„ამ გზაზე ისეთი მდგომარეობაა, ერთი ძლიერი წვიმაც საკმარისია და მხოლოდ ორხიდიანი მანქანა თუ გაივლის“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ ხიხაძირის ხეობის მცხოვრებლები. ეს „გზა“, რომელსაც ისტორიულ ხიხანის ციხესთან მივყავართ, დაახლოებით 7 კილომეტრია და მისი რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.
რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9,5 მილიონი ლარიდან 3,5 მილიონი დაიხარჯა, თუმცა გზა სოფელ ფუშრუკაულიდან ხიხაძირამდე ისევ სავალალო მდგომარეობაშია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ამჯერად ხელახლა გამოაცხადა.

გზა ხიხაძირის ხეობაში, სოფელ ნადაბურთან / 21.08.2023 / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სოფელ კვატიადან ხიხაძირის ცენტრამდე მონაკვეთში გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება შპს „სამშენებლო კომპანია მამისონთან“ დეპარტამენტმა 2020 წლის ივლისში 9,4 მილიონ ლარზე გააფორმა. სამუშაოები კი, კომპანიას 16 თვეში [2021 წლის დეკემბრამდე] უნდა დაესრულებინა.
აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილება 7-ჯერ შეიტანეს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ მხოლოდ 3,5 მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულა, 2022 წლის სექტემბერში კი, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელახალი ტენდერი გზის აღნიშნული მონაკვეთის „დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე“, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 11 თვის შემდეგ გამოაცხადა – 7 500 823 ლარით.
ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა დეპარტამენტისგან წერილობითი დავალების მიღებიდან 16 თვეში უნდა დაასრულოს [ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“].
განახლება: აღნიშნული ტენდერი არ შედგა. დეპარტამენტმა კი, იგივე თანხით ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით მეორე ტენდერიც არ შედგა.
თავდაპირველი ტენდერი დეპარტამენტს 10 264 247 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონს“ კი, შესყიდვების პორტალის მიხედვით, დეპარტამენტმა ჯამში 3 582 320 ლარი გადაურიცხა.
„მამისონთან“ ხელშეკრულება დეპარტამენტმა „ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების“ გამო შეწყვიტა და კომპანიას 370 ათას 360 ლარის პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს.
კომპანია არ ეთანხმებოდა დეპარტამენტის გადაწყვეტილებას და აცხადებდა, რომ დაიწყებდა სამართლებრივ დავას.
მიუხედავად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 20 დეკემბრის განკარგულებით, „მამისონი“ შავ სიაში დაარეგისტრირეს [შესაბამისი განცხადებით სააგენტოს გზების დეპარტამენტმა მიმართა].
„საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტო მიიჩნევს, რომ შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში…
სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მიმწოდებელს [„მამისონს“] ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია სასამართლოს განჩინება, რომლითაც სააგენტოს შეეზღუდებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის [გზების დეპარტამენტის] წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება“, – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში.
გზების დეპარტამენტის და „მამისონის“ პოზიციების სანახავად დააწკაპუნეთ აქ
„შემსყიდველი ორგანიზაციის პოზიცია:
შემსყიდველი ორგანიზაციის [საავტომობილო გზების დეპარტამენტის] წერილობითი შეტყობინების თანახმად, მიმწოდებელი [„მამისონი“] არაჯეროვნად ასრულებდა 2020 წლის 27 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2022 წლის 21 სექტემბრის წერილით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო.
შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი ინფორმაციით, მიმწოდებელმა 2021 წლის 26 ნოემბრის წერილით მოითხოვა სამუშაოების წარმოების ვადის გაგრძელება 2022 წლის 1-ელ ივნისამდე იმ მოტივით, რომ სამშენებლო მოედანზე ვერ მოხერხდა თანამედროვე საბურღი დანადგარის მიყვანა და სამუშაოებს აწარმოებდა მოძველებული ტექნიკით, ამასთან, მიმწოდებელი აცხადებდა, რომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფდა დამატებითი საბურღი მოწყობილობის აყვანას ხიდის ხიმინჯების მოსაწყობად და სამუშაოების უფრო მაღალი ტემპით განხორციელებას.
2021 წლის 30 აგვისტოს ობიექტზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებელი სამუშაოებს აწარმოებდა დაბალი ტემპით და სამუშაოები მიმდინარეობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთეულ მონაკვეთებზე მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო მინიმუმ ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და მათი თანმხლები სხვა სამუშაოების განხორციელება.
შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, რომ მან არ შეწყვიტა სამართლებრივი ურთიერთობა და მიმწოდებელს ფაქტობრივად მისცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის.
შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის ბოლოს და, პანდემიის გათვალისწინებით, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე არ დგინდებოდა, რომ სამუშაოების განხორციელების ნაწილში მიმწოდებელი რაიმე სახის არსებით ზეგავლენას განიცდიდა. ამასთან, პანდემიიდან გამომდინარე 2021 წლიდან დაწესებული რეგულაციები და შეზღუდვები, მიმწოდებლის სურვილის შემთხვევაში, გავლენას ვერ მოახდენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე, რადგან 2021 წლიდან აღნიშნული შეზღუდვების არსებითი ნაწილი მოხსნილი იყო, ხოლო პერსონალის ინფიცირება და მისგან მომდინარე შეფერხება უნდა დასაბუთებულიყო შესაბამისი დოკუმენტაციით, რაც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის არ წარუდგენია.
შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, არ არსებობდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი, ასევე, მიმწოდებელს შეეძლო შეემოწმებინა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, გონივრულ პერიოდში, ბაზარზე არსებული ფასები და განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის საჭირო მასალების წინასწარი შესყიდვა მომარაგების მიზნით.
შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნავს, ზემოაღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სამშენებლო ობიექტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის მიმწოდებელს ჯამში შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაახლოებით 41%.
მიმწოდებლის პოზიცია
მიმწოდებლის [„მამისონის“] განმარტებით, სამუშაოების შესრულებისას გამოვლინდა არაერთი დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ:
სამშენებლო მოედანი მდებარეობდა ცენტრალური გზიდან 21 კილომეტრის დაშორებით, აქედან დაახლოებით 5 კილომეტრი წარმოადგენდა ვიწრო, სერპანტინიან მონაკვეთს, ასევე, ობიექტამდე მისასვლელ გზაზე მდებარეობდა ძველი აშენებული ხიდი, რომელიც არ იყო გათვლილი დიდი გაბარიტების მქონე მძიმე ტექნიკის გატარებაზე.
ვინაიდან კომპანიას არ გააჩნდა საკუთარი ხიმინჯების საბურღი დანადგარი, იგი იძულებული გახდა მიემართა სხვა მესაკუთრეებისთვის, რომლებიც აღნიშნული ხიდის და გზის სივიწროვის გამო უარს ამბობდნენ საბურღი დანადგარის ობიექტზე მიყვანაზე, ასევე, მათ დაშლილ მდგომარეობაში ტრანსპორტირებასა და ობიექტზე აწყობაზე.
მოცემული გარემოებების გამო, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად კომპანიამ გადაიყვანა ძველი საბჭოური წარმოების საბურღი დანადგარი укс-22, რომელმაც გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების შესრულება, რის გამოც ტექნოლოგიურად ვერ გაგრძელდა ხიდის მოსაწყობად აუცილებელი სხვა სამუშაოები. პრობლემის გადაჭრის მიზნით იგეგმებოდა იმავე მოდელის დამატებითი საბურღის აყვანა, რათა ორივე დანადგარის გამოყენებით შესძლებოდა ხიმინჯების მოწყობა.
მიმწოდებელი აღნიშნავს, რომ სამუშაოების შესრულებისას მნიშვნელოვნად გაიზარდა ხიდის მოსაწყობად ლითონის კონსტრუქციული ელემენტებისთვის საჭირო ფურცლოვანას ფასი და ასფალტ-ბეტონის ღირებულება, რაც აფერხებდა სამუშაოების წარმოებას.
სამუშაოების შესრულებას ასევე აფერხებდა პანდემიით გამოწვეული რეგულაციები და ათკაციანი ბრიგადების ორკვირიან თვითიზოლაციაში გადაყვანა, ხოლო დამატებითი ბრიგადების მობილიზაცია ობიექტის ადგილმდებარეობისა და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით დაკავშირებული იყო დამატებით დროსა და ხარჯებთან. სამუშაოები ასევე შეაფერხა 2021 წლის ზაფხულში ცემენტის დეფიციტმა, რის გამოც იგი ვერ ასრულებდა ბეტონის სამუშაოებს.
მიმწოდებლის განმარტებით, მან შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ მოცემულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობდა ფასთა ინდექსაციის საკითხზე მუშაობა და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე და სავარაუდო შედეგების განსაზღვრამდე სამუშაოები ვერ გაგრძელდებოდა სრული მოცულობით, რადგან სამშენებლო მასალებზე ფასთა სხვაობას შეიძლება გამოეწვია კომპანიის გაკოტრებაც კი.
მიმწოდებელი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ ფასთა ინდექსაციასთან დაკავშირებით ისედაც ფინანსურად დაზარალებული მიმწოდებლები უარეს მდგომარეობაში ჩააყენა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, იგი კვლავ აგრძელებდა სრულ მობილიზაციას და, მათ შორის, შესაბამისი ფინანსური სახსრების მოძიებას ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად.
მიმწოდებელი ასევე აღნიშნავს, რომ მან მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის № 753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის
გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის“ ხელშეკრულებებზე გავრცელებისა და მათი შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების თაობაზე, მაგრამ შემსყიდველ ორგანიზაციას მოცემულ საკითხზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
მიმწოდებელი მიუთითებს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო სამუშაოების შესრულებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, იგი ასევე არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას.“
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2022 წლის 20 დეკემბრის განკარგულება – შპს „სამშენებლო კომპანია მამისონის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ
გზების დეპარტამენტმა 2022 წელს ხულოში „მამისონს“ კიდევ ერთი, 14.5-მილიონიანი ხელშეკრულება შეუწყვიტა.
ეს ხელშეკრულება დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა და სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.
გადაიხადა თუ არა „მამისონმა“ პირგასამტეხლო? – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად, წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
„ბათუმელები“ კომპანია „მამისონს“ ამჯერად ვერ დაუკავშირდა.
რა სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ზამლეთი-ხიხაძირის სარეაბილიტაციო გზაზე, ნახეთ ამ ბმულზე:
ხულოში ზამლეთი-ხიხაძირის გზის 7კმ-ის გასაკეთებლად 10,2 მილიონი დაიხარჯება