ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს საქართველოდან გაძევება ემუქრება

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეს, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, საქართველოდან გაძევება ემუქრება.

თემურ ქათამაძემ, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, შიმშილობა მეორედ დაკავების მომენტიდან, 16 იანვრიდან დაიწყო.

ის მხოლოდ წყალს იღებს. თემურ ქათამაძე სამტრედიისა და თბილისის საქალაქო/რაიონული სასამართლოების ბრძანების საფუძველზეა დაკავებული.

„თემურ ქათამაძის შიმშილობის რეჟიმთან დაკავშირებით ინფორმირებულია როგორც განთავსების ცენტრი, ისე, სახალხო დამცველის აპარატი. მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრიდან მოშიმშილე დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი შიმშილობის მართვის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია.

ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ქმედებები ხორციელდება დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკების თავიდან არიდების მიზნით,“ – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. თემურ ქათამაძის ინტერესებს სწორედ საია იცავს.

„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რამდენად ჯეროვნად ხორციელდება სრულ შიმშილობაზე მყოფი დაკავებულის მოვლა და მიმდინარეობს თუ არა მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი შესაბამისი სპეციალისტების მიერ სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით. თემურ ქათამაძის სამედიცინო დოკუმენტების შესაბამისი უწყებიდან გამოთხოვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების მოთხოვნით საიას ადვოკატმა უკვე მიმართა სახალხო დამცველის აპარატს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და დროებითი განთავსების ცენტრისგან შესაძლო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტების დაუყოვნებლივ გადმოცემას, დაკავებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად მუდმივი მონიტორინგის და მკურნალობის განხორციელებას,“ – ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

თემურ ქათამაძე მის დაკავებას ასაჩივრებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო თემურ ქათამაძის სააპელაციო საჩივარს, დღეს, 3 თებერვალს, განიხილავს.

პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მეორე სასამართლო პროცესი 7 თებერვალს გაიმართება თბილისში. თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საია სააპელაციო საჩივრებით ასაჩივრებს თემურ ქათამაძის დაკავებას და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას.

თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.

თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.

“ვგმობთ ძალოვნების გამიზნულ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შეაფასონ ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტებზე სისტემური ძალადობა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარმომადგენლებზე,“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს, 3 თებერვალს გამოქვეყნდა.

ქარტიის განცხადებას „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ:

“შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ.

პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ.

ვიდეოში, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ამ მედიასაშუალების ჟურნალისტს გელა ბოჩიკაშვილს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“. პოლიციელი უკან არ იხევს მაშინაც კი, როცა ჟურნალისტი მას უხსნის, რომ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს: „ვინც არ უნდა იყო, გაწიე კამერა“.

პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ ჟურნალისტებს ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობენ, მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინონ.

პოლიციელებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს. მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა თავად გამოაქვეყნა.

„რადიო მარნეულის“ ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხუტუნიძე ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც ის გდდ-ს თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

„ტვ პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ფიზიკური ძალის გამოყენებით აგდებენ ტერიტორიიდან ტელეკომპანიის ჟურნალისტს დიანა ჩირგაძეს. ჟურნალისტის თქმით, პოლიციელებმა მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ოპერატორს. მეტიც, ისინი შეეცადნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.

ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა „ტვ პირველის“ ოპერატორს ნიკო კოკაიას. ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს, რამაც აჩვენა ტვინის შერყევა. „ნეტგაზეთის“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი ძლიერ ტკივილს განიცდის. მან დაზიანება ჭყლეტისას მიიღო, როცა პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებდა. ნიკო კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონოდ იყო.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს ნიღბიანმა პოლიციელმა, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მირზა კეზევაძემ წაართვა პირადი ტელეფონი, რომლითაც ის „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად ხარაზიშვილის მანქანას იღებდა. პოლიციელმა ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა. იმავდროულად პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც. ხატია სამხარაძის თქმით, მათ ჟურნალისტ გიორგი კვიჟინაძისთვის მიკროფონის წართმევა სცადეს.

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტს ნინია კაკაბაძესაც იმ მანქანის გადაღებისას, რომლითაც ზვიად ხარაზიშვილი გადაადგილდებოდა. მას პოლიციელებმა ხელი ჰკრეს.

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “გურია ნიუსის” ჟურნალისტსაც. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს “გურია ნიუსის” კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე”.

————————————-

უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს დღისით და გვიან ღამით 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. 20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ. კადრებში ასევე ჩანს და თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ პოლიცია თავში ურტყამდა და სასტიკად უსწორდებოდა დაკავებულებს.

 

რუსთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 841 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 9 920 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 20 685 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 22 589 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 268 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 053 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 911 ერთეული [+118]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 798 ერთეული [+89]
  • სპეცტექნიკა – 3 731 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 975 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 511 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 087 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 060 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„მზია არის უკანონო პატიმარი. ეს არ არის ძალადობის სფერო“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი

მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში 23-ე დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ტელეკომპანია „პირველზე“  განმარტა ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს მზია ამაღლობლის საქმე სისხლის სამართლის მუხლით და რატომ არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს აჭარის პროკურატურა.

„მზია არის უკანონო პატიმარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობა არის ბარბაროსულად დაუსაბუთებელი, არამედ იმიტომ, რომ აქ დანაშაულის შემადგენლობა საერთოდ არ არის.

ორი კადრი არსებობს სულ მზიასთან დაკავშირებით, – სტიკერის გაკვრა და მეორე და ორივე კადრი დაცვის პოზიციას ამყარებს და არა პირიქით.

პირველ კადრზე რაც ხდება, ეს არის უკანონო დაკავება და ჩვენ ამ დღეებში ვიშუამდგომლებთ პროკურატურასთან ბესელიას [აჭარის პოლიციის უფროსი, რომელმაც სტიკერის გაკვრის გამო დააკავა მზია ამაღლობელი] პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს გენერალურმა პროკურორმა.

რატომ არის უკანონო პირველი დაკავება? ყველა ხედავს კადრში, რომ მზიამ გააკრა სტიკერი. კობახიძემ თვითონ დაადასტურა თავის ოფიციალურ განცხადებაში, რომ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, თუმცა მან დაამახინჯა ფაქტი და თქვა, რომ სტიკერი მიაკრა პოლიციელსო, რაც ტყუილია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებითაც კი არ იკრძალება სტიკერის გაკვრა,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ადვოკატის თქმით, ბოლო საკანონმდებლო ცვლილება კრძალავს ნახატის შესრულებას კედელზე, იერ-სახის დამახინჯებას და არა სტიკერის გაკვრას.

„ამიტომ ეს არ არის სამართალდარღვევა [სტიკერის გაკვრა კედელზე]. ამიტომ იყო მზიას პირველი დაკავება უკანონო,“ – განმარტავს მაია მწარიაშვილი.

„იმ შემთხვევაშიც კი, რომ მზიას კედელზე დაეხატა და ჩაედინა ეს სამართალდარღვევა, ესეც კი არ არის პოლიციის ქვემდებარე, პოლიციას არ შეეძლო ამაზე რეაგირება, რადგან ეს არის მერიის სამსახურების ქვემდებარე და ის სანქციის სახით მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. ვინაიდან ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ამაზე მზიას დაკავების უფლება საერთოდ არ არსებობდა.

დააკავეს და შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და იქედან როგორი გამოუშვეს მერე? შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. შემდეგ ალბათ ვიღაცამ უთხრა, რომ ეს არ იყო დაკავების საფუძველი, ვერ დააკავებდნენ სტიკერზე, ამიტომ მის დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ ის იდგა, პოლიციას აგინებდა, აფურთხებდა, ეძახდა “ღორებო, ძაღლებო” – პირველი დაკავების ოქმში ასე წერია და ამიტომ დააკავეს თურმე 173-ე მუხლით, მაშინ, როცა თვალნათლივ ვხედავთ, რის გამო დააკავეს მზია.

ესაა მთელი ამბავი. დააკავეს ამ კადრით და დაკავების ოქმი შეუდგინეს სრულიად სხვა რამეზე. მაჩვენოს ბრალდებამ ან პოლიციამ ერთი კადრი, სადაც მზიას პირიდან ისმის „ძაღლებო, ღორებო“ ან რაც წერია ოქმში. ასეთი ტერმინოლოგიაა იქ. სწორედ ამიტომაა ეს უკანონო დაკავება და ჩვენ მოვითხოვთ ამაზე პროკურატურის შეფასებას,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ნახეთ მზია ამაღლობელის პირველი დაკავების კადრები: 

ადვოკატმა ისაუბრა მზია ამაღლობლის მეორე დაკავების კადრებზეც.

„მგონი, ვიღაცას ჰგონია, რომ მზია იტყვის: „სახე ჩემია, ხელი ჩემი არ არის…” ასეთი პოზიცია არ იქნება, ცხადია. მან თავშივე თქვა, რომ არაფერს არ შევალამაზებთ, ჩემი დაცვის ხაზი იქნება ღირსეული. დაცვის ხაზი იქნება ზუსტად ისეთი, რაც მოხდა სინამდვილეში.

რა მოხდა სინამდვილეში, მოდი ვთქვათ და მერე სამართლებრივად შევაფასოთ. აი, ამ კადრში ვხედავთ, როგორც გინდათ ისე დავარქვათ – ალიყური, შემოულაწუნა, გაარტყა, სილა გააწნა, სთხლიშა (უფრო დავამძიმოთ) როგორც გინდათ… მაგრამ სინამდვილეში კადრში ვხედავთ, რაც ხდება, ეს არის მარცხენა ხელით, გაშლილი ხელიც ვერ ხვდება, სამი თითით ხდება მის [ირაკლი დგებუაძის] სახეზე კონტაქტი.

ახლა, რა არის ეს სამართლებრივად? სამართლებრივად მზიას ბრალდების კვალიფიკაცია გახლავთ პოლიციელზე თავდასხმა. კარგი იქნებოდა ვიზუალიზაციისთვის, თუ აჩვენებდით, რა არის თავდასხმა. თავდასხმა არის, როცა ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხა მოძალადეების ჯგუფი. აი, ათი კაცი რომ დაესხა თავს და სულ ერთი იყო მათთვის გადარჩებოდა თუ მოკვდებოდა. კინაღამ მოტეხეს კისერი და ვნახეთ ეს კადრებში.

მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო 7 წელი ემუქრება, მაგრამ არავინ დაუსჯიათ, ვინც მაკა ჩიხლაძეს სცემა

თავდასხმა სამართლებრივად არის მძიმე, აგრესიული ქმედება და თავდასხმის ობიექტია ჯანმრთელობა, სიცოცხლე და შესაძლებელია, ქონებაც.

ანუ თავდასხმა უნდა იყოს მიმართული იქეთკენ, რომ დავაზიანო შენი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ან ქონება. ამიტომ ხელის გარტყმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, იმიტომ, რომ ჯანმრთელობა ამით ვერ დაზიანდება.

რაც არ უნდა ძალით დაერტყა მზიას მისთვის, ობიექტი აქ არ არის ჯანმრთელობა.

ეს ქმედება ვერ აზიანებს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქონებას და ეს რომ თავდასხმა არ არის, ორჯერ ორი ოთხია.

სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ გვაქვს ასევე 126-ე მუხლი, რომელიც არის ცემა და „სხვაგვარი ძალადობა“ და ერთი შემოლაწუნება ცემის კვალიფიკაციისთვისაც კი არ ვარგა.

რატომ არ დაიწყეს ამ მუხლით? – იმიტომ, რომ აქ სასჯელი არის 1 წლამდე და რომ დაეწყოთ გამოძიება, პატიმრობას ვერ მოითხოვდნენ და ვერ მიიღებდნენ. იმიტომ იყო ეს მანიპულირებული, რომ ამ მუხლით დაეწყოთ გამოძიება და პატიმრობა მიეღოთ,“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

მისი თქმით, „სხვაგვარი ძალადობაც“ არის ისეთი ძალადობა, რომელიც სისხლის სამართლებრივად შეიძლება იყოს დასჯადი, თუმცა „ტკივილი“ ვერ იქნება სუბიექტურ აღქმებზე დამოკიდებული.

„მეტკინაო“, რომ ამბობს ეგრეთ წოდებული დაზარალებული, მის სუბიექტურ აღქმებზე ვერ იქნება დამოკიდებული ქმედების ინკრიმინირება დანაშაული ჩავიდინე თუ არა. ეს ობიექტურადაც აღქმადი უნდა იყოს.

ტკივილი კიდევ სამედიცინო დეფინიციაა. ტკივილი არაა, „მეტკინა და რაღაც შეწითლება მქონდა თურმე“, ეს ანეკდოტური კვალიფიკაციაა აი, ამ „სხვაგვარი ძალადობისთვის“.

ჩამოვედით კიდევ უფრო დაბლა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არცერთი მუხლი არ გვაქვს. ეს არ არის ძალადობის სფერო.

აქ შეიძლება ილაპარაკო, რომ ეს არის შეურაცხყოფის სფერო პოლიციელისთვის, იმიტომ, რომ ეს არ არის ძალადობა. მიაქციეთ ყურადღება, რომ სახელისუფლებო სპიკერებიც კი აღქმაშიც შეურაცხყოფად აღიქვამენ, რადგან იმეორებენ, რომ „პოლიციელს მიაყენა შეურაცხყოფა“.

ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გვაქვს 173-ე მუხლი, რომელიც მზიას პირველ შემთხვევაში ყალბად წარუდგინეს. ეს არის პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა და მისი „სხვაგვარი ქმედებით“ შეურაცხყოფა და ესეც არ ისჯება სისხლისსამართლებრივად.

თუ მაინც და მაინც უნდა ეძებო, უნდა ეძებო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას და არა ადმინისტრაციულ პატიმრობას.

თუ ასეთ შემთხვევაში დაზარალებული ჩათვლის, რომ მისი პატივი, ღირსება შეილახა და მიიღო მორალური ზიანი, მას შეუძლია იდავოს სამოქალაქო სამართლის წესით და მოითხოვოს მორალური ზიანის კომპენსაცია.  აი, ეს არის ამ საქმის ალია-ბალია და ამიტომ იმყოფება მზია ამაღლობელი აი, ამ ბარბაროსულ პატიმრობაში,“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

ადვოკატის თქმით, წარმოუდგენელი დაუსაბუთებლობის გარდა, მზიას ქმედებას არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართლებრივ კვალიფიკაციასთან – თავდასხმასთან ან ძალადობასთან.

„ერთი კადრია და რაც არ უნდა გაწიო და გამოწიო, პირველი არის მისი უკანონო, ადმინისტრაციული დაკავება და მეორე, სისხლის სამართლის კვალიფიკაციით დაკავება. სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და მისი სისხლის წესით დაკავების საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ არის ორივე დაკავება უკანონო.

აუცილებლად უნდა ვთქვა კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მზიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი, საქმეში დაზარალებულად ცნობილია ქალაქის პოლიციის უფროსი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ამ საქმეზე არის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ყველა სხვა მოწმე, ასევე არიან ამავე პოლიციის თანამშრომლები.

მთელი ეს რგოლი არის ბესელიას დაქვემდებარებაში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი თვითონ არის მოწმე, თავისი გამომძიებელი კითხავს. ანუ „დაზარალებული“ ბესელია, მოწმეები, – ესენი ერთ შენობაში არიან მოთავსებული. უფრო მეტიც, სხედან გვერდიგვერდ სამუშაო ოთახებში. მოკლედ, მხარე არის აჭარის პოლიცია მთლიანად.

მზიას სანიმუშოდ დასჯის ინტერესი ვის აქვს?! აჭარის პოლიციას, ხომ?! თუ იმასაც მხედველობაში მივიღებთ, რომ მისი (ამაღლობლის) გამოცემები მუდმივად ამზადებდნენ სხვადასხვა სიუჟეტებს პოლიციის ხელმძღვანელ პირებზე…

საქმეს იძიებს აჭარის პოლიციაში, ასე ვთქვათ, ყველაზე დაბალი საპოლიციო ჩინი და თურმე ამან უნდა იმსჯელოს ყველაზე მაღალი საპოლიციო ჩინების ქმედებაზე და თან საკუთარი უფროსი და ყველა თავისი თანამშრომელი მოწმეებად უნდა ჰყავდეთ.

წარმოუდგენელია აჭარის პოლიცია იძიებდეს ამ საქმეს, ჩვენ ვიშუამდგომლეთ გენერალურ პროკურორთან ამ გარემოებების გამო, რადგან მან უნდა შეისწავლოს საქმე და მისცეს დავალება აჭარის პროკურატურას, რომ ეს საქმე შეწყვიტოს. თუ არა, უნდა წამოიღოს საკუთარ დანაყოფში და შემდეგ შეწყვიტოს მისი დანაყოფის მეშვეობით, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამას იძიებდეს აჭარა, იმ მინიმალური სტანდარტით მაინც, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

მის თქმით, მზია ამაღლობელს წარმოუდგენელი პროტესტი აქვს ამ უკანონობაზე, მის მიმართ ჩადენილი თუ სხვების მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო და აქვს განცდა, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა. „აქვს საშინელი დაუცველობის განცდა და შიმშილობა ჩათვალა პროტესტის ერთადერთ ფორმად“.

„თუ ამ პროცესის გააზრების უნარი აქვს სახალხო დამცველს, სწორედ მას აქვს იმის საშუალება, რომ იშუამდგომლოს გენერალურ პროკურორთან, ვინაიდან, პროკურატურას ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია ეს უკანონო, დაუსაბუთებელი, აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს.

თუ ეს პოლიციელის შეურაცხყოფაა, მაშინ ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი და არავითარი თავდასხმა.

ახლა რაც შეეხება ამ სახელისუფლებო კომენტარებს, რომლებიც პრინციპში შეიცავს სრულიად სხვა რამეს და ეს არის პირდაპირი ზეწოლა, მე თუ მკითხავთ, იმიტომ, რომ კობახიძის კომენტარი, რასაც მე გავეცანი ამბობს, რომ „მთელი სიმკაცრით დაისაჯოს პოლიციელის შეურაცხყოფა“, მაგრამ მზიას გადმოსახედიდან რომ გითხრათ, როცა მასთან შევედით და ვკითხეთ, თუ როგორ არის, მან თქვა, „ალბათ ეს სიბრაზე მაძლებინებს“, რადგან იყო კიდევ უფრო შეურაცხყოფილი“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას – განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 2 თებერვალს თბილისში გამართულ აქციაზე მოქალაქეთა დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებზე.

„შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები. ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც.

ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვის ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 1481 – მუშაობს 24- საათიან რეჟიმში“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისში ნიღბიანი პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცემენ

დღეს, 2 თებერვალს, თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიღბიანი პირები სცემენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.

ფეისბუქზე პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი არაერთი კადრი ვრცელდება. მათ შორის, კადრებში ჩანს, როგორ გამეტებით ურტყამს პოლიცია მოქალაქეს თავში, დაკავების შემდეგ.

ნახეთ ვიდეო:

ნახეთ ფოტომასალა: 

თბილისში აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს – ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებ

დღეს, 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს.

აქციაზე დააკავეს გიორგი კირთაძეც, რომელიც, „ბათუმელების“ ინფორმაციით, მალე გამოუშვეს.

ვრცელდება ცნობები სხვა დაკავებულების შესახებაც. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

„თბილისი მოლთან“ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ გადაადგილება სცადეს. მოქალაქეთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, პოლიციამ მათ გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალება არ მისცა.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

პოლიცია და სპეცრაზმი დღეს შუადღიდანაა მობილიზებული „თბილისი მოლთან“, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 16:00 საათიდან შეიკრიბნენ. აქ იმყოფება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილიც, იგივე „ხარება“.

მედიაორგანიზაციების განცხადება “პუბლიკის” მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე

პირველ თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ “პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”.

ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას. 

ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.

კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს. 

პატივისცემით,

ბათუმელები

ნეტგაზეთი

სამხრეთის კარიბჭე

სტუდია მონიტორი

მთის ამბები

ჯემნიუსი

მედია აპრილი

ინდიგო

მედიაჩეკერი

მოზაიკა

ქუთაისიპოსტი

მაუწყებელი

აქცენტი

OC Media

Chai Khana 

Civil.ge

პროექტი 64

TV პირველი

“ფორმულა”

JRC/

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

TOK TV

კავკასია

კახეთის ხმა

ტაბულა

ექსპრესნიუსი 

ჩემი ხარაგაული

მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“

CNews.ge

Tv9News

აი,ფაქტი

გურია ნიუსი

BMG

გურიაTV

ქართლის ამბები

მთავარი არხი

On.ge

გაზეთი ალიონი

რადიო WW

რადიო ათინათი

რადიო მარნეული

ქვემო ქართლის მედია

Jnews

ინფო იმერეთი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად ექიმთა ჯგუფი უნდა შეიქმნას – საია სახალხო დამცველს მიმართავს

საიამ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, შექმნას სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა, სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.

იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი“, — ნათქვამია განცხადებაში.

საია სახალხო დამცველს მოუწოდებს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნას მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 22 დღეა, შიმშილობს.

ის 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

გაფიცული თანამშრომლები აჭარის ფინანსთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა – ფეისბუქპოსტები ბრძანებაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უკვე ყოფილმა უფროსმა ლელა მიქელაძემ ადმინისტრაციული საჩივრით აჭარის მთავრობას მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა უკანონოა. მთავრობიდან უარყოფითი პასუხის  მიღების შემთხვევაში ლელა მიქელაძე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სალომე აბაშიძეც. ორივე მათგანი გაფიცვის შემდეგ, 31 დეკემბერს დაითხოვეს სამსახურიდან.

მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში დეტალურად აღწერა რას წერდნენ ისინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გათავისუფლებამდე.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც უარყოფითად აისახება ერთგულების ვალდებულების დაცვაზე, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებაზე, საჯარო დაწესებულებაში სამუშაო გარემოსა და დასაქმებულების დისციპლინაზე.

გათავისუფლებულების არგუმენტით კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. „ოცნების“ მთავრობის მიერ ამ გზიდან გადახვევა იყო სწორედ მათი პროტესტის და გაფიცვის მიზეზი.

ჯაბა ფუტკარაძემ გათავისუფლების ბრძანებაში ლელა მიქელაძის „ბათუმელებისთვის“ მიცემულ კომენტარზეც მიუთითა, სადაც ის გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილების მოტივზე საუბრობდა.

ბრძანების მიხედვით ორი გაფიციული თანამშრომლის გათავისუფლების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სამსახურში გამოუცხადებლობაა.

ლელა მიქელაძე 2024 წლის 2 დეკემბერს გაიფიცა, მან  გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და როგორც თავად გვითხრა მინისტრის მოადგილესაც აცნობა, რომ გაფიცულია. გაფიცვის შესახებ 2 დეკემბერს დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამინისტროს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სალომე აბაშიძემაც.

ლელა მიქელაძის ინფორმაციით, ზეპირი შეტყობინების შემდეგ მინისტრის მოადგილისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ან განმარტება, რომ ზეპირი შეტყობინება გაფიცვის დასაწყებად არ იქნებოდა საკმარისი და მის მიმართ შეიძლება ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულიყო. არც მაშინ და არც შემდეგ დღეებში ლელას, როგორც თავად ამბობს, სამინისტროდან არავინ შეხმიანებია, თუნდაც ზეპირი განმარტების მისაცემად.

მინისტრის ბრძანების მიხედვით ორი გაფიცული თანამშრომლის, ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსის, ლელა მიქელაძის და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური ანალიზის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, სალომე აბაშიძის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება 2024 წლის 13 დეკემბერს დაიწყო. მიზეზი – სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის სავარაუდო დარღვევა და შესაძლო დისციპლინური გადაცდომა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და თანამშრომლების განცხადებებიც შეისწავლეს, რის შედეგადაც „მოკვლეულ იქნა შესაბამისი მასალები“, გაიმართა ზეპირი მოსმენა, ოქმი შეუდგენიათ და პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების შესახებ დასკვნაც მოუმზადებიათ.

ჯაბა ფუტკარაძე თავის ბრძანებაში ლელა მიქალაძის მიერ 2024 წლის 2-17 დეკემბრის შუალედში გამოქვეყნებულ პოსტებზეც მიუთითებს:

  • „… ლელა მიქელაძე, რომელიც საჯარო სამსახურში 20 წელიწადი ვმუშაობ და ვემსახურები ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ხელმძღვანელობით, მივიჩნევ: დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით, შემზარავია იმის ყურება, თუ როგორი გამეტებით უსწორდებიან მშვიდობიან პროტესტანტებს! ასე ვერ გაგრძელდება! ევროინტეგრაციის პროცესს აუცილებლად დავუბრუნებთ საქართველოს, ამიტომ ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ შემომიერთდნენ! აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია!“
  • „ყველას, ვისაც დღეს ამ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება რეაქცია არ გაქვთ გშლით ყველა სივრციდან. დღეს დუმილი ყველაზე დიდი სირცხვილია. ხელფასი არაა ყველაფერი!!! ყველას ერთად ვერაფერს ვერ გვიზამენ ეს მართლა მოძალადეები. თქვენ თუ თქვენი შვილებისთვის ასეთი ქვეყანა გინდათ ყოჩაღ“.
  • „დღეს ვერავინ ვერ დააპატიმრენ და ნაძვის ხეს მიადგნენ“.
  • „გილოცავთ იმ საჯარო მოხელეებს ვინც შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპისკენ მიმავალ მატარებელში ზიხართ ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ეს კანონი“.
  • „დღეს არის ასეთი მოცემულობა: ყველა ქუჩაშია და აპროტეტებს გარდა საჯარო მოხელეებისა [გამონაკლისები არსებობს]. ვინ არიან საჯარო მოხელეები? ხალხი, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა ევალებათ კონსტიტუციის დაცვა [ფიცი გვაქვს დადებული ხალხო] და რომლებიც ხალხის დაქირავებულები არიან. ანუ ხალხი გიხდით ხელფასს! ის ხალხი, რომლებიც დღეც ქუჩაშია, რომლებსაც სცემენ! არ გრცხვენიათ? ამ ფულის სახლში მიტანა არ გრცხვენიათ? ეს ხალხი თუ არ იქნება ვერ იქნებით ვერც თქვენ!!!
  • „მამული, ენა, სარწმუნოება ხალხი სად ხართ? ენას საფრთხე შეექმნა და თქვენი ხმა რაღაც არ ისმის. თუ რუსულ ენას იცავდით?“

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია ასევე, რომ „ლელა მიქელაძემ 2024 წლის 2 დეკემბერს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ისე იქცევიან თითქოს არაფერი ხდება… ახალი მოადგილეების წარდგენისთვის ემზადებიან, ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. მინისტრს არ შევხვედრივარ. მოადგილემ დამირეკა და ინფორმაცია მთხოვა, ვუთხარი, რომ სხვას სთხოვოს. რადგან გაფიცული ვარ. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ როგორც ძალადობას, ასევე არჩევნების გაყალბებას“.

მინისტრის განმარტებით ლელა მიქელაძის განცხადებებიდან იკვეთება საჯარო მოსამსახურის ერთგულების ვალდებულების დარღვევა. ის მიიჩნევს, რომ „აღნიშნული განცხადებებით დარღვეულია როგორც კოლეგიალობის ასევე თავაზიანობის პრინციპი, რის დაცვასაც საჯარო მოხელეს ავალდებულებს „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.“

ბრძანების მიხედვით, ფაისბუქის სტატუსებიდან გამომდინარე იკვეთება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები“-ს დარღვევა.

მთელ რიგ განმარტებებთან ერთად მინისტრმა გათავისუფლების ბრძანებაში სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ მიუთითა: „2024 წლის 2 დეკემბრის დილის საათებიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, სამსახურში არ ცხადდებოდა.“

ორივე მოხელე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

„2024 წლის 2 დეკემბერს სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ განცხადებას საფუძვლად დაედო ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის და, ამავდროულად,  საჯარო მოხელის ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც გამომდინარეობს, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის  ცვლილების შესახებ, კერძოდ, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ 2024 წლის 28 ნოემბერს „მმართველი გუნდის“ მიერ საჯაროდ გაცხადებული გადაწყვეტილებიდან, მეორე მხრივ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მიტინგების მონაწილეთა  წინააღმდეგ  სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რეპრესიული,ძალადობრივი ღონისძიებების დაგმობისა და უარყოფისგან.“ – განმარტავს ლელა მიქელაძე შიდა აუდიტისთვის მიწერილ ახსნა-განმარტებაში.

ლელა მიქელაძე განმარტავს, რომ მისი როგორც საჯარო მოხელის ქმედება, მათ შორის განცხადებები არ უნდა გახდეს დევნის საფუძველი, რადგან ეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას ემსახურებოდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნადაა დაგენილი, რომ: „საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს“.

ლელა მიქელაძის ადვოკატი ანა მდინარაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ უკიდურესად მძიმე დისციპლინარული პასუხიმგებლობის გამოყენებას ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ის, რომ ლელა მიქალაძე არ ცხადდებოდა სამსახურში და მისი ქმედებები არ წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის შრომით კოდექსით გათვალისწინებულ გაფიცვას. შესაბამისად, იმ დღეებში როცა ლელა არ გამოცხადდა სამინისტროში, ის სარგებლობდა წინააღმდეგობის უფლებით რაც არის მისთვის საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილება და ეს არის სრულად ადაპტაციაში ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან.

„ჩვენ ადმინისტრაციული წარმოების დროს, ახსნა-განმარტების ეტაპზე, ზეპირი მოსმენის დროს მუდმივად ვუთითებდით ამ ფაქტს. კი დღეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი მართლა არ აძლევს ადამიანს სოლიდარული გაფიცვის უფლებას, მაგრამ აქ ტერმინი გაფიცვა, პროტესტის ფორმა იმ სახით იყო გამოყენებული და შინაარსობრივი თვალსაზრისით მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე ბუნებრივია ვეთანხმებოდით, რომ ეს არ იყო ის გაფიცვა, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსით, თუმცა ლელა მიქელაძეს, როდესაც ჩაბარდა ეს შეტყობინება, თქვენი ქმედებები არ წამოადგენს გაფიცვას და გთხოვთ გამოცხადდეთ სამსახურშიო, ის მეორე დღესვე გამოცხადდა სამსახურში და დაიწყო სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულება.“ – ამბობს ადვოკატი ანა მდინარაძე.

მინისტრმა გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილებას 31 დეკემბერს მოაწერა ხელი.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 4 და 5 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 840 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320]
  • ტანკი – 9 908 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 20 667 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 22 538 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 267 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 793 ერთეული [+99]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 709 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 3 729 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 975 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 511 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 087 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 060 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ავტომაგისტრალების გადაკეტვა „ოცნების“ მთავრობამ კრიმინალად აქცია – ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია.

2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა.

2 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ტერიტორიის გადაკეტვა უკანონია. საუბარია დედაქალაქის შემოსასვლელთან, 16:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე.

სამინისტრო ამ შემთხვევაში 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დადგენილებას დაეყრდნო.

რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა“? – ამ გზების კონკრეტულ ჩამონათვალშია სწორედ „თბილისის შემოსავლელიც“.

მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, იურისტი ბექა ბასილაია თავის ფეისბუქგვერდზე წერს, რომ 2 თებერვალს „თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის“. თუ რატომ? – ბასილაიას ამავე პოსტში აქვს ახსნილი:

„მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდა 31 იანვარს, რაც ნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი მიზნებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე.“ – წერს იურისტი.

ბექა ბასილაიამ მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მართალია, გზის გადაკეტვა დანაშაულად არ მიაჩნია, თუმცა, ეს „არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვარწმუნებდე, ამ აქციაში მონაწილეობის გამო ბიძინას პოლიცია და სასამართლო არ შეგვეხება. პირიქით, იმის მოლოდინი მაქვს, რომ, როგორც არაერთგზის აქამდე, კანონს ფეხზე დაიკიდებენ და რეპრესიის მექანიზმად გამოიყენებენ 222-ე მუხლს;

ის, რომ ვადებთან დაკავშირებული არგუმენტებით ხვალინდელი გზის გადაკეტვა დანაშაულად არ მიმაჩნია, არ ნიშნავს, რომ 15 თებერვლის შემდგომ გზის გადაკეტვის გამო 222-ე მუხლის ამოქმედებას სწორად მივიჩნევდე.“

„სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

„ქართულმა ოცნებამ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.

ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:

ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;

ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლბის პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ,“ – წერს იურისტი გურო იმნაძე.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობისაა ასევე სენაკი-ფოთი[ასაქცევი]-სარფის[თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ავტომაგისტრალიც, რომლის შემადგენელი ნაწილია შემდეგი ქუჩები ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

  • თამარ მეფის გამზირი [მდინარე ჩაქვისწყალიდან თამარის დასახლებაში მდინარე ყოროლისწყლამდე მონაკვეთი. მოიცავს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებს];
  • აეროპორტის გზატკეცილი [ანგისიდან ახალსოფლის დასახლებამდე – მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდის ჩათვლით]
  • აფსაროსის გზატკეცილი [ახალსოფლიდან გონიოს ციხემდე მონაკვეთი]
  • ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი [გონიოს ციხიდან კვარიათის ჩათვლით მონაკვეთი]

საერთაშორისო მნიშვნელობისაა ასევე ავტომაგისტრალი კვარიათიდან სარფის საბაჟომდე [თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში [ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე].

„ოცნების“ ახალი დადგენილებით კი, პროტესტის დროს ბათუმში გზის ზემოთ აღნიშნული მონაკვეთების ბლოკირებაც სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

[სენაკი-სარფის ავტომაგისტრალის შემადგენელი იყო ასევე ბათუმში ოდისეი დიმიტრიადის, ბაქოს, ილია ჭავჭავაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებიც, თუმცა ჩვენი ინფორმაციით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დასახელების ქუჩები ბათუმის მუნიციპალიტეტზეა გადაცემული].

რა ხდება:

ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა მსჯელობა პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. მოქალაქეები, რომლებიც უწყევტად, უკვე ორ თვეზე მეტია ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, განიხილავდნენ პროტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მაგისტრალის გადაკეტვას.

სამოქალაქო აქტივისტი, ილია ღლონტი ამბობს, რომ მისი სახლის ჩხრეკისა და გამოკითხვაზე წაყვანის საფუძველი სოციალურ ქსელში, „პუბლიკას“ ნიუსის გაზიარება გახდა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები – სხვა აქტივისტების სახლების ჩხრეკა და დაკავება სწორედ ამ ნიუსს ეხება. კონკრეტულად, 2 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისი მოლის მიმდებარედ დაგეგმილ აქციას.

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის ნელი სიკვდილით?” – ნაირა გელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ნაირა გელაშვილი ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. ის პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ როგორც ამაღლობელი, ისე სხვა “სინდისის პატიმრები”.

“როდემდე?

როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით?

იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ!

იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო უღირსებო, ლაჩარი კაცებით, რომლებიც ვაჟკაცობად თვლიან უმწეო  პატიმარი ქალის შეურაცხყოფას, მისდამი უხამს მუქარას და შურისძიებას!

რომლებსაც მამაკაცური ღირსების კოდექსის არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი სმენიათ!

ი. დ.-ძის მაგვარ ძალოვანთა გარეგნულად გაფუყული მამაკაცობა უბადრუკობით არის ამოვსებული! ასეთებს   შეუძლიათ საქვეყნოდ იწუწუნონ, რომ ქალის სუსტად მოქნეულმა ხელმა, უფრო ზუსტად კი თითების შეხებამ ნიკაპზე, ტკივილი მიაყენა მათ! (აი, ამაზე კი შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ნამდვილად არ მომხდარა!).

ასეთებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააგებინებს, რას ნიშნავს სიტყვა „სირცხვილი“ და „სამარცხვინო“!

ეს სუბიექტი ჩვენს უახლეს ისტორიასა და წიგნში „ღირსების შესახებ“ (რომელიც, საბედნიეროდ, იწერება), შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი!

საერთოდ, მზია ამაღლობელის ამბავი ტესტია მთელი საზოგადოებრივი მორალისთვის და ცალკე  უნდა გაანალიზდეს იმ  არსებათა საქციელი, სისხლისა და შურისძიების წყურვილი ქვეცნობიერში რომ აქვთ ჩატენილი და მსგავს შემთხვევებში ამოანთხევენ ხოლმე ან ხმამაღლა ან ხმადაბლა, ოღონდ შეფუთულს სახელმწიფოებრივი წესრიგისადმი ერთგულებით. ასეთები ჩუმად იტანდნენ და იტანენ დამცირებას და ახლა უბრალოდ შურთ იმისი, ვინც ეს ვერ და არ აიტანა („შიმშილობს და იშიმშილოს!“ „იშიმშილოს და მოკვდეს“! -სოციალური ქსელები).

მაგრამ განსაკუთრებით შემზარავი ის არის, რომ არც საერო და არც სასულიერო ხელისუფალთა შორის ერთიც კი არ აღმოჩნდა, ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანი, ქალი, (რომელიც მუდამ სანიმუშო რეპუტაციით, პროფესიული ცოდნითა და თავდადებული შრომით გამოირჩეოდა), უკვე 21-ე დღეა  შიმშილობს!

ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ მოქალაქე  ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, მერე არა ადამიანური მოპყრობით აფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანეს,  და მერე  სუსტად მოქნეული სილის გამო შვიდ წელს უსჯიან და თან სახელს უტეხენ! ვინც აღშფოთდებოდა, რომ მას მშვიდად იმეტებენ სიკვდილისათვის! ეს ხომ იგივეა რაც მკვლელობა!

ცხადია, ვისაც ბოლომდე სურს მკვლელად ჩამოყალიბდეს, იმას ვეღარაფერი შეაჩერებს, მაგრამ რადგან სასწაულების მჯერა, მაინც მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!  (ომშიც ხომ აქვს ადგილი სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებს). მერე მართლა გვიან იქნება და გვიან იქნება მრავალი თვალსაზრისით,“ – წერს ნაირა გელაშვილი.

——————————————————————————————

უკვე 22 დღეა, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს.

ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.

იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

“პაპუაშვილის განცხადებას აღვიქვამთ მუქარად” – პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და თავს ესხმის ონლაინ გამოცემა „პუბლიკას”.

კერძოდ, პაპუაშვილმა გააზიარა „პუბლიკის” ქარდი, ხვალ, 2 თებერვალს, თბილისი მოლთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ და დაწერა, ამ ტიპის ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, დანაშაული იყო.

პაპუაშვილი აქციაზე ინფორმაციის გავრცელებას წარმოაჩენს დანაშაულის რეკლამირებად და საუბრობს პასუხისგებაზე.

ონლაინგამოცემა პუბლიკა შალვა პაპუაშვილის განცხადებას მუქარად აფასებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს: „პუბლიკა“ ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „პუბლიკამ“ დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე.

შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით.

პაპუაშვილის ამ განცხადებას „პუბლიკის“ თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად,“ – ნათქვამია „პუბლიკას“ განცხადებაში.

 

 

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„ბათუმელების“ მანიფესტი „ახალი თეატრის“ წარმოდგენაზე ბათუმში, 1 თებერვალს.

___________________________________________

„ჩვენ დღეს აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ვართ, რადგან წარმოვადგენთ გამოცემა „ბათუმელებს“, რომელიც მზია ამაღლობელმა დააარსა.

ბათუმში, ამ ადგილიდან ორიოდე კვარტლის დაშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა. დღეს ამ რედაქციის აივანზე დიდი ბანერია გადმოფენილი, რომელზეც წერია – „თავისუფლება მზიას“.

ვერასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერება მოგვიწევდა, ვერ წარმოგვედგინა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და თავისუფალი სიტყვის დევნა მიაღწევდა იმ ზღვარს, როცა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს დააკავებდნენ და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა დაემუქრებოდა.

რა შეუძლია უსამართლოდ დატყვევებულ ადამიანს?! უსამართლოდ დატყვევებულ ადამიანს რა შეუძლია?!

მზია ამაღლობელი 21 დღეა შიმშილობს. ესაა მზია ამაღლობელის, რეჟიმის მიერ დატყვევებული ჟურნალისტი ქალის უხმო მანიფესტი.

მზია ამაღლობელი ოთხ კედელშია გამოკეტილი, მაგრამ მისი ხმა უსიტყვოდაც ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება.

სწორედ ამიტომ, მზია ოთხ კედელშიც კი უფრო თავისუფალია, ვიდრე ამ რეჟიმის ნებისმიერი მსახური და შემგუებელი, რომელსაც შეუძლია, მაგრამ არ ლაპარაკობს.

მზია ამაღლობელი არის ქალი, რომელმაც 24 წლის წინ, ამ ქალაქში, სადაც მაშინ ასლან აბაშიძე მართავდა ყველაფერს და სუნთქვა ჭირდა, განიზრახა შეუძლებელი – დაეარსებინა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გაზეთი, რომელიც გახდებოდა ათასობით, ათი ათასობით ადამიანის ხმა და ეს ხმა გააძლიერებდა დემოკრატიას, ეს იქნებოდა ხმა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი მაშინ 26 წლის იყო. ის იყო მაღალმთიანი აჭარის სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა აბსოლუტური რწმენა, რომ ავტორიტარიზმისა და დიქტატურის დამარცხება შესაძლებელია თავისუფალი სიტყვით, სიტყვით, რომელიც შუქს ჰგავს. შუქი, ერთი პატარა სანთელიც კი, წყვდიადს ანათებს.

სწორედ ასეთ სანთელს ჰგავდა მაშინ „ბათუმელები“, ერთ, პატარა ოთახში გახსნილი გაზეთის რედაქცია, სადაც მხოლოდ ერთი ძველი კომპიუტერი იდგა, მაგრამ „ბათუმელებს“ ჰქონდა ის, რაც აშინებს ყველა რეჟიმს – უზარმაზარი ენთუზიაზმი და თავისუფალი სიტყვისა და სამართლიანობის რწმენა.

„ბათუმელების“ პირველი ნომერი 2001 წლის 26 მაისს გამოვიდა. ეს თარიღი არ ყოფილა შემთხვევითი, ეს იყო განაცხადი, თუ რა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და სიტყვის თავისუფლება „ბათუმელებისთვის“.

მზია ამაღლობელმა ერთხელ უკვე შეძლო შეუძლებელი.

რეჟიმის პირობებში მან დააარსა გაზეთი და პატარა რედაქცია აქცია გავლენიან გამოცემად, რომელსაც არ შეუცვლია დამფუძნებელი, არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის პროპაგანდის იარაღი და მუდამ რჩებოდა და რჩება ადგილად, საიდანაც ყველა ჩაგრულ ადამიანს შეუძლია ხმა მიაწვდინოს ქვეყანას.

მზია ამაღლობელის მიერ დაარსებულ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ არასდროს არ შეშინებია, არასდროს არ დაუხევია უკან სისტემისგან დაჩაგრული არც ერთი ადამიანის, არც ერთი ჯგუფის გაშუქებაზე.

„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ წერდა ყველაფერზე:

წერდა, როგორ დევნიდა და ავიწროებდა სისტემა ადამიანებს:

წერდა კორუფციასა და ნეპოტიმზე;

წერდა ომის დროს ცემით მოკლულ ჯარისკაცზე;

წერდა სიღარიბისგან სასოწარკვეთილ ადამიანებზე, პოლიტიკურ დევნილებზე, უსამართლოდ დაპატიმრებულ სტუდენტებზე, განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე, ბათუმსა და თბილისში ისტორიული შენობების ნგრევაზე…

ვიყავით და ვართ ყველგან, სადაც ვჭირდებით ადამიანებს, სადაც ვჭირდებით მათ, ვისი ხმაც არ ისმის, ვის ხმასაც სისტემა ახშობს.

ეს არ იყო იოლი.

ეს არ იყო არასდროს იოლი.

„ბათუმელები“ და შემდგომში „ნეტგაზეთი“, ყოველთვის იყო ხელისუფლებების სამიზნე.

ყველა ხელისუფლების.

ჩვენს გამოცემას გადაუტანია ფიზიკური დევნა, ზეწოლა, მაგრამ არასდროს დაუხევია უკან, არასდროს უთქვამს უარი გაევრცელებინა თავისუფალი სიტყვა.

ჩვენ ახლა ევროპის მოედანზე ვართ. ამ ადგილიდან ზუსტად ორი კვარტლის მოშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა, სადაც, მეოთხე სართულზე, საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები ფრიალებს.

აქ, მეოთხე სართულზე, მზია ამაღლობელის სამუშაო ოთახია. ამ ოთახში ხშირად შუაღამემდე ანთია შუქი. ეს შუქი ნიშანია იმის, რომ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და სხვას არავის, თავისუფალი მედია მუშაობს.

სანამ ეს შუქი ანთია, ეს ნიშნავს, რომ გრძელდება ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის.

21 დღეა მზია ამაღლობელი დაკავებულია და ციხეში შიმშილობს, მაგრამ მის ოთახში ანთია შუქი. ჩვენ ვიბრძვით მისთვის და რეჟიმის ყველა პატიმრისთვის.

დასასრულს, მინდა წაგიკითხოთ მზიას წერილი, რომელიც ჩვენმა რედაქციამ მისი დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. ესაა მზია ამაღლობელის მანიფესტი და გზავნილი არა მხოლოდ „ბათუმელებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

გიკითხავთ წერილს:

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი.

ვშიმშილობ.

სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.

იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.

იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.

არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.

თავისუფლება მზიას!“

„მინდა გიამბოთ ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს“ – მზია ამაღლობელის ძმისშვილი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმისშვილის, მანანა ამაღლობელის სიტყვა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე ბათუმში:

____________________________________________

„მინდა გიამბოთ მზიაზე, ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს – სხვა მზიაზე.

მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა.

მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს.

მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე შესაძლოა ჯანმრთელობამ უღალატოს. ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს.

მზია ჩემთვის მარტო მამიდა არაა. მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარე მოგონებები.

6 წლის ვიყავი, როცა 28 წლის მამაჩემი, მზიას ძმა დაიღუპა.

იმ დილას მზია თავზე მედგა და მეფერებოდა, მაშინ გამიჩნდა პირველად განცდა, რომ მზია ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, რომელიც ცდილობდა ჩემთვის ტკივილი აერიდებინა.

დედამ და ბებიამ ვერ შეძლეს არ გატეხილიყვნენ, მაგრამ შეძლო მზიამ.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მიკვირს, როგორ შეძლო პატარა, 21 წლის გოგომ ამხელა ძალის მოკრება და პასუხისმგებლობის აღება ძმისშვილების აღზრდაზე. სწავლაზეც უნდოდა უარი ეთქვა, ჩვენზე რომ ეზრუნა, მაგრამ გადაარწმუნეს. უთხრეს, რომ მის ძმას უხაროდა, რომ სწავლობდა – მხოლოდ ამით შეძლეს მისი გადარწმუნება.

იმ საშინელ, ბნელ წლებშიც კი ცდილობდა ჩვენთვის ბედნიერი ბავშვობა შეექმნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.

ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია!

გვყავდა მზია, რომელიც სოფელში, ლამპის შუქზე გვიკითხავდა წიგნებს, გვასწავლიდა გაკვეთილებს, გვიყვებოდა ამბებს, რომ ჩვენ, ბავშვები გავეხალისებინეთ და სახლის კედლებში მხოლოდ ტირილის ხმა არ ყოფილიყო.

ყოველი შაბათ-კვირა ზეიმი იყო ჩვენთვის! მზია, რომელიც მაშინ ბათუმის უნივერსიტეტში სწავლობდა, შაბათ-კვირას სოფელში ჩამოდიოდა და ჩვენს ცხოვრებაში შუქი, იმედი და სიხარული შემოჰქონდა.

მზია ჩვენი, 4 ობოლი ძმისშვილის მფარველი ანგელოზი იყო.

მზია არც მაშინ გატყდა, როცა ძმის დაღუპვიდან მალევე მამა მოუკვდა, რომელმაც შვილის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო. არც მაშინ, როცა დედამისი, ჩემი ბებია გარდაიცვალა, რომელზეც სამსახურიდან გვიან დაბრუნებული მზია ისე ზრუნავდა, როგორც პატარა ბავშვზე, ღამეებს უთენებდა და თვალებში უყურებდა, რომ მას არაფერი სტკენოდა, არაფერი გასჭირვებოდა.

მხოლოდ ერთხელ ვნახე, როგორ გატყდა, მაშინ, როცა მისი გაზრდილი ძმისშვილი, 24 წლის თეო გარდაიცვალა.

მაშინ პირველად ვნახე, როგორ გაიბზარა მზია. უზარმაზარმა ტკივილმა გაბზარა, მაგრამ გაუძლო და შეძლო, რომ ეს ტკივილი ჩვენთვის თავზე არ მოეხვია.

ერთხელ მზიამ მითხრა: მამაშენის და თეოს სიკვდილის მერე რამ უნდა გამტეხოსო… სწორედ ამიტომ, ახლა ძალიან მეშინია, მეშინია მისი მტკიცე ხასიათის, მეშინია მისი თავგანწირვის.

11 იანვარს, როცა მზია პოლიციასთან პირველად დააკავეს სტიკერის გაკვრისთვის, სახლში ვიყავი.

გავიგე თუ არა, იმ წუთასვე გავიქეცი და ასე შევესწარი მის მეორედ დაკავებას.

მეორე დაკავებამდე იყო დიდი ჭყლეტა, ისეთი, რომ მზიას ფეხსაცმელი გასძვრა და დაკავებისას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა.

პოლიციის ეზოში შეყვანის კადრში, რომელიც ალბათ ნახეთ, მზია ფეხშიშველია. მისი ცალი ფეხსაცმელი ჩემმა ბიძაშვილმა, ივეტამ იპოვა და დაჟინებით ცდილობდა, პოლიციელების დახმარებით გადაეცა მზიასთვის.

12 იანვრის ღამეს ციოდა, არ ვიცოდით რა მოხდებოდა. ივეტა კი ეძებდა შედარებით გულისხმიერ პოლიციელს, რომელიც მზიას ფეხსაცმელს შენობაში შეუტანდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში ვიდექით პოლიციასთან, მზიასთან ადვოკატს არ უშვებდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული საათები ჩემს ცხოვრებაში.

მერე, როცა გავიგე, რომ ჩემს, ყველაზე კეთილ, ყველაზე ძვირფას მზიას სისხლის სამართლის მუხლით უპირებდნენ გასამართლებას, თითქოს ცა ჩამოიქცა ჩემს თავზე და ეს გრძნობა მაქვს ახლაც.

მზიამ ციხიდან მხოლოდ ერთხელ დამირეკა, დაკავებიდან მე-16 დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მხნედ მესაუბრა, მივხვდი და ვიგრძენი მისი ყველა ტკივილი.

გვითხრა, რომ ძალიან ვუყვარვართ. გვითხრა, რომ არ ვიდარდოთ მასზე და ვიცხოვროთ ისე, როგორც ვცხოვრობდით, მაგრამ ეს ძნელია, ძნელი კი არა, შეუძლებელია.

როგორ არიან ბავშვები? როგორ ხართ თქვენ? – ეს იყო მისი მთავარი კითხვები ციხიდან. გვითხრა, რომ შიმშილობის შეწყვეტაზე არ ველაპარაკოთ, არ ვცადოთ მისი გადარწმუნება. გვითხრა – „არ მინდა ციხეში მნახოთ და მერე ამაზე ინერვიულოთ, ასე სჯობს თქვენთვის და ჩემთვის.“

ასეთია მზია, სხვანაირად არ შეუძლია.

მზია არის ქალი, რომელიც გასცემს და სანაცვლოს არაფერს ითხოვს.

21 დღე გავიდა მზიას დაკავებიდან. დღეში რამდენჯერმე მინდა ავიღო ხელში ტელეფონი და მივწერო – მა, როგორ ხარ?

თითქოს სული დამიცარიელდა მზიას გარეშე. შუქი დაკარგა ყველაფერმა, მაგრამ ვცდილობ ძლიერი ვიყო, ისეთი, როგორიც მზიას მოეწონება.

მზიას იმედს ვერ გავუცრუებ.

მისი ხასიათი და შემართება არ მაძლევს უფლებას, ხელი ჩავიქნიო.

ჩემი ჯერია, ახლა მე არ უნდა გავტყდე.

ამიტომ, როგორც მზიამ მოგვწერა:

უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის.

მზია, გვჭირდები.

გვჭირდები ჯანმრთელი და ციხის გარეთ.

მამიდა, მჭირდები“.

მზია ამაღლობელია დღეს საქართველო – სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ახალგაზრდებს მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა:

„ბათუმელებო თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში იმიტომ, რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, ვინც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში.

მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, ის არის საქართველო. ამიტომ ვართ დღეს ყველანი ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძლიერად, კარგად იქნება, რადგან ის არის საქართველო.

დღეს ჩვენ არა მხოლოდ ყველანი ერთად ვართ, არამედ ჩვენთან ერთად იზრდება ის მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან, რომელიც ასე გვჭირდება. ბრძოლა ჩვენია. ევროპის საბჭომ თავისი სათქმელი თქვა ძალიან მკაფიოდ და ყველას გასაგონად. ვის მხარეს დგას? – ხალხის, საზოგადოების, საქართველოს მხარეს.

ამერიკაში ახალი თანასპონსორები გაუჩნდა იმ რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ეს არის ნიშნები, თუ რამდენად იზრდება მხარდაჭერა ამ პროტესტის. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რისთვისაც ვდგავართ დღეს აქ და ვიქნებით იქამდე, სანამ საჭირო იქნება.

არავინ, ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს ისეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, როგორიც თითოეულ ჩვენგანს თავის შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის უნდა. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასდროს მარცხდება ქართველი.“ – განაცხადა სალმე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

ამ მიმართვის შემდეგ შეკრებილები მარშით გადავიდნენ ევროპის მოედანზე სადაც „ახალი თეატრის“ მანიფესტი იმართება.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა

პარალელურად საპროტესტო აქციის 66-ე ღამეა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც აქციის მონაწილეები დღეს კარვებში მეოთხე ღამეს გაათენებენ.

აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა ითხოვენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს“ – გახარია

„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის, მათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ის ამ განცხადებით თბილისში დღეს, პირველ თებერვალს მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

დღეს, პირველ თებერვალს, დილიდან დაიწყო და უკვე რამდენიმე საათია თბილისის მასშტაბით პოლიცია აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების სახლებს ჩხრეკს.

გახარია პოლიციის დღევანდელ აქტივობას გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლას უწოდებს:

„შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია. თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!“ 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს აქტივისტ ისაკო დევიძისა და ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის [ქრისტინე ბოტკოველი] სახლები. ნენსის სახლში ჩხრეკას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრებოდა, ადვოკატის მისვლამდე ნენსი ცუდად გახდა, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა უკვე დასრულდა. თუმცა, როგორც თავად ილია ღლონტმა განაცხადა, მას ადვოკატი არ ესწრებოდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

რაც შეეხება ისაკო დევიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

რაც შეეხება უშუალოდ ჩხრეკის საფუძვლებს, უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება. კონკრეტულად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე.

ვრცლად ამ თემაზე:

პოლიცია აქტივისტების სახლებს ჩხრეკს, დაკავებულია ისაკო დევიძე

საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“

„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.

საიამ უკვე გაუგზავნა კორესპოდენცია სპეციალურ პენიტენცურ სამსახურის გენერალურ დირექტორს და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.

განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
————-

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 21 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა – პროტესტი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7-მა წევრმა დატოვა.

მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ, რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.

გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს.

„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ აღნიშნულ საბჭოს.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას უწევს ტოლერანტობის ცენტრი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამოქალაქო ინტეგრაციისს საკითხების განსახილველად და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე სამუშაოდ, თუმცა ბოლო ერთი წლის გაანმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა.

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, პირდაპირ აისახა აღნიშნული საბჭოს საქმიანობაზე, რომელიც არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ბოლო ათი თვის განმავლობაში არ გამართულა არც ერთი სამუშაო შეხვედრა, მიუხედავად საბჭოს სხვადასხვა წევრის არაერთი მოთხოვნისა.

ე.წ. გამჭვირვალობის (რუსული) კანონის წინააღმდეგ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის მხრიდან საბჭოს საქმიანობაში უხეში ჩარევა, საბჭოს წინააღმდეგ მისი სახელით გავრცელდა ხელმომწერებისთვის შეურაცხყმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. ასევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მას და იზაბელა ოსიპოვას, საბჭოს წევრებთან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სურთ საბჭოს საქმიანობის წარმართვა.

აგრეთვე საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.

აქედან გამომდინარე საბჭოში შემავალმა ორგანიზაციების თუ ფიზიკურმა პირების ერთმა ნაწილმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება –  ერთი მხრივ, უფუნქციო საბჭოს დატოვების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ახალი – ეთნიკური მრავალფეროვნების – საბჭოს დაარსებაზე.

ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოში შემავალ ყველა სუბიექტს აქვს სურვილი, რომ მათი საქმიანობა რეალურად ასახავდეს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, საზოგადოებას აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აჟღერებდეს მათ სათქმელს სხვადასხვა ფორუმისა თუ პლატფორმის გამოყენებით და მუშაობდეს ადგილობრივი თემების პრობლემების მოგვარებაზე.

აგრეთვე, ხელს უწყობდეს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიის გადააზრებას, თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და გამყარებას“-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 1 თებერვალს გავრცელდა.

საბჭო დატოვეს შემდეგმა პირებმა:

  • ელნურ ალისოი – სოლიდარობის მოძროაბა.
  • ზაზა კალაშოვი – ქუთული ორგანიაზაცია რონაი.
  • რაშან ზიადალიევი – სამოქალაქო ჩართულობისა და ატივიზმის ცენტრი.
  • ჯეიხუნ მუჰამედალი – წითელი ხიდი.
  • ალექსანდრე ქავთარაძე – საქართველოს უდიები.
  • სამირა ისმაილოვა – სამოქალაქო თანასრორბის პლატფორმა
  • გიორგი ტუმასიანი – საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა

___________________

მთავარი ფოტო: ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სხდომა/ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი.

გირჩის პოლიტიკოსები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

„ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა,“ – ნათქვამია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დღეს, 1-ელ თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

გირჩის პოლიტიკოსები თვლიან, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა.

„პოლიციელის მუნდირისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაზე ყურადღების გამახვილებით, ხელისუფლება იმეორებს კომუნისტური ეპოქის მიდგომებს, ხოლო ხუთწლიანი პატიმრობის მუქარა, სილის გაწვნისთვის, არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ უფრო ღრმა ეთიკურ, სამართლებრივ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენებს, რომ მთელი სასამართლო და ძალოვანი სისტემა ხელისუფლების ჯიბეში ზის და გამოიყენება მმართველი ძალის დასაცავად. ამიტომ, საქართველოში სამართლებრივი სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს,“ – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

——————————-

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 839 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
  • ტანკი – 9 902 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 20 653 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 22 493 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 266 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 694 ერთეული [+121]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 629 ერთეული [+77]
  • სპეცტექნიკა – 3 727 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 987 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 975 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 511 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 087 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 060 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„შეარბილეთ ბრალდება” – მღვდელი პროკურატურას მიმართავს მზია ამაღლობელის საქმეზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი გიორგი წეროძე პროკურატურას მზია ამაღლობლის საქმეზე მიმართავს. ის პროკურატურას ბრალდების შერბილებისკენ მოუწოდებს.

„მზია ამაღლობლისთვის ღმერთმა ჩამასმინა ეს მომართვა საქართველოს პროკურატურისთვის, ამიტომ თქვენთან, ყველა ღმერთის მოყვარულისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

შეარბილეთ ბრალდება.

თქვენც კარგად იცით, რომ ამ ვითარებასა და ამ ქმედებისთვის სისხლის სამართლის მუხლით საქმის აღძვრა და წინასწარი პატიმრობა შურისძიება და ფაქტობრივად სასჯელის დაწესებაა. (ასეა არა მარტო მზია ამაღლობლისთვის).

დაუთმეთ ადგილი სასამართლოს.

გახსოვდეთ, ყველა, ვინც ქრისტეს მოსვლამდე მიიტაცებს სასჯელის გამოტანის უფლებას – არის ანტიქრისტე. მორწმუნისთვის ეს დამღუპველია. ქრისტიანისთვის დამღუპველია იცოდეს სიკეთის კეთება და ვერ/არ აკეთოს, იცოდეს, რომ ცოდვას სჩადის და არ გადაიფიქროს. ის, ვისაც არ სწამს მკვდრეთით აღდგომა და ის, რომ ღმერთი ახლა ჩვენ შორის არის – სანქციებისა არ იყოს, მშრალი გამოვა წყლიდან.

აი, ღმერთის მოყვარულს კი გაუჭირდება. იმიტომ, რომ იცის – ცოდვას სჩადის, შურს იძიებს, იტაცებს სასამართლოს ფუნქციას და ღმერთის ხმას მაინც უგულებელყოფს.

ნუ მოტყუვდებით, რომ მხოლოდ პატრიარქმა ან ეპისკოპოსმა უნდა გაგაგონოთ მსგავსი შეგონება. ეს შეუძლია ყველა ქრისტეს მოყვარე ადამიანს და ასევე მეც, დეკანოზ გიორგი წეროძეს. 1პეტ 2:6-10: “თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი. ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი”.

ვისაც ღმერთი უყვარს, შემოგვიერთდით”, – წერს დეკანოზი.

—————————–

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

„ახალი თეატრი“ ბათუმში საპროტესტო მანიფესტს გამართავს

პირველ თებერვალს „ახალი თეატრი“ ბათუმში საპროტესტო თეატრალურ მანიფესტს გამართავს.

ბათუმის შემდეგ, 2 თებერვალს, სოლიდარობის მანიფესტი ზუგდიდში გაიმართება.

„ჩვენ მოვდივართ სოლიდარობისთვის, რომ ერთად ყოფნით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას“ – აცხადებენ „ახალი თეატრის“ მსახიობები.

„ახალი თეატრი აგრძელებს მანიფესტის ტალღას და მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ ყველას, ვინც ჩამოვდივართ, გვაინტერესებს თქვენი მანიფესტი. ძალიან გვინდა თქვენი ხმა გავიგონოთ.

მჯერა ყველაფერი გამოგვივა, თუ ვიქნებით სოლიდარულები და თუ ვიქნებით ერთიანი“ – ამბობს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

„მოვდივართ იმიტომ, რომ გავერთიანდეთ, მოვდივართ იმიტომ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ტკივილები და რაც მთავარია, მოგისმინოთ თქვენ. თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და თუ ასე ერთად ვიქნებით, ასე ბევრად უფრო იოლად გადავცურავთ ზღვას“- ამბობს თეატრის რეჟისორი დავით დოიაშვილი.

„მოვდივართ იმისთვის, რომ ერთმანეთს დავუდგეთ მხარში, ვაჩვენოთ ერთმანეთს სოლიდარობა“ – აცხადებენ მსახიობები.

„ახალი თეატრი“ ამით იწყებს საპროტესტო გასვლებს რეგიონებში.

FinOps თიბისიში – ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ.

თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.

პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, კომპანიას მისცა ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება.

თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, თიბისის ტექ გუნდის წევრები FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ.

კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, თიბისიმ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის – Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე” – იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

რას ამბობს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შიმშილობის მე-20 დღეს

ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს.

როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას.

მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხის ექიმებმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.

„როგორც იქნა, ჩავიბარეთ სამედიცინო დოკუმენტაცია დღევანდელი მდგომარეობით. გვითხრეს, რომ ეს არის ბოლო დოკუმენტაცია. ახლა სპეციალისტებს ვაჩვენებთ, თავისთავად ცხადია და მერე შეგვეძლება ვთქვათ რამე სამედიცინო კუთხით.

რაც შეეხება, სხვა თვალსაზრისით, 20 დღის ნაშიმშილები ადამიანი როგორც გამოიყურება, ისე გამოიყურება. თუმცა, საოცარი ადამიანია და კი არ ცდილობს, რომ დაგანახოს, რომ სუსტად არის. პირიქით, ამბობს, რომ არა, ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ, მაშინ გეტყვით. გავუძლებ, იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე დამხარებას არ ითხოვს, სადმე გადაყვანას არ ითხოვს, ამბობს, რომ არა, ვუძლებ […]

21-ში იყო სისხლის საერთო. ჩავიბარეთ, ასევე, 28-ში რომელიც გაუკეთეს. ამ ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით არ იცოდა. ახლა აჩვენეს, სავარაუდოდ და ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. გვითხრეს, რომ დღევანდელის ჩათვლით ეს არის. თუმცა, შემდეგ კვირას გეგმავენ, როგორც მზიამ გვითხრა, უკვე სერიოზული კვლევების ჩატარებას, რომელიც აქ [ციხეში] ვერ ჩატარდება”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ადვოკატი ამბობს რომ დაუსაბუთებელია მზია ამაღლობელის დაპატიმრება ორივე შემთხვევაში – როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის კოდექსით. მწარიაშვილის შეფასებით, შეუსაბამოა მისთვის წარდგენილი ბრალიც. შეხვერდაზე მათ ეს საკითხებიც განიხილეს, თუმცა ადვოკატს საჯაროდ ამ დეტალებზე არ უსაუბრია.

მწარიაშვილის თქმით, ამაღლობელი თვალს ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და წუხს შექმნილი ვითარების გამო. თუმცა, ამავე დროს, სურს, რომ საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე გამახვილდეს და მისი პატიმრობა და შიმშილობა არ იყოს განხილვის „მთავარ თემა”.

„მე რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად, უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო. მანძილი უნდა გამოიაროს [ადვოკატთან შესახვედრად] და თავისთავად, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.

უფრო ნელა საუბრობს, ვიდრე იქამდე. თუმცა, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. საქმესთან დაკავშირებით რაღაცებზე ვისაუბრეთ. მისი მოსაზრებები იცით. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყველაზე ჯერზე გვეუბნება, რომ მე არა ვარ მთავარი თემა. არაერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი ქვეყანაში. ევროსაბჭოს ამ ბოლო ამბებზე იყო ძალიან, ძალიან შეწუხებული”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ.

ნეტგაზეთი/ბათუმელების დირექტორი, მზია ამაღლობელი უკვე 20 დღეა რაც შიმშილობს.

ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.

არსებობს ერთადერთი გამოსავალი – თავისუფლება მზიას! – ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მზია ამაღლობლის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

„აუტანელია ფიქრი მზიაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ წირავს თავს – წირავს თავს სამშობლოსთვის, ჩვენთვის, ყველასათვის და შენ არაფერი არ შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ ეს ტრაგედია არ დადგეს! აქ ყოველი ჩვენგანის განცდები თუ ღამის კოშმარები მოსატანიც არ არის. თან ის ისეთი სადაა, ისეთი  გულწრფელი, ისე უბრალოდ ითხოვს, მის ჯანმრთელობაზე არ ვილაპარაკოთ! და ჩემთვის ნათელია, მასში ის უიშვიათესი კოდია ჩადებული – სამშობლოსთვის თავგანწირვის კოდი. ეს ის ადამიანებია, მერე გმირებს რომ ვეძახით!

დღეს კი არსებობს ერთადერთი გამოსავალი – თავისუფლება მზიას! თქვენ, ვისაც ეს ხელგეწიფებათ, შეისმინეთ არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიოს მთელი დემოკრატიული საზოგადოების მომართვა: ჩაიდინეთ ეს ელემენტარული სამართლიანი აქტი, თუ არ გინდათ ისტორიაში უმძიმესი სახელწოდებით დარჩეთ.

მზია კი ისტორიაში უკვე შევიდა საქართველოსთვის თავდადებული გმირის სახელით,” – წერს რეჟისორი.

——————————————————-

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

 

 

 

 

 

არსებობს ჯანმრთელობის გართულების რისკი – მზია ამაღლობელი ომბუდსმენის ეგიდით ექიმმა მოინახულა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, მათ შორის ექიმმა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ მოინახულეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ექიმი გაესაუბრა მზია ამაღლობელს, გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას და გაესაუბრა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

„მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მას დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემები და შიმშილობის ფონზე არსებობს მისი გართულების რისკი. მზია ამაღლობელს უტარდება სამედიცინო კვლევები და იმყოფება ინტენსიური სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო მიმდინარე კვირაში ჩატარებული უახლესი გამოკვლევების შედეგები, რაც დღეს უკვე მიეწოდა ადვოკატს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატი ეხმაურება კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებს და განმარტავს, რომ არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ.

„სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობლისთვის პენიტენციური სამსახურის მხრიდან სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხზე სახალხო დამცველი აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს აპარატში დასაქმებული ექიმის დახმარებით, ისევე, როგორც სხვადასხვა დროს არაერთი სხვა მოშიმშილე პატიმრის შიმშილობისა თუ სხვა ჯანმრთელობის პრობლემების მართვის მონიტორინგის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ არ ერთვებოდა და არ ერთვება პატიმრების მკურნალობის პროცესში და ომბუდსმენის მანდატი პატიმრისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე მონიტორინგია, რაც დაკავებულთა ჯანდაცვის უფლებას უკავშირდება.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ თუ იმ სამედიცინო მასალების საფუძველზე, რასაც სახალხო დამცველის აპარატი გადასცემს დაცვის მხარეს, მათგან იქნება დაყენებული დამატებითი კვლევებისა თუ სხვაგვარი სამედიცინო მომსახურების საჭიროების საკითხი, კომპეტენციის ფარგლებში დამატებით რეაგირებას მოახდენს.

მზია ამაღლობელი მე-20 დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს.

აჭარაბეთ არენაზე თამაში დაიწყო 

თუ ჯერ კიდევ არ იცი, რა არის აჭარაბეთ არენა, ახლა საუკეთესო დროა, რომ გადმოხვიდე და თავად ნახო ყველაფერი! აქ დაგხვდება მრავალფეროვანი და საინტერესო კონტენტი, რაც ყველა გემოვნების მქონე გულშემატკივარს მოეწონება:

სპორტული სიახლეები და სტატიებიყოველდღიური განახლებები, რომლებიც მოიცავს მატჩების პრევიუს, შედეგების ანალიზს, სტატისტიკას და მატჩისშემდგომ კომენტარებს. არცერთი ქართველი სპორტსმენი და მისი სიახლე არ გამორჩება.

გასართობი ქვიზებითუ სპორტი შენი ძლიერი მხარეა, შეგიძლია ჩვენი თემატური ქვიზებით გამოსცადო საკუთარი ცოდნა. აქ შეხვდები კითხვებს ქართულ და უცხოურ ფეხბურთზე, UFC-ზე, ქართველ სპორტსმენებზე და სხვა საინტერესო თემებზე.

ანალიტიკური სტატიები–  ავტორები რეგულარულად ავრცელებენ სიღრმისეულ ანალიტიკას და საკუთარ ხედვებს სპორტული მოვლენების შესახებ, რაც სპორტის მოყვარულებისთვის დამატებით სიამოვნებას წარმოადგენს.

მოკლედ, აჭარაბეთ არენაზე ყველა ტიპის გულშემატკივარი იპოვის მისთვის საინტერესო მიმართულბას. არ აქვს მნიშვნელობა, გსურს მხოლოდ მატჩების ყურება, ანალიზი თუ თამაშების აქტიური განხილვაყველაფერი  დაგხვდებათ აჭარაბეთ არენაზე.

რას ელოდები? თამაში დაიწყოშემოგვიერთდი აჭარაბეთ არენაზე და გახადე სპორტული გამოცდილება უფრო ამაღელვებელი!

რა კომენტარი გააკეთა საგამოძიებოს უფროსმა გიორგი პერანიძემ, მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობაზე

დღეს, 31 იანვარს, ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან  „ბათუმელები“ მზია ამაღლობელთან დაკავშირებული კითხვებით მივიდა.

კითხვები, რომელთაც საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღეა არ პასუხობს, ასეთია:

  • რატომ არ ენიჭება მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი?
  • გამოკითხეთ ბათუმის პოლიციის უფროსი  ირაკლი დგებუაძე?
  • რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე?
  • რატომ არ უჩერდება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება?
  • რატომ დაიწყეთ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და არა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რაზეც მზია ამაღლობელი საუბრობს?
  • ირაკლი დგებუაძე 2023 წელსაც დაადანაშაულეს ფეხის სახეში ჩარტყმაში, „გენრი დოლიძის საქმე“, მოქალაქის გინება – „ხათუნა ბერიძის საქმე“, პისტოლეტით დამუქრებაში – „კახა გურგენაძის საქმე“… რა გამოიძიეთ?
  • რატომ არ გამოიძიეთ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები?
  • როდის დაიწყებთ გამოძიებას ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობლის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე?

რადგან საგამოძიებო სამსახური არც წერილობით  და არც სატელეფონო საუბარში არ სცემდა ამ კითხვებზე პასუხს, დღეს „ბათუმელები“ შეეცადა პირდაპირ ჩართვაში დაესვა ეს კითხვები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსისთვის, გიორგი პერანიძისთვის.

ჩვენ მას ბათუმში, სამსახურის შესასვლელთან დავხვდით და ვკითხეთ, რატომ არ ამზადებენ შესაბამის დასკვნას „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის საქმეზე, რომელიც უნდა გადაეგზავნოს პროკურატურას, რის შემდეგაც მზია ამაღლობელს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

„ბათუმელების“ აქცია საგამოძიებო სამსახურთან/ დაიკითხა თუ არა ირაკლი დგებუაძე?

გიორგი პერანიძემ „ბათუმელების“ ლაივში სტანდარტული კომენტარი გააკეთა, თუმცა კითხვებს მაინც არ გასცა ამომწურავი პასუხი.

„როგორც სამსახურმა გაავრცელა რელიზი, თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება აქტიურ რეჟიმში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ქალბატონ მზიას საქმესთან დაკავშირებით.

დაზარალებულად ცნობის საკითხი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციას სცილდება, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს მოგახსენებთ, თუ სურვილი აქვთ ქალბატონ მზიას ადვოკატებს და უფლებადამცველებს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ საქმის მასალების გასაცნობად“ – განაცხადა მან „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში.

გიორგი პერანიძემ ასევე არ უპასუხა ჩვენს კითხვას, დაიკითხა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობლის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე.

რა უნდა გააკეთოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი დროულად ცნოს პროკურატურამ დაზარალებულად?

როგორც საია განმარტავს, ვინაიდან ამ საქმეს იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, [პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საქმეებს], ისინი ვალდებულნი არიან, შეაგროვონ მტკიცებულებები.

„მინიმალური სტანდარტით მაინც უნდა შეაგროვონ მათ მტკიცებულებები და გამოკვეთონ ის, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არის დაზარალებული. ამის შემდეგ პროკურორი ვალდებულია, დაზარალებულად ცნოს პირი, რის შედეგადაც დაცვის მხარესა და დაზარალებულს ექნებათ უფლება იმისა, რომ საქმის მასალებს გაეცნონ.

აქამდეც უნდა ყოფილიყო მზიას დაზარალებულად ცნობა,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე, საიას იურისტი, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესებს იცავს.

მისივე თქმით, კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული კანონში, თუ რამდენ ხანში უნდა შეაგროვოს საგამოძიებომ მტკიცებულებები დაზარალებულად ცნობის თაობაზე, თუმცა როგორც ჯუბა ქათამაძე განმარტავს, სწრაფად უნდა შეგროვდეს ეს მტკიცებულებები.

„პრაქტიკაში არის ერთი თვე დაახლოებით, მაგრამ ჩვენ უკვე ვაპირებთ მივმართოთ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას, რადგან გამოძიებაზე ზედამხედველი პროკურატურაა და მათი ვალდებულებაცაა ეს.

თუ, რა თქმა უნდა, არ შეაგროვეს მტკიცებულებები და არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, დაზარალებულად ცნობაზე ზედმეტია ლაპარაკი,“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

„ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის სამმართველოს წინ დააკავეს.

დაკავებისას და შემდეგ, მას პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე არაადამიანურად და დამამცირებელად მოეპყრო, რის გამოც საია მოითხოვს, პოლიციის უფროსს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება და დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, მზია ამაღლობელს კი, რომელიც იზოლატორში მე-20 დღეა შიმშილობს, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 იანვრის 21 საათიდან პირველი თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2-3 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 837 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
  • ტანკი – 9 893 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 20 631 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 22 445 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 265 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 573 ერთეული [+63]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 35 552 ერთეული [+101]
  • სპეცტექნიკა – 3 726 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 41 861 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 892 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 058 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 904 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე

30 იანვარს დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე, შალვა ესართია.

ზუგდიდელი აქტივისტი და „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე წერს, რომ შალვა ესართია დააკავეს იმისთვის, რომ პოლიციის შენობაში, სადაც დაიბარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად, იგი ტელეფონით შევიდა.

„პოლიცია სთხოვდა ტელეფონის ჩაბარებას, რაზეც შაკომ უარი განაცხადა. ახლა საქმე არის ორი მუხლით, 173-ე – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და 174-ე – აქციაზე სახის დამფარავი საშუალებით მისვლა“ – წერს მარიამ სიჭინავა.

შალვა ესართიას მეუღლის, მარიკა ნადარაიას თქმით, შალვა ესართია გადაყვანილია ფოთის იზოლატორში. „თვითონ ძალიან მხნედ გრძნობს თავს. ადვოკატი შესული იყო, ესაუბრა, თქვა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – ამბობს მარიკა ნადარაია.

შალვა ესართია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მეორე მედროშეა, რომელიც დააკავეს. აქამდე პოლიციამ ბათუმში დააკავა თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], რომელიც ციხეში შიმშილობს.

ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქციები.

აქტივისტების დაკავების, თავდასხმის, პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ აქციების დარბევის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება. პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნაა: ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

___________

ფოტოზე: ზუგდიდელი აქტივისტები შალვა ესართიას მხარდამჭერი პლაკატით.

„არ შემიძლია ამ საშინელების წინაშე მდუმარედ და უმოქმედოდ ვიდგე“- მსახიობის შიმშილობა მერიის წინ

„მოვკვდები სიმართლისთვის“- ამბობს ლაშა ჩხვიმიანი, მსახიობი, რომელიც მეორე დღეა დმანისის მერიის წინ შიმშილობს.

მოშიმშილე მსახიობი „ბათუმელებთან“ საუბარში ხსნის, თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა სიმართლის დასაცავად.

„იმ უსამართლობის გამო, რასაც განსაკუთრებით ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ“-ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

ის სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის პატიმარია და იზოლატორში მე-19 დღეა შიმშილობს.

„გუშინ, როცა გამოვდიოდი სახლიდან, „იმედზე“ გადიოდა კობახიძის ინტერვიუ, სადაც ცინიკურად ლაპარაკობდა ადამიანზე (მზიაზე), რომელიც მე-19 დღეა შიმშილობს და არ ვიცით როგორი დღე გაუთენდება ხვალ. არ შემიძლია ამ საშინელების წინაშე მდუმარედ ვიდგე და უმოქმედოდ ვიდგე“- ამბობს ლაშა.

რა შეიძლება დაუპირისპიროს საზოგადოებამ ამ ცინიზმს და გულგრილობას? – ვკითხეთ მას.

ლაშას ხალხის იმედი აქვს.

„ერთადერთი, ხალხის იმედი მაქვს მხოლოდ, რადგან ხალხი, რომელიც ხედავს უსამართლობას, ხედავს, რომ უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები და როგორ უკანონოდ დაიჭირეს ამ უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად გამოსული ხალხი.

მე არ შემხვედრია ხალხი, ვისაც ამის საწინააღმდეგო არგუმენტი ჰქონოდა, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს უსამართლობაში ვცხოვრობთ.

უბრალოდ ერთია, ვეგუებით ამ უსამართლობაში ცხოვრებას, თუ არ ვეგუებით. მე ვერ წარმომიდგენია ამაზე თვალი დავხუჭოთ“- ამბობს ლაშა.

მისი თქმით, სისტემამ ყველაზე მეტად რეგიონებში მცხოვრები ადამიანები დაასუსტა და დააშინა. ახლა კი ამ სისუსტეზე დგას რეჟიმი.

„ვითომ ხომ „მოიგეს“ არჩევნები რეგიონებში, მაგრამ ყველაზე მეტად რეგიონებშია ხალხი გამწარებული, ყველაზე მეტი პრობლემები დღეს რეგიონებს აქვთ. უბრალოდ, ყველაზე მეტად გაღარიბებულია ხალხი რეგიონში და ყველაზე მეტად გამოჭერილი ჰყავთ.

დმანისის მაგალითზე ვიტყვი, 20 ათასი ადამიანიდან 9 ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია და მათ ქცევაზეა დამოკიდებული მათი ხვალინდელი დღე.

ისინი ზედა რგოლს გააფერადებდნენ საარჩევნო ბიულეტენში თუ ქვედა რგოლს, რომელიც ჩანდა, ამაზე იყო დამოკიდებული, შეუნარჩუნდებოდათ თუ არა მათ ეს 300-ლარიანი დახმარებები. გააღარიბეს და შეაშინეს ხალხი და ამ სიღარიბესა და შიშზე დგას ეს ხელისუფლება.

მაგრამ ხალხმა ხომ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული ეს ხელისუფლება და ჩვენ არ ვართ მასზე დამოკიდებული.

როგორც კი ჩვენ უსამართლობის წინააღმდეგ გავერთიანდებით, მაშინვე ჩამოიშლება ეს სისტემა, „სახელმწიფოს“ რომ უწოდებს რამდენიმე ასეული ადამიანი.

არა მგონია, ვინმეს გაცნობიერებული არ ჰქონდეს რა ხდება, მაგრამ რაღაც გვაკლია სრული ერთიანობისთვის.

ჩვენ თვალწინ ადამიანს უსამართლოდ სცემენ და ეს ხომ ფაქტია. ჩვენ თვალი უნდა ავარიდოთ ამას? ფაქტია, რომ დაგვიჭირეს, ფაქტია, რომ აქციებზე დაჭერილ, პოლიციის ფურგონში შეყრილ ადამიანებს სცემეს, დაასახიჩრეს ადამიანები. ამიტომ არ ვიცი, როგორ შეგვიძლია, რომ გავჩუმდეთ.

ეს უნდა გავიაზროთ, რომ ძალა არის ჩვენს ხელში, ჩვენს გაერთიანებაში და არანაირად არ ვართ ხელისუფლებაზე დამოკიდებული. პირიქით, ისინი დგანან ახლა ჩვენს გაუბედაობასა და შიშზე“- ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

მისი აზრით, ყველაფერი მალე დამთავრდება, თუ ხალხმა ეს ნაბიჯი ერთად გადადგა.

„ახლა ჭაობის პირას ვდგავართ. ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და გადავეშვებით ჭაობში. ისეთი კანონები აქვთ მიღებული, ისეთი გეგმები აქვთ, ჩვენ რომ დაველოდოთ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, სახელმწიფო აღარ იარსებებს, ჩამოყალიბებული დიქტატურა იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ აღარ უნდა ჩავდგათ იმ ჭაობში ფეხი.

გადამწყვეტ მომენტში ვართ და ეს ხომ ყველამ ვიცით, რუსეთის მაგალითები ხომ ვიცით, რა მოხდა იქ. აი, ამ ზღვარზე ვდგავართ. გადავეშვებით ან გადავრჩებით.

ამიტომ ჩავთვალე, რომ რადიკალური ზომა იყო ახლა მისაღები. ბევრი ადამიანი ვანერვიულე ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ ჩვენ ძალიან ლამაზი, მრავალფეროვანი პროტესტი ვცადეთ ამ ორი თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ გაგვიკეთეს, – გაგვიყალბეს არჩევნები, თეთრზე შავად გაჟონა და სასამართლოზე გვითხრეს, რომ არ გაუჟონია, გამოვედით ამის გასაპროტესტებლად და გვცემეს და ჩვენ მაინც ვითმენდით მშვიდობიანი, არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ რაღაცნაირად მგონია, რომ დადგა დრო, უფრო რადიკალურები ვიყოთ“- გვითხრა ლაშამ.

ლაშა ჩხვიმიანი მეორე დღეა შიმშილობს.

ლაშა ბოლო წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, თუმცა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თეატრიდან წამოვიდა და დმანისში  მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე ააშენა.

„ეს იყო პირველი, სახალხო დაფინანსებით აშენებული სივრცე, „შეხვედრის ადგილი“, სადაც თეატრიც იქნება, კაფეც, წიგნების მაღაზიაც და ასე შემდეგ.

მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყო, ლაშა ამბობს, რომ ბევრმა ადამიანმა გამოხატა მის მიმართ სოლიდარობა.

„საერთოდ, ამ ორი თვის პროტესტის განმავლობაში ბევრმა დმანისელმა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, ბევრი საინტერესო საპროტესტო აქტივობებიც გვქონდა და გავაძლიერეთ ერთმანეთი და დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მეიმედებიან და აქვთ სურვილი, რომ ამ ჩემს პროტესტზე რაღაც დავაშენოთ, გაკეთდეს რაღაც გამოღვიძებისთვის“- გვეუბნება ის.

ვინც მერიაში შედის და გამოდის, იმ ადამიანების სახეებზე თუ კითხულობთ ემოციებს და რა ემოციებია ეს, გრძნობთ სოლიდარობას თუ არა? – ვკითხეთ ლაშას.

„ბევრი „ოცნების“ მხარდამჭერი და თვითმმართველობაში დასაქმებული ახლობელი, ვისაც არც კი ველაპარაკებოდი, ასეთი ადამიანები მოვიდნენ ჩემთან და ღელავენ ჩემ გამო.

ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა ვხედავთ ამ უსამართლობას. უბრალოდ, გვინდა, რომ ახლა ერთად გავიდეთ.“ – ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგიყვებით, ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს ანუ საქართველოში სასამართლოს საბოლოო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა.

ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.

მზია ამაღლობელს, გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წელამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტპატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 19 დღეა შიმშილობს. 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი საქართველოში მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის 2025 წლის 11 იანვარს სილის გაწვნას ედავებიან, რაც პოლიციელის მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს მოჰყვა. მანამდე მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს შსს-ს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მტკიცებით, სილის გაწვნა არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მას არ შეეძლო ტკივილის გამოწვევა.

განზრახვის არარსებობა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმის, რომ საქმე თავდასხმასთან არ გვაქვს. კონფლიქტი თუ „მყისიერ გაღიზიანებას“ მოჰყვა, ეს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, არის ძალადობა [მსუბუქი კატეგორიის დანაშაული] და არა თავდასხმა. უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთ საქმეში კი, სილის გაწვნის ფაქტზე ეს ჩაიწერა: „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს“.

ცემა მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია, ვიდრე თავდასხმა. შესაბამისად, იურისტები ამ გადაწყვეტილებიდან ერთ მარტივ დასკვნას აკეთებენ: თუ სილის გაწვნა ცემა არ არის, ის თავდასხმა მით უმეტეს ვერ იქნება.

უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაა, სადაც ბრალდება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლომ „ძალადობაზე“ [სსკ-ის 126-ე მუხლი გადააკვალიფიცირა]. ამ მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით.

ვნახოთ, რა შემთხვევებში იწყებს პროკურატურა დევნას „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით და რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ ამ საქმეებზე მოსამართლეებს.

  • საქმე პირველი: „…არაერთი ჩვენება ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას,“ – სასამართლოს არგუმენტი თავდასხმის არარსებობაზე.

2024 წლის 10 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ განჩინება მიიღო ბ.გ.-ს საქმეზე. სხვა ბევრი გადაწყვეტილების მსგავსად, ამ საქმეზეც ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ძალადობით შეცვალა და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, მსჯავრდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რას ედავებოდნენ ბ.გ.-ს?

„…2023 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. დ-ში… ა-ს ქუჩაზე მდებარე რიტუალებს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელის ჩვენება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მასზე თავდასხმა დაგეგმილი იყო:

„საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, სანდო პირმა თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა უკვე განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება. ასეთი წყარო და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია [ასეთის არსებობის შემთხვევაში] მინიმუმ არასანდოა, რომ არაფერი ვთქვათ ამ პირის არაჯეროვან დამოკიდებულებაზე რიგი გარემოებების მიმართ.

ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ, საქმეში მოიპოვება არაერთი ჩვენება, რაც ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას, რასაც მოჰყვა დაზარალებულზე ძალადობრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, არც ერთი მტკიცებულებით, გარდა დაზარალებულის ვარაუდისა, არ დასტურდება, რომ ეს გაღიზიანება გამოწვეული იყო კ. კ-ს სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ კ. კ-ას ჩვენება ბ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით ვერ იქნება მიჩნეული, როგორც უტყუარი ჩვენება.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა, არამედ – სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე წინაპირობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და ნინო სანდოძემ მიიღეს.

  • საქმე მეორე: „ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს“ – სილის გაწვნაში ბრალდებული სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია 

უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინების მიხედვით, სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში გაამართლეს ბრალდებული ხ.ზ, რომელსაც პროკურატურა ქალისთვის სახეში სილის გაწვნას [სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი] ედავებოდა.

„…ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ერთჯერადი დარტყმა უნდა ჩაითვალოს სხვაგვარ ძალადობად, რაც მართალია არ ცვლის ქმედების კვალიფიკაციას [საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი], თუმცა ცვლის ბრალდების ფორმულირებას,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

2023 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცემაში ბრალდებული ხ.ზ. უდანაშაულოდ მიიჩნია.

„2022 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, ქ.ბ–ში,  ქუჩა N.., ბინა N..-ში ხ. ზ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჰ. ი–ს, კერძოდ, ძლიერად უჭერდა ხელებს ყელში, სახეში გააწნა სილა, უკბინა მარჯვენა იღლიის მიმდებარედ და კეფის მიდამოში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ჰ. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო თავდაპირველად ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

რატომ არ მიიჩნია უზენაესმა სასამართლომ სილის გაწვნა ცემად? – უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ:

„სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ჰ. ი–ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2022 წლის 26 მაისს ხ. ზ–თან მოუვიდა კონფლიქტი, ეჩხუბა მას, ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ მოხდა „შეჯახება“, რაშიც გულისხმობს ჩხუბს. კერძოდ, ხ. ზ–მა ჰკრა ხელი და დაეცა, რადგან იყო მთვრალი, შემდეგ ლოყაზე მიარტყა ხელი და სახლიდან კი არ გააგდო, არამედ გაიყვანა და ამით დასრულდა ყველაფერი.

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე პროკურორის მიერ ჩვენების ნაწილის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ დაზარალებულმა მიუთითა, რომ ადასტურებს გამოძიების დროს მიცემული ჩვენების [ბრალდებულმა უკბინა იღლიის ქვეშ, ხოლო როცა გაჰყავდა სახლიდან, ხელი მოჰკიდა ყელში, არ ახსოვს, რომელი ხელი მიარტყა სახეში ბრალდებულმა, რაც იყო მტკივნეული] სისწორეს, ხოლო დაცვის მხარის კითხვებზე განმარტა, რომ მასა და ბრალდებულს შორის დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც ერთმანეთს მიარტყეს ხელი, თუმცა ცემას არ ჰქონია ადგილი. ხ. ზ–მა ხელი ჰკრა და წაიქცა და თავი იგრძნო დამცირებულად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

„ეს და სხვა გადაწყვეტილებები, რაც აქვს მიღებული უზენაეს სასამართლოს ამ კატეგორიის საქმეებზე, ადასტურებს იმას, რომ მზია ამაღლობლის ქმედება საერთოდ არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულად. ხელის გარტყმა ცემადაც კი არ დაკვალიფიცირდა… თუ ცემაც კი არ არის, მით უფრო ძალადობა თავდასხმის ფორმით გამოხატული ვერ იქნება. ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც ამ კატეგორიის საქმეებზე არის მიღებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუ სილის გაწვნის ფაქტი ცემად არ შეფასდა, სილის გაწვნა თავდასხმა მით უფრო ვერ იქნება, რასაც ახლა პროკურატურა ედავება ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.

„ამაზე მეტყველებს პრაქტიკა, სადაც ნათქვამია, რომ ეს ქმედება ცემაც კი არ არის, არათუ თავდასხმა. სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მთავარი ელემენტი კი არის თავდასხმა, რომელიც უნდა ხასიათდებოდეს განსაკუთრებული აგრესიით, ძალადობით, რომელიც უნდა ვლინდებოდეს ისეთი ინტენსივობით, რომ მან მიაღწიოს თავდასხმის დეფინიციას, შეადგინოს ამ მუხლის შემადგენლობა,“ – გვითხრა ნონა ქურდოვანიძემ.

უზენაესმა სასამართლომ განჩინება, სადაც ცემაში ბრალდებული პირი მოსამართლეებმა გაამართლეს, 2024 წლის პირველ ივლისს მიიღო. გადაწყვეტილებას მოსამართლეები – ლალი ფაფიაშვილი [თავმჯდომარე], შალვა თადუმაძე და მამუკა ვასაძე აწერენ ხელს. ეს ის შალვა თადუმაძეა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი თქვა და დასანქცირებული, მაგნიტსკის სიაში შესული „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის – ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დანიშნეს.

  • საქმე მესამე: დაცვის პოლიციელს თავში ჩაარტყეს… მსჯავრდებული 1000 ლარით დაჯარიმდა 

ეს ბათუმში 2022 წლის 6 ნოემბერს მოხდა – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დაცვის სამსახურის ინსპექტორს თავი თავში ჩაარტყეს. პროკურატურამ ამ შემთხვევაშიც ბრალი მოქალაქეს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, თუმცა სასამართლომ თ.კ. სსკ-ის 126 -ე მუხლით [ძალადობა] დასაჯა 1000 ლარით.

„…დაცვის პოლიციის სამმართველოს ქალაქ ბ–ს ობიექტების დაცვის განყოფილების, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ა–ს ტელევიზიისა და რადიოს დაცვის ინსპექტორი გ. მ–ე თ. კ–ს მოუწოდებდა სიმშვიდის შენარჩუნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ, რის გამოც, თ. კ–მა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, იძალადა გ. მ–ზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა თავის არეში, რამაც გამოიწვია გ. მ–ს ფიზიკური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით თ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

თ. კ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1000 ლარი ჯარიმა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესი სასამართლოს შეფასებით, თ.კ.-ს ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წინა ინსტანციის სასამართლომ. მოსამართლეებმა – ნინო სანდოძემ, მერაბ გაბინაშვილმა და შალვა თადუმაძემ პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნიეს.

  • საქმე მეოთხე: „პოლიციელს ხელკეტის არაერთჯერადი დარტყმით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა…“  

„…ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია ერთ-ერთ განჩინებაში, რომელიც უზენაეს სასამართლოს 2023 წელს მიუღია.

ამ საქმეშიც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია. მოქმედება 2022 წელს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხობში ხდება. შელაპარაკებას იქვე მყოფი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს დეტექტივი თ.ს. შეესწრო:

„2022 წლის 17 იანვარს, შუადღის საათებში, ი. ქ. რ. ქ. და ჯ. მ. იმყოფებოდნენ ქ.თ–ში…–ა, რ–ს გზატკეცილი №..-ში მდებარე საცხობში, სადაც შელაპარაკება მოუვიდათ საცხობში მყოფ გ. ნ–სთან. ამავე საცხობთან იმყოფებოდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივი თ. ს., რომელმაც აღნიშნულ პირებს წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა წესრიგისკენ.

მას შემდეგ, რაც ი. ქ.-მ რ. ქ.-მ და ჯ. მ–მ გაიგეს, რომ თ. ს. იყო პოლიციის თანამშრომელი, მის მიმართ გახდნენ აგრესიულები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ი. ქ–მა თ. ს.–ს ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში, რის შემდგომაც ჩასხდნენ ი. ქ–ს მართვის ქვეშ მყოფ „BMW” მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით…. და სცადეს მიმალვა,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

გაქცეულებს პოლიციელი დაედევნა, პოლიციელს მანქანიდან გაუსროლია კიდეც, გაქცეულები უკან დაბრუნდნენ და „ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა“.

ბრალდებულებს ამ საქმეზეც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა ძალადობის [სსკ-ის 126-ე] მუხლზე. ბრალდებულებს ჯ.მ-ს და ი.ქ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რ.ქ.-ს კი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ის გასამართლდა 2017 წელს სხვა დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.

ამ საქმეზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებს „პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ“.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულების ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ი. ქ.-ს, რ. ქ.-სა და ჯ. მ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მათთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს პოლიციელზე თავდასხმის, ესე იგი, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ.

ი. ქ., რ. ქ. და ჯ. მ. კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად. შესაბამისად, ი. ქ.–მ, რ. ქ.-მა და ჯ. მ.–მ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

  • საქმე მეხუთე: „დეტექტივს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში…“ – ამ საქმეზე არავინ დაუპატიმრებიათ 

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებში კიდევ ერთი საქმე ვიპოვეთ, სადაც პროკურატურა ბრალდებულებს ასევე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. ამ საქმეზეც თავისუფლების აღკვეთა არავისთვის შეუფარდებიათ. სასამართლომ მსჯავრდებულები ძალადობის მუხლით [126-ე მუხლი] მხოლოდ დააჯარიმა.

განაჩენის მიღებამდე ბრალდების შესახებ დადგენილებაში ეს ეწერა:

„2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე დროის შუალედში, …მდებარე „…ტერიტორიაზე, ლ. ნ.-მ, დ. გ.-მ, ნ. ჯ.-მ და გ. ჯ-მ გამოძიებისათვის დაუდგენელ პირთან ერთად, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკურად იძალადეს შს სამინისტროს…. პოლიციის დეპარტამენტის…. სამმართველოს მე-.. განყოფილების უმცროს დეტექტივ დ. ტ.-ზე, კერძოდ, დაზარალებულს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში. ამასთან, ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყვნენ აგრესიულები. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ტ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ამ საქმეზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 15 აპრილს მიღებული განაჩენით, პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ძალადობაზე გადააკვალიფიცირა. დ.გ.-ს და ნ.ჯ. 7000 – 7000 ლარით დაჯარიმდა. გ.ჯ. და ლ.ნ. 10 000 – 10 000 ლარით დააჯარიმეს.

„….ცალსახად არ დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულების აგრესიული ქმედებები იყო მიზანმიმართული, რათა სწორედ პოლიციელების სტატუსის ან/და მათი საქმიანობიდან გამომდინარე დასხმოდნენ თავს დ. ტ-სა და თ. ბ-ს, რამეთუ საქმის მასალები ცხადყოფს, რომ დაზარალებულებთან დაპირისპირებამდე მსჯავრდებულები სხვა, სამოქალაქო პირებთან ჩხუბობდნენ, რასაც მოჰყვა სწორედ დ. ტ-სა და თამარ ბიბილაშვილის კონფლიქტში ჩარევა, ხოლო, მეორე მხრივ, სარწმუნოდ დადგენილია, რომ დაზარალებულები და მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ, დაპირისპირებისას დ. ტ-სა და თ. ბ-ს არ ეცვათ პოლიციელების ფორმები და მსჯავრდებულებისათვის არ წარუდგენიათ სამსახურებრივი მოწმობები, რაც მხოლოდ დაზარალებულების სიტყვიერი განმარტებების გარდა, აშკარად მიუთითებდა მათ სამსახურებრივ მდგომარეობაზე, რაც ერთობლივად შეფასებისას ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმა, არამედ – ჯგუფურად ჩადენილი ცემის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე წინაპირობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 11 იანვარს მიიღო.

  • საქმე მეექვსე: „პოლიციელს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა…“მსჯავრდებული 2800 ლარით დაჯარიმდა 

ამ საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივი ავტომანქანით ქუჩების შემოვლას აწარმოებდა, სხვა ავტომანქანით უკნიდან შეეჯახნენ. პოლიციელი ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აღმოჩნდა.

„2019 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. წ–ში,….ს ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს წ–ს პოლიციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გ. ჯ–ი და ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი თ. გ–ი „ტოიოტა ჰაილუქსის“ (სახელმწიფო ნომრით: …) მარკის სამსახურებრივი ავტომობილით ახორციელებდნენ ქუჩების შემოვლას, რა დროსაც მათ უკნიდან შეეჯახა დ. ფ–ი „ვაზ 2106-ის“ მარკის (სახელმწიფო ნომრით: ….) ავტომობილით, რის შემდეგაც ალკოჰოლით მთვრალი დ. ფ–ი გადმოვიდა დაზიანებული ავტომანქანიდან და თავს დაესხა სიტუაციაში გარკვევის მიზნით მასთან მისულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ს–ს რაიონული სამმართველოს …..ს პოლიციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – გ. ჯ–ს, სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად,“ – ეწერა პროკურატურის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

ამ საქმეზე განაჩენი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 30 მარტს მიიღო, რომლის მიხედვითაც დ.ფ. პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია და დამნაშავედ მიიჩნია ძალადობის მუხლით [სსკ-ის 126-ე მუხლი] დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ მას ჯარიმის სახით 2800 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა იმის გამო, რომ ერთი კვირა იგი პატიმრობაში იყო, ჯარიმა 800 ლარით შეუმცირდა და საბოლოოდ მას 2000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

პოლიციელზე ხელის გარტყმის შედეგს ექიმი ამ საქმეზე ასე აღწერს:

„ნ. ზ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი. 2019 წლის 2 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 23:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ს–ს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ადგილზე დახვდა პაციენტი გ. ჯ–ი, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, სახისა და ტუჩის არეში – წვის შეგრძნებას. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა თითების ნაკვალევი სიწითლის სახით. ქვედა ტუჩის არეში ისინჯებოდა მცირე ზომის შეშუპება და შიგნითა ზედაპირზე – მცირე ნახეთქები. პაციენტთან კონტაქტისას გაირკვა, რომ აღნიშნული დაზიანება მიიღო კონფლიქტის დროს – კერძოდ, ხელი დაარტყეს სახის არეში,“ – უთქვამს ექიმს.

ეს საქმე უზენაეს სასამართლოში დაცვის მხარეს წაუღია. ადვოკატის მტკიცებით, მსჯავრდებული ფიზიკური ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა:

„სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება, რომ დ. ფ.–ს მოქმედებები მიმართული იყო მის მიმართ ჩადენილი უკანონო ფიზიკური ძალადობისაგან თავის დასაღწევად. ჩანაწერით დგინდება, რომ გ. ჯ., რომელიც კამერასთან ზურგით დგას, მარჯვენა ხელით დ. ფ.-ს მარცხენა მხარში უბიძგებს ხელს, რის საპასუხოდაც დ. ფ–ი სახის არეში, მარცხენა მხარეს, მკვეთრი მოძრაობით არტყამს ხელს გ. ჯ–ს, ცდილობს მეორეჯერ დარტყმასაც, თუმცა კონფლიქტში ერთვება პოლიციის ფორმაში მყოფი მეორე პირი – თ. გ–ი, რომელიც ზურგის მხრიდან ბოჭავს დ. ფ–ს…“, – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაეს სასამართლოში ეს განჩინება მოსამართლეებმა – ლალი ფაფიაშვილმა, შალვა თადუმაძემ და მამუკა ვასაძემ მიიღეს.

  • საქმე მეშვიდე: „პოლიციელს მუშტი დაარტყა სახისა და თავის არეში…“ – ბრალდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 

კიდევ ერთ საქმეზე მოგიყვებით: ერთ-ერთ სუპერმარკეტში პოლიციის თანამშრომელმა შენიშნა პირი, რომელიც მაღაზიაში მყოფ მოქალაქეს მარკეტიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

„ა. უ.-მ მოუწოდა გ. გ.-ს, რომ დაეცვა წესრიგი და გაეტარებინა ს. ს., რაზეც გ. გ.-მ უხეშად, აგრესიული ტონით მიმართა: ,,ვინ გეკითხებაო“. ა. უ.-მ კვლავ მოუწოდა გ. გ.-ს წესრიგის დაცვისაკენ, რის შემდეგაც მაღაზიის გარეთ გ. გ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა ა. უ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ, როგორც პოლიციის თანამშრომელი, მაღაზია იქნებოდა თუ ქუჩა, ყველგან მოუწოდებდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ. აღნიშნული სიტყვების გაგონებაზე გ. გ.-მ შეაგინა ა. უ.-ს დედა და, როგორც პოლიციელს, თავს დაესხა მას, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში, რის გამოც ა. უ.-მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის ბრალდების  დადგენილებაში.

ამ საქმეზეც სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი გადააკვალიფიცირა ძალადობაზე [სსკ-ის 126-ე მუხლი]. მსჯავრდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი 2019 წელს მიიღო.

პროკურატურამ გ.გ.-ს დამნაშავედ ცნობა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით უკვე სააპელაციო სასამართლოში ითხოვა, დაცვის მხარემ კი – მთლიანად გამამართლებელი განაჩენის მიღება.

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ გ. გ.-ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია.

ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს გ. გ.-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების [საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლი] სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში, რომელიც 2020 წლის 16 სექტემბერს მიიღეს მოსამართლეებმა – ლალი ფაფიაშვილმა, მამუკა ვასაძემ და შალვა თადუმაძემ.

Exit mobile version