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ქვის ბოძები ერთმანეთთან რკინის ჯაჭვით არის დაკავშირებული. ჯაჭვები ბევრ ადგილზე გაწყვეტილია და იქვე ყრია. ზოგ ადგილას კი აღარც აწყვეტილი ჯაჭვებია და აღარც ბოძები.

ბათუმი. ევროპის მოედანი

ამ მონაკვეთზე ქვის 3 ბოძია მოგლეჯილი. ერთი ბოძი იქვე აგდია. უცნობია, დანარჩენი ბოძები მერიამ გაიტანა თუ სხვამ.

ევროპის მოედანზე დამონტაჟებული განათების ბოძი.

განათების ბოძზე არ არის დაფარული სადენები, რაც შესაძლო საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის.

მოედნის გაზონებსა და ჩამოსასხდომებთან ხშირად ნახავთ სიგარეტის ნამწვავებს და წყლის ცარიელ ქილებს.

ევროპის მოედანი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ტურისტული ადგილია. მოედნის მიმდებარე ადგილები, ასევე დუმბაძის ქუჩა, რომელიც მოედნის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ხშირად ავტომანქანებითაა ჩახერგილი.

გონიოში ჩამოხიეს „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდი, სადაც აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული

დღეს, 29 აგვისტოს, გონიოში პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბილბორდი პროტესტის ნიშნად ჩამოხიეს.

„აჭარაში არ დავუშვებთ არასდროს იმას, რომ პატრიოტთა ალიანსმა მოღალატეობრივი და სრულიად უბადრუკი მცდელობებით შეძლოს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. მოსახლეობას მივმართავთ, რომ არასდროს არ დაუშვათ და თქვენივე ხელით მოხსენით ნებისმიერი ბანერი, რომელიც გაშვებული იქნება ამ სივრცეებში“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბილბორდი გონიოში, კერძო პირის ჭიშკრის ზემოთ იყო განთავსებული. როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, ბანერი სახლის მესაკუთრესთან შეთანხმებით ჩამოხსნა.

ბანერზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ერთად, აჭარაც მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. „დანაწევრებული საქართველო ბანერია გამოკრული, ამიტომ ჩამოვიღეთ“, – აცხადებენ აქტივისტები.

____

„პატრიოტთა ალიანსმა“ გონიოსა და სარფში ბილბორდი წინასაარჩევნოდ გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე ოკუპირებულ ტერიტორიად არის მონიშნული აჭარა. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა“. „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში.

„სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში“-აცხადებენ მოქალაქეები.

“პატრიოტთა ალიანსის” ბილბორდის ჩამოხევის პროცესი

ამავე თემაზე:

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს აჭარაში, მოქალაქეები სამარცხვინოს უწოდებენ

 

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერს აჭარაში, მოქალაქეები სამარცხვინოს უწოდებენ

პოლიტიკურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსი“, გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზათისა და სამაჩაბლოს გვერდით, აჭარაც წითლად არის მონიშნული, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. ბანერს აწერია: „დაიცავი აჭარა“.

სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის პარტიის ახალ ბანერს მოჰყვა მყისიერი შეფასებები:

„სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში“, „ხატს ამოფარებული კრემლის ალიანსის“ დღის წესრიგი – შუღლის გაღვივება, ხალხში ფობიების გაჩენა, ოკუპაციის საფრთხეების შესახებ ისრების სხვა მიმართულებით გადატანა“, – წერენ მოქალაქეები „პატრიოტების“ ბანერთან დაკავშირებით.

„ბათუმელები“ „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რას ნიშნავს აჭარის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიის შემოხაზვა, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მსგავსად და რისგან იცავენ აჭარას?

„თურქული ექსპანსიისგან, ვერ ხედავთ ეს პრობლემა რომ დგას აჭარაში“, – ამბობს თევდორაძე. სად ხედავთ თურქულ ექსპანსიას და რაში ხედავთ? – ვკითხეთ მას, რაზეც თევდორაძე ამბობს, რომ „ქალაქის ცენტრში ხედავს“. „რომელიმე შენობა დაგრჩათ, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის? ჩვენი მოწოდებაა, რომ დაიცავი აჭარა თურქული ექსპანსიისგან და ვთვლით, რომ თურქული ექსპანსია მიმდინარეობს აჭარაში“.

რატომ გაავლეს ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებთან, როცა აჭარა არ არის სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თევდორაძე ამბობს, რომ დაკარგულ ტერიტორიებთან კავშირი იმიტომ გააკეთეს, რომ აჭარაც არ დაიკარგოს.

თურქეთის რესპუბლიკა ოფიციალურად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და მის საზღვრებს. ამიტომ პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანს ვკითხეთ, თუ რატომ ქმნიან ისინი მტრის ხატს მეზობელი და პარტნიორი სახელმწიფოსგან.

„დავითოღლუს განცხადებები რომ გავიხსენოთ მარტო აჭარაზე კი არა გურიაზე ჰქონდა პრეტენზია“, – ამბობს ის.

მას ასევე ვკითხეთ, თუ რატომ აძლიერებენ თურქეთზე თავდასხმებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ და მხოლოდ ამ კონტექსტში, რაც ასევე აძლიერებს რუსულ ნარატივს? –  გოჩა თევდორაძემ არც ამ და არც სხვა კითხვებს პასუხი აღარ გასცა, მობილური გათიშა.

„პატრიოტთა ალიანსის“ მიმართებაში ხშირად ისმის, რომ ისინი საქართველოში კრემლის ინტერესებს ატარებენწინასაარჩევნოდ გამოფენილი ბანერიც, საქართველოს მოქალაქეების აზრით, არის „დამაზიანებელი და მავნებლური პოლიტიკა“.

 

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/477351/

ფრანების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

დღეს 29 აგვისტოს ბათუმში ზღვის სანაპიროზე ფრანების ფესტივალი გაიმართა, რომელიც ხვალ, 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი 25 ათასი ლარით ფინანსდება აჭარის ბიუჯეტიდან.

ფესტივალი ითვალისწინებს მოწვეული მხატვრების მონაწილეობით ხელნაკეთი ფრანების დამზადებას, მოხატვას და სამოყვარულო ფრანების აშვების მასტერკლასებს.

ფრანების ფესტივალი. ბათუმი. 2020.  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფესტივალის კოლექციაში შესულია 100-მდე პროფესიონალური და სამოყვარულო ფრანების შოუ, ახალი ფრანის პრეზენტაცია და აშვება, რომელიც ფესტივალისთვის სპეციალურად ახალ ზელანდიაში შეიკერა.

ფრანების ფესტივალი 2020. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფრანების ფესტივალის ორგანიზატორია Kitedreams Georgia.

ფრანების ფესტივალი 19:00 საათამდე იქნება წარმოდგენილი ბათუმის სანაპიროსზე.

ფრანების ფესტივალი 2020. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ

დღეს 29 აგვისტოს, ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასაც აპირებდნენ. აქციის მონაწილეები ჩავარდნილი ტურისტული სეზონის გამო სესხების გაყინვას ან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ სეზონური სესხი აქვთ აღებული, თუმცა წელს სესხის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვთ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო ვიზიტორები ქვეყანაში ვერ შემოვიდნენ, შიდა ტურიზმით კი ვალების გადახდას ვერ ახერხებენ.

„ჩვენ პანდემიის გამო დაზარალებულები ვართ, ვერცერთი თეთრი ვერ შეგვაქვს ბანკში, რადგან დამსვენებლები არ გვყავს, ვერ ვაქირავებთ სასტუმროებს, ბანკები კი არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ვითხოვთ მთავრობის დახმარებას, რომ ან სესხი გაგვიყინონ ბანკებმა ან მთავრობამ დაასუბსიდიროს პროცენტები“-ამბობს ნინო ბოლქვაძე.

მისი თქმით, ქობულეთში დამსვენებელთა სიმცირეა. „20-30 ლარად ვაქირავებთ ოთახებს წელს, მაშინ როცა ამ ოთახებს 100-150 ლარად ვაქირავებდით წინა წლებში. ამ თანხით ზამთრის გატანასაც კი ვერ შევძლებთ“-ამბობს ის.

საოჯახო სასტუმროს კიდევ ერთი მეპატრონე ქეთი კახიძე ამბობს, რომ ბანკმა სესხის პროცენტი გაუორმაგა.

„მიკროსაფინანსო ბანკიდან მაქვს 25 ათასი ლარი სეზონური სესხი და წელს უნდა შემეტანა 7 500 ლარი, თუმცა ამ თანხის შეტანას ვეღარ ვახერხერხებ, რადგან დამსვენებელი არ გვყავს. ეხლა ბანკმა ხელშეკრულებები შეცვალა და სესხი 58 ათას ლარზე ამიყვანა. როგორ გადავიხადო ეს თანხა?“-ამბობს ქეთი კახიძე.

საოჯახო სასტუმროების მფლობელები ამ დროისთვის ქობულეთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან არიან შეკრებილი, ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრასაც ელოდებიან.

საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების საპროტესტო აქცია ქობულეთში.

ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის გაქურდვის 8 ფაქტი აღიარა – შსს

შსს ინფორმაციით, ბათუმში 1999 წელს დაბადებული პირი თ.ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში,ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე , მოქალაქეების კუთვნილი 6 ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს.

სამართალდამცველებმა თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო“-აცხადებს შსს.

ამავე წყაროს ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს ინფორმაციით, დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

წისქვილების სოფელი და სხვა – როგორ აპირებენ ჭვანის ხეობის მთავარ ტურისტულ ადგილად ქცევას

შუახევის სოფელ ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური პროექტის შესადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 279 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა მომზადდეს. თაღოვანი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია მისასვლელი ბილიკის, ხიდის, ღია პარკინგის, ბელვედერი[ები]ს, ვიზიტორთა ცენტრის, ამფითეატრის და სხვა ობიექტების დაპროექტება.

კონცეფციის მიხედვით, ჯამში, სოფელ ხაბელაშვილების და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება 150 000 კვ.მ ფართობის განაშენიანება, აქედან 80% ფართობი ლანდშაფტურია, 15 000 კვ.მ კი გამოყოფილია მომსახურების სივრცეებისთვის.

ხაბელაშვილების თაღოვანი ხის ხიდი, რომელიც მე-18 საუკუნეშია აშენებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. კონცეფციის მიხედვით, „ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს სწორედ ხაბელაშვილების ხიდიდან წისქვილების სოფლამდე. ბილიკი მიუყვება მდინარეს, გაივლის ტყეს და სოფლის სავარგულებს. მდინარის მეორე მხარე კლდოვანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ტურისტული სპორტული და ექსტრემალური აქტივობებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

წისქვილების სოფელი„წარმოადგენს ტერიტორიას, სადაც განთავსებულია 300 წლის წინანდელი წისქვილები. ამჟამად ტერიტორიაზე სამი წისქვილია დარჩენილი, აქედან ორი ფუნქციონირებს, ხოლო ერთი ავარიულია და გაჩერებულია. საპროექტო წინადადებით ტერიტორიაზე, მარჯვენა სანაპიროზე სულ განთავსდება 10 წისქვილი – აქედან საჭიროებისამებრ იფუნქციონირებს 2-3, დანარჩენი გამოყენებული იქნება სხვადასხვა ეთნო-სამუზეუმო ელემენტად, როგორც წესი, უცხოური გამოცდილებით და ანალოგების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მსგავსი ობიექტები სრულად ფუნქციონირებენ და არ საჭიროებენ დამატებითი ფუნქციებით დატვირთვას“, – კონცეფციიდან.

გეგმარებითი წყობის საფუძველი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადანაწილებული, ცვალებადი ადმინისტრაციულ-საოფისე და ტურისტულ დასასვენებელი ზონები და მათი დამაკავშირებელი „ბილიკების“ სისტემაა. ეს უკანასკნელი მოიცავს, როგორც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის, წისქვილების სოფლისა და ჩანჩქერის დაგეგმარებულ საჯარო სივრცეს, ასევე კომპლექსის ექსტრემალური ტიპის „დაკიდებულ კაფსულებს“.

დაკიდული კაფსულები„სასტუმრო ექსტრემალი – იგი განთავსებულია კლდოვან ნაწილზე. კაფსულის ფართობი 6კვ.მ. ასეთი კაფსულების რაოდენობა შესაძლებელია იყოს 20-30 და მეტი. რაც შეეხება უშუალოდ ასეთი ნომრის ინფრასტრუქტურას საჭიროა და აუცილებელიც, რომ კაფსულა დამზადდეს ქარხნული წესით და გაიაროს ყველა ტესტი გამძლეობაზე, ასეთ ობიექტს აუცილებელია ახლდეს წარმოშობის სერტიფიკატი და საგარანტიო დოკუმენტაცია. სასტუმრო ”ექსტრემალის” მისადგომობა განისაზღვრება საავტომობილო გზით, სოფელ ცეკვას გავლით“, – კონცეფციიდან.

„უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობა სარგებლობს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებით, ასევე ტყის ფონდის ნაწილს მიიჩნევენ თავიანთ საკუთრებად. შესაბამისად, აუცილებელია მათთან სწორი და დროული კომუნიკაციის დამყარება, საჭიროა გარკვეული რაოდენობის მიწის გამოსყიდვა კერძო მესაკუთრეებისგან, რათა სამომავლოდ ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების პროექტის განხორციელება არ შეფერხდეს“, – აღნიშნულია ჭვანის ხეობის ტურისტული პოტენციალის კვლევა და კვლევებზე დაფუძნებით ტერიტორიის ტურისტული განვითარების კონცეფციაში.

ამავე კონცეფციის მიხედვით, „2030 წლისთვის ჭვანის ხეობა საქართველოს მასშტაბით ცნობილი იქნება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი საინტერესო ტურისტული ლოკაცია, გამორჩეული თავისი ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობით, რომელიც დაკავშირებული იქნება მიმდებარედ არსებულ სხვა ტურისტულ ლოკაციებთან“.

პირველი საკარვე ბლოკიგანთავსებულია ფერდობზე, სადაც რთულ ტყიან რელიეფზე გადაადგილებისათვის გამოიყენება ბოგირი-ბილიკები და უსაფრთხოების ბადეები, ასეთი სტრუქტურა, როგორც წესი ხეებზეა დაკიდებული, ზოგ შემთხვევაში გამოიყენება საყრდენი სვეტები; კარვები სფერული ფორმისაა, რაც უზრუნველყოფს მის აეროდინამიკას“ – კონცეფციიდან

 

[toggle title=”ჭვანის ხეობის ძირითადი ტურისტული მიმართულებები კონცეფციიდან:“]

ტურისტული პროდუქტების შექმნის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივ უნიკალურ გარემოზე, ეთნოკულტურასა და ტრადიციებზე. პირველადი მონაცემების
მიხედვით, მდინარე ჭვანისწყლის ხეობაში შესაძლებელია ტურიზმის რამდენიმე სახეობის განვითარება, კერძოდ:

ეკოტურიზმი – ტურიზმის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ბუნების შეცნობასთან; წვლილი შეაქვს ეკოსისტემების შენარჩუნებაში ადგილობრივი მოსახლეობის
ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალურ გავლენას ბუნებაზე;

სოფლის ტურიზმი – არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ცხოვრების სტილით, მათი ადათებითა და ტრადიციებით, ეროვნული კულტურით, რელიგიით, ფოლკლორით,
განსხვავებული არქიტექტურით დაინტერესებული ტურისტების მოგზაურობა. ტურისტებისთვის მიმზიდველია ამ ადამიანებთან სტუმრობა და მათი ყოველდღიური
ცხოვრების გაცნობა. დასვენება სოფლად, სოფლის ცხოვრებასთან ზიარება – ადგილობრივი ტრადიციებით აგებულ სახლებში ცხოვრება, სოფლის ცხოვრებაში და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა.

გასტრონომიული ტურიზმი – ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად, გასტრონომიულ ფესტივალებზე დასასწრებად, ტრადიციული კერძის დამზადების
ტექნოლოგიის გასაცნობად მოგზაურობა (აქვე მოიაზრება ღვინის ტურიზმი);

სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმი – გულისხმობს ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას. ჩვეულებრივ, ეს არის არასტანდარტული ტურები ეგზოტიკურ და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ გარემოში, დაკავშირებულია უჩვეულო მოგზაურობებთან და ტრანსპორტის არატრადიციულ სახეობებთან. კონკრეტულად მდ. ჭვანისწყლის ხეობაში შესაძლებელია მანქანებით გაუკვალავ გზებზე მგზავრობა (Off-roading), კლდეებზე ცოცვა, სამთო ველოტურიზმი, საცხენოსნო ტურიზმი და სხვა. ექსტრემალური ტურიზმის შემადგენელი ნაწილია II გეგმარებით ერთეულში არსებული „სასტუმრო ექსტრემალი და კლდეზე დაკიდებული კაფსულები;

შემეცნებითი ტურიზმი – მოგზაურობა კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სხვადასხვა ფოლკლორული ღონისძიებებისა და დღესასწაულების მოსანახულებლად. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ წისქვილების სოფელს.

[/toggle]

 

„ხაბელაშვილების თაღოვან ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების და კეთილმოწყობის პროექტისა და დეტალური ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამოცხადებული. კონკურსში წინადადებების მიღება 2020 წლის 29 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება.

სასტუმრო ექსტრემალი ჩანჩქერზე / ფოტოები კონცეფციიდან

„კვლევის შედეგად შერჩეული იქნა ის სავარაუდო რეგიონთაშორისი და წრიული მარშრუტების ქსელი, რომელთა დაკავშირებაც დადებით გავლენას იქონიებს ჭვანის ხეობის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. გზის საფარის მოწესრიგების, მინიმალური ინფრასტრუქტურული ელემენტების განთავსების და შესაბამისი რეკლამის შემთხვევაში, ხიჭაური-ოზურგეთის და ხიჭაური-ნაღვარევი-ბახმაროს დამაკავშირებელი გზები შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო მასშტაბის ტურისტული მარშრუტების ქსელში, მაგ. თბილისი-ბათუმის მარშრუტში. ვიზიტორები თბილისიდან დასავლეთ საქართველოს გავლით ჩავლენ ბათუმში და დაბრუნდებიან გომისმთა-ოზურგეთის ან ბახმაროს გავლით. დღეისათვის გომის მთაში ამოსული ვიზიტორები უარს ამბობენ შუახევის მხარეს გადმოსვლაზე მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო“, – აღნიშნულია ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციაში.

 

ამავე თემაზე:

კინტრიშის ეროვნული პარკიდან ჭვანის ხეობამდე – ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

 

რატომ უკავშირებს ვიცე-სპიკერი სამუშაო ადგილების შემცირებას უვიზო მიმოსვლას

„ვიცი, რომ პრინციპში უმნიშვნელო კლება არის“, „შეიძლება, ეს არის ნაწილობრივ ვიზალიბერალიზაციის პრობლემა“, – ეს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის წევრის, ილია ნაკაშიძის ვერსიებია ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 2019 წელს 2016 წელთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობა 27 ათასით შემცირდა.

4 წლის წინ, როცა საზოგადოება პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევდა, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას დაჰპირდა. „ოცნება“ ხელისუფლებაშია, თუმცა ახალი სამუშაო ადგილები არ შექმნილა – პირიქით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს დასაქმებული იყო ქვეყანაში 1 მილიონ 717 300 ადამიანი, 2019 წელს – 1 მილიონ 690 200.

ამ სტატისტიკის პარალელურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ზუსტად 48 711-ით შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებდნენ: 2016 წელს საარსებო შემწეობას საქართველოში 476 084 ადამიანს ესაჭირეობა, 2019 წელს – 427 373, ანუ ბევრად ნაკლებს.

როგორ მოხდა, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შემცირდა, ამის პარალელურად კი უფრო ნაკლებ ადამიანს დასჭირდა სოციალური შემწეობის მიღება? სამუშაო ადგილების შემცირება ხომ იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულმა ადამიანებმაც დაკარგეს შემოსავლები, შესაბამისად, დაუსაქმებელი ადამიანები ისედაც ვერ დასაქმდებოდნენ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ილია ნაკაშიძეს კომენტარი ამ თემაზე ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ ანალიტიკურ მონაცემებს არ იცნობს და ზუსტი პასუხი არ აქვს. თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ კლება დასაქმების მიმართულებით „უმნიშვნელოა“. უმრავლესობის წარმომადგენელმა 2016 წლის წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობა ვიზალიბერალიზაციასაც დაუკავშირა, თუმცა ვერ ახსნა, რატომ „გარბიან ადამიანები ქვეყნიდან“, თუკი აქ დასაქმების კარგი შესაძლებლობაა, ან სადაა ახალი სამუშაო ადგილები, რასაც „ქართული ოცნება“ 4 წლის წინ გვპირდებოდა.

„ვერ გეტყვით ზუსტად, შეიძლება ეს არის ნაწილობრივ ვიზალიბერალიზაციის პრობლემა, რომ მოსახლეობა ნაწილობრივ მიდის საზღვარგარეთ და სამუშაო ადგილებს იქ ეძებს. მე არ მინდა, რომ მოგატყუოთ, ზუსტი ანალიზი არ გაგვიკეთებია. ვიცი, რომ პრინციპში უმნიშვნელო კლება არის, მაგრამ ამას არ აქვს ტენდენციის ხასიათი, ჩვენ გასული წლის მაჩვენებელზე გავალთ სავარაუდოდ ერთი წლის განმავლობაში, თუ ძალიან არ შეგვიტია კოვიდმა და ეს ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ…“ – გვითხრა ილია ნაკაშიძემ.

პარლამენტის წევრს არ ეჩვენება უჩვეულოდ ის ამბავი, რომ შემცირებული სამუშაო ადგილების პარალელურად უფრო ნაკლებ ადამიანს ესაჭიროება სახელმწიფო შემწეობის მიღება. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ“.

„თქვენ ამბობთ, რომ აქეთ უმუშევრობის ციფრი გაიზარდა და სიღარიბის მაჩვენებელი როგორ შემცირდა? – დიახ, მართლაც შემცირდა სიღარიბე. მე ხაზს არ ვუსვამ ნამდვილად, რომ ეს ჩვენი მიღწევა არის, თუმცა დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, ცვლილება მნიშვნელოვანია… ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენ ნამდვილად არ ვიმშვიდებთ თავს. სიღარიბის მაჩვენებლებში ჩვენ ოდნავ უკეთესობა გვაქვს, მაგრამ მე ამას ხაზს არ გავუსვამდი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული შედეგია. პირიქით, ეს ჩვენი მიზანია, რომ სერიოზულად შევამციროთ ეს მაჩვენებელი…“ – აღნიშნა ილია ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვლის, რომ ახალ სამუშაო ადგილების შექმნას სხვადასხვა მიზეზი უშლის ხელს, მათ შორის, დაუსაქმებელი ადამიანების განათლების დონე და შესაბამისი კვალიფიკაცია. კონკრეტულად რის გამო ვერ შესრულდა „ქართული ოცნების“ დანაპირები ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, დეპუტატი ვერ აკზუსტებს და ამბობს, რომ კომიტეტში სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ დაუმუშავებიათ. დეპუტატმა გვითხრა, რომ ძირითადად პანდემიის მართვის საკითხებითაა დაკავებული.

„…სტაბილურმა და მშვიდობიანმა სიტუაციამ წამოწია ეს პრობლემები, რაზეც ჩვენ თვალს ვხუჭავდით და სხვა პრობლემებით ვიყავით დაკავებული. ახლა ეს სოციალური პრობლემები წამოვიდა წინა პლანზე. ეს კარგია – უფრო მეტი მოტივაცია გაგვიჩნდა ამ დაპირების შესრულების,“ – დასძინა ილია ნაკაშიძემ.

____

ამავე თემაზე:

200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

რა ელით კერძო სკოლებს ბათუმში

როგორ აპირებენ კერძო სკოლები განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვას და ელოდებათ თუ არა მათ ფინანსური კრიზისი. „ბათუმელები“ ბათუმში მოქმედ კერძო სკოლების მფლობელებს ესაუბრა. მათი განცხადებით, წინა წელთან შედარებით წელს ნაკლები პირველკლასელები მიიღეს, თუმცა ეს მათ შესაძლებლობას მისცემს კლასში, მოსწავლეებს შორის დაწესებული ერთმეტრიანი დისტანცია უკეთ დაიცვან.

ქეთევან გოშხეთელიანი სკოლა „იმედის“ დირექტორია. მისი თქმით, წელს 15 პირველკლასელი მიიღო სკოლამ, რაც ცოტათი ნაკლებია იმაზე, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, დირექტორის თქმით, მოსწავლეთა შემცირების და ხარჯების გაზრდის მიუხედავად, ისინი ინტენსიურად  ემზადებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის.

„მიმდინარეობს სველი წერტილების მოწესრიგება, ხარჯები გაიზარდა საგრძნობლად, მაგრამ სწავლის გადასახადი არ გაგვიზრდია. შეგვიმცირდა მოსწავლეთა რაოდენობაც, თუმცა შემუშავებული გვაქვს გეგმა და გათვლილი გვაქვს ბიუჯეტი“, – ამბობს დირექტორი.

მცირეკონტინგენტიანია ფრანგული სკოლაც, სკოლის დირექტორი ლუიზა თუთარაშვილი ამბობს, რომ „სიტუაცია სკოლაში ძველებურადაა“, რადგან მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის იგივე, რაც გასულ წელს იყო.

„წელს ძალიან ცოტა – სულ 7 პირველკლასელი მივიღეთ, შარშან 12 გვყავდა. არ ვართ დიდი სკოლა, კლასში 10 მოსწავლე გვყავდა ყოველთვის და ახლაც შევძლებთ დისტანციის დაცვას“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია მშობლების ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახა, რადგან ბევრმა მშობელმა დაკარგა შემოსავალი. „ამან განაპირობა ბავშვების ნაკლებობაც, თუმცა საშემოსავლოს არ გვახდევინებს სახელმწიფო, მეიჯარემაც შეღავათი გაგვიწია – არ გაგვიზარდა ხარჯი, ამიტომ ამ კრიზისს, ვფიქრობთ, გადავლახავთ“, – ამბობს დირექტორი.

სკოლა „ნიკეში“ 42 პირველკლასელი დარეგისტრირდა წელს. დირექტორი იზო ტაკიძე ამბობს, რომ მშობლები გაგებით მოეკიდნენ შექმნილ ვითარებას გადასახადებთან დაკავშირებით, „თუმცა სკოლაც გარკვეულ დათმობებზე წავიდა“.

ეს დათმობები იმაში მდგომარეობს, რომ თუკი სკოლას მოუწევს ონლაინსწავლებაზე გადასვლა, მაშინ მშობელს სკოლა 30-პროცენტიან ფასდაკლებას გაუკეთებს სწავლის გადასახადზე. სხვა შემთხვევაში  მშობლები სწავლის საფასურს მთლიანად გადაიხდიან.

„რაც შეეხება მოსწავლეების გასვლას, საგანგაშო რაოდენობა არ არის, დაახლოებით 45-46 მოსწავლე გავიდა სკოლიდან. მსგავსი გადინება წინა წლებშიც გვქონდა“.

დირექტორი ირწმუნება, რომ სკოლას ფართობის პრობლემა არ აქვს და პანდემიისგან გამომდინარე დაწესებულ ახალ სტანდარტებს თავს გაართმევენ.

„კლასში ზის 12 ან 15 მოსწავლე. შესაბამისად, დისტანციის დაცვა ამჯერადაც მოხერხდება, დავამატეთ კეთილმოწყობილი სკვერიც, სადაც მზიან დღეებში შესაძლებელია გაკვეთილის ჩატარება. სპორტული დარბაზი გვაქვს, რომელსაც ცალკე აქვს სველი წერტილი, ასევე გამოიცვალა ყველა სანიტარული კვანძი“, – ამბობს იზო ტაკიძე.

მისი თქმით, შეკვეთილი აქვთ დეზობარიერებიც. „უსაშველო თანხა არ გამოგვდის, თუმცა ხარჯები მაინც გაზრდილია, რადგან წელს დავამატეთ ექთნის შტატიც სკოლაში, რომელიც გააკეთებს თერმოსკრინინგს, კლასებში ჩამოვლას და თუკი რაიმე ნიშანი იქნება ბავშვის უხასიათოდ ყოფნის, გამოყოფს და ცალკე განათავსებს ბავშვს. შემდეგ კი დავუკავშირდებით მშობელსაც“.

დირექტორის თქმით, იმისათვის, რომ „შესვენებისას დერეფანი არ გადაიტვირთოს, პირველკლასელები მაშინ გამოვლენ დასასვენებლად, როცა უფროსკლასელები გაკვეთილებზე იქნებიან, რაც არ შექმნის ბუფეტის და სანიტარული კვანძებით სარგებლობის პრობლემას“.

იზო ტაკიძე უკმაყოფილებას გამოთქვამს განათლების სამინისტროს მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ სამინისტრო გულგრილად ეკიდება კერძო სკოლების სათანადოდ ინფორმირებას. „გარდა იმისა, რომ კერძო სკოლის დირექტორები და პედაგოგები არ არიან არანაირ ტრენინგებში ჩართული, იმაზეც კი არ მოუწოდებია ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექცია შეგვამოწმებდა“, – ამბობს ტაკიძე.

15 პირველკლასელი მიიღო წელს სკოლა „მონპარნასმა“. სკოლის წარმომადგენლის, თამილა თალაკვაძის თქმით, არის სკოლიდან გასვლის შემთხვევებიც – „ვინც წავიდა, ყველა ბავშვის მშობელი ფინანსურ კრიზისს ასახელებს“.

თალაკვაძის თქმით, სკოლა მზადაა ყველა ის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, რაც ახალი სტანდარტით წესდება.

პირველკლასელთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 92 მოსწავლე მიიღო წელს სკოლა „ევრო 2000“-მა. სკოლის ერთ-ერთი დირექტორი, ანზორ აბუსელიძე ამბობს, რომ 200-მდე განაცხადი იყო შესული, თუმცა ავტორიზაციის სტანდარტებიდან გამომდინარე, მათ მეტის მიღება ვერ შეძლებს.  „ფაქტობრივად, ჩვენ თავისუფალი ადგილები არ გვაქვს სკოლაში. დისტანცია დაცული იქნება, დეზობარიერი იმაზე მეტი შევიძინეთ, ვიდრე საჭირო იყო,  შეძენილი გვაქვს სენსორული დეზინფექტორებიც, სველი წერტილი ყველა სართულზეა განთავსებული და ვფიქრობ ნორმების დაცვას შევძლებთ“, – გვეუბნება ის.

დირექტორის თქმით, ჰიგიენას და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სკოლის ექიმი, მანდატურები და დამლაგებლები გააკონტროლებენ.

ანზორ აბუსელიძის თქმით, სწავლის საფასური მხოლოდ იმ მოსწავლეებს გაეზარდათ, ვინც წინა წლებში 1500 ლარს იხდიდა წელიწადში. „ამ თანხად სწავლის გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ისინიც გადაიხდიან 3 ათას ლარს წელიწადში, როგორც სხვები“, – ამბობს დირექტორი.

რაც შეეხება სკოლიდან მოსწავლეების გადინებას, ანზორ აბუსელიძე ამბობს, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არც წელს აქვთ. „მოძრაობა სკოლაში ყოველ წელსაა, რამდენიც წავიდა, იმაზე მეტი შემოვიდა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სკოლას – „თაობა 21“-ის დირექტორს ესაუბრა. დირექტორი ომარ მიქელაძე ამბობს, რომ წელს ძალიან ცოტა – სულ 8 პირველკლასელი მიიღეს, მაშინ, როცა წინა წლებში მინიმუმ 20-30 პირველკლასელი ჰყავდათ.

დირექტორის თქმით, სკოლიდან გავიდა 18-მდე მოსწავლეც, რაც აისახება ვაუჩერულ დაფინანსებაზე.

„მე ის მაინტერესებს, საჯარო სკოლები როგორ აპირებენ დისტანციის დაცვას. როცა სწავლა დაიწყება მივალ და ვნახავ. სახელმწიფო კერძო სკოლებისგან ითხოვს ყველაფერს, საჯაროს ამდენ სტანდარტს არ უწესებს. გვთხოვენ, რომ ბუფეტში წყლის ონკანი გავაკეთოთ, სველ წერტილებში ხომ არის ონკანი? მოვლენ შემოწმებაზე და არ ვიცით, ვინ რას დაწერს. შესაძლოა არ მოგვცენ მუშაობის გაგრძელების უფლება, მაშინ, როცა საჯარო სკოლები ავტორიზაციასაც კი არ გადიან“, – ამბობს ომარ მიქელაძე.

დირექტორის თქმით, სკოლას სწავლის საფასური არ გაუზრდია.

სასწავლო პროცესი კერძო და საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს უნდა განახლდეს, მანამდე კი განათლების სამინისტრო სკოლებში არსებულ მდგომარეობას შეამოწმებს.

___________________________

მთავარი ფოტო: სკოლა „ნიკეს“ ფეისბუკის გვერდიდან.

ამავე თემაზე:

„მშობლები ყოყმანობენ გადასახადის შემოტანას“ – კერძო სკოლების კრიზისი

რა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას

ღრძილებიდან მცირედი სისხლდენა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ დაავადებაში, პარადონტიტში გადაიზარდოს. საწყის ეტაპზე სისხლდენა შესაძლოა კბილების გამოხეხვის ან რაიმე მყარი საკვების დაღეჭვისას შენიშნოთ. მას უმეტესად არ ახლავს ტკივილი. პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი ამბობს, რომ ღრძილებიდან სისხლდენა, თუნდაც ცოტა რაოდენობით, ნიშანია იმისა, რომ დროა სტომატოლოგს მიმართოთ.

„სახლის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება რთულია. პაციენტები თვითნებურად მკურნალობენ სხვადასხვა სავლებით და დროებით შვებას გრძნობენ, მაგრამ ამას მხოლოდ ხანმოკლე ეფექტი აქვს და შემდეგ სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ”, – ამბობს ექიმი.

პარადონტიტი არის ღრძილების ინფექცია, რომელიც აზიანებს ღრძილის რბილ ქსოვილს, უყურადღებობის შემთხვევაში კი შესაძლოა დააზიანოს ძვლოვანი ქსოვილიც (პარადონტი), რომელშიც კბილია მოთავსებული. პარადონტიტის შედეგად შესაძლოა ადამიანმა დაკარგოს კბილები.

არსებობს ამ დაავადების სხვადასხვა სტადია და ფორმა, პარადონტიტი საბოლოო სტადიაა, არის – გინგივიტიც, რომელიც უფრო მსუბუქი ფორმაა და სტომატოლოგთან ერთი ვიზიტითაც კი გვარდება.

  • ბატონო აკაკი, რა იწვევს ან სხვა რა დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს ღრძილებიდან სისხლდენა?

ყველაზე ხშირი მიზეზია ქვებისა და ნადების არსებობა, რისი მიზეზიც პირის არასწორი ჰიგიენაა, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ღრძილის ანთება, შემდეგ გადავიდეს ძვალზე, მოხდეს ძვლოვანი ქსოვილის განლევა და განვითარდეს პარადონტიტი. მეორე ფაქტორი არის ზოგადი სომატური დაავადებები – დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ღვიძლის დაავადებები და სხვა. თუმცა ეს არის ზოგადი სომატური მიზეზები, უმეტესად ღრძილებიდან სისხლდენა განპირობებულია ადგილობრივი მიზეზებით – ან კონსტრუქციაა არასწორი, ან ბჟენია არასწორად გაკეთებული და ა.შ.

თუ ადამიანი დროულად არ მიმართავს ექიმს და დაავადება განვითარდება, კარიესის არარსებობის  შემთხვევაშიც კი, კბილი შეიძლება ჩამოვარდეს ან ამოვარდეს. ზოგჯერ პაციენტებს დისკომფორტი ექმნებათ ღრძილის გაშიშვლების გამოც – ღრძილის დეფორმაციის გამო კბილი ისე ჩანს, თითქოს დაგრძელდა. თუ წინა კბილებზე ხდება ეს ყველაფერი, პაციენტები ვიზუალური დისკომფორტის გამო მიმართავენ ექიმს. სამწუხაროდ, თუ ამ ეტაპამდე მიიყვანს საქმეს პაციენტი, შემდეგ იმ ღრძილის ამოსვლა ზემოთ, ისევ იმ დონეზე ამოყვანა, ცოტა რთულია და უმეტესად ვცდილობთ ღრძილი შევინარჩუნოთ ამ მდგომარეობაში და კონტროლის ქვეშ გვყავდეს პაციენტი. ანუ შევამოწმოთ მდგომარეობა ექვს თვეში ერთხელ.

  • როგორ მკურნალობთ პარადონტიტს?

პარადონტიტის რამდენიმე ფორმა არსებობს. თუ დგინდება პარადონტიტის დიაგნოზი, პირველად ხდება გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და ამ ფაქტორების მოშორება/გამოსწორება. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა კონსტრუქციები ანუ ხიდები არის გადმოკიდული ან დაძველებულია და იქ საჭმლის ნარჩენები ჩადიოდა, რამაც გამოიწვია ღრძილების ანთება და შემდეგ პარადონტიტი. ამ ფაქტორების მოხსნის შედეგად თუ კი ვიღებთ ცოტა გაუმჯობესებას, უკვე ხდება ახალი კონსტრუქციის გაკეთება და  შემდეგ კონტროლი.

გამოკვლევისა და დიაგნოსტირებისას ვადგენთ ე.წ. რუკას – ანუ ისაზღვრება ყოველი პარადონტოლოგიური ჯიბის სიღრმე, ყველა კბილის მიდამოში, რაც გვაქვს პირის ღრუში. დგინდება დიაგნოზი, იწყება მკურნალობის ეტაპები. ამას შესაძლოა დასჭირდეს 4-5 ვიზიტი. მკურნალობის ეტაპების დასრულების შემდეგ პაციენტი 2-3 თვის შემდეგ მოდის კონტროლზე, ხდება გადათვალიერება, ახერხებს თუ არა ჰიგიენის სწორად დაცვას და თუ მიმდინარეობს ყველაფერი ისე, როგორც გვინდა – ღრძილი უნდა იყოს ღია ვარდისფერი, არ უნდა იყოს შეშუპება, სიწითლე,აღარ უნდა აღენიშნებოდეს სისხლდენა კბილების გამოხეხვის დროს. ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლოა დასჭირდეს განმეორებითი წმენდა, ან ვიბარებთ უკვე ოთხ თვეში.

ერთი წლის შემდეგ გაკეთდება ისევ “რუკა” და იმ სიღრმეებს, რაც გვქონდა თავიდანვე, შევადარებთ ახალ მონაცემს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ხდება პარადონტოლოგიური ჯიბეების გაღრმავება ან პირიქით – კლება.

  • თვითმკურნალობა რატომ შეიძლება იყოს საშიში?

მაგალითად, თუ პარადონტოლოგიურ ჯიბეში (ღრძილიდან ძვლამდე სიმაღლე) ფიქსირდება ქვა და პაციენტი იკეთებს სავლებს, რა თქმა უნდა, შესაძლოა იგრძნოს რაღაც დროით შვება, მაგრამ ის ქვა, რომელიც ღრძილქვეშ არის, სავლებით ხომ არ მოშორდება, იქ უნდა მოხდეს ექიმის მიერ ინსტრუმენტული, მექანიკური ზემოქმედება. სანამ მიზეზი არ იქნება მოშორებული, პარადონტიტი მიმდინარეობს, ჯიბე კიდევ უფრო ღრმავდება. თუ დღეს გვაქვს ამ ჯიბის სიღრმე 5 მილიმეტრი (რაც უკვე პარადონტიტის ნიშანია), 6-7 თვის შემდეგ შეიძლება გახდეს 7 მილიმეტრი. თითქოს არ არის დიდი სხვაობა, მაგრამ პარადონტის შემთხვევაში ეს არის ძალიან ბევრი. როცა ძვლოვანი ქსოვილი, რაშიც კბილი დევს, უკვე აღარ გვაქვს, ჩათვალეთ, რომ კბილი მორყეულია.

__________

ფოტოზე: პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი

ბენკსი ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილთა სამაშველო კატერს აფინანსებს

ქუჩის ანონიმურმა მხატვარმა ბენკსიმ დააფინანსა ღია ვარდისფერი კატერი, რომელიც იმ ლტოლვილების გადარჩენაზე იმუშავებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. იახტაზე გამოსახულია ბენკსის მიერ დახატული გოგონა სამაშველო ჟილეტში, რომელსაც გულის ფორმის სამაშველო რგოლი უჭირავს ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს.

31-მეტრიანი მოტორიანი იახტა, რომელსაც მე-19 საუკუნის ფრანგი ანარქისტი ფემინისტის, ლუიზ მიშელის სახელი დაარქვეს, 18 აგვისტოს საიდუმლოდ

გაემგზავრა ესპანეთიდან, ვალენსიასთან ახლოს მდებარე პორტ ბურრიანადან და იგი ახლა ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში ცურავს, სადაც ხუთშაბათს 89 ადამიანი გადაარჩინა უბედურ შემთხვევას, მათ შორის, 14 ქალი და 4 ბავშვი.

კატერი ახლა უსაფრთხო პორტის ძიებაშია, სადაც შესაძლებელი იქნება მგზავრების ჩამოსმა ან მათი გადაყვანა ევროპული სანაპირო დაცვის გემზე.

“ლუიზ მიშელი” გერმანული დროშის ქვეშ ცურავს. 

პია კლემპი

როგორც გარდიანი იუწყება, ბენკსიმ ხომალდის დაფინანსება პია კლემპის დახმარებით მოახერხა, ის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სამაშველო კატერების ყოფილი კაპიტანია. ბენკსი მას 2019 წლის სექტემბერში დაუკავშირდა.

50 კმ/სთ სიჩქარით კატერ Louise Michel-ს შეეძლება “გაასწროს ე.წ. ლიბიურ სანაპირო დაცვას, სანამ ისინი ლტოლვილებისა და მიგრანტების კატერებს დაეწევიან და უკან წამოიყვანენ მათ საპატიმრო ბანაკებში, ლიბიაში”, – განაცხადა კლემპმა.

ლუიზ მიშელის ეკიპაჟის ათივე წევრი ანტირასისტ და ანტიფაშისტ აქტივისტად იდენტიფიცირდება. ისინი რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებების მოთხოვნით გამოდიან.

პირველი სამაშველო მისიის ხელმძღვანელი, მედდა ლეა რაისნერი ამბობს, რომ პროექტი თავისი არსით ანარქისტული იყო და მიზნად ისახავდა გაეერთიანებინა სოციალური სამართლიანობისთვის მიმდინარე სხვადასხვა ბრძოლა, მათ შორის, ქალთა და ლგბტქ უფლებებისთვის მიმდინარე ბრძოლები, რასობრივი თანასწორობის, მიგრანტთა უფლებების, გარემოს დაცვისა და ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლები.

მისია საიდუმლოდ იგეგმებოდა ლონდონს, ბერლინსა და ბურრიანას შორის, სადაც “ლუიზ მიშელი” სამაშველო ოპერაციებისთვის აღსაჭურვად იყო გაჩერებული.

ეკიპაჟი შიშობდა, რომ მედიის ყურადღებას შესაძლოა საფრთხის ქვეშ დაეყენებინა მათი მიზნები: თუკი ხმა დაირხეოდა, რომ პროექტი, რომელიც ბენკსიმ დააფინანსა და გემი მალე ხმელთაშუა ზღვის ცენტრისკენ გაცურავდა მიგრანტების გადასარჩენად, ევროპულ მთავრობებს შესაძლოა ჩაეშალათ. ამ მიზეზით ბენკსის გუნდი და მაშველი აქტივისტები შეთანხმდნენ, რომ ამბავი გაეხმაურებინათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გემი პირველ სამაშველო მისიას შეასრულებდა.

 

 

ბარმენი, მზარეული და სხვა – რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესია აჭარაში

ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რომელი პროფესიებია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და რომელ რეგიონებშია დასაქმების ყველაზე დიდი ბაზარი. პროფესიული გადამზადების დაწყებამდე დასაქმების მსურველები სწორედ ამ კითხვებზე ეძებენ პასუხებს, რომ სწორი და ლოგიკური არჩევანი გააკეთონ პროფესიის არჩევისას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით. სწორედ ამის შესაბამისად უნდა განხორციელდეს პროფესიული გადამზადების პროგრამები.

აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისა და შესაბამისი გადასამზადებელი პროფესიული პროგრამების სია ასეთია:

  • შინმოვლა
  • ამწეს მემანქანე
  • ხიდური ამწის მემანქანე
  • ბარმენი
  • მზარეული
  • კონდიტერი
  • მიმტანი
  • რესტორნის სერვისის მენეჯერი
  • სასტუმროს საქმის სპეციალისტი
  • სასტუმროს დასუფთავების მომსახურება
  • კერძების მომზადების ტექნოლოგია
  • განთავსების ობიექტების მართვა
  • ღვინის ტურიზმი
  • სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების მომსახურება
  • სტილისტი (ქალი, მამაკაცი)
  • პედიკური, მანიკიური
  • დურგალი/ავეჯის ამწყობი
  • ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი
  • ელექტრიკოსი
  • ელექტროსამონტაჟო სამუშაოები
  • ელექტროსამუშაოები შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე
  • შემდუღებელი-ელექტროშემდუღებელი
  • ლითონების შედუღება
  • ავტომობილების ელექტრიკოსი
  • მეთუნუქე
  • სავალი ნაწილის ტექნიკოსი
  • ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტირება და სერვისი
  • ზეინკალი/სანტექნიკოსი
  • კალატოზი
  • მეარმატურე მებეტონე
  • მებათქაშე/მღებავი
  • მეფილე-მომპირკეთებელი/ფილამწყობი
  • ინტერიერის და ექსტერიერის მღებავი
  • კერამიკული ფილების დაგება
  • ხელოვნური ქვის კონსტრუქციების მოწყობა
  • სხვადასხვა სახის სახურავის მოწყობა
  • სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობისას უსაფრთხოების წესების დაცვა
  • იატაკის და ფილის სამუშაოების შესრულებისას უსაფრთხოების წესების დაცვა
  • მებაღე
  • მეფუტკრე
  • მესაქონლეობა
  • მკერავი
  • საქსოვი/საკერავი აპარატის ოპერატორი
  • მცხობელი
  • ქათმის ხორცის გადამამუშავებელი
  • ყასაბი
  • ხორცის დამუშავება და ხორცპროდუქტების მომზადების ტექნოლოგია
  • კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი
  • დისტანციური IT მხარდაჭერის სპეციალისტი
  • კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
  • მევენახე-მეღვინე
  • თევზის დამმუშავებელი
  • დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში
  • მონაცემთა მართვა და ანალიზი  (MS Exel ADVANCE)
  • სალაროს ოპერაციების განხორციელება
  • მმართველობითი და საინფორმაციო დოკუმენტების მომზადება
  • ელექტრონული ბუღალტერია
  • საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ორგანიზება
  • საწყობის ლოგისტიკა
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა
  • სააღმზრდელო პროცესის წარმართვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
  • საბაჟო დეკლარირება

საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების და მათი შესაბამისი პროფესიული კურსების სანახავად გადადით ლინკზე.

სამუშაოს მაძიებლები, რომლებიც პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამას წარმატებით დაასრულებენ, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

ლალი ანთიძე „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იქნება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე “გირჩის” სიის პირველი ნომერი ლალი ანთიძე იქნება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უთხრა.

მისი თქმით, “გირჩს” სურს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი ჰყავდეს და ასეთ ადამიანად ლალი ანთიძეს მიიჩნევენ.

“აჭარაში ახლა ტარდება ადგილობრივი არჩევნები აჭარის უზენაეს საბჭოში, სადაც ძალიან გვინდა, რომ ერთი წარმომადგენელი გვყავდეს. დავაყენებთ კანდიდატსაც და გვინდა, რომ ჩვენი ერთი წარმომადგენელი იყოს  აჭარის პარლამენტში. ძალიან საინტერესო [კანდიდატი] გვეყოლება. მიზანი, რომ ერთი ადამიანი შეგვეყვანა აჭარის უზენაეს საბჭოში, ჩემთვის იქნებოდა ძალიან გასაგები. ჩვენი წარმომადგენელი იქნება ლალი ანთიძე”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ფილოსოფოსი ლალი ანთიძე ბსუ-ს ასოცირებული პროფესორია.

ასევე, იაგო ხვიჩიამ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ თავად ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს საქართველოს პარლამენტში.

შეცდომის გასწორება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ ლალი ანთიძე იქნება „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ლალი ანთიძე 2020 წლის არჩევნებზე იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველი ნომერი. 

___

მთავარი ფოტო: ლალი ანთიძის ფესიბუქგვერდიდან

ფოთის ღრმაწყლოვან პორტში ტერმინალის აშენება სურთ, სამინისტრო გზშ-ს ითხოვს

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად, დაგეგმილი აქვს ახალი პორტის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაც. ახალი  ტერმინალი განთავსდება ახალი პორტიდან ჩრდილოეთით, 24 ჰექტარ ფართობზე. ტერმინალიდან სხვადასხვა სახის სასუქსაც გადაიტანენ. უახლოესი საცხოვრებელი სახლი კი, უშუალოდ ტერმინალის ტერიტორიიდან დაშორებული იქნება 400 მეტრით.

აქ ნახეთ, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობაზე სამინისტრომ გზშ რატომ არ მოითხოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი საჭიროებს გზშ-ს მომზადებას [ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის პროექტზე, რომელიც სასუქების გადასაზიდად შენდება, სამინისტროს გზშ არ მოუთხოვია. ამ ტერმინალსა და საცხოვრებელ კორპუსს შორის მანძილი კი, დაახლოებით, 60 მეტრია].

დოკუმენტების მიხედვით, ფოთის „ნაყარი ტვირთების ტერმინალი განკუთვნილი იქნება შემდეგი სახის ტვირთების გემებიდან გადმოტვირთვის, შენახვისა და გემებზე დატვირთვისთვის: ნაყარი ტიპის ტვირთები (ნახშირი, მანგანუმის მადანი, ბოქსიტი, სპილენძის კონცენტრატი), მცირე პარტიებად დაყოფილი ტვირთები (ფოლადი, ჯართი), სასუქის ტიპის ტვირთები (სხვადასხვა სახის სასუქები – სასუქების შესანახად გათვალისწინებულია 4 საწყობის მოწყობა) და ხორბლის ტიპის ტვირთები (მარცვლეული კულტურები)“.

„წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშში მოცემულია ნაყარი ტვირთების ტერმინალის ადგილმდებარეობის ორი ალტერნატიული ვარიანტი.

პირველ ალტერნატივაში განხილულია ტერმინალის განთავსება ფოთის არსებული პორტის ტერიტორიაზე, რომლის პარამეტრები დიდი ზომის გემების მიღების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს ნავმისადგომის დაღრმავებას, რაც გამოიწვევს არსებული პორტის ოპერაციების შეზღუდვას რამდენიმე წლით; გარდა ამისა დიდი გემების მიღებისათვის საჭიროა დამატებითი სასაწყობო ფართების გამოყოფა, რისთვისაც არსებული პორტის ტერიტორია არ არის საკმარისი.

მეორე (შერჩეული) ალტერნატივის მიხედვით, ტერმინალის მშენებლობა გათვალისწინებულია საპროექტო „ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის“ მშენებლობისთვის შერჩეულ მიწის ნაკვეთზე. ტერმინალი გამოიყენებს ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას. სხვადასხვა კრიტერიუმების შეფასების შედეგად, ტექნიკური და გარემოსდაცვითი უპირატესობის თვალსაზრისით შერჩეული იქნა აღნიშნული (მეორე) ალტერნატივა“, – წერია სკოპინგის დასკვნაში.

ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე გზშ-ის ანგარიში უნდა მომზადდეს სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის და სხვადასხვა წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიხედვით.

სამინისტრომ კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ გზშ-ის მომზადება ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც დაავალა. სამინისტროს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები კორპორაციის მიმართ, თუმცა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფოთის პორტმა ეს შენიშვნები გზშ-ს მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს.

ამ თემაზე:

სამინისტრომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხილვა შეაჩერა

ბათუმის კინოფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება – როგორ ჩატარდება და რას ნახავთ BIAFF-ზე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდება, პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული წესების დაცვითა და უცხოელი სტუმრების გარეშე. თუმცა ფესტივალის მაყურებლები წელსაც შეიკრიბებიან ბათუმში და დიდ ეკრანზე ნახავენ ახალ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებსა და რეტროსპექტივებს.

თარიღი უკვე ცნობილია – ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება, კინოჩვენებები რამდენიმე ადგილას შედგება, მათ შორის, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. კინოფესტივალზე რამდენიმე სექცია იქნება წარმოდგენილი – საკონკურსო და არასაკონკურსო სექციები.

კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ აჩვენებენ კინოთეატრებში ფილმებს, ჯერ მთავრობას არ გამოუქვეყნებია, თუმცა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ 26 აგვისტოს საზოგადოებას გააცნო ზოგადი რეკომენდაციები, რომლებიც თეატრსა და კინოდარბაზში იმოქმედებს: დარბაზში შესვლის წინ მაყურებელს უნდა გაუზომონ ტემპერატურა, მაყურებელს უნდა ეკეთოს პირბადე, ხუთ კვადრატულ მეტრზე დაიშვება 1 მაყურებელი [მანვე აღნიშნა, რომ მაყურებლები დასხდებიან ერთი სკამის გამოტოვებით] სამ საათზე მეტ ხანს არ შეიძლება გაგრძელდეს სეანსი, დარბაზში უნდა ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები.

რეგულაციის პირობებში კინოფესტივალის მაყურებელთა რაოდენობა „აპოლოში“ მნიშვნელოვანად შემცირდება, დარბაზში სულ 156 სკამია.

კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ კინოფესტივალი ყველა საჭირო რეგულაციას შეასრულებს.

„რაც შეეხება კინოფესტივალის ონლაინ ჩატარებას, თუ ფესტივალს ატარებ, ამას უნდა ჰქონდეს ფიზიკური ფორმატი, ფესტივალზე ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, კინოს უყურებენ დიდ ეკრანზე, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კომუნიკაცია, ეს სულ სხვა რამაა. ონლაინფორმატში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გარკვეული ფილმის ნახვა, ეს უბრალოდ დროის ფაქტორია ახალ ფილმებთან მიმართებაში“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

წელს ფესტივალს უცხოელი სტუმრები ვერ ეყოლება შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა კინოფესტივალის პროგრამა, ტრადიციულად, საერთაშორისო იქნება და მაყურებლებს ბევრი, ახალი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ. გაიმართება რეტროსპექტივებიც.

„რამდენიმე საკონკურსო ფილმი ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ ჩვენთან იქნება ნაჩვენები.

წელს ფესტივალზე გვექნება სექცია COVIDEO, რომელშიც ნაჩვენები იქნება პანდემიის დროს, იზოლაციის პერიოდში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. 70-მდე ფილმი მივიღეთ ამ სექციაში, აქედან 20-მდე ნამუშევარი ქართველების იყო, დანარჩენი – უცხოელების. საკმაოდ საინტერესო სექციაა, ფილმები გადაღებულია როგორც პროფესიონალების, ასევე მოყვარულების მიერ.

ფესტივალზე იქნება სექცია „ქართული პანორამა“, სადაც 2019-2020 წელს გადაღებულ ქართულ ფილმებს ვაჩვენებთ. ასევე იქნება სექცია „დიდოსტატთა კოლექცია“, რომელშიც წელს იქნება დაახლოებით 4 ფილმი წარმოდგენილი. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ახალი ფილმი [„შარლატანი“ – 2020 წ.], რომლის პრემიერა წელს ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა; ნაჩვენები იქნება კლოდ ლელუშის ბოლო ფილმი [„ცხოვრების საუკეთესო წლები“. მთავარ როლებში ანუკ ემე და ჟან -ლუი ტრენტინიანი – 2019 წ.], „ქალი და მამაკაცის“ გაგრძელება. ამ ფილმს ფრანგული ინსტიტუტი წარმოადგენს“, – ამბობს ზვიად ელიზიანი კინოფესტივალის სიახლეებზე საუბრისას.

პანდემია აისახა კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაზეც. ფესტივალს რამდენიმე საკონკურსო სექცია აქვს და ყველა სექციას თავისი ჟიური ჰყავს. თუ ადრე ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხი უცხოელი იყო და ერთი ქართველი, წელს ჟიურის ორი წევრი უცხოელი იქნება, სამი კი – ქართველი. ჟიურის უცხოელი წევრები ონლაინ ნახავენ საკონკურსო ფილმებს და ჟიურის სხვა წევრებთან ერთად, ასევე ონლაინ განიხილავენ.

კინოფესტივალის ფარგლებში შედგება მასტერკლასები და ინდუსტრიული პლატფორმა.

„მასტერკლასებზე ძირითადად ქართველი რეჟისორები და მსახიობები იქნებიან, ტრადიციულად გაგრძელდება ინდუსტრიული პლატფორმა, სადაც დაახლოებით 6-7 ახალი ქართული პროექტი მიიღებს მონაწილეობას. აქაც გარკვეული სინთეზი იქნება, უცხოელი ტრენერები ჩაერთვებიან ონლაინ, ქართველი ტრენერები იქნებიან ადგილზე. მონაწილეებს რაც შეეხება, ისინი დაესწრებიან ფესტივალს ჩვეულებრივ“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

ბათუმის კინოფესტივალი უკვე მეთხუთმეტედ ტარდება. ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვანთა სახლი „არგანი“, მთავარი ფინანსური მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინოცენტრი, ბათუმის მერია და აჭარის განათლების სამინისტრო. ფესტივალის ბიუჯეტი წელს 200 ათასი ლარია.

ბათუმში ავტომანქანა ამოტრიალდა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის კვეთაში, მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

ავარია ბათუმში

 

 ბოლო 4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარაში 7 ათასით გაიზარდა

აჭარაში საარსებო შემწეობას 2020 წელს 7 372-ით მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე 2016 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დასაქმებას და 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს ჰპირდებოდა. სამუშაო ადგილები ქვეყანაში, საქსტატის მონაცემებით, 27 ათასით შემცირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს აჭარაში ზუსტად 40 065 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას [ეს არის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარება. შემწეობა არ გულისხმობს სოციალურ პაკეტს, ანუ სხვადასხვა სოციალური პროგრამით სარგებლობას]. 2020 წელს კი საარსებო შემწეობა აჭარაში სულ 47 437 ადამიანს აქვს დანიშნული.

2016 წლის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, აჭარაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მცირდებოდა: თუკი შემწეობას 2016 წელს აჭარაში 40 065 ადამიანი იღებდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 38 444-მდე შემცირდა, 2018 წელს – 37 012-მდე. 2019 წელს კი, ეს მაჩვენებელი 42 522-მდე გაიზარდა.

აჭარაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტების მიხედვით საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა ასე შეიცვალა:

ბათუმში

2016 წელი – 9 558  /  2020 წელი – 12 333

ქედაში

2016 წელი – 4 670  / 2020 წელი – 6 267

ქობულეთი

2016 წელი – 9 191  / 2020 წელი – 10 113

შუახევში

2016 წელი – 3 988  / 2020 წელი – 4 454

ხელვაჩაური

2016 წელი – 5 549 / 2020 წელი – 5 969

ხულოში

 2016 წელი – 7109  / 2020 წელი 8301.

ამ მონაცემების მიხედვით, ერთი საინტერესო ტენდენციაც იკვეთება, მაგალითად, თუ 2016 წლის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იკლებდა და ეს გრძელდებოდა 2018 წლის ჩათვლით, 2019 წლიდან კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ იზრდება.

ამავე თემაზე:

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

ბათუმის კინოფესტივალის ჟიურის წელს ლანა ღოღობერიძე უხელმძღვანელებს

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრების ვინაობა უკვე ცნობილია.

კინოფესტივალს, საკონკურსო სექციების მიხედვით, სულ ოთხი ჟიური ეყოლება, მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების და კინოკრიტიკოსთა ჟიური.

მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიური

  • ლანა ღოღობერიძე, საქართველო – ჟიურის თავმჯდომარე
  • კარმენ გრეი, გერმანია
  • ლეიტ აბდულამირი, საფრანგეთი
  • ნიკა აბრამიშვილი, საქართველო
  • გიორგი ოვაშვილი, საქართველო

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიური

  • ნინო კირთაძე, საფრანგეთი/საქართველო – ჟიურის თავმჯდომარე
  • კრისტოფ გიერატი, პოლონეთი
  • ირინა რომანჩენკო, უკრაინა
  • ლევან კოღუაშვილი, საქართველო
  • მიხეილ კვირიკაძე, საქართველო

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიური

  • ოთარ ლითანიშვილი, საქართველო – ჟიურის თავმჯდომარე
  • ზურა მაღალაშვილი, საქართველო
  • დათო ევგენიძე, საქართველო

კინოკრიტიკოსთა ჟიური

  • ლელა ოჩიაური, საქართველო – ჟიურის თავმჯდომარე
  • არჩილ შუბაშვილი
  • თეო ხატიაშვილი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება.

__________

ფოტო: პირველი არხი 

ვრცლად ამ თემაზე: 

ბათუმის კინოფესტივალი 13-20 სექტემბერს გაიმართება – როგორ ჩატარდება და რას ნახავთ BIAFF-ზე

ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

ბათუმის მერიას, მათივე მონაცემებით, 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. აქედან 40 ბინა „იაფ სახლშია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე. დანარჩენი 75 ბინა კი, მერიას ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე აქვს. მერიის თავისუფალი ბინების საერთო ფართობი 7 161 კვ/მეტრია. ბოლო ექვს წელში კი მერიაში, ბინის მოთხოვნით, ათასამდე განცხადება შესულა.

„ბათუმის მერიაში 2014 წლის 17 იანვრიდან 2020 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით, „იაფი სახლი“-ს პროგრამის ფარგლებში, რეგისტრირებულია 676 განცხადება, ხოლო საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების თაობაზე – რეგისტრირებულია 372 განცხადება“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან 2020 წლის 24 აგვისტოს.

თუმცა, ადრე მერიიდან გამოთხოვილი მონაცემებით, მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით 4 567 განცხადება იყო შესული. რა კატეგორიის ადამიანები ითხოვენ ბინებს? – როგორც მაშინ მერიაში გვითხრეს, ამით არ ინტერესდებიან.

მერიის ინფორმაციით, 2013-2020 წლებში, ოჯახებს 218 ბინა გადასცეს [აქედან 152 ბინა 2013-14 წლებში]. მერიიდან მოწოდებული მონაცემებით, ამ პერიოდში 128 ბინა გადასცეს ოჯახებს, რომლებიც ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია-გაგრძელების გამო აასახლეს, 45 ბინა გადასცეს ბოტანიკური ბაღიდან გამოსახლებულ ოჯახებს, 18 ბინა – გიორგი ანწუხელიძის ქუჩის მშენებლობის გამო, 9 ბინა – ზვიად გამსახურდიას N11-ში ხანძრით დაზარალებულებს, 4 ბინა – მაიაკოვსკის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების გამო, ხოლო 14 ბინა გადასცეს მრავალშვილიან ოჯახებს.

მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდი, როგორც ადრე მერიაში გვითხრეს, იქმნება საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კონკურსებისა და აუქციონების წესით განკარგვისას [ასეთ დროს საკონკურსო (სააუქციონო) პირობას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის საერთო ფართობიდან გარკვეული რაოდენობის ბინების ბათუმის მერიისათვის გადაცემა];

რაც შეეხება ბინების განკარგვას, თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობები ბათუმის მერიას ესაჭიროება „ცალკეული ფიზიკური პირების ბინებით დაკმაყოფილების თაობაზე საგარანტიო ხელშეკრულებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისათვის“;

ასევე, იმ პირთა ბინებით დაკმაყოფილებისათვის, რომელთა საკუთრებაში არსებული ფართობი საჭიროა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზების მშენებლობისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის;

ბათუმის მერია ბინებს მრავალშვილიან ოჯახებსაც გადასცემს [ვისაც შვიდი და მეტი შვილი ჰყავს].

დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია ასევე, ჯამში, 82 500 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი სხვადასხვა შენობაში. აქედან ზოგში მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური სამსახურები, ბაღები და სხვადასხვა ორგანიზაციაა განთავსებული.

ფართობები მერიას იჯარითაც აქვს გაცემული, თუმცა არის ისეთებიც, რომლებიც არამუნიციპალურ ორგანიზაციებზეა უზურფრუქტით [უფასოდ] გადაცემული. მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბულვარის ადმინისტრაციას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ბათუმის საზღვაო აკადემიას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მერიის კუთვნილ 6 ერთეულ არასაცხოვრებელ ფართობში კი, ოჯახებია შესახლებული.

ბათუმის მერიას მივწერეთ, რამდენი უსახლკარო [უბინაო] ოჯახი ცხოვრობს 2020 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით ბათუმში? – ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერია „ბათუმელების“ მიერ დასმულ ამ კითხვას 2015 წლიდან დღემდე ვერ პასუხობს.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 აგვისტოს 21 საათიდან 29 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 30-31 აგვისტოს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“

აჭარის განათლების სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტებია:

[checklist]

  • „BIAFF- საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი“;
  • „ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი“;
  • ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“;
  • „ბათუმის ფრანების ფესტივალი“;
  • „ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო 2020“;
  • „ექსპერიმენტული (ელექტრონული) მუსიკის ფესტივალი „SOUNDSPRING”;
  • საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი “ზე-კართან 2020“.

[/checklist]

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ფესტივალების ორგანიზატორებთან.

შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა ფესტივალების ჩატარების პერიოდში ჯანდაცვის რეკომენდაციების და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

გამარჯვებული პროექტების განხორციელება აგვისტო-ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ფესტივალებიდან პირველი, ჩატარდება – “ბათუმის ფრანების ფესტივალი 2020”, რომელიც გაიმართება 29-30 აგვისტოს , ქალაქ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო “HILTON”-ის წინ.

ორი დღის განმავლობაში 12:00 დან 19:00 საათამდე. უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გაიმართება ამინდის გამოსვლისთანავე.

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 28 აგვისტოს მონაცემები

28 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 1455 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

___________

 

ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეებსა და მსხვერპლებს პირველი სექტემბრიდან გაუკეთებენ

პირველი სექტემბრიდან მოძალადეების წინააღმდეგ ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას დაიწყებენ. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ბრძანებას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უკვე მოაწერა ხელი.

ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ახალი კანონი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ელექტრონულ სამაჯურს მოძალადეს იმ შემთხვევაში გაუკეთებენ, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე და ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

„ძალადობის განმეორების საფრთხის“ შეფასებას პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

ელექტრონული სამაჯური მოძალადეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით გაუკეთდება, ამ ვადას სასამართლო განსაზღვრავს.

ელექტრონული სამაჯური მაგრდება მოძალადის ქვედა კიდურზე (წვივზე), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრება მოძალადის ქვედა კიდურზე. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული სამაჯური მაგრდება მოძალადის მაჯაზე. სამაჯური მაგრდება იმგვარად, რომ მისი მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია ისიც, რომ ელექტრონული სამაჯური არის წყალგამძლე და ფუნქციონირებს 5 მეტრის სიღრმემდე. ის უძლებს -25 გრადუსამდე დაბალ ტემპერატურას და მაღალ ტემპერატურას +50 გრადუსამდე.

მოძალადის მიმღები აპარატი ახორციელებს მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სამსახურთან, სახლთან და სხვა აკრძალულ ტერიტორიასთან მიახლოების მონიტორინგს. ეს აპარატი აღჭურვილია ელემენტით, რომელიც 24 საათი მუშაობს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ აპარატი დენის წყაროსთან მიერთებას საჭიროებს. აპარატი იძლევა მოძალადესთან კომუნიკაციის საშუალებას – მიმღები აპარატის საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ორ წინასწარ განსაზღვრულ ნომერზე დაკავშირება. ესენია: გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი „112“ და მონიტორინგის ცენტრის შესაბამისი ნომერი – 2-41-81-12.

ელექტრონული საშუალება მოძალადეს ატყობინებს საგანგაშო ზონაში შესვლას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაკარგულია კავშირი ელექტრონული ზედამხედველობის სისტემასთან. შეტყობინება აისახება მოძალადის ელექტრონული საშუალების ეკრანზე მითითებული ტექსტით. ელექტრონული საშუალება მოძალადესთან კომუნიკაციას ახდენს ასევე განგაშის სიგნალისა და ვიბრაციის გამოყენებით.

აპარატი ექნება მსხვერპლსაც, რომელიც ითვლის მსხვერპლსა და მოძალადეს შორის არსებულ დისტანციას გეოგრაფიული ზონის პარამეტრების შესაბამისად. მსხვერპლის მიმღებ აპარატს აქვს დახმარების (SOS) ღილაკის გააქტიურების ფუნქცია.

დაცვის ბუფერული ზონა 500 მეტრია, საგანგაშო – 100 მეტრი. შს მინისტრის ბრძანების მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

თუ მოძალადის მიერ ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად შეუძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება, აღნიშნული ჩაითვლება ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდებად, რაც იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ბათუმში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 აგვისტო

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოლდოველი მძღოლია, მეორე – გუშინ გამოვლენილი ტრაილერის მძღოლის ოჯახის კონტაქტი. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა 1455, გამოჯანმრთელდა – 1196, გარდაიცვალა – 19. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5943.

რომელ სტუდენტებს დაუფარავენ დავალიანებას და ერთი სემესტრის სწავლის საფასურს – ახალი წესი

სახელმწიფო ერთჯერად დახმარებას გასცემს სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სოციალური დახმარება ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებაა, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად. თანხა უმაღლეს სასწავლებელს გადაერიცხება.

დახმარებას მიიღებს ის სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა, 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

საქართველოს მთავრობამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარების გაცემის წესი 27 აგვისტოს დაამტკიცა და ის იმავე დღეს შევიდა ძალაში.

ამ წესის მიხედვით, გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება შემდეგნაირად: 1125 ლარს გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.

აღნიშნული სოციალური დახმარება გაიცემა:

[checklist]

  • 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით;
  • 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

[/checklist]

საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხული სოციალური დახმარება ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ:

[crosslist]

  • სოციალურად დაუცველი სტუდენტი უარს განაცხადებს ასეთი სოციალური დახმარების მიღებაზე;
  • საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, სოციალური დახმარების გამოყენებას ვერ ახორციელებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულება;
  • დახმარების მიღების მიუხედავად, სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში;
  • თუ თანხა ზედმეტად ან არასწორად გაცემულია ტექნიკური ან დამუშავებისას დაშვებული შეცდომის გამო.

[/crosslist]

წესის მიხედვით:

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სტუდენტთა მონაცემებს, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული სიის დადარებას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას. სია უბრუნდება  მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას,  მისი კომპეტენციის ფარგლებში.

უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, უნდა უზრუნველყონ სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა,  მართვის სისტემის მოთხოვნის საფუძველზე. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სოციალური დახმარების გაცემის ეტაპები, ვადები და მასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც ერთობლივად მიიღებენ განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები.

 

[toggle title=”სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარების წესი და პირობები სრულად ნახეთ აქ:“]

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს სასწავლო მიზნებისათვის განკუთვნილ სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი, რომელიც განკუთვნილია ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტისათვის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად;

ბ) სამინისტრო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

გ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) მართვის სისტემა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;

ე) სტუდენტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

ვ) სოციალურად დაუცველი სტუდენტი – სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა, გაცემისა და უკან დაბრუნების პირობები

1. სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთი სემესტრის სწავლის ღირებულებას, მაგრამ არა უმეტეს 1125 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლობს ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მისი არჩევანის შესაბამისად.

2. გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა გაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სოციალური დახმარების ოდენობას გამოკლებული სახელმწიფოს მიერ გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება.

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარება არ გამორიცხავს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღებას.

4. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:

ა) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით;

ბ) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

5. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

6. საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ჩარიცხული სოციალური დახმარება ექვემდებარება უკან დაბრუნებას:

ა) თუ სოციალურად დაუცველი სტუდენტი უარს განაცხადებს ასეთი სოციალური დახმარების მიღებაზე;

ბ) თუ საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, სოციალური დახმარების გამოყენებას ვერ ახორციელებს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულება;

გ) თუ დახმარების მიღების მიუხედავად, სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას 2020- 2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში;

დ) თუ თანხა ზედმეტად ან არასწორად გაცემულია ტექნიკური ან დამუშავებისას დაშვებული შეცდომის გამო.

7. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადასარიცხი თანხის გაანგარიშების, ასევე გადარიცხული თანხის (სოციალური დახმარების) უკან დაბრუნების წესი და პირობები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. სოციალური დახმარების ადმინისტრირება

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის სოციალური დახმარების ადმინისტრირებას კომპეტენციის შესაბამისად ახორციელებენ სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სააგენტო და მართვის სისტემა.

2. სოციალური დახმარების მისაღებად მართვის სისტემა სააგენტოს წარუდგენს სტუდენტთა მონაცემებს, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული სიის დადარებას „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სია უბრუნდება მართვის სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების დამუშავებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის, ასევე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, მართვის სისტემის მოთხოვნის საფუძველზე. პასუხისმგებლობა წარდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გადარიცხული თანხების ოდენობების გათვალისწინებით, 2020 წლის 1 ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტების გაანგარიშებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაანგარიშებას 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გაცემული სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

6. სამინისტრო, მართვის სისტემიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ანგარიშსწორების განსახორციელებლად სააგენტოს აწვდის შემდეგ ინფორმაციას:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ანგარიშის ნომერი;

გ) საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა.

7. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მისთვის მიწოდებული მონაცემების სისწორის შემოწმება.

8. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო:

ა.ა) უფლებამოსილია, გამოიყენოს, როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;

ა.ბ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების იდენტიფიცირებას;

ა.გ) ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების გადარიცხვას მართვის სისტემის მიერ წარდგენილი მონაცემების შესაბამისად;

ბ) სამინისტრო, მართვის სისტემა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ, როგორც მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;

გ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი, სტუდენტების სტატუსის, ოდენობის გაანგარიშებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ამ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების დაზუსტების მიზნით.

მუხლი 4. უარი სოციალურ დახმარებაზე

სოციალურად დაუცველი სტუდენტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებაზე.

მუხლი 5. სხვა პირობები

1. ამ დანართით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელსაც ამ წესის საფუძველზე დაუფინანსდება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური, სახელმწიფო სასწავლო/სასწავლო სამაგისტრო გრანტის ან სხვა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში მოპოვებული საგრანტო/პროგრამული დაფინანსება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩაეთვლება გამოყენებულად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი აქტით განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის ეტაპები, ვადები და მასთან დაკავშირებული პროცედურები.“.

[/toggle]

 

 

როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი? – ექიმის რჩევები

სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ არის რეკომენდებული, ამავდროულად სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვით შესაძლებელია ეს პერიოდი ერთ წლამდე გახანგრძლივდეს. რას ნიშნავს პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – ამ საკითხზე კლინიკა „როგოს“ პარადონტოლოგი აკაკი ბენდელიანი გვესაუბრა.

  • ბატონო აკაკი, რას გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენა?

ეს გულისხმობს კბილის ჯაგრისისა და კბილის პასტის სწორად შერჩევას, ასევე მოიცავს ჯაგრისის მოძრაობის სწორ მექანიზმს და ხანგრძლივობას. კბილის ჯაგრისიცა და პასტაც სტომატოლოგმა ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს პაციენტს, რის შემდეგაც პაციენტს აქვს დიდი შანსი იმისა, რომ სწორი ჰიგიენის ფონზე, აღარ  ჰქონდეს გართულებები კბილებთან/ღრძილებთან დაკავშირებით. ასევე, რეკომენდებულია სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

კბილის ჯაგრისის გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 3 თვეში ერთხელ.

  • რა შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი კბილის ჯაგრისის შერჩევისას?

ჯაგრისის შერჩევის დროს ყველაზე ოპტიმალურად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ყოველთვის შეარჩიოთ უფრო რბილი ჯაგრისი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კბილის გამოხეხვისას განსაზღვრული უნდა იყოს დრო – რბილი ჯაგრისის შემთხვევაში ხეხვის პროცესი უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა სამი წუთი მაინც. საერთოდ, კბილის ხეხვის პროცესის ხანგრძლივობა უნდა მერყეობდეს სამიდან ხუთ წუთამდე.

  •  როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სწორად გამოვიხეხეთ კბილები?

ალბათ ყველა ჩვენი მკითხველი ერთხელ მაინც არის ნამყოფი სტომატოლოგთან, აი, როცა სტომატოლოგიური კაბინეტიდან გამოდიხართ და კბილებზე გრძნობთ გაწმენდის ეფექტს, სისუფთავის შეგრძნებას – სწორედ ასეთივე შეგრძნება უნდა გქონდეთ სახლის პირობებში ჩატარებული ყოველი წმენდის შემდეგ. თუ ეს არ ხდება, ესე იგი, არ არის სწორად შერჩეული ჯაგრისი ან პასტა, არასწორად ხდება ჯაგრისის წმენდის დროს მექანიკური ზემოქმედება  – ვერტიკალური ან ჰორიზონტალური. მაგალითად, ეს შეიძლება ხდებოდეს მაშინ, როცა ძალიან ჩქარა იხეხავენ კბილებს.

თუ კი პაციენტი ამჩნევს, რომ ინტენსიური გამოხეხვის მიუხედავად მაინც რჩება ნადები, შეიძლება ერთი ეტაპით გაუხეშება ჯაგრისის. არიან პაციენტები, რომლებიც რბილი კბილის ჯაგრისითაც ახერხებენ პირის ჰიგიენის ისე დაცვას, რომ მთელი წელი არ სჭირდებათ ექიმთან ვიზიტი, ამავდროულად არიან პაციენტები, რომლებიც  საშუალო სიმძლავრის ჯაგრისითაც ვერ ახერხებენ ამას.

გაითვალისწინეთ: შეძენისას, კბილის ჯაგრისის სიხისტე შესაძლოა თვალით ვერ გაარჩიოთ, ამიტომ დააკვირდით შეფუთვაზე, ინგლისურ ენაზე აუცილებლად იქნება განმარტება  – Soft (რბილი), Medium (საშუალო) და Hard (უხეში).

დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე სიღარიბეზე: „გაიხედე ფანჯრიდან, რამდენი მანქანა დგას“

„იმ ოთახში, საიდანაც მესაუბრებით, ფანჯარა გაქვთ, ალბათ. გაიხედეთ მაგ ფანჯრიდან, ხედავთ რამდენი მანქანაა?“ – გვითხრა დეპუტატმა ლევან/ნუკრი ბეჟანიძემ, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, რატომ რჩება სიღარიბე და დასაქმება ქვეყნის მთავარ გამოწვევად „ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პირობებში. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.

სავარაუდოდ, ნუკრი ბეჟანიძემ არ იცის, რომ აჭარის მთავრობამ პანდემიის დროს 20 000 ოჯახს მიუტანა სასურსათო კალათა. საუბარია ელემენტარულ პირველად და აუცილებლად საჭირო პროდუქტზე, რაც ამ ოჯახებს არ ჰქონდათ და პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილობდნენ.

 

შიმშილის ხმები – „გთხოვთ, დაგვეხმარეთ“ [პოდკასტი]

 

ნუკრი ბეჟანიძე  ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. რისი გაკეთება შეძლო მან ოთხი წლის განმავლობაში, რაც პარლამენტის წევრია? – ამ თემაზე ჩვენს მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო ნუკრი, თქვენი უფლებამოსილების ვადა იწურება საქართველოს პარლამენტში. თქვენ იყავით ბათუმის მაჟორიტარი, გთხოვთ, დაგვისახელოთ კონკრეტული საკითხები, რაც თქვენი ლობირებით გავიდა საქართველოს პარლამენტში და ბათუმელი ამომრჩევლისთვის იყო მნიშვნელოვანი.

პარლამენტში არ დამჭირვებია მე ამ საკითხების განხილვა და ლობირება. ძირითადად ისეთი საკითხები იყო დღის წესრიგში, რომლებიც ადგილზე წყდებოდა – ვუკავშირდებოდი ბათუმის მერს, ზოგჯერ, საჭიროების შემთხვევაში, დავით გაბაიძესაც [უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე -ავტ.] და მათი ჩართვით ვაგვარებდით. ისეთი საკითხები არ ყოფილა დასმული, რომ პარლამენტში ლობირება დამჭირვებოდა.

  • როგორც დეპუტატს არ გქონიათ კონკრეტული ინიციატივა ოთხი წლის განმავლობაში, რატომ?

პირადი ინიციატივა არ მქონია. თქვენ ალბათ იცით, როგორ მუშაობს პარლამენტი. ჩვენ, ძირითადად, კომიტეტებში ვმუშაობდით და კომიტეტებს ჰქონდა ინიციატივები. მე ვიყავი თანაავტორი.

  • პარლამენტში სიტყვით არასდროს გამოსულხართ, არაფერი გქონდათ სათქმელი?

რას გულისხმობთ, რა განცხადებები უნდა გამეკეთებინა, რას ამბობთ?

  • იმას, რომ ამომრჩეველი ვერ ისმენს ხოლმე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი წარმომადგენლის ხმას, თუნდაც მაშინ, როცა ზუსტად ამ ოლქში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები წყდება…

სიმართლე გითხრათ, რივიერას ამბავში [ბათუმის კონცხზე 5 ცათამბჯენი შენდება, რასაც მოქალაქეების ერთი ჯგუფი აპროტესტებს – ავტ.] ბოლომდე მეც ვერ გავერკვიე. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს – რა მოხდა ასეთი აჭარის ტელევიზიაში? როდესაც დირექტორი მოდის, მენეჯმენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. თუ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ვერ იმუშავებს. როგორც ვიცი, ეს იყო აჭარის ტელევიზიაში.

  • როდესაც თურქეთის მხარეს მომუშავე ქალებს [სახელმწიფოსგან მათი უმეტესობა არ იღებს არანაირ დახმარებას] დასჭირდათ სახელმწიფოსგან ელემენტარული ყურადღება, სახელმწიფომ მათ დროულად ვერ გასცა პასუხი, ამ ქალებს დასჭირდათ ქუჩაში გასვლა და საპროტესტო აქციების გამართვა. თქვენი აზრით, ეს რაზე მიუთითებს? 

თავიდან სახელმწიფოს გამორჩა ისინი, როგორც თვითდასაქმებულები. შემდეგ, როგორც კი გამოვიდნენ აქციაზე, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ უნდა მიეღოთ დახმარება. პირველივე აქციის შემდეგ, შეკრებაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა, დაისვა ეს საკითხი. სხვა რა უნდა გვექნა, ჩვენ საზღვარს ვერ გავხსნიდით. შემდეგ, სანამ ეს საკითხები მოგვარდა, მათ კიდევ გამართეს აქციები. იოლი საქმე ხომ არაა. ამას მთავრობასთან შეთანხმება და ბიუჯეტში ცვლილებები უნდა. შემდეგ სანამ გადააგზავნი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. ადვილი საქმე ხომ არ არის.

  • როგორ აფასებთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობას?

დადებითად, ძალიან დადებითად.

  • მინდა გკითხოთ მის ანგარიშვალდებულებაზე თქვენს ამომრჩეველთან: მოგწონთ, როცა მთავრობის თავმჯდომარე ასე ლაპარაკობს ოპონენტებზე – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ან მოქალაქე როცა შიმშილობს, „გასუქდა ალბათ“. ეს თქვენთვის მისაღებია? 

მესმის, მაგრამ, არავის არ შეუზღუდია ჩვენთან სიტყვის თავისუფლება, ალბათ მიიყვანეს კაცი ამ მდგომარეობამდე, ძალიან გააბრაზეს, თან მაშინ ახალდანიშნული იყო.

გამოხატვის თავისუფლებაა ქვეყანაში. როდესაც სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, შეთანხმებულია ყველა დონეზე და იქ უცებ ხუთი-ათი კაცი გადაწყვეტს, რომ მათ არ აწყობთ… გამოდის ხუთი კაცი და ეს ითვლება აქციად… ხუთი კაცი გამოვიდეს და გადაწყვიტოს ასობით ადამიანის ბედი, ეს არაა გამართლებული.

  • ბათუმის არჩეული მერი გადადგა. სინამდვილეში რა მოხდა თქვენ ალბათ უფრო მეტი იცით, როგორც მაჟორიტარმა. თუ ის მართლა საკუთარი ნებით გადადგა, რატომ ვიცოდით ჩვენ მისი მოსალოდნელი და იძულებითი გადადგომის შესახებ ორი კვირით ადრე?

დიახ, გადადგა. სამი თვით ადრე აქვს ნათქვამი ჩემთან, რომ დაიღალა და გადადგომას აპირებდა. ახლა მეც რომ ვთქვა, სამი თვით ადრე ვიცოდი-მეთქი, მასე გამოდის. მისი პირადი ამბავი, მისი ოჯახის ამბავი, მისი საქმეა. დაიღალა და გადადგა. რატომ არ გჯერათ? – ვის უნდა მოეთხოვა, რომ გადამდგარიყო?

  • 8 წელია ვისმენთ, რომ ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა. თქვენ, როგორც ბათუმის მაჟორიტარს, გაქვთ პასუხი, რატომ არ აქვს ბათუმს გენგეგმა? – ოღონდ არ გვითხრათ, რომ ამაზე მუშაობენ, რადგან ეს პასუხი უკვე ათასჯერ მოვისმინეთ.

ჩვენ ყველა ველოდებით გენგეგმას და არ იქნა ამ გენგეგმის მომზადება. მეც მაინტერესებს, როდის იქნება, რომ გენგეგმას მივყვეთ ყველა.

  • თქვენ „ოცნებას“ წარმოადგენთ საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მოგიწევთ ამ პარტიის საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მინდა გკითხოთ, სიღარიბე, დასაქმება, ნეპოტიზმი, კორუფცია, კრიმინალი, რატომ რჩება ქვეყანაში ისევ მთავარ გამოწვევად?

იმ ოთახში, საიდანაც მესაუბრებით, ფანჯარა გაქვთ ალბათ. გაიხედეთ მაგ ფანჯრიდან, ხედავთ რამდენი მანქანაა? სიღარიბე დაწეულია, 20 პროცენტი იყო და 15 პროცენტია, კარგად ნახეთ. დიახ, ოფიციალური სტატისტიკით გეუბნებით, ზუსტად ვიცი. მთავრობა მუშაობს და ამ მხრივ იქნება კიდევ შედეგები, უცებ არაფერი იქნება. რაც შეეხება დასაქმებას, პანდემიაა მთელ მსოფლიოში და კრიზისია.

  • თქვენი პარტია 2016 წელს აცხადებდა, რომ 2020 წლისთვის შეიქმნებოდა 200 ათასი სამუშაო ადგილი. 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკით, ახალი სამუშაო ადგილები არა თუ შეიქმნა, არამედ 27 ათასით შემცირდა კიდეც…

მსოფლიოში პანდემიაა, კრიზისია.

 

200 000 ახალი სამუშაო ადგილი – „ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირება არ შესრულდა

 

  • გავიგეთ, რომ თქვენ იქნებით რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი საპარლამენტო საქმიანობას როცა დაასრულებთ. ეს სიმართლეა?

ახლა იმას ჰგავს, ორი კვირით ადრე ვიცოდით მერის გადადგომაზეო. ვადასტურებ ჩემს პატივისცემას რესპუბლიკურის პერსონალის მიმართ, მაგრამ, ალბათ, არა.

____

მთავარი ფოტო: ლევან/ნუკრი ბეჟანიძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე. 2016 წელი

____

ნახეთ, რას ამბობდა ნუკრი ბეჟანიძე 2016 წელს,

როცა ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო

ნუკრი ბეჟანიძე: შეიძლება მე ბარიკადებზე არ ვიდექი, მაგრამ ყოველთვის ვმონაწილეობდი

რატომ აღმოჩნდა სუს-ის ავტომანქანები ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან – პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ასევე გაეცნენ 18 ივლისს, დაახლოებით 10:09-დან თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელი სახლიდან მისი კუთვნილი ავტომობილით, რუსთავი-თბილისის გზატკეცილით, შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილით, მარნეულის მიმართულებით, თელეთის და კოდას გავლით, მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზატკეცილით, მარნეულის რაიონის სოფელ ხაიშამდე გადაადგილების ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას. აღნიშნული ვიდეომასალა დაფიქსირებულია შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის სათვალთვალო კამერების მიერ, ასევე, სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერებით.

რაც შეეხება ოჯახის განცხადებას გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან. აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე, ხოლო თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

„საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან“, – აცხადებს პროკურატურა.

_____________________

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

 

რამდენს დახარჯავენ საარჩევნო კომისიები – ცესკომ 73 ოლქს 2,7 მილიონი ლარი გაუნაწილა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი 24 აგვისტოს დაამტკიცა.

ცესკოს დადგენილებით, 73 საოლქო საარჩევნო კომისია ჯამში 2 702 456 ლარს დახარჯავს. ამ თანხაში შედის არჩევნებისთვის საოლქო, საუბნო და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები.

აჭარაში მოქმედ 6 საოლქო საარჩევნო კომისიაში თანხა, ჯამში, 222 592 ლარი, შემდეგნაირად გადანაწილდა:

საოლქო კომისიების დაფინანსება / არჩევნები 2020 / წყარო: ცესკო

2020 წლის იანვარში ცესკომ გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო.

ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის მთლიანობაში 42 760 652 ლარი დაიხარჯება.

აქედან: ხელფასებისთვის 19,5 მილიონი ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაში – 1 მილიონზე მეტი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი იქნება 2,1 მილიონი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ამ თემაზე:

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

 

 

„ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“ აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის ლექტორის პოზიციაზე უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებზე საზღვაო ნავიგაცია და გემის მექანიკა.

აუცილებელი მოთხოვნები:

[checklist]

  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგად მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ფილოლოგის მაგისტრის ხარისხი
  • საზღვაო ინგლისურის (Maritime English) ცოდნა

[/checklist]

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

სამუშაო განაკვეთი: საათობრივი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@mtc-anri.edu.ge  და მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შუამთის ტბები და 3 ახალი საშემოდგომო მარშრუტი აჭარის მთიანეთში

შემოდგომაზე აჭარის მთიანეთში მოგზაურობა სიჭრელეშეპარულ ტყეებში დაკარგვას, საუკუნოვანი ხიდებიდან აქაფებული მდინარეების ყურებას, სასიამოვნო სიგრილეს, დღის დასასრულს კი კარავს ან ხის საოჯახო სასტუმროებში თავშეფარებას ნიშნავს.

ეს სულაც არ არის ყველაფერი – საღამოობით აგუზგუზებულ ბუხართან ჯდომა, იქვე, დაბალ მაგიდაზე მორთმეული ტყის ჩაის არომატი და ფიქრი, რომ ზამთარი ახლოა, მაგრამ ჯერ კიდევ გაქვს დრო გაზაფხულამდე გამოემშვიდობო მთებს და მწვანე ტყეებს.

კინტრიში

ასეთი ადგილების ძებნა აჭარაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ. აქ 4 დაცული ტერიტორია და 15-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტია. მათ შორის ქედის ღვინის მარშრუტი, მაჭახელა, მირვეთის ველო-მარშრუტი და სხვები. თუმცა არსებობს ახალაღმოჩენილი ბილიკებიც, სადაც ბევრს არავის უვლია და აქაურობა აჭარის სულ სხვანაირად დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს.

სათავგადასავლო მარშრუტი ტბა ტბიყელზე

ეს მარშრუტი ქობულეთის სოფელ ჭახათიდან იწყება და კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის, სადაც მასიური ტყითა და უზარმაზარი მთებით გარშემორტყმულ ადგილებს გადიხართ. 2-3 დღიან მარშრუტზე უამრავ რამეს ნახავთ: პატარა მდინარეებს, ჩანჩქერებს და წყაროებს, ქვის თაღოვან ხიდებს, ძველი ეკლესიის ნანგრევებს, შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკით ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარე ტბიყელს მიადგებით.

ტბა ტბიყელი.

ხინოწმინდის ნანგრევებიდან ტბამდე 14 კილომეტრია, გზად კი კავკასიონის ქედისა და შავი ზღვის ულამაზეს პანორამულ ხედებს ნახავთ.

ტბიყელზე შუახევის სოფელ ცხემლისიდანაც მოხვდებით, ამ შემთხვევაში მემთეურთა ხის სახლებიან საზაფხულო სოფელს, ჯვარიმინდორს გაივლით და ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ.

ტბიყელამდე მისვლა შუახევის სოფელ ხაბელაშვილებიდან და გომის მთიდანაც შეგიძლიათ. ამ დროს ხაბელაშვილების ხის, სამასწლოვან ხიდსაც ნახავთ. ეს ხიდი თავისი არქიტექტურით გასაოცარია, ამიტომაც ცოტა ხანი მოგიწევთ დრო დაკარგოთ და დააკვირდეთ დეტალებს, თუ როგორ არის ის აშენებული. უმალ დაიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გაძლო 300 წელი ხის ხიდმა.

ხაბელაშვილების სამასაწლოვანი ხის ხიდი. ჭვანას ხეობა.

გომის მთიდან გზის დაწყების შემთხვევაში კი ალპური მდელოების პანორამული ხედებით დატკბებით.

 შუამთის ტბები ალპურ მარშრუტ

შუახევსა და ხულოს ერთმანეთთან აჭარის სოფლებსა და ალპურ საძოვრებზე მიმავალი გზა აკავშირებს. ეს არის ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის მარშრუტი, სადაც ხის იაილებში დარჩენა და წახემსება შეგიძლიათ. ფოტოებზე ალბათ უკვე ნანახიც გაქვთ ეს ხის ქოხები, მაგრამ ახლოდან მათი ნახვა მართლაც ერთ რამედ ღირს.

ჩირუხი.
დასახლება შუამთის ტბებთან ახლოს.

ჩირუხში ტბას და ჩანჩქერ ჯინალთან შეგიძლიათ დროებით შეჩერება და გაგრილება, ხულოში ალპურ მდელოებთან ერთად ყარაგოლისა და შუამთის ულამაზეს, ლურჯ ტბებსაც მოინახულებთ.

შუამთის ტბები ირგვლივ ვრცელი ველებით საუკეთესო ადგილია მოლაშქრეებისთვის საკემპინგედ. ტბები ხან ნისლში იბურებიან, ხანაც წყლის ზედაპირი კამკამებს და ყველაფერს მკვეთრად ხედავ. ამ მისტიურ ადგილზე თუნდაც ერთი დღის გატარება სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ.

შუამთის ტბა

აუცილებლად უნდა ახვიდეთ 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ისტორიული ციხეზე. თუ მოახერხებთ და აქაურებს გაესაუბრებით, მე-12 საუკუნის ამ ძეგლის შესახებ არაერთ ლეგენდას მოგიყვებიან. აქ დარჩენას თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ღამე გაათიოთ სოფელ ბაკიბაკოს ან ხიხაძირის საოჯახო სახლებში.

გზა ხიხანის ციხის შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღისკენ, სადაც მრავალწლოვანი ხეები და მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს. აქ კარვების გაშლა და ღამის გათევაცაა შესაძლებელი.

მარშრუტის დაგეგმვა გოდერძის უღელტეხილიდანაცაა შესაძლებელი.

ღორჯომი.

ცდებით თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ზაფხულია წლის აქტიური პერიოდი, როცა ბევრი რამის მონახულება შეგიძლიათ. შემოდგომაზე მოგზაურობა აჭარის მთებში დაუვიწყარ ფერებს, შთაბეჭდილებებს და ამბებს დაგამახსოვრებთ, სულერთია როგორ იმოგზაურებთ: ფეხით, ავტომობილით, ცხენით თუ ველოსიპედით.

ღორჯომიბახმაროს მიმართულება

ღორჯომი ჩანჩქერების, ცხენებით ჯირითის, ძველებურად ნაგები ხის ოდების და დღემდე უცვლელად შემორჩენილი უძველესი ტრადიციების ხეობაა. ხეობაში 18 სოფელია. აქ მცხოვრებლებს საქონლის ჯოგები ჰყავთ. შესაბამისად, რძის პროდუქტების დიდი მრავალფეროვნებაა.

სოფლის ცენტრში საქართველოში უდიდეს, ხუთგუმბათიან ხის მეჩეთს ნახავთ, ლაზი ოსტატების მიერ აგებულს. აქედან ერთი გზა ბახმაროსკენ, მეორე კი კასკადოვან ჩანჩქერებამდე მიგიყვანთ. ჩანჩქერებთან და მდინარესთან ახლოს ვრცელი, სწორი მდელოა, სადაც კარვების გაშლა და ღამისთევა შეიძლება.

ხედი ღორჯომის ხეობიდან.

ღორჯომთან ახლოს, ლეკნარიდან „მყვირალა ქვებამდე“ შეგიძლიათ მისვლა, ადგილობრივები გიამბობენ, რომ აქ ოდესღაც ჯარის სადგომი ადგილი იყო. ძალიან კარგი ადგილია კარვებით დასაბანაკებლად, ახლომახლო კლდეებიდან უამრავი წყარო მოედინება და შემოდგომის ჭრელი ხედები იშლება.

ღორჯომის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ბახმაროსკენ გაემართოთ.


შთაბეჭდილებები, რომელსაც მთებში შემოდგომაზე დააგროვებთ, ყველაფერ დანარჩენს მეორეხარისხოვნად აქცევს და სულერთია, სად დარჩებით: საოჯახო სასტუმროებში თუ კარვებში, რომლის წინაც მთელი ღამე ანთია კოცონი, ღამის ტყეში ჭრიჭინების ხმის ფონზე ქაფქაფა ჩაის მიირთმევთ და იცით, რომ კარვებში თქვენს ყველაზე ახლობელ ადამიანებს და მეგობრებს უშფოთველად სძინავთ.

შორს კი ქალაქია, უამრავი ადამიანით სავსე, საიდანაც სულ ცოტა ხნით გამოიქეცით, მაგრამ იცით, რომ ეს დრო ძვირფასია, თავგადასავლებით სავსე და ძალიან, ძალიან დიდხანს გეყოფათ ემოციები შემდეგ მოგზაურობამდე.

თურქეთის 2 უნივერსიტეტში ქართული ენისთვის გამოყოფილი ყველა კვოტა ათვისებულია – ელჩი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ორ უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე გამოყოფილი კვოტა სრულად არის ათვისებული.

„ერთობლივმა ძალისხმევამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე გვყავს რამდენიმე ათეული პირველკურსელი.

გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს. სწორედ ამ უწყების უშუალო ჩართულობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მიღების წესში შევიდა ცვლილებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტებში ზემოთ ხსენებულ მიმართულებაზე გამოყოფილი სტუდენტთა კვოტის სრულად ათვისება“, – ამბობს ელჩი.

ქართული ენა ისწავლება რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის და დუზჯეს უნივერსიტეტებში. თურქეთის საჯარო სკოლებში კი ქართული ენის სწავლება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. სამინისტროს გადაწყვეტილება სკოლებში  V-VIII კლასის ჩათვლით ქართული ენის 244 საათიან სწავლების პროგრამას ითვალისწინებდა.

 

მთავარი ფოტო: რიზეს უნივერსიტეტი/უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდიდან

Exit mobile version