მთავარი,სიახლეები

28 სექტემბერს ძაღლსა და კატას ცოფზე უფასოდ აცრით – ნახეთ მისამართები

26.09.2023
28 სექტემბერს ძაღლსა და კატას ცოფზე უფასოდ აცრით – ნახეთ მისამართები

სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური და მიკედლებული ცხოველების [ძაღლი, კატა] უფასო ვაქცინაციას ცოფზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გამართავს.

ძაღლისა და კატის ვაქცინაცია 28 სექტემბერს, 11:00-16:00 საათებში გაიმართება.

ცხოველთა უფასო ვაქცინაცია აჭარაში შესაძლებელია შემდეგ ადგილებში:

ბათუმი – 6 მაისის პარკი;
ხულო – სტალინის №2 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
შუახევი – სელიმ ხიმშიაშვილის №1 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
ქედა – 26 მაისის № 2 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
ხელვაჩაური – დიდაჭარის 23 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა];
ქობულეთი – აღმაშენებლის №44 [აჭარის რეგიონული სამმართველოს შენობა].

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.

აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია – „ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის! ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.“

ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა, თუმცა მისი პრევენცია შესაძლებელია.

ადამიანებში ცოფის შემთხვევების 99% გამოწვეულია დაავადებულ ძაღლთან კონტაქტით.

ცოფის ნიშნები ძაღლებში: უარი საკვებისა და წყლის მიღებაზე, გაძლიერებული ნერწყვდენა, მომატებული აგრესია, მომატებული მგრძნობელობა შუქსა და ხმაურზე, ხმის ტემბრის ცვლილება [ხრინწიანი ყეფა], კოორდინაციის დარღვევა, დამბლა.

NCDC-ს ცნობით, ცოფზე საეჭვო ექსპოზიციის შემთხვევაში ჭრილობა დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს საპნით და გამდინარე წყლის უხვი რაოდენობით 15 წუთის განმავლობაში, შემდგომ დამუშავდეს იოდის შემცველი ან მსგავსი ვირუციდული საშუალებებით;

პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მისი დაყოვნება ან გადადება დაუშვებელია. ანტირაბიული ვაქცინაცია და საჭიროების შემთხვევაში, იმუნოგლობულინით მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად.

ამავე თემაზე:

ძაღლების ჯოჯოხეთი ბათუმის ნაგავსაყრელზე | ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: