მთიანი აჭარა

სასურსათო მაღაზიების ძარცვის სერია

11.09.2012 • 1772
სასურსათო მაღაზიების ძარცვის სერია

მაღაზიის გატეხის პირველ მცდელობას სოფელ ბაბუჩოღლებში აგვისტოს ბოლო რიცხვებში ჰქონდა ადგილი. მძარცველებმა მაღაზიის უკანა კედლის კარის გამომტვრევა სცადეს, თუმცა კარს შიგნით არსებული გისოსების გატეხა ვეღარ შეძლეს. იმავე დღეს სამი მაღაზია მახუნცეთშიც გაქურდეს, ორი მაღაზია მახუნცეთის ცენტრში და ერთიც ცენტრიდან რამდენიმე მეტრით მოშორებით, ე.წ. „გვირაბთან“.

 

 

მახუნცეთში თენგიზ მახარაძის მაღაზიაში მძარცველები მაღაზიისა და საცხოვრებელი სახლი გამყოფი კედლის გამოტეხის შემდეგ შევიდნენ. მაღაზიის მესაკუთრის განცხადებით, გატანილია 500 ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სახის საქონელი. თენგიზ მახარაძე: „15-20 დღის წინ მოხდა ქურდობა, შაბათი დღე იყო, მეზობელი მაღაზიის მეპატრონემ გამაგებინა, ჩემი მაღაზია გაქურდეს და თქვენიც გატეხილიაო. ქურდებმა რკინის სეიფი გაიტანეს მაღაზიის გარეთ – ნავაჭრი, 500-ლარამდე თანხა და 1000-1200 ლარამდე საქონელი წაიღეს, ძირითადად ძვირად ღირებული სასმელები და სიგარეტები. შეტყობინებისთანავე ადგილზე მოვიდა პოლიცია, ექსპერტიზა… ორჯერ მოვიკითხე და მითხრეს, რომ ძიება მიმდინარეობს“. 

 

იმავე დღეს თენგიზ მახარაძის მაღაზიის გარდა მახუნცეთში მზიური ბერიძის მაღაზიაც გაქურდეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი გაქურდეს მახუნცეთში „გვირაბთან“ არსებული კაფე-ბარის მაღაზია. აქ მძარცველები სამზარეულოს კარებიდან შევიდნენ. როგორც დაწესებულებების თანამშრომლები ამბობენ, მძარცველებმა მხოლოდ 60-80 ლარის პროდუქტი გაიტანეს.  

 

 

მარინა სამნიძე, კაფეს თანამშრომელი: „30 წელია მახუნცეთის ბინებში ვცხოვრობ, ბინის კარები დღით არასოდეს დამიკეტია, გაქურდვის მცვდელობა არასოდეს ყოფილა, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.  

 

ორი წელია რაც კაფე არსებობს, პირველად ახლა გატეხეს, კაფეს თავისი მაღაზია აქვს, ძირითადად, სიგარეტები, სასმელები და ტკბილეულობა იყიდება. ქურდობა სავარაუდოდ ღამით მოხდა _ დილით მოსულებს მაღაზია გაქურდული დაგხვდა. სამზარეულოს კარებიდან შესულან, ეს კარები დაკეტილი კი იყო, ალბათ, გამოტეხეს. სასმელები და სიგარეტები იყო წაღებული, გაეჩხრიკათ ხის კარადა, სადაც საჭირო დოკუმენტაციას ვინახავთ, სხვა ყველაფერი ისევე დაეტოვებინათ, კარებიც კი დაეხეურათ – “პატიოსანი ქურდები”  ყოფილან”. 

 

ბაბუჩოღლებში მეორე მაღაზია 31 აგვისტოს გაძარცვეს. მაღაზიის გამყიდველის, სულიკო ვერძაძის თქმით, ქურდებმა მაღაზიიდან სწრაფი გადახდის აპარატი, ფული და 150 ლარის პროდუქტი გაიტანეს: `გადახდის აპარატი აქვე, ახლოს დაამტვრიეს და თანხა წაიღეს. აპარატში 800 ლარამდე უნდა ყოფილიყო, ქსელმა აპარატის გათიშვის დრო – ღამის პირველი საათი და 50 წუთი უჩვენა”. 

 

სასურსათო მაღაზიები დაბა ქედასა და სოფელ წონიარისშიც გაძარცვეს, წონიარისში ორი მაღაზია, ქედაში – ერთი.  

 

აქამდე მაღაზია ქედაში მხოლოდ ორი წლის წინ გაქურდეს _ სოფელ პირველი მაისის ცენტრში მდებარე მაღაზიაში ქურდები კარზე დატანებული ფანჯრიდან გადავიდნენ. მესაკუთრის, ლამარა თებიძის თქმით, ქურდებმა მაშინაც სიგარეტები, პური და ფული გაიტანეს: “ქურდებმა მაღაზიის უკანა ნაწილში განთავსებული სათავსოს კარებზე, ზედა ნაწილში არსებული ფანჯარა გამოამტვრიეს, მოხსნეს გისოსები და ისე შემოვიდნენ. განსაკუთრებული არაფერი წაუღიათ, ხურდა ფული მქონდა _ 100-ლარამდე და 200-ლარამდე თანხის პროდუქტი. ქურდობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა, გამოიძიეს თუ არა არ ვიცი, პასუხი არ მიმიღია, მოკითხვითაც კი არ მომიკითხავს, დიდი თანხა არ იყო და აღარ შევაწუხე. მას შემდეგ ფანჯრები და კარები დავჭედე და მაღაზიას ძველებურად ვამუშავებ”.  

 

 

მაღაზიების ძარცვის შემთხვევის მომრავლებასთან დაკავშირებით ქედის პოლიციის რაიონული სამმართველო “ბათუმელებთან” კომენტარს არ აკეთებს. “მეტი საინტერესო ვერაფერი ნახეთ?!” – პოლიციაში მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლნენ.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: