Batumelebi | „სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ტურნირის ფავორიტები არიან” – ინტერვიუ ლეილა მესხთან „სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ტურნირის ფავორიტები არიან” – ინტერვიუ ლეილა მესხთან – Batumelebi
RU | GE  

„სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ტურნირის ფავორიტები არიან” – ინტერვიუ ლეილა მესხთან

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ქალთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი კვლავ ბათუმში დაბრუნდა. მართალია, წლევანდელი გათამაშება მონაწილეთა რაოდენობით წინამორბედი ტურნირებისგან სიმცირით დიდად განსხვავდება (32 მონაწილე), მაგრამ როგორც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი აცხადებს, მათთვის ეს მისაღებია და ცუდს ამაში ვერაფერს ხედავს.




რამ განაპირობა ხუთწლიანი პაუზა და შემდეგ კვლავ ტურნირის ბათუმში დაბრუნება?

 

პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ველოდებოდით საჩოგბურთო კორტების სრულ რეკონსტრუქციას, რაც სამწუხაროდ ჭიანურდებოდა. ამას დაემატა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რამაც შეაფერხა ეს პროცესი, ამიტომ გადავწყვიტეთ ტურნირის თბილისში გამართვა. თუმცა, როგორც ხედავთ, ბათუმის საჩოგბურთო კორტები უკვე რეკონსტრუირებულია და მზადაა დიდი რანგის ტურნირების მისაღებად, ატმოსფეროც ჩინებულია და პირადად მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ლეიდის ოუფენ“ კვლავ ბათუმს დაუბრუნდა.

 

 

მონაწილეთა ასეთი მცირე რაოდენობა ტურნირის ისტორიას არ ახსოვს. რა არის ამის მიზეზი?

 

 

როგორც იცით, ბათუმამდე თბილისსა და თელავში ზედიზედ ორი ტურნირი ტარდება, მონაწილეებსაც ერთ ტურნირზე ჩამოსვლა, ამ შემთხვევაში ბათუმში, ძვირი უჯდებათ და ურჩევნიათ, თბილისისა და თელავის ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა, ხარჯი ნაკლები აქვთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ბათუმის საჩოგბურთო კორტები ხელოვნურსაფარიანია, თბილისსა და თელავში კი თიხნარზე თამაშობენ. მართალია, სამწუხაროა, რომ მხოლოდ 32 მონაწილე გვყავს წელს, მაგრამ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამათგან 14 ქართველია. შესაძლოა ორგანიზატორებს ურჩევნიათ მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ, ფედერაციას, ამ ეტაპზე გვაწყობს, რომ ჩვენმა გოგონებმა მიიღონ გამოცდილება, მოიპოვონ საპრიზო ადგილები, საპრიზო თანხაც მათ გადაინაწილონ და სარეიტინგო ქულებიც დაიმატონ. რაც შეეხება ტურნირის გაუქმებას, დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება. პირიქით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რათა მომავალი წლიდან საპრიზო ფონდი კიდევ უფრო გაიზარდოს. აქვე მადლობას მოვახსენებ ბათუმის ნავთობტერმინალს, რომელიც ტურნირის დაარსებიდან დღემდე ჩვენი სპონსორია და ბათუმის საჩოგბურთო კლუბს.

 

 

ტურნირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი ქართველი მაკა ჩახნაშვილი გახლდათ, რომელმაც ნახევარფინალში გააღწია. წელს როგორ შეაფასებთ ქართველთა შანსებს?

 

 

სოფიკო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე ამ ტურნირის უდავო ფავორიტები არიან. კარგია, რომ წილისყრამ ისინის ბადის სხვადასხვა მხარეს განათავსა. ორივე შესანიშნავ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. აქვე მინდა აღვნიშნო ბათუმელი მარი ბოლქვაძე, რომელიც მიუხედავად პატარა ასაკისა (14 წლისაა) საკმაოდ იმედისმომცემი სპორტსმენია, რაც დაამტკიცა კიდეც. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე