შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს.
„11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს.
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.
გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ – ვკითხულობთ ღონისძიების ანონსში ფეისბუქზე.
- რა ხდება
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.






