
ვლადიმერ ასათიანი: მოხარული ვარ, „ბათუმი ლედის ოუფენი“ კვლავ ჩვენთან რომ ჩატარდება. ბოლოს ეს ტურნირი ჩვენთან 2007 წელს ჩატარდა, მაშინ საპრიზო ფონდი 25 000 აშშ დოლარი იყო. სურვილი გვქონდა, რომ მომდევნო წელსაც ჩვენ გვემასპინძლა აღნიშნული ასპარეზობისთვის, მაგრამ მსაჯთა საერთაშორისო კომისიამ საჩოგბურთო კორტები დაგვიწუნა და იძულებულები გავხდით, შეჯიბრი თბილისში გადაგვეტანა. წელს კი „ოუფენი“ კვლავ დაგვიბრუნდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმელ ბიზნესმენს მერაბ აფხაზავას, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კორტებისთვის სრული რეკონსტრუქციის ჩატარება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს (რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული) და ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის გენერალური სპონსორია და 35 000 აშშ დოლარი გამოყო ამ შეჯიბრებისთვის. აქედან 15 ათასი საპრიზო ფონდისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი კი მოწვეული მსაჯებისა და ასე ვთქვათ ტურნირის დირექტორატის მასპინძლობისთვის, რაშიც შედის მათი მიღება, სასტუმროებში დაბინავება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, სხვა ბიზნესმენებს არ გასჩენიათ სპონსორობისა და თანადგომის სურვილი.
– აჭარის სპორტის დეპარტამენტი თუ გეხმარებათ?
– გეტყვით, რომ ამ ტურნირისთვის მათგან არავითარი დახმარება არ მიგვიღია.
– თავის დროზე „ბათუმი ლეიდის ოუფენი“ ერთ–ერთ პრესტიჟულ ტურნირად ითვლებოდა და საპრიზო ფონდმა 75 000 აშშ დოლარსაც კი აღწევდა. ბათუმში უთამაშიათ მისკინას, აზარენკას, ჩაკვეტაძეს, პეტროვას და ბევრ სხვას, რომლებსაც დღეს მსოფლიოს რეიტინგში წამყვანი პოზიციები უკავიათ. წელს ვის ვნახავთ ამ ტურნირზე?
– სამწუხაროდ, წელს ვარსკვლავებს ვერ ვიხილავთ, თუმცა როდესაც ეს გოგონები აქ თამაშობდნენ, მაშინაც არ იყვნენ ცნობილები და პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადადგეს. არ არის გამორიცხული, წლევანდელ ტურნირზე გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ჩოგბურთის ელიტაში იქნებიან. მონაწილეებს როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ველოდებით. აქვე დავსძენ, რომ ტურნირი აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება.
– ბათუმელი ჩოგბურთელები თუ იღებენ მონაწილეობას?
– 14 წლის მარი ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს. ის საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია ასაკის მიუხედავად და მასზე სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ.
– როგორც ვიცი, სექტემბერში ორი ტურნირია კიდევ დაგეგმილი, უკრაინელები აპირებენ ჩამოსვლას და ასევე, უნდა ჩატარდეს „ჯორჯია ოუფენი“…
– ამის შესახებ უშუალოდ ამ ტურნირის ერთ-ერთ ორგანიზატორი, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ „პრემიუმის“ დირექტორი, ალექსანდრე ბუტნარუ მოგიყვებათ. მანამდე კი გეტყვით, რომ ოქტომბრის ბოლოს ვაპირებთ ღია ტურნირის ჩატარებას აჭარის თასზე 10, 12 და 14 წლის ჩოგბურთელთა შორის, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლები იასპარეზებენ.
ალექსანდრე ბუტნარუ, ბათუმის საჩოგბურთო კლუბ „პრემიუმის“ დირექტორი: ჩვენი კლუბი თითქმის სამი წლის წინათ დავაარსეთ და მას შემდეგ, ბათუმში არაერთ ტურნირს ვუმასპინძლეთ. ამჯერად უკრაინიდან ველოდებით მოყვარულ ჩოგბურთელებს. ჩვენს მიერ ჩატარებული ტურნირები სამოყვარულოა და უპირველესად სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ვემსახურებით.
– უკრაინელთა სტუმრობაზე რას გვეტყვით?
– 19 სეტემბერს დაიწყება ტურნირი, რომელში ჩვენი კლუბი „პრემიუმი“ უკრაინის საჩოგბურთო კლუბის სპორტსმენებს გაეჯიბრება. ისინი სხვადასხვა ქალაქში ატარებენ ანალოგიური ხასიათის ტურნირებს და ამ ეტაპზე ბათუმი შეარჩიეს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასში ძირითადად ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას და როგორც ნებისმიერი ტურნირი, აქაც იქნება საპრიზო ფონდი, გამარჯვებულები, პრიზიორები და ასე შემდეგ. თუ რა სახის ჯილდოები იქნება, ამას უკვე თავად გადაწყვეტენ.
– მომდევნო ტურნირი, რომლის მასპინძლობასაც აპირებთ, „ჯორჯიან ოუფენია“. მასზე რას გვეტყვით?
– ეს შეჯიბრი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტარდება და მასში ვეტერანი სპორტსმენები ღებულობენ მონაწილეობას, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები. თუმცა ამისთვის აუცილებელია აღნიშნული ფედერაციის საიტზე ოფიციალურად დარეგისტრირდე, მიიღო პერსონალური პინ-კოდი, რის შემდეგადაც ასპარეზობის უფლებას მოიპოვებ. ამ ეტაპზე 35 მსურველია დარეგისტრირებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. ადრე ტურნირი თბილისში ტარდებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ჩვენი კლუბის სამწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასეს და გადაწყვიტეს შეჯიბრის ბათუმში გამართვა და იმედია, ეს ტრადიციულ სახეს მიიღებს. აქვე, თუ ნებას დამრთავთ, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობას გადავუხდი ტურნირის გენერალურ სპონსორს კომპანია „გუდვილს“, პარტნიორებს „ლიბერტი ბანკს“, „ორბი-ჯგუფსა“ და „ჯორჯია პალას ოტელს“, აგრეთვე, აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას, რომელთა უშუალო პატრონაჟითაც ტარდება აღნიშნული შეჯიბრება.








მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, თამაზ კობალაძის ოჯახში შეშის ღუმელი ანთია. ოჯახის დიასახლისმა, შორეთ ნინიძემ, ოჯახის გარეთა საქმეები დაასრულა და სადილის მზადებაშია. ღუმელში ხაჭაპურს აცხობს და მხალი დროულად რომ მოიხარშოს, ღუმელს შეშას უმატებს. მხალი დუღს, გვერდით სათლით წყალიც დუღდება. ქალბატონი შორეთი ამბობს, რომ რადგან ოჯახს უჭირს, შეშის ღუმელს ამიტომ ანთებს, ყოველდღე პურსა და საჭმელს ზედ აკეთებს და ზაფხულის ცხელ დღეებს ღუმელთან ატარებს.
65 წლის თამაზ ცინცაძე სოფლის ისტორიას მიყვება და არსებულ პრობლემებზე მესაუბრება: „ჩვენი სოფლის ზევით სოფელია – უჩხითი ჰქვია. სოფელი დაქანებულა, მიწა ჩამოწოლილა და ამ მიწაზე მოსახლეობა დასახლებულა. ახალდასახლებულ ადგილს ქვესოფელს ეძახდნენ, აქედან წამოვიდა სახელწოდება ქოსოფელი. სოფელი პატარაა, მაგრამ აქ მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს, არ მომწონს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ადრე კოლექტივი იყო და შემოსავალი გვქონდა, ტყემალი იყო, ვაშლი თუ სხვა ხილი, ვაბარებდით, ახლა არც ჩაბარება არ არის და არც არაფერი, მსხალია თუ ვაშლი ხის ძირშივე ლპება, ბათუმში თუ წაიღებ, კაპიკებში უნდა გაყიდო, რომ არ დაგრჩეს გასაყიდი, ზოგჯერ კაპიკებშიც არ იყიდება. ოჯახში ოთხი სული ვართ და არავინაადასაქმებული, ორი პენსიონერი ვართ, ეს არის ოჯახის შემოსავალი, ყველაფერთან ერთად შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, თვალისპრობლემა აქვს“.
როგორც მოსახლეობა ამბობს,სოფლის პროგრამის ფარგლებშისოფელში ელექტროწისქვილი რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი, რადგან ვერ მოხდა წისქვილის ქსელში ჩართვა, „წისქვილი გააკეთეს და დღემდე ვერადა ვერ ჩართეს, ცარიელ შენობას რა აზრი აქვს? სოფელი ადრე წყლის წისქვილს ამუშავებდა, ახლა წყლის პრობლემა გვაქვს“ – ამბობს თამაზ ცინცაძე.