მთავარი,სიახლეები

„ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა

11.05.2024
„ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა

კომპანია „ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა სალომე გველესიანმა გაავრცელა.

„ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ.

ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლებისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდის და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე – მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა.

ვწუხვარ, რომ მოვლენები ისე განვითარდა, ამ გზაზე კომპანიასთან გამომშვიდობება გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას – გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე.

პ.ს. ცალკე დიდი პოსტი უნდა მიეძღვნას იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფერს საოცარი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებდი, მაგრამ ამაზე ცალკე…“ – წერს სალომე გველესიანი.

საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ფონზე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან…

ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს…“ – წერს სოსო ფხაკაძე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ კი, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. ამ ჩამონათვალში არის „ვისოლიც“.

კოლაბორაციონისტ ბიზნესს ჩვენი რესურსი არ მოხმარდება – შემოქმედებითი სააგენტოები

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: