„დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი.
საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას.
ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არანაირი, არცერთი პარტიის ერთგული არ უნდა იყო ბოლომდე.
ასეთი საქართველო, ერთგული საქართველო, სინდისით და ღირსებით აღსავსე ნამდვილად შევა ევროპაში“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ღონისძიება თბილისში, ათონელის ქუჩაზე, დღეს, 9 მაისს, საღამოს მიმდინარეობს და მას მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც ესწრებიან.
პრეზიდენტმა მაგალითად საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი დაასახელა. ის გადადგა და ეს გადაწყვეტილება რუსული კანონის გამო მიიღო. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას
სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში პროცესის მშვიდობიანი გზით წარმართვის აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი:
„იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ სცადოს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს.
აქ იმის დროა, რომ გაერთიანებული საზოგადოება, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი გამარჯვებული არჩევნებით.
მე ამ მშვიდობიან გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, მე ვიცი გამოცდილებით და ეს არის ალბათ წლების მიერ მოპოვებული გამოცდილება. ვიცი, რომ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა. თუ არა იქნება ის გზა, რომელიც მტერს გაახარებს.
ერთობით მშვიდობით უნდა გავიაროთ ყველამ ეს გზა.
მე არ დავამთავრებ დღევანდელ სიტყვას, ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი. ჩვენი ერთი ელჩი, თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქალაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი“ – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.