მთავარი,სიახლეები

ლაიქებსა და კომენტარებს რუსეთშიც აკონტროლებენ „ექსტრემისტების“ რეესტრით

10.05.2024 •
ლაიქებსა და კომენტარებს რუსეთშიც აკონტროლებენ „ექსტრემისტების“ რეესტრით

საქართველოს მთავრობამ სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით „ძალადობაში,  სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა  და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სია საჯარო იქნება და მასში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ „საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის  ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

კონკრეტული ზომები პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუსახელებია.

ონლაინ სივრცეში კრიტიკული აზრისა და დისკუსიის ჩასახშობად, ადმინისტრაციული ბრალდებების გამოყენება რუსეთში ხშირი პრაქტიკაა. მაგალითად, რუსეთში მთავრობის მიერ, ექსტრემისტულად მიჩნეული კონტენტის ონლაინ სივრცეში გაზიარება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ექსტრემისტულ კონტენტად ითვლება, როგორც ნაცისტური სიმბოლიკა, ისე სხვადასხვა სახის მასალები, მაგალითად ვიდეო, სადაც მღვდელმა დაწყევლა პუტინი და მისი ბირობიჟანში გაძევება მოითხოვა; ნაბეჭდი გამოცემა „ისლამური რწმენის საწყისი“; აკრძალულია ლგბტ ორგანიზაციების კონტენტის გავრცელება, თავად ლგბტ ორგანიზაციები კი რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული; რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი „ექსტრემისტული ორგანიზაციების ატრიბუტების ან სიმბოლოების პროპაგანდა და საჯარო ჩვენება“ (მუხლი 20.3);

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლი: „სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, ასევე ადამიანის ღირსების დამცირება“, მათ შორის განხორციელებული ინტერნეტით, ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას – ჯარიმის და რიგ შემთხვევებში თავისუფლების [15 დღით] აღკვეთის სახითაც.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedomhouse წერს, რომ რუსეთში უამრავ პირს წაუყენეს ბრალი სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების ან სხვების მიერ გამოქვეყნებული პოსტების გაზიარების გამო.

რუსულ ტელეკომპანია Дождь-მა 20 22 წელს გააშუქა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ ამ მუხლით დამნაშავედ ცნო ადამიანი არა პოსტის გამოქვეყნების ან გაზიარებისთვის, არამედ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო სხვების პოსტების ქვეშ ე.წ. ემოჯების გამოყენებისთვის.

„ფილოსოფიის ლექტორ ალექსეი არგუნოვს, მოწყენილი სმაილებისა და ლაიკების გამო, რუსეთის ფედერაციის 30 ათასი რუბლი მართებს“, – წერს მედია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში 14.5 ათასი ადამიანია. ფედერალური კანონის მიხედვით, სიაში მოხვედრის 25-ზე მეტი მიზეზია, მათ შორის არის როგორც ტერორისტული აქტი (მუხლი 205) და ტყვეს აყვანა (მუხლი 206), ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული საჯარო მოწოდებები (მუხლი 280.1) და სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, აგრეთვე ადამიანის ღირსების დამცირება (მუხლი 282).

შალვა პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში განმარტა, თუ ვის შეეხება სპეციალური ბაზა.

„ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცავებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ“, – თქვა მან.

„ამ მიზნით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.

ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ პირთა წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.

შალვა პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება რეაგირებაში ან რომელ საზოგადოებას ექნება რეაგირების უფლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: