მთიანი აჭარა

ერთი დღე ქედის ყველაზე პატარა სოფელში

05.09.2012 • 4216
ერთი დღე ქედის ყველაზე პატარა სოფელში

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, თამაზ კობალაძის ოჯახში შეშის ღუმელი ანთია. ოჯახის დიასახლისმა, შორეთ ნინიძემ, ოჯახის გარეთა საქმეები დაასრულა და სადილის მზადებაშია. ღუმელში ხაჭაპურს  აცხობს და მხალი დროულად რომ მოიხარშოს, ღუმელს შეშას უმატებს. მხალი დუღს, გვერდით სათლით წყალიც დუღდება. ქალბატონი შორეთი ამბობს, რომ რადგან ოჯახს უჭირს, შეშის ღუმელს ამიტომ ანთებს, ყოველდღე პურსა და საჭმელს ზედ აკეთებს და ზაფხულის ცხელ დღეებს ღუმელთან ატარებს.  

კობალაძეების ხუთსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, ოჯახი არც სახელმწიფო დახმარებას იღებს, მათი შემოსავალი პენსიაა. „უმუშევრობამ და გაჭირვებამ აიძულა ჩემი შვილი სამუშაოდ თურქეთში წასულიყო, რა უნდა ქნა და რით უნდა ირჩინო თავი, სამსახურიარაა, არც დახმარება, სოფელში რას მოიყვან ისეთს, რომ თავი ირჩინო?გლეხის მოყვანილი ყველაფერი იაფია…ახლა ყველა თურქეთში მიდის. დახმარება ვითხოვე, მანქანა გყავთო, ძველიდან მყავს მანქანა, მანქანა ხომ არ მაჭმევს. საავადმყოფოში მივედი და სანამ წამალს დავლევდი, 200 ლარი დამიჯდა“- ამბობს შორეთ კობალაძე. 

საუბრისას იგი გადასახლებას იხსენებს, როცა გასული საუკუნის შუაწლებში მისი ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს: „5 წლისა ვიყავი, როცა გაგვასახლეს, პატარაობაში გარდამეცვალა დედა, მერე გასახლება, რაც იქ გადავიტანეთ გახსენებაც არ მინდა. გასულ წელს თქვეს, 10 000 ლარს მიიღებთო, გადასახლებულებს კომპენსაცია ეკუთვნითო. საბუთები შევკარი, ეს მინდობილებაო, ადვოკატიო, 200 ლარი დამიჯდა საჭირო საბუთების შეკრება, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მივიღე ცნობა, რომ ნამდვილად ვიყავი გასახლებული – ეს ისედაც ვიცოდი, მერე ითქვა, რომ 420 ლარი გვეკუთნოდა. ესაა სამართალი?”

65 წლის თამაზ ცინცაძე სოფლის ისტორიას მიყვება და არსებულ პრობლემებზე მესაუბრება: „ჩვენი სოფლის ზევით სოფელია – უჩხითი ჰქვია. სოფელი დაქანებულა, მიწა ჩამოწოლილა და ამ მიწაზე მოსახლეობა დასახლებულა. ახალდასახლებულ ადგილს ქვესოფელს ეძახდნენ, აქედან წამოვიდა სახელწოდება ქოსოფელი. სოფელი პატარაა, მაგრამ აქ მცხოვრებლებს ბევრი პრობლემა გვაწუხებს, არ მომწონს ჩვენი დღევანდელი ცხოვრება, ადრე კოლექტივი იყო და შემოსავალი გვქონდა, ტყემალი იყო, ვაშლი თუ სხვა ხილი, ვაბარებდით, ახლა არც ჩაბარება არ არის და არც არაფერი, მსხალია თუ ვაშლი ხის ძირშივე ლპება, ბათუმში თუ წაიღებ, კაპიკებში უნდა გაყიდო, რომ არ დაგრჩეს გასაყიდი, ზოგჯერ კაპიკებშიც არ იყიდება. ოჯახში ოთხი სული ვართ და არავინაადასაქმებული, ორი პენსიონერი ვართ, ეს არის ოჯახის შემოსავალი, ყველაფერთან ერთად შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია, თვალისპრობლემა აქვს“.

როგორც მოსახლეობა ამბობს,სოფლის პროგრამის ფარგლებშისოფელში ელექტროწისქვილი რამდენიმე წლის წინ აშენდა, თუმცა დღემდე უფუნქციოდაა დარჩენილი, რადგან ვერ მოხდა წისქვილის ქსელში ჩართვა, „წისქვილი გააკეთეს და დღემდე ვერადა ვერ ჩართეს, ცარიელ შენობას რა აზრი აქვს? სოფელი ადრე წყლის წისქვილს ამუშავებდა, ახლა წყლის პრობლემა გვაქვს“ – ამბობს თამაზ ცინცაძე.

სოფელში ოთხკლასიანი დაწყებითი სკოლაა. ოთხი კლასის დასრულების შემდეგ ბავშვები მეზობელ სოფელში დადიან და დღის განმავლობაში 4 კილომეტრის გავლა უწევთ. 

სოფლიდან ქალაქში მგზავრობა 2 ლარი ღირს, ერთი ტომარის გადატანა კი – 1 ლარი.სოფელს თავისი სამარშრუტო ტაქსი არ აქვს. „მარშრუტკა~ მაშინ გადადის სოფელში, თუ მგზავრები მეზობელი სოფლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლს დაურეკავენ და გასვას სთხოვენ. სოფელი მაგისტრალიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული, სოფლის გზა გაფუჭებულია. `ვითომ მოხრეშეს, გაწვიმდა და ატალახდა” – ამბობს ანზორ ცინცაძე.

ორსართულიან ხის სახლში 74 წლის ხასან ბასილაძე მარტო ცხოვრობს. იგი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროსა და მინისტრთა საბჭოში მუშაობდა, სოფელს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც პენსიაში გავიდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. დღისით მცენარეებს უვლის, ნათესავ-მეგობრებს სოფლიდან ხილ-ბოსტნეულს უგზავნის, დასვენებისას წიგნებს კითხულობს და ტელევიზიით ახალ ინფორმაციასაც ეცნობა.მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უჭირს, ამბობს, რომ ყველაფრით კმაყოფილია:„საკმაოდ მომწონს დღევანდელი ცხოვრება, როგორაა იცი? _ ყველაფერი შედარებითია. ზოგს არ მოსწონს დღევანდელობა, მას არ მოსწონს, ვისაც არც წინა ცხოვრება მოსწონდა, არის პლუსი და მინუსიც.სოფლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხალხი გაჭირვებულია, ყველა პენსიაზეა დამოკიდებული, პენსია რომ არ ჰქონდეს, ხალხი მშიერი იქნება. მოსავალი არ არის, სიმინდით და ლობიოთი ხომარ იცხოვრება. მე პენსიაც მაქვს და მარტოხელობის დახმარებაც, მარტოხელა კაცი ვარ, მაგრამ მოწყენილი არ ვარ“.

სოფელში მოახლოებულ არჩევნებზეც საუბრობენ. „კანონი არის, უნდა მიხვიდე არჩევნებზე, მივალ და ჩემს არჩევანს დავაფიქსირებ, მჯერა არჩევნების“ – ამბობს შორეთ ნინიძე.თამაზ კობალაძე კი „ნაციონალების“ დაპირებებს იხსენებს და ამბობს, რომ დაპირებები არ სრულდება: „გზა სარემონტოა, მოვიდნენ ნაციონალური პარტიიდან, გავაკეთებთ, გავაკეთებთო – წავიდნენ და აღარ მოსულა არავინ. რაც დაიწყეს, არაფერი გაკეთებულა ნორმალურად“.

„სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს, სარწყავ წყალზე რომ არაფერი ვთქვათ. ორი წლის წინ მოვითხოვეთ სარწყავი არხის გაკეთება და არ გაგვიკეთეს, მთავრობამ არ ჰყოფნის ფინანსებიო, შემდეგ სასმელი წყლის წყალშემკრები ბასეინის გაკეთება გადავწყვიტეთ სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხით, მაგრამ ვერც ის გაკეთდა არასაკმარისი თანხის გამო, წელს ისევ ბასეინის გამართვას მოვახმარეთ გამოყოფილი თანხა“-  გვიამბობს ანზორ ცინცაძე.

თინა 26 წლისაა და ოთხი წლის შვილი ჰყავს. მას საკუთარი გვარის დასახელება არ სურს. როგორც თინა ამბობს, მისთვის ყველაზე მტკივნეული უფულობაა: „მაშინ, როცა ბავშვი რაღაცის ყიდვას გთხოვს და ჯიბეში ერთი თეთრიც არ გაგაჩნია, საშინელებაა. არც მე ვმუშაობ და არც ჩემი ქმარი. ოჯახს პენსიონერები პენსიით გვარჩენენ. აუცილებლად მივალ არჩევნებზე, იქნებ რამე გვეშველოს”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: