მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია.
2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა.
2 თებერვალს დაანონსებულ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ტერიტორიის გადაკეტვა უკანონია. საუბარია დედაქალაქის შემოსასვლელთან, 16:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე.
სამინისტრო ამ შემთხვევაში 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დადგენილებას დაეყრდნო.
რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა“? – ამ გზების კონკრეტულ ჩამონათვალშია სწორედ „თბილისის შემოსავლელიც“.
მიუხედავად შსს-ს განცხადებისა, იურისტი ბექა ბასილაია თავის ფეისბუქგვერდზე წერს, რომ 2 თებერვალს „თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის“. თუ რატომ? – ბასილაიას ამავე პოსტში აქვს ახსნილი:
„მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდა 31 იანვარს, რაც ნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი მიზნებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე.“ – წერს იურისტი.
ბექა ბასილაიამ მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მართალია, გზის გადაკეტვა დანაშაულად არ მიაჩნია, თუმცა, ეს „არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვარწმუნებდე, ამ აქციაში მონაწილეობის გამო ბიძინას პოლიცია და სასამართლო არ შეგვეხება. პირიქით, იმის მოლოდინი მაქვს, რომ, როგორც არაერთგზის აქამდე, კანონს ფეხზე დაიკიდებენ და რეპრესიის მექანიზმად გამოიყენებენ 222-ე მუხლს;
ის, რომ ვადებთან დაკავშირებული არგუმენტებით ხვალინდელი გზის გადაკეტვა დანაშაულად არ მიმაჩნია, არ ნიშნავს, რომ 15 თებერვლის შემდგომ გზის გადაკეტვის გამო 222-ე მუხლის ამოქმედებას სწორად მივიჩნევდე.“
„სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე, ასევე თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა კი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
„ქართულმა ოცნებამ ცვლილებები შეიტანა მთავრობის დადგენილებაში და სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. შესაბამისად, ახლა უკვე სისხლის სამართლის წესით დაისჯება ასეთი ობიექტების ბლოკირება. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ მოახდინა ავტობანებზე შეკრება-მანიფესტაციების კრიმინალიზება.
ეს ცვლილებები ჩემთვის ორ რამეს აჩვენებს:
ა) მთავრობას ეშინია პროტესტის, აქტივისტური ჯგუფების და ამ შიშის გამო, მზადაა ავტორიტარიზმის ყველა ნიშან-თვისება დააკანონოს;
ბ) პროტესტს ჭირდება მეტი მოქნილობა, კრეატიულობა და ოპერატიულობა. ავტორიტარი ხელისუფლბის პირობებში, ნებისმიერ მოქმედებას ძალიან მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ნაბიჯები ძალიან სტრატეგიულად, კრეატიულად და ოპერატიულად უნდა იგეგმებოდეს, რათა მუდმივად რამდენიმე ნაბიჯით უკან არ ვიყოთ,“ – წერს იურისტი გურო იმნაძე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობისაა ასევე სენაკი-ფოთი[ასაქცევი]-სარფის[თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] ავტომაგისტრალიც, რომლის შემადგენელი ნაწილია შემდეგი ქუჩები ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
- თამარ მეფის გამზირი [მდინარე ჩაქვისწყალიდან თამარის დასახლებაში მდინარე ყოროლისწყლამდე მონაკვეთი. მოიცავს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებს];
- აეროპორტის გზატკეცილი [ანგისიდან ახალსოფლის დასახლებამდე – მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდის ჩათვლით]
- აფსაროსის გზატკეცილი [ახალსოფლიდან გონიოს ციხემდე მონაკვეთი]
- ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი [გონიოს ციხიდან კვარიათის ჩათვლით მონაკვეთი]
საერთაშორისო მნიშვნელობისაა ასევე ავტომაგისტრალი კვარიათიდან სარფის საბაჟომდე [თურქეთის საზღვრამდე] მონაკვეთში [ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე].
„ოცნების“ ახალი დადგენილებით კი, პროტესტის დროს ბათუმში გზის ზემოთ აღნიშნული მონაკვეთების ბლოკირებაც სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
[სენაკი-სარფის ავტომაგისტრალის შემადგენელი იყო ასევე ბათუმში ოდისეი დიმიტრიადის, ბაქოს, ილია ჭავჭავაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებიც, თუმცა ჩვენი ინფორმაციით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დასახელების ქუჩები ბათუმის მუნიციპალიტეტზეა გადაცემული].
რა ხდება:
ბოლო დღეების განმავლობაში გააქტიურდა მსჯელობა პროევროპული საპროტესტო აქციების მაგისტრალზე გადატანის შესახებ. მოქალაქეები, რომლებიც უწყევტად, უკვე ორ თვეზე მეტია ითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას, განიხილავდნენ პროტესტის სხვა ფორმებს, მათ შორის მაგისტრალის გადაკეტვას.
სამოქალაქო აქტივისტი, ილია ღლონტი ამბობს, რომ მისი სახლის ჩხრეკისა და გამოკითხვაზე წაყვანის საფუძველი სოციალურ ქსელში, „პუბლიკას“ ნიუსის გაზიარება გახდა. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები – სხვა აქტივისტების სახლების ჩხრეკა და დაკავება სწორედ ამ ნიუსს ეხება. კონკრეტულად, 2 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისი მოლის მიმდებარედ დაგეგმილ აქციას.