25 სექტემბერს უკრაინაში დარღვევების შემსწავლელმა გაეროს საერთაშორისო დამოუკიდებელმა კომისიამ წარადგინა უახლესი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში ომის დანაშაულზე.
საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, სექსუალური ძალადობა, უკანონო თავდასხმები ასაფეთქებელი იარაღით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა და ა.შ.
შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომისიის გამოძიება ხერსონსა და ზაპოროჟიეში მიუთითებს რუსი სამხედროების მიერ წამების სისტემატურ გამოყენებაზე იმ პირების მიმართ, ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან იყო კავშირში. „რამდენიმე შემთხვევაში წამება ისეთი სისასტიკით ხდებოდა, რომ მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვა“, – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ პრესრელიზში.
ერთ-ერთმა მსხვერპლმა თქვა, რომ ყოველ ჯერზე, როცა პასუხობდა, რომ რაღაც არ იცოდა ან არ ახსოვდა, მას ელექტროშოკით აწამებდნენ. „არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდა ასე, თითქოს მარადისობა“, – თქვა მან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხერსონის რეგიონში რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს და სექსუალურად იძალადეს 19-დან 83 წლამდე ასაკის ქალებზე. აქვე აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობისას ოჯახის წევრები ხშირად მეზობელ ოთახებში იმყოფებოდნენ და მათ აიძულებდნენ მოესმინათ, რა ხდებოდა.
კომისია აღნიშნავს, რომ აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების მიერ არასრულწლოვანთა რუსეთში სავარაუდო გადაყვანის ცალკეული შემთხვევების გამოძიებას.
გაეროს კომისია აღნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში რუსული მედიასაშუალებებით გადმოცემული რიტორიკა შეიძლება იყოს გენოციდის წაქეზება.
„შეშფოთებულები ვართ გენოციდის შესახებ ბრალდებებით და ვაგრძელებთ ამ საკითხების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ ამის ერთ-ერთი ასპექტი შეიძლება იყოს წაქეზების საკითხი, რომელიც მოდის ზოგიერთი რუსული მედიიდან“, – ნათქვამია პრესრელიზში.
უკრაინაში დარღვევების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია გაეროს ეგიდით 2022 წლის მარტში შეიქმნა. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, სხვა საკითხებთან ერთად გამოიძიოს როგორც ადამიანის უფლებების ყველა სავარაუდო, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა.
შექმნის დღიდან კომისია უკრაინას ათზე მეტჯერ ეწვია.
____________
ფოტოზე: უკრაინა, ბოროდიანკა. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ მიცვალებულის დასაკრძალად. 2022 წლის 3 მარტი. ფოტო: EPA/ALISA YAKUBOVYCH