სპორტი

ქედის “ბეთლემი” პირველ ლიგაში

11.09.2012 • 3088
ქედის “ბეთლემი” პირველ ლიგაში

 

 თავიდან მოვყვეთ, როდის შეიქმნა “ბეთლემი” და როდის ჩაუდექით მას სათავეში?

 ქედაში საფეხბურთო გუნდი გასული საუკუნის 1950-1960-იან წლებში ჩამოყალიბდა და საქართველოს პირველობებზე სხვადასხვა სახელით ასპარეზობდა. 1980-1990-იან წლებში მე დავინიშნე მთავარ მწვრთნელად. მაშინ კარგი გუნდი გვყავდა. წარმოიდგინეთ, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, ანუ ქართული საბჭოურს გამოეყო, პირველივე წელს მივიღეთ საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა. 1/64 ფინალიდან დავიწყეთდა მეოთხედფინალამდე გავაღწიეთ, მხოლოდ იქ დავმარცხდით ფოთის “კოლხეთთან”. არადა, ფოთელებმა იმ წელს თასის ფინალი ითამაშეს. მერე იყო ხანგრძლივი ჩავარდნის პერიოდი და ასე 10-15 წელი ბურთი აღარ გაგორებულა. საბოლოოდ კი გადაწყდა აღგვედგინა ეს გუნდი. ორი წელი რეგიონალლიგის დასავლეთ ზონაში ვასპარეზობდით. პირველ წელს მეხუთე ადგილი დავიკავეთ, შარშან კი პირველი ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ, მეორე ადგილზე გავედით.

რთული სეზონი გქონდათ?

 კი, ძალიან რთული იყო. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ, მეორე წრე კი ძალიან ცუდად დავიწყეთ -ხუთი შეხვედრიდან სამი წაგება, ერთი ფრე და მხოლოდ ერთი მოგება. თუმცა საკუთარ თავში ძალები მოვნახეთ და ბოლო 8 შეხვედრა ზედიზედ მოვიგეთ, რამაც განაპირობა კიდეც პირველი ლიგის საგზურის მოპოვება.

 პირველ ლიგაში თამაშის გამოცდილება ბევრს არ ექნება…

ვერ დაგეთანხმებით. ჩვენთან ისეთი ბიჭები თამაშობენ, რომლებსაც ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ, ვიტალი დარჩიძე, კახა ქაცარავა, ლევან ბექთაშევი, ვასო კუნჭულია. მათ გარდა დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე: გიორგი კახიანი “ბაღდათიდან”, ლაშა კალანდაძე და გიორგი ხაჩიძე “ოზურგეთიდან”, ასევე “მაჭახელადან” დავითაძე, ანანიძე და სეიდიდი. ოთხი ფეხბურთელი ქედის მკვიდრია. კარგი ბიჭები არიან, ვფიქრობ, ურიგო გუნდი არ გვეყოლება.

 პირველივე სეზონში უმაღლეს მიზნებს არ დაისახავდით ალბათ …

 დასამალი რაა და წელს პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ. როგორც იცით, პირველ ლიგაში “შუქურა” და “ადელი” თამაშობენ, თუმცა პირველობა ორ ქვეჯგუფადაა გაყოფილი, მათ ჩვენთან შედარებით გაუმართლათ, ჩვენს ქვეჯგუფში კი საკმაოდ ძლიერი გუნდები მოხვდნენ: თბილისის “დინამო-2”, ლანჩხუთის “გურია”, “მაღაროელი”, “მეშახტე” და “გაგრა”, რომელმაც შარშან ევროპის ლიგაზე ითამაშა. ასე რომ, კონკურენცია მართლაც დიდია.

თამაშებსაც სად გამართავთ?

ქედაში კარგი სტადიონი გვაქვს, უბრალოდ ამჟამად იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ტრიბუნების კეთილმოწყობა, საფარის განახლება და ასე შემდეგ. ჩემპიონატის მატჩებს ქედაში ვუმასპინძლებთ.

 გუნდს ვინ აფინანსებს? 

აჭარის მთავრობა და ქედის მუნიციპალიტეტი. კლუბის პრეზიდენტი ბაქარ ბარამიძე გახლავთ. აქვე გეტყვით, რომ “ბეთლემის” მეორე მწვრთნელია ვახო ქაცარავა.

ხელფასების პრობლემა არახალია ქართული კლუბებისთვის…

 ჩვენთან ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა და იმედია, არც შეიქმნება.

 უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდები გამარჯვებისთვის პრემიალურ თანხებსაც იღებენ…

 ჩვენთანაც მასე იქნება. წარმატების შემთხვევაში ბიჭებს აუცილებლად წავახალისებთ.

 რამდენი ფეხბურთელი იქნება გუნდში?

 24 ფეხბურთელი მყავს განაცხადში. შევხედავთ ჩვენს შედეგებს და შესაძლოა, სამომავლოდ გავძლიერდეთ კიდეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: