არჩილ ხაბაძის დაცვის უფროსი

სამსახურს, რომელმაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის უსაფრთხოება უნდა დაიცვას, ამჟამად აჭარის დაცვის მთავარი სამმართველო ჰქვია. ეს სამსახური, რომელსაც არჩილ აბაშიძე ხელმძღვანელობს, 2 ოქტომბრის  არჩევნების შემდეგ შეიქმნა.

 

 

სამსახური, რომელიც ლევან ვარშალომიძის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვემდებარე იყო, რომელიც თავის მხრივ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ემორჩილებოდა. არჩევნებამდე აჭარაში ამ უწყებას ვახტანგ კაზაზიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

არჩევნების ჩატარების შემდეგ სამსახური სტრუქტურულად შეიცვალა: გაჩნდა ორი ახალი სამმართველო – „დასავლეთის რეგიონული დაცვის მთავარი სამმართველო~ და `აჭარის დაცვის მთავარი სამმართველო“. 

 

„დასავლეთის“ სამსახურში მოადგილედ ვახტანგ კაზაზიშვილი დაინიშნა, ხოლო ხელმძღვანელად წინა სტრუქტურაში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა დარჩია. გარდა ამისა, ბრძანების შესაბამისად, დაცვის სამსახურში დასაქმებულთა ძირითადი შემადგენლობაც სწორედ „დასავლეთში“ გადავიდა.

 

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში გადავიდნენ აჭარის კუდის უფროს თემურ პატარიძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. არჩილ აბაშიძე ამბობს, რომ ამ მხრივ სიტუაცია უკვე შეიცვალა. „თავიდან იყო ეს ტენდენცია, მაგრამ როცა ინტენსიურად დაიწყეთ ამაზე წერა ჟურნალისტებმა, მერე შეწყდა. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ეს ადამიანები დაცვის სამსახურში აღარ ირიცხებიან“. 

ბათუმის ნავთობტერმინალის ახალი ხელმძღვანელი

 

ტალგატ ბაიტაზიევი, ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი
ტალგატ ბაიტაზიევი, ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი



ბათუმის ნავთობტერმინალს ახალი დირექტორი ჰყავს. ტალგატ ბაიტაზიევი ამ თანამდებობაზე 12 დეკემბერს დაინიშნა.

 

პრესსამსახურის ხელმძღვანელი გალინა გოთუა ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს „ბათუმელები“ უცვლელად ბეჭდავს: „ყაზტრანსოილის“ გადაწყვეტილებით, ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგის და მისი შესაბამისი კომპანიების ახალ ხემძღვანელად დაინიშნა ტალგატ ბაიტაზიევი. ტალგატ ბაიტაზიევს ხემძღვანელობის დიდი გამოცდილება აქვს, ასევე  აქვს ნავთობის და გაზის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

„მე მადლობას ვუხდი „ყაზტრანსოილის“ ხელმძღვანელობას  ნდობისათვის. ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ყაზახეთისთვისაც, ვინაიდან ის ყაზახური ნავთობის ექსპორტის, სტრატეგიულ ალტერნატიულ საექსპორტო მიმართულებას წარმოადგენს. მე კარგად ვიცნობ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა განვავითაროთ ჩვენი აქტივები და შესაბამისად რეგიონი, რაც დადებითად აისახება როგორც კომპანიის თანამშრომლებზე, ასევე მფლობელი კომპანიის ინტერესებზე“, –  განაცხადა ბათუმი ინდასტრიალ ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ტალგატ ბაიტაზიევმა.

 

ჯგუფის წინა ხელმძღვანელი, აბაი ტურიკპენბაევი პროფესიულ საქმიანობას აგრძელებს „ყაზმუნაიგაზის“ს სისტემაში, ასტანაში.

 

უფასო სამედიცინო კონსულტაციები

საზღვაო ჰოსპიტალი ბათუმში
საზღვაო ჰოსპიტალი ბათუმში

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28-29 დეკემბერს კლინიკა სს „საზღვაო ჰოსპიტალში“ 9 ექიმი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.

მოწვეულნი არიან:

მამოლოგი – გია ნემსაძე;
ონკოგინეკოლოგი – ირაკლი ცინცაძე;
სექსოპათოლოგი – გიორგი გოგბაიძე;
უროლოგი – დავით ქოჩიაშვილი;
პროქტოლოგი – თემურ აბულაძე;
ქირურგი – მერაბ კილაძე;
თავ-კისრის ონკოლოგი – ზურაბ დაბრუნდაშვილი;
ოფთალმოლოგი – მერაბ დვალი.

კლინიკის მისამართი: ბათუმი, მეილიქიშვილის ქ. 102 ბ
ჩაწერა წარმოებს წინასწარ, ტელ: 27-25-88

ინტერვიუ მიწერ-მოწერით საკადრო პოლიტიკის შესახებ პოლიციაში

პოლიციელები, რომლებიც დაითხოვეთ სამსახურიდან, რის საფუძველზე გაუშვით – პირადი მოსაზრებით, თუ ხელთ გაქვთ მტკიცებულება, რომ მათ ჩაიდინეს გარკვეული სახის გადაცდომა ან დანაშაული?

ყველა თანამშრომელი დათხოვნილია საკუთარი სურვილით, მათ მიერ დაწერილი პატაკის საფუძველზე.

 

თუ გაქვთ ისეთი შემთხვევა, რომ პოლიციელების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

პოლიციელების მიმართ გამოძიებას იწყებენ და აწარმოებენ პროკურატურის ორგანოები ან შსს გენერალური ინსპექცია, ამიტომ მე არ მაქვს ინფორმაცია.

 

სასამართლო პროცესებიდან ჩემთვის ცნობილია, რომ 21 მაისის აქციის დარბევის ფაქტი გამოიძია მთავარმა სამმართველომ. კონკრეტულად რომელი სამსახური იძიებდა ამ საქმეს და ვინ ხელმძღვანელობდა გამოძიებას. ეს ადამიანი თუ აგრძელებს მუშაობას პოლიციაში?

21 მაისს ტელევიზიასთან მომხდარ ინციდენტის ფაქტს იძიებდა დეტექტივების სამმართველო. გამოძიების ხელმძღვანელობას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი საქმეს, ახორციელებდა პროკურატურა, კონკრეტულად აჭარის პროკურატურის განყოფილება.

 

21 მაისის აქციის დარბევის შემდეგ, მაგალითად, ოპერატიული მუშაკი გელა ხარჩილავა, მთავარი სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორი შოთა გიორგაძე და კიდევ დაახლოებით 45 პოლიციელი სასამართლოში წარდგენ, როგორც მოწმეები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციელები სცემეს… ისინი დაითოხვეთ თუ ისევ აგრძელებენ მუშაობას (21 მაისის აქციის შემდეგ დაპატიმრებულები საქართველოს პარლამენტმა პოლიპატიმრებად ცნო – ავტ.) ?

 

ეს ორი პიროვნება მუშაობს ამჟამადაც, თუმცა ჩემთვის უცნობია, ეს პირები გამოდიოდნენ თუ არა მოწმეებად ამ საქმეზე, ვინაიდან იმ პერიოდისთვის ამ თანამდებობაზე არ ვმუშაობდი. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა კურირებდა და საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი.

 

არაერთი ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ მთავარი სამმართველოს კადრების განყოფილებამ წინა ხელისუფლების პირობებში მათ, როგორც სისტემისთვის „არასანდო“ თანამშრომლებს, აიძულა სამსახურიდან წასვლა. თუ მოგმართეს ამ ადამიანებმა სამსახურში აღდგენის თხოვნით?

 

განცხადება აღნიშნული მიზეზით აღდგენასთან დაკავშირებით არ შემოსულა. ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ სასამართლოს, პროკურატურას ან გენერალურ ინსპექციას, თუ დადასტურდება იძულების ფაქტები. მე გპირდებით, ისინი აღდგენილი იქნებიან სამსახურში, ხოლო – დამნაშავეები დასჯილი.

 

შეეხო თუ არა სამმართველოში გატარებული საკადრო ცვლილება აჭარის მთავარი სამმართველოს კადრების განყოფილებას?

არ შეხებია.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ ძალოვან უწყების ხელმძღვანელები არ ენდობიან როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ადგილობრივ პროფესიონალებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აჭარის ძალოვანი უწყების პირველი პირები, მათ შორის პოლიციაშიც, არადგილობრივი კადრებით კომპლექტდა. რა განმარტებას გააკეთებთა ამ შეფასების თაობაზე?

770 თანამშრომლიდან 6 თანამშრომელია არაადგილობრივი მაცხოვრებელი, დანარჩენი ადგილობრივი კადრია, მათ შორის ხელმძღვანელი პირებიც.

 

ადგილობრივი მესამე სექტორის ცნობით, აჭარის რეგიონის მცხოვრები არც ერთი პროფესიონალი არც ერთ რეგიონში არ არის მიწვეული. თქვენ თუ შეგიძლიათ ამ ინფორმაციის უარყოფა, ანუ არიან პოლიციის რიგებში ისეთი ადამიანები, ვინც აჭარიდან ქვეყნის სხვა რეგიონში გადაყვანილნი არიან, მაგალითად, რომელიმე რეგიონის სამმართველოს პირველ პირად?

აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვფლობ ინფორმაციას, ვინაიდან  ჩემს კონპეტენციაში არ შედის.

 

კითხვები მოამზადა და შს სამინისტროს პრესცენტრს გადაუგზავნა ეთერ თურაძემ

როგორ დაიცავს ვახო წულაძე გარემოს აჭარაში

 

ვახო წულაძემ სამსახურში მისვლის დღიდანვე თანამშრომლებს „ძილის რეჟიმიდან აქტიურ ორგანოდ გადაქცევისთვის“ ექვსი თვის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობა მოსთხოვა. მკაცრად აქვს გაწერილი ჟურნალისტებთან ურთიერთობის გრაფიკიც. რატომ ჩქარობს, როგორი იქნება აჭარის გარემოს დაცვითი პოლიტიკა მისი დანიშვნის შემდეგ, რის შეცვლას გეგმავს 33 წლის ბიოეკოლოგი სამმართველოში და ვინ ჩაანაცვლებს პრეზიდენტის პორტრეტს სამმართველოს პირველი კაცის კაბინეტში? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დრო მან ათდღიანი ლოდინის შემდეგ გამონახა.

 

იმის გათვალისწინებით, რა ინფორმაციის მიღებაც თანამშრომლებისგან უკვე მოასწარით, რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი აჭარაში იმისთვის, რომ გარემო იყოს დაცული? 

– გამომდინარე იქედან, რომ პრიორიტეტებს ის პრობლემატიკა განსაზღვრავს, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვყოფ. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტში ძირითადად ნაპირგამაგრებითი სამუშაოების დაფინანსება გვაქვს მოთხოვნილი, რაც სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში საჭირო მოცულობით არ ხორციელდებოდა. არა მგონია, რომ ეს ვიღაცის მიზანმიმართული ქმედება ყოფილიყო, ალბათ უფრო ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა. შეიძლება მოტივირებულად ვერც ხსნიდნენ საჭიროებას, მაგრამ დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, როგორც შევამჩნიე, ადეკვატური არ იყო, თუნდაც 2013 წლის იმ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დამხვდა. გასულ წლებში რეალურად საჭირო მოცულობის 20-30 პროცენტი იყო შეტანილი. როცა კომისიის წევრებს ამის შესახებ ვკითხე, მათი მხრიდან იყო დამოკიდებულება _ რასაც გვაძლევდნენ იმის მიხედვით ვმოქმედებდითო. წელს იქნება ცოტა სხვაგვარად. ამ კუთხით ბიუჯეტში გაზრდილ დაფინანსებას ვითხოვ, შარშან თუ სადღაც ასი ათას ლარამდე იყო, წელს 350 ათას ვითხოვთ. 

 

 

დაფინანსების გარდა რა არის საჭირო იმისათვის, რომ გარემოს დაცვის სამმართველოს მუშაობა გახდეს უფრო ქმედითი, ვიდრე დღემდე იყო?

– კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს ამ საკითხზე და ცდილობს ცვლილებები შეიტანოს გარემოს დაცვით კანონმდებლობაში. კანონმდებლობა საშინელ დღეშია ტყის მართვის მიმართულებითაც.  მაგალითად, შუახევში ხალხი იძახის ტყის ჭრა უკანონოდ ხდებაო. ტყის რესურსების გამოყოფას ანუ სოციალურ ჭრას მუნიციპალიტეტების დაკვეთით ვაწარმოებთ ჩვენ. ანუ, როცა მოსახლეობას აქვს სურვილი და საჭიროება იმისა, რომ სახლში რაღაც სამუშაოები ჩაატაროს, მოქალაქე  უკავშირდება მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტი გვწერს ჩვენ წერილს და შემდეგ ვცდილობთ, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. მოგეხსენებათ, მაღალმთიანეთში ძირითადად ხის სახლებია და იატაკის გამოცვლიდან დაწყებული დამხმარე ნაგებობების მშენებლობამდე ყველაფერი ხის მასალით კეთდება. სამწუხაროდ არის ფაქტები, როცა ეს სამასალე ხე ჩამოდის ქალაქში და იყიდება ჩუმად,  რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. სამწუხაროდ ასეთი ეჭვის არსებობისას ყოველთვის  გარემოს დაცვის სამმართველოსკენ იშვერენ ხელს.

კონკრეტული პრიორიტეტის გამოყოფა კი ამ ეტაპზე გამიჭირდება. შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ მშვენიერი კოლექტივი დამხვდა, მათ ძალიან კარგად იციან თავიანთი საქმე და გარკვეული ხედვები აქვთ. მომავალი წლის სამუშაო გეგმებზე  დავიწყეთ მუშაობა.

 

 

თუმცა დანიშვნის დღიდანვე უარყოფითად შეაფასეთ  მათი მუშაობა. თქვით, რომ სამმართველო ძილის რეჟიმში მუშაობდა…

-არა, მე მათი მუშაობა ცუდად არ შემიფასებია, ზოგადად, გარემოს მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება ვიგულისხმე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო ჯოხი, რომელიც ბევრ ბორბალში გაეკვეხა, ბევრი ფიქრის შემდეგ კი აიღეს და ეს ჯოხი მაქსიმალურად დაამოკლეს. თუ თქვენ გადახედავთ წინა წლებში სამმართველოს თანამშრომლების მიერ მომზადებულ მოთხოვნებს და ანგარიშებს, მიხვდებით, რომ აქ პროფესიონალები მუშაობენ.  

 

 

თქვენი წინამორბედი მთავრობისგან უფლებების გაზრდას ითხოვდა, თქვენც იგივე მოთხოვნები გაქვთ?

– არა, მე მეტ უფლებებს არ ვითხოვ. კანონმდებლობის ოპტიმიზაციაა საჭირო, რომ რეალურად  გადანაწილდეს უფლება-მოვალეობები რეგიონსა და ცენტრს შორის, რისკენაც ჩვენ მივდივართ.

თქვენი წინამორბედი მიიჩნევდა, რომ ანგარიშვალდებული იყო მხოლოდ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან და გარემოს დაცვის მინისტრი კონკრეტული დავალების მისაცემად მას ვერ დაურეკავდა.  თქვენ როგორ იმუშავებთ?

 

 

– მე ვიმეგობრებ გარემოს დაცვის მინისტრთან. ყოველდღე ვგეგმავ ქალბატონ ხათუნასთან დარეკვას. ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს. იქედან გამომდინარე, რომ მე ჯერ კიდევ არა ვარ გარკვეული ბევრ ნიუანსში და არ ვიცი რა კითხვებს დამისვამს, მჭირდება მომზადება.  არ მიყვარს დამოკიდებულება, მოდი, დღეს რაღაცას გავაკეთებ და „რაც იქნება – იქნება” – მე ასე ვერ მოვიქცევი.  მზად უნდა ვიყო. არ მიყვარს, როდესაც მისვამენ კითხვას და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. რამდენიმე დღეში ალბათ დავურეკავ ქალბატონ ხათუნას და ვთხოვ, ერთობლივი შეხვედრა გავმართოთ. შემდეგ კვირაში კი ალბათ ჩავალ თბილისში, თანამშრომლებთან ერთად. სურვილი მაქვს, გავიაროთ ჩვენი ერთობლივად მუშაობის პერსპექტივები.

 

 

როგორც ვიცი, სიახლეები გაქვთ  საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისითაც…

– მე არავინ გამითავისუფლებია, ერთი თანაშემწე წავიდა ჩემი მოსვლის დღიდან. მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ორი მოადგილის წასვლის განცხადება დააკმაყოფილა.

 

თქვენს კაბინეტში პრეზიდენტის ფოტოს ბიძინა ივანიშვილის ფოტო ხომ არ ჩაანაცვლებს?

– არა, ვაჟა-ფშაველას პორტრეტს ველოდებით.

ხულოს „ნაციონალები“ ფრაქციას ტოვებენ

დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქცია ორმა დეპუტატმა – თემურ ბოლქვაძემ და სულიკო გორგაძემ დატოვეს. ნოდარ თავართქილაძე – ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატებმა ამ მოთხოვნით განცხადება დღეს შეიტანეს. „საკრებულო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. მე რამდენადაც ვიცი, ცალკე ფრაქციის შექმნა უნდათ“, – ამბობს ნოდარ თავართქილაძე.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ხულოს საკრებულოში 19 წევრით იყო წარმოდგენილი. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფრაქცია მალევე დატოვა ორმა დეპუტატმა.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმრავლესობის ფრაქცია დატოვეს ქედის საკრებულოშიც ბადრი დიასამიძე – ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არ ადასტურებს.

შსს ზურაბ ადეიშვილს დაკითხვაზე იბარებს

ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი

ყოფილ იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს შს სამინისტრო დაკითხვაზე იბარებს. ამის შესახებ განცხადება შს სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული. განცხადების შინაარს უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, ხვალ 10 საათზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს. შესაბამისი უწყება ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში უკვე ჩაბარდა ზურაბ ადეიშვილის ოჯახის წევრს შალვა ადეიშვილს. დაკითხვაზე არგამოცხადების შემთხვევაში ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“.


ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილმა საქართველო პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე დატოვა. უცხოეთში წასვლასთან დაკავშირებით ყოფილ მინისტრს არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. 

სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხზე

საზოგადოების ჩართულობის ცენტრში აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მართავს შეხვედრას დაინტერესებულ მხარეებთან. 

შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე წლის მიზნობრივი პროგრამების შესრულების შესახებ; სამოქალაქო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ დაწესებულებებთან ურთიერთკოორდინაციისა და უფრო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

შეხვედრას დაესწრებიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები.

შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება ქალაქ ბათუმში.

ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობაში – დისკუსია პრესკაფეში

ანონსი 

ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’   2012 წლის 20 დეკემბერს 16.00 საათზე,  პრესკაფეში გამართავს დისკუსიას  –    თვითმმართველობის საქმიანობაში ახალაგაზრდობის ჩართვის მექანიზმის ზრდის შესაძლებლობები

დისკუსიაზე მომხსენებლის სტატუსით მოწვეული იქნება: იურისტი  სულხან სალაძე.

დისკუსიის დროს წარმოდგენილი იქნება ინიციატივა, პეტიციის სახით ქალაქ ბათუმის საკრებულოში წარსადგენად

დისკუსიის მოდერატორი იქნება გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე.

 

 

დისკუსია იმართება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (თბილისი) და სოციალურ კვლევათა ინსტიტუტის(ჰააგე) მიერ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში. 

შეხვედრა გადაიცემა ონლაინ რეჟიმში მისამართე  www.presscafe.ge
ასევე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და დასვას კითხვები facebook-ის გვერდის მისამართზე: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, ან skype-ს საშუალებით: presskafe.batumi

მისამართი: ბათუმის პრესკაფე  (საბაჟოსა და მელაშვილის ქუჩების შესახვევი 2/1)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ასლან ჭანიძე – 593 39 71 55

სხდომაა თუ დომხალი? – რეპორტაჟი ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან

ფრაქცია, რომლისთვისაც მანქანის შესაძენად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 15 000 ლარი გაითვალისწინა, ექვსი ყოფილი „ნაციონალისგან“ შედგება, მათ პარტია არჩევნებიდან მცირე დროის შემდეგ დატოვეს და როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ხათუნა ნარიმანიძის ხელმძღვანელობით ახალი ფრაქცია შექმნეს.   ამ ფრაქციისთვის მანქანის შეძენის ინიციატივა „იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ამდენი უსახლკარო და გაჭირვებულია“ კიდევ ერთი ფრაქციის წევრმა სულიკო მიქელაძემ გააკრიტიკა და კოლეგებს „საკითხის ჩაგდებისკენ“ მოუწოდა. მან მისი ფრაციის ხელმძღვანელს კობა ბექტაშვილს თანხის დაზოგვის მიზნით ხათუნა ნარიმანიძისთვის მათივე ფრაქციისთვის გამოყოფილი მანქანის გადაცემა სთხოვა.  

 

 

760 769 ლარით გაზრდილი და სახეცვლილი ბიუჯეტი საკრებულოს წევრებს თავმჯდომარემ, მალხაზ ფარტენაძემ წარუდგინა.  გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაშიძის განმარტებით  დამატებითი თანხებიდან ახალი მანქანის გარდა თანხა სახანძრო სამაშველო სამსახურისთვის ახალი მანქანის შესაძენად, სპორტული ღონიძიებების დაფინანსებითვის, მაჭახლის ხეობისთვის ავტობუსის შესაძენად და ციტრუსის მოსავლის აღების ღონისძიებების შეწყობისთვის გადაანაწილეს. ამავე თანხიდან საკრებულოს თანამშრომლები თვის ბოლოს მეცამეტე ხელფასსაც მიიღებენ. 

 

 

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ კიდევ ერთი საკრებულოს წევრის გასვლის შესახებ შეატყობინა, სოფელ მარადიდის მაჟორიტარ  ნადიმ დიდმანიძის თქმით პარტიამ მის სოფელში არჩევნებზე ხმების 30 პროცენტიც ვერ მიიღო, რაც მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა, ის საკრებულოში მუშაობას საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ ფარტენაძის მსგავსად, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ იგივე მოტივით დატოვა, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

 

ბიუჯეტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის სანფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძეც ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს ბიუჯეტის წარდგენა შეაწყვეტინა: „მე თქვენ წინასწარ მოგმართეთ წერილობით, რომ სიტყვით მინდოდა გამოსვლა, თქვენ კი ისე დაამტკიცეთ დღის წესრიგი, რომ ჩემი გამოსვლის შესახებ არ გიხსენებიათ“, მერებ ღოღობერიძემ საკრებულოს თავმჯდომარე მის  და საკრებულოს სხვა ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში და ხათუნა ნარიმანიძის ფრაქციის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებაში დაადანაშაულა.

 

 

„საკითხები კარგად არ არის მომზადებული, სხდომა კი არა დომხალია. მართალია ახლა თქვენ უმცირესობაში ხართ, მაგრამ მაინც მოგიწევთ ჩემი არასასიამოვნო საუბრის მოსმენა.“ -ამ სიტყვებით  დისკუსიაში ყოფილი „ქრისტიან-დემოკრატი“, ამჯერად კი დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ კახიძე ჩაერთო რის შემდეგაც მასსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

 

„-თქვენ სხდომას დომხალი უწოდეთ, ეს თქვენი ხედვა და თქვენი სუბიექტური აზრია, მაგრამ რაც შეეხება უმრავლესობას და უმცირესობას, თქვენი პარტია დიდი ხანია ნაციონალური მოძრაობის სატელიტი იყო. ამაში მე მგონი ეჭვი არავის არ ეპარება. და თუ ნაციონალურმა მოძრაობამ  თხუთმეტი პროცენტი აიღო არჩევნებზე, თქვენს პარტიას ერთი პროცენტიც არ აუღია.

 

 

– გინდათ თქვათ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში თქვენი სატელიტი ვიყავი? – გინდათ თქვათ, გასული ორი წელი მე თქვენ ტაშს გიკრავდით? – რასაც მე თქვენ გეუბნებოდით ღელის ხუხუნი გეგონათ ხომ? – თქვენ თუ მეხსიერება გღალატობთ სხდომის მდივანს ვთხოვოთ და ოქმები ამოვიღოთ.  რომელ კაბინეტში მავალებდი რა უნდა მეთქვა საკრებულოს სხდომაზე? – როცა დაუშვა შეცდომები ჩემმა პარტიამ, მე ის დავტოვე, მაგრამ ზოგიერთისგან გასხვავებით ამით პიარი არ გამიკეთებია.

 

 

– როგორ გეკადრებათ, მე თქვენ კი არა თქვენს პარტიას ვდებ ბრალს.

 

 

-როცა თქვენ ბეშუმში ქვებს ესროდით ივანიშვილს, მე მაშინ დავტოვე პარტია. მე ეს დავგმე, რის გამოც ჩემი და პარტიის ინტერესები გადაიკვეთა და მე პარტია დავტოვე. “

 

 

საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი, დამლაგებლის შტატის დამატების შესახებ განაცხადეს: „ოღონდ ტუალეტი დალაგდეს, ოღონდ სუნი აღარ იყოს დერეფნებში და ორივე ხელით თანახმა ვარ“ –  ინიციატივა მოიწონა სულიკო მიქელაძემ. რატომ დგას სუნი სარებულოს შენობის დერეფნებში და შესაკეთებელია თუ არა საკრებულოს საპირფარეშო ამაზე საკრებულოს წევრებმა კიდევ 20 წუთი იკამათეს.

 

 

დაახლოებით ერთსაათიანი კამათის შემდეგ კი, ახალი მანქანის შეძენა ფრაქციითვის, მანქანის შეძენა სახანძრო სამსახურისთვის, ავტობუსის შეძენა მაჭახლის ხეობისთვის, სპორტდაბაზის გარემონტება და ა.შ. 2013 წლის ბიუჯეტში განსახილველად გადადეს. მეცამმეტე ხელფასის გაცემა კი ძალაში დარჩა. მთლიანობაში 2012 წლის ხელვაჩაურის  ბიუჯეტი 13 მილიონ 451 ათას ლარს შეადგენს.

 

 

 

არჩევნებამდე ხელვაჩაურის 22 წევრიან საკრებულოში ოპოზიციას სამი წევრი: რესპუბლიკელი ავთანდილ ბერიძე, (რომელიც მოგვიანებით აბელ ბექტაშვილმა ჩაანაცვლა) კონსერვატორი სულიკო მიქელაძე და „ქრისტიან დემოკრატი“  ვახტანგ კახიძე შეადგენდნენ. თითქმის ორ წლიანი მუშაობის მანძილზე მათ ფრაქციის შექმნა ვერ მოახერხეს, არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს ცხრა წევრმა დატოვა, მათ შორის ექვსმა ხათუნა ნარიმანიძის ხელმძღვანელობით შექმნეს ფრაქცია „წინ სიმართლისაკენ“, აბელ ბექტაშვილსა და სულიკო მიქელაძეს კი ყოფილი „ნაციონალი“ ედნარ კარანაძე შეუერთდა, მათ ფრაქცია „მომავლისათვის“ შექმნეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარ ირიცხება საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე, დღეს მას ნადიმ დიდმანიძეც შეუერთდა. 

 

 

ამ დროისათვის 22 წევრიან საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 დეპუტატი წარმოადგენს, მათ შორის ერთი, მერაბ ბოლქვაძე თითქმის ერთი წელია რაც საკრებულოში არ გამოჩენილა.  

 

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

ფეხით დედამიწის გარშემო

 

კაროლინ მუარო და სედრიკ გრალი ფრანგი მოგზაურები არიან. 18 თვის წინ საფრანგეთში დატოვეს სამსახური, ოჯახი, მეგობრები და მას შემდეგ ფეხით მოგზაურობენ. საქართველოში ჩამოსვლამდე ფეხით გადაკვეთეს შვეიცარია, იტალია,  ბოსნია, სერბეთი, ჩერნოგირია, ბულგარეთი და თურქეთი. შეკითხვაზე – რატომ მოგზაურობთ ფეხით? კარონილი მხრებს იჩეჩავს და კითხვითვე მპასუხობს: – „რატომაც არა?“  შემდეგ  მიხსნის: „იმიტომ, რომ გვიყვარს მოგზაურობა, ახალი ადგილები, არა ტურისტული ადგილები, ხედები და კომფორტული სასტუმროები, არამედ პატარა სოფლები, სადაც ტურისტები არ დადიან. ჩვენ მოგვწონს ხალხთან შეხვედრა, არ დავდივართ ქალაქებში, სადაც ყველა ჩქარობს და ვერ დაინახავ, როგორ ცხოვრობს ქვეყანა, სოფლებში ადამიანებს უყვართ ლაპარაკი, ურთიერთობა მათთან ადვილია და საინტერესო. ფეხით შეგიძლია წახვიდე ისეთ სოფლებში, სადაც ვერც ერთი ტურისტი ვერ მოხვდება.“

 

 

 

ღამეს სასტუმროში არ ათევენ, ტრანსპორტით არ მგზავრობენ, ამბობენ, რომ ფეხით მოგზაურობა იაფია, მხოლოდ საკვებზე უწევთ ზრუნვა. გზაზე სოფლიდან სოფელში, ქვეყნიდან ქვეყანაში ყველაზე დიდი სირთულე ამინდია. თოვლი და წვიმა არ აფრთხობთ, ფეხით დადიან და სიცივეს ვერ გრძნობენ, თუ ღამით წვიმს, თოვს ან ყინავს და კარავში ვერ გაათევენ ღამეს, ან ძალიან იაფფასიან სასტუმროს არჩევენ, ან კიდევ სოფელში, რომელიმე კეთილ მასპინძელთან ათევენ ღამეს. ასეთი მათ გზაზე ბევრია. პრობლემას არც ენის ბარიერი წარმოადგენს, სადაც ჩადიან, იმ ენაზე რამდენიმე აუცილებელ სიტყვას სწავლობენ და ეს სრულიად საკმარისია.  

 

 

კაროლინი: „ჩვენ მივდივართ ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებმა არ იციან ინგლისური ან სხვა რომელიმე ჩვენთვის ნაცნობი ენა. თუმცა ამის მიუხედავად მათთან ურთიერთობა არ ჭირს. ადამიანები ხვდებიან, რას ვეუბნებით. ინტერესდებიან, რას ვაკეთებთ აქ. როცა ვეუბნებით, რომ საფრანგეთიდან ჩამოვედით ფეხით, უკვირთ: ფეხით საფრანგეთიდან? მართლა? – შესაძლოა ზოგს არ სჯერა კიდეც. ან სჯერათ, მაგრამ უჭირთ გაგება, რატომ ვაკეთებთ ამას. მათ სმენიათ ან უნახავთ ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ ველოსიპედით, მოტოციკლით, მაგრამ ფეხით…

 

 

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები ერთი კილომეტრის გასავლელად ტაქსში ან ავტობუსში სხდებიან. ბევრი ფიქრობს, რომ ფეხით სიარული ეს სპორტის რაღაც სახეობაა. არა, ამ მოგზაურობის მიზეზები უფრო ეკოლოგიას, ფსიქოლოგიას უკავშირდება, ვიდრე სპორტს. ჩვენ დავდივართ ფეხით, იმიტომ, რომ გვინდა შევხვდეთ ადამიანებს. არ ჩავდივართ რომელიმე ქვეყანაში, რომ ავიღოთ სასტუმროს კარგი ნომერი და ვიაროთ მუზეუმებში,  ჩვენ არ ვართ ამ ტიპის ტურისტები. ჩვენ მოგზაურები ვართ.

 

 

ეს არ არის პროექტი, ეს ცხოვრების არჩევანია. ხვალ თუ არ მომინდება ამის გაკეთება, მე შემიძლია გავჩერდე. ამას ჩემი საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, არა ვინმესთვის, ან რაიმესთვის, ვმოგზაურობ იმიტომ, რომ მე ასე მომწონს, ეს ჩემთვისაა.“ – ამბობს კაროლინი.

 

 

ისინი მარტო არ არიან. მოგზაურობისას სხვა ადამიანებსაც ხვდებიან, რომლებიც მათ მსგავსად, ფეხით მოგზაურობენ. კაროლინმა და სედრიკმაც ერთმანეთი გზაში გაიცნეს და გადაწყვიტეს, ერთად გაეგრძელებინათ მოგზაურობა.

 

სედრისკისთვის ეს პირველი მოგზაურობა არ არის, ადრეც უმოგზაურია, მერე ისევ საფრანგეთში დაბრუნდა, რომ ემუშავა, ფული შეეგროვებინა და ისევ წასულიყო. „ეს არის ის, რაც მე მინდა, საფრანგეთში ჩავდივარ, რომ ვიმუშაო, იმიტომ რომ მჭირდება ფული, მაგრამ ეს არ არის ჩემი ცხოვრება. კი, იქ არიან ჩემი მეგობრები, არის ჩემი ოჯახიც, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საკმარისი, მეტი მჭირდება. როცა საფრანგეთში ვარ, ვმუშაობ, დავდივარ და ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. ჩვენი თვითმიზანი არ არის რაღაც დროში შემოვიაროთ რომელიმე ქვეყანა. მე არსად მეჩქარება, მე თავისუფალი ვარ, უბრალოდ დავდივარ, ვხვდები უამრავ ადამიანს, ვნახულობ ადამიანებს, ბუნებას. ადამიანები დღეს სულ ვჩქარობთ, რომ სადღაც მოვასწროთ… ჩვენ უბრალოდ გავჩერდით.“ – ამბობს სედრიკი.

 

 

„ორი წლის წინ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ფეხით მოგზაურობდნენ“ – მიამბობს კაროლინი, – ვერ მივხვდი, რატომ აკეთებდნენ ამას, მაგრამ გავიდა ორი წელი და მე ვთქვი – წავიდეთ! ჩემი ახლობლები ვერ ხვდებიან რატომ. ჩემი და პატარაა და ჩემი მშობლები ამბობდნენ, რომ ის გაიზრდება, სანამ მე ვმოგზაურობ, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.  რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ეს ჩვენში იყო ისედაც, არ გვიფიქრია ისე, როგორც ხდება ხოლმე, – მინდა შევიცვალო! – უბრალოდ გვინდოდა მეტი კონტაქტი ბუნებასთან, ადამიანებთან. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ადამიანს უნდა იყოს მეხანძრე, მაგრამ სხვა რამეს აკეთებს. თუ ამას არ შეცვლი, მთელი ცხოვრება იფიქრებ, რომ შენ გინდოდა გამხდარიყავი მეხანძრე, ვიღაც სხვა, მაგრამ ეს ვერ გააკეთე, რადგან გყავდა ოჯახი, გქონდა მოვალეობები, გჭირდებოდა ფული – მაგრამ ეს არ იყო ის, რაც შენ გჭირდებოდა, რაც გინდოდა. ჩვენთვის არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ არ ვართ დაქორწინებული, არ გვყავს ოჯახი… თუმცა მე ვიცი ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ. თუ შენ არ ხარ ბედნიერი იმით, რასაც აკეთებ, ბრაზობ შენ სამსახურზე, შენს თავზე, როგორ შეიძლება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ისე, რომ მათ არ გაუბრაზდე?“

 

 

მათ არ იციან რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოგზაურობა. ამბობენ, რომ იმოგზაურებენ მანამ, სანამ ეს მათ მოსწონთ. რუკაზე ხაზავენ ქვეყნებს და ადგილებს, რომელიც სურთ მოინახულონ და იქეთკენ მიდიან. საქართველოდან აზერბაიჯანში აპირებენ წასვლას, მერე კიდევ სხვაგან… გზადაგზა ჩერდებიან, ფოტოებსა და ვიდეოკადრებს იღებენ და ინტერნეტით სხვებს უზიარებენ ნანახს. სოფლებში ადამიანებს ეცნობიან, ერთი სოფლიდან მეორეში გადადიან ბილიკებით და ეს გზა გრძელდება.

 

კაროლინი ამბობს, რომ დაახლოებით ათი წელი იქნება საჭირო, რომ ყველა ქვეყანა მოიაროს, მაგრამ მისი მიზანი ეს არ არის, მას უბრალოდ მოგზაურობა სურს: „მოგზაურობა ცვლის ადამიანს, ეს გონებას ცვლის და შენ ხედავ ყველაფერს უფრო ცხადად. მე არ ვჩქარობ. მე შემიძლია დღეში ვიარო ერთი საათი, ორი საათი ან უფრო მეტიც, ამას ჩვენ ვწყვეტთ. როცა ჩვენ ვხვდებით შესანიშნავ ადამიანებს, ჩვენ ვჩერდებით და უფრო დიდხანს ვრჩებით მათთან, ჩვენ ვირჩევთ. ხალხი ფიქრობს, რომ ეს ძნელია, მაგრამ არა, ეს ძალიან ადვილია.“

 

ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკა ტურისტები რაოდენობაზე

2012 წელს პოლონეთიდან განხორცილედა 16 ავიაფრენა. პოლონეთიდან ტურისტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 22 288 ტურისტი, რაც გასულ წელთან შედარებით 937%-იან ზრდას მიუთითებს. ისრაელიდან განხორცილედა 20 ავიაფრენა, ხოლო ტურისტების საერთო რაოდენობამ შეადგინა – 29 132 ტურისტი,  რაც გასულ წელთან შედარებით 193%-ით მეტია. 2012 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია შემდეგ სარეკლამო საინფორმაციო ტურებს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის: უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი, ბელორუსია. ასევე პროგრამის ფარგლებში დამზადებული იქნა 18 სახეობის სარეკლამო საინფორმაციო მასალა. აჭარის რეგიონის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წელს დეპარტამენტი წარმოდგენილი იყო 15-მდე ტურისტულ გამოფენებსა და კონფერენციებზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის სტატისტიკური ანალიზით 2012 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით აჭარაში სულ ჩამოვიდა  1 483 493  ტურისტი,  რაც 2011 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 18,7 %-ით  მეტია. მათ შორის 743 076  შიდა ტურისტი და 740 417 უცხოელი ტურისტი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს შიდა ტურისტების რაოდენობამ იკლო 7%-ით, მაგრამ უცხოელ ტურისტთა რიცხვი 63%-ით გაიზარდა. ბოლო 3 თვის მონაცემებით  (ოქტომბერი – დეკემბერი) რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ამ დროისათვის ჩამოსულია 80 000 ტურისტი, რაც  გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 68 %-ით ნაკლებია.

 

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რეგიონის მასშტაბით დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია გადამზადების კურსებს ტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის, ასევე მომზადებულია რეგიონის ტურისტული ნიშნულების სისტემის პროექტი, ჩატარდა „ტურიზმის კვირეული“, სოფელ ჩაისუბანში მოეწყო ახალი ტურისტული მიმართულების „ფრინველებზე დაკვირვების“ ადგილის ინფრასტრუქტურა და ასევე ჩატარდა პირველი საერთაშორისო ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი.

 

ასევე, სათამაშო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2012 წლის სექტემბერში პირველად ბათუმში გაიმართა „კაზინოს ინვესტორთა საერთაშორისო კონგრესი“, რომელშიც მონაწილეობა 20 ქვეყნის 120-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

 

2013 წლისათვის, რეგიონში ტურისტთა რაოდენობის ზრდის მიზნით დეპარტამენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს მიზნობრივი ბაზრების: პოლონეთის კომპანია „იტაკასთან“, ისრაელის კომპანია „ეშეტ ტურთან“ და ყაზახეთის კომპანიებთან 2013 წელს ამ ქვეყნებიდან ჩარტერული ტურისტული ფრენების გაორმაგებული რაოდენობით დანიშვნასთან დაკავშირებით. 



 


2012 წელს ტურისტების რაოდენობის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია მომზადებულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ 


„სატურნალია“, ანუ საუბრები თანამედროვე ხელოვნებაზე და არა მხოლოდ მასზე

მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე „კურთხეული გაზაფხული“, გავიფიქრე, როგორ შეიძლება ამას მუსიკა ერქვას-მეთქი. მაგრამ შემდეგ, როცა უფრო მეტი გავიგე, მეტი მოვისმინე, მივხვდი როგორ ვცდებოდი. დღეს სტრავინსკის ეს შედევრი ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია, ყველაზე კეთილხმოვანი და ყველაზე გენიალური.

რატომღაც მგონია, ხშირად რომ დავესწრო თანამედროვე სახვითი ხელოვნების გამოფენებს, მეტი ნაწარმოები ვნახო, მეტი მხატვარი გავიცნო და მეტი ინფორმაცია მივიღო, შესაძლებელია ისეთივე სიამოვნება მივიღო მათგან, როგორც ვთქვათ აღორძინებიდან იმპრესიონიზმამდე მხატვრების ტილოები მანიჭებენ. მე საზოგადოების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ხელოვნებისაგან სილამაზეს, მშვენიერებას, ესთეტიკური სიამოვნების განცდას ითხოვს. თუმცა იგი შეიძლება უსახურიც იყოს და ამ უსახურობით ემოციური შოკი გამოიწვიოს. ასე თვლის ევგენია, იგივე ჟენია ქიქოძე, გამოფენის კურატორი, თავისი საქმის პროფესიონალი და საოცრად გულღია ქალბატონი.პროექტ „სატურნალიას“ ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა ბათუმში, მგონი, პირველად მოეწყო, ყოველი შემთხვევისათვის მე არ მახსენდება მსგავსი ფაქტი. თუმცა გამოფენაზე წარმოდგენილი რუსი მხატვრების ნამუშევრების გამოხატვის ხერხები ჩემთვის და ბევრი დამსწრეთათვის უცხო არ იყო, მაგრამ მაინც უჩვეულო სანახაობა გამოდგა.

 

  –  ყველა ეს ნამუშევარი ახალია, წელს გაკეთდა „სმირნოვისა და საროკინის ფონდის“ ხელშეწყობით – მიხსნის ევგენია – ეს ფონდი რუსეთში ბევრ ხელოვანს აერთიანებს, სახელოსნოს უთმობენ მათ, საჭირო მასალებით ამარაგებენ. ზაფხულში მასტეკლასები მოვაწყეთ, გამოცდილი მხატვრები მოვიწვიეთ და ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ეს ნამუშევრები. ეს ვიდეოებიც ჩვენი ფონდის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს ამ პროცესების განვითარებას, რადგან შეაჩეროს ხელოვანების გადინება უცხოეთში – ბევრი ტოვებს ქვეყანას.

ირინა კორინას, ვლადიმერ ლოგუტოვის, სერგეი საპოჟნიკოვის, ალიონა ტერეშკოს, პეტრე კირიუშას და ჯგუფი „მილოს“(საპონი)  ნამუშევრები საგამოფენო სივრცის 4 დარბაზში იყო გადანაწილებული. თითოეულს ანოტაცია ჰქონდა გაკეთებული, რომელიც დამთვალიერებელს ექსპოზიციის არსის აღქმაში ეხმარებოდა.

 

საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი „საპნის მოედანზე“ მოსრიალე მხატვრებმა გამოიწვიეს. პერფომანსი უჩვეულო და სახალისო იყო. საყოფაცხოვრებო საპნის ბრიკეტებით დაფარულ სიბტრყეზე წყლის დასხმით  შექმნილ ერთგვარ „სასრიალო მოედანზე“ მხატვრები სხვადასხვა ფიგურებს ასრულებდნენ. მხიარული მოციგურავეები თავს ევგენი პლუშჩენკოს მოწაფეებად გვაცნობდნენ და ანაზღაურების შემთხვევაში სამმაგი ბრუნის გაკეთებასაც გვპირდებოდნენ. შესაბამისი თანხა არც ერთს არ აღმოგვაჩნდა. მოციგურავეებს ფანჯრებიდანაც აკვირდებოდნენ, რამდენიმე გამვლელს სურვილიც კი გაუჩნდა მათ გართობას შეერთებოდა. თუმცა იყო რადიკალურად განსხვავებული შეფასებაც.

ასაკოვანმა ქალბატონმა პერფომანსის მონაწილე ახალგაზრდები ფსიქიკურად შეშლილებად, ჩვენ კი – სეირის მაყურებლებად ჩაგვთავალა, და ერთდროულად გულდაწყვეტილმა და აღშფოთებულმა საშინლად გამოგვლანძღა.

ჯგუფი „მილო“ (საპონი) 2007 წლიდან არსებობს. საპონი მხატვრების ძირითადი სამუშაო მასალაა. აღნიშნული პერფომანსი სარსიკი, როგორც ანოტაცია გვაცნობდა, ადამიანების მიერ ხშირად უტოპიური მისწრაფებებისა და გეგმების პაროდია იყო.

ევგენია მიქელაძე: საპონი ძალიან ბანალური მასალაა. სუნი ყველასათვის ნაცნობია, მისი ტრანსპორტირება არ არის აუცილებელი, ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შეიძლება მისი ყიდვა. ეს რაღაც „საბჭოთა სუნია“, პირველქმნილიმასალა, რომელსაც ყველა ცნობს.

72% -იანი საპონის სუნი მართლაც ყველამ იცნო. 

   – „სუნი იყო. ალბათ, კარგია. ვერ გავიგე. რომ გამეგო, ალბათ მომეწონებოდა, ან არ მომწონებოდა. რაღაც ემოციას ტოვებს ყოველშემთხვევაში, განწყობას ქმნის, მაგრამ ვერ გავიგე – რის. ხელოვნების აღქმას დრო სჭირდება.“ – ეს ერთ-ერთი დამთვალიერებლის შეფასებაა.

  – „თვითგამოხატვის ხერხია. ტრადიციული ხელოვნებისგან შორს დგას, შოკისმომგვრელია. ეს არ არის ახალი. მსგავსი პერფომანსები და გამოფენები მსოფლიოში უამრავია. ეს ჩვენთვისაა ახალი. მეტი ინფორმაციაა საჭირო. რაც უფრო მეტი გამოფენა მოეწყობა, უკეთესია. არატრადიციული, არააკადემიური ხელოვნებაა. ეს არის თანამედროვე ხელოვნების კერები, თავისებურად საინტერესო, შეიძლება დაეთანხმო, არ დაეთანხმო. აზრის გამოხატვის ერთ-ერთი მეთოდია.“- ესეც მეორე შეფასება.

როგორც ანოტაციიდან გავიგე „საფრთხობელა“ მოსკოვის საზოგადოების კოლექტიურ ფობიებს გამოხატავდა. კომპოზიციას მკლავები საფეხბურთო კლუბების შარფებით ჰქონდა გაკეთებული, თავს – რუსული ხალხური რეწვის ნიმუში წარმოადგენდა, ტანი კი შუა აზიური კაბით ჰქონდა შემოსილი. „ანუ რუსეთის ელიტურ საზოგადოებას აშინებს ფეხბურთის ფანები, რომლებიც ხშირად აგრესიულები არიან, ჩხუბობენ, ყველაფერს ამტვრევენ და აფუჭებენ. მას აშინებს სოფლის მოსახლეობა, რომელთა ქცევა არ არის დახვეწილი, აშინებთ უცხოები, შუა აზიიდან გამოსულები, რომლებიც ძალიან მომრავლდნენ და ნაკლებად იცნობენ რუსულ წეს-ჩვეულებებს, მათთვის უცხოა რუსული კულტურა. ანუ ეს საფრთხობელა კოლექტიური შიშის გამომხატველია“ – მიხსნის ევგენია.

მე კი ვცდილობ წარმოვიდგინო, როგორ გამოიყურება ქართული საფრთხობელა? დანამდვილებით ვიცი, რომ ერთ-ერთი დეტალი ჩალმა იქნება.

„გოგონა ურალიდან“ პერფომანსის ვიდეოდოკუმენტაციაა. ეს პროექტი ახალგაზრდა მხატვრის ალიონა ტერეშკოს ნამუშევარია. ურალის წეს-ჩვეულების მიხედვით, გასათხოვარმა ქალმა სიმღერა უნდა შეასრულოს და იმავდროულად პილმენები შეჭამოს, რომელიც დიდი თეფშით წინ უდგას. ალიონა ცდილობს ერთდროულად იმღეროს და ჭამოს კიდევაც, როგორც ამას ტრადიცია ითვალისწინებს. თუ კი დასაწყისში ამასიოლად ახერხებს, თანდათან უძნელდება, ბოლოს კი ტირის ისე უჭირს, მაგრამ სიმღერას და ჭამას მაინც აგრძელებს, რადგან ტრადიცია ითხოვს წესების სრულ დაცვას, ვინაიდან ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს.

ევგენია პერფომანსის არსს მიხსნის.

 

   – „ტრადიცია ამბივალენტურია. ჩვენ კი ვამბობთ, ფესვებს არ უნდა მოვწყდეთ. მაგრამ მხატვარი ცდილობს მეორე მხრიდან დაგვანახოს ტრადიციის ბუნება. მიგვითითოს მის დაფარულ, უარყოფით მხარეზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ წინააღმდეგი ვართ ტრადიციების და მის აღმოფხვრას ვცდილობთ, ჩვენ გვინდა მივუთითოთ, რომ აქ მტკივნეული ადგილია. რომ ამ ტრადიციის ჩამოყალიბება გარკვეულ დროსა და სივრცეში მოხდა, დღეს მისი ბრმად გადმოტანა ძალდატანების სახეს ღებულობს, ანუ თავისი ფუნქცია ამ სახით დღეისათვის ამოწურულია.“

    

ტრადიციებთან დამოკიდებულება, ჩვენთვისაც, ქართველებისთვისაც ახლობელი და მტკივნეული თემაა.

ვიდეოპერფომანსი „Afterpartyპეტრე კირიუშას ნამუშევარია. მხატვარი სამი საათის განმავლობაში შეუჩერებლივ ცეკვავს ოთხმოცდაათიანი წლების ერთ-ერთ პოპჰიტზე. ბოლოსდაბოლოს იღლება, ბარბაცებს, იქცევა, მაგრამ გაჩერებას ვერ ახერხებს, მუსიკა ისევ და ისევ გრძელდება. ამ ინსტალაციას ავტორი შემდეგნაირად ხსნის – დამთავრდა 90-იანი წლები, დასრულდა ეკონომიკური ზრდის პროცესები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიმჩნევთ და ინერციით ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

სერგეისაპოჟნიკოვის ინსტალაცია ბათუმის გამოფენაზე ფოტოდოკუმენტაციით იყო წარმოდგენილი. თბილისში აბანოთუბანში შექმნილი პლასტიკური არქიტეტურის ინტერვენციის მაგალითი-გასაბერი ლეიბებით, ფერადი ნაჭრებით, ხის კონსტრუქციით შექმნილი უცნაური ობიექტები. რაც თვალში უმალ მომხვდა, ფერების სიმრავლე იყო.

  ვლადიმერ ლოგუტოვის ვიდეოანიმაცია „სტრუქტურირებული სივრცე“ სახვითი და ვიდეოხელოვნების ზღვარზეა შექმნილი. იგი ერთდროულად სტატიკურიც არის და მოძრავიც, რეალურიც და ირეალურიც. ძალიან უცნაური და საინტერესო. თეთრცხენიანი პეიზაჟის ფონზე ნაჩვენებია ფერადი ცვალებადი წრეების ბადე, რომელთა ფერადოვნების ცვალებადობა პეიზაჟს დღის სხვადასხვა მონაკვეთის იერს აძლევს. დაკვირვებული თვალი კი აღმოაჩენს, რომ სიუჟეტი რეალურ დროში ვითარდება.

 – „გამოფენა ორგანული უნდა იყოს და გარემოს შეესაბამებოდეს. ძველ რომში „სატურნალია“ სახალხო დღესასწაული იყო, რომელიც  ნაყოფიერების ღმერთის – სატურნის პატივსაცემად მინდვრის სამუშაოების დამთავრების შემდეგ ეწყობოდა. გართობასა და ცეკვა-თამაშს, რომაელი ფილოსოფოსები დებატებსა და დისკუსიებში ჩაბმას არჩევდნენ. საუბრობდენ  მშვიდობაზე, კოსმოსზე, სიკეთეზე, პლანეტებზე მზეზე და ძალიან ბევრ თემებზე. ეს წეს-ჩვეულება ქართულ სუფრას მაგონებს, სადაც ყველაფერზე შეიძლება საუბარი. მინდა ჩვენს გამოფენას იგივე შინაარსი ჰქონდეს, ანუ თქვენმა და ჩვენმა მხატვრებმა ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე, მინდა როგორღაც აღდგეს ის ძაფები, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებდა და რომლებიც დაიკარგა.მე მგონია, ამ კავშირების აღდგენა ხელოვანებმა უნდა დაიწყონ, ერთმანეთს უნდა გაუხსნან გზა საკუთარი სახლებისაკენ, ბევრი საერთო გვაქვს, პრობლემებიც კი მსგავსი გვაქვს.ყველა პერფომანს ანოტაცია გავუკეტეთ, რომ მაყურებლისათვის ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. თქვენ ხომ შემოსვლისთანავე ამოიცანით საფრთხობელა? ვფიქრობ, ეს იმის გამოა, რომ ჩვენს შორის ბევრი საერთოა. ჩემი აზრით დიდი ტრაგედიაა, რომ გვერდი-გვერდ ვცხოვრობთ და გამიჯნულები ვართ ერთიმეორისაგან მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენებისა და მოსაზრებების გამო. ვფიქრობ, რომ ერთმანეთისათვის უფრო საინტერესო და ახლობლები ვართ.“

 

ასე მგონია, უამრავი ადამიანი იგივეს ფიქრობს, მათ შორის მეც. გამოფენის  კოორდინატორი საქართველოს მხრიდან ფონდი „ტრამია“, რომლის პრეზიდენტი ანა რიაბოშენკო ამბობს, რომ დიდი ხანია ამ პროექტის განხორციელებაზე ფიქრობდნენ.

   – „მე და ჟენია 2003 წლიდან ერთად ვმუშაობთ.  განსაკუთრებული კავშირი გვაქვს ერთმანეთთან. შეიძლება იმიტომ, რომ მაინც, რაღაც საერთო წარსული გვაქვს. ჯერ ერთი მენტალურად უკეთესად გვესმის ერთმანეთის. დასავლეთში მხატვრებს სხვანაირი ბეგრაუნდი აქვთ. ქართველებს, რუსებს, უკრაინელებს მარტივ, ადამიანურ ენაზე გვესმის ერთმანეთის, უფრო გასაგებია ხუმრობები და იუმორი, შესაბამისად სასიამოვნოა მუშაობა და თანამშრომლობა. შესაბამისად, ნამუშევარიც უფრო გასაგები ხდება, როდესაც კონტექსტი ცნობილია, როდესაც პოლიტიკური შეუთავსებლობაა.

ვთვლი რომ ხელოვნება სწორედ ის სფეროა, როდესაც საშუალება გეძლევა კომპრომისები მოძებნო, მე არ ვამბობ, რომ ყველაფერს წყვეტს, მაგრამ დიალოგი ამ დროს სასარგებლოა და არანაირ კონფლიქტს არ გულისხმობს. არ გაძლევს პროვოცირების საშუალებას. სპეკულაციას ვერ აკეთებ იმიტომ, რომ ეს ალალი და გულწრფელი ემოციაა ადამიანებში.დიდი ხანია ვცდილობდით რუსი მხატვრების ჩართვას, არც ერთი ფონდი ამას არ აფინანსებს. ჟენიას გაუჩნდა იდეა, „საროკინის ფონდის“ დახმარებით რუსი მხატვრების ნამუშევრები საქართველოში ჩამოგვეტანა. ბათუმთან დიდი ხანია კავშირი მაქვს, აქ არის პოტენციალი, ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ხელოვანია, მინდა მათაც რაღაც გააკეთონ. ეს გამოფენა ჯერ თბილისში იყო, ახლა ბათუმში ჩამოვიტანეთ. თუ თბილისში ასეთი სახის პერფომანსები ხშირად ეწყობა, ბათუმი ამას მოკლებულია. აქ სივრცეც კი არ არის სათანადო ამისათვის. ამიტომ, ეს გამოფენა საპილოტო იყო, საცდელი, ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნებათ აქაურებს, რამდენად დაინტერესდებიან.

ბევრი ტრენინგი და ვორქშოპი ჩაგვიტარებია აქ, აბსოლუტურად საღი და ადეკვატური რეაქცია აქვთ საკითხებზე. მოაზროვნე ადამიანი, ყველგან მოაზროვნე ადამიანია. ყველა კომპოზიციას და ინსტალაციას ახლავს ანოტაცია ქართულ ენაზე, გასაგები არის ყველაფერი. როცა კარგი ნამუშევარია, ამის გამორჩევა შესაძლებელია. შეიძლება შენში გარკვეულ ემოციას არ იწვევდეს, მაგრამ საერთო ფონზე საჭიროა, ნამუშევარია და მასში ადამიანს სული აქვს ჩადებული. ეს პირველია და ვცდილობთ გავაქტიურდეთ, ასეთი გამოფენა მეტი იყოს, გვინდა აქ საგამოფენო სივრცე გაკეთდეს, სადაც აქაური ხელოვანები შეძლებენ მაქსიმალურად აქტიურად მუშაობას. ძალიან საჭიროა ასეთი რამ შემდგომი განვითარებისათვის.

შეფასებები არაერთგვაროვანი იყო, რაც ბუნებრივი მგონია. ზოგი თვლიდა, რომ დიდი შთაბეწდილება არ მოუხდენია გამოფენას, თუმცა იქვე აღნიშნავდნენ, რომ საინტერესო იყო და იხალისეს კიდეც. იყო კიდევ უფრო კრიტიკული შეფასებც.   

     – მიყვარს ექპერიმენტული ხელოვნება. ეს უკვე აღარ არის ექსპერიმენტი. ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, საზოგადოება მომზადებული უნდა ხვდებოდეს ამ ტიპის პერფომანსებს. ვატყობ, რომ მარტო ვარ დამთვალიერებელთა შორის, დისკომფორტს მიქმნის ჩემი მარტოობა. იყო დრო, როდესაც სისტემატიურად დავდიოდი გამოფენებზე და მონაწილეც ვიყავი. სადაც ეს კეთდება, იქ დროის მოთხოვნაა, იქ ბევრად უკეთესად იკითხება, ვიდრე აქ, სადაც მოთხოვნილება არ არის მხატვართა წრეში. ისინი უყურებენ რაღაცას, სხვას, რომელიც მათი რეალობის მიღმა არსებობს. გამოხატვის ბევრი საინტერესო ფორმაა, საკმაოდ დახვეწილადაც შეიძლება გაკეთდეს. პირველ დარბაზში წარმოდგენილი კომპოზიცია („საფრთხობელა“, „სტრუქტურირებული სივრცე“) ჩემს ესთეტიკასთან უფრო ახლოა. ყოველთვის მომხრე ვარ გამოხატვის ახალი საშუალებების გამონახვის, თუმცა რაც აქ ვნახე, ახალი არ არის, მაგრამ ჩვენს რეალობაშია ახალი და უცხო. თვითონ შექმნის პროცესი უნდა გაიზიაროს შემოქმედმა.

ადამიანს, რომელიც სულ ტრადიციულ დარგში მონაწილეობს, საკუთარი სათქმელის, ყოფის, პროტესტის გამოსახატავად თავისი ხერხები მოსწონს. მას მოთხოვნილება არა აქვს ამგვარ ხერხებს მიმართოს. ამ გზითაც გამოიხატება სათქმელი. ვამბობ, როცა ამის კულტურა აქვს ადამიანს, ხედვა აქვს განსხვავებული და შეუძლია ესთეტიკურ დონეზე მოგაწოდოს თავისი განწყობა და ნამუშევარი.ჩვენს მხატვრებს სურვილიც კი არა აქვთ მსგავსი პერფომანსები, აქციების მოაწყონ. ამ ხერხებით გამოხატონ პროტესტი ან მომავლის ხედვა. ამის მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა შეიძლება იყოს, ნაკლები განათლება. ცოტა უკან რომ დავიხიოთ, ავანგარდსაც არ აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ ის არ არის ხელოვნება. ხშირად მსმენია, პედაგოგები ბავშვებს უხსნიან, რომ ვიღაც უნიჭომ ტილოზე ხაზი გაავლო, იმიტომ რომ ხატვა არ იცოდა, მეორე უნიჭომ კი ეს მოიწონა და ბევრი ფული გადაიხადა. მგონი, მსოფლიო არ არის ისეთი შეშლილი რომ უნიჭობაში ფული გადაიხადოს. ე.ი. ეს ღირებულია და მისი გაგება უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

ვიზიარებ რესპოდენტის მოსაზრებას, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და მგონია, რომ ამ პრობლემას ყველზე უკეთ გამოფენების სიმრავლე მოაგვარებს.     თუ გამოფენა წელიწადში ერთხელ ეწყობა, პუბლიკა უკმაყოფილო იქნება, ვინაიდან მისთვის გაუგებარია რა ხდება. ეს ლოგიკურია. უნდა გვქონდეს შედარების საშუალება- ეს უკეთესია, ეს უარესი. ეს ხელს შეუწყობს შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება- გამომუშავებას. და თუ პირველ-მეორე გამოფენაზე 20-30 მნახველი იქნება, მეექვსე- ასეულობით დამთვალიერებელს მოიყვანს.  

 თუ კი ჩვენ, ჯერ კიდევ ინფორმირებულობის საკითხებს ვაგვარებთ, იქეთკენ უკვე სხვა პრობლემებზე ფიქრობენ. ჟენია გამოფენების სოციალურ და პოლიტიკურ არსზე მესაუბრება.

    – „ჩვენ გამოფენებს მეორეხარისხოვან როლს ვანიჭებთ. ევროპელი საზოგადოება მას სხვაგვარად აღიქვამს. ამიტომაც დიდიძალი თანხა იდება გამოფენების მოწყობაში – იქ საზოგადოებამ ბევრი ნახა და მინიშნებების კითხვა ისწავლა. ხელოვნებაში გამოძახილს პოულობს ყველა კულტურული პრობლემა, რომელიც ჩნდება. იყო ასეთი გამოფენა – მხატვარმა აფრიკული ყოფითი ტრადიციული საგნებით ღვთისმშობელი გამოხატა, რასაც საშინელი დებატები მოჰყვა. მერე იყო სალამან რუშდი თავისი ცნობილი „სატანური ლექსებით“. ყოველივე იყო იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მოდის ულტრა მემარჯვენე ახალი ტალღა, რომელიც ყველა საქმეში ჩაერევა და ეს შეუქცევადი პროცესი იქნება. გამოფენა არ წყვეტს პრობლემებს, იგი მხოლოდ შეკითხვებს სვამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უსიამოვნო მოვლენა ჩვევის გამო ხდება. ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმ მიჯნებს, რომლებსაც ჩვევის გამო ცხოვრების მანძილზევაბიჯებთ. მერე, როდესაც ამას ვაცნობიერებთ, უკვე გვიანია. ჩვენ მერე ვეძებთ პასუხს კითხვაზე- რატომ მოხდა ასე? რუსეთში დღეს ძალიან დიდი და ბევრი პრობლემაა. დღეს ჩვენ ვწუხვართ – აჰ, ეს რა საშინელებაა! ეს პრობლემები კი დიდი ხნის წინ დაიწყო. ამაზე დიდი ხნის წინ უნდა გვეფიქრა. სხვათაშორის, ხელოვანები ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ, თუმცა მათი ძახილი ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა. ზოგჯერ მგონია, რომ რომ ისინი წინასწარმეტყველები არიან, იმდენად ზუსტად ჭვრეტენ მომავალს.

  უნდა დავეთანხმო. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ჩვენს სინამდვილეში. ყურადღებით მოვუსმინოთ ხელოვანებს, მერე რა თუ გამოხატვის ენა ჩვენთვის უცხოა და უჩვეულო, ვისწავლოთ ნიშნების კითხვა, ჩავწვდეთ არსს და მხოლოდ ზედაპირულით ნუ შემოვიფარგლებით. ვეცადოთ გავიგოთ მეტი, ვეცადოთ გადავარჩინოთ ადამიანი!

ვინ იკლავს თავს ახალ წელს?

 

ფილმზე მუშაობისას
ფილმზე მუშაობისას

 

ახალი წლის დილა, ძველი, თითქმის უკაცრიელი ბაქანი ზღვის პირას და ადამიანი, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. სადღაც ტელეფონი რეკავს, ერთხელ, ორჯერ… კაცი პოულობს ვიღაცის მიერ დაკარგულ ტელეფონს, ზარს პასუხობს და ისმენს უცნობი, შეყვარებული ქალის სიტყვებს, რომლებიც მას არ ეკუთვნის… – შოთა ფილმის შესახებ მიამბობს. „ბოლო სადგური“ მისი მესამე მხატვრული ფილმია „შარშანსა“ და „მარცხენა ყვრიმალის„ შემდეგ. ამ უკანასკნელმა, რომელიც ათი წლის წინ, ხელოვნების ინსტიტუტში სწავლისას გადაიღო, რამდენიმე კინოფესტივალის პრიზიც აიღო.   

 

 

მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების შესაძლებლობა ქართველ რეჟისორებს „თიბისი ბანკის” პროექტის შედეგად მიეცათ. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ოთარ იოსელიანი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, გია ყანჩელი და მიხეილ კობახიძე შედიოდნენ, კონკურსის 600-ზე მეტ მონაწილეს შორის 12 რეჟისორი, სცენარის ავტორი, ოპერატორი, კომპოზიტორი შეარჩია. მათ შორის მოხვდნენ შოთა გუჯაბიძე და ოპერატორი მამუკა ჩხიკვაძე. რეჟისორის ასისტენტი რეჟისორი სალომე საღარაძეა.

 

 

„მე, ჭოჭი (მამუკა ჩხიკვაძე) და სალომე ერთი სასტავი ვართ. საერთოდ, თუ რამ გადამიღია, რაიმეს გადაღება მიფიქრია, ყოველთვის ჭოჭის ვგულისხმობ. ის რამეს მოიფიქრებს, უნივერსალური კაცია, ადამიანი – ორკესტრი, რაღაცას დაეკიდება, კაუჭს, არ ვიცი, რას და ისე გადაიღებს, რომ ვერც მიხვდები, რომ ამის გადაღება რთული იყო. სხვათა შორის, როდესაც ეს კონკურსი გამოცხადდა, ისე გავაგზავნეთ მისი მონაცემები და ნამუშევრები, მისთვის არც გვითქვამს, დაურეკეს და უთხრეს, გამარჯვებული ხარო.“  –  ამბობს შოთა. 

 

 

რა იყო ყველაზე ძნელი ამ ფილმზე მუშაობისას?  – „ძნელი იყო ის, როცა ტელევიზიაში ვმუშაობთ ორი-სამი ადამიანი, ყველაფერს ვაკონტროლებთ: შუქი როგორ შემოდის, რა ხდება, ხმა როგორ იწერება… ყველა ტექნიკური წვრილმანის მოგვარება გიწევს. აქ კი იყო რამდენიმე ტრაილერი ტექნიკა, ოცდაათი ადამიანი, რომელთა მუშაობის გაკონტროლების საშუალება არ გაქვს, მითუმეტეს, რომ ამავე დროს მსახიობებისგან, გარემოსგან უნდა შექმნა ის, რაც ჯერ არ არსებობს.“ – პასუხობს შოთა.

 

ფილმის გადაღება  ძირითადად მწვანე კონცხის ბაქანზე მიმდინარეობდა.  „ბოლო სადგურის“ სცენარის ავტორი ნინი სარდლიშვილია, მხატვარი -მარიამ ჭიჭივეიშვილი, კომპოზიტორი კი – რომან გიორგაძე.

 

 

„ბოლო ორი ღამე მაგრად ვიხალისეთ” – ამბობს შოთა, „ღამე ვწერდით მუსიკას ფილმისთვის, დასაწყისში არის ასეთი სცენა – მთავარი გმირი მიდის ბაქანის სალაროში, რაღაც უნდა იკითხოს და მინდოდა რადიოში ყოფილიყო 50-60 –იანი წლების სიმღერა, მაგრამ იქ ამბავი ატყდა, არა, არ შეიძლება, საავტორო უფლებები და ა.შ. და ჩვენმა კომპოზიტორმა, რომელიც არის უაღრესად ნიჭიერი ადამიანი და იქვე შეთხზა მუსიკა, გვჭირდებოდა ტექსტი და სასწრაფოდ გადმოვრეკე ბათუმში, მეგობარ პოეტებთან, მაგრამ იმდენად გვიან იყო, რომ მინდია ცეცხლაძეს ეღვიძა მარტო, რომელიც ფილმის ერთ ეპიზოდშიც მონაწილეობს. მინდიას ლექსი დალაგებული იყო და შევეცადეთ ცოტა მოგვესულელებინა, მოვიფიქრეთ სასაცილო, სულელური ტექსტი, რომელიც იმღერა სალომე საღარაძემ, რეჟისორმა. სასაცილო სიმღერა გამოვიდა.“

 

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კრებულის სახელწოდებაა „20/12″. 17 დეკემბერს ბანკი 20 წლის ხდება, ამიტომაც დაიგეგმა ამ დღეს ფილმის პრემიერა.

 

„თიბისი” ბანკის პიარის სამსახურის უფროსის, მაია ძირკველიშვილის განცხადებით, ფილმის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ მაყურებელს მას შემდეგ შეეძლება, რაც ფილმი კინოგაქირავებაში ჩაეშვება, ეს კი 2013 წლის იანვრის ბოლოს მოხდება.  

 

ქობულეთის გამგეობაში აჭარის პოლიციის უფროსი იმყოფება

ქობულეთის გამგეობის თანამშრომლების თქმით პოლიცია გამგებლის სასწრაფოდ გადადგომის მოთხოვნით გამგეობაში შეჭრილ პირებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ადგილზე იმყოფება აჭარის  პოლიციის უფროსი ვალერი თელიაც. მისი თქმით, ამ დროისათვის ქობულეთის გამგეობაში უცხო პირები აღარ იმყოფებიან.  უშუალოდ ვისი ორგანიზებით და ვინ შეიჭრა ქობულეთის გამგეობის შენობაში, დაიწყება თუ არა ინციდენტის მოკვლევა – ამ საკითზებზე პასუხისათვის ვალერი თელიამ შსს პრესსამსახურში გადაგვამისამართა.   

 

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის გამგეობის შენობაში დღეს 100-150 -მდე ადამიანი შეიჭრა გამგებლის, თენგიზ ზოიძის გადადგომას მოთხოვნით.

 

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით გამგეობის შენობაში გამგებლის გადადგომას „ქართული ოცნების” მხარდამჭერები ითხოვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, არ არ უთქვამთ გამგებლის პოსტზე ვისი დანიშვნა უნდოდათ. 

 

 

ანზორ თხილაიშვილმა,  უმაღლეს საბჭოში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან” „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ინციდენტის შესახებ იცის, თუმცა ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება:  „აბსოლუტურად დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი, არ ვიცი ვისი ორგანზიებით, არა ვარ საქმის კურსში. არ ვაპირებ ამ პროცესებში ჩარევას, ვემიჯნები ამ პროცესებს. ჩემი აზრით ეს არის კანონდარღვევა.”    

„უკრაინა კარგი ვარიანტია, მაგრამ ჯერ საქართველოში მირჩევნია“

ნიკა დიასამიძე: სამი წელია ბათუმის „დინამოში“ შემტევი ნახევარმცველი, გარემარბი ვარ.

 

 

როგორც ვიცი, თბილისის დინამო დაინტერესდა შენით. სავარაუდოდ, მეორე წრიდან გადახვალ კიდეც

 

 

– არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. მართალია, „დინამოდან“ დაინტერესება არის, მაგრამ მარტო თბილისელები არ არიან ჩემი გადაბირების მსურველები. ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე გუნდმა გამოიჩინა ინტერესი, არის სხვა ვარიანტებიც. ვნახოთ, ჯერ კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი.

 

 

სხვა ვარიანტებში რას გულისხმობ?

 

 

– უცხოურ კლუბებს.

 

 

იქნებ დააკონკრეტო

 

 

– ჯერ არ მაქვს მაგის თქმის უფლება, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი დაინტერესდა ჩემით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

 

აგენტი გყავს?

 

 

– ოფიციალური აგენტი არა, მაგრამ არის ხალხი, ვინც დაინტერესებულია ჩემი ტრანსფერით.

 

 

როდისთვის გადაწყდება?

 

 

– პირველი იანვრიდან სატრანსფერო ფანჯარა იხსნება, სავარაუდოდ,  იანვრამდე ახალ კლუბთან მოვაწერ კონტრაქტზე ხელს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ეს ქართული გუნდი იქნება თუ უკრაინული.

 

 

შენ სად გირჩევნია?

 

 

– უკრაინა კარგი ვარიანტია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკისთვის ჯერ საქართველოში თამაშს ვამჯობინებ.

 

 

ბათუმის დინამოზე რას იტყვი?

 

 

– ახალგაზრდები ვართ, ჯერ კიდევ გამოუცდელები, შეთამაშება გვაკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან ამ პრობლემასაც მოევლება. წელს „დინამოს“ მიზანი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ვფიქრობ, ამ ამოცანას წარმატებით გაართმევს თავს.

„თასს ბათუმში ჩამოვიტანთ“

– ჩვენს გუნდში 2000, 2001 და 2002 წლებში დაბადებული მოზარდები ირიცხებიან. თავდაპირველად ეს გუნდი სასტუმრო კომპლექს „მარინას“ ეკუთვნოდა და მას გივი ინჯია წვრთნიდა, თუმცა სათანადო ფინანსების არქონის გამო დაიშალა, სხვადასხვა ასაკის მოზარდები გააერთიანეს და გაძღოლა მე დამავალეს. ამჯერად გუნდი ბათუმის სასპორტო სკოლის სახელით ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც. პირველი წრე უკვე დასრულდა და იმერეთის ზონის გათამაშებაზე პირველ ადგილზე ვართ. თერთმეტი თამაში ჩავატარეთ და აქედან რვა მოვიგეთ, საერთო ჯამში 39 გოლი გვაქვს გატანილი და ქუთაისის „ქუთაისს“ ერთი ქულით ვუსწრებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში სხვაობა გაიზრდება და გივი ნოდიას სახელობის თასსაც ჩვენ მოვიპოვებთ და ბათუმში ჩამოვიტანთ.

 

 

კონკურენტები იოლად დაგითმობენ?

 

 

– კონკურენცია მართლაც დიდია. „ქუთაისი“, ზესტაფონის „მარგვეთი“, ხონის გუნდი… კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ პირველმა წრემ დამანახა, რომ ჩვენს ბიჭებს რეალურად შეუძლიათ თასის მოპოვება.

 

 

ბატონო ავთანდილ, 39 გოლი 11 შეხვედრაში ურიგო შედეგი არ არის. გაგვაცანით გუნდის ლიდერები

 

 

– ბექა ვერძაძე, დათა ზურაბიანი და ანრი ანდღულაძე – ყველაზე მეტი გოლი მათ ანგარიშზე მოდის. მათ გარდა გუნდში არიან გუგა ჩიკაშუა, ჯაბა ჩარკვიანი, რიკო ჭაღალიძე, თორნიკე ფუტკარაძე, ხვიჩა მელიქიშვილი, ლაშა შერვაშიძე, ნიკა გორგაძე, დათო ლემსაძე, ზურა გოგეშვილი, სოსო ლორია, ნიკა ჭანუყვაძე და სხვები. კარგი, შეკრული გუნდია. პირდაპირ გეტყვით და ეს ის ბიჭები არიან, ვინც სამომავლოდ ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებენ კარიერას და იმედია, სხვა, უფრო ძლიერ კლუბებშიც ითამაშებენ.

 

 

სპორტსკოლის დაფინანსებაზე ხართ?

 

 

– სპორტსკოლის ხელმძღვანელობისგან და უშუალოდ მუხრან ვახტანგაძისგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ჩემი მეგობრებიც გვეხმარებიან, ბიზნესმენები: გოჩა გუგუნავა და სოსო მამულაიშვილი. სწორედ მათი ხელშეწყობით შევიძინეთ ეკიპირება, ბურთები, ვგეგმავთ საწვრთნელ შეკრებებსაც ბაკურიანში. ადრე თუ მშობლები იძულებულნი იყვნენ შვილებისათვის შეეძინათ ფორმები, ბურთები და ასე შემდეგ, დღეს ეს პრობლემა მოხსნილია. მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში, ისიც თავისი სურვილით, გვეხმარებიან. კარგი იქნება, თუ მათ მაგალითს, ბიზნესმენებს ვგულისხმობ, სხვებიც მიბაძავენ. ეს ხელს შეუწყობს ბავშვთა სპორტის განვითარებას და აქ არა მარტო ფეხბურთზეა საუბარი. აქვე მინდა დავძინო, რომ ჩემი ასისტენტები არიან გივი ინჯია და ნიკო ბარამიძე.

 

 

ერთი პერიოდი თქვენ ბათუმის დინამოსაც წვრთნიდით. როგორც ყოფილი მწვრთნელი, იქნებ თქვენ აგვიხსნათ, რა სჭირს დინამოს?

 

 

– „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გურული წარსულში ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელობაშიც კარგია. ეგაა, რომ ბიჭები ჯერ ახალგაზრდები არიან და შეთამაშება სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, გია შეძლებს კარგი გუნდის ჩამოყალიბებას.

 

 

იქნებ წარუმატებლობა ფედერაციის ხელმძღვანელობის არასწორი მუშაობის შედეგია?

 

 

– ფაქტი სახეზეა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც ვახტანგ ქორიძეს ფეხბურთს ჩამოაშორებ და არაპროფესიონალს მოიყვან, კომენტარიც ზედმეტია. დანარჩენი გულშემატკივარმა განსაზღვროს. მალე ფედერაციის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და იმედია, როგორც ბათუმის „დინამო“, ასევე აჭარის ფეხბურთის ფედერაცია ერთი კაცის მმართველობისგან (იგულისხმება „დინამოსა“ და ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე) გათავისუფლდება. ვიმედოვნებ, ამის შემდეგ აჭარაში ფეხბურთის აღმავლობაც დაიწყება. 

მშვილდოსანთა გუნდური მესამე ბაქოდან

მესამე პრიზიორი გახდა გოგონათა ტრიო ციალა ფუტკარაძის, მედეა აბულაძისა და ნინო დევაძის შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ შერეულ წყვილთა შორის, ტურნირის ჩემპიონი გახდა ხელვაჩაურელი მედეა აბულაძე, რომელმაც ოქროს მედალი თურქ მეწყვილესთან, ტუნჩი კუშუკაილაისთან ერთად მოიგო. 

ჭიდაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ირაკლი დარცმელიძე

 

მუხრან ვახტანგაძე
მუხრან ვახტანგაძე

აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ამიერიდან მსოფლიო ჩემპიონი, სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მუხრან ვახტანგაძე უხელმძღვანელებს. ყოფილმა პრეზიდენტმა რაულ თავართქილაძემ, რომელიც ფედერაციას 2004 წლიდან თავკაცობდა, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა: არჩილ არობელიძე, მამუკა ჟღენტი და მუხრან ვახტანგაძე. დელეგატებმა უპირატესობა ვახტანგაძეს მიანიჭეს.

აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა

ლევან ჯიოშვილი: „კომიტეტის დაფუძნების იდეა ადრეც გვქონდა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ მოხერხდა, თუმცა ეს ხარვეზებიც გამოსწორდა უკვე. გვექნება ურთიერთობა რუსეთის პარაოლიმპიურ კომიტეტთან, რომელსაც ბათუმელი ავთანდილ ბარამიძე თავკაცობს, ასევე სანკტ-პეტერბურგის ორგანიზაციასთან, რომელსაც მისი ძმა, მერაბ ბარამიძე უდგას სათავეში. ძირითადი აქცენტი სპორტის ისეთ სახეობებზე გაკეთდება, როგორებიცაა: ცურვა, მშვილდოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ძიუდო, ფეხბურთი. სხვათა შორის, ბათუმელი გოჩა ძიმისტარიშვილი, რომელიც რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, სიდნეის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონია ფეხბურთში, აგრეთვე, ის მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. ასე, რომ კონსულტაციები მასთანაც გვექნება. რაც შეეხება დაფინანსებას, მას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოწვევის მიუხედავად, შეხვედრას დეპარტამენტის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია,“ – დასძინა ლევან ჯიოშვილმა. 

უნდა იყოს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ბათუმელი

 

 

რა ნიშნის მიხედვით ირჩევენ სტუდენტები მომავალ თავმჯდომარეს? გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 5 პროცენტი თვითმმართველობის თავმჯდომარეს ნაცნობობით, 4 პროცენტი მეგობრის თხოვნით, 21 პროცენტი პირადი სიმპათიით, 22 პროცენტი აკადემიური მოსწრებით, 2 პროცენტი გარეგნობის მიხედვით, 48 პროცენტი პროგრამის მიხედვით, 6% პროცენტი კი სხვა კრიტერიუმით ირჩევს.  

 

 

კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, თვითმმართველობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: გოჩა სურგულაძე -12%; ზურა მესხიძე – 29 %; გულო თურმანიძე – 26%; ლევან დუაძე – 19%; თავი შეიკავა – 14%.

 

 

გამოკითხული სტუდენტების 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატები არ უნდა იყვნენ რომელიმე პარტიის წარმომადგენლები, 2 პროცენტს მიაჩნია, რომ პარტიულობა საჭიროა, 26 პროცენტისათვის კი არა აქვს მნიშვნელობა.

 

 

თვითმმართველობის თავმჯდომარის ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანია 25 პროცენტისათვის, ნაკლებად მნიშვნელოვანი – 24 პროცენტისათვის, გარკვეულწილად -ასე ფიქრობს 35 პროცენტი. როგორი გარეგნობა ექნება თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ამას მხოლოდ 16 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა.

 

 

გამოკითხულ სტუდენტთა 50 პროცენტს მიაჩნია, რომ თავმჯდომარე უნდა იყოს ბათუმელი, 47 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა, ხოლო 2 პროცენტი ფიქრობს, რომ არ უნდა იყოს ბათუმელი.

 

 

გამოკითხვამ აჩვენა, რომ სტუდენტების 42 პროცენტს სურს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე თვითმმართველობის თავმჯდომარე, 35 პროცენტისათვის არა აქვს მნიშვნელობა აკადემიურ მოსწრებას; თვითმმართველობის პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: მეცნიერება – 22%, ხელოვნება – 18%, სპორტი – 15%, გამოკითხული 45% პროცენტისათვის კი მნიშვნელობა არა აქვს პრიორიტეტებს.

 

 

თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სტუდენტების მხოლოდ 7 პროცენტი ფლობს ამომწურავ ინფორმაციას, 39 პროცენტი ფლობს საკმარის ინფორმაციას, 28 პროცენტი -ბუნდოვან ინფორმაციას, 17 პროცენტი არ ფლობს ინფორმაციას, ხოლო 6 პროცენტი არ არის დაინტერესებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის არჩევნებით.

 

 

გამოკითხვაში მონაწილეობდნენ როგორც ბაკალავრიატის სტუდენტები, ასევე მაგისტრანტები და დოქტორანტები. გამოკითხული სტუდენტების ასაკი 18-დან 23 წლამდეა, გამოკითხულთა 63 პროცენტი მდედრობითი სქესისაა, 37 პროცენტი -მამრობითი.

 

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და არამხოლოდ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის პროექტის „WEBB – მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პრეზენტაცია გამართა ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ფრანჩესკა მალტაურომ, რომელმაც გაცვლით პროგრამებზე ესაუბრა სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარებს.


პროგრამა ითვალისწინებს როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, აგრეთვე იმ პირთა მობილობასაც, რომლებსაც ერთი აკადემიური ხარისხი მოპოვებული აქვთ და მომდევნო ხარისხის მოპოვება სურთ რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში.

 

 

 

პროექტი სრულად აფინანსებს გრანტის მფლობელის მასპინძელ უნივერსიტეტში მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს. ასევე სტუდენტები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 1000-1500 ევროს ოდენობით, მკვლევარები – 1800 ევროს, აკადემიური პერსონალისთვის დასაშვებია მობილობა 1-3 თვის ხანგრძლივობით, თვიური ანაზღაურება – 2500 ევრო.

 

 

 

ბათუმის უნივერსიტეტის ექვსი სტუდენტი „ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით“ დაფინანსდა გიოტინგენისა და ვარშავის (პოლონეთი) სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტში, ასევე ერთმა პროფესორმა გაიარა სტაჟირება ტალინის უნივერსიტეტში.

 

 

 

ბათუმის უნივერსიტეტში პროგრამის კოორდინატორი ლელა თურმანიძე ამბობს, რომ სტუდენტების დაინტერესება უფრო და უფრო იზრდება: „სტუდენტები უფრო ადვილად ითვისებენ ყველაფერს, გონება უფრო ხალასია, დროსაც უკეთ ანაწილებენ,  ერთი უცხო ენაც რომ ისწავლონ, შეუძლიათ ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაიღრმავონ ცოდნა. უცხო ენის შესწავლაში უნივერსიტეტიც ეხმარება, ენის შემსწავლელი ცენტრებია შექმნილი ამისთვის. ერაზმუს მუნდუსის მეორე ეტაპისთვის აპლიკანტთა შერჩევა ამჟამად მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება მომდევნო სტიპენდიანტების ვინაობა. ვიმედოვნებ, რომ სამი სტუდენტი მაინც შეძლებს სტიპენდიის მოპოვებას ჩვენი უნივერსიტეტიდან.

 

 

 

მესამე ეტაპი გამოცხადდება სადოქტორო დონეზე, საქართველოში გატარებული რეფორმის გამო, ასპირანტურიდან დოქტორანტურაზე რომ გადავიდა ჩვენთან სწავლება, ამას გარკვეული წყვეტა მოყვა, პროგრამაში თავისუფალი ადგილები ვერ აითვისეს საბჭოთა ქვეყნებმა, ამიტომ ცოტათი წესები შეიცვალა. იმ პირებს, რომელთაც დაიცვეს ხარისხი, შეუძლიათ კვლევა აწარმოონ საზღვარგარეთ“, – ამბობს ლელა თურმანიძე. მისი თქმით ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში ხუთი გაცვლითი პროგრამა ფუნქციონირებს. ბათუმის უნივერსიტეტში კი „ერაზმუს მუნდუსის“ პროგრამით ორი პოლონელი სტუდენტი სწავლობს.

 

 

 

 „ერაზმუს მუნდუსი“ არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. გაცვლით პროგრამაში მოხვედრის მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ პროექტის ვებგვერდზე https://www.unibo.it//WEBB/ 

 

 


მოსწავლეები კინოს იღებენ

„მეც ადამიანი ვარ“ – ეს არის პირველი ფილმი, რომელმაც სასკოლო ფილმების კონკურსზე პრიზი აიღო  ნომინაციაში – საუკეთესო დებიუტი ფილმი. `დიპლომი მოგვცეს და კინოთეატრ „აპოლოს“ ბილეთებზე  50-პროცენტიანი ფასდაკლება მივიღეთ“ – ამბობს მარიამ კვაჭაძე. ის და ჯაბა წილოსანი ამ ფილმში მთავარ როლებსაც ასრულებენ.

 

 

ფილმი უსახლკარო, უპოვარი ადამიანის ყოფას ასახავს, რომელსაც ყოველდღიური არსებობისთვის ბრძოლა უწევს, ბოლოს კი იღუპება: „ჩვენ ერთი ადამიანის ისტორიით პრობლემა განვაზოგადეთ. ამ ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი მეგობარი გოგონა იყო, რომელიც მას თანაუგრძნობდა და სულიერ მარტოობას უმსუბუქებდა. თუმცა, გოგონას შეყვარებულს არ მოეწონება მისი საქციელი, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდება. უპოვარი ადამიანი ისევ მარტო რჩება, რაც საბოლოოდ მას ანადგურებს.  ჩვენ ამ ფილმით უფრო მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოებას დავაკისრეთ, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სხვისი თანაგრძნობის უნარი“, _ ამბობს მეთორმეტეკლასელი სოფო პაქსაძე. 

 

 

„შევეცადეთ გვეჩვენებინა საზოგადოების გულგრილობის პრობლემა სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ. ხშირად საზოგადოება ამ ადამიანებს არ განიხილავს  როგორც სრულფასოვან წევრებს. ჩვენი გმირის დაღუპვის მიზეზი გაჭირვებასთან ერთად ადამიანური სითბოს ნაკლებობა იყო“ – ამბობს ჯაბა წილოსანი. 

 

 

მარიამ კვაჭაძე: „სახელმწიფო ყველა ადამიანზე ვერ იზრუნებს, უფრო საზოგადოების პრობლემაა, როცა ადამიანები მარტო და გარიყულად რჩებიან“.

 

 

შორენა ბერიძე: „ეს ფილმები იქმნება როგორც სამოქალაქო, ასევე სასკოლო კლუბებში. სასკოლო კლუბის ფარგლებში ფილმი სოციალურ ქსელებსა და მასზე დამოკიდებულებაზე გავაკეთეთ. ვფიქრობ აქტუალური თემაა, რადგან Facebook-ი და სხვა ტიპის სოციალური ქსელები არამარტო ჩვენი თაობის პრობლემაა. არის თუ არა სოციალური ქსელი ნარკოტიკი, ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ზოგისთვის შეიძლება კი, ზოგისთვის – არა“.

 

 

„ფილმში სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები გამოვკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებს წიგნი ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, თემა მაინც საკამათოდ დარჩა“, _ გვეუბნება მეგი ბერიძე.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ არის თემები, რომლებსაც სიფრთხილით ეკიდებიან: „გვინდოდა ფილმის გაკეთება  ე.წ „შავ სამყაროზე“. არის სტერეოტიპი, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული, რომ ისინი სასტიკი და დაუნდობლები არიან. მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავიფიქრეთ, რადგან არ გვინდოდა ვინმეს ეს „შავი სამყაროს“ პოპულარიზაციად აღექვა. ერთი სიტყვით, ფოკუსზე ვერ შევჯერდით“, _ გვიხსნის ჯაბა. 

 

 

სოფოს პაქსაძისათვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საზოგადოება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს, ნარკომანია და ძალადობაა. „ძალიან მაწუხებს გახშირებული მკვლელობები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ახალგაზრდების მიერ არის ჩადენილი“.

 

 

ანრი ვარშანიძისა და ილო თოფჩიძის ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების პრობლემებს ეხება. „ვფიქრობთ, სახელმწიფოს მხრიდან არ არის ამ პირების უფლებები დაცული, რადგან მათ არ აქვთ სრულფასოვანი გადაადგილების საშუალება არც სკოლებში, არც ქალაქში, არ არსებობს ადაპტირებული ლიფტები მაღლივ კორპუსებში. ადამიანის უფლებების წინ წამოწევა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობენ ისინი.

 

 

მოსწავლეები ამბობენ, რომ ფილმების გადაღება ან სხვა ტიპის სასკოლო აქტივობები, მათ სკოლის პოპულარიზაციის გარდა წარმატებაში ეხმარება. „როცა რაიმე სერიოზული საკითხები განიხილება ან ეწყობა კონფერენციები, აქცენტი მაინც აქტიურ მოსწავლეებზე კეთდება“. 

უნივერსიტეტი პროკურატურის პასუხს ელოდება

სტუდენტი ილო ურუშაძე ერთ-ერთი ინიციატორია. ისიც ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში 2007 წლის 8 ნოემბერს მომხდარი ფაქტი დანაშაულია და მისი გამოძიება ხელმეორედ უნდა დაიწყოს: „პროკურატურას „ალტერნატივის“ ინიციატივით გაეგზავნა თხოვნა, რომ აღნიშნული ფაქტი გამოიძიონ, თუმცა ეს იყო მთელი სტუდენტების ერთსულოვანი გადაწყვეტილება. დისკუსია გავმართეთ, რომელსაც ადმინისტრაციაც ესწრებოდა, ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ვუთხრათ არა ძალადობას. თხოვნა წინა სამშაბათს გავაგზავნეთ, პასუხს ველოდებით, მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. მე პირადად ძალიან მიკვირს, რომ თბილისში ამ ფაქტს არ ეხმაურებიან, ამის გამო გულნატკენი ვარ. ჩვენი უნივერსიტეტიც დუმილს ამჯობინებდა ამ თემასთან დაკავშირებით, ამის მიზეზი იყო ის რეჟიმი, რომელიც იყო ქვეყანაში. თუმცა იყვნენ ისეთი ლექტორებიც, რომლებიც ყოველთვის ეხმაურებოდნენ ამ ფაქტს“.

 

 

სტუდენტებს ეთანხმება უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძეც: „მსგავსი რამ არსად მომხდარა, მაგრამ რომც მომხდარიყო, 8 ნოემბერს ჩვენს უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტს მაინც ვერ გაამართლებდა. უნივერსიტეტი არ არის ის ადგილი, სადაც ხელკეტებით უნდა შემოდიოდეს ვინმე, ეს აბსოლუტურად სხვა დაწესებულებაა და არავის აქვს უფლება, აქ ძალა გამოიყენოს. მომხდარ ფაქტს სამართლებრივი სახე უნდა მიეცეს, ყოველ 8 ნოემბერს არ უნდა ვიკრიბებოდეთ ამ თემების განხილვისთვის, ერთხელ და სამუდამოდ მას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, იყო თუ არა დანაშაული, აუცილებლად უნდა გაირკვეს“. რექტორი ამბობს, რომ სტუდენტურ ჯგუფ „ალტერნატივას“ მიერ გაგზავნილი მიმართვა პროკურატურისადმი ფაქტის გამოძიების თხოვნით უნივერსიტეტის პოზიციას გამოხატავს.

 

უნივერსიტეტის კანცლერი ედიშერ ჩავლეიშვილი ფიქრობს, რომ თუ ძალა გადამეტებული იყო, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ: „ვისაც ზარალი მიადგა, ყველამ უნდა იჩივლოს. უნივერსიტეტი არ დაზიანებულა მატერიალურად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ დამტვრეულა…  კი, მორალური ზარალი მიიღო, მაგრამ ამაზე როგორ უნდა იჩივლოს? შესულია უკვე წერილობით თხოვნა, სხვანაირად როგორ უნდა იჩივლოს, მე ვერ ვხედავ აქ რაღაც წინააღმდეგობას, ნამდვილად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას. ეს ფაქტი თავისთავად უნდა იქნეს გამოძიებული“.

 

2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს – სპეცდანიშნულების რაზმი უნივერსიტეტში შეიჭრა და მხუთავი გაზი გაუშვა. ამ დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით ბედია – შს სამინისტროს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, ცოტა ხნის წინ შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად დანიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, `ბედია არის პროფესიონალი პოლიციელი, ის თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტია“.     

 

პრემიები შერჩევით, აჭარის უმაღლეს საბჭოში

 

უმაღლეს საბჭოში პრემიები შეხვდათ ჯამბულ კურცხალიძეს, ვლადიმერ ხუბულავას, ალეკო ბაუჟაძეს, მარინა ბერიძეს, შალვა ჯინჭარაძეს, პლატონ მანჯგალაძესა და რამაზ ბოლქვაძეს. თითოეული მათგანი ერთ თვეზე მეტია, რაც უმაღლეს საბჭოში დასაქმდა. უმაღლესი საბჭოდან მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, ზოგიერთი მათგანი მოვალეობას ასრულებს, ზოგიერთი უკვე დაინიშნა თანამდებობაზე.

 

 

მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესასრულებლად ჯამბულ კურცხალიძე 12 ნოემბერს გაამწესეს. მან სამი კვირის მუშაობის თავზე 1121 ლარი მიიღო ხელფასის სახით, რასაც დაემატა პრემიაც – 560 ლარი. ცოტა უფრო მეტი, 1770 ლარი მიიღო იმავე თანამდებობაზე მყოფმა, ოღონდ შვებულებაში გასულმა სუზანა ვაშაყმაძემ. ნოემბრის თვეში უმაღლესმა საბჭომ ამ პრინციპით – ერთ თანამდებობაზე ორი მოხელე – ხელფასები ზუსტად 7 თანამდებობის პირს მისცა.

 

 

რამდენად კანონიერი და მართლზომიერია ბიუჯეტის ფულის ამ სახით დახარჯვა? – უმაღლეს საბჭოში მიაჩნიათ, რომ აპარატის გამართულად მუშაობისთვის ამის გაკეთება აუცილებელია.

 

 

აპარატის უფროსი რამაზ ბოლქვაძე „ძველსა“ და „ახლებს“ შორის არსებულ „საპრემიო სხვაობას“ კი შემდეგი გარემოებით ხსნის: „თუ ნახავთ ოქტომბრის თვის პრემიებს, აღმოაჩენთ, რომ ყველა თანამშრომელს 100 პროცენტით აქვს პრემია მიღებული. სწორედ ამიტომ ვერ მიიღეს მათ ამ თვეში პრემია – დადგენილი წესით, ყოველთვიური პრემია ხელფასის ოდენობის 50 პროცენტია და არა – 100“.

 

რამაზ ბოლქვაძის თქმით, პრემიებთან დაკავშირებით ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია თანამშრომლებისთვის ცნობილია. ამას საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ილია თურმანიძე ადასტურებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის აპარატის უფროსი ნაირა აბულაძე კი ამბობს, რომ პრემიების გაცემის ახალი წესის შესახებ არაფერი სმენია. ნაირა აბულაძემ, ზოგადად, არც ის იცის, ვინ აიღო პრემია და ვინ არა: „ეს უფროსების გადასაწყვეტია“.

 

 

პრემიების მიმღებთა სიაში არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალი უფროსი მარინა ბერიძე. მას 20 დღეში აქვს მიღებული 1416 ლარი ხელფასის სახით და 708 ლარი პრემია. მარინა ბერიძე დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის ცოლია. ის ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოში შვიდი წელი მუშაობდა, შემდეგ კი „მიხეილ მახარაძემ გააგდო“.

 

 

მარინა ბერიძეს აღიზიანებს კითხვა – დანიშნეს თუ არა უმაღლეს საბჭოში იმის გამო, რომ მურმან დუმბაძის რძალია? ის ფიქრობს, რომ პირიქით – 2009 წელს მურმან დუმბაძის რძლობის გამო გაუშვეს სამსახურიდან. „მე ჩემს ადგილზე დავბრუნდი ახლა“, – ამბობს მარინა ბერიძე, რომელიც 2009 წლამდე საქმის წარმოების განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.

 

 

„ჩემს ადგილზე“ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ვლადიმერ მამულაძე მუშაობდა. მარინა ბერიძის დანიშვნის შემდეგ, სხვებისგან განსხვავებით, ამ მოხელემ სამსახური შეინარჩუნა, ოღონდ წამყვან სპეციალისტად ჩამოაქვეითეს.

 

 

ვლადიმერ მამულაძისგან განსხვავებით სამსახური ვერ შეინარჩუნა აბესალომ ასლანიძემ – უმაღლესი საბჭოს კაბინეტის ყოფილმა უფროსმა: „ჯერჯერობით შვებულებაში ვარ. ჩემი მოლოდინი ის არის, რომ განცხადება დაწერილი მაქვს გათავისუფლებაზე. როცა ოჯახს ჩემი ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონდა, წასვლის სურვილი არ შეიძლება მქონოდა, მაგრამ მგონი ნორმალურია ჩემი წასვლა – ახალი თავმჯდომარე მოვიდა და თავისი კაბინეტის უფროსი სჭირდება“.

 

 

აბესალომ ასლანიძე ვლადიმერ ხუბულავამ შეცვალა. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ვლადიმერ ხუბულავა ვარაუდობს, რომ მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე კონკურსი მაქსიმუმ 4 თვეში გამოცხადდება.

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოს 9-წლიანი არსებობის პერიოდში თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი არც ერთხელ არ გამოუცხადებია. აქამდე მოხელეები დეპუტატების სურვილების მიხედვით ინიშნებიან.

ბლიცინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

როსტომ შერვაშიძე
როსტომ შერვაშიძე

როსტომ შერვაშიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ ზუსტად ერთი თვის წინ წარადგინეს. ბლიცინტერვიუში იგი განმარტავს, რატომ გადაწყვიტა ბელორუსში ბიზნესის მიტოვება და საჯარო სამსახურში მუშაობა. 

 

ბატონო როსტომ, რატომ დაგნიშნეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე?

რა გითხრათ, რატომ დავინიშნე, მომიწვიეს და დამნიშნეს. 3-4 წელი ბელორუსში ვიყავი, იქ ვმუშაობდი. დამირეკეს და მითხრეს, თუ ვიმუშავებდი მინისტრის მოადგილედ. გამოცდილება მაქვს ყველანაირი, დაწყებული კოლმეურნეობის თავმჯდომარეობიდან, დამთავრებული ბიზნესით, სულ სოფლის მეურნეობის ხაზით ვმუშაობდი.

 

 

საქართველოში სამსახური ვინ შემოგთავაზათ?

სამსახური რა… ჩამოვედი და არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. მინისტრმა შემომთავაზა, თუ ვიმუშავებდი ჩემი გამოცდილებით.

 

 

თქვენ დეპუტატ მურმან დუმბაძის დეიდაშვილი ხართ. ამან გავლენა თუ იქონია თქვენ დანიშვნაზე?

მერე რა დეიდაშვილი, ვარშალომიძეც ჩემი ნათესავი იყო, მაგრამ არ მიმუშავია. დეიდაშვილობით რა არის, მაგი ვერ გავიგე ახლა. მურმან დუმბაძეს ჩემთან საუბარი არ ჰქონია მაგაზე, მე მომიწვია ბატონმა ზაურ ფუტკარაძემ, მინისტრმა. ჩამოვედი სამი თვის წინ, არჩევნებში ვმონაწილეობდი აქტიურად და შემდეგ მივიღე წინადადება. სხვათა შორის, რამდენიმე პოსტი შემომთავაზეს, მაგრამ სოფლის მეურნეობაზე შევჩერდი.

 

 

მინისტრთან მანამდე გქონდათ პირადი ნაცნობობა?

ნაცნობობა როგორი მქონდა – მეგობრები არ ვიყავით, მაგრამ ვიცნობდი შორი-ახლოს. დეიდაშვილი ხომ… შერვაშიძეების ნათესავია მთელი აჭარა – ვარშალომიძეები, გვარიშვილები, ჯაყელები, დუმბაძეები, შეიძლება თქვენც ჩემი ნათესავი იყოთ. მაგით ხომ არ განისაზღვრება, არა? დეიდაშვილი ვარ, მაგრამ მურმან დუმბაძეს ჩემ დანიშვნაში მონაწილეობა არ მიუღია, გაუკვირდა კიდეც, თუ როგორ მოვხვდი. მე ბატონმა ზაურმა მომიწვია. არჩევნების მერე ჩავედი მინსკში, მერე დავბრუნდი და დავთანხმდი მუშაობას.

 

 

ბელორუსში რა ბიზნესი გაქვთ?

რესტორანი მქონდა და სავაჭრო ფირმა – საქონელი გადამქონდა. საქართველოში არ გვაძლევდნენ უფლებას, აწი გვექნება. მე ბიზნესი სულ მქონდა, კომუნისტებიდან მოყოლებული. ახლა ჩემი ძმა მოსკოვში ცხოვრობს და ის უყურებს ამ ბიზნესს. თქვენ არ იცით გორაზე რესტორანი რომ მქონდა და სააკაშვილის კლანმა გამაყიდინა? აი, რესტორანი თავადური ჩემი იყო და გამაყიდინეს… ბელორუსიაში იმიტომ წავედი, რომ ოჯახი მერჩინა.

 

ნათესავები ყველა ვართ, ხალხი მაგით არ ინიშნება, ინიშნება იმით, რომ საქმე გააკეთოს. სამინისტროში ძლიერი გუნდი მოვიდა – ოთხი კაცი, მინისტრი და მოადგილეები. ადგილზე ვინც იყო, ძლიერი პიროვნებები, ყველა დავტოვეთ, რადგან მათთან მუშაობა შეიძლებდა… და არა ისე, როგორც მუშაობდნენ წინა მინისტრი თუ გუნდი მთლიანად.

 

 

ბათუმგორაზე რესტორანი მქონდაო ამბობთ, აპირებთ ამ რესტორნის დაბრუნებას?

ვაპირებ. მაგი თურქზე გააფორმეს, მაგრამ წილში ჰყავთ მთავრობა. 5 მილიონად ყიდიან, მაგრამ არ გავაყიდინე, ჩვენ ის თანხა არ მოგვცეს, რაც დავხარჯეთ.

 

ბიოლის ფონდის დისკუსია პრესკაფეში

ანონსი 

დღეს, პარასკევს,  18:30 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ბათუმში აწყობს საჯარო დისკუსიას თემაზე:


ქართული საზოგადოების ინკლუზიურობის შესაძლებლობები: განსხვავებულობის მიმღებლობის კულტურული და სამართლებრივი ასპექტები 

 

ძირითადი მომხსენებლები: ლევან აბაშიძე – ლაბორატორია 1918 (თბილისი);  თამარ გურჩიანი – სამოქალაქო აქტივისტი, უფლებათა დამცველი (თბილისი);  ასლან ჭანიძე – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (ბათუმი)

 

მოდერატორი: რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი – რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი (ბათუმი)


დასწრება თავისუფალია. 



მისამართი: პრეს-კაფე (ბათუმი, მელაშვილისა და საბაჟოს ქუჩების კვეთა 2/1)

ინფორმაცია წარსული დისკუსიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ-გვერდზე: www.ge.boell.org

 

 

აჭარის ტელევიზიაში მე-13 ხელფასი გაიცემა

ლელა დუმბაძე 

 

აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველად 19 საკითხი იყო გამოტანილი, თუმცა სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ღიად მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა მოხდა, რომელიც აჭარის ტელევიზიას შეეხებოდა.

 

დღეს დამტკიცდა ტელევიზიის დროებითი ბიუჯეტი. ტელევიზიის წარმომადგენლის ვახტანგ ქავთარაძის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის ბიუჯეტში 923 ათასი ლარის  ეკონომია გაჩნდა. „დაგეგმილი იყო სტუდიის რემონტი, რომელიც არ განხორციელდა, შემცირდა ოფისის და მივლინებების, გადამცემი სადგურების და ელექტროენერგიის ხარჯები, რის შედეგადაც ტელევიზიის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარიდან, ოთხ მილიონ ლარზე ჩამოვიდა. გარდა ამისა, მზადდება ორი საახალწლო გადაცემა, რომელზეც გამოცხადებული იყო ტენდერი და გაიმარჯვა „თი ბი სი სტუდიამ“, სატენდერო თანხა შეადგენდა 860 ათას ლარს, ტენდერის შედეგად კი ეს თანხა 84 ათას ლარზე დავიდა“  – განაცხადა ვახტანგ ქავთარაძემ.

 

 

აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელმა  მთავრობას ტელევიზიის უშტატო თანამშრომლებზე გასაცემი ე.წ  „მე-13 ხელფასის“, სულ 145 ათასი ლარის დამტკიცება სთხოვა, რაზეც მთავრობა დათანხმდა. წინააღმდეგი მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, გიორგი თავართქილაძე იყო. მისი განცხადებით, „მე-13 ხელფასი“ მანკიერი პრაქტიკაა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ: „ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. შეუძლებელია ტელევიზიაში 46 შტატი იყოს და 150 კაცი უშტატოდ მუშაობდეს. ეს არ არის მიზანშეწონილი, უნდა ჩამოყალიბდნენ და განსაზღვრონ, რამდენი თანამშრომელია საჭირო ტელევიზიისთვის“.

 

 

მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით, რადგან ტელევიზიის სტატუსი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ხელისუფლება არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, „ვთანხმდებით იმაზე რომ უშტატო თანამშრომლებზე პრემიების გაცემის საკითხი არასწორია, მაგრამ იმედია დეკემბერში თუ არა, თებერვალში მაინც გადაწყდება ტელევიზიის სტატუსის საკითხი და სამომავლოდ შტატების საკითხიც დარეგულირდება“. 

 

კონკურსი მოსწავლეებისთვის

 ახალი მედია, სოციალური ქსელები, სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ბლოგები, ფოტოგრაფია, ვიდეოგადაღება – 6 თვის განმავლობაში სასკოლო ასაკის 24 მოზარდი ისწავლის როგორ გამოიყენოს ინტერნეტი: არა მხოლოდ გასართობად, არამედ ინფორმაციის შექმნისა და გავრცელებისთვის. 
კონკურსში მონაწილეობის სპეციალური განაცხადის ფორმა   (ჩამოსატვირთად დაკლიკეთ ბმულს) განთავსებულია ვებგვერდზე: batumelebi.ge

 

 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 18 ნოემბერი.

პროექტი „მედიაწიგნიერება“ ხორციელდება საერთოშორისო კვლევებისა და გავლების საბჭოს ( IREX ) მხარდაჭერით. 

 

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ბათუმი, მ. აბაშიძის ქუჩა #48

„გაზეთ ბათუმელების” რედაქცია 

ტელ.: 27 45 12

რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას

თბილისში, სპორტის სასახლის წინ, ევანგელისტი მქადაგებლის დევით ჰეთევეის საჯარო ქადაგებისას მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დარბაზის შესასვლელ კარებთან იდგნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, არ დასწრებოდნენ  უცხოელი მისიონერის ქადაგებას. ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს „ეროვნული სარწმუნოების“ დამცველებად მიიჩნევდნენ, ხალხს მოწოდებებთან ერთად წერილობით გზავნილსაც აცნობდნენ. „…ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი, არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმის, ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირების“ –  ეწერა მათ მიერ გავრცელებულ ტექსტებში, რომელსაც ისინი პატრიარქის გაფრთხილებას უწოდებდნენ. „განა რას გიხდიან, სულს რომ ყიდით“ – ამბობდა ერთ-ერთი მამაკაცი. „იესო უფალია, როგორც თქვენ გწამთ, ისე გვწამს ჩვენც“ – იყო პასუხი.

„პროზელიტიზმი“ ბერძნული სიტყვაა და სხვების საკუთარ რწმენაზე მოქცევისკენ სწრაფვას ნიშნავს. საერთაშორისო სამართალი კრძალავს ადამიანის რწმენაში უხეშ ჩარევას და იძულებას, რაც დანაშაულად მიიჩნევა. თუმცა დღეს ქრისტიანული ეკლესიები ამბობენ, რომ პროზელიტიზმის პრობლემა არ დგას, რადგან ადამიანები არჩევანს საკუთარი სინდისის კარნახით აკეთებენ. მართლმადიდებლური ეკლესია კი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში პროზელიტიზმის ანუ რელიგიური გადაბირების პრობლემა დგას. „ის, რომ მე სახლში ვარ, ვისვენებ და შენ მიკაკუნებ იმისთვის, რომ ღმერთზე მელაპარაკო, ეს არის პროზელიტიზმი“ -ამბობს მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი გიორგი მამალაძე, ბარბარეს ტაძრის წინამძღვარი. მისი აზრით, პროზელიტიზმია არსებული რელიგიის ინტერპრეტაციით სწავლებაც. გადაბირებაა, როდესაც ადამიანებს აძლევ მატერიალურს ანგარებით. მე, როგორც მოძღვარს, მაქვს ფაქტები, როდესაც ადამიანებს უთქვამთ, რომ ერთი კილო ბრინჯისა და ხორცის გამო შეიცვალეს რწმენა. იგივე ისლამური სასწავლებლები, რომლებიც ეწევიან მატერიალურ დაინტერესებას ადამიანების და გაჭირვებული ოჯახებიდან მიჰყავთ ბავშვები სასულიერო სასწავლებლებში სასწავლებლად.“

 Symbols of the Three Monotheistic Religions - Image by Sebastien Dusarmaux/Godong/Corbis
Symbols of the Three Monotheistic Religions – Image by Sebastien Dusarmaux/Godong/Corbis

დეკანოზის თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია არც საჯარო ქადაგებებს მიმართავს: „ამას ჩვენ ამბიონიდან ვაკეთებთ. მაგრამ თუ გვაქვს ისეთი ქვეყნები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ტომებად ცხოვრობენ, მაგალითად, აფრიკაში, ვიყენებთ პრინციპს – „წადით და მოიმოწაფეთ ყოველნი“. თუმცა კათოლიკე მისიონერების მიერ ჩატარებული საჯარო ნათლობები ინდოეთსა და აფრიკაში არის პროზელიტიზმი, რადგან ისინი ადამიანებს გაუცნობიერებლად ნათლავენ“.

„ჩვენ უნდა გვეშინოდეს არაკეთილსინდისიერი პროზელიტიზმის და არა ზოგადად რწმენის გავრცელების და ღმერთის სიტყვის ქადაგების“  – ამბობს „ქართველ მუსულმანთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე. მისი აზრით, ყველა რელიგიის პრინციპი პროზელიტიზმია:

„მთავარია, ადამიანის რელიგიური გრძნობები არ იქნეს ვინმეს მხრიდან ბოროტად გამოყენებული, მაგალითად, პოლიტიკური მიზნით. თუკი ასეთი რამ არსებობს, ეს არის პრობლემა, თუმცა არა მგონია რომელიმე ქვეყანა საქართველოში რელიგიური ექსპანსიით დაინტერესდეს“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, ექსპანსიის ყველაზე ეფექტური ფორმა თანამედროვე მსოფლიოში არა რელიგიური, არამედ ეკონომიკური თემაა: „დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თურქეთს შესაძლებელი ჰქონდეს ექსპანსიური ინტერესები აჭარაში, ეს დანამდვილებით არავინ იცის. მაშინ იგივე შეგვიძლია ვთქვათ რუსეთზე. თურქული ექსპანსიის დროს აჭარაში 20 მეჩეთი აიგო, საბჭოთა პერიოდში კი – 200, იმიტომ, რომ რელიგიური ნიშანი პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოეყენებინათ. მთავარია, ჩვენ თვითონ არ გავაუცხოოთ სხვა აღმსარებლობის ადამიანები“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, დღეს პროზელიტიზმი, თანაც იძულებითი, დომინანტი ეკლესიის მხრიდან უფრო შესამჩნევია, ვიდრე – სხვა აღმსარებლობის მორწმუნეების: „როცა იძულებულს გხდიან, რომ გახდე მართლმადიდებელი, ეს არ არის პროზელიტიზმი? აუცილებელი არ არის თავში ჩაგარტყან, დისკრიმინირებული მდგომარეობაც იგივეა“.

ტარიელ ნაკაიძის აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლებების დაცვა: „თვითონ შეგვიწყოს ხელი და ბიუჯეტიდან დაგვეხმაროს პრობლემების მოგვარებაში, მაშინ აღარ იქნება საუბარი უცხოურ შემოწირულობებზე. სულ აპელირებენ იმაზე, რომ თურქეთს აჭარიდან 12 000 სკოლადამთავრებული მიჰყავს და აფინანსებსო. ამდენი მოსწავლე საერთოდ თუ სწავლობს აჭარაში. თურქეთში მარტო მუსულმანები არ მიდიან. წელს 17 000 სტუდენტისთვის გამოაცხადა თურქეთმა სტიპენდიები და საქართველოდან 250 სტუდენტი წავიდა. მათ შორის თბილისიდან და გორიდან. იმიტომ, რომ თბილისში გაცილებით ძვირია ცხოვრებაც და სწავლაც. თეოლოგიის ფაკულტეტზე აქედან 20 სტუდენტი თუ იქნება, ყველა რელიგიურ განათლებას კი არ იღებს, ასეთი სტიპენდიები ყველა უნივერსიტეტს აქვს თურქეთში უცხოელებისთვის. აჭარელი რომ სწავლობს თურქეთში, პრობლემაა და თბილისელი რომ სწავლობს  – არა? თუკი ვინმეს აქვს შიში, რომ მრევლს დაკარგავს, ესე იგი, მას არ ჰყავს მყარი მრევლი. ვინც შეიცვალა რწმენა და მართლმადიდებლობა მიიღო, იცით რა არის მათი არგუმენტები? არა ის, რომ ქრისტიანობაში იპოვა ჭეშმარიტება, ქართველი ვარ და ამიტომ უნდა ვიყო ქრისტიანიო, მეუბნებიან“.

რატომ იცვლიან ადამიანები რწმენას? პროტესტანტული ეკლესიის პასტორის, ვარლამ რამიშვილის აზრით, ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: „პირველი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის ფორმალური მდგომარეობა პირველ რელიგიაში. მეორე ის, რომ ადამიანი შეიძლება იცვლიდეს რელიგიას ამბიციებისა და პირადი ინტერესების გამო. როდესაც ქრისტემ ხუთი ათასი კაცი დააპურა, უთხრა მათ, თქვენ იმიტომ მომდევთ, რომ დაგაპურეთო. მესამე მიზეზი შეიძლება იყოს იძულება. შეიძლება დღეს აღარ კლავენ ადამიანებს მაგრამ, ისეთ მდგომარეობაში ვარდება, იძულებულია, მიატოვოს თავისი რწმენა. ის შეიძლება აღმოჩნდეს მენტალური დევნის ქვეშ. ჰაინე იყო ებრაელი, მაგრამ ლუთერანი გახდა, რომ გერმანიაში რაიმესთვის მიეღწია, რადგან ძალიან შევიწროვებულნი იყვნენ მაშინ ებრაელები. და რწმენის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს პერსონალური, გულწრფელად მიიღოს რაღაც ახალი, უფრო სულიერი, რადგან ძველ რწმენაში იმედგაცრუება ნახა“.

თამაზ ხაჯიშვილი, ქრისტიანული ეკლესია „მადლიერის“ პასტორი: „რწმენა ადამიანის სუბიექტური მდგომარეობა და არჩევანია. ადამიანს საბოლოოდ მაინც იმ კითხვაზე სურს პასუხის მიღება, რა იქნება სიცოცხლის შემდეგ. თუკი ვერ აძლევს ეკლესია ამაზე პასუხს, უნდა წავიდეს. “

თამაზ ხაჯიშვილი ეკლესიების მხრიდან ადამიანების მატერიალურ დაინტერესებას გამორიცხავს: „მეეჭვება, რომ მატერიალურის გამო ვინმე მიდიოდეს ეკლესიაში. მატერიალურს ვერც მისცემს ეკლესია, რადგან ამის რესურსი არც არსებობს. საჯარო ქადაგების უფლებას კი იესო გვაძლევს და მისი პირველი დავალებაც ეკლესიის მიმართ ეს იყო: „წადით და მოიმოწამეთ მთელი ქვეყნიერება“.

პროზელიტიზმთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია იეჰოვას მოწმეების მისამართით ისმის, რადგან საჯარო ქადაგებების ყველაზე გამოხატულ ფორმას, კარდაკარ ქადაგებას მისდევენ. თუმცა ისინიც, როგორც სხვა კონფესიების წარმომადგენლები, მიიჩნევენ, რომ აზრის, რელიგიური შეხედულებებისა და ინფორმაციის გავრცელებაში თავისუფალნი არიან: „საჯარო ქადაგება ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა. ჩვენი ამოსავალი წერტილიც სახარების სიხარულის გადაცემაა ადამიანებისთვის“. მატერიალურ დაინტერესებას კი გამორიცხავენ: „მარადიული ცხოვრების გარდა რა უნდა შესთავაზოს ეკლესიამ ამაზე უკეთესი ადამიანებს. ისინი, ვინც ავრცელებენ ინფორმაციებს, რომ ჩვენ დოლარებს ვურიგებთ თურმე მორწმუნეებს და ამით ვაინტერესებთ, ყოველთვის ილაპარაკებენ, მაგრამ ადამიანი თვითონ ირჩევს, საით წავიდეს“ – ამბობს მანუჩარ ციმინტია.

„მორწმუნეების გადაბირებას არასდროს მიმართავს კათოლიკური ეკლესია. ჩვენ გვირჩევნია, მორწმუნე დარჩეს იმ ეკლესიის ერთგული, სადაც ის მოინათლა, მაგრამ ადამიანის სინდისი თავისუფალია და არჩევანს ვერ ავუკრძალავთ“ –  ამბობს გაბრიელ ბრაგანტინი, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი ბათუმში.

კათოლიკური ეკლესია ბევრ სოციალურ პროექტს ახორციელებს. აქვს საავადმყოფოები, მოხუცთა და უსახლკაროთა თავშესაფრები და საქველმოქმედო აქციები: „1992-1994 წლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, ეკლესიამ ათასობით ადამიანს აღმოუჩინა დახმარება, მაგრამ ეს იმიტომ არ კეთდება, რომ ვინმე გადავიბიროთ, არამედ იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობს“.

გაბრიელ ბრაგანტინის აზრით, დღეს მართლმადიდებლური ეკლესია უფრო მიმართავს პროზელიტიზმს, ვიდრე სხვა ეკლესიები: „თუ ხარ ნამდვილი ქართველი, უნდა იყო მართლმადიდებელი – ეს შეიძლება ჩაითვალოს მენტალურ ძალადობად. დღეს უფრო ბევრს საუბრობენ ნაციონალიზმზე, ვიდრე ადამიანის უფლებებსა და სინდისის არჩევანზე“.

საუბრობენ ქართულ ტრადიციაზე, მაგრამ რა არის საქართველოს ნამდვილი ტრადიცია? „ერთი ერი და ერთი რელიგია, თუ ის, რომ რელიგიებს შორის უნდა იყოს თანამოზიარეობა და ურთიერთგაგება?!”  –  კითხულობს კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი.

თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, პროზელიტიზმი პრობლემა არ არის. „ეს არის სარწმუნოების გავრცელების აქტიური ფორმა, რაც ყველა რელიგიისთვის დამახასიათებელია. რელიგია და კონფესია არ არსებობს გავრცელების გარეშე. პროზელიტები ადრეულ საუკუნეებში ახალმოქცეულ ქრისტიანებს ეწოდებოდათ. თეოლოგიური თვალსაზრისით, პროზელიტიზმი ეკლესიებს შორის შეთანხმების საკითხია და როგორც ვიცი, ამ შეთანხმებას საქართველოში კათოლიკური, პროტესტანტული თუ სომხური ეკლესიები არ არღვევენ. თუმცა მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს, გადმოიბიროს არამართლმადიდებლები, როგორც მატერიალური, ასევე მენტალური თვალსაზრისით“. მინდიაშვილის შეფასებით, ამის მაგალითია პატრიარქის განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ ის, ვინც არ არის მართლმადიდებელი, არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მოღალატეა საკუთარი ქვეყნის: „ეს არის მენტალური ძალადობა და ანტიქრისტიანული მოვლენა. თუმცა ესეც  ადამიანის პირადი სფეროა, ან წამოეგება ამ რიტორიკას, ან გააკეთებს არჩევანს საკუთარი სურვილის მიხედვით“.

რაც შეეხება მატერიალურ დაინტერესებას, ბექა მინდიაშვილის აზრით, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ქველმოქმედება: „სკოლების ან საავადმყოფოების გახსნა არ შეიძლება ჩაითვალოს მოსყიდვად, რადგან ეს არის ეკლესიის ჩვეულებრივი საქმიანობა. პირიქით, ნებისმიერი სოციალური აქტივობა მისასალმებელია და ევროპული გამოცდილება მთლიანად ამაზეა აგებული, სადაც სოციალური სფერო ძალიან მჭიდროდ არის გადახლართული ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებასთან“.

ბათუმელი ადვოკატების პროტესტი

ადვოკატები საპროტესტო აქციაზე
ადვოკატები საპროტესტო აქციაზე



ბათუმში მოქმედი 20-მდე ადვოკატი საქალაქო სასამართლოსთან პროტესტის მიზნით შეიკრიბა. ისინი აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად ავთანდილ კილაძის სავარაუდო დანიშვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, წარმოუდგენელია ზვიად ფხაკაძის შემცვლელი იყოს ავთანდილ კილაძე.

 

თუ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური დევნილები, თუ ქვეყანაში გვყავს უკანონო პატიმრები და ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენაზე  აქვს პრეტენზია, არ შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ავთანდილ კილაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას წლების განმავლობაში. ის ბათუმის პროკურორად 7 წელი მუშაობდა“, – ამბობდნენ სასამართლოსთან შეკრებილი ადვოკატები.

 

თუ არსებობს რაიმე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი, რომელიც ავთანდილ კილაძის სახელს უკავშირდება? – ამ კითხვაზე ადვოკატები პასუხობენ, რომ არაერთი ასეთი ფაქტი იციან. „ჩვენ ვერ შევითავსებთ გენინსპექციის ფუნქციებს და ვერ დავიწყებთ მტკიცებულებების შეგროვებას. ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს და არც ის გვინდა, რომ მუდმივად პროტესტის რეჟიმში ვიყოთ. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ზედმეტი ჭიდილის გარეშე შევასრულო“, – თქვა ადვოკატთაგან ერთ-ერთმა, რამინ პაპიძემ.

 

ავთანდილ კილაძე „ბათუმელებთან“ არ ადასტურებს მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაციას. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოში მუშაობს. „განიხილება არ განიხილება ჩემი დანიშვნის საკითხი ვერ გეტყვით, ამ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობა იღებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ავთანდილ კილაძემ.



არჩილ ხაბაძემ გამგებლები და მინისტრები გააფრთხილა

სხდომაზე არჩილ ხაბაძე შეეხო აჭარის ტელევიზიის სტატუსის საკითხსაც, რომელიც მისი განცხადებით, შემაფერხებელი ფაქტორია ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში. „როგორც ვიცი ეს საკითხი პარლამენტში ბიუროს სხდომაზე გავიდა და მიმდინარეობს კომიტეტებში განხილვა, მაგრამ სესიები 17-იდან 22 დეკემბრამდეა და შესაძლოა წელს ვერ მოესწროს ტელევიზიიის სტატუსის განხილვა. თუ ასე მოხდა, მაშინ ტელევიზიის მუშაობა რომ არ შეფერხდეს, დროებითი ბიუჯეტი უნდა დავამტკიცოთ, იანვარ-თებერვალში კი ცვლილება შევა, ან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ“.

 

არჩილ ხაბაძემ სხდომაზე მაღალმთიან რეგიონებში გზების პრობლემაც დააყენა. როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, მათ არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა, განსაკუთრებით ზამთარში, რომელიც გზების გაწმენდას უზრუნველყოფს. სხდომაზე დაისვა ეკომიგრანტებისა და სოციალური სახლების მშენებლობის საკითხიც.  არჩილ ხაბაძის განცხადებით, ეკომიგრანტთა მდგომარეობა არ არის შესაბამისად შესწავლილი და ჯანდაცვის სამინისტროს ამ პრობლემის მოგვარება დაავალა. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ რამდენ ეკომიგრანტს ესაჭიროება დახმარება. ეს ციფრები მუდმივად იცვლება, ამიტომ შეისწავლეთ და ზუსტი მონაცემი დადეთ“.

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროში ძალიან ბევრი განცხადებაა შესული სოციალურ სახლებთან დაკავშირებით. „ჩვენ იმ სოციალურ სახლებში, რომელიც მაღალმთიან რაიონებში კეთდება, მხოლოდ 39 ოჯახის დაკმაყოფილება შეგვიძლია. სამინისტროში კი სულ ცოტა 1500 განცხადებაა, რომლებიც სოციალურ სახლებში ცხოვრებას ითხოვენ“. 

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ხელისუფლება  იფიქრებს იმაზე, რომ სოციალური სახლებისთვის დაფინანსება მომავალ წელსაც გამოიყოს.

 

აჭარის მთავრობის სხდომა
აჭარის მთავრობის სხდომა

„ადგილობრივ კადრებს არ ენდობიან“

გენო გელაძე
გენო გელაძე


არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივ კადრებისა და ადგილობრივ მოსახლეობის მიმართ არსებულ უნდობლობაზე ისაუბრა. „შს სამინისტროს აჭარის მთავარი  სამმართველო, საპატრულო პოლიცია, აჭარის პროკურატურა, ბათუმის რაიონული პროკურორი, ფინანსური პოლიცია, კონტროლის პალატა – ახალმა ხელისუფლებამ ყველა ამ უწყებაში არადგილობრივი კადრი დანიშნა“, – განაცხადა გენო გელაძემ.  

 

გენო გელაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ენდობა ადგილობრივ პროფესიონალ კადრებს და ადგილობრივ მოსახლეობას: „რეგიონებში გზავნიან ისეთ კადრებს, რომლებიც ცენტრში არ გამოიჩინებიან. ჩვენ ამ საკითხზე ოთხი წელია ვლაპარაკობთ, წინა ხელისუფლების დროსაც ასე ხდებოდა, მაგრამ მაშინ მინიმალურად მაინც ნიშნავდნენ ადგილობრივ პროფესიონალებს. ახლა სრულად მოწვეული კადრები დანიშნეს თანამდებობებზე“.

 

გენო გელაძისთვის უცნობია, რატომ „არ ენდობიან ადგილობრივ კადრებს“. – „ამ კითხვას ცეტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა უპასუხონ“.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით დემოკრატიის ინსტიტუტმა თავისი  მოთხოვნები ორ პუნქტად ჩამოაყალიბა: 1. ცენტრალური ხელისუფლება, აჭარის ავტონუომიურ რესპუბლიკაში სამართალდამცავ თუ სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების შერჩევისას, დაეყრდნოს ადგილობრივ რესურსებს და უნდობლობას ნუ გამოუცხადებს ადგილობრივ პროფესიონალებს.

2. აჭარის ხელისუფლებამ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, აჭარაში სამართალდამცავ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სხვა ორგანოებში ხელმძღვანელებად ადგილობრივი კადრების დანიშვნის მიზნით.

რა პრობლემებია აჭარის რაგბში? – „ბათუმი“ ბრალდებებს პასუხობს

დავით მესხიძე: ჩვენ ყოფილი სპორტსმენები ვართ და სპორტში არსებულ მდგომარეობაზე გული შეგვტკივა. ავიღოთ რაგბი, კალათბურთი, ფეხბურთი… დიდი პოტენციალი გააჩნია აჭარას, მაგრამ ეს რატომღაც შედეგებზე არ აისახება. თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ რაგბზე ვისაუბრებთ. ვთვლით, რომ რაგბისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება და ასეთი სავალალო შედეგიც სწორედ ამან განაპირობა.

 

 

არამიზნობრივ ხარჯვაში რას გულისხმობთ?

 

 

– ავიღოთ თუნდაც ის ფაქტორი, რომ სარაგბო გუნდი „ბათუმი“ ძირითადად ჩამოყვანილი მოთამაშეებითა არის დაკომპლექტებული, მათ საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს უხდიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს, გუნდს ჩემპიონატში მხოლოდ სამი მოგება აქვს. არაფერი დაშავდება იმით, თუ გუნდის ძირითად ბირთვს სწორედ ბათუმელებით დავაკომპლექტებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გაცილებით მეტი შემართებით ითამაშებენ და შედეგიც გაუმჯობესდება.

 

 

გუნდის მოთამაშეების არჩევა ხომ მწვრთნელის პრეროგატივაა? ის წყვეტს, ვინ უნდა მიიწვიოს და ათამაშოს

 

 

– გეთანხმებით და სწორედ ეს არის პრობლემა. კახა კუნჭულიას შერჩეული გუნდი შედეგს ვერ აჩვენებს.

 

 

მინდია ღლონტი
მინდია ღლონტი

მინდია ღლონტი: „დელფინები“ პირველ ლიგაში ასპარეზობს. გვყავს ისეთი მორაგბეები, რომლებიც უმაღლეს ლიგაშიც შეძლებენ მაღალ დონეზე თამაშს, მაგრამ რატომღაც ჩვენ მიმართ ყურადღებას არ იჩენენ. არავითარი პრობლემა არ გვაქვს ჩამოყვანილ ბიჭებზე, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმელებს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ გუნდისთვის. არის მეორე ფაქტორიც, ჩამოყვანილ მოთამაშეს რომ ხელფასს უხდიან, დაახლოებით 2500-2800 ლარს, იმ თანხით შეიძლება ორ ბათუმელს გადაუხადონ. თანხის ნაწილი შეიძლება და აუცილებელიცაა, ბათუმელი მორაგბეების ახალი თაობის აღზრდას მოხმარდეს, რაც ისევ ჩვენს რეგიონს გამოადგება.

 

 

იქნებ უკეთესი იქნებოდა ამ საკითხით უშუალოდ ბათუმის ხელმძღვანელობისთვის მიგემართათ?

 

 

– გვქონდა ერთობლივი შეხვედრა „ბათუმის“, „დელფინების“, აჭარის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას და დასავლეთ საქართველოს რაგბის კურატორს, რომელიც ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, რობერტ ჩხაიძის (ბათუმის ყოფილი მერი) კაბინეტში შედგა. შევთავაზეთ, ჩვენი ძალები გაგვეერთიანებინა და ორი კარგი გუნდი ჩამოგვეყალიბებინა, რომლებიც როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაშიც ღირსეულად წარსდგებოდნენ. გარდა ამისა, აუცილებელია გვყავდეს A და B ლიგის გუნდები, ასევე საფესტივალო ასაკის (ბავშვთა რაგბი) გუნდები, საერთო ჯამში კი გამოვა დიდი სარაგბო აკადემია, როგორიც ეროვნული ჩემპიონატის წამყვან გუნდებშია, თუმცა ამ თემაზე საუბარიც არ ისურვეს. ეს კი არადა, პირველი ლიგისთვის ანუ ჩვენთვის, შეჯიბრისთვის 2500 ლარი ვერ გამონახეს. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელს, გია ნიჟარაძეს მივმართეთ და დაგვპირდა, რომ ბათუმში გვესტუმრებოდა და ადგილზე გაეცნობოდა ვითარებას. უბრალოდ გული გვტკივა, რომ აჭარას, რომელსაც სარაგბო ტრადიციები გააჩნია, დღეს ასეთი სუსტი გუნდი ჰყავს. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: ქუთაისის „აია“, რომელიც დღეს ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტია, ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. გაერთიანდა ყველა, ვისაც რაგბზე გული შესტკივა, ძველი ხელმძღვანელობა, რომელმაც ვერ გაამართლა, წავიდა. ახლები მოვიდნენ ახალი გეგმებით და დღეს „აია“ თუ რა გუნდიცაა, ყველას კარგად მოეხსენება.

 

 

თქვენც ხომ არ გეგმავთ ხელმძღვანელობის შეცვლას?

 

 

– ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. დღეს აჭარის რაგბის კავშირს რობერტ ჩხაიძე ხელმძღვანელობს. ვფიქრობთ, რომ როდესაც ერთი ვერ ამართლებს, უნდა წავიდეს და ასპარეზი მეორეს დაუთმოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ წავიდეს რაგბიდან.

 

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ არიან ბიჭები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში თამაშს შეძლებენ და გუნდს გააძლიერებენ

 

 

– დიახ, და არა მარტო ისინი, ვინც ამჟამად ბათუმშია. ზოგიერთი თბილისში თამაშობს, ზოგიერთი – საზღვარგარეთ. ირაკლი ნინიძე, დავით გუგუშვილი, გიორგი თხილაიშვილი, მამუკა და ნიკა ნინიძეები, აჩიკო ალიქაძე და სერგო მოქია, რომელსაც ველაპარაკე და თანახმაა ბათუმში დაბრუნდეს.

 

 

ბათუმელები  „ბათუმის მთავარ მწვრთნელს კახა კუნჭულიას დაუკავშირდა.

 

კახა კუნჭულია
კახა კუნჭულია

კახა კუნჭულია: ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც 2000 წელს „ბათუმი ელიტის“ სახელით ჩამოყალიბა, შემდეგ გადაკეთდა აიპ „ბათუმი XV“-ად, რომელმაც 2009 წელს უმაღლესი ლიგის ფინალი ითამაშა და მეორე ადგილზე გავედით. 2010 წელს გუნდი ათმა კაცმა დატოვა, რამაც ჩვენი პირველ ლიგაში დაქვეითება განაპირობა. მოგვიანებით ჩვენზე პატრონაჟი ბათუმის მერიამ აიღო საკუთარ თავზე და დღეს ის შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ 100-პროცენტიან წილს ფლობს. პირველ ლიგაში 14-დან 14-ივე თამაში მოვიგეთ და უმაღლეს ლიგაში დავბრუნდით და სწორედ ამის შემდეგ, გუნდის გაძლიერების მიზნით დავიმატეთ მორაგბეები, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ბეგაძე.

წელს უმაღლეს ლიგაში დარჩენაზე ვიბრძვით და დარწმუნებულები ვართ, დავრჩებით კიდეც. ჩვენს უშუალო კონკურენტებს მოვუგეთ. ბევრი მოთამაშე დაგვემტვრა და უმეტესობა ბათუმელი, მათ შორის გუნდის წამყვანი მოთამაშეები გიორგი სვინტრაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩიკო მეგრელიძე, ასევე საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გიორგაძე და სხვები. ფაქტობრივად, 18 კაცით გვიწევს ასპარეზობა. რაც შეეხება მოგებებს, ქვიშის რაგბის მოქმედი ჩემპიონები ვართ, ასევე, შვიდკაცა რაგბის ყველა ფინალი გვაქვს ნათამაშევი.

ბავშვთა რაგბზეც გეტყვით, გვყავს ორი გუნდი, ერთი B ლიგაში თამაშობს, მეორე – საფესტივალო ასაკში. მომავალი წლიდან A ლიგის გუნდიც გვეყოლება.

რაც შეეხება გაერთიანებას, „დელფინების“ ყველა თამაშს ვესწრები. რომ დამენახა ისეთი მოთამაშე, რომელიც ჩვენს ბიჭებს რეალურ კონკურენციას გაუწევდა, ავიყვანდი გუნდში აუცილებლად. ნუ დაავიწყდებათ, რომ „დელფინების“ 40 პროცენტი „ბათუმი ელიტის“ აღზრდილია. არასწორად მიმაჩნია ის ფაქტიც, რომ ბათუმის გუნდში მარტო ბათუმელები უნდა თამაშობდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ კადრებს ყურადღებას არ ვაქცევთ. როდესაც ანტალიაში ვიყავით შეკრებაზე, ყველა ის მორაგბე, მათ შორის ის ბავშვებიც წავიყვანე, რომლებსაც ჩვენი კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.

მათ მიერ ჩამოთვლილი მოთამაშეები, რომლებიც თითქოსდა ბათუმში დაბრუნდებიან, კარგ კლუბებში თამაშობენ და ისეთი ანაზღაურება აქვთ, რომ აქ ვერ შევთავაზებთ. მაგალითისთვის ალიქაძეც საკმარისია, რომელიც საფრანგეთში თამაშობს და თავისი რეგიონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა. ასევეა გუგუშვილიც, რომელიც პოლონეთში თამაშობს.  თხილაიშვილმა ხუცუბანში დაიწყო თამაში, შემდეგ „ბათუმი ელიტის“ წევრი გახდა და ფინალიც ითამაშა, დღეს ის ერთ-ერთი წამყვანი მორაგბეა. ირაკლი ნინიძე, რომელიც ჩვენი წამყვანი მოთამაშე იყო, „არმიამ“ მიიწვია და მე ვიყავი პირველი, ვინც მის გადასვლას მხარი დაუჭირა. განა იმიტომ რომ გუნდში არ მჭირდებოდა, უბრალოდ მას უკეთესი პირობები შესთავაზეს და რად უნდა დამეკავებინა?!

და ბოლოს, ჩვენ სიტყვებით არ ვთამაშობთ, ჩვენ რაგბს ვთამაშობთ, დავნიშნოთ შეხვედრა „ბათუმსა“ და „დელფინებს“ შორის, იქ გამოჩნდება ყველაფერი.

ხუთი მედალი აჭარის ფალავნებს ეროვნულ პირველობაზე

66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილები დაიკავეს კობა კაკალაძემ და მალხაზ ზარქუამ; 96 კგ. წონაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ბექა ჭელიძემ; ამავე წონაში მესამე ადგილზე გავიდა მამუკა კორძაია. მძიმეწონოსანთა (120 კგ.) შორის კი არჩილ დავითაძე ბრინჯაოს დასჯერდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აჭარის ფალავნებმა ეროვნულ პირველობაზე ერთბაშად 5 მედლის მოპოვება შეძლეს. 

ასაკით უმცროსი „თავისუფლები“ კი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის ლერი ხაბელოვის სახელობის ტურნირზე დაეჭიდნენ ერთმანეთს. 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის სამი მედალი მოიპოვეს აჭარის ნაკრების წევრებმა. ჩემპიონი თორნიკე ქათამაძე გახდა (29 კგ), მეორე ადგილზე გავიდა იგორ ბერიძე (26 კგ), 32 კგ. წონით კატეგორიაში კი ლუკა ქარჩხაძეს ბრინჯაო ერგო.

Exit mobile version