ნეტგაზეთი • RU

„აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, პირველი რეისი 9 ოქტომბერს შესრულდება.

კომპანიის ინფორმაციით ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი  კვირაში ორჯერ შესრულდება.

ამავე დროს, „აზიმუტი“ შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს თბილისი-სოჭის მიმართულებით, ასევე კვირაში ორჯერ.

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც 17 მაისიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს კვირაში 7-ჯერ ასრულებს, უკრაინის სანქციების სიაშია ჯერ კიდევ 2022 წლის 19 ოქტომბრიდან.

კომპანია ავიარეისებს, ძირითადად, რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სტამბოლისა და თელ-ვივის მიმართულებით ახორციელებს. ავიაკომპანია არ დაფრინავს ევროპის მიმართულებით. მის ბალანსზე რუსული წარმოების, 19 ერთეული სამგზავრო თვითმფრინავი Sukhoi Superjet-ია.

რუსეთის ფედერაციამ 2023 წლის 10 მაისს გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.