მთავარი,სიახლეები

გაფიცული თანამშრომლები აჭარის ფინანსთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა – ფეისბუქპოსტები ბრძანებაში

02.02.2025
გაფიცული თანამშრომლები აჭარის ფინანსთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა – ფეისბუქპოსტები ბრძანებაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უკვე ყოფილმა უფროსმა ლელა მიქელაძემ ადმინისტრაციული საჩივრით აჭარის მთავრობას მიმართა. ის მიიჩნევს, რომ მისი დათხოვნა უკანონოა. მთავრობიდან უარყოფითი პასუხის  მიღების შემთხვევაში ლელა მიქელაძე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სალომე აბაშიძეც. ორივე მათგანი გაფიცვის შემდეგ, 31 დეკემბერს დაითხოვეს სამსახურიდან.

მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში დეტალურად აღწერა რას წერდნენ ისინი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გათავისუფლებამდე.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც უარყოფითად აისახება ერთგულების ვალდებულების დაცვაზე, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებაზე, საჯარო დაწესებულებაში სამუშაო გარემოსა და დასაქმებულების დისციპლინაზე.

გათავისუფლებულების არგუმენტით კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. „ოცნების“ მთავრობის მიერ ამ გზიდან გადახვევა იყო სწორედ მათი პროტესტის და გაფიცვის მიზეზი.

ჯაბა ფუტკარაძემ გათავისუფლების ბრძანებაში ლელა მიქელაძის „ბათუმელებისთვის“ მიცემულ კომენტარზეც მიუთითა, სადაც ის გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილების მოტივზე საუბრობდა.

ბრძანების მიხედვით ორი გაფიციული თანამშრომლის გათავისუფლების კიდევ ერთი მთავარი მიზეზი სამსახურში გამოუცხადებლობაა.

ლელა მიქელაძე 2024 წლის 2 დეკემბერს გაიფიცა, მან  გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და როგორც თავად გვითხრა მინისტრის მოადგილესაც აცნობა, რომ გაფიცულია. გაფიცვის შესახებ 2 დეკემბერს დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამინისტროს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, სალომე აბაშიძემაც.

ლელა მიქელაძის ინფორმაციით, ზეპირი შეტყობინების შემდეგ მინისტრის მოადგილისგან არ მიუღია რაიმე ინფორმაცია ან განმარტება, რომ ზეპირი შეტყობინება გაფიცვის დასაწყებად არ იქნებოდა საკმარისი და მის მიმართ შეიძლება ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულიყო. არც მაშინ და არც შემდეგ დღეებში ლელას, როგორც თავად ამბობს, სამინისტროდან არავინ შეხმიანებია, თუნდაც ზეპირი განმარტების მისაცემად.

მინისტრის ბრძანების მიხედვით ორი გაფიცული თანამშრომლის, ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების უფროსის, ლელა მიქელაძის და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის, ეკონომიკური ანალიზის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, სალომე აბაშიძის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება 2024 წლის 13 დეკემბერს დაიწყო. მიზეზი – სამინისტროს აპარატის შინაგანაწესის სავარაუდო დარღვევა და შესაძლო დისციპლინური გადაცდომა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და თანამშრომლების განცხადებებიც შეისწავლეს, რის შედეგადაც „მოკვლეულ იქნა შესაბამისი მასალები“, გაიმართა ზეპირი მოსმენა, ოქმი შეუდგენიათ და პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების შესახებ დასკვნაც მოუმზადებიათ.

ჯაბა ფუტკარაძე თავის ბრძანებაში ლელა მიქალაძის მიერ 2024 წლის 2-17 დეკემბრის შუალედში გამოქვეყნებულ პოსტებზეც მიუთითებს:

  • „… ლელა მიქელაძე, რომელიც საჯარო სამსახურში 20 წელიწადი ვმუშაობ და ვემსახურები ქვეყანას მხოლოდ კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის ხელმძღვანელობით, მივიჩნევ: დღეს საქართველო იმართება ოკუპანტი ქვეყნის კარნახით, შემზარავია იმის ყურება, თუ როგორი გამეტებით უსწორდებიან მშვიდობიან პროტესტანტებს! ასე ვერ გაგრძელდება! ევროინტეგრაციის პროცესს აუცილებლად დავუბრუნებთ საქართველოს, ამიტომ ვიფიცები და ყველას მოვუწოდებ შემომიერთდნენ! აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია!“
  • „ყველას, ვისაც დღეს ამ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება რეაქცია არ გაქვთ გშლით ყველა სივრციდან. დღეს დუმილი ყველაზე დიდი სირცხვილია. ხელფასი არაა ყველაფერი!!! ყველას ერთად ვერაფერს ვერ გვიზამენ ეს მართლა მოძალადეები. თქვენ თუ თქვენი შვილებისთვის ასეთი ქვეყანა გინდათ ყოჩაღ“.
  • „დღეს ვერავინ ვერ დააპატიმრენ და ნაძვის ხეს მიადგნენ“.
  • „გილოცავთ იმ საჯარო მოხელეებს ვინც შანტაჟის გარეშე, ღირსებით ევროპისკენ მიმავალ მატარებელში ზიხართ ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ ეს კანონი“.
  • „დღეს არის ასეთი მოცემულობა: ყველა ქუჩაშია და აპროტეტებს გარდა საჯარო მოხელეებისა [გამონაკლისები არსებობს]. ვინ არიან საჯარო მოხელეები? ხალხი, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა ევალებათ კონსტიტუციის დაცვა [ფიცი გვაქვს დადებული ხალხო] და რომლებიც ხალხის დაქირავებულები არიან. ანუ ხალხი გიხდით ხელფასს! ის ხალხი, რომლებიც დღეც ქუჩაშია, რომლებსაც სცემენ! არ გრცხვენიათ? ამ ფულის სახლში მიტანა არ გრცხვენიათ? ეს ხალხი თუ არ იქნება ვერ იქნებით ვერც თქვენ!!!
  • „მამული, ენა, სარწმუნოება ხალხი სად ხართ? ენას საფრთხე შეექმნა და თქვენი ხმა რაღაც არ ისმის. თუ რუსულ ენას იცავდით?“

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია ასევე, რომ „ლელა მიქელაძემ 2024 წლის 2 დეკემბერს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ისე იქცევიან თითქოს არაფერი ხდება… ახალი მოადგილეების წარდგენისთვის ემზადებიან, ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის. მინისტრს არ შევხვედრივარ. მოადგილემ დამირეკა და ინფორმაცია მთხოვა, ვუთხარი, რომ სხვას სთხოვოს. რადგან გაფიცული ვარ. რა თქმა უნდა, ვაპროტესტებ როგორც ძალადობას, ასევე არჩევნების გაყალბებას“.

მინისტრის განმარტებით ლელა მიქელაძის განცხადებებიდან იკვეთება საჯარო მოსამსახურის ერთგულების ვალდებულების დარღვევა. ის მიიჩნევს, რომ „აღნიშნული განცხადებებით დარღვეულია როგორც კოლეგიალობის ასევე თავაზიანობის პრინციპი, რის დაცვასაც საჯარო მოხელეს ავალდებულებს „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.“

ბრძანების მიხედვით, ფაისბუქის სტატუსებიდან გამომდინარე იკვეთება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები“-ს დარღვევა.

მთელ რიგ განმარტებებთან ერთად მინისტრმა გათავისუფლების ბრძანებაში სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ მიუთითა: „2024 წლის 2 დეკემბრის დილის საათებიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, სამსახურში არ ცხადდებოდა.“

ორივე მოხელე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

„2024 წლის 2 დეკემბერს სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ განცხადებას საფუძვლად დაედო ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის და, ამავდროულად,  საჯარო მოხელის ლეგიტიმური პროტესტი, რომელიც გამომდინარეობს, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო კურსის  ცვლილების შესახებ, კერძოდ, ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერების შესახებ 2024 წლის 28 ნოემბერს „მმართველი გუნდის“ მიერ საჯაროდ გაცხადებული გადაწყვეტილებიდან, მეორე მხრივ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული მიტინგების მონაწილეთა  წინააღმდეგ  სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რეპრესიული,ძალადობრივი ღონისძიებების დაგმობისა და უარყოფისგან.“ – განმარტავს ლელა მიქელაძე შიდა აუდიტისთვის მიწერილ ახსნა-განმარტებაში.

ლელა მიქელაძე განმარტავს, რომ მისი როგორც საჯარო მოხელის ქმედება, მათ შორის განცხადებები არ უნდა გახდეს დევნის საფუძველი, რადგან ეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას ემსახურებოდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნადაა დაგენილი, რომ: „საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს“.

ლელა მიქელაძის ადვოკატი ანა მდინარაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ უკიდურესად მძიმე დისციპლინარული პასუხიმგებლობის გამოყენებას ამ შემთხვევაში საფუძვლად დაედო ის, რომ ლელა მიქალაძე არ ცხადდებოდა სამსახურში და მისი ქმედებები არ წარმოადგენდა საქართველოს ორგანული კანონის შრომით კოდექსით გათვალისწინებულ გაფიცვას. შესაბამისად, იმ დღეებში როცა ლელა არ გამოცხადდა სამინისტროში, ის სარგებლობდა წინააღმდეგობის უფლებით რაც არის მისთვის საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილება და ეს არის სრულად ადაპტაციაში ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან.

„ჩვენ ადმინისტრაციული წარმოების დროს, ახსნა-განმარტების ეტაპზე, ზეპირი მოსმენის დროს მუდმივად ვუთითებდით ამ ფაქტს. კი დღეს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი მართლა არ აძლევს ადამიანს სოლიდარული გაფიცვის უფლებას, მაგრამ აქ ტერმინი გაფიცვა, პროტესტის ფორმა იმ სახით იყო გამოყენებული და შინაარსობრივი თვალსაზრისით მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე ბუნებრივია ვეთანხმებოდით, რომ ეს არ იყო ის გაფიცვა, რაც გათვალისწინებულია შრომის კოდექსით, თუმცა ლელა მიქელაძეს, როდესაც ჩაბარდა ეს შეტყობინება, თქვენი ქმედებები არ წამოადგენს გაფიცვას და გთხოვთ გამოცხადდეთ სამსახურშიო, ის მეორე დღესვე გამოცხადდა სამსახურში და დაიწყო სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულება.“ – ამბობს ადვოკატი ანა მდინარაძე.

მინისტრმა გაფიცული თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილებას 31 დეკემბერს მოაწერა ხელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.