სპორტი

ცურვა – პერსპექტივა და დღევანდელობა

10.09.2012 • 3734
ცურვა – პერსპექტივა და დღევანდელობა

სასტუმრო მარინას საცურაო კომპლექსი

– ბათუმის ღია ჩემპიონატი ჩავატარეთ, რომელშიც ჩვენს გარდა თბილისის (4 გუნდი), რუსთავისა და ჭიათურის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. გვინდა, რომ მომავალი წლიდან ამ ტურნირმა საერთაშორისოს სტატუსი შეიძინოს. სწორედ ამ ასპარეზობისას დავინახეთ ჩვენი მოცურავეების პერსპექტივა, სწორი მუშაობისა და სათანადო თანადგომის შემთხვევაში, მათ დიდი შანსი აქვთ 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოხვდნენ. გეტყვით მათ გვარებსაც: თემურ შავლიძე, საშა კულბაჩნი, ქეთინო თავართქილაძე და … ხალვაში. ამათგან კულბაჩნი და თავართქილაძე ჩემთან ვარჯიშობენ, დანარჩენები კი საშა ცინცაძესთან, „პლაზაში“.

– ბატონო გიორგი, სწორი მუშაობა და სათანადო თანადგომა ახსენეთ,  რას გულისხმობთ?

– დიდი ხანია რაც ცურვას ვასწავლი, მწვრთნელი ვარ. დღეს ბავშვები ჩვენთან კვირაში სამ დღეს, თითო საათს ვარჯიშობენ, ეს კი საკმარისი ნამდვილად არ არის. თუ რეალურ შედეგს გვინდა მივაღწიოთ, მაშინ მეტია საჭირო.

– და რა უშლით ხელს?


– ფინანსები. როგორც იცით, წვრთნები სასტუმრო კომპლექს `მარინას~ საცურაო აუზზე მიმდინარეობს. იქ გადასახადი თვეში 80 ლარია. ბავშვი კვირაში სამჯერ ვარჯიშში იხდის ამ ღირებულებას. ვისაც კი სპორტთან რაიმე შეხება აქვს, მიხვდება, რომ ეს ზღვაში წვეთია. იმის თქმა მინდა, რომ ბევრ ბავშვს, ვისაც არა მარტო ცურვის სწავლის სურვილი აქვს, არამედ უნდა სპორტსმენად ჩამოყალიბდეს, ყოველდღიური ვარჯიშის ფინანსური საშუალება არა აქვს.

– შეღავათები არ გაქვთ?

– ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ აჭარის სპორტის დეპარტამენტიდან ვიღებთ დაფინანსებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს საწვრთნელი შეკრება გავიაროთ და რამდენიმე ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა, ისიც საქართველოს მასშტაბით. ეს კი ნამდვილად არ არის საკმარისი.

– გამოსავალს რაში ხედავთ?

– გამოსავალი ერთია – უნდა აშენდეს ერთი საცურაო აუზი, სადაც მწვრთნელები დაინიშნებიან და ოფიციალურად მიიღებენ ხელფასს, ბავშვები კი არ გადაიხდიან მეცადინეობაში ფულს. მაშინ ბევრი შეძლებს ვარჯიშს და წარმატების მიღწევის რეალური შანსიც გაჩნდება. ეს კი, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

– მწვრთნელების დეფიციტს განიცდით?

– ძველი თაობის მწვრთნელებიდან მხოლოდ მე დავრჩი. `ბათუმი-პლაზაში~ არის ორი მწვრთნელი საშა ცინცაძე და ირაკლი ვოლკოვი, რომელთაც აქვთ ლიცენზია და იქაც ასწავლიან ცურვას, მაგრამ თუ გვინდა სერიოზულ შედეგზე ვიფიქროთ, სამი მწვრთნელი საკმარისი ნამდვილად არაა.

– ვინ გეგულებათ ბათუმში, ვინც მწვრთნელად მუშაობას შეძლებს?

– ნარგიზ ცივაძე, ტატიანა ანაფრენჩუკი, არტიომ არუთუნიანი, კარინა ხაჩატურიანი, დავით გოგუა და ბევრი სხვა… მაგრამ მათ მწვრთნელობა რომ შესთავაზო, მაშინ სათანადო ბაზა უნდა გქონდეს. დღეს კი ბათუმში მხოლოდ ორი ადგილია, სადაც ცურვის სწავლაა შესაძლებელი – „მარინა“ და „ბათუმი პლაზა“. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბათუმის სასპორტო სკოლაში ცურვის მასწავლებლის შტატი არ არსებობს. ვერც გავამტყუნებთ, ბაზა არა გვაქვს, არადა რა კარგი აუზი გვქონდა?! მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ბათუმში გაიზარდა იგორ ომელჩენკო, სახელოვანი მოცურავე, რომელიც დღე სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს წვრთნის.

მწვრთნელიც რომ გამოჩნდეს, სათანადო კურსები უნდა გაიაროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. დროსთან ერთად სწავლების მეთოდიკაც შეიცვალა. ავიღოთ ჩვენი ოლიმპიელი ირაკლი ბოლქვაძე, მან 200-მეტრიანი დისტანცია 2,15 წუთში დაფარა, 20 წლის წინ ეს მსოფლიო რეკორდი იყო, ახლა კი… მაიკლ ფელპსი ნახეთ რა სიჩქარით ცურავს და დასკვნას თავად გააკეთებთ. თუმცა, თუ ირაკლის მწვრთნელის, ირინა მაჟულინას სიტყვებს ვენდობით, ამ ბიჭს აქვს რეალური პერსპექტივა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2016 წელს გაიმართება, გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენოს.

– მახსოვს ბათუმში, ადრე, ზღვაზე ასწავლიდით ცურვას მსურველებს. დღეს რამდენად ბვერს აინტერესებს ცურვის შესწავლა?

– სამწუხაროდ, რაც ჩვენი აუზი დაანგრიეს, მას მერე სპორტის ეგ სახეობა ლამის ჩაკვდა. დაახლოებით 15 წელი ზღვაზე ვასწავლიდი ცურვას. კლუბ „ტონუსში“ საშა ცინცაძე ავარჯიშებდა ბავშვებს და ასე ვთქვათ, არ დავკარგეთ ცურვის ტრადიციები, მაგრამ არდაკარგვა ერთია და აღდგენა მეორე. ახლა აუზზე ვმუშაობ. დაინტერესება არის, მაგრამ როგორც აღვნიშნე, სათანადო ფინანსების უქონლობის გამო, ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას.

–  როგორც ვიცი, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება, რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია?

– გვაქვს ასეთი იდეა. ორი აუზია ამჟამად ბათუმში, „მარინასა“ და „პლაზაში“. „მარინაში“ 25-მეტრიანია, „პლაზაში“ კი ოლიმპიური სტანდარტებისაა – 50-მეტრიანი, თუმცა ტრიბუნები არ არის მაყურებლებისთვის. ზამთრის ჩემპიონატები, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს, ხშირად იმართება 25-მეტრიან აუზებზე, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ბათუმში ჩემპიონატების ჩატარება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, ვნახოთ რა გამოვა.

გადაბეჭდვის წესი