„სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებისთვის“ თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების საკითხები დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს იმიტომ, რომ მისთვის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების პრობლემები უფრო მკაფიოა: „მძიმე პრობლემებია სასჯელაღსრულებით სისტემაში და სამოქალაქო განათლების კუთხითაც. ამიტომ, უმცირესობების პრობლემებს სათანადო ყურადღება არ ექცევა და არც არასამთავრობოების პრიორიტეტებში ჯდება“.
ლადო მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ `ადამიანებს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვისთვის 80-დღიან პატიმრობას როცა უსჯიან, გამოხატვის თავისუფლების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ ვაკმაყოფილებთ. აქედან გამომდინარე, უკვე სხვა პრობლემები ნაკლებად აქტუალური გეჩვენება. მათ შორის უმცირესობების პრობლემაც“.
ორი წლის წინ ლადო მგალობლიშვილმა „ტელეარხ 25“-ის ეთერში განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებებს არ დაიცავდა (ორი წლის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ბათუმში გეი აღლუმის ჩატარება იგეგმებოდა. არხს ამ საკითხზე დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობაზე არასამთავრობო სექტორიდან მხოლოდ ლადო მგალობლიშვილი დათანხმდა). ამ განცხადების მიუხედავად, მგალობლიშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი უმცირესობების სტიგმატიზაციას არ ახდენს და ორი წლის წინანდელი განცხადებაში კორექტირება შეაქვს: „ეს არ იყო პირდაპირი გაგებით ნათქვამი. არა მგონია ამას შეეფერხებინა ჩემთან კომუნიკაცია. ამ განცხადების შემდეგ მომმართა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამსახურში პრობლემები იმის გამო შეუქმნეს, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მაქსიმალურად შევეცადეთ, დაგვეცვა მისი უფლება“.
უმცირესობების პრობლემებზე მუშაობა რეგიონის არასამთავრობოებს რომ არ იზიდავს, ამას გენო გელაძე – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელიც ეთანხმება. ამ მხრივ რეგიონში ჩატარებული კონკრეტული აქტივობა მას არ ახსენდება: „ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს დევნილების, პენსიონერების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების უფლებებზე. მაგრამ უმცირესობების უფლებებზე არ გვიმუშავია. უმცირესობების თემა, რეგიონში მეორეხარისხოვანია. დღეს ამ თემას არჩევნები ფარავს, მანამდე საკუთრების პრობლემები ფარავდა და ა.შ. მახსოვს მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც გეი აღლუმის ჩატარებაზე გავრცელდა ინფორმაცია, უფლებების დაცვა კი არა, ლამის ყველა მათ წინააღმდეგ გამოვიდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდანაც კი არ მახსოვს განცხადება, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მათი უფლება“.
გენო გელაძის აზრით, უმცირესობების პრობლემების იგნორირება არა მისი სტიგმატიზაციის, არამედ ამ სფეროში მომუშავე კომპეტენტური კადრების დეფიციტით არის გამოწვეული: „უმცირესობებზე მუშაობას ძალიან სერიოზული სპეციალისტები სჭირდება, რადგან სპეციფიკურ ცოდნას და სიფრთხილეს მოითხოვს. თუმცა, არ გამოვრიცხავ ტრადიციის პრობლემასაც _ ბევრი მიიჩნევს, რომ ამ თემების წინ წამოწევა არაპოპულარია…“
გენო გელაძის აზრით, არასამთავრობო სექტორი გაცილებით აქტიური იყო რამდენიმე წლის წინ, ვიდრე დღეს: „თუ გავაკეთებთ მონიტორინგს, მაგალითად, რამდენი პრესკონფერენცია ჩაატარეს არასამთავრობოებმა ნებისმიერ თემაზე, სამარცხვინო შედეგს მივიღებთ. რეგიონში მომხდარი რაღაც ამბის შეფასება რომ გააკეთებინო ან დისკუსია გამართო, კომპეტენტურ პირებსაც კი ვერ იპოვი. ყოველთვის ერთი და იგივე, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციებია“.
ნანა გორგილაძის ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ბათუმის ფილიალიც“, მხოლოდ სპეციფიკური კუთხით მუშაობს. ორგანიზაცია ექიმებით, ფსიქოლოგებით და ფსიქიატრებითაა დაკომპლექტებული. ისინი წამების მსხვერპლებს ეხმარებიან, თუმცა, როგორც არასამთავრობოს ხელმძღვანელი ამბობს, ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური ნიშნით დისკრიმინირებულ პირებთან არასდროს უმუშავიათ: „უფრო სამედიცინო რეაბილიტაციაა ჩვენი პროფილი, ჩვენ ვმუშაობთ კატეგორიაზე, რომელსაც სახელმწიფომ მიაყენა ზიანი, მაგალითად, დევნილები, დემონსტრაციის დროს დარბეული და ნაცემი პირები, ტყვეობაში მყოფი და ა.შ. ჯერ არ გვქონია პრეცენდენტი, რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს რომ მოემართოს“.
ნანა გორგილაძის განცხადებით, ყველაზე რთულ ვითარებაში მაინც სექსუალური უმცირესობები არიან: „ამ კუთხით თითქმის არავინ მუშაობს, რაც პრობლემაა. სექსუალური უმცირესობების დაცვა გარკვეულწილად სტიგმაა, ამიტომ ორგანიზაციებიც თავს არიდებენ. თუმცა, სტიგმაზე მეტად უფრო კომპეტენციის პრობლემა მგონია. არც უმცირესობები არიან გახსნილი პრობლემაზე საუბრისთვის, ვფიქრობ უკმაყოფილება არ არის იმ დონეზე მომწიფებული, რომ საუბარი დაიწყონ“.
„რეაბილიტაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნესტან კახაძეც ბენეფიციართა პრობლემაზე საუბრობს: „არასამთავრობოები, ალბათ, იმიტომ იკავებენ თავს ამ პროფილით მუშაობაზე, რომ არ არის საკმარისი კვლევის ობიექტი. განსაკუთრებით რთულია სექსუალურ უმცირესობებთან ურთიერთობა – არ მეგულება პირი, რომელიც თუნდაც პროექტის მომზადებამდე მიმოხილვის პერიოდში დაგთანხმდეს თანამშრომლობაზე. ამ პრობლემას ხელს უწყობს მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელიც მათი უფლებების დაცვის წინააღმდეგია“.
ნესტან კახაძე ამბობს, რომ სამართლებრივი დახმარება სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვისაც გაუწევიათ: „ერთი გოგონა იყო და ერთიც ბიჭი, რომელთაც დასჭირდათ ჩვენი ადვოკატირება, მაგრამ ეს შემთხვევები უმცირესობების კატეგორიაში არ დაკვალიფიცირებულა. ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, მხოლოდ ანკეტის შევსების დროს დაფიქსირდა. ცალკე, უმცირესობების დაცვის კატეგორიაში არ გაგვიყვანია“.
სექტორში მიიჩნევენ, რომ მათი ფუნქცია სწორედ საზოგადოების უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დამაკავშირებელი გზების გამოძებნაა, თუმცა ამ ფუნქციას ისინი მხოლოდ ნაწილობრივ ართმევენ თავს.
„როცა რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონი მიიღეს, საიამ განაცხადა, რომ ამ კანონით ხელისუფლებამ რელიგიური უმცირესობები უბრალოდ მოატყუა. თუმცა, საიას ხელისუფლებასა და რელიგიურ უმცირესობებს შორის მედიატორის როლი არ უთამაშია, პრობლემა თვითონ მიიტანეს ხელისუფლებამდე“, – ამბობს საიას ბათუმის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია.
მისი აზრით, უმცირესობების თემა ძალიან ფაქიზია და მას სპეციფიური ტიპის კვლევები და დასკვნები სჭირდება: „რეგიონში ამ სფეროზე მომუშავე არასამთავრობო აქედან გამომდინარეა რომ არ არსებობს“.
საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის – „თანადგომას“ ბათუმის ხელმძღვანელი ნათია ხარატი ამბობს, რომ სექსუალურ უმცირესობებთან რამდენიმე წელია მუშაობენ, ოღონდ ეს ურთიერთობა მხოლოდ სამედიცინო კუთხით შემოფარგლება: „ვმუშაობთ შიდსის პრევენციაზე. დაახლოებით ასამდე ბენეფიციარი გვყავს, სხვადასხვა ქალაქიდანაც, ოღონდ ჩვენ მხოლოდ შიდსის პრევენციის კუთხით ვმუშაობთ და არა კომპლექსურად“.
ნათია ხარატის აზრით, უმცირესობების მიმართ თავად არასამთავრობოების დამოკიდებულებაც უკვე პრობლემატურია: „როცა უფლებადამცველი ეთერში ამბობს, რომ მათ არ დაიცავს, ბუნებრივია, მათი მიმართ ნდობა არ იქნება. ყველა წამოვა ურთიერთობაზე, თუ გულწრფელობას დაინახავენ. პრობლემები განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებს აქვთ მრავლად, ამიტომ ამ პირებთან კონკრეტულმა ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ“.
უმცირესობებთან არასამთავრობოების მუშაობის პოლიტიკას ასე აფასებს ასლან ჭანიძე -„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე“: „არ შეიძლება ადამიანის უფლება იყოს პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული, პოპულარული და არაპოპულარული. იმის თქმა, რომ ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია და, შესაბამისად, არასამთავრობო სექტორი აქცენტს ამაზე აკეთებს, არასწორია. უფლებების დამცველი ორგანიზაცია უნდა იცავდეს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, იმის მიუხედავად ეს საზოგადოებას მოსწონს თუ არა. ის, რომ ეს ადამიანები იგივე უფლებით სარგებლობენ, რაც შენ გაგაჩნია, არა თუ მესამე სექტორმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს“.