ნეტგაზეთი • RU

საკრებულოს ახალი წევრი და საპატიო ბათუმელები

 ლელა დუმბაძე

 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალი წევრის, კობა ზაქარაიას უფლებამოსილების საკითხი ცნეს. ზაქარაია საკრებულოში ეკა თარგამაძეს ჩაენაცვლა, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის გამო შუწყდა. ცვლილებები შევიდა საკრებულოს კომისიებშიც. 

საფინანსო და ეკონომიკური რეფორმების  კომისია გაერთიანდა, რომლის თავმჯდომარედ, საკრებულოს უმრავლესობის წევრი, დავით კასრაძე დაინიშნა. შეიქმნა ახალი, ინფრასტრუქტურის განვითარების კომისია, რომელსაც ზაურ ფატლაძე უხელმძღვანელებს. ხელმეორედ დამტკიცდა კომისიის წევრთა შემადგენლობაც.    

 

 

სხდომაზე დაამტკიცეს, საპატიო ბათუმელების სიაც. ეს წოდება მხატვარ ამირან გაგნიძეს, სპორტსმენ ვახტანგ ქორიძეს, ექიმ ვაჟა ბაღოშვილს, ქორეოგრაფ რეზო ჭანიშვილსა და საკრებულოს წევრს, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, ზაურ ფატლაძეს მიანიჭეს.    

 

  

საკრებულომ ბათუმის საპატიო მოქალაქის სტატუსი რამდენიმე უცხოელსაც მიანიჭა, ამათგან ერთი, თურქეთის მოქალაქე, ქ. კუშადასის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი ზაფერ თინგაზია, ორი კი ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მენეჯერი, ავსტრიელი ერიხ კაშკა და იმავე პროექტის  კონსულტანტი, გერმანელი მათიას ჰითცელია.   

 

   

საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვის დროს, საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა შენიშვნები გამოთქვა:  „ეს ადამიანები ბათუმის მეგობრები არიან თუ ნაციონალური მოძრაობის? ჩვენ, ოპოზიცია არ ვყოფილვართ ჩართული ამ პროცესებში და არ ვიცით, რა ნიშნით იმეგობრებდით ამ ადამიანებს. ერთადერთი ის ვიცი, რომ ოფიციალურ ვიზიტებზე საკრებულოს წევრების ცოლები დადიოდნენ და ოპოზიცია კი არასდროს მიუწვევიათ“ – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.  

 

 

ამავე სხდომაზე, საკრებულომ  „ბათუმობის“ სახალხო დღესასწაულის გამართვის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც 8-9 სექტემბერს უნდა გაიმართოს. ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, „წლევანდელი ბათუმობა არის ნაცმოძრაობის წინაასაარჩევნო ღონისძიება და რადგან აქამდე ეს ღონისძიება ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არცერთ წელს არ გამართულა“. 

 

 

ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 230 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"