მთავარი,სიახლეები

200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

29.07.2020 • 2973
200 000 ახალი სამუშაო ადგილი არ შექმნილა – „ოცნების“ 2016 წლის შეუსრულებელი დაპირება

„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა“, – ეს ფრაზა მმართველ პარტიას 2016 წლის პარლამენტის საარჩევნო პროგრამაში უწერია. პროგრამით გაწერილი ზოგიერთი გეგმა და მნიშვნელოვანი დაპირება „ოცნებამ“ ვერ განახორციელა. ერთ-ერთი შეუსრულებელი დაპირება სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაა.

„ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით“, – წერია „ოცნების“ 2016 წლის პროგრამაში.

საქართველოს სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ არა თუ დამატებით 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, არამედ პირიქით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, 2019 წელს 27 ათასით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად იკლებს.

დასაქმება წლების მიხედვით [საქსტატის მონაცემები]:

  • 2016 წელი – 1 717 300 ადამიანი
  • 2017 წელი – 1 706 600 ადამიანი
  • 2018 წელი – 1 694 200 ადამიანი
  • 2019 წელი – 1 690 200 ადამიანი

2020 წლის მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული.

ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ იკლო უმუშევართა რაოდენობამ, შესაბამისად – უმუშევრობის დონემ. ისინი ამ შემთხვევაშიც საქსტატის მონაცემებს იშველიებენ.

უმუშევართა რაოდენობა წლების მიხედვით [საქსტატის მონაცემები]:

  • 2016 წელს 278 900 ადამიანი იყო უმუშევარი
  • 2017 წელს 276 400 ადამიანი იყო უმუშევარი
  • 2018 წელს 245 700 ადამიანი იყო უმუშევარი
  • 2019 წელს 221 000 ადამიანი იყო უმუშევარი

2020 წლის მონაცემები უმუშევართა რაოდენობის შესახებ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერჯერობით არ აქვს გამოქვეყნებული.

ბოლო, ანუ 2019 წლის მონაცემების მიხედვით, უმუშევართა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით მართლაც შემცირდა 57 900 ადამიანით. თუმცა, ეს მოხდა არა იმის გამო, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და მოქალაქეები დასაქმდნენ, არამედ იმიტომ, რომ 2016 წელთან შედარებით 2019 წლისთვის 85 ათასი ადამიანით შემცირდა საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა [საქსტატის მონაცემები]. შესაბამისად, თუ ეს სამუშაო ძალა ქვეყანაში დარჩებოდა, ბუნებრივია, უმუშევართა რაოდენობაც გაცილებით მეტი იქნებოდა.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები უმუშევრობის პრობლემაზე საუბრის დროს ირწმუნებიან, რომ მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მაქსიმუმი გააკეთეს და ეს მონაცემები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ დროს ასახელებს არა ციფრებს დასაქმებულთა შესახებ, არამედ პროცენტებს: მაგალითად, ამბობენ, რომ 2016 წელს უმუშევარი იყო ქვეყნის მოსახლეობის 14% და ეს მაჩვენებელი 2019 წელს 11,6%-მდე შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, უმუშევრობის კლება პროცენტებში სამუშაო ძალის შემცირებამ/გადინებამ გამოიწვია და არა იმან, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

დასაქმებულთა რაოდენობა წლების მიხედვით

როგორ გეგმავდა „ქართული ოცნება“ 4 წელში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში გაწერილი აქვთ, როგორ აპირებს მმართველი პარტია 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას.

ამონაწერი პროგრამიდან:

[checklist]

  • „მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, ბიზნესს გაუჩნდება მეტი შესაძლებლობა, გააფართოოს საკუთარი საქმიანობა და დამატებით შექმნას 50 000 სამუშაო ადგილი;
  •  ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი;
  • დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი;
  • ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი“.

[/checklist]

როგორც საარჩევნო პროგრამიდან ჩანს, „ქართული ოცნება“, მაგალითად, 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავდა „საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად“.

ქვეყანაში დაგროვებით საპენსიო სისტემის შესახებ კანონი მართლაც ამოქმედდა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კრიტიკულად აფასებდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ რეფორმას – ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი გაასაჩივრეს.

საპენსიო რეფორმამ შეუწყო თუ არა ხელი 10 000 სამუშაო ადგილის შექმნას, როგორც ამას „ქართული ოცნება“ 2016 წელს ამომრჩეველს ჰპირდებოდა? – დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ – არა. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ასეთი ინვესტიცია არ განხორციელებულა და, სავარაუდოდ, არც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

„პირველი 5 წელი ინვესტიცია მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელს გულისხმობს, მაგრამ ამონაგები საკმაოდ მაღალია. 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, ათ კომერციულ ბანკში მიმდინარე პროცენტიან ანგარიშებზე განთავსებულია 219.4 მილიონი ლარი, რომელიც მოიცავს ასევე დარიცხულ სარგებელს. 2020 წლის პირველ ნახევარში, საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელდა ინვესტიციები სადეპოზიტო სერტიფიკატებში 615 მილიონი ლარის ოდენობით და ვადიან დეპოზიტზე 15 მილიონი ლარი. ინვესტიციებს მიმდინარე წელს დაერიცხა დაახლოებით 34 მილიონ ლარამდე სარგებელი. ამ ეტაპზე საინვესტიციო სამსახურის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკში არ გვაქვს განთავსებული თანხები“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო სქემაში 2019 წლის პირველი იანვრიდან რეგისტრირებულია 1 041 033 დასაქმებული, საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულება კი, 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, 885 მილიონი ლარია.

შესაბამისად, „რეფორმების შედეგად“ სამ წელში არათუ 200 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, არამედ პირიქით, 27 ათასით შემცირდა. მეოთხე, 2020 წელს კი, პანდემია რომც არ ყოფილიყო, ქვეყანაში ერთბაშად, დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი არ შეიქმნებოდა.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/291942/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: