ბათუმში სახელმძღვანელოების შეძენა ამ დროისათვის #10, #9 და #3 საჯარო სკოლაშია შესაძლებელი, ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე N12-ში მდებარე წიგნის მაღაზიაში.
აჭარის რეგიონებში კი სახელმძღვანელოები ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში, ქობულეთის #2 საჯარო სკოლაში და ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედის საჯარო სკოლაში გაიყიდება. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ წიგნები შესაძლოა ხულოს მუნიციპალიტეტშიც გაიყიდოს, სამინისტროში ამ საკითხზე მუშაობენ, მანამდე კი „ბათუმელებთან“ საუბრისას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გია აბულაძემ განაცხადა, რომ შუახევსა და ხულოში სასკოლო ბაზრობის მოწყობა არ არის აუცილებელი, რადგანაც იქ მცხოვრები მოსწავლეების უმეტესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის და სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. „მაღალმთიან აჭარაში დანარჩენი მოსწავლეები, რომელთა რიცხვიც ძალიან მცირეა, ბათუმიდან მიიღებენ წიგნებს“, – ამბობს გია აბულაძე.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მექანიზმის შემოღება წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით გახდა საჭირო, მაღაზიებში დიდი რიგების გამო მშობლები ვერ ახერხებდნენ წიგნების დროულად შეძენას, სკოლებში კი, დიდი გამოფენა-გაყიდვების გაკეთება უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა, წიგნების შეძენა საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდზე, ინტერნეტ-მაღაზიაშიც არის შესაძლებელი. სამინისტროს განცხადებით, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაში, ფოსტა წიგნებს თბილისში 24 საათის, ხოლო რეგიონებში 48 საათის განმავლობაში მიიტანს. სახელმძღვანელოებს შემკვეთი მომსახურების დამატებითი ღირებულების გარეშე მიიღებს. საფოსტო სერვისით სარგებლობა 8 ოქტომბრის შემდეგაც იქნება შესაძლებელი.
ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში გამართულ წიგნის ბაზრობაზე „ბათუმელებთან“ საუბრისას მშობლებმა განაცხადეს, რომ დადებითად აფასებენ ბაზრობის სკოლებში მოწყობის იდეას, თუმცა აცხადებენ, რომ წიგნები დაპირებულზე ძვირი ღირს. „ტელევიზორში რამდენჯერმე თქვეს, რომ არც ერთი წიგნის ფასი 10 ლარზე ძვირი არ უნდა იყოსო, მაგრამ ადგილზე რაც ვნახე, საგნის მთლიანი კომპლექტი – წიგნი და რვეული ერთად აღებული 15 ლარი ღირს. ზოგიერთ წიგნს ტესტების კრებულიც აქვს, მასწავლებელი სრული კომპლექტის შეძენას ითხოვს და მეც იძულებული ვარ ვიყიდო. ზოგი წიგნი ორ ნაწილად არის გამოსული, ორივეს ფასი ერთად აღებული კი 10 ლარზე მეტია“, – აღნიშნა ბაზრობაზე მოსულმა მშობელმა მერი აბესლამიძემ.
აჭარის განათლების მინისტრის, გია აბულაძის თქმით, სასკოლო წიგნები ორ ნაწილად გამომცემლობისთვის მეტი მოგების მიღების მიზნით არ არის გაყოფილი. „თქვენ ხომ გაქვთ ნანახი, რა სისქის წიგნებია გამოცემული. მათი ტარება მოსწავლეების ხერხემალს უქმნის საფრთხეს. მხოლოდ ეს მიზანი აქვს წიგნების ორ ნაწილად გაყოფას“, – აღნიშნა გია აბულაძემ.
სამინისტრო აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი რიგების თავიდან არიდებაა, ამიტომაც შეეზღუდათ წიგნის მაღაზიებს სახელმძღვანელოების გაყიდვა. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო გოგინაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ გამომცემლებს, წიგნის გავრცელების შეზღუდვის გამო, ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
წიგნის ბაზრობები, საქართველოს მასშტაბით, 400 სკოლაში მოეწყობა. რაც შეეხება სავაჭრო წერტილებს, სახელმძღვანელოები მხოლოდ 21 მაღაზიაში შევა გასაყიდად.