მთავარი,სიახლეები

დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე

31.01.2025
დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე

30 იანვარს დააკავეს ზუგდიდის აქციების მედროშე, შალვა ესართია.

ზუგდიდელი აქტივისტი და „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ფეისბუქზე წერს, რომ შალვა ესართია დააკავეს იმისთვის, რომ პოლიციის შენობაში, სადაც დაიბარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად, იგი ტელეფონით შევიდა.

„პოლიცია სთხოვდა ტელეფონის ჩაბარებას, რაზეც შაკომ უარი განაცხადა. ახლა საქმე არის ორი მუხლით, 173-ე – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და 174-ე – აქციაზე სახის დამფარავი საშუალებით მისვლა“ – წერს მარიამ სიჭინავა.

შალვა ესართიას მეუღლის, მარიკა ნადარაიას თქმით, შალვა ესართია გადაყვანილია ფოთის იზოლატორში. „თვითონ ძალიან მხნედ გრძნობს თავს. ადვოკატი შესული იყო, ესაუბრა, თქვა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – ამბობს მარიკა ნადარაია.

შალვა ესართია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მეორე მედროშეა, რომელიც დააკავეს. აქამდე პოლიციამ ბათუმში დააკავა თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], რომელიც ციხეში შიმშილობს.

ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქციები.

აქტივისტების დაკავების, თავდასხმის, პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ აქციების დარბევის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება. პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნაა: ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება.

___________

ფოტოზე: ზუგდიდელი აქტივისტები შალვა ესართიას მხარდამჭერი პლაკატით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: