საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ სტუმრად ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდმა უმაღლესლიგელ „დინამოს“ არა მარტო წინააღმდეგობა გაუწია, არამედ დაამარცხა კიდეც, რასაც არავინ ელოდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს ლვოვის „კარპატიდან“ განათხოვრების წესით ჩამოყვანილმა მეკარემ ივან პიცანმა და ფორვარდმა ალექსანდრ ტიმჩიშინმა, თუმცა თავი მათ არაფრით გამოუჩენიათ. მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდი უფრო საკუთარ თავთან დამარცხდა, ვინაიდან მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა. „განმეორებით მატჩში ძალიან გაგვიჭირდება“, – დასძინა ბოლოს გია გურულმა. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთელებმა გასვლით შეხვედრაში ოზურგეთის „მერცხალი~ 3:0 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ბათუმელთაგან განსხვავებით, ფაქტობრივად გაინაღდეს.
საქართველოს თასის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრები 17-18 სექტემბერს გაიმართება.