„შემოგვიშვით“ – ბათუმის უნივერსიტეტის ჩაკეტილ კართან სტუდენტები სკანდირებენ

დღეს, 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დილას დაწყებულმა აქციამ ჯერ ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობით გაგრძელდა, 13 საათის შემდეგ კი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს შეუერთდნენ აქციას, ისევ უნივერსიტეტთან მივიდნენ. ამჯერად ბსუ-ს კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა.

„შეგვიშვით“ – სკანდირებენ სტუდენტები უნივერსიტეტის კარებთან.

მოგვიანებით სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს და კიბეებზე ჩამოსხდნენ.

სტუდენტები ბსუ-ს წინ

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, ასევე, ბათუმში მდებარე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა მოძრაობებმა 13 მაისს განაცხადეს, რომ იწყებდნენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით.

საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური მოძრაობების დიდი ნაწილი გაფიცულია.

დღეს, 14 მაისს, 38 უნივერსიტეტის რექტორმა ერთობლივი განცხადებით უპასუხა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის გაფიცვას. რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. განცხადების ხელმომწერთა შორისაა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიც.

ამის პარალელურად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა შეაჩერა სწავლა 20 მაისამდე. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“ – ნათქვამია განცხადებაში.

N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები – სტუდენტების გაფიცვის პარალელურად ვუერთდებით პროტესტს

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა აპროტესტებს რუსულ კანონს და დღეს ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება.

„ჩვენ, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის #1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს. როგორც ჩვენი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის თვითმმართველობა, ვაღიარებთ სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. ილია ჭავჭავაძე, რომელიც საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან ინტეგრაციის გულმხურვალე ქომაგი იყო, თავიდანვე ხაზი გაუსვა ევროპული მომავალის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მისი ხედვა ევროპულ პრინციპებთან შესაბამისობაში მყოფი საქართველოს შესახებ, ჩვენთვის განსკუთრებით მნიშველოვანია, დღეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და გავაპროტესტოთ ის რაც ქვეყნის ევროპულ წინსვლას საფრთხეს უქმნის, ამიტომ, სტუდენტების გაფიცვის პარალელურად ვუერთდებით პროტესტს ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის პოზიციის მხარდასაჭერად.

ასევე ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი და თავისუფალი მომავლის მხარეს, ჩვენი გზა ევროპაშია!!!

14 მაისი 10:30 საათზე,  პარკის კოლონადებთან,

#კიევროპას!! #წინევროპისკენ!!,“ – ნათქვამია სკოლის თვითმმართველობის განცხადებაში.

დღეს, 14 მაისს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით გეგმავს რუსული კანონის მიღებას. მოქალაქეები კანონის მიღების წინააღმდეგ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან არიან შეკრებილები და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ არ მიიღოს კანონი. საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

 

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტს უერთდებიან – დღეს დუმილი სირცხვილია

დღეს, 10:30 საათიდან, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად რუსულ კანონს გააპროტესტებენ.

„შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!“ – დაწერეს წუხელ, გვიან ღამით საჯარო სკოლის თვითმმართველობის გვერდზე.

მოსწავლეების მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა კვლავაც ემიჯნება და უარყოფს საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონპროექტს“, რომელიც გარდა ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვისა, ცხადად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი თაობის მომავალს.

ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების შელახვისა და არაერთხელ სისხლად და ცრემლად დაღვრილი სამშობლოს შეურაცხყოფის ტოლფასია, რის საშიშროებასაც ნათლად გვისახავს მიმდინარე მოვლენები.

რთული წარმოსადგენია, ერთი შეხედვით მთავრობა, რომლის მიზანიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ მომავალზე ზრუნვაა, თელავდეს მოაზროვნე საზოგადოებას ილუზიებით, ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის ჯანსაღ აზრს და რაც მთავარია, უპირისპირდებოდეს ერისა და ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, რომლებმაც ეს ქვეყანა შემოგვინახა ღირსეული სახელითა და ნათელი მომავლის უდრეკი იმედით.

დღეს დუმილი სირცხვილია!

მიმდინარე მოვლენები ეხება თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, თითოეულ ახალგაზრდასა თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლებსაც შესაძლოა ამ კანონპროექტმა შეუზღუდოს საკუთარი თავისა თუ ქვეყნის დემოკრატიულ და სრულფასოვან გარემოში განვითარება.

უმოქმედობა თითოეული იმ გმირისა თუ მოვლენის შებილწვაა, რომლებმაც დღეს მოგვცეს ევროპის ღირსეულ ნაწილად საქართველოს აღქმის შესაძლებლობა.

14 მაისს, მესამეჯერ განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და კიდევ ერთხელ გადმოგვესხმება ლაფი ჩვენი კეთილგანწყობით ირიბად აღჭურვილი თანამემამულეების მიერ.

მოქმედების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! ხვალ, გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება. ️

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და თვითმმართველობის თავმჯდომარე ალექსანდრე მჟავანაძე მოგიწოდებთ:

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის მოსწავლე-სტუდენტებსა და ჩვენი ქალაქის თანამედროვე საზოგადოებას, ხვალ, 14 მაისს, 10:30 საათზე, შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!

მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ!

„სინდისმა შეგვაწუხა“ – ბათუმში სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, ბათუმი ოთხი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აქციაზე არიან პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის და „ევრო2000“-ის მოსწავლეები.

„გამოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენი სლოგანია სწავლა – ხალისით გზა ევროპისკენ და არა გზა მოსკოვისკენ. სინდისმა შეგვაწუხა, სირცხვილია ამ დროს სახლში რომ იყო“ – უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბათუმელებს“.

ბათუმის №1 და №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებმა განცხადებებიც გაავრცელეს, რომელშიც აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენები ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს:

„მოქმედების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! ხვალ, გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება“ – ვკითხულობთ №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის განცხადებაში.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 485 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 7 496 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 14 460 ერთეული [+43]
  • საარტილერიო სისტემა – 12 515 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 798 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 351 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 985 ერთეული [+49]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 907 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 2 054 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 596 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 046 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 521 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 016 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 296 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 701 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გერმანიის საგარეო მინისტრი – ევროპის გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალინა ბერბოკი თბილისში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროტესტს ეხმიანება. გერმანელი მინისტრის თქმით, „ახლა მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეისმინოს ხალხის ხმა“.

„შეიძლება ახალ ამბებში უკვე ნახეთ. საქართველოში ათობით ათას ადამიანს საქართველოში საპროტესტო გამოსვლები აქვს უკვე კვირებია და საკუთარი ქვეყნის ევროკავშირისკენ გეზს იცავს: სტუდენტები, მათი მშობლები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად გარეთ დგანან. ყველა მათგანი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს აპროტესტებს.

ამ კანონპროექტის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა, რომლებიც ნაწილობრივ უცხოეთიდან ფინანსდებიან.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველოს ათობით ათასმა მოქალაქემ გვაჩვენა, რომ ევროპის გული სადღაც ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ფეთქავს მხოლოდ.

ეს გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის, მის დემოკრატიულ, ცოცხალ და კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ახლა მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეისმინოს ხალხის ხმა“, – დაწერა ანალენა ბერბოკმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტაგრამზე, სადაც რამდენიმე კადრი განათავსა თბილისის უწყვეტი ანტირუსული პროტესტიდან.

„გაყინული 2 მლრდ დოლარი გლობალური ომის პარტიის ხელშია“ – რატომ არ ხვდება ივანიშვილი ობრაიანს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

„იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე.

ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც, რეალურად, მან დასავლეთ მიანდო და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები დასრულდება, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს,“ — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან არაერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს ივანიშვილი დაასანქცირა გლობალური ომის პარტიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილება მსგავს შანტაჟს.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღებს მედიისა და არასამთავრობოების შემზღუდავ რუსულ კანონს.

„დიახ, შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ“ – 18 წლის ბათუმელი აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა 

ანტირუსული მოძრაობის აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს ემუქრებიან, რომ მათ შვილს საფრთხე ემუქრება. ზვიად ცეცხლაძე მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე წერს, რომ გუშინ, 12 მაისს მას და მის მეუღლეს ღამის საათებში დაურეკეს და შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ:

„არაორაზროვნად მითხრა, რომ თუ არ გავაჩერებდი, ჩემს შვილს, ზვიად ცეცხლაძეს, პრობლემები შეგვექმნებოდა მთელს ოჯახს, განსაკუთრებით მე და ზვიადს და თუ ამას არ გავითვალისწინებ მერე ყველაფერი ჩემს თავს უნდა დავაბრალო.

ზვიად ცეცხლაძის მამა ზეწოლასა და მუქარაში „ოცნების“ ხელისუფლებას ადანაშაულებს:

„ამჯერადაც მუქარის ავტორი ხელისუფლების წახალისებული და მისი დაკვეთის შემსრულებელია. პირდაპირ „ოცნების“ ხელისუფლებას მივმართავ, ასეთი საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი ნაცებსაც არ უკადრიათ, უბრალოდ სამსახურიდან გაგვყარეს მე, ჩემი და ნარგიზ ცეცხლაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ჩემი ძმა რამაზ ცეცხლაძე. თქვენ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეთ როცა შვილის უსაფრთხოებაზე დამემუქრეთ, ამიტომ მოგიწოდებთ დროულად შეწყვიტოთ არაადამიანური ზეწოლა და მუქარა ჩემს ოჯახზე, სხვა შემთხვევაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ“, – წერს ზურა ცეცხლაძე.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ეფექტურად გამოიძიოს მუქარის ფაქტი, თუმცა პოსტის გამოქვეყნებიდან 15 საათზე მეტი გავიდა და ამ დრომდე ზურა ცეცხლაძეს არავინ დაჰკავშირებია. ის არ გამოუკითხავთ. ის საელჩოებისგანაც ითხოვს:

„ასევე მივმართავ შსს-ს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჩემს ოჯახზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი და აღკვეთოს ასეთი ფაქტები. ასევე მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, დიპლომატებს და საქართველოს პრეზიდენტს, დაიცვან ჩემი შვილის ზვიად ცეცხლაძის სიცოცხლე და უსაფრთხოება“.

ზურა ცეცხლაძე შესაბამის მოქმედებას სახალხო დამცველისგანაც ითხოვს:

„და ბოლოს, სახალხო დამცველს ვთხოვ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება, ვიდრე არ განახორციელეს მუქარა და ეს ყველაფერი არ დასრულდა ტრაგიკულად. ჩემი შვილი ზვიად ცეცხლაძე არ წარმოადგენს არცერთ პარტიას, არის აბსოლუტურად მშვიდობიანი მომიტინგე, ყოველგვარი რადიკალიზმისა და კანონდარღვევის გარეშე, არასდროს მოუწოდებია არეულობისა და რევოლუციისაკენ, შესაბამისად მისი ყველა მოქმედება ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ყველას გთხოვთ დროულ რეაგირებას“.

ჩვენ ზურა ცეცხლაძეს დამატებითი დეტალების დასადგენად ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მას და მისი ოჯახის წევრებს ჯერ საგინებლად დაურეკეს:

„როცა ყველას სატელეფონო ზარებით აგინებდნენ, ჩვენთანაც შემოვიდა ზარები სამხრეთ აფრიკიდან. ასევე, რუსეთიდან. მაშინ დედის გინებაზე იყვნენ ორიენტირებული. ამას ყურადღებას არ ვაქცევდით.  რაც შეეხება გუშინდელ ზარს. ზარი განხორციელდა ქართული ნომრიდან, ქართულ ენაზე მოსაუბრე პირდაპირ მიმითითებდა გააჩერე შენი შვილი, ზვიად ცეცხლაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში გემუქრებათ საფრთხე, განსაკუთრებით კი შენ და ზვიადსო.

შევეცადე გამეგო, ვინ იყო და რატომ რეკავდა. ისე მესაუბრა თქვენი სიკეთისთვის ვაკეთებ ამას, რომ გაფრთხილებთო. მე ვუთხარი, რომ თუ სიკეთისთვის აკეთებდა ეთქვა სახელი და გვარი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვსო. ასევე ვუთხარი, უნდა მითხრა, რა საფრთხე ემუქრება ჩემს შვილს-მეთქი. მე ჩემი გითხარი და რაც მოგივა თქვენს თავს დააბრალეთო. ეს იყო და გათიშა ტელეფონი. “

ამის შემდეგ იგივე ნომრიდან დაურეკეს ზვიად ცეცხლაძის დედას:

„ჩემს მეუღლეს ჰკითხა, სად ხართო. მან უპასუხა მიტინგზე ვართო და იგივე უთხრეს მასაც. აიძულე მეუღლე და შვილი გამოეთიშონ ამ პროცესს, თორემ საფრთხე რეალური გახდებაო. დიახ, მე ასე გავიგე, რომ შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ.“

ზურა ცეცხლაძის თქმით, ამ ამბავზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ იგივე ნომრიდან დაურეკეს, დღეს, 13 მაისს დილის საათებში.

„რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ მე აღარ მქონდა საუბრის ხასიათი. როგორც ვხედავ, სიტუაცია მართლაც საფრთხის შემცველია, ამიტომ მოვუწოდე სამართალდამცავებს და სხვებს. ჩემი შვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. არის 18 წლის. არის თანამედროვე ახალგაზრდა, რომელიც სწორად კითხულობს ყველაფერს, ჩემზე უკეთესად წაიკითხა, დაამუშავა და იცის, რომ ეს არის რუსული კანონი.

მეც, როგორც იურისტმა შევისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ არის რუსული. ამ თემაში ჩვენ ოჯახი ვთანხმდებით. ასეც, რომ არ იყოს, ის სრულწლოვანია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს, ეს არის სწორი გადაწყვეტილებები და ჩვენ ოჯახი ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერთ მას.

ის არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთ მის მოწოდებაში არეულობისკენ, რევოლუციისკენ ან ექსტრემიზმისკენ არ არსებობს. მშვიდობიანი, მოწესრიგებული აქციები აქვს. ერთადერთი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოდის რუსული კანონის უკან გაწვევაა. როგორც კი ამ კანონს გაიწვევენ, ყველა დაუბრუნდება ოჯახს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას დროული რეაგირება მოახდინონ, განსაკუთრებით სახალხო დამცველს და სამართალდამცავ ორგანოებს.“

ზურა ცეცხლაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია მიმართავს თუ არა პოლიციას ოფიციალური განცხადებით. ის ამბობს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პოლიციას უნდა ჰქონოდა რეაგირება:

„ფაქტზე შეუძლიათ დაიწყონ მოკვლევა. აუცილებელი არ არის განცხადების შეტანა. ვფიქრობ, არ აქვს აზრი განცხადების შეტანას, თუმცა ჯერ საბოლოდ არ მაქვს გადაწყვეტილი. თუ დღესაც განმეორდა ზარი, შეიძლება უკვე ოფიციალური განცხადებაც შევიტანო“.

მუქარის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ზვიად ცეცხლაძემაც დაუდასტურა.

___

მთავარი ფოტო: ზვიად ცეცხლაძე დედასთან ერთად აქციაზე

„პროტესტი გრძელდება, ხვალ გაფიცულ სტუდენტებს გელოდებით ბსუ-ში“ – განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ აცხადებს, რომ პროტესტი გრძელდება და ხვალ, 14 მაისს, ბსუ-ში ელოდებიან გაფიცულ სტუდენტებს.

„ხვალ, დილის 10 საათიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გელოდებით გაფიცულ სტუდენტებს:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
  • საზღვაო აკადემიიდან
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის საზღვაო ნავიგაციის უნივერსიტეტიდან

მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაცდენილი სემინარების აღდგენაზე, ყველა უნივერსიტეტთან.

ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირობა დადო გაცდენილი ლექციების, სემინარებისა და გამოცდების აღდგენაზე.

ვიბრძოლებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“ – წერს სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე.

დღეს, 13 მაისს, იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რუსული კანონი მესამე მოსმენით რეკორდულად მცირე დროში მიიღეს, ქვეყნის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

გაფიცვის შესახებ განაცხადეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

„დუმილი დანაშაულია“ – პროტესტს უერთდებიან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის [BAU] ქართველი სტუდენტები აცხადებენ, რომ სტუდენტების საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ.

„ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს.

მაშინ, როდესაც ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, დუმილი დანაშაულია. ჩვენ სასტიკად ვგმობთ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

როგორც მომავალ ექიმებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები მაშინ როცა გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას და ევროპულ მომავალს.

ეს კანონი შექმნილია იმისთვის,რომ გააჩუმოს განსხვავებული აზრი, ჩაახშოს მრავალფეროვნება და შეარყიოს დემოკრატიის არსი.

დღეს ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, არა როგორც სამედიცინო სტუდენტები, არამედ როგორც მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჩვენი ქვეყნის ღირებულებებისა და თავისუფლების დასაცავად.

ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტი მკაფიოდ დააფიქსირებს საკუთარ აზრს და დაგვიჭერს მხარს.

ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს! შინ, ევროპისკენ,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 13 მაისს, იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რუსული კანონი მესამე მოსმენით რეკორდულად მცირე დროში მიიღეს, ქვეყნის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

გაფიცვის შესახებ განაცხადეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

„გაიფიცე რეჟიმის წინააღმდეგ” – საქართველოს 3 ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოფინეს

დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა „რუსული პოლიციური რეჟიმის“ საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს. 

ყველგან პოლიცია, არსად – სამართალი! გაიფიცე, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვაცხადებთ: გაიზრდება წნეხი – გაიზრდება სამოქალაქო რეგიონული წინააღმდეგობა!

 სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური მუშტით გვისწორდებიან სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს იმ უღირსი, მჩაგვრელი, სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების გამო, რომელშიც გვაცხოვრებს მმართველი კლასი!

შიში გაქრა! გაბრაზებულ ხალხს აღარაფერი გვაქვს დასაკარგი, ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩვენზეა! დამხობა რუსულ მთავრობას, დამხობა მყვლეფავი პოლიტიკური კლასის ბატონობას! რეგიონების სოლიდარობა გაფიცულ სტუდენტებს!“ – ვკითხულობთ მათ განცხადებაში. 

ზუგდიდში რამდენიმე მესიჯი გადმოიფინა: „ყველგან სანახაობა არსად პური“; „ყოველთვის დაშინება – არასდროს თავისუფლება“; „გაიხსენე, 2007 წელს რუსეთის ბეტეერი იდგა აქ“.

ზუგდიდი, შალვა დადიანის სახელობის თეატრი, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ქუთაისში წერილი “გაიფიცე პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ” – ქუთაისის მერიაზე გადმოიფინა.
თბილისი, მშრალი ხიდი

ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ

ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ.

დღეს, 13 აპრილს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და გაიფიცნენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით სტუდენტების გაფიცვას რამდენიმე ლექტორიც შეუერთდა.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დილის 09:00 საათზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონს.

კომიტეტის სხდომა ზუსტად 67 წამს გაგრძელდა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პროცედურა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.

პარალელურად, პოლიცია გარეთ შეკრებილების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, რისი ამსახველი კადრებიც არაერთმა მედიამ გადაიღო.

ხელისუფლებამ რუსული კანონი ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა, სადაც მედია შეზღუდულადა იყო დაშვებული. უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა აკრძალული აქვს ყველა მედიას, გარდა ტელევიზიებისა. მათთვის ნებადართულია მხოლოდ 2 გადამღები ჯგუფის შეშვება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 484 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 740]
  • ტანკი – 7 485 ერთეული [+31]
  • ჯავშანტექნიკა – 14 417 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 12 487 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 797 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 350 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 936 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 197 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 878 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 2 048 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 596 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 020 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 518 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 008 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 295 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 526 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 678 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას“ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები უერთდებიან პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და ხვალ, 13 მაისს, პროტესტის ნიშნად, სხვა სტუდენტების მსგავსად გაიფიცებიან.

„ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ გაგვჩენოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, რათა გავაგებინოთ ჩვენი ხმა ყველა ლექტორს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია.

სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 13 მაისს, საზღვაო აკადემიის მთავარ შესასვლელთან ვიკრიბებით ყველა სტუდენტი და ლექტორი, რათა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ, თავისუფალ და ევროპულ მომავალს“- ნათქვამის სტუდენტების განცხადებაში.

სტუდენტები ასევე გაიფიცნენ თბილისშიც.  ისინი არ აპირებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას მანამ, სანამ ხელისუფლება არ გაიწვევს რუსულ კანონს. საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ, გრძელდება.

ამავე თემაზე: ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

ნაბუქოდონოსორმა დასასჯელად 3 ახალგაზრდა ღუმელში ჩაყარა, ისინი უვნებელნი დარჩნენ – ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მრევლს მიმართავს, ილოცონ “ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა“, რომლებიც ბაბილონის მეფემ დასჯის მიზნით ღუმელში ჩაყარა, ისინი კი სრულიან უვნებლები გადარჩნენ.

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.

მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: – ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.

შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს”, – წერს პატრიარქი.

განახლება 04:23 – საპატრიარქო აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.
“ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო” – საქართველოს საპატრიარქო

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრეი ბელუსოვი, რომელიც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

„ტასის“ ცნობით, უშიშროების სამინისტროებისა და სამსახურების ხელმძღვანელები, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, შეინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს მთავრობაში, შოიგუ კი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს დაიჭერს.

სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. მანამდე ის მოსკოვის ოლქის გუბერნატორი და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი იყო. შოიგუ პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.

ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ იწყებენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით და აღარ გამოცხადდებიან აუდიტორიებში.

12 მაისი მონაცემებით, სტუდენტურ გაფიცვას ერთდებიან:

  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები
  • თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
  • ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები 
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
  • კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • ალტეს უნივერსიტეტის სტუდენტები 
  • საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები 

სტუდენტების გაფიცვის ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს. 11 მაისს სტუდენტების ჯგუფმა საგანგებო განცხადება გააკეთა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, მათ უარი თქვეს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებსა და ლექტორებსაც მოუწოდეს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.

12 მაისს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით, მათ შორის აქციებზე, გაცდენილ ლექცია-სემინარებს კი მოგვიანებით აღადგენენ. განცხადებას ამ დროისთვის 150-ზე მეტი ლექტორ-მასწავლებელი აწერს ხელს.

საკუთარი სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც. „რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა“, – აცხადებენ ილიაუნის ლექტორები.

  • რა ხდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

გაფიცვა! ბსუ-ს სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ – პეტიცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პეტიცია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ უერთდებიან გაფიცვას.

„ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე.

ამ განცხადებით ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ამ ისტორიულ პროცესში და ვუერთდები გაფიცვას.“ – აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 400-მდე სტუდენტი აწერს.

ბსუ-ს სტუდენტების ნაწილმა 11 მაისს განაცხადა, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადება სტუდენტურმა მოძრაობა „მარტიანელებმა“ გაავრცელა, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში.

ამ თემაზე: „არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

მანამდე ანალოგიური განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა გააკეთა:

ამ თემაზე: „უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე“ — თსუ-ის სტუდენტების ნაწილი იფიცება

ორშაბათიდან, 13 მაისიდან გაიფიცება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც. გაფიცვას უერთდებიან ასევე სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდანაც. მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ალტე უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც.

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 15 მაისს კი – უმეტესად უნალექოდ.

თელ-ავივი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

ისრაელის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივი – ბათუმის ავიარეისს ასრულებს ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია.

თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდომას ამ წუთებშიც [11:12 სთ] ცდილობს.

განახლება: თვითმფრინავი აეროპორტში მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა [დაახლოებით 11:30 სთ-ზე].

განახლება: თელ-ავივის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა

ბათუმის აეროპორტში პირველივე მცდელობაზე უპრობლემოდ დაჯდა მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 482 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
  • ტანკი – 7 454 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 14 375 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 12 472 ერთეული [+30]
  • MLRS – 1 066 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 797 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 350 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 910 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 194 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 819 ერთეული [+64]
  • სპეცტექნიკა – 2 042 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 595 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 23 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 516 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 290 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 526 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 634 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა

კომპანია „ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა სალომე გველესიანმა გაავრცელა.

„ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ.

ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლებისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდის და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე – მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა.

ვწუხვარ, რომ მოვლენები ისე განვითარდა, ამ გზაზე კომპანიასთან გამომშვიდობება გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას – გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე.

პ.ს. ცალკე დიდი პოსტი უნდა მიეძღვნას იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფერს საოცარი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებდი, მაგრამ ამაზე ცალკე…“ – წერს სალომე გველესიანი.

საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ფონზე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან…

ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს…“ – წერს სოსო ფხაკაძე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ კი, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. ამ ჩამონათვალში არის „ვისოლიც“.

კოლაბორაციონისტ ბიზნესს ჩვენი რესურსი არ მოხმარდება – შემოქმედებითი სააგენტოები

 

 

„არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადებას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში.

„მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება.

არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.

ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი/B S U-ს სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს – დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებს და ლექტორებსაც მოუწოდებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება დღეს, 11 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გააკეთეს:

„დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

„მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს“ – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებენ თსუ-ს სტუდენტებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს, რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა“ – ვკითხულობთ სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებს და ლექტორებსაც მოუწოდებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება დღეს, 11 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გააკეთეს:

„დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.

თბილისში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

______________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ თბილისში

 

ბათუმში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან, ასევე „ოცნების ქალაქში“ ქარმა ხეები წააქცია.

როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, 26 მაისის ქუჩაზე წაქცეული ხე რამდენიმე ადამიანს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური.

ძლიერი ქარი ბათუმში. ფოტო: ევა ართმელაძე/ბათუმელები

მრავალსართულიან კორპუსს ქარმა სამშენებლო მასალები შემოაცალა.

მრავალწლოვანი ხე წააქცია ქარმა ასევე „ოცნების ქალაქში“, რომელიც სახლს დაეცა.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, დაზიანდა სახლის სახურავი, თუმცა არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, „მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ დგას რამდენიმე ალვის ხე, რომლებიც გადაბელვას საჭიროებს. რამდენიმე თვის წინ მივწერეთ აჭარის ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.“

„ოცნების ქალაში“ ქარმა ხე წააქცია, რომელიც სახლს დაეცა / 11.05.2024

სინოპტიკოსთა ცნობით ბათუმში დღეს ქრის დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში. პროგნოზით ქარი და წვიმაა მოსალოდნელი ბათუმში ხვალაც, 12 მაისს.

რას ჰყვება მოქალაქე, რომელიც პოლიციამ სასტიკად სცემა – „ამ კანონს ვერ გაიტანენ“

ირაკლი წიგნაძე, რომელიც სპეცრაზმის წევრებმა 11 მაისს ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგადაა და საშიში არაფერი სჭირს.

ის მომხდარ ამბავს ასე აღწერს:

„ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან.

ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტომ დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ – ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის „პაძელნიკს“ ეუბნება „ეს დედამ**** თუ არ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო“. დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა. უბრალოდ, არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.

ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მე მგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ )))) და ასჯერ რო მცემეს მერე ავტობუსთან რო დავდექი კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ, ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა შგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში )))))

ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან, სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ რო კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის, ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე, როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ახლა რის კეთებაზეც გადავიდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.

ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!“ – წერს ირაკლი წიგნაძე.

ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც საუბარია, რომ ნასვამმა მძღოლმა გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს, თუმცა არაფერია ნათქვამი სამართალდამცველების მიერ მოქალაქის სასტიკ ცემაზე:

შსს მოქალაქის ცემის ინციდენტზე: გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით კი, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით:

სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემაზე გამოძიება დაიწყო

სპეცრაზმელები ჯგუფურად სცემენ მოქალაქეს - შსს ამბობს, რომ გამოძიება დაიწყო

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 481 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320]
  • ტანკი – 7 449 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 14 353 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 12 442 ერთეული [+55]
  • MLRS – 1 064 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 796 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 868 ერთეული [+42]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 193 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 755 ერთეული [+64]
  • სპეცტექნიკა – 2 040 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 594 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 951 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 515 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 981 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 286 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 494 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 600 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ნიშნავს ქართული ჯარისთვის აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.

გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს?

ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა მთავარია, რა რეაგირება გვექნება საფრთხეზე. გადამდგარი გენერლის პოზიცია მკაფიოა: „რუსეთთან არავითარ შემთხვევაში მარტოდ დარჩენა არ შეიძლება. დღეს რუსეთთან პირისპირ მარტოდ დარჩენა ძალიან დიდი რისკის მატარებელია. არსებობს მარტო დარჩენის საფრთხე იმ სიგნალის მიხედვით, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის,“ – გვითხრა მან.

„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, უკრაინის ომის შემდეგ, რა სამხედრო რესურსი აქვს მობილიზებული რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – როგორც პირადი შემადგენლობა, ისე ტყვია-წამალი, მძიმე ტექნიკა თუ საფრენი აპარატები? 

ეს ძნელი სათქმელია, რამდენი გავიდა და რით შეივსო. როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში ეს არის მეოთხე და მეშვიდე ბაზები, თითო გაძლიერებული ბრიგადის რაოდენობით [დაახლოებით 4000-4000 კაცი],რასაც ემატება ეფესბე-ს ძალები, რომელიც იქ ვითომდა ადმინისტრაციული საზღვრის დაცვაზე, უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. ადგილობრივი ძალებია ასევე, რომელიც შეიძლება განხილული იყოს ამ მიმართულებაზე, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მის გაძლიერებას ვერ შეძლებს – მომიჯნავედ არიან საზღვარზე და შეუძლია ნაციონალური გვარდიით გააძლიეროს ეს მიმართულება.

ამას უნდა დავუმატოთ გიუმრის 102-ე ბაზა, რომელიც არ გასულა და ისევ სომხეთშია. აქვე საზღვართან არის კადიროვის ნაცგვარდიის ჩეჩნური დანაყოფიც – თავს არ იკლავენ უკრაინის ომში და ძირითადად მაინც ჩრდილოეთ კავკასიაში არიან კონცენტრირებული. რუსებს გააჩნია ძალა, რომ განახორციელოს პროვოკაცია და ეს პროვოკაცია გადაზარდოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

ძირითადად ეს ძალები დაკომპლექტებული არიან წვევამდელებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დანაყოფით, რადგან კონტრაქტორები ძირითადად ფრონტის წინა ხაზზე არიან. ესენი პირველხარისხოვანი ძალები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ ძალებთან ერთად გარკვეულ ძალას ქმნის.

  • საქართველოში საყოველთაო პროტესტის ფონზე რუსი პროპაგანდისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება დასახმარებლად მიმართოს რუსეთს, ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. თქვენი ანალიზით, რამდენად რეალურია ეს მუქარა? იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ რუსულ კანონს მხარს უჭერს კრემლი და არავინ იწონებს დასავლეთში, გაჩნდა შეხედულება, რომ შესაძლოა რუსეთმა ომი განაახლოს საქართველოსთან, თუნდაც უკრაინაში განცდილი წარუმატებლობის დასაბალანსებლად. ეს რამდენად რეალურია?

ეს შეკითხვა უფრო პოლიტიკურია, თუმცა გიპასუხებთ ჩემი გადასახედიდან. თუკი ხელისუფლება თვითონ იწვევს სხვა ქვეყნის ძალებს, მაშინ მათ ქვეყანაში შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ. თუ ომს აცხადებს და აგრესიას ახორციელებს რუსეთი, მაშინ შენი თავდაცვითი მექანიზმი ირთვება.

რუსეთს ომის გამოცხადება საქართველოსთან არც სჭირდება, ვინაიდან ომი ისედაც აქვს საქართველოსთან. ახლა არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულება. ომი არ დამთავრებულა. ჩვენ ახალა ვიმყოფებით რუსეთთან გაყინული კონფლიქტის პირობებში.

მეორეცაა: რუსეთს სულ არ სჭირდება ომის გამოცხადება, შეუძლია პროვოკაცია მოაწყოს აფხაზეთში, ან ოსეთში და ისე ჩაგაბას ომში, მერე თქვას, მე არ დამიწყია ომიო… საუბარია პროვოკაციაზე და იმაზე, თუ რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ამას. რუსეთის ნაციონალურ გვარდიას აქვს რესურსი, რომ გააძლიეროს ეს მიმართულება: ჩვენი 4 თუ 5 ბრიგადის წინააღმდეგ 6-10 ბრიგადის შეგროვება არ გაუჭირდება.

  • რა რესურსი აქვს ამ დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ნატოს სტანდარტით არის გაწვრთნილი – შეუძლია მას ამ ეტაპზე ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდეს?

გააჩნია მასშტაბს. მიმაჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია, შეიარაღება და ბიუჯეტი აბსოლუტურად არ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. ერთი, მეორე და მესამეც უნდა გადაიხედოს და გაძლიერდეს. საფრთხეები არ მცირდება ქვეყნის გარშემო და ამ დროს მშპ-ს მხოლოდ 1,8 % იხარჯება თავდაცვის ბიუჯეტზე. ეს აბსოლუტურად არასაკმარისია.

  • თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალიტეტს, ოფიცრებს, ზოგადად განწყობებს ჯარში… თუ ვიღაცამ პირობითად, მართლა მოინდომა რუსეთის შეიარაღებული ძალების „მოწვევა“ საქართველოში, როგორ იმოქმედებს ჯარი, თქვენი მოლოდინი როგორია?

აღარ ვიცნობ რა განწყობებია. ძალიან ბევრი „თუა“ ამ საკითხში: თუ მოინდომა ვიღაცამ „მოწვევა“, თუ შემოვიდა და ასე შემდეგ. დღეს ჯარი არის ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურად ლოიალური. ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით.

  • მთავარსარდალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. ომის დროს როგორ ნაწილდება ძალაუფლება ხელისუფლებას შორის და როგორ მიიღება სამხედრო ტიპის გადაწყვეტილებები?

არსებობს უკვე თავდაცვის ძალების უფროსის თანამდებობა. თავდაცვის უფროსი პრემიერ-მინისტრთან ერთად იქნება საომარი მოქმედებების წარმმართველი. პრეზიდენტი ფაქტობრივად იგნორირებულია ამ პროცესში.

  • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები რომ გაგრძელდეს, ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ „კურსი უნდა შეცვალოს“. რას ნიშნავს აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა ჯარისთვის, შესაბამისად, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის?

დღეს საქართველოს ნამდვილად ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა.

დავიწყოთ იქიდან, რომ არცერთი სახელმწიფო უწყებიდან იმდენი თანამშრომელი არ დადიოდა უცხოეთში, როგორც ეს ხდებოდა თავდაცვის სამინისტროდან. აშშ-ის სასწავლო და საწვრთნელ პროგრამებს ემატებოდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის აქტიური ჩართულობა, ბალტიისპირეთის კოლეჯები და თურქეთი. მე ძალიან არ ვისურვებდი, რომ ამერიკამ დახმარება შეუწყვიტოს საქართველოს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკელების პროექტის ფარგლებში ამზადებენ ჩვენს ბატალიონებს კონვენციური საომარი მოქმედებებისთვის. კრწანისში ნატოს სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს.  60 მილიონამდე სამხედრო დახმარება მარტო აშშ-დან მოდის. ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ეს პროგრამები, ის მილიონები, რომელსაც დახმარების სახით გვაწვდიან. საქართველოს ამ მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაჭირდება. ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის.

მარტოდ დარჩენა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი გამოწვევაა.

  • ხელისუფლება ფაქტობრივად აუქმებს ვაზიანის სამხედრო ბაზას, რაც ნატოს საწვრთნელი ბაზაა. ამ კონტექსტში რას ნიშნავს ვაზიანის სამხედრო ბაზის ნაცვლად იქ სამოქალაქო აეროპორტის მოწყობა?

ჯერ არ გვინახავს პროექტი, რას როგორ აპირებენ. არც ის ვიცით, გადააქვთ თუ არა ეს ბაზა სხვა ლოკაციაზე. იქ თუ სტადიონი და აეროპორტი მოეწყობა, რა უნდა მაშინ პოლიგონს?

ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზის არსებობა – აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ სხვა, ამ მასშტაბის ბაზა არ გაგვაჩნია სტანდარტების გათვალისწინებით. კითხვის ნიშნების არსებობს იმაზე, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ისეთი ადგილის შერჩება, სადაც შეიძლება ბაზისა და პოლიგონისთვის ტერიტორიის გამოყოფა თავისი უსაფრთხოების ზონებით.

თუ არ გადაიტანენ ამ ბაზას და გაუქმდება პოლიგონი, რა თქმა უნდა, ეს ჯარების მომზადების კუთხით ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. ეს გარკვეულწილად აისახება ჯარების მზადყოფნაზე.

  • პერსონალურად თქვენი აზრი გვაინტერესებს, რას ფიქრობთ რუსულ კანონზე? 

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპელი და მსოფლიო ლიდერების განცხადებები, რომ არ მიიღოთ ეს კანონი – ესაა ყველაზე დიდი საფრთხე. როცა გინდა ითამაშო ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატზე, მიდიხარ და ეუბნები, რომ მე ჩემი წესით ვითამაშებ, მაგალითად, არ გვექნება თამაშგარე ნდგომარეობა… ასე ვერ გამოვა და თავისთავად გეტყვიან უარს. როცა ამბობ, რომ მინდა ევროპაში შესვლა და გეუბნებიან, რომ ვერ შემოხვალ იქ ამ კანონით, არ გამოვა ასე გაჯიქება.

ერთი არის ნათელი: ჩვენი ადგილი არის ევროპაში, საქართველო ევროპის ნაწილია და ეს მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.

რუსეთთან არავითარ შემთხვევაში მარტოდ დარჩენა არ შეიძლება. დღეს რუსეთთან მარტოდ დარჩენა სასიცოცხლო რისკის მატარებელია. არსებობს მარტო დარჩენის საფრთხე იმ სიგნალების მიხედვით, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის.

  • რა ხდება ფრონტის ხაზზე: რა რესურსი შერჩა რუსეთს უკრაინაში და რამდენად იცვლება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა, რომ ის ახალ ეტაპზე გადავიდეს? 

ახალ ეტაპზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძლიერდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი, შეტევითი მოქმედებები დაიწყოს. ვგულისხმობ ოპერატიულ, სტრატეგიულ დონეს, ტაქტიკურ დონეზე შეტევა-კონტრშეტევა მუდმივად მიმდინარეობს მცირე მასშტაბით.

შეიარაღება, რასაც ახლა იღებს უკრაინა, დაახლოებით 3-4 თვის საბრძოლო მასალაა. ახლა მთავარია შეიარაღების შეჯიბრში ვინ აჯობებს ერთმანეთს: დასავლეთი, თუ რუსეთი. დასავლეთმა ერთხელ უკვე აჯობა საბჭოთა კავშირს. არ ვიცი, მეორედ რამდენად მოინდომებს იგივე შედეგის დადებას.

მნიშვნელოვანია, რუსეთი შეძლებს თუ არა იარაღის წარმოებას იმ რაოდენობით, რომ შეიტანოს გარდატეხა, თუ უკრაინა მიიღებს იმდენს, რომ არ მისცემს რუსეთს წარმატების საშუალებას. ამ ეტაპზე რასაც აწვდიან უკრაინას, ეს არის საშუალება, არ მისცე რუსეთს მნიშვნელოვანი შეტევის დაწყების შესაძლებლობა.

2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში, ეს უკვე ჩანს: მისი დანაკარგები ფრონტზე უფრო მეტია, ვიდრე ახერხებს, რომ აწარმოოს. მას ეხმარება ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი, თუმცა ჩინეთი მხოლოდ ტექნოლოგიურ საკითხებში ეხმარება რუსეთს, იარაღს არ აწვდის რუსეთს.

2025 წლისთვის გამოჩნდება სურათი, რამდენად შეძლებს რუსეთი თავისი ინდუსტრიალიზაციით იმდენი იარაღის წარმოებას, რომ შეძლოს მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა საბრძოლო მოქმედებებში. დღევანდელი მონაცემებით, თუ უკრაინა არ მიიღებს საჭირო დახმარებას დასავლეთიდან, რუსეთი ამას შეძლებს, მაგრამ თუ უკრაინა მიიღებს საჭირო დახმარებას, რუსეთი ამას ვერ შეძლებს.

დღეს ევროპა ეხმარება უკრაინას იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არ ეხმარება იმ მასშტაბით, რომ რუსეთი დამარცხდეს.

  • რა ნიშნები გაფიქრებინებთ, რომ 2025 წელს დაეწყება რუსეთს შეიარაღების კრიზისი? 

თუ ომის დასაწყისში 12:1-თან გვქონდა ჭურვების გაშვების დღეღამური ხარჯი, დღეს 6:1-ზეა.

ამას დაემატა ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სათხოვარი გაუხდა რუსეთს რაკეტები და საბრძოლო მასალა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უკვე ამას ვერ აწარმოებს.

გათვლები არსებობს: რამდენ საბრძოლო, საბრძოლო ქვეითთა მანქანას აწარმოებს რუსეთი თვეში და რამდენი ნადგურდება ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე უფრო მეტი ნადგურდება, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. ძველი ტანკები გამოჩნდა უკვე ბრძოლის ველზე: ძველი საბრძოლო ქვემეხები და რაკეტა „ტოჩკა-უ“ დააბრუნეს შეიარაღებაში, აღარ აქვთ საკმარისი „ისკანდერი“.

რუსეთი ისევ აპირებს, რომ გავიდეს დონბასის საზღვარზე, ხარკოვი რჩება მის მთავარ ამოცანად, თუ ეს შეძლეს, იტყვიან, რომ ამოცანა შესრულებულია. ხარკოვზე არა მგონია რამე შეძლონ, დაბომბვების და ქალაქის განადგურების გარდა. თუ უკრაინა ვერ შეძლებს მნიშვნელოვან შეტევს, რუსეთი გაამაგრებს დაკავებულ ტერიტორიებს და დანარჩენი უკვე პროპაგანდის საქმეა.

უკრაინასაც დიდი ხარჯი აქვს, როგორც საბრძოლო მასალის, ასევე ადამიანური რესურსი, სჭირდება მობილიზაციაზე ფიქრი. თუ დასავლეთმა მოინდომა, უკრაინის გაძლიერება შესაძლებელია.

ლაიქებსა და კომენტარებს რუსეთშიც აკონტროლებენ „ექსტრემისტების“ რეესტრით

საქართველოს მთავრობამ სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით „ძალადობაში,  სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა  და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სია საჯარო იქნება და მასში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ „საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის  ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

კონკრეტული ზომები პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუსახელებია.

ონლაინ სივრცეში კრიტიკული აზრისა და დისკუსიის ჩასახშობად, ადმინისტრაციული ბრალდებების გამოყენება რუსეთში ხშირი პრაქტიკაა. მაგალითად, რუსეთში მთავრობის მიერ, ექსტრემისტულად მიჩნეული კონტენტის ონლაინ სივრცეში გაზიარება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ექსტრემისტულ კონტენტად ითვლება, როგორც ნაცისტური სიმბოლიკა, ისე სხვადასხვა სახის მასალები, მაგალითად ვიდეო, სადაც მღვდელმა დაწყევლა პუტინი და მისი ბირობიჟანში გაძევება მოითხოვა; ნაბეჭდი გამოცემა „ისლამური რწმენის საწყისი“; აკრძალულია ლგბტ ორგანიზაციების კონტენტის გავრცელება, თავად ლგბტ ორგანიზაციები კი რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული; რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი „ექსტრემისტული ორგანიზაციების ატრიბუტების ან სიმბოლოების პროპაგანდა და საჯარო ჩვენება“ (მუხლი 20.3);

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლი: „სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, ასევე ადამიანის ღირსების დამცირება“, მათ შორის განხორციელებული ინტერნეტით, ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას – ჯარიმის და რიგ შემთხვევებში თავისუფლების [15 დღით] აღკვეთის სახითაც.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedomhouse წერს, რომ რუსეთში უამრავ პირს წაუყენეს ბრალი სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების ან სხვების მიერ გამოქვეყნებული პოსტების გაზიარების გამო.

რუსულ ტელეკომპანია Дождь-მა 20 22 წელს გააშუქა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ ამ მუხლით დამნაშავედ ცნო ადამიანი არა პოსტის გამოქვეყნების ან გაზიარებისთვის, არამედ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო სხვების პოსტების ქვეშ ე.წ. ემოჯების გამოყენებისთვის.

„ფილოსოფიის ლექტორ ალექსეი არგუნოვს, მოწყენილი სმაილებისა და ლაიკების გამო, რუსეთის ფედერაციის 30 ათასი რუბლი მართებს“, – წერს მედია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში 14.5 ათასი ადამიანია. ფედერალური კანონის მიხედვით, სიაში მოხვედრის 25-ზე მეტი მიზეზია, მათ შორის არის როგორც ტერორისტული აქტი (მუხლი 205) და ტყვეს აყვანა (მუხლი 206), ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული საჯარო მოწოდებები (მუხლი 280.1) და სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, აგრეთვე ადამიანის ღირსების დამცირება (მუხლი 282).

შალვა პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში განმარტა, თუ ვის შეეხება სპეციალური ბაზა.

„ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცავებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ“, – თქვა მან.

„ამ მიზნით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.

ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ პირთა წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

შალვა პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება რეაგირებაში ან რომელ საზოგადოებას ექნება რეაგირების უფლება.

„შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ“ – 15 პირი დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში სტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., 1990 წელს დაბადებული უ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ა.ბ.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული ნ.მ., 2009 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული კ.ბ., 1988 წელს დაბადებული ა.ბ., 1987 წელს დაბადებული შ.ბ. და 1995 წელს დაბადებული მ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები 2004 წელს დაბადებული ა.ბ., 2005 წელს დაბადებული მ.მ.

დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს უწყება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ.

იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს.

კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში, სხვადასხვა ადგილას, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ.

გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგენილ იქნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს – იუწყება შსს.

„ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს“ – 11 მაისს, ბათუმში, ნურის ტბის ირგვლივ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს.

„11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს.

ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.

გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ – ვკითხულობთ ღონისძიების ანონსში ფეისბუქზე.

  • რა ხდება

რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

Liquid Structure – გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკა ბათუმში, ზღვის პირას

შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure.

პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით.

„წყალი სუბსტანციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურია. დღევანდელ სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში წყალი განიხილება, როგორც მუდმივ კომოდიფიკაციას დაქვემდებარებული რესურსი; როგორც მატერია, რომელიც აუცილებლად უნდა მონეტიზირდეს. წყლის მდგომარეობა – ჩვენი, გლობალური [პოლიტიკური] კლიმატის მდგომარეობაა.

წლევანდელი ლიქუიდ სთრაქჩერი ცდილობს შავი ზღვა ამ სამომხმარებლო ნარატივისგან გაათავისუფლოს და გვთავაზობს ის აღვიქვათ, როგორც თანაბარი „წყლის სხეული“. ფიქრის ეს მიმართულება შთაგონებულია ჰიდროფემინისტური თეორიით, რომელიც წყლის მეშვეობით განიხილავს თანა/არსებობის ალტერნატიულ გზებს. გზებს, რომელიც ეფუძნება ინტერსექციურობას, კოლექტიურობას და მდგრადობას”- ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ნონა მარკარიანი.

სქრინი ინსტაგრამ გვერდიდან

გამოფენის მონაწილეები არიან: ანა გზირიშვილი, ანკა ბენერა და არნოლდ ესტეფანი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ნიკოლაი კარაბინოვიჩი, თამუნა ჭაბაშვილი.
პერფომანსის ნაწილში წარმოდგენილნი იქნებიან სელინ დავასე და ქეთევან დავითაშვილი.

კოლექტიური ელექტრო-აკუსტიკური იმპროვიზაცია „ლავა“: Progenol; Gabiskiriamalia; Tina; Tete Noise; Dava; Irakli Choladze.

სპეციალურად მოწვეული სტუმრები იქნებიან მარიამ მუთიძე და ანა ძიაპშიპა, რომლებიც სადისკუსიო ნაწილს წარუძღვებიან.

დასაწყისი: 11 მაისი, 16 საათი
ადგილი: პიერ ბათუმი
ადგილის ბმული: maps.app.goo.gl/r2ThYPHnk8mbSoGq8?g_st=ic
დასწრება თავისუფალია

პროექტის მხარდამჭერები არიან ქალთა ფონდი საქართველოში და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი – WISG. პარტნიორია მეღვინეობა „ბინეხი“.

ასევე, თვალი გადაავლეთ გასული წლის მიმოხილვას:

Liquid Structures – სამდღიანი ფესტივალი ბათუმში

„აქციაზე არ დაგინახოთ… შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს“ – მუქარის ზარი ოჯახის წევრთან

9 მაისს მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა რუსული კანონის აქციების მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრის ტელეფონზე.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, უცნობი პირი აქტივისტის ოჯახს ემუქრება, თუკი მისი ოჯახის წვერი არ შეწყვეტს აქტივიზმს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას.

„…მომისმინე კარგად, რასაც გეტყვი, შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს, გაიგე?! და ვისი მხარდამჭერიც ხართ მთელი ოჯახი, მაგას შეეშვით სუყველა.

ხომ გაიგე, სანამ სიმშვიდეა თქვენ ოჯახში.

მიიღებთ პასუხს, გაიგე, აქციაზე გამოსულები არ დაგინახოთ, გადაეცი!“- ასე ემუქრება უცნობი პირი აქტივისტის ოჯახის წევრს.

აქტივისტი, რომლის ოჯახის წევრის მიმართაც განხორციელდა მუქარის ზარი, დღეს, 10 მაისს, აპირებს განცხადებით მიმართოს პოლიციას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირაა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მონაწილე პირებს და სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოში და უცხოეთში რეგისტრირებული ნომრებიდან ურეკავენ და ემურებიან.

თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო მასობრივი აქციები თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება. დღეს, 10 მაისს, ასევე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქცია.

აქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ რეპრესიების ტალღას ზრდის და აძლიერებს სიძულვილის ენას.

„აქციაზე არ დაგინახოთ, შეს დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს“-მუქარის ზარი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში, რომელიც ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წამამდე;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 12 და 13 მაისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 479 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
  • ტანკი – 7 434 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 14 313 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 12 387 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 062 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 795 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 826 ერთეული [+51]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 192 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 691 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 2 031 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 594 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 905 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 964 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 282 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 437 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 570 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას“ – სალომე ზურაბიშვილი

„დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი.

საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას.

ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არანაირი, არცერთი პარტიის ერთგული არ უნდა იყო ბოლომდე.

ასეთი საქართველო, ერთგული საქართველო, სინდისით და ღირსებით აღსავსე ნამდვილად შევა ევროპაში“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

ღონისძიება თბილისში, ათონელის ქუჩაზე, დღეს, 9 მაისს, საღამოს მიმდინარეობს და მას მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც ესწრებიან.

პრეზიდენტმა მაგალითად საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი დაასახელა. ის გადადგა და ს გადაწყვეტილება რუსული კანონის გამო მიიღო. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში პროცესის მშვიდობიანი გზით წარმართვის აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი:

„იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ სცადოს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს.

აქ იმის დროა, რომ გაერთიანებული საზოგადოება, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი გამარჯვებული არჩევნებით.

მე ამ მშვიდობიან გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, მე ვიცი გამოცდილებით და ეს არის ალბათ წლების მიერ მოპოვებული გამოცდილება. ვიცი, რომ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა. თუ არა იქნება ის გზა, რომელიც მტერს გაახარებს.

ერთობით მშვიდობით უნდა გავიაროთ ყველამ ეს გზა.

მე არ დავამთავრებ დღევანდელ სიტყვას, ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი. ჩვენი ერთი ელჩი, თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქალაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი“ – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

Exit mobile version