9 მაისს მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა რუსული კანონის აქციების მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრის ტელეფონზე.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, უცნობი პირი აქტივისტის ოჯახს ემუქრება, თუკი მისი ოჯახის წვერი არ შეწყვეტს აქტივიზმს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას.
„…მომისმინე კარგად, რასაც გეტყვი, შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს, გაიგე?! და ვისი მხარდამჭერიც ხართ მთელი ოჯახი, მაგას შეეშვით სუყველა.
ხომ გაიგე, სანამ სიმშვიდეა თქვენ ოჯახში.
მიიღებთ პასუხს, გაიგე, აქციაზე გამოსულები არ დაგინახოთ, გადაეცი!“- ასე ემუქრება უცნობი პირი აქტივისტის ოჯახის წევრს.
აქტივისტი, რომლის ოჯახის წევრის მიმართაც განხორციელდა მუქარის ზარი, დღეს, 10 მაისს, აპირებს განცხადებით მიმართოს პოლიციას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირაა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მონაწილე პირებს და სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოში და უცხოეთში რეგისტრირებული ნომრებიდან ურეკავენ და ემურებიან.
თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე პირს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო მასობრივი აქციები თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება. დღეს, 10 მაისს, ასევე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქცია.
აქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ რეპრესიების ტალღას ზრდის და აძლიერებს სიძულვილის ენას.