მთავარი,სიახლეები

„ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს“ – გახარია

01.02.2025
„ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს“ – გახარია

„ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის, მათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. ის ამ განცხადებით თბილისში დღეს, პირველ თებერვალს მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

დღეს, პირველ თებერვალს, დილიდან დაიწყო და უკვე რამდენიმე საათია თბილისის მასშტაბით პოლიცია აქტივისტებისა და რიგითი მოქალაქეების სახლებს ჩხრეკს.

გახარია პოლიციის დღევანდელ აქტივობას გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლას უწოდებს:

„შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია. თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!“ 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს აქტივისტ ისაკო დევიძისა და ფეისბუქჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის [ქრისტინე ბოტკოველი] სახლები. ნენსის სახლში ჩხრეკას ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრებოდა, ადვოკატის მისვლამდე ნენსი ცუდად გახდა, ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა უკვე დასრულდა. თუმცა, როგორც თავად ილია ღლონტმა განაცხადა, მას ადვოკატი არ ესწრებოდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

რაც შეეხება ისაკო დევიძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

რაც შეეხება უშუალოდ ჩხრეკის საფუძვლებს, უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება. კონკრეტულად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტებზე.

ვრცლად ამ თემაზე:

პოლიცია აქტივისტების სახლებს ჩხრეკს, დაკავებულია ისაკო დევიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: