ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით 2023 წელს აჭარაში მედიკამენტი 14 520-მა პირმა მიიღო

ნარკომანიის ჩანაცვლებითი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტი აჭარაში 2023 წელს 14 520-მა ბენეფიციარმა მიიღო. 2022 წელს პროგრამით გაცილებით მეტმა, 17 647-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, 2021 წელს კი – 16 291-მა პირმა.

ეს ინფორმაცია შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოს მიაწოდა. უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისა და ბოლო წლების სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია დეპუტატ ლევან ანთაძის სადეპუტატო კითხვის ფარგლებში გამოითხოვა.

დეპუტატს აინტერესებდა ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გარდა, რა პროგრამები მოქმედებს ან დაგეგმილია აჭარაში ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის.

ცენტრის ინფორმაციით, ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის გარდა საქართველოში მოქმედებს სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის პროგრამა, ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების პროგრამა, ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ქვეკომპონენტი.

სახელმწიფო პროგრამის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისა და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ქობულეთის განყოფილება 2014 წლიდან ფუნქციონირებს, ბათუმის განყოფილება კი – 2016 წლიდან.

ცენტრის ინფორმაციით, განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარების რაოდენობა წლების მიხედვით სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ასეთი იყო: 2021 წელს 297 ბენეფიციარი იღებდა შესაბამის სერვისს; 2022 წელს – 295 ბენეფიციარი; 2023 წელს კი – 246 ბენეფიციარი.

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურების პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 247-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება, 2022 წელს – 245-მა, 2023 წელს კი 293 ბენეფიციარი მკურნალობდა.

2022 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო ბათუმის ნარკოლოგიურმა სტაციონარმა.

სახელმწიფო პროგრამის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფის კომპონენტის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ქვეკომპონენტის ფარგლებში 2021 წელს 64 ბენეფიციარი იყო, 2022 წელს – 109, 2023 წელს კი – 65 ბენეფიციარი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართვის მინიმალური ასაკია 21 წელი, შესაბამისად, პროგრამა ვერ ემსახურება არასრულწლოვან ბენეფიციარებს. შესაბამისად შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ არ აწარმოებს მსგავსი სახის სტატისტიკას.

2023 წლის სექტემბერში პოლიციამ ქობულეთის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ თანამშრომელი დააკავა ნარკოდანაშაულისთვის. შსს-ს ცნობით, ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.

ამავე თემაზე: 

ქობულეთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკოტიკის გაყიდვაზე დააკავეს – შსს

ავარია ლანჩხუთის გზაზე, არიან დაშავებულები

დღეს, 28 სექტემბერს, სამტრედია – ლანჩხუთის გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, თავად 2 დაშავებული მგზავრი შენიშნა.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე იმყოფებოდა როგორც სასწრაფო სამედიცინო სამსახური, ისე პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გახდი მასაჟისტ-რეაბილიტატორი და დასაქმდი მარტივად

დაეუფლე მაღალანაზღაურებად პროფესიას ტურისტულად აქტიურ ქალაქ ბათუმში და დასაქმდი მარტივად!

სპა შანგრი ლა სასწავლებელი “გოლდენ სიის” ერთგული პარტნიორია და აქტიურადაა ჩართული რეგიონალურ ბაზარზე შრომისუნარიანი კადრების მომზადება-გადამზადებით.

სპა შანგი ლა-ს გენერალური დირექტორი სულეიმან პინარიოლუ და დამფუძნებელი ისმეთ გურლეკი მზაობას აცხადებს სრული მობილიზაციით, საჭირო ინვენტარითა და ცოდნის გაზიარებით ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მომავალ მასაჟისტებს იმაში, რომ ჩამოყალიბდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალებად.

ისმეთ გურლეკი - სპა “შანგი-ლას” დამფუძნებელი
ისმეთ გურლეკი – სპა “შანგი-ლას” დამფუძნებელი

სპა შანგრი ლა ხუთვარსკვლავიანი ქსელური სპაა და იგი ადგილობრივ ბაზარზე 10 წელია აქტიურად დომინირებს, ახლა კი იგი სასწავლებელ “გოლდენ სიისთან” ერთად გთავაზობთ სწავლას შემდეგ მიმართულებებზე:

‣ სარელაქსაციო მასაჟი;
‣ სახის მასაჟი;
‣ ანტიცელულიტური მასაჟი ზეთით და თაფლით;
‣ სილიკონის ქილებით მასაჟი;
‣ ბამბუკებით მასაჟი;
‣ ლიმფოდრენაჟი;
‣ შოკოლადის მასაჟი;
‣ პილინგები ზღვის მარილით და ყავით;
‣ ლიპოლიტიკების (მეზოთერაპიის) გამოყენება;
‣ პრეპარატის სახეები, შემადგენლობა, მათი შერჩევა ცხიმის
თავისებურებიდან გამომდინარე;
‣ ცხიმის დამშლელი და დამწველი პრეპარატები;
‣ გამამკვრივებელი პრეპარატები;
‣ შეშუპების მომხსნელი პრეპარატები;
‣ პრეპარატების დოზირება;
‣ აპარატული მასაჟი;
‣ ვაკუუმ მასაჟი;
‣ RF ლიფტინგი.

კურსს წაუძღვება ტრენერი -სოფო ჯიქიძე, გამოცდილი მასაჟისტ-რეაბილიტატორი 10 წლიანი პროფესიული გამოცდილებით.

სოფო ჯიქიძე
სოფო ჯიქიძე

თეორიული და პრაქტიკული კურსიც ჩატარდება სპა “შანგი ლა”-ში.

შეარჩიე მაღალანაზღაურებადი პროფესია, ჩაეწერე კურსებზე და დასაქმდი მარტივად!

დასარეგისტრირებლად შეავსეთ ეს ფორმა ❤ https://forms.gle/a9NNTgWCXTp4jbRBA

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577-19-06-53; 599-52-34-03
იხილეთ საიტი – goldensea.ge
მისამართი: ქ.ბათუმი, დ.თავდადებულის 49

ევროკავშირის სამწლიანი პროგრამა დასრულდა – გაიგე, რა გაკეთდა ახალგაზრდების დასასაქმებლად

27 სექტემბერს ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელებული „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოება ერთად ახორციელებდნენ სამიზნე რეგიონებში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

ევროკავშირის პროგრამების მენეჯერის, ნიკა ყოჩიშვილის თქმით, სამწლიანი პროგრამის მთავარი მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა:

„ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც გვაჩვენა, რომ სხვადასხვა მხარეების მონაწილეობით უკეთესი ცხოვრების მიღწევაა შესაძლებელი.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო მაღალმთიან და სასაზღვრო დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიცემა. ისინი, ასევე ჩართული იყვნენ სამეწარმეო პროგრამაში“ – აღნიშნა ნიკა ყოჩიშვილმა.

ნინო (ნიკა ყოჩიშვილი)

საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელი, ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტის ოფიცერი ზურაბ სამარღანიშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელსაყრელი პირობების შექმნა იყო. საუბარია 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე, რომლებიც წლების განმავლობაში არც მუშაობდნენ და არც სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულნი:

„ასეთ ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ პირველი სამსახურის პოვნა. ისინი ეძებენ სამსახურს, მაგრამ სამუშაო ბაზარზე გამოცდილებას ითხოვენ. ამიტომ, ჩვენ შევქმენით ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა.

ამ პროგრამის ფარგლებში ოთხმოცზე მეტი ახალგაზრდა დასაქმდა. დღეის მდგომარეობით, მათმა უმრავლესობამ გააგრძელა იმავე ან სხვა კომპანიაში მუშაობა მიღებული გამოცდილების შემდეგ“, – ამბობს ზურა სამარღანიშვილი და აღნიშნავს, რომ ჯამში 1400-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარნენ უნარების განვითარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში.

ზურაბ სამარღანიშვილი

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორის, ნინო კიკნაველიძის თქმით, პროექტის ბენეფიციარებს ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი მეწარმეობაში, რომლის შემდეგ მათ იდეები დაუფინანსეს:

„სხვადასხვა რეგიონში რვა სტარტაპი დაფუძნდა. თითოეულ ამ ახალგაზრდას ოთხი ათასი ევრო გადაეცა ამ სტარტაპის შესაქმნელად. მათ სხვადასხვა საჭირო ტრენინგი ჩაუტარდათ, საბოლოოდ ჩამოაყალიბეს ეს ბიზნესები და აქტიურად მუშაობენ“ – აღნიშნავს ის.

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH) იყო. ამ რეგიონის მასშტაბით, LINKS პროექტის საქმიანობის შედეგად, 500-ზე მეტმა 15-დან 29 წლის ახალგაზრდამ განივითარა დასაქმებისათვის საჭირო უნარები. პროექტის 235-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა პროფესიული და კარიერული კონსულტაცია.

პროექტის კოორდინატორი ქეთი ადეიშვილი ამბობს, რომ პროექტის დაწყება პანდემიას დაემთხვა, რამაც სირთულეები გამოიწვია:

„ამიტომ, მოგვიწია ონლაინ პლატფორმების გამოყენება და დასაწყისში გავაკეთეთ საგანმანათლებლო კურსები. ესენია: ინგლისური ენის კურსი, კომპიუტერული უნარების კურსი და მეწარმეობის კურსი.

შემდეგ ეტაპზე კარიერული კონსულტაციები გაიარა 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრები ბიზნესსექტორსა და პროფესიულ სასწავლებლებთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ ოთხ ასეთ სასწავლებელთან.

სტაჟირების პროგრამის შემდეგ 17 სტაჟიორთაგან თორმეტმა გააგრძელა მუშაობა იმავე ან უკეთეს კომპანიაში. სამმა სწავლა გააგრძელა, ხოლო ორმა მონაწილემ პრობლემების გამო ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეებიდან სამუშაო გამოცდილება თითქმის არცერთს ჰქონდა და ამ მხრივაც, ძალიან წარმატებული პროექტი გვქონდა“, – ამბობს ქეთი ადეიშვილი.


„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skill4jobs) ფარგლებში „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 277 320 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +330]
  • ტანკი – 4 679 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 962 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 6 375 ერთეული [+38]
  • MLRS – 793 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 535 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 957ერთეული [+9]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 815 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 929 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 480 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 217 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 206 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 156 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 571 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 573 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რისი ატანა უწევთ ქალებს, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიან სამუშაოდ

57 წლის ციცინო ქადაგიძე 11 წელია ყოველ დილით საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ციცინო ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში ცხოვრობს. ამიტომ სამსახურში მისასვლელად სამი სამარშრუტო ტაქსი უნდა გამოიცვალოს – ორი სარფში ჩასასვლელად, მესამე კი სარფიდან ქემალფაშამდე. ტანსაცმლის მაღაზია, სადაც ის გამყიდველად მუშაობს, ქემალფაშაში მდებარეობს.

ციცინო ერთ-ერთია იმ ასობით ქალს შორის, ყოველდღიურად რომ კვეთს საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში წასასვლელად.

საზღვარზე უმეტესწილად რიგებია. თუ მოქალაქეები ქართულ მხარეს რიგში 5-10 წუთი დგანან, თურქულ მხარეს საბაჟო პროცედურების გავლას ხშირად 1 საათი ან მეტი დრო სჭირდება.

„ჩვენი ქვეყანა ასე მგონია ამ ქალების მხრებზე დგას. აქ და სხვა ქვეყნებში მომუშავე ქალების მხრებზე. ახლა გოგოებს გვქონდა საუბარი, რომ რამე ფართომასშტაბიანი აქცია გაგვეკეთებინა. მაგრამ ამ ჩვენს მთავრობამდე არცერთნაირი გაჭირვების ამბავი არ აღწევს. არავის არ აქვს იმედი და იმიტომაც არის ასე განუკითხაობის პროცესში ჩვენი მდგომარეობა,“ – გვეუბნება ქემალფაშაში მომუშავე მანანა პაპიძე.

მას სურს, რომ ხელისუფლებამ ქემალფაშაში დასაქმებულებს მეზობელ ქვეყანასთან უშუამდგომლოს და საბაჟოზე დაუსრულებელი რიგების საკითხი მოაგვაროს.

ქემალფაშა პატარა, სასაზღვრო ქალაქია, რომელიც ორი ქვეყნის სამეზობლო-სავაჭრო ურთიერთობებში უდიდეს როლს ასრულებს. საქართველოს მოქალაქეები ქემალლფაშაში ადრე თუ მხოლოდ ტანსაცმლის საყიდლად გადადიოდნენ, ახლა პროდუქტებისთვისაც მიდიან.

კვერცხი, შაქარი, ზეთი, თევზი, ტკბილეული, სარეცხი საშუალებები – ყველაფერს თურქეთში ყიდულობენ და საქართველოში გადმოაქვთ.

საზღვარზე გაზრდილი მგზავრთნაკადი, ცუდად აისახება იმ ქალების ყოველდღიურობაზე, ვისაც სამსახურში მისასვლელად საზღვრის კვეთა უწევს.

„რიგი თუ არაა მალე ვკვეთ საზღვარს, თუ რიგი იქნა შეიძლება ერთი საათი მომიწიოს დგომა“, – გვეუბნება ციცინო ქადაგიძე.

„იმდენად ვიღლებით რიგში, ისეთი დაღლილი ვართ, აქ ჩამოსულს შრომის გაგრძელების სურვილი აღარ გაქვს ადამიანს. მაგრამ სხვა გზა რომ არაა, აგრძელებ,“ – გვეუბნება მანანა პაპიძე. ის ქემალფაშაში, სარეცხი საშუალებების მაღაზიაში მუშაობს გამყიდველად.

რიგების გამო ხშირია შემთხვევა, როცა სამსახურში აგვიანდება.

„მეც და სხვა დასაქმებულ ქალებსაც პრობლემები გვექმნება სამსახურში, რადგან ვაგვიანებთ. ჩემ დამსაქმებელს ბევრჯერ ვიდეოც მოვუტანე საბაჟოზე გადაღებული, რომ ენახა, როგორი რიგი იყო. მაგრამ მან იცი რა თქვა? ვინც მოვა, იმუშაოს იმან, ვინც არ დააგვიანებსო. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ,“ – ამბობს მანანა პაპიძე.

ქალი, რომელიც სამსახურში ყოველდღე ბათუმიდან თურქეთში დადის

მანანა ამბობს, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ორმაგად იღლებიან, როცა საღამოს უკან, საქართველოში ბრუნდებიან: საბაჟოზე ისევ რიგში უწევთ დგომა. რიგი ხშირად ერთ საათზე მეტ ხანსაც კი გრძელდება.

„ჩვენ, ქემალფაშაში დასაქმებულ ქალებს, გვჭირდება რამე ოფიციალური საბუთი, რის საფუძველზეც საზღვრის კვეთას რიგში დგომის გარეშე შევძლებთ. ეს იქნება ყველაზე დიდი შეღავათი ჩვენთვის, თუ ამას ვინმე გაგვიკეთებს,” – ამბობს მანანა პაპიძე.

გზა, რომელსაც სამსახურში მისასვლელად გადიან ქალები, ყველას ერთულება.

„ხელვაჩაურიდან დავდივარ ყოველდღე. დილას ექვსის ნახევარზე, ექვსზე გამოვდივარ სახლიდან. რვის ნახევარზე ქემალფაშაში ვარ.

ადამიანი იღლება. ძნელად გასავლელი გზაა. რომ არ მიჭირდეს და საქართველოში სამსახური ვნახო, აქ არ გადმოვალ. ჩემი ქმარი მუშაობს, შვილებიც, მაგრამ მაინც არ ყოფნის ოჯახს,“ – თავის ამბავს გვიყვება ნინო ირემაძე.

ნინომ 15 წელი იმუშავა სტამბულში, ანაკარასა და მერსინში ოჯახში დამხმარედ. ერთი წლის წინ საქართველოში მეუღლის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. შვიდი თვეა, რაც ქემალფაშაში დაიწყო მუშაობა.

„საქართველოში ვცადე მუშაობა, მაგრამ ყველა ითხოვს ახალგაზრდას. მე კი ამ ასაკში ვერ გავხდები 30 წლის,“ – ამბობს ნინო.

ნინო ირემაძე

„საქართველოში სადაც მივედი, ყველგან დამხვდა ის სიტუაცია, რომ 40 წელს გადაცილებული არავის უნდოდა. ჩემი ასაკის სამუშაო სამრეცხაოში ვნახე და ასეთ ადგილას მუშაობაში ჩემი ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს. ბრონქების პრობლემა მაქვს და დახუთულ სივრცეში ვერ ვიმუშავე. აქ, თურქეთში შრომის დაფასება იციან, გენდობიან, შეიძლება ჩვენი უფროსი მოსული არ იყოს და ჩვენ გავხსნათ მაღაზია,“ – თავის ისტორიას გვიყვება ციცინო ქადაგიძე.

ციცინო ქადაგიძე

ქემალფაშაში დღიური ანაზღაურება მინიმუმ 40 ლარია. ხელფასი იზრდება იმის მიხედვით, თუ რა დატვირთვით უწევთ ქალებს მუშაობა. ზოგ მაღაზიაში ხელფასი დღიურად 60 ლარსაც ცდება. თუმცა მზარდი ინფლაციის გამო, ეს ხელფასი მაინც არაა საკმარისი ოჯახებისთვის.

„ადრე ხელფასი დაბალი იყო, მაგრამ პროდუქტსა და ტანსაცმელზე ფასებიც იაფი იყო. გზის ხარჯიც ნაკლები მქონდა. ახლა სამსახურში მისვლა-მოსვლა 12-13 ლარი მაინც მიჯდება. ჩემი ოჯახისთვის ჩემი ხელფასი რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, აქ არ წამოვალ სამუშაოდ. მეუღლეც მუშაობს, მეც ვმუშაობ, ცოტა ერთმანეთს ვეხიდებით, ყველაფერს ერთი ხელფასი ვერ გააკეთებს,“ – გვეუბნება ციცინო.

ირმა დოლიძე

15 წელი იმუშავა სტამბულსა და მერსინში ირმა დოლიძემ. ოცნების ასრულებას, შეეძინა ბინა, ათი წელი მოუნდა.

საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა.

„რაც თურქეთში ვიშრომე, ის რომ საქართველოში მეშრომა, მაინც ვერ ვიყიდდი ბათუმში ბინას. იმხელა ანაზღაურება არაა, რომ აქ ნაშრომით ბინა იყიდო. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, მშიერი არ ვიქნებოდი, მაგრამ ბინას ვერ ვიყიდდი. რომ ჩამოვედი ისეთი დათრგუნული ვიყავი, არც მიცდია სადმე მუშაობა დამეწყო. მინდოდა ჩემ ოჯახში, ჩემს შვილთან ვყოფილიყავი. ერთი-ორი თვის შემდეგ ვცადე, დავიწყე მუშაობა, მაგრამ სულ სხვანაირად არის შეცვლილი საქართველო. ვერ შევეგუე და ისევ თურქეთს დავუბრუნდი. ყოველდღიურად გადავდივარ – გადმოვდივარ. საზღვრის ყოველდღიური კვეთა – თუ რიგები არაა, რთული არაფერია. თუ რიგებია, ცოტა ძნელია,“ – ამბობს ირმა დოლიძე.

ქემალფაშაში მომუშავე ქალები ამბობენ, რომ მათი შრომა ადეკვატურად ფასდება, მაგრამ მძიმეა გზა, რომლის გავლაც სამსახურამდე უწევთ.

ამიტომ ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდეს და სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მეზობელ თურქეთთან მათი საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.

ქალები ბათუმიდან თურქეთში სამუშაოდ - შრომა საზღვარზე

 

“რადისონ ბლუ ბათუმს” ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

„რადისონ ბლუ ბათუმს“, ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ალექს კობელაშვილი წინანდლის მამულიდან აჭარის რეგიონში გადაინაცვლებს და რადისონ ბლუ ბათუმს და საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ უხელმძღვანელებს.

ალექს კობელაშვილი „სილქ ჰოსფითალითის“ გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, მას აქვს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 13 წლიანი გამოცდილება. ალექსი ბოლო 2 წლის განმავლობაში წინანდლის მამულის „რადისონ ქოლექშენ“-ის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, იქამდე კი იმავე სასტუმროში იყო საოპერაციო მენეჯერი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო რადისონ ბლუ ბათუმის გენერალური მენეჯერი, ეს სასტუმრო ქალაქის სიმბოლოა, მასზე ლეგენდარულმა იტალიელმა არქიტექტრომა – მიკელე დელუკიმ იმუშავა და მას წლების განმავლობაში მართავს საუკეთესო გუნდი. ბათუმი ჩემთვის მშობლიური ქალაქია, მე აქ გავიზარდე და კარგად მახსოვს ამ სასტუმროს გახსნა და როგორ დადებითად იმოქმედა მან მთლიანად ქალაქის და რეგიონის ტურიზმის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

სასტუმროს პარალელურად, ჩემი პასუხისმგებლობა იქნება სილქ დეველოპმენტის შეუდარებელი პროექტის – მწვანე კონცხი ბოტანიკოს მართვა და ბინის მფლობელებისათვის ხუთ ვარსკლავიან სერვისის შევთავაზება.

გამოცხადებული ნდობისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სილქ ჰოსპიტალიტის გუნდს და დამფუძნებლებს“ – ალექს კობელაშვილი.

168 ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქტიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს მიკელე დე ლუკის ეკუთვნის.  სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა.

რადისონ ბლუ ბათუმი საკუთარ თავში აერთიანებს, 2 რესტორანს, 3 ბარს, ღია და დახურული აუზებს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, კაზინო ივერიას.

სასტუმროს მართავს სილქ ჰოსპიტალიტი.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 29-30  სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

100 ადამიანი დაიღუპა ქორწილში ფეიერვერკით გაჩენილი ხანძრის გამო ჩრდილოეთ ერაყში

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილ ხანძარს 100 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა.

ხანძარი ერაყში ბაღდადიდან 335 კილომეტრში მდებარე პროვინციაში გაჩნდა.

მედიის ინფორმაციით, ქრისტიანული ქორწილში ხანძარი ფეიერვერკმა გამოიწვია, დარბაზი სტუმრებით იყო სავსე. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან საქორწილო დარბაზის თანამშრომლები.

Rudaw-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქორწილში პიროტექნიკა იყო გამოყენებული, ერაყის სამოქალაქო თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, საქორწილო დარბაზი, სადაც ხანძარი გაჩნდა, იოლად აალებადი მასალით იყო მოპირკეთებული.

ერაყის მთავრობამ ხანძრის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ქვეყანაში.

_____________

ფოტოზე: საქორწილო დარბაზი ხანძრის შემდეგ. ფოტო: EPA-EFE/MOHAMAD SAIF

ორი მაკლერი დააპატიმრეს, მათ ბინების „დაგირავებით“ მილიონზე მეტი ლარი იშოვეს

თაღლითობის მუხლით თბილისში ორი მაკლერი გასაამართლეს. მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მაკლერებმა 36 პირი მოატყუეს და ჯამში მილიონზე მეტ ლარს დაეუფლნენ.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ.

ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მიმართ სასამართლო განხილვა გრძელდება.

2 ავარია ბათუმში, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში დღეს, 27 სექტემბერს, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

ორივე შემთხვევაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავარიის შედეგად, რომელიც დილით, დაახლოებით 8 საათზე მოხდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება.

მეორე ავარიის შედეგად კი, თვითმხილველის თქმით, არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ავარია ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე / ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა / 27.09.2023

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ხალვაშის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო.

საცობი ავარიის გამო ხალვაშის გამზირზე / ბათუმი, 27.09.2023

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 27 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 276 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +320]
  • ტანკი – 4 675 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 8 950 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 6 337 ერთეული [+38]
  • MLRS – 792 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 534 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 948ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 792 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 927 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 27 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 479 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 191 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 170 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 155 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 557 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 499 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გოდერძსა და გომარდულში ახალი საბაგირო გზების და სასრიალო ტრასების მოწყობაა დაგეგმილი

კურორტ გოდერძიზე და გომარდულში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების მოწყობას გეგმავს. ამასთან, გოდერძიზე დაგეგმილია არსებული და ახალი საბაგირო გზების ერთმანეთთან „წრიულად“ დაკავშირება: ზანკები-ჭანჭახი-[გოდერძის უღელტეხილი / მეტეო – ახალი გზა]-ზანკები.

სპორტულ-ტურისტული სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების სადგურების შერწყმის, ასევე ახალი საბაგირო გზების დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 140 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი სამინისტროს 160 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკთან“, რომელიც სამინისტროს სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად დღეს, 26 სექტემბერს, გამოავლინა.

სწორედ „გეოგრაფიკი“ სთავაზობს სამინისტროს მომსახურებას 140 ათას ლარად.

სამინისტროს ინფორმაციით, „ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის შექმნის მიზნით შემუშავებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლითაც განისაზღვრა კურორტის შემდგომი განვითარების ძირითადი პარამეტრები, საინჟინრო-კომუნალური სისტემების სქემები და სასრიალო ტრასების მოწყობისა და მასთან დაკავშირებით საბაგირო ხაზების განთავსების საკითხები.

აღნიშნული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტი დამუშავდა 2011 წელს, „გეოგრაფიკისა“ და „სტუდია არსის“ მიერ, შპს „გოდერძი რეზორტის“ დაკვეთით… დასრულებულია და ფუნქციონირებს G01 და G02 საბაგირო ხაზები და ამავე საბაგირო ხაზთან დაკავშირებული სათხილამურო ტრასები [ჭანჭახი-ზანკები].

  • კურორტის პოტენციალის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ახალი G06 საბაგირო ხაზის მშენებლობა და აღნიშნულ საბაგირო ხაზთან დაკავშირებული სათხილამურო ტრასის მშენებლობა;
  • ასევე იგეგმება სათხილამურო ტრასების ე.წ „წრიული“ კავშირი [ზანკები-ჭანჭახი-გოდერძის უღელტეხილი [მეტეო]- ზანკები].

ამისთვის კი, დასაზუსტებელია საპროექტო საბაგირო ხაზების დასხდომის სადგურების წერტილების განსაზღვრა, კერძოდ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად დაგეგმილი სავარძლიანი საბაგირო გზის G06-ის კონტურის დაზუსტება;
  • უნდა განსაზღვროს საბაგირო ხაზის ფარეხის მოწყობის სქემა [განთავსების ადგილი];
  • უნდა დაგეგმოს არსებული სავარძლიანი საბაგირო გზის G02-ის ზედა სადგურიდან [ჭანჭახი] გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით ახალი საბაგირო ხაზი G06 [უნდა განისაზღვროს ტექნიკური პარამეტრი და ტიპი], ზამთრის სასრიალო კავშირის ოპტიმალური შესაძლებლობის გათვალისწინებით და აღნიშნულ მიმართულებაზე დამატებითი სასრიალო ტრასის სქემის განსაზღვრით [ახალი სასრიალო ტრასის დეტალური სქემის მიწოდების აუცილებლობა არ განიხილება];
  • დასაგეგმარებელი საბაგირო გზების კონტურები თავსებადი უნდა იყოს მოქმედი განაშენიანების რეგულირების გეგმით განსაზღვრულ სპორტულ-ტურისტულ სასრიალო ტრასებთან. არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას წინადადებები განაშენიანების რეგულირების გეგმაში ასახული სასრიალო ტრასების კონტურების კორექტირების აუცილებლობის შესახებ.
  • საბაგირო ხაზის გამტარუნარიანობა და სხვა ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების ეტაპზე [დეტალური პროექტირების ეტაპზე]“.

რაც შეეხება გომარდულს [შუახევის მუნიციპალიტეტი], სამინისტრო მიმწოდებელს „სარეკრეაციო ტერიტორიაზე კონკრეტულ არეალში სამთო-სპორტულ-ტურისტული იფრასტრუქტურის მოწყობისათვის საბაგირო გზის წინასაპროექტო კონცეფციის დამუშავებას და საბაგირო გზის დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრას“ ავალებს.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და PROPROJEKT Planungsmanagement & Projektberatung GmbH-ს შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელდა აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევა და გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითარების სრულყოფილი სამოქმედო გეგმის/კონცეფციის შექმნა.

ამ კონცეფციის საფუძველზე კი, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • გომარდულის სარეკრეაციო ტერიტორიაზე კონკრეტულ არეალში სამთო-ტურისტული იფრასტრუქტურის კონტექსტში საბაგირო გზის კონტურის დაზუსტება;
  • საბაგირო გზის მოწყობის გეგმა-კონცეფცია უნდა დაამუშაოს პრინციპით „წელიწადის ოთხი დრო“, რაც გულისხმობს საბაგირო ხაზის წელიწადის ოთხივე სეზონზე გამოყენებას.
  • საბაგირო ხაზი გადასაადგილებლად უნდა გამოიყენებოდეს არამხოლოდ ზამთრის პერიოდში თოვლზე თხილამურებით [მათ შორის სნოუბორდი] დაშვებისათის, არამედ შესძლებელი უნდა იყოს სამთო ველოსპორტის მოყვარულთა და ზედა სადგურის მიმდებარედ სარეკრეაციო ზონაში ვიზიტორთა გადაადგილებისათვის.
  • შესაბამისად, ამ ეტაპის საპროექტო-საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას, ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნას საბაგირო ხაზის სავარძელზე ველოსიპედის მიმაგრების საკითხი;
  • მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს საბაგირო ხაზის ტექნიკური მახასიათებლები და ტიპი;
  • საბაგირო გზის დასხდომის ზედა სადგური უნდა დაიგეგმოს სარეკრეაციო ზონაში საზოგადოებრივი ობიექტის განთავსებასთან [კვება/გართობა/დასვენება] მინიმუმ საფეხმავლო მისაწვდომობის შესაძლებლობით;
  • საბაგირო ხაზის გამტარუნარიანობა და სხვა ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების ეტაპზე [დეტალური პროექტირების ეტაპზე].

ტენდერის პირობის მიხედვით, „ტექნიკური დავალებით განსაზღვრული ობიექტების პროექტის კონცეფციების მომზადება, განმარტებით ბარათებთან ერთად და დამკვეთთან შეთანხმება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა“.

რაც შეეხება ყველა დოკუმენტის მომზადებას, ტენდერში გამარჯვებულ „გეოგრაფიკს“ ამისთვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 6 თვე ექნება.

 

მთავარი ფოტო: გოდერძი/ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რა იწვევს ბუასილს და როგორ ხდება მკურნალობა – ინტერვიუ პროქტოლოგთან

ბუასილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება პროგრესირდეს და გართულდეს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი-პროქტოლოგი, ირაკლი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ საუბრობს დაავადების მაპროვოცირებელ ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა სმარტფონით ტუალეტში ჯდომა და იმ ძირითად შეცდომებზე, რაც პოსტოპერაციულ პერიოდში ართულებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს. 

  • ბატონო ირაკლი, რა არის დაავადებაა ბუასილი, რას ნიშნავს ჰემოროიდული კვანძები?

ჰემოროიდული კვანძები არის ნორმალური ანატომიური სტრუქტურა, რომელიც გააჩნია ყველა ადამიანს, მაგრამ როცა კვანძი იწყებს პათოლოგიურად გამოვარდნას ანალური არხიდან და ხდება უკვე სიმპტომური (ანუ იწყება სისხლდენები, ხშირდება კვანძების გამოვარდნა), მაშინ ამას ეწოდება ბუასილი, რომელიც შეიძლება იყოს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის – გამოვარდნის ხარისხის მიხედვით.

  • რატომ ჩნდება ეს დაავადება, რა იწვევს?

მიზეზებში შეგვიძლია დავასახელოთ გენეტიკური წინასწარგანწყობა, ვენების კედლების სისუსტე, მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (ხშირი ყაბზობა ან დიარეა), ადინამია [უმოძრაობა] ან დიდ ხანს ჯდომა, განსაკუთრებით ტუალეტში.

რისკ ფაქტორებია ასევე სიმსუქნე, ორსულობა, ბოჭკოვანით ღარიბი დიეტა, მძიმე ნივთების რეგულარულად აწევა. 

  • როგორია დაავადების პროგრესირების ეტაპები და სიმპტომატიკა?

პირველი ხარისხი ეს არის მხოლოდ სისხლდენა, ხდება ალისფერი სისხლის გამოყოფა მხოლოდ დეფეკაციის დროს; მეორე ხარისხი – როცა კვანძები ვარდება სწორი ნაწლავიდან, მაგრამ გამოდის კუჭის მოქმედების/დეფეკაციის დროს და შემდეგ თავისით ბრუნდება ანალურ არხში; მესამე ხარისხის დროს კვანძები გამოდის და აღარ შედის თავისით, ამიტომ საჭიროებს ხელით შებრუნებას; მეოთხე ხარისხის დროს კვანძები გამოდის ნებისმიერ დროს, ფეხზე დგომისას, სიარულისას, დაცემინების, დახველების, დროს, რომელიც ფაქტობრივად არ ბრუნდება ანალურ არხში, რადგან როგორც კი შეაბრუნებენ, რამდენიმე წუთში კვლავ გამოდის.

სისხლდენა ახასიათებს ყველა ხარისხს.

  • ტკივილი ახლავს?

ძლიერი ტკივილი ჰემოროიდულ დაავადებას არ ახასიათებს, თუ არ არის მწვავე შემთხვევა. ბუასილი მტკივნეული ხდება მაშინ, როდესაც არის მწვავე თრომბოზი, ანუ არ ხდება სისხლის გადინება; ეს ძირითადად ხდება დიდ ხანს ჯდომისას, ამ დროს ვენური გადინება ვერ ხდება და სისხლი ითრომბება კვანძში, კოლტი ხდება – ეს არის უკვე მტკივნეული. მესამე-მეოთხე ხარისხს ახლავს უფრო დისკომფორტი და წვის შეგრძნება.

პაციენტმა პირველივე სისხლის გამოჩენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლს მოჰყვება ლორწო, თუ სისხლი არის კოლტებით; მით უმეტეს, თუ ეს არის ხანდაზმული ასაკი, 40-50 წლის ზემოთ, რადგან შეიძლება არამარტო ჰემოროიდული, არამედ სხვა, საკმაოდ საყურადღებო დაავადების გამოც იყოს სისხლდენა და პაციენტი საჭიროებდეს დროულ გამოკვლევას.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაავადებას მკურნალობის გარეშე?

ჰემოროიდული დაავადების გართულება არის ის, რომ დაავადების ხარისხმა შეიძლება მოიმატოს. მაგალითად, პირველი ხარისხი პროგრესირდეს მეორეში და ა.შ.

ჰემოროიდულ დაავადებას სხვა დაავადებაში გადაზრდა არ ახასიათებს. საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს თუ ადამიანს დიდ ხანს აქვს ბუასილი, შეიძლება დაემართოს ნაწლავის კიბო. ძალიან შორსწასული ბუასილის შემთხვევაც კი დაავადება არასდროს სიმსივნეში არ გადადის, რადგან ეს სხვადასხვა დაავადებებია. 

ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება არის სისხლდენებით განვითარებული ანემია. ამ დროს პაციენტი ნელ-ნელა კარგავს სისხლს, შემდეგ მიდის პროცესი ანემიამდე და უკვე ბუასილის პრობლემას ანემიაც ემატება. ის, რომ სისხლდენა ფატალურად დამთავრდეს, საავადმყოფოში ვერ მიასწროს პაციენტმა, ასეთი რამ ფაქტობრივად არ ხდება.

  • როგორია მკურნალობის მეთოდები სხვადასხვა ეტაპზე?

პირველ და მეორე ხარისხზე, მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული, ანუ ოპერაციის გარეშე, მხოლოდ მედიკამენტური ან მცირე ინვაზიური მეთოდებით, რაც გულისხმობს უსისხლო ოპერაციებს. პირველი ხარისხის დროს ძალიან ნაკლებად ტარდება ასეთი მკურნალობა, მეორე ხარისხის დროს კი საკმაოდ ხშირია.

მაგალითად, ყველაზე ხელმისაწვდომი და ადვილად გასაკეთებელი მცირე ინვაზიური მეთოდია ლატექსის რგოლებით ლიგირება. მარტივად რომ ავხსნათ, ამ დროს კვანძებზე სპეციალური ვაკუუმ ლიგატორით კეთდება რეზინის რგოლები, რომლებსაც გადაუჭერენ კვანძებს, რითაც ირღვევა მათი სისხლმომარაგება და შედეგად, კვანძები თვითნებურად შორდება. 

არის კიდევ ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, ე.წ. წითელი ლაზერით დაწვა კვანძების, რაც ნაკლებად ეფექტურია. 

ასევე, ტარდება სკლეროთერაპია, რა დროსაც კვანძებში შეგვყავს სპეციალური მასკლეროზირებელი ნივთიერება, რომელიც იწვევს კვანძების გამკვრივებას, გაუხეშებას და სკლეროზს.

ეს ე.წ. ამბულატორიული მეთოდებია, არსებობს უსისხლო სტაციონარული მეთოდები, რომელთაც სჭირდებათ ანესთეზია, ოპერაცია, სტაციონარში გაჩერება რამდენიმე დღე, მაგრამ ითვლება მცირე ინვაზიურად. ეს არის სტეპლერული ჰემოროიდექტომია, ანუ ერთჯერადი სტეპლერ ოპერაცია და დიოდური ლაზერით კვანძების დაწვა, იგივე თერმოაბლაცია. 

მესამე-მეოთხე ხარისხის დროს უკვე არის ოპერაციული მკურნალობა. სტანდარტული მეთოდი ითვალისწინებს კვანძების ამოკვეთას სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით. 

უსისხლო პროცედურების დროს (სტეპლერი და დიოდური ლაზერი) რეაბილიტაციის პერიოდი ნახევრდება, ნახევრდება პოსტოპერაციული ტკივილის შეგრძნებაც. 

სტაციონარში დაყოვნების პერიოდი ყველა შემთხვევაში 2-3 დღეა, მაგრამ განსხვავებაა რეაბილიტაციის პერიოდში, მაგალითად კლასიკური ოპერაციის დროს, ეს ვადა არის 4-6 კვირა და უსისხლო მეთოდების დროს – 2-4 კვირა. გააჩნია დაავადების ხარისხსა და სირთულეს. რაც შეეხება ამბულატორიულ უსისხლო მეთოდებს, პაციენტს შეუძლია პროცედურის დასრულებისთანავე წავიდეს სახლში და მეორე დღეს გავიდეს სამსახურში.

  • რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები პოსტოპერაციულ პერიოდში?

პოსტოპერაციულ პერიოდში ყველაზე ხშირი შეცდომაა, როცა პაციენტები ცდილობენ შეიკავონ კუჭის მოქმედება, რაც არანაირად არ შეიძლება, რადგანაც რაც უფრო დიდ ხანს მოხდება შეკავება, მით უფრო მტკივნეული იქნება დეფეკაციის პროცესი. 

გარდა ამისა, ზოგიერთი ცდილობს მიიღოს საფაღარათო საშუალებები, რადგან თვლიან, რომ თუ ფაღარათი ექნებათ, ეს გაამარტივებს დეფეკაციის პროცესს. ფაღარათის დროს განავლის ქიმიური შემცველობა სხვა არის, ტუტე რეაქცია და გაღიზიანებაც მეტია. გარდა ამისა, კუჭის მოქმედება ამ დროს ხდება ოთხ-ხუთჯერ, ერთის ნაცვლად, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. 

მესამე შეცდომა ის არის, რომ პაციენტები პოსტოპერაციულ პერიოდში ფიქრობენ, რომ წყალი ჭრილობაზე არ შეიძლება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რაც უფრო ხშირად მოხდება ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და თბილი წყლით აბაზანების მიღება, მით უფრო მალე ჩაივლის რეაბილიტაციის პროცესი.

  • რა უნდა ვიცოდეთ დიაგნოსტიკის მეთოდზე?

სტანდარტული და კლასიკური გამოკვლევა ამ დროს არის კოლონოსკოპია, მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური დათვალიერება, რაც იძლევა 100-პროცენტიან დიაგნოზს, ნაწლავის მთელს პერიმეტრზე მსხვილი ნაწლავის პათოლოგიის შესახებ.

ეს არის ერთადერთი კვლევა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.

საქმე ის არის, რომ საკმაოდ ხშირად არიდებენ თავს კოლონოსკოპიას, გაიკეთებენ ხუთ „კატე“-ს, ათ MRT-ს, ყველაფრის ექოსკოპიას, მაგრამ ამ ყველაფერზე ზუსტი არის ამ დროს ერთი კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიისთვის მოსამზადებელი მეთოდი ყველა პროქტოლოგს შეიძლება სხვადასხვაგვარი ჰქონდეს, რის შესახებაც დანიშნულებას მისცემს პაციენტს. თუმცა იქამდე, პირველად ვიზიტს პროქტოლოგთან არანაირი მომზადება არ სჭირდება.

  • როგორი ავირიდოთ თავიდან ბუასილი, რა გავაკეთოთ და რა არა?

პროფილაქტიკას წარმოადგენს რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესი. საკმარისია სეირნობაც, არავინ ითხოვს სპორტდარბაზში სიარულსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯდომით სამუშაო ძალიან დამთრგუნველია.

საკვებს რაც შეეხება, მიირთვით უჯრედისით მდიდარი საკვები, არანაირი „ფასთ-ფუდი“. და ხაზი მინდა გავუსვა, ერთ-ერთ ყველაზე მავნე და დამაზიანებელ ჩვევას – საპირფარეშოში სმარტფონებით დიდ ხანს ჯდომა. 

ადრე წიგნი და გაზეთი იყო, ახლა სმარტფონია და ეს ძალიან მავნე ჩვევაა, დამღუპველი ფაქტობრივად, რომელიც ძალიან უწყობს ხელს ბუასილის განვითარება/პროგრესირებას.

______________________________

ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამას აზუსტებს

ბათუმის მერია ავარიული სახლების პროგრამაში ცვლილებას და რამდენიმე ტექნიკური საკითხის დაზუსტებას გეგმავს.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, აზუსტებენ განსაზღვრებას, რა შემთხვევაშია შესაძლებელი შენობისთვის „ავარიული სახლის“ სტატუსის მინიჭება.

განკარგულების პროექტის მიხედვით ეს შეიძლება იყოს შენობა, რომელსაც სამი ან მეტი მესაკუთრე ჰყავს და ეს საკუთრება დაყოფილია, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით არის დადასტურებული. შეიძლება საკუთრება იყოს როგორც ბინა, ასევე, კომერციული ფართობი.

ავარიული შენობის მდგრადობა საქართველოში აკრედიტებული ექსპერტიზით უნდა იყოს შემოწმებული.

ავარიულობის ხარისხი შესაძლებელია იყოს V, IV და III კატეგორია. წესის მიხედვით, თუ შენობის მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დანგრეულია, ან მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია.

პროგრამაში შეიძლება შევიდეს ასევე აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ გაცემული დასკვნით დადასტურებული საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“ .

მერია ავარიული სახლის, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთისა და მიმდებარედ არსებული ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობებსაც აზუსტებს.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის ავარიული სახლის ადგილად მიიჩნევა ამ სახლზე დამაგრებული არანაკლებ 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ასევე, ამ ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთი ან ნაკვეთები, რომელთა კვადრატულობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს.

ამ ნაკვეთების გაერთიანება შესაძლებელია ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით პროექტის განხორციელებისთვის. მერია ასევე წერს, რომ ასეთ შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

ავარიული სახლების ჩანაცვლებისათვის იმავე ტერიტორიაზე ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის მუნიციპალურ მიზნობრივ პროგრამად და ავარიული სახლის ადგილად მიიჩნევა ავარიულ სახლზე დამაგრებული 500 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი, იმ პირობით, თუ მშენებლობის ნებართვის აღებამდე წინასწარ და სრულად მოხდება ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილება, ასევე, განხორციელდება ავარიული სახლის დემონტაჟი და მერიაში წარდგენილი იქნება ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ასეთ შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

ასევე, თუ მშენებლობის ნებართვის აღებამდე წინასწარ და სრულად მოხდება ავარიულ სახლში მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილება, განხორციელდება ავარიული სახლის დემონტაჟი და წარმოდგენილი იქნება აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენება სავალდებულო არ არის.

დაუშვებელია ავარიული სახლების ჩანაცვლების საფუძვლით ერთდროულად ავარიული სახლის ადგილას და სხვა ტერიტორიაზე ამ წესით დადგენილი შეღავათების გამოყენება.

ბათუმის მერი ავარიული სახლების ჩანაცვლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი შესაბამისი სამთავრობო კომისიისა და ამ წესის შესაბამისად შექმნილი სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.

წარდგენილ განაცხადს და დოკუმენტაციას სათათბირო საბჭოზე განხილვისათვის ამზადებს ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური.

სათათბირო საბჭოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს და წარუდგენს მერს ხელმოსაწერად, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური ამზადებს საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (განმარტებით ბარათსა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) პროექტს და, ასევე, საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვისათვის ბათუმის მერს ხელმოსაწერად წარუდგენს შესაბამისი წერილის პროექტს.

იმ შემთხვევაში, თუ ავარიულ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე ხდება მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის ან/და ნაკვეთების გაერთიანება, რომელთა კვადრატულობა ჯამში აღემატება ავარიულ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის ერთ მეორედს, საკითხის განხილვა დასაშვებია მხოლოდ ამ დადგენილების მე-2 მუხლით.

28 სექტემბერს ძაღლსა და კატას ცოფზე უფასოდ აცრით – ნახეთ მისამართები

სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების [ძაღლი, კატა] უფასო ვაქცინაციას ცოფზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს.

ძაღლისა და კატის ვაქცინაცია 28 სექტემბერს, 11:00-16:00 საათებში გაიმართება.

ცხოველთა უფასო ვაქცინაცია აჭარაში შესაძლებელია შემდეგ ადგილებში:

ბათუმი – 6 მაისის პარკი;
ხულო – სტალინის №2 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის №1 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
ქედა – 26 მაისის № 2 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
ხელვაჩაური – დიდაჭარის 23 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
ქობულეთი – აღმაშენებლის №44 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა].

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.

აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – „ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის! ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“

ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა, თუმცა მისი პრევენცია შესაძლებელია.

[toggle title=”თბილისსა და ქვეყნის სხვა ადგილებში ვაქცინაციის ჩატარების მისამართების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

მრგვალი ბაღი, ვაკე;
დედაენის ბაღი, მარჯვენა სანაპირო;
ანბანის სკვერი, დიდი დიღომი (,,გუდვილის“ მიმდებარედ).

იმერეთი
ქუთაისი – ნიკეას მე-3 ჩიხი №5 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბაღდათი – ვაჟა-ფშაველას ქ. №5 (ყოფილი სასამართლოს შენობა, 1 სართული);
ვანი – თავისუფლების ქ. №65 (მერიის მიმდებარედ);
ზესტაფონი – მაღლაკელიძის ქ. №2;
თერჯოლა – შ. რუსთაველის ქ. №109 (მერიის მიმდებარედ);
სამტრედია – რესპუბლიკის ქ. №6 (მერიის მიმდებარედ);
საჩხერე – თამარ მეფის ქ.№9 (იმერეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ჭიათურა – ნინოშვილის ქ. №11 (მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარედ);
ხარაგაული – სოლომონ მეფის ქ. №19ა (ყოფილი პოლიციის შენობის მიმდებარედ);
ხონი – პოლიკარპე კაკაბაძის ქ. №17 (საკრებულოს მიმდებარედ);
ტყიბული – კარლო ლომაძის მოედანი №3 (მერიის მიმდებარედ).
შიდა ქართლი
გორი – ცხინვალის გზატკეცილი მე-5 კმ (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ქარელი – თამარ მეფის ქ. №24 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
კასპი – სააკაძის N115 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ოფისის შენობა);
ხაშური – ტაბიძის ქ.№2 (შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა).
გურია
ოზურგეთი – ვ. დოლიძის ქუჩა №10 (გურიის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ლანჩხუთი – კოსტავას ქუჩა № 33(გურიის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ჩოხატაური – კოსტავას ქუჩა № 5 (გურიის რეგიონული სამმართველოს შენობა).
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე – ჯაყელის ქუჩა №61ა (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბორჯომი – რობაქიძის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ახალქალაქი – ხაზ ბახჩას პარკი, თამარ მეფის ქ. №44 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დაბა ასპინძა – მეფე თამარის ქ. №3 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დაბა ადიგენი – ბალახაშვილის ქ. №19 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ნინოწმინდა – თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა).
ქვემო ქართლი
რუსთავი – ფალიაშვილის ქუჩა, “ახალგაზრდული პარკი” (ქვემო ქართლის არქივისა და 112-ის უკან;
გარდაბანი – აღმაშენებლის №73ა (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
მარნეული – სოფ. ჯანდარა (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბოლნისი – სულხან-საბას №6 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
თეთრიწყარო – ფარნავაზის №25 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
წალკა – კოსტავას №9 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დმანისი – 9 აპრილის №15 (ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შენობა).
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა – აღმაშენებლის ქ. №45 მიმდებარედ არსებული სკვერი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდი – კ. გამსახურდიას მეორე შესახვევი №4 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ფოთი – კოსტავას №193 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
აბაშა – ჩიქოვანის №13 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
სენაკი – რუსთაველის №235 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ხობი – დადიანის №185 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
მესტია – კახიანის ქ N1 (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს შენობა).
კახეთი
თელავი – ერეკლე მეორეს მოედანი, თეატრის წინ;
გურჯაანი – სანაპიროს ქუჩა (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დედოფლისწყარო – ბარათაშვილის 19 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
სიღნაღი – აღმაშენებლის მოედანი (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ახმეტა – ჩოლოყაშვილის №50 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
საგარეჯო – აღმაშენებლის №15 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ლაგოდეხი – კოსტავას N1 (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ყვარელი – ჭავჭავაძის ქუჩა (კახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);<
რაჭა-ლეჩხუმი
ამბროლაური – სოფ. თხმორი (კარდაკარის პრინციპით);
ცაგერი – სოფ. ქვედა ცაგერი (კარდაკარის პრინციპით);
ონი – ვახტანგ მეექვსის ქუჩა N8 (რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ლენტეხი – თამარ მეფის ქუჩა N24 (რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული სამმართველოს შენობა).

[/toggle]

ადამიანებში ცოფის შემთხვევების 99% გამოწვეულია დაავადებულ ძაღლთან კონტაქტით.

ცოფის ნიშნები ძაღლებში: უარი საკვებისა და წყლის მიღებაზე, გაძლიერებული ნერწყვდენა, მომატებული აგრესია, მომატებული მგრძნობელობა შუქსა და ხმაურზე, ხმის ტემბრის ცვლილება [ხრინწიანი ყეფა], კოორდინაციის დარღვევა, დამბლა.

NCDC-ს ცნობით, ცოფზე საეჭვო ექსპოზიციის შემთხვევაში ჭრილობა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლის უხვი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში, შემდგომ დამუშავდეს იოდის შემცველი ან მსგავსი ვირუციდული საშუალებებით;

პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მისი დაყოვნება ან გადადება დაუშვებელია. ანტირაბიული ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში, იმუნოგლობულინით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად.

ამავე თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

საბერძნეთში ცხვრის ფარამ 100 კგ კანაფი შეჭამა – მედია

ბერძნული რეგიონული მედია thenewspaper.gr-ი წერს, რომ თესალიაში, ქალაქ ალმიროსთან ახლოს, ცხვრის ფარა შეიჭრა სათბურში, სადაც სამკურნალო კანაფი მოჰყავდათ და 100 კილოგრამზე მეტი მცენარე შეჭამა.

მედიის ცნობით, ცხვრები თესალიაში წყალდიდობის შემდეგ საძოვარ ბალახს ეძებდნენ.

„არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. გვალვისა და წყალდიდობის დროს დიდ და კარგ მოსავალს ვკარგავთ, ამ ყველაფრის შემდეგ კი შემოვიდა ცხვრის ფარა და დარჩენილი მოსავალი შეჭამა. არ ვიცი, რა გითხრათ“, – უთხრა გამოცემას კანაფის ლიცენზირებული ქარხნის მფლობელმა.

2017 წელს საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც საბერძნეთში სამედიცინო კანაფის მოშენება და წარმოება დაშვებულია. ბერძნული კანონმდებლობით, კულტივაცია შეზღუდულია პირადი სარგებლობისთვის.

სარფში ნარკოტიკის შემცველი მედიკამენტები მოქალაქეს მალულად შემოჰქონდა – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სხვადასხვა მედიკამენტები [106 აბი და 14 კაფსულა] აღმოაჩინეს“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

რუსული მედია უკრაინაში გენოციდს აქეზებს – გაეროს კომისია

25 სექტემბერს  უკრაინაში დარღვევების შემსწავლელმა გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელმა კომისიამ წარადგინა უახლესი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში ომის დანაშაულზე.

საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, სექსუალური ძალადობა, უკანონო თავდასხმები ასაფეთქებელი იარაღით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და ა.შ.

შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისიის გამოძიება ხერსონსა და ზაპოროჟიეში მიუთითებს რუსი სამხედროების მიერ წამების სისტემატურ გამოყენებაზე იმ პირების მიმართ, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან იყო კავშირში. „რამდენიმე შემთხვევაში წამება ისეთი სისასტიკით ხდებოდა, რომ მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვა“, – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ პრესრელიზში.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა თქვა, რომ ყოველ ჯერზე, როცა პასუხობდა, რომ რაღაც არ იცოდა ან არ ახსოვდა, მას ელექტროშოკით აწამებდნენ. „არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდა ასე, თითქოს მარადისობა“, – თქვა მან.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხერსონის რეგიონში რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს და სექსუალურად იძალადეს 19-დან 83 წლამდე ასაკის ქალებზე. აქვე აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობისას ოჯახის წევრები ხშირად მეზობელ ოთახებში იმყოფებოდნენ და მათ აიძულებდნენ მოესმინათ, რა ხდებოდა.

კომისია აღნიშნავს, რომ აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების მიერ არასრულწლოვანთა რუსეთში სავარაუდო გადაყვანის ცალკეული შემთხვევების გამოძიებას.

გაეროს კომისია აღნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში რუსული მედიასაშუალებებით გადმოცემული რიტორიკა შეიძლება იყოს გენოციდის წაქეზება.

„შეშფოთებულები ვართ გენოციდის შესახებ ბრალდებებით და ვაგრძელებთ ამ საკითხების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ამის ერთ-ერთი ასპექტი შეიძლება იყოს წაქეზების საკითხი, რომელიც მოდის ზოგიერთი რუსული მედიიდან“, – ნათქვამია პრესრელიზში.

უკრაინაში დარღვევების გამოძიების  დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია გაეროს ეგიდით 2022 წლის მარტში შეიქმნა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, სხვა საკითხებთან ერთად გამოიძიოს როგორც ადამიანის უფლებების ყველა სავარაუდო, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა.

შექმნის დღიდან კომისია უკრაინას ათზე მეტჯერ ეწვია.

____________

ფოტოზე: უკრაინა, ბოროდიანკა. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ მიცვალებულის დასაკრძალად. 2022 წლის 3 მარტი. ფოტო: EPA/ALISA YAKUBOVYCH

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

ლანა ღლონტი 6 წლის წინ ოზურგეთის სოფელ მელექედურში საოჯახო მეურნეობას დაუბრუნდა და ჩაის წარმოება დაიწყო. მაშინ ფიქრობდა, რომ საქმიანობა დროებითი იყო, მაგრამ დღეს უკვე იცის, რომ გურიიდან არსად წავა და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.

„როდესაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ჩვენი ოჯახის საკუთრებაში 1 ჰა ჩაის პლანტაცია იყო. დროთა განმავლობაში წარმოება გავაფართოვეთ და ახლა უკვე 6 ჰა ფართობზეა ჩვენი ჩაი გაშენებული. ჩვენთან დასაქმებული არიან ადგილობრივები, დაახლოებით 60-მდე ადამიანი, უმეტესად ქალბატონები. ჩაის ხელით ვკრეფთ და მხოლოდ სამ ფოთოლს, რაც ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს,“ – გვიყვება ლანა ღლონტი.

ჩაის ადგილზე ამუშავებენ მიკრო-გადამამუშავებელ საწარმოში, რომლისთვისაც დანადგარები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოიტანეს. ეს გურული ჩაი სამი სახეობისაა და ქართულ ბაზარზე „პლანტაციის“ სახელით იყიდება. „პლანტაციამ“ წელს უკვე 3 ტონამდე მაღალი ხარისხის შავი, მწვანე და მოცვის ჩაი გამოუშვა.

თიბისის აგრო-კრედიტის დახმარებით ლანამ შეძლო სოფელ მელექედურში უფრო დიდი, 200 კვმ საწარმოს მშენებლობა დაეწყო, რომლის დასრულებასაც დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. შესაბამისად, ფერმერის გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაა. ამას გარდა, ლანა ჟღენტი აპირებს, რომ კიდევ უფრო განავითაროს აგრო-ტურიზმი, რის პოტენციალსაც არჩეული ბიზნეს სტრატეგია აძლევს.

„ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი წლიდან წარმოება გავზარდოთ და 10 ტონამდე ჩაი დავამზადოთ. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ვაპირებთ გავაუმჯობესოთ სტანდარტი და ჩვენი ბრენდი „პლანტაცია“ საცალო გაყიდვაშიც გავიტანოთ. გარდა ამისა, ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის აგრო-ტურიზმის მიმართულებით განვითარება. ამჟამად, მცირე მასშტაბის სივრცეში შეგვიძლია სტუმრების მიღება. გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ ჩვენი სახლის ეზოში კოტეჯი ავაშენოთ, სადაც 10 ადამიანს მივიღებთ. აქ ჩამოსული სტუმრები ძირითად ინტერესდებიან ჩაის კულტურით, ზაფხულის პერიოდში მონაწილეობას იღებენ ჩაის კრეფაში, გადამუშავებაში და შემდეგ საღამოს სპეციალურად მათთვის ჩვენი ჩაის დეგუსტაციასაც ვაწყობთ,“ – ამბობს ლანა ჟღენტი.

„პლანტაციის“ ჩაის, რომელიც განსაკუთრებული შეფუთვით – პატარა ტომრებით იყიდება, აუცილებლად ნახავთ სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალზე საქართველოში.

კადიროვის 15 წლის შვილმა პატიმარს სცემა – ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერმა გამოაქვეყნა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ტელეგრამზე 25 სექტემბერს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, როგორც თავად აცხადებს, მისი 15 წლის შვილი ადამ კადიროვი ყურანის დაწვაში ბრალდებულ ნიკიტა ჟურაველს სასტიკად სცემს.

რამზან კადიროვი წერს, რომ ამაყობს საკუთარი შვილით, რომელიც, ვიდეოს თანახმად, გამეტებით ურტყამს სავარაუდოდ იზოლატორში მყოფ დაკავებულს.

რუსეთის მოქალაქე, ვოლგოგრადელი ნიკიტა ჟურაველი ყურანის დაწვისა და „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“ მაისში დააკავეს და გადაიყვანეს ჩეჩნეთში, გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მედიის თანახმად, მისი ჩეჩნეთში გადაყვანის ინიციატორი, რუსეთის იუსტიციის მინისტრი იყო.

ადამ კადიროვის მიერ ნიკიტა ჟურაველის ცემის ფაქტის შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, ფაქტი რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ გაასაჯაროვა.

რუსული მედიის თანახმად, დუმის დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვმა ორჯერ დაადასტურა კადიროვის 15 წლის შვილის თავდასხმა დაკავებულზე და განაცხადა, რომ ადამ კადიროვმა აჩვენა „პატრიოტიზმის მაგალითი“.

„ლენტა.რუ“ წერს, რომ ვიდეოს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, ევა მერკაჩევამ „დანაშაულის ვიდეო მტკიცებულება“ უწოდა და ადამ კადიროვი, კანონის თანახმად, უნდა დააკავონ.

„ბიბისის“ რუსული რედაქციის ცნობით, ვიდეოს თანახმად, დარღვეულია რუსული კანონმდებლობის სულ მცირე 8 მუხლი.

სოფელ მახვილაურს გაზის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 26 სექტემბერს, 12:00 საათიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მახვილაურს გაზის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

გაზის მიწოდება დაიწყება 26 სექტემბერს 14:00 სთ-დან და სრულად აღდგება 26 სექტემბრის დღის ბოლომდე.

„სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 276 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 4 672 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 946 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 6 299 ერთეული [+39]
  • MLRS – 792 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 533 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 924ერთეული [+29]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 763 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 925 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 479 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 172 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 151 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 155 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 542 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 477 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსული მედია უკრაინაში გენოციდს აქეზებს – გაეროს კომისია

„აიფონში 4200 ლარი გადავიხადე და 4 საათში ჯდება“ – ვინ იცავს მომხმარებელს

„აიფონ 14 პრო, რაშიც 4200 ლარი გადავიხადე, 4 საათში ჯდება… რამდენჯერმე მივმართეთ „აიპლუსს“, რომ პრობლემა მოეგვარებინა, საგარანტიო ვადა გასული არ არის, მაგრამ მხოლოდ წინ და უკან დავდივართ, არაფერი იცვლება,“ – ამბობს ელზა ლემსაძე. იგი ბათუმში ცხოვრობს და მეუღლესთან ერთად აიფონ 14 პრო 2022 წლის ოქტომბერში შეიძინა. მობილური ტელეფონი უკვე ცუდად მუშაობს.

მოქალაქის თქმით, ძვირადღირებული აიფონი შეძენიდან დაახლოებით 8 თვის შემდეგ 3-4 საათში ჯდებოდა, თუმცა სერვისცენტრი ირწმუნება, რომ „აპარატს ხარვეზი არ უფიქსირდება“. მოქალაქემ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი თითქმის ერთი წელია მსგავს საკითხებზე მუშაობს, თუმცა იმისთვის, რომ მოქალაქემ თავისი სიმართლე დაამტკიცოს, ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო.

„ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, მსგავს სიტუაციაში როგორ მოქმედებს კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი და რეალურად რა მექანიზმი არსებობს მომხმარებლის სასარგებლოდ?

„2022 წლის 4 ოქტომბერს კონკრეტულად კარფურის შენობაში, iPlus-ის ერთ-ერთ ფილიალში მე და ჩემმა მეუღლემ შევიძინეთ Iphone 14 pro. მისი შეძენა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს პატარა ბიზნესში სოციალური ქსელების მართვისას ძალიან დაგვეხმარებოდა: რეკლამების, პოსტერებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მომზადებისთვის,“ – გვიყვება ელზა ლემსაძე. მომხმარებელმა საგარანტიო ფურცელთან ერთად კომპანია „აიპლუსს“ მიმართა, რომელიც Apple პროდუქციის ავტორიზებული გადამყიდველია საქართველოში.

კომპანიის სერვისცენტრში მომხმარებელს, ნივთის რამდენჯერმე შემოწმების შემდეგ, ერთსა და იმავეს უმეორებენ: „აპარატს ხარვეზი არ უფიქსირდება“, თუმცა ძვირადღირებული მობილური ტელეფონი ისევ 4 საათში ჯდება.

„2023 წლის ივნისის თვეში კომპანიას  პირველად მივმართეთ პროდუქტის საგარანტიო ფურცელთან ერთად და ვთხოვეთ დახმარება,“ – მომხმარებელი დეტალურად აღწერს, როგორ გაუჭირდა საკუთარი უფლების დაცვა იმის მიუხედავად, რომ საგარანტიო ფურცელი ხელში ჰქონდა, – „როგორც აღმოჩნდა, ბათუმში ადგილზე სერვისი არ აქვთ, ამიტომ აპარატი თბილისში უნდა გაეგზავნათ. ავუხსენით, რომ დაკარგული დრო დისკომფორტს ქმნიდა, გამომდინარე იქიდან, რომ მის გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში ვეღარ შევძლებდით.

მაშინ პირველად აგვიხსნეს, რომ თურმე მობილურის შემოწმება და დიაგნოსტირება არა „აიპლუსს“, არამედ „აისაფორთს“ ევალება და სწორედ ისინი არიან ამაზე პასუხისმგებელნი. პირველი შოკიც სწორედ მაშინ მივიღე. ავიღე საგარანტიო ფურცელი და მენეჯერს მაგიდაზე დავუდე. ვთხოვე ფურცელში ეჩვენებინა, სად ეწერა „აისაფორთი“. რა თქმა უნდა, „აისაფორთის“ სახელი ფურცელზე ვერ იპოვა. მიგვითითა იქვე არსებულ კოდზე და გვითხრა, რომ თუ ამ კოდით გადავამოწმებდით, მივხვდებოდით, რომ „აისაფორთის“ ვალდებულებაა მისი შემოწმება.

პირველად მაშინ ვიგრძენი თავი მოტყუებულად, როცა აღმოვაჩინე, რომ საგარანტიო ფურცელზე კონკრეტული დეტალები მომხმარებლისთვის გასაგები არ არის… სხვა გზა არ გვქონდა, დავთანხმდით და გადავეცით მობილური იმ იმედით, რომ სათანადოდ შემოწმდებოდა და მოხდებოდა დიაგნოსტირება,“ – ამბობს ელზა ლემსაძე.

მოქალაქე „აისაფორთიდან“ მიღებულ დასკვნას გვაცნობს, რომელიც მას მობილურ ტელეფონთან ერთად დაუბრუნეს. „მოწყობილობაზე ჩაიწერა სისტემა, აპარატს ხარვეზი არ უფიქსირდება, აკმაყოფილებს ქარხნულ პარამეტრებს“, – წერია დასკვნაში.

„ტელეფონს დაახლოებით ორი კვირა პრობლემა არ შეჰქმნია, შემდეგ ისევ ანალოგიური პრობლემა გამოუვლინდა. 14 ივლისს ისევ მივმართეთ ცენტრს…“ – განაგრძობს თხრობას ელზა ლემსაძე. ამჯერად მომხმარებლისთვის მობილური ტელეფონი 20 ივლისს დაუბრუნებიათ იმავე შინაარსის დასკვნით, რომ მობილურ ტელეფონს პრობლემა არ აქვს.

„20 ივლისს დაგვიბრუნდა მობილური, მომდევნო 4 დღე არ ჰქონდა პრობლემა და 4 დღის შემდეგ ისევ პრობლემა გამოუვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაცია გაგვეთიშა ბექაფი, შეგვეცვალა დამმუხტველი და წაგვეშალა ზედმეტი აპლიკაციები, რაც არ ყოფილა საერთოდ მობილურში, მაინც იმავე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით.

10 აგვისტოს კიდევ მივეცით შანსი, რომ მობილურის პრობლემა მოეგვარებინათ და მესამედ გავუგზავნეთ თბილისში.  დღემდე ვრეკავთ და იმავეს გვიმეორებენ, რომ მობილურს არ აქვს ხარვეზი და რატომღაც თბილისში კარგად მუშაობს. როცა ისევ ვკითხე, როგორ ახდენდნენ პრობლემის იდენტიფიცირებას, პასუხმა ძალიან გამაღიზიანა. მეთოდი არ შეცვლილა: ისევ ხსნიან სოციალურ ქსელებს და იუთუბს.  „მაქსიმალურად“  ტესტავენ, მალე დაჯდება მობილური თუ არა, რაც არ მაკმაყოფილებს, რადგან ამის შემდეგ ისტორიის იმავე ფურცელზე ვბრუნდები,“ – უთხრა ელზა ლემსაძემ „ბათუმელებს“.

მოქალაქემ უკვე მიმართა კონკურენციის სააგენტოს, სადაც ეს საქმე უნდა შეისწავლონ. ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, რითაც დადასტურდება, რომ ნივთს ნამდვილად ტექნიკური პრობლემა აქვს, მოქალაქე არ გამორიცხავს სასამართლოსაც მიმართოს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შესაძლებელია იმის დადგენა, ტექნიკურად გამართულად მუშაობს თუ არა მობილური, თუმცა ვერ დადგინდება, რა მიზეზმა გამოიწვია პრობლემა.

რა მეთოდით დადგინდა, რომ მობილურ ტელეფონს ხარვეზი არ აქვს? – კომპანია „აიპლუსიდან“, სადაც მოქალაქემ 4200 ლარად იყიდა აიფონი, მხოლოდ ეს მოგვწერეს: „დეტალების დასაზუსტებლად და სრული ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ უშუალოდ სერვისცენტრს iSUPPORT -ს“.

კომპანია „აისაფორთის“ საქალაქო ტელეფონზე კი, ოპერატორმა მარტივად გაიხსენა ეს კონკრეტული შემთხვევა და გვითხრა, რომ აიფონს ტექნიკური ხარვეზი არ აქვს და ელემენტის მალე დაჯდომა სავარაუდოდ ბექაფს უკავშირდება, რასაც მომხმარებელი მაინც ააქტიურებს.

კომპანიას ვთხოვეთ ეჩვენებინა კონკრეტული დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ნივთი ტექნიკურად შემოწმდა და დაიდო დასკვნა მის უხარვეზოდ მუშაობაზე – კომპანიაში ინფორმაციის მოწოდებას წერილობით დაგვპირდნენ, თუმცა ის არ მოგვაწოდეს.

„როცა ნივთის შეძენიდან გასულია 6 თვე, მტკიცების ტვირთი არის მოქალაქეზე, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები,“ – გვითხრეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცხელ ხაზზე. სააგენტოს სპეციალისტმა, ვისაც ტელეფონით ვესაუბრეთ, ვერ თქვა, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე და რა იცავს მას, თუ ექსპერტი სადავო ნივთის შესახებ დასკვნას ვერ დადებს?

„გააჩნია საქმის დეტალებს, წინასწარ ვერ გეტყვით… პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ გვქონია. განმცხადებელს მტკიცებულებები რომც არ ჰქონდეს წარმოდგენილი, ჩვენ მაინც შევისწავლით მას,“ – აღნიშნეს კონკურენციის სააგენტოს ცხელ ხაზზე, თუმცა დასძინეს, რომ მტკიცებულებით უნდა დადგინდეს ზიანი, რაც მომხმარებელს მიადგა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში ასევე განმარტეს, რომ მნიშვნელოვანია, რა დროა გასული კონკრეტული ნივთის შეძენიდან: შეძენიდან პირველ 6 თვეში ე.წ. მტკიცების ტვირთი  მოვაჭრეს ეკისრება საგარანტიო ვალდებულებაზე იმ შემთხვევაშიც კი, როცა საგარანტიო მოწმობა კომპანიას არ გაუცია, 6 თვის გასვლის შემდეგ კი, ქარხნულ წუნსა და სხვა ტექნიკურ პრობლემაზე მტკიცება მომხმარებელს თავად მოუწევს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში აღგვიწერეს, რა დრო სჭირდება ნებისმიერი განცხადების განხილვას, რაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევას უკავშირდება:

„განაცხადის შემოტანიდან პირველი სამი დღე სააგენტო ამოწმებს, განცხადებას აქვს თუ არა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, მაგალითად, მოვაჭრის შესახებ მონაცემები მითითებული არის თუ არა, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში, ვიდრე სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმისწარმოების დაწყების შესახებ, შესაძლოა მივმართოთ მოვაჭრეს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე სავაჭრო პოლიტიკის კანონთან შესაბამისობის კუთხით. მოვაჭრემ ჩვენი მიმართვიდან 5 სამუშაო დღეში უნდა გაგვცეს პასუხი.

ერთ თვეში სააგენტომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება დარღვევის დადასტურების ან არ დადასტურების შესახებ. მესამეა მოვაჭრის მოთხოვნის საქმისწარმოების შეწყვეტა, როცა ის განხილვის გარეშე იღებს ვალდებულებებს მომხმარებლის წინაშე. ამ დროს სააგენტო აღარ შედის საქმის განხილვაში.

საქმის სირთულეზეა დამოკიდებული, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს. შესაძლოა, სააგენტომ მიმართოს მოვაჭრეს დამატებითი პოზიციის წარმოსადგენად და ეს მიმართვა მოვაჭრემ არ ჩაიბაროს. ამ შემთხვევაში ხელახლა ეგზავნება მოპასუხეს წერილი, თუ ისევ არ ჩაიბარა, შემდეგ საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს… ამ დროს ეს ერთთვიანი ვადა ჩერდება.

დარღვევა თუ დადგინდა, გამოიცემა ბრძანება, რომლითაც მოვაჭრეს დაეკისრება კონკრეტული ვალდებულებების შესრულება. თუ მან ეს არ შეასრულა, სააგენტო აჯარიმებს მოვაჭრეს და თუ ჯარიმაც არ გადაიხადა, საქმე გადაეცემა აღსრულებას. ჯარიმის ოდენობას სააგენტო განსაზღვრავს,“ – განმარტეს კონკურენციის სააგენტოს ცხელ ხაზზე.

კიდევ ერთი დეტალი – თუ სააგენტო მოვაჭრის მხრიდან დარღვევას დაადგენს, კომპანიამ ექსპერტიზის და სხვა ხარჯებიც უნდა აუნაზღაუროს მომხმარებელს, რაც ამ დავას უკავშირდება.

გზა ხიხაძირამდე, რომელიც მესამე წელია ვერ გააკეთეს – ახალი ტენდერი 7,5 მილიონი ლარით

„ამ გზაზე ისეთი მდგომარეობაა, ერთი ძლიერი წვიმაც საკმარისია და მხოლოდ ორხიდიანი მანქანა თუ გაივლის“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ ხიხაძირის ხეობის მცხოვრებლები. ეს „გზა“, რომელსაც ისტორიულ ხიხანის ციხესთან მივყავართ, დაახლოებით 7 კილომეტრია და მისი რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.

რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9,5 მილიონი ლარიდან 3,5 მილიონი დაიხარჯა, თუმცა გზა სოფელ ფუშრუკაულიდან ხიხაძირამდე ისევ სავალალო მდგომარეობაშია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ამჯერად ხელახლა გამოაცხადა.

გზა ხიხაძირის ხეობაში, სოფელ ნადაბურთან / 21.08.2023 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სოფელ კვატიადან ხიხაძირის ცენტრამდე მონაკვეთში გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება შპს „სამშენებლო კომპანია მამისონთან“ დეპარტამენტმა 2020 წლის ივლისში 9,4 მილიონ ლარზე გააფორმა. სამუშაოები კი, კომპანიას 16 თვეში [2021 წლის დეკემბრამდე] უნდა დაესრულებინა.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება 7-ჯერ შეიტანეს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ მხოლოდ 3,5 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა, 2022 წლის სექტემბერში კი, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი გზის აღნიშნული მონაკვეთის „დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე“, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 11 თვის შემდეგ გამოაცხადა – 7 500 823 ლარით.

ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს [ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“].

განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა. დეპარტამენტმა კი, იგივე თანხით ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით მეორე ტენდერიც არ შედგა.

თავდაპირველი ტენდერი დეპარტამენტს 10 264 247 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, დეპარტამენტმა ჯამში 3 582 320 ლარი გადაურიცხა.

„მამისონთან“ ხელშეკრულება დეპარტამენტმა „ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების“ გამო შეწყვიტა და კომპანიას 370 ათას 360 ლარის პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს.

კომპანია არ ეთანხმებოდა დეპარტამენტის გადაწყვეტილებას და აცხადებდა, რომ დაიწყებდა სამართლებრივ დავას.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 20 დეკემბრის განკარგულებით, „მამისონი“ შავ სიაში დაარეგისტრირეს [შესაბამისი განცხადებით სააგენტოს გზების დეპარტამენტმა მიმართა].

„საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში…

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მიმწოდებელს [„მამისონს“] ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია სასამართლოს განჩინება, რომლითაც სააგენტოს შეეზღუდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის [გზების დეპარტამენტის] წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება“, – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში.

 

[toggle title=”გზების დეპარტამენტის და „მამისონის“ პოზიციების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიცია:

შემსყიდველი ორგანიზაციის [საავტომობილო გზების დეპარტამენტის] წერილობითი შეტყობინების თანახმად, მიმწოდებელი [„მამისონი“] არაჯეროვნად ასრულებდა 2020 წლის 27 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2022 წლის 21 სექტემბრის წერილით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო.

შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი ინფორმაციით, მიმწოდებელმა 2021 წლის 26 ნოემბრის წერილით მოითხოვა სამუშაოების წარმოების ვადის გაგრძელება 2022 წლის 1-ელ ივნისამდე იმ მოტივით, რომ სამშენებლო მოედანზე ვერ მოხერხდა თანამედროვე საბურღი დანადგარის მიყვანა და სამუშაოებს აწარმოებდა მოძველებული ტექნიკით, ამასთან, მიმწოდებელი აცხადებდა, რომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფდა დამატებითი საბურღი მოწყობილობის აყვანას ხიდის ხიმინჯების მოსაწყობად და სამუშაოების უფრო მაღალი ტემპით განხორციელებას.

2021 წლის 30 აგვისტოს ობიექტზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებელი სამუშაოებს აწარმოებდა დაბალი ტემპით და სამუშაოები მიმდინარეობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთეულ მონაკვეთებზე მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო მინიმუმ ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და მათი თანმხლები სხვა სამუშაოების განხორციელება.

შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ მან არ შეწყვიტა სამართლებრივი ურთიერთობა და მიმწოდებელს ფაქტობრივად მისცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის.

შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის ბოლოს და, პანდემიის გათვალისწინებით, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე არ დგინდებოდა, რომ სამუშაოების განხორციელების ნაწილში მიმწოდებელი რაიმე სახის არსებით ზეგავლენას განიცდიდა. ამასთან, პანდემიიდან გამომდინარე 2021 წლიდან დაწესებული რეგულაციები და შეზღუდვები, მიმწოდებლის სურვილის შემთხვევაში, გავლენას ვერ მოახდენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, რადგან 2021 წლიდან აღნიშნული შეზღუდვების არსებითი ნაწილი მოხსნილი იყო, ხოლო პერსონალის ინფიცირება და მისგან მომდინარე შეფერხება უნდა დასაბუთებულიყო შესაბამისი დოკუმენტაციით, რაც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ წარუდგენია.

შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, არ არსებობდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი, ასევე, მიმწოდებელს შეეძლო შეემოწმებინა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, გონივრულ პერიოდში, ბაზარზე არსებული ფასები და განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის საჭირო მასალების წინასწარი შესყიდვა მომარაგების მიზნით.

შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნავს, ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სამშენებლო ობიექტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის მიმწოდებელს ჯამში შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაახლოებით 41%.

მიმწოდებლის პოზიცია

მიმწოდებლის [„მამისონის“] განმარტებით, სამუშაოების შესრულებისას გამოვლინდა არაერთი დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ:

სამშენებლო მოედანი მდებარეობდა ცენტრალური გზიდან 21 კილომეტრის დაშორებით, აქედან დაახლოებით 5 კილომეტრი წარმოადგენდა ვიწრო, სერპანტინიან მონაკვეთს, ასევე, ობიექტამდე მისასვლელ გზაზე მდებარეობდა ძველი აშენებული ხიდი, რომელიც არ იყო გათვლილი დიდი გაბარიტების მქონე მძიმე ტექნიკის გატარებაზე.

ვინაიდან კომპანიას არ გააჩნდა საკუთარი ხიმინჯების საბურღი დანადგარი, იგი იძულებული გახდა მიემართა სხვა მესაკუთრეებისთვის, რომლებიც აღნიშნული ხიდის და გზის სივიწროვის გამო უარს ამბობდნენ საბურღი დანადგარის ობიექტზე მიყვანაზე, ასევე, მათ დაშლილ მდგომარეობაში ტრანსპორტირებასა და ობიექტზე აწყობაზე.

მოცემული გარემოებების გამო, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად კომპანიამ გადაიყვანა ძველი საბჭოური წარმოების საბურღი დანადგარი укс-22, რომელმაც გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების შესრულება, რის გამოც ტექნოლოგიურად ვერ გაგრძელდა ხიდის მოსაწყობად აუცილებელი სხვა სამუშაოები. პრობლემის გადაჭრის მიზნით იგეგმებოდა იმავე მოდელის დამატებითი საბურღის აყვანა, რათა ორივე დანადგარის გამოყენებით შესძლებოდა ხიმინჯების მოწყობა.

მიმწოდებელი აღნიშნავს, რომ სამუშაოების შესრულებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ხიდის მოსაწყობად ლითონის კონსტრუქციული ელემენტებისთვის საჭირო ფურცლოვანას ფასი და ასფალტ-ბეტონის ღირებულება, რაც აფერხებდა სამუშაოების წარმოებას.

სამუშაოების შესრულებას ასევე აფერხებდა პანდემიით გამოწვეული რეგულაციები და ათკაციანი ბრიგადების ორკვირიან თვითიზოლაციაში გადაყვანა, ხოლო დამატებითი ბრიგადების მობილიზაცია ობიექტის ადგილმდებარეობისა და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით დაკავშირებული იყო დამატებით დროსა და ხარჯებთან. სამუშაოები ასევე შეაფერხა 2021 წლის ზაფხულში ცემენტის დეფიციტმა, რის გამოც იგი ვერ ასრულებდა ბეტონის სამუშაოებს.

მიმწოდებლის განმარტებით, მან შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ მოცემულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობდა ფასთა ინდექსაციის საკითხზე მუშაობა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე და სავარაუდო შედეგების განსაზღვრამდე სამუშაოები ვერ გაგრძელდებოდა სრული მოცულობით, რადგან სამშენებლო მასალებზე ფასთა სხვაობას შეიძლება გამოეწვია კომპანიის გაკოტრებაც კი.

მიმწოდებელი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებით ისედაც ფინანსურად დაზარალებული მიმწოდებლები უარეს მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, იგი კვლავ აგრძელებდა სრულ მობილიზაციას და, მათ შორის, შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიებას ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად.

მიმწოდებელი ასევე აღნიშნავს, რომ მან მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის № 753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის
გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის“ ხელშეკრულებებზე გავრცელებისა და მათი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების თაობაზე, მაგრამ შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემულ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მიმწოდებელი მიუთითებს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების შესრულებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, იგი ასევე არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას.“

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 20 დეკემბრის განკარგულება – შპს „სამშენებლო კომპანია მამისონის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ

[/toggle]

 

გზების დეპარტამენტმა 2022 წელს ხულოში „მამისონს“ კიდევ ერთი, 14.5-მილიონიანი ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ეს ხელშეკრულება დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

გადაიხადა თუ არა „მამისონმა“ პირგასამტეხლო? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ ამჯერად ვერ დაუკავშირდა.

რა სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ზამლეთი-ხიხაძირის სარეაბილიტაციო გზაზე, ნახეთ ამ ბმულზე:

ბიუჯეტიდან გადარიცხული 188 000 ლარიდან ხიხაძირი-ბაკოს გზაზე 145 000 ლარი გაქრა

რა გავლენა აქვს ჰაშიმოტოს დაავადებას ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე – ექიმის რჩევები

ჰაშიმოტოს დაავადება ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. დაავადება უფრო ხშირად 30-50 წლის ასაკში ვლინდება, მაგრამ ქალებში ეს დიაგნოზი 10-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებში. კლინიკა “სოლომედის” კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ინგა აბესაძე ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებზე, გართულებებსა და მართვაზე საუბრობს „ბათუმელებთან“. 

  • ქალბატონო ინგა, რა არის ჰაშიმოტოს დაავადება? 

ჰაშიმოტო – ეს ტერმინი ძალიან ხშირად აშინებს პაციენტს, თუმცა ჰაშიმოტო იაპონელი მეცნიერის სახელია, რომელმაც 1912 წელს აღწერა ეს დაავადება.

ჰაშიმოტოს დაავადება, იგივე ავტოიმუნური თირეოდიტი, არის ავტოიმუნური დაავადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ფარისებრ ჯირკვალს აღიქვამს, როგორც უცხოს [უცხო სხეულს] და გამოიმუშავებს მის წინააღმდეგ ანტისხეულებს. შესაბამისად არღვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, მის მუშაობას.

ჰაშიმოტოს დაავადება და ზოგადად ავტოიმუნური დაავადებები არის გენეტიკურად დატვირთული. ამ შემთხვევაში, გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება იოდის ჭარბი რაოდენობით მიღება.

MayoClinic: იმუნური სისტემის შეტევა ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებზე, გენეტიკური ფაქტორების გარდა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ გარე ფაქტორებთან, როგორიცაა: ინფექციები, სტრესი და რადიაციის ზემოქმედება; შესაძლოა მიზეზი უკავშირდებოდეს ორივეს, გენეტიკურ და გარე ფაქტორებს შორის ურთიერთქმედებას.

  • რა არის რისკ ფაქტორი?

იმ შემთხვევაში თუ ბებიას, დედას, ანუ ოჯახის წევრებს უფრო ქალის ხაზით ავტოიმუნური თირეოდიტი ან სხვა ავტოიმუნური დაავადება აქვთ, შესაძლოა, რომ ოდესღაც მის შთამომავლებსაც გამოუვლინდეს. 

ჰაშიმოტოს დაავადება დაახლოებით ათჯერ უფრო ხშირად ემართებათ ქალებს, ვიდრე კაცებს. 

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ კოვიდის შემდგომ პერიოდში საკმაოდ გახშირდა ავტოიმუნური თირეოიდიტის (პირველადი) გამოვლენა, რაც პრაქტიკის გარდა კვლევებითაც დასტურდება; ავტოიმუნური თირეოდიტი ხშირად ვლინდება ორსულობის/მშობიარობის შემდეგ პერიოდში ქალებში. ანუ შეიძლება გამოვლინდეს მაშინ, როცა ორგანიზმში ხდება რაღაც დიდი გარდაქმნა – ავტოიმუნური პროცესებისა და ჰორმონალური ცვლილებების სახით.

  • სიმპტომატიკა როგორია?

ავტოიმუნური თირეოდიტი მიმდინარეობს ჰიპოთირეოზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლას, ფუნქციის დაქვეითებას. 

  • ჰიპოთირეოზი პირველ რიგში იწვევს სისუსტესა და დაღლილობას, ადინამიას [უმოძრაობას], ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესებას – დეპრესიულ ხასიათს, რასაც ხშირად უკავშირებენ სტრესს, დაღლილობას, ცხოვრების სტილს და ა.შ. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია სხვა სპეციალისტებმა, ექიმებმა იცოდნენ მისი გამოვლენა, რადგან ხშირად ფსიქიატრიაში დეპრესია და სხვა ფსიქიკური მდგომარეობები მიმდინარეობს ჰიპოთირეოზის ფონზე და თუ აქ ჰიპოთირეოზი ნამკურნალები არ იქნება, შედეგი უფრო გვიან დგება; 
  • ასევე, ამ დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს წონაში უმიზეზო მატება; ხშირია ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა; იქმნება სტომატოლოგიური პრობლემებიც;
  • შეშუპება სახის ირგვლივ, თვალების ირგვლივ, ასევე დამახასიათებელია ზედა და ქვედა კიდურების შეშუპება; მაგ. შეშუპების გამო ხშირად პაციენტები აღნიშნავენ, რომ უჭირს თითიდან ბეჭდის მოხსნა;
  • სიცივის აუტანლობა, ძალიან ხშირად პაციენტს სცივა იმ დროს, როცა სხვებისთვის ნორმალური ტემპერატურაა; 
  • სიმპტომები შეიძლება ასევე მოიცავდეს ბრადიკარდიას, ანუ პულსის შენელებას; ციკლის დარღვევას და ყაბზობას.

ჩვენი მეტაბოლური მდგომარეობა, იგივე ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ჰიპოთირეოზის დროს ნელდება, პულსი ნელდება, გუნება-განწყობა ქვეითდება, ფრჩხილები მტვრევადი ხდება, მაშინ როცა ჰიპერთირეოზის დროს პირიქით ხდება – მეორე უკიდურესობაა, ფაქტობრივად. ამ დაავადების გამოვლენის საწყის ეტაპზეც [არსებობს ასეთი ფაზა – ავტოიმუნური თირედიტის ჰიპერპროფიული ფაზა] გულისცემა ჩქარდება, არის გულის ფრიალი, პაციენტი გაღიზიანებულია, მაგრამ ეს გარდამავალი ფაზაა და თავისით სრულდება.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას??

საქმე ის არის, რომ დაავადება ხშირად გვიან დიაგნოსტირდება, რადგან მას ნელი მიმდინარეობა ახასიათებს. 

მას, კალციუმის ცვლის მოშლის ხარჯზე, შეუძლია გამოიწვიოს ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები.

ორსულ ქალებში, ჰიპოთირეოზი, გარდა იმისა, რომ ზრდის ნაადრევი მშობიარობის, დიდი ნაყოფის რისკებს, ძალიან საშიშია იმ მხრივაც, რომ ქმნის რისკს, მშობიარობის შემდეგ ახალშობილს ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, რაც თავის მხრივ ბავშვისთვის იწვევს სხვადასხვა სირთულეებს სწავლისა და ათვისების პროცესში.

ასევე, ქალებში ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული დისფუნქცია [ოვულაციის შეუძლებლობის, არარეგულარული და გადაჭარბებული მენსტრუალური სისხლდენის ფონზე].

ჰიპოთირეოზს შეუძლია გამოიწვიოს “ცუდი” ქოლესტერინის დონის მატება – რომელიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და გულის უკმარისობის რისკ-ფაქტორი.

MayoClinic: ჰიპოთირეოზის მქონე მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული ლიბიდო, ერექციული დისფუნქცია და სპერმის დაქვეითებული რაოდენობა.

შეიძლება გამოიწვიოს მიქსედემური კომა, ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი, მძიმე, მკურნალობის გარეშე მიმდინარე ჰიპოთირეოზის გამო. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები უკვე აღარ ხდება, რადგან დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია – საჭიროა ჰორმონალური ანალიზის ჩატარება (ვენური სისხლის გამოკვლევა) და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

  • რისი გამოკვლევა ხდება ამ დროს?

ჰორმონალური კვლევის დროს აუცილებელია სისხლში თირეოპეროქსიდაზას და თირეოგლობულინის მიმართ ანტისხეულების განსაზღვრა, ზუსტად ეს მაჩვენებელი განსაზღვრავს ავტოიმუნური თირეოდიტის დიაგნოზს. ასევე ხდება თირეოტროპული ჰორმონის და თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა უკვე ავტოიმუნური პროცესის ფონზე ფარისებრის ფუნქციის დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი.

ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება, რადგან ამ მდგომარეობას ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გადიდება – ჰიპერტროფიული ფორმა. შეიძლება იყოს თანდართული მოცულობითი ჩანართები ან კვანძები.

  • როგორია მკურნალობა/მართვა?

მკურნალობა მარტივია, მხოლოდ ერთი აბის მიღებით დღეში შესაძლებელია ავტოიმუნური თირეოდიტის მართვა და აბსოლუტურად ნორმალური ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შექმნა ხელოვნურად, პრეპარატის ფონზე. 

ვინაიდან ეს ქრონიკული დაავადებაა, მთავარი პირობაა, რომ ეს პრეპარატი მიიღოს პაციენტმა ყოველდღე, მისი არასწორი მიღება, გამოტოვება ან ჭარბი დოზა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის არევას, მოშლას, ამიტომ მნიშვნელოვანია დოზის სწორად შერჩევა და პრეპარატის მუდმივად მიღება. ჩვენ ხშირად ვეუბნებით პაციენტებს, რომ ეს არის თქვენი ვიტამინი, რომელიც თქვენ ყოველ დილას, გაღვიძებისას უნდა მიიღოთ, საკვებს მიღებამდე ერთ საათით ადრე.

  • რა რეკომენდაციები არსებობს კვებასთან და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით?

პრეპარატის მიღების შემთხვევაში და ფარისებრი ჯირკვლის ეუთიროიდულ [რაც ნიშნავს მისი ფუნქციის სწორ, იდეალურ მუშაობას] მდგომარეობაში მოყვანის შემთხვევაში, პაციენტი დამატებით არაფერს საჭიროებს. 

პირიქით საზიანოც კია, როცა გენეტიკურად დამძიმებული ფონის გამო ადამიანები იწყებენ იოდის პრეპარატების მიღებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების განვითარება. არ არის საჭირო პროფილაქტიკის მიზნით იოდის პრეპარატების მიღება, თუ მას არ გინიშნავთ ექიმი. 

რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობა და სწორი კვება ჯანმრთელობის წინაპირობაა.

ქალი ამბობს, რომ ბათუმში, ავტობუსში 300 ლარი მოჰპარეს – „არ მივმართავ პოლიციას“

„ჩანთიდან 300 ლარი ამომაცალეს“, – ამბობს ქალი, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და, სავარაუდოდ, #16 ავტობუსში ფული მოჰპარეს.

შემთხვევა 22 სექტემბერს მოხდა.

„ავტობუსით ვიმგზავრე. სხვაგან არსად ვყოფილვარ. სახლში რომ მივედი, მერე ვნახე, რომ ჩანთაში ფული აღარ მქონდა… ჩანთაში მედო პატარა საფულე, ელვა შესაკრავით ჩაკეტილი ჩანთა გაუხსნია ვიღაცას და პატარა საფულე ამოუღია. ავტობუსში ბევრი ხალხი იყო, არაფერი მიგრძნია საეჭვო.

არ ვაპირებ პოლიციისთვის მიმართვას, რა აზრი აქვს? ჩემს მულსაც ავტობუსში ამოაცალეს 500 ლარი დაახლოებით 6 თვის წინ, ის #12 ავტობუსით მგზავრობდა, მიმართა პოლიციას, მერე დაიბარეს, გამოჰკითხეს, არაფერია შედეგი…“ – გვითხრა მოქალაქემ.

„აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, პირველი რეისი 9 ოქტომბერს შესრულდება.

კომპანიის ინფორმაციით ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი  კვირაში ორჯერ შესრულდება.

ამავე დროს, „აზიმუტი“ შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს თბილისი-სოჭის მიმართულებით, ასევე კვირაში ორჯერ.

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც 17 მაისიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს კვირაში 7-ჯერ ასრულებს, უკრაინის სანქციების სიაშია ჯერ კიდევ 2022 წლის 19 ოქტომბრიდან.

კომპანია ავიარეისებს, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სტამბოლისა და თელ-ვივის მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია არ დაფრინავს ევროპის მიმართულებით. მის ბალანსზე რუსული წარმოების, 19 ერთეული სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია.

რუსეთის ფედერაციამ 2023 წლის 10 მაისს გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პუტინმა შოიგუს უბრძანა, შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა ერთ თვეში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მიმოხილვაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს 2023 წლის ოქტომბრამდე მისცა ერთთვიანი ვადა ფრონტზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად, უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად და ინიციატივის რუსეთის ჯარებისთვის დასაბრუნებლად.

ISW-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს, იმაზე, რომ რუს სამხედრო მეთაურებს აქვთ უწყვეტი კონტრშეტევის ბრძანება, მაშინაც კი, თუ ეს რუსეთს მძიმე ფასად დაუჯდება.

ISW-ი წერს, რომ 24 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინული ძალები უტევენ სამი მიმართულებით ორეხოვოს მიმართულებაზე.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიონ ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევას სამხრეთ ფრონტზე, რამდენიმე ძირითადი ვარაუდის გამართლების შემთხვევაში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ძალები განაგრძობენ შეტევას კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, ავდიივკა-დონეცკის ქალაქის ხაზის გასწვრივ და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო 3 ოქტომბერს განიხილავს

სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 3 ოქტომბერს განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ 22 სექტემბერს მიიღო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს წარდგენიდან 11 დღეში განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომას დაესწრება როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე დაესწრებიან „ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ამ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები არიან.

„კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დღეს, 25 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი [100 დეპუტატი]. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

——————–

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა. უკრაინის გარდა, პრეზიდენტს მთავრობამ უარი უთხრა შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტზე: გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთსა და ჩეხეთში,  თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 30 აგვისტოს დაიწყო.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 27-28 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 276 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +420]
  • ტანკი – 4 667 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 927 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 6 260 ერთეული [+27]
  • MLRS – 791 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 533 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 895ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 518 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 746 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 918 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 478 თვითმფრინავი
  • 250 ვერტმფრენი
  • 7 115 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 12 135 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 155 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 533 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 13 449 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუს უბრძანა, შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა ერთ თვეში – ISW

ხულოელი მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფინალში ლერი აბულაძემ აზერბაიჯანელი სპორტსმენი მურად მამადოვი დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარეობდა.

63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენის კარიერაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„კრიტიკული ზონა“ და BIAFF-ზე გამარჯვებული სხვა ფილმები

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმად ირანელი რეჟისორის, ალი აჰმადზადეს ფილმი “კრიტიკული ზონა” დასახელდა.

საუკეთესო რეჟისორის ტიტული დაიმსახურა თინათინ ყაჯრიშვილმა ფილმისთვის “მოქალაქე წმინდანი“, ხოლო ელენე ნავერიანის ფილმი – „შაშვი, შაშვი მაყვალი“, ჟიურიმ სპეციალური მოხსენიებით აღნიშნა.

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართა.  ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ათობით ახალი, მხატვრული და და დოკუმენტური ფილმის ნახვა იყო შესაძლებელი.

კინოფესტივალის დასკვნითი საღამო, დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. სწორედ აქ გამოილინდა გამარჯვებული ფილმები.

BIAFF მხატვრულ ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექცია

  • საუკეთესო ფილმი – „კრიტიკული ზონა“, ალი აჰმადზადე, ირანი/გერმანია, 2023
  • საუკეთესო რეჟისურა – თინათინ ყაჯრიშვილი ფილმისთვის „მოქალაქე წმინდანი“, საქართველო/ საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ეკა ჩავლეიშვილი – ფილმში „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – მიშალ ჟურავსკი – ფილმში „ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022
  • ჟიურის სპეციალური მოხსენიება – „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია/საქართველო, 2023 წ და „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი/გერმანია, 2023 წ.

BIAFF მხატვრულ ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში წარმოდგენილ ფილმებს ხუთკაციანი ჟიური აფასებდა – გიორგი ოვაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), დიანა მარტიროსიანი (სომხეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო).

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექცია

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „გარდაცვლილი ქორწინება”, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2022; 18 წთ
  • ჟიურის სპეციალური დიპლომი – „იხვებზე ნადირობა”, გიორგი ქობალია, საქართველო, 2023 წ.

ბათუმის კინომოყვარულთა კლუბის ჟიურის (როინ აბუსელიძე, ანა ორმოცაძე, დაჩი მეჯიდოვი) – მიერ აღინიშნა ორი ფილმი:

  • „მოქალაქე წმინდანი“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი/ბულგარეთი, 2023 წ
  • „ნატეხები“, ბეატა ძიანოვიჩი, პოლონეთი, 2022

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციას აფასებდა სამკაციანი ჟიური – თამარ ბართაია (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, არტურ ვებერი (ესტონეთი), რუსუდან გლურჯიძე (საქართველო), სადაც წარმოდგენილი იყო 20 მოკლემენტრაჟიანი ფილმი.

BIAFF 2023 სპეციალური პრიზი გადაეცათ
ზურაბ ყიფშიძე (საქართველო)
რევაზ მახათაძე (საქართველო)
გიული ჩოხელი (საქართველო)

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

BIAFF-ის სპეციალური პრიზი გიული ჩოხელს გადაეცა

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის სამი ქართველი ხელოვანი დააჯილდოვეს.

“ბიაფი, კინოში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს ხელოვანებს. წელს გადავწყვიტეთ მსახიობებიდან დაგვეჯილდოებია ზურა ყიფშიძე.

ასევე Რევაზ მახათაძე, რომელიც კინომატიანეს არქივს კურირებს უკვე ათწლეულებია და  გარკვეული წვლილი მიუძღვის ისტორიის შენარჩუნებაში.

BIAFF-ი ფესტივალის სპეციალურ პრიზს გადასცემს გიული ჩოხელს. ჩვენ გვინდოდა აღგვენიშნა გიული ჩოხელის წვლილი, როგორც ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლეგენდარული შემსრულებელი ქართველი ქალის,” – უთხრა ფესტივალის ორგანიზატორმა ზვიად ელიზიანმა “ბათუმელებს”.

BIAFF-ი, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში 17 სექტემბერს გაიხსნა და დღეს, 24 სექტემბერს დასრულდა.

ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ათობით ახალი, მხატვრული და და დოკუმენტური ფილმის ნახვა იყო შესაძლებელი.

 

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე – „გამოვკითხეთ შსს-ს 32 თანამშრომელი“

რა დადგინდა პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემთხვევაზე? – ვიკითხეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 31 ივლისის აქციაზე, სადაც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტეს. ამ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით 23 პირი დააკავეს.

„დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.

უწყებაში ასევე განმარტეს, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პირველი აგვისტოდან დღემდე:

„2023 წლის 31 ივლისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ქ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სანაპირო ზოლზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახალხო დამცველის აპარატიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შემოსული შეტყობინებები.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე, ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: მოწმის სახით გამოიკითხა 44 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი; 9 პირის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელთაგან 7 პირი პირადად წარდგა სამედიცინო ექსპერტის წინაშე; დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერები.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი და დათვალიერებული იქნა აღნიშნული 5 ობიექტის კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 113 საათს. დათვალიერებული იქნა სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში გასული სიუჟეტები, 2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით;

სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ამოღებული და გამოთხოვილი იქნა 9 პირის ადმინისტრაციულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები, სამართალწარმოებასთან დაკავშირებით შედგენილი მატერიალური სახის დოკუმენტაცია, სხდომის ოქმების აუდიოჩანაწერები და მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ელექტრონული მტკიცებულებები,“ – მოგვწერეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან.

Exit mobile version