სიახლეები

ბათუმი სეზონის მიწურულს

05.09.2012 • 1911
ბათუმი სეზონის მიწურულს

ტურისტული ბუმის დასრულებასთან ერთად ბათუმში ღამის გართობის სეზონიც დასრულდა. კლუბების შესასვლელებთან უკვე ვეღარ შეხვდებით გაუთავებელ რიგებს და აღარც გვიან ღამით შეგაწუხებთ ხმამაღალი მუსიკა. შემოდგომის ბათუმში კლუბური ცხოვრება მშვიდმა გარემომ ჩაანაცვლა, თუმცა სექტემბრის თვეშიც იგეგმება რამდენიმე კულტურული ღონისძიება.

8-9 სექტემბერს ქალაქი ბათუმობას ზეიმობს. ორდღიანი დღესასწაული ბათუმის მერიის ორგანიზებით ხორციელდება. მოეწყობა ღია მსვლელობები, თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა და სხვა ფესტივალები. ქალაქის მერია ბათუმთან დამეგობრებული ევროპული ქალაქების წარმომადგენლებს გონიოს ციხეში უმასპინძლებს. როგორც ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსი მამუკა თამაზაშვილი აცხადებს, ბათუმობა 2012 საკმაოდ შთამბეჭდავი და გამორჩეული იქნება. დღესასწაულის ფარგლებში გამართულ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

6 სექტემბერს, ერას მოედანზე, ღია ცისქვეშ, ლაზური ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ლაზ საზოგადო მოღვაწეს, ჰასან ხელიმიშს მიეძღვნება.  თურქულ ანსამბლებთან ერთად ფესტივალზე მონაწილეობას ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ. ღონისძიება 9 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

მათთვის, ვინც შვებულება სექტემბერში დაგეგმეს, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას ბათუმის დელფინარიუმი, კინოთეატრი „აპოლო”, პიაცა და ბარების უმეტესობა. სეზონის მიწურვას არც ბათუმის ცირკი უშინდება და 7,8,9 სექტემბერს უკრაინელ და ბელორუს დასებთან ერთობლივ წარმოდგენას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი