შალვა ნათელაშვილი
„პირველსავე კვირაში, უკანონოდ მითვისებულ ქონებას ჩამოვართმევთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს დედის ძმის ჩათვლით, რომელმაც მიიტაცა ოქროს საბადო, მიიტაცა ბათუმისა და თბილისის აეროპორტი. ისევე როგორც ჩამოვართმევთ ქონებას ბანდიტ ძმებ ბეჟუაშვილებს, მათ ჩამოვართმევთ ჭიათურმარგანეცს. ისევე, როგორც ჩამოვართმევთ ნავთობბროდუქტებით ვაჭრობის მონოპოლიას კრიმინალ და ნარკომან კეზერაშვილს. სახელმწიფო საკუთრებად გამოვაცხადებთ მთელ ენერგეტიკას. ბათუმის პორტიდან გავაძევებთ სააკაშვილის, კეზერაშვილისა და ბეჟუაშვილების დაქვემდებაში მყოფ პროკურორებს, რომლებიც არაფერ კავშირში არ არიან ბიუჯეტთან და ჩვენი მეზღვაურების დასაქმებასთან. ჩვენ გამოვაცხადებთ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის სახელმწიფო რაციონალიზაციას, საიდან წამოსული მილიარდებიც დღეს თავს იყრის, კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბანდის ხელში. აი ამ სიმდიდრით, რომელსაც ჩამოვართმევთ ბანდიტებს, გამოვაცხადებთ უფასო განათლების პრინციპს საბავშვო ბაღიდან ასპირანტურამდე.“ – განაცხადა ნათელაშვილმა შეხვედრაზე.
„არავითარი ნატო არავითარი კატო“ – ამ სიტყვებით „ლეიბორისტების“ ლიდერმა პარტიის კიდევ ერთი წინასაარჩევნო პრიორიტეტი გამოკვეთა. ის ამომრჩეველს რუსეთის ბაზრის გახსნასაც დაპირდა: „ვერანაირი პოლიტიკური ძალის მოსვლა ჩვენ ვერ გადაგვარჩენს, თუ არ გაიხსნა რუსეთის აუთვისებელი ბაზარი. ისევე, როგორც არ არსებობს ნახევრად ფეხმძიმე ქალი, არ არსებობს მთავრობას უნდოდეს ნატოში შესვლა და იმავდროულად რუსეთმა გააღოს საზღვარი, ნატოზე უნდა ითქვას უარი.“ – პარტიის ლიდერის ამ განცხადებას დარბაზში მყოფთა ოვაციები მოჰყვა.
ამომრჩეველთან შესახვედრად გიორგი გუგავა და კახა ძაგანიაც იმყოფებოდნენ. შეხვედრას ხუთასამდე ამომრჩეველი ესწრებოდა. ბონის კულტურის სახლში არსებული 400 ადგლიანი დარბაზი მთლიანად შევსებული იყო, დამსწრეთა მცირე რაოდენობა კი ფეხზე იდგა. შეხვედრის დაწყებამდე პარტიის კოორდინატორებმა დარბაზში მსხდომებს პარტიის ლიდერთან კითხვების დასასმელად კალამი და ფურცლები დაურიგეს.
გამოსვლის დასასრულს შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები წარადგინა.
აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნების მოგებას „ლეიბორისტების“ სახელით ქობულეთიდან – ბელა ბერაძე; ხელვაჩაურიდან – ბიძინა დუმბაძე; ქედიდან – ნაიმე ძნელაძე; შუახევიდან – თამარ მიქელაძე; ხულოდან – ზაურ დეკანაძე; ბათუმიდან კი პარტიის აჭარის კოორდინატორი – დავით რობაქიძე შეეცდება.
საქართველოს პარლამენტში აჭარიდან წარდგენილ ლეიბორისტთა სია კი ასე გამოიყურება: ბათუმიდან – თამაზ დევაძე, ქობულეთიდან ნუგზარ რომანაძე; ხელვაჩაურიდან – რუსლან მალაყმაძე; ხულოდან ნაირა აბესაძე. შუახევიდან – მადონა დავითაძე.