მთიანი აჭარა

„ღარიბი“ და „გაღლეტილი“ მაღალჩინოსნების ოფიციალური ქონება

05.09.2012 •
„ღარიბი“ და „გაღლეტილი“ მაღალჩინოსნების ოფიციალური ქონება

პრეზიდენტის მიერ „გაღლეტილ მინისტრად” მოხსენიებულ ვანო მერაბიშვილს თბილისში 45 კვ.მ ბინა აქვს. მერაბიშვილს შარშან ხელფასის სახით 75 ათასი ლარი მიუღია. საბანკო ანგარიშებზე მინისტრი თითქმის 150 ათას ლარსა და 33 ათას დოლარს ინახავს. თუმცა, ქართული მედია, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ შს მინისტრი რამდენიმე სასახლეს იშენებს, მათ შორის ერთ-ერთს თბილისში, ეგრეთ წოდებულ სიხარულის ქუჩაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ამჟამინდელი პოლიტიკური ელიტა სწორედ ამ ქუჩაზე იშენებს სახლებს. 

 

 

ეს ფოტო 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მისულ მიხეილ სააკაშვილს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გადასცა. ბაღათურიას თქმით, სახლი შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის
ეს ფოტო 2012 წლის 29 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მისულ მიხეილ სააკაშვილს დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ გადასცა. ბაღათურიას თქმით, სახლი შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის

 

 

 

 

ვანო მერაბიშვილს თავისი პირველი დეკლარაცია 1999 წელს შეუვსია. დეპუტატის რანგში მყოფი მერაბიშვილი წერს, რომ თბილისში ორი ბინა აქვს. 2005 წლისთვის უშიშროების მინისტრ მერაბიშვილს თბილისში უკვე ერთი ბინა, 17 წლის მერსედესი და 21 წლის „გაზ 24“ აქვს. 2005 წელს მერაბიშვილი ინიშნება შს მინისტრად, მისი ყოველთვიური ხელფასი 2980 ლარია. საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურება: 13 ათასი ლარი და 2300 დოლარი.

 

2010 წელს, საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, 34 წლის ეკატერინე ზღულაძე, თბილისში თავის მეუღლესთან, იმჟამად „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ შეფთან, გეგა ფალავანდიშვილთან 34 კვადრატულ მეტრ ბინას იყოფს.

 

მომდევნო წელს ეკა ზღულაძის ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება – გეგა ფალავანდიშვილი მეუღლის გრაფიდან იშლება, მისი ქონება კი იზრდება – თბილისში 122 კვ.მ. ბინასა და 133 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართობს (სხვენი) ყიდულობს. 

 

ეკა ზღულაძეს შარშან 35 ათასი ლარი უნდა მიეღო ხელფასის სახით, მაგრამ 72 ათასით მეტი შეხვდა, ანუ 107 ათასი ლარი აიღო. საზოგადოებისთვის უცნობია, ეკა ზღულაძის სამმაგი ოდენობის პრემიით დაჯილდოება რით იყო გამოწვეული.

 

ეკატერინე ზღულაძეს ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2007 წელს აქვს შევსებული. მაშინ მერაბიშვილის მოადგილეს 17 250 ლარი ხელფასის, ხოლო 20 ათასი ლარი პრემიის სახით მიუღია. 

 

ვებგვერდზე არ იძებნება ქონებრივი დეკლარაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სოსო თოფურიძის სახელზე. თოფურიძე შევარდნაძის მთავრობაში პოლიციელი იყო, ახლა კი ყველა გახმაურებულ დაკავებას ხელმძღვანელობს. სოსო თოფურიძე ამბობს, რომ კანონის ყველა დამრღვევს მიწვდება დასაჭერად. წესით, ამ საქმის კეთებაში მას ხელისუფლება იმდენივეს უნდა უხდიდეს, რამდენსაც ეკა ზღულაძეს (მოადგილეების ხელფასის ზღვრულ ოდენობას კანონი არეგულირებს). 

 

თოფურიძის ხელქვეითსა და კოლეგას, აჭარის კუდ-ის უფროსს, თეიმურაზ პატარიძეს, დეკლარაციის მიხედვით, არანაირი ქონება არ აქვს. `ბათუმელების~ ჟურნალისტური გამოძიებით კი დადგინდა, რომ 2006 წელს ქუთაისიდან ბათუმში კუდ-ის უფროსად გადმოყვანილი პატარიძე ცხოვრობს ასლან აბაშიძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის ბინაში. ეს ბინა, რომელიც საბაზრო ფასის მიხედვით 250 ათასი დოლარი ღირს, ასევე ქუთაისელ მეწარმეს, მამუკა თევდორაძეს სახელმწიფომ 50 ათას ლარად მიყიდა. თევდორაძემ, თავის მხრივ, ბინა საფასურის გარეშე კუდის უფროსს დაუთმო.

 

იმავე სახლის ეზოში, სადაც თემურ პატარიძე ცხოვრობს, მეზობლების თქმით, კუდ-ის უფროსმა ორსართულიანი სახლიც აიშენა. 2006 წლის შემდეგ თემურ პატარიძის ოჯახის საკუთრებაში კიდევ რამდენიმე სახლი აღმოჩნდა. პატარიძემ 2010 წელს ხელფასის სახით 68 ათასი ლარი მიიღო, რაც სამჯერ მეტია 2006 წელს მის მიერ მიღებულ 21 ათას ლარზე. 

 

მარტვილელი გოჩა ფარულავა კი ის მოხელეა, რომელმაც პოლიციელების, მათ შორის თემურ პატარიძის საქმიანობის კანონიერება უნდა გააკონტროლოს (კანონით პროკურატურა შს სამინისტროს საქმიანობას ზედამხედველობას უწევს). ფარულავა აჭარის პროკურორად 2011 წლიდან მუშაობს. მას ორი წლის წინ სახელმწიფოსგან 88 ათასზე მეტი, ხოლო შარშან 82 ათასი ლარი მიუღია.

 

საკუთარი შემოსავალი აქვს გოჩა ფარულავას მეუღლესაც – შარშან ანა ვაჩეიშვილს 30 ათასი ლარი მიუღია `ავერსი ფარმასგან~, სადაც ის სამედიცინო წარმომადგენელია (აჭარის პროკურორის მეუღლის საქმიანობა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დამსაქმებელი კომპანიის მედიკამენტების შესყიდვის შეთავაზებას ითვალისწინებს), რვა ათასამდე ლარი კი – კიდევ ერთი კომპანიისგან. გოჩა ფარულავას სულ 46 კვადრატული მეტრი ბინა აქვს, ისიც რუსთავში. ქონებას მიწის სახით ფლობს გარდაბანსა და მარტვილში.

 

გოჩა ფარულავას ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2006 წელს შეუვსია. მისი მთელი შემოსავალი მაშინ 35 ათასი ლარი ყოფილა. 

 

ჯონი ბაკურიძის, აჭარის ყოფილი საპატრულო პოლიციის უფროსის, სახელმწიფოსგან მიღებული შარშანდელი შემოსავალი 25 ათასი ლარი იყო. მას შარშან 1000 ლარის მოგება მიუღია კომპანია „ევროპელისგან“, რომელიც 2007 წელს დაუფუძნებია. ჯონი ბაკურიძეს ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2005 წელს აქვს შევსებული. 2006 წლის დეკლარაციაში კი აფიქსირებს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 1591 ლარი იყო. ჯონი ბაკურიძე ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, მეუღლის 170 კვადრატულ მეტრ ბინაში ცხოვრობს. 

 

რამდენიმე დღის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად გიორგი ჭანტურია დანიშნეს. ის მანამდე აჭარის სოდ-ის უფროსი იყო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჭანტურია აჭარაში გადმოსვლამდე ქალაქ ოზურგეთში საქმიანობდა. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, მოახერხა თუ ვერა საკუთარი ხელფასით გიორგი ჭანტურიამ თუნდაც ერთი სახლის ყიდვა ბათუმში. მას ქონებრივი დეკლარაცია არც ერთხელ არ შეუვსია, ყოველ შემთხვევაში 30 მარტისთვის მისი მონაცემები შესაბამის ვებგვერდზე არ იძებნებოდა. გიორგი ჭანტურიას ნახვა ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე შეუძლებელია კაბინეტშიც – მისი თანამშრომლები ამბობენ, რომ „უფროსს სამსახურში ვერ ნახავთ, ის ობიექტებზეა გასული“.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ შარშან სახელმწიფოსგან 43 ათასამდე ლარი მიიღო. მას, ისე როგორც წინა წლებში, ქონება არც შარშან შეუძენია. თუმცა რეგისტრირებული შენაძენი ბინის სახით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმას აქვს – მან თბილისის ძველ უბანში ორი ბინა იყიდა, რომელთა საბაზრო ფასი, ფართობის მიხედვით, ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს. ირაკლი ვარშალომიძე ოფიციალურად არანაირ ბიზნესს არ ეწევა და არც სხვის ბიზნესს მართავს.

 

 

ცნობილია, რომ ლევან ვარშალომიძე მშობლებისა და ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბათუმში. ამ ოჯახმა 2004 წლის შემდეგ რვა ბინა დაირეგისტრირა ბათუმის ცენტრალურ უბანში. საჯარო რეესტრში არ იძებნება, ვისი საკუთრებაა ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი, 702 კვადრატულ მეტრი ფართობი. ამ მისამართის შესახებ რეესტრში სხვა არაფერი იძებნება გარდა იმისა, რომ ფართობის საკადასტრო ნახაზი ირაკლი ვარშალომიძეს აქვს მომზადებული.

 

2004 წლის შემდეგ ვარშალომიძეების ოფიციალური ქონების საბაზრო ფასი მილიონს აჭარბებს. ლევან ვარშალომიძე მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2004 წლიდან მუშაობს, ხოლო ირაკლი ვარშალომიძის საქმიანობის შესახებ არაფერია ცნობილი.

 

დაუსაბუთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ძმა და მამა არაერთ მილიონიან ბიზნესს აკონტროლებენ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოში არ არსებობს. თუმცა უცნობია, რეალურად ვინ დგას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების უკან, რომლებიც აჭარაში საქმიანობენ.

 

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ ინვესტორის ვინაობა გასაიდუმლოებული რჩება.  

 

გაზეთ „ბათუმელების” არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: