სიახლეები

ფეხით დედამიწის გარშემო

18.12.2012 • 2226
ფეხით დედამიწის გარშემო

 

კაროლინ მუარო და სედრიკ გრალი ფრანგი მოგზაურები არიან. 18 თვის წინ საფრანგეთში დატოვეს სამსახური, ოჯახი, მეგობრები და მას შემდეგ ფეხით მოგზაურობენ. საქართველოში ჩამოსვლამდე ფეხით გადაკვეთეს შვეიცარია, იტალია,  ბოსნია, სერბეთი, ჩერნოგირია, ბულგარეთი და თურქეთი. შეკითხვაზე – რატომ მოგზაურობთ ფეხით? კარონილი მხრებს იჩეჩავს და კითხვითვე მპასუხობს: – „რატომაც არა?“  შემდეგ  მიხსნის: „იმიტომ, რომ გვიყვარს მოგზაურობა, ახალი ადგილები, არა ტურისტული ადგილები, ხედები და კომფორტული სასტუმროები, არამედ პატარა სოფლები, სადაც ტურისტები არ დადიან. ჩვენ მოგვწონს ხალხთან შეხვედრა, არ დავდივართ ქალაქებში, სადაც ყველა ჩქარობს და ვერ დაინახავ, როგორ ცხოვრობს ქვეყანა, სოფლებში ადამიანებს უყვართ ლაპარაკი, ურთიერთობა მათთან ადვილია და საინტერესო. ფეხით შეგიძლია წახვიდე ისეთ სოფლებში, სადაც ვერც ერთი ტურისტი ვერ მოხვდება.“

 

 

 

ღამეს სასტუმროში არ ათევენ, ტრანსპორტით არ მგზავრობენ, ამბობენ, რომ ფეხით მოგზაურობა იაფია, მხოლოდ საკვებზე უწევთ ზრუნვა. გზაზე სოფლიდან სოფელში, ქვეყნიდან ქვეყანაში ყველაზე დიდი სირთულე ამინდია. თოვლი და წვიმა არ აფრთხობთ, ფეხით დადიან და სიცივეს ვერ გრძნობენ, თუ ღამით წვიმს, თოვს ან ყინავს და კარავში ვერ გაათევენ ღამეს, ან ძალიან იაფფასიან სასტუმროს არჩევენ, ან კიდევ სოფელში, რომელიმე კეთილ მასპინძელთან ათევენ ღამეს. ასეთი მათ გზაზე ბევრია. პრობლემას არც ენის ბარიერი წარმოადგენს, სადაც ჩადიან, იმ ენაზე რამდენიმე აუცილებელ სიტყვას სწავლობენ და ეს სრულიად საკმარისია.  

 

 

კაროლინი: „ჩვენ მივდივართ ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანებმა არ იციან ინგლისური ან სხვა რომელიმე ჩვენთვის ნაცნობი ენა. თუმცა ამის მიუხედავად მათთან ურთიერთობა არ ჭირს. ადამიანები ხვდებიან, რას ვეუბნებით. ინტერესდებიან, რას ვაკეთებთ აქ. როცა ვეუბნებით, რომ საფრანგეთიდან ჩამოვედით ფეხით, უკვირთ: ფეხით საფრანგეთიდან? მართლა? – შესაძლოა ზოგს არ სჯერა კიდეც. ან სჯერათ, მაგრამ უჭირთ გაგება, რატომ ვაკეთებთ ამას. მათ სმენიათ ან უნახავთ ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ ველოსიპედით, მოტოციკლით, მაგრამ ფეხით…

 

 

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები ერთი კილომეტრის გასავლელად ტაქსში ან ავტობუსში სხდებიან. ბევრი ფიქრობს, რომ ფეხით სიარული ეს სპორტის რაღაც სახეობაა. არა, ამ მოგზაურობის მიზეზები უფრო ეკოლოგიას, ფსიქოლოგიას უკავშირდება, ვიდრე სპორტს. ჩვენ დავდივართ ფეხით, იმიტომ, რომ გვინდა შევხვდეთ ადამიანებს. არ ჩავდივართ რომელიმე ქვეყანაში, რომ ავიღოთ სასტუმროს კარგი ნომერი და ვიაროთ მუზეუმებში,  ჩვენ არ ვართ ამ ტიპის ტურისტები. ჩვენ მოგზაურები ვართ.

 

 

ეს არ არის პროექტი, ეს ცხოვრების არჩევანია. ხვალ თუ არ მომინდება ამის გაკეთება, მე შემიძლია გავჩერდე. ამას ჩემი საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, არა ვინმესთვის, ან რაიმესთვის, ვმოგზაურობ იმიტომ, რომ მე ასე მომწონს, ეს ჩემთვისაა.“ – ამბობს კაროლინი.

 

 

ისინი მარტო არ არიან. მოგზაურობისას სხვა ადამიანებსაც ხვდებიან, რომლებიც მათ მსგავსად, ფეხით მოგზაურობენ. კაროლინმა და სედრიკმაც ერთმანეთი გზაში გაიცნეს და გადაწყვიტეს, ერთად გაეგრძელებინათ მოგზაურობა.

 

სედრისკისთვის ეს პირველი მოგზაურობა არ არის, ადრეც უმოგზაურია, მერე ისევ საფრანგეთში დაბრუნდა, რომ ემუშავა, ფული შეეგროვებინა და ისევ წასულიყო. „ეს არის ის, რაც მე მინდა, საფრანგეთში ჩავდივარ, რომ ვიმუშაო, იმიტომ რომ მჭირდება ფული, მაგრამ ეს არ არის ჩემი ცხოვრება. კი, იქ არიან ჩემი მეგობრები, არის ჩემი ოჯახიც, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის საკმარისი, მეტი მჭირდება. როცა საფრანგეთში ვარ, ვმუშაობ, დავდივარ და ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. ჩვენი თვითმიზანი არ არის რაღაც დროში შემოვიაროთ რომელიმე ქვეყანა. მე არსად მეჩქარება, მე თავისუფალი ვარ, უბრალოდ დავდივარ, ვხვდები უამრავ ადამიანს, ვნახულობ ადამიანებს, ბუნებას. ადამიანები დღეს სულ ვჩქარობთ, რომ სადღაც მოვასწროთ… ჩვენ უბრალოდ გავჩერდით.“ – ამბობს სედრიკი.

 

 

„ორი წლის წინ გავიცანი ადამიანები, რომლებიც ფეხით მოგზაურობდნენ“ – მიამბობს კაროლინი, – ვერ მივხვდი, რატომ აკეთებდნენ ამას, მაგრამ გავიდა ორი წელი და მე ვთქვი – წავიდეთ! ჩემი ახლობლები ვერ ხვდებიან რატომ. ჩემი და პატარაა და ჩემი მშობლები ამბობდნენ, რომ ის გაიზრდება, სანამ მე ვმოგზაურობ, ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.  რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ეს ჩვენში იყო ისედაც, არ გვიფიქრია ისე, როგორც ხდება ხოლმე, – მინდა შევიცვალო! – უბრალოდ გვინდოდა მეტი კონტაქტი ბუნებასთან, ადამიანებთან. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ადამიანს უნდა იყოს მეხანძრე, მაგრამ სხვა რამეს აკეთებს. თუ ამას არ შეცვლი, მთელი ცხოვრება იფიქრებ, რომ შენ გინდოდა გამხდარიყავი მეხანძრე, ვიღაც სხვა, მაგრამ ეს ვერ გააკეთე, რადგან გყავდა ოჯახი, გქონდა მოვალეობები, გჭირდებოდა ფული – მაგრამ ეს არ იყო ის, რაც შენ გჭირდებოდა, რაც გინდოდა. ჩვენთვის არ იყო რთული ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ არ ვართ დაქორწინებული, არ გვყავს ოჯახი… თუმცა მე ვიცი ისეთი ოჯახებიც, რომლებიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ. თუ შენ არ ხარ ბედნიერი იმით, რასაც აკეთებ, ბრაზობ შენ სამსახურზე, შენს თავზე, როგორ შეიძლება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ისე, რომ მათ არ გაუბრაზდე?“

 

 

მათ არ იციან რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მოგზაურობა. ამბობენ, რომ იმოგზაურებენ მანამ, სანამ ეს მათ მოსწონთ. რუკაზე ხაზავენ ქვეყნებს და ადგილებს, რომელიც სურთ მოინახულონ და იქეთკენ მიდიან. საქართველოდან აზერბაიჯანში აპირებენ წასვლას, მერე კიდევ სხვაგან… გზადაგზა ჩერდებიან, ფოტოებსა და ვიდეოკადრებს იღებენ და ინტერნეტით სხვებს უზიარებენ ნანახს. სოფლებში ადამიანებს ეცნობიან, ერთი სოფლიდან მეორეში გადადიან ბილიკებით და ეს გზა გრძელდება.

 

კაროლინი ამბობს, რომ დაახლოებით ათი წელი იქნება საჭირო, რომ ყველა ქვეყანა მოიაროს, მაგრამ მისი მიზანი ეს არ არის, მას უბრალოდ მოგზაურობა სურს: „მოგზაურობა ცვლის ადამიანს, ეს გონებას ცვლის და შენ ხედავ ყველაფერს უფრო ცხადად. მე არ ვჩქარობ. მე შემიძლია დღეში ვიარო ერთი საათი, ორი საათი ან უფრო მეტიც, ამას ჩვენ ვწყვეტთ. როცა ჩვენ ვხვდებით შესანიშნავ ადამიანებს, ჩვენ ვჩერდებით და უფრო დიდხანს ვრჩებით მათთან, ჩვენ ვირჩევთ. ხალხი ფიქრობს, რომ ეს ძნელია, მაგრამ არა, ეს ძალიან ადვილია.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: