Batumelebi | აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა – Batumelebi
RU | GE  

აჭარაში პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი დაფუძნდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გააერთიანებს და მათ სპორტში ჩართვაში შეუწყობს ხელს. კომიტეტის პრეზიდენტად გოჩა მუხაშავრია აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტად – ლევან ჯიოშვილი და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარია, გენერალური მდივანი კი ტიგრან ბირიუკოვი იქნება, რომელიც მის განკარგულებაში მყოფ დარბაზს დაუთმობს სპორტსმენებს.. 


ლევან ჯიოშვილი: „კომიტეტის დაფუძნების იდეა ადრეც გვქონდა, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ მოხერხდა, თუმცა ეს ხარვეზებიც გამოსწორდა უკვე. გვექნება ურთიერთობა რუსეთის პარაოლიმპიურ კომიტეტთან, რომელსაც ბათუმელი ავთანდილ ბარამიძე თავკაცობს, ასევე სანკტ-პეტერბურგის ორგანიზაციასთან, რომელსაც მისი ძმა, მერაბ ბარამიძე უდგას სათავეში. ძირითადი აქცენტი სპორტის ისეთ სახეობებზე გაკეთდება, როგორებიცაა: ცურვა, მშვილდოსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ძიუდო, ფეხბურთი. სხვათა შორის, ბათუმელი გოჩა ძიმისტარიშვილი, რომელიც რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, სიდნეის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონია ფეხბურთში, აგრეთვე, ის მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. ასე, რომ კონსულტაციები მასთანაც გვექნება. რაც შეეხება დაფინანსებას, მას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოწვევის მიუხედავად, შეხვედრას დეპარტამენტის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია,“ – დასძინა ლევან ჯიოშვილმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე