მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკოტიკის გაყიდვაზე დააკავეს – შსს

07.09.2023 • 4385
ქობულეთში ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნარკოტიკის გაყიდვაზე დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ., ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ., ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა.

„ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან” მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა“ – წერს შსს.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10-მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი ,,მეტადონის” ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად, 40 დღის განმავლობაში განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, “შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” დალუქა.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: