სიახლეები

„არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

11.05.2024 •
„არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში“ – ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობის განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადებას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში.

„მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება.

არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.

ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი/B S U-ს სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს – დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებს და ლექტორებსაც მოუწოდებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება დღეს, 11 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გააკეთეს:

„დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: