„ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა,“ – ნათქვამია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დღეს, 1-ელ თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
გირჩის პოლიტიკოსები თვლიან, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა.
„პოლიციელის მუნდირისა და სახელმწიფოს უპატივცემულობაზე ყურადღების გამახვილებით, ხელისუფლება იმეორებს კომუნისტური ეპოქის მიდგომებს, ხოლო ხუთწლიანი პატიმრობის მუქარა, სილის გაწვნისთვის, არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ უფრო ღრმა ეთიკურ, სამართლებრივ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც კიდევ ერთხელ და ნათლად აჩვენებს, რომ მთელი სასამართლო და ძალოვანი სისტემა ხელისუფლების ჯიბეში ზის და გამოიყენება მმართველი ძალის დასაცავად. ამიტომ, საქართველოში სამართლებრივი სისტემა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს,“ – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.
——————————-
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.






