ხულოს გამგებელი დავით ჭელიძე საკუთარ კაბინეტში იმყოფება და როგორც მან „ბათუმელებს“ სატელეოფონო საუბარში განუცხადა, აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს. მისივე თქმით აქციის მონაწილეების მოთხოვნა მისი გადადგომის თაობაზე დანიშვნის პერიოდს უკავშირდება: „მეუბნებიან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ხარ დანიშნული და უნდა წახვიდეო. მიუხედავად იმისა რომ უპარტიო ვარ.“
„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის რამაზ ძირკვაძის განმარტებით აქციის მონაწილეების მოთხოვნა სამართლიანია, რადგან დავით ჭელიძეს აქვს კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“: „ ამ პარტიის წარმომადგენლები ხალხს სახლში უვარდებოდნენ დაშინების მიზნით და და ბევრ უსამართლო ქმედებას სჩადიოდნენ. თავად გამგებელი კი რომ ამბობს, არ ვარ ნაციონალიო, არ არის მართალი. ის იყო ხულოს საკრებულოს წევრი ნაციონალებიდან და გამგებლის თანამდებდებობაზეც ნაციონალებმა დანიშნეს, თუმცა მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ძალადობას, რაშიც ვვარაუდობ, რომ ეს აქცია შეიძლება გადაიზარდოს, ვაპირებ თხოვნით მივმართო ჩვენს მომხრებს, რომ მოვლენები ასე არ განვითარდეს“
„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით ხულოს საკრებულოში კოალიციას უკვე აქვს საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ გამგებლის გადაყენების საკითხი საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დადგეს: „ამ შემთხვევაში კი გამგებლის გადაყენება კანონიერი იქნება.“
უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმის იუსტიციის სახლთან ყოფილი პატიმრები ბათუმის ყოფილი პროკურორის, ამჟამად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ავთანდილ კილაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.
შოთა კაკულიას განცხადებით, სამი კვირის წინ, არჩილ კბილაშვილის ბრძანებით, შეიქმნა 12 კაციანი კომისია რომელსაც პროკურატურაში შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა დაევალა. „სწორედ ამ კომისიის ფარგლებში, მთავარი პროკურორის მითითებით ჩამოვედით და გავესაუბრეთ თითოეულ მოშიმშილეს და სხვა მოქალაქეებსაც. ამ ეტაპზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული, მხოლოდ მოკვლევა მიმდინარეობს და იმ საქმეების შესწავლა, რომლებზეც არსებობს პრეტენზიები“.
„ძირითადი მოთხოვნა იმიტომ არის ავთანდილ კილაძეზე, რომ ის იყო ბათუმის პროკურორი და ყველა ჩვენ, ვინც უკანონოდ ვიყავით პატიმრობაში, მოვითხოვთ იმ პროკურორების გადადგომას, რომლებსაც ამ უკანონობაში აქვთ წვლილი. ჩემ საქმეზე პროკურორები იყვნენ ავთანდილ ჭარბაძე და ავთო კოჭლამაზაშვილი, რომლებმაც უკანონოდ მოახდინეს ჩემი წამება, ნარკოტიკის ჩადება და სამი წელი და ექვსი თვე გამატარებინეს ციხეში“ – ამბობს ყოფილი პატიმარი მერაბ გორგაძე.
აქციის ორგანიზატორი და ყოფილი პატიმარი, დავით კუკულაძე კი ამბობს: „ავთო კილაძის მამამ ბანერი ჩამოგვიგლიჯა და არასწორად, ნივთის დაზიანების მუხლით დააკვალიფიცირეს ეს მოქმედება. მე სანქცირებულ აქციას ვატარებ და მან შემიშალა ხელი ჩემი კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში. ამაშიც ვერ დაგეხმარებითო და ეს რანაირი გენერალური ინსპეციაა“.
პროკურორი ავთანდილ კილაძე განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას არ აპირებს: „ჩამოსულია გენინსპექცია, თუკი აღმოჩენილი იქნება კანონდარღვევა ან რაიმე სხვა დანაშაული, ბუნებრივია გადავდგები. თუმცა, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არც ერთი პოლიტპატიმარი ჩემს ზედამხედველობით უწყებას არ ჰყოლია. შიმშილობის აქცია კი არის სპექტაკლი, რადგან მათი პროტესტი გამოიხატება რამდენიმე საათით კარავში კოფნით, შემდეგ მათი პირადი საქმეებით არიან დაკავებული“.
ავთანდილ კილაძე ასევე უარყოფს მოშიმშილეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია. ამ ფართობიდან 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 0.6 ჰექტარი სახნავი და 0.62 ჰექტარი საძოვარი ფართობი მოდის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიწების პრივატიზაცია და გაყიდვა 2012 წლის დეკემბერში შეაჩერა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს პროცესი მიწის კოდექსის ამოქმედებამდე არ განახლდება.
ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია, იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებმა გაძვირება დაიწყო.
„სასოფლო–სამეურნეო მიწის კომერციული ფასი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასზე მაღალია. თუ სახელმწიფოს აუქციონზე 1 კვადრატული ფართობის მიწა 10 თეთრად გამოჰქონდა, ამ პროცესის შეჩერების შემდეგ, მიწის კომერციული ფასი 10 ცენტიდან – 30 ცენტამდე იცვლება“, _ ამბობს კონსალტინგურ-საშუამავლო კომპანია „პრივატ სერვისის“ ხელმძღვანელი ვაჟა ცუცქირიძე.
თუმცა ეს ფასი პირობითია, რადგანაც ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მიწაზე ფასს მისი დანიშნულება განსაზღვრავს. არის სხვადასხვა კატეგორიის მიწა: სახნავ–სათესი, ბოსტნეულის და ხეხილის მოსაყვანი. ეს იყოფა კიდევ ქვეკატეგორიებად: სარწყავი და ურწყავი.
ვაჟა ცუცქირიძის განმარტებით, სახნავ–სათესი მიწების ძირითადი კულტივაცია ხორბალი და სიმინდია: „ურწყავ რეგიონებში, ძირითადად კახეთში, მიწის ერთი კვადრატის ფასი 10 ცენტიდან იწყება და ჰექტარის 1000 დოლარიდან – 2000 დოლარამდე მერყეობს. ეს არის საშუალო ფასი. არის იაფი მიწები, რომელიც გზიდან და მოსახლეობისაგან დაცილებულია. თუ მიწის პატარა ფართობი იყიდება მაშინ ფასი კვადრატზე 1-3 დოლარსაც უტოლდება.“
საქართველოში შავმიწანიადაგიანი მიწები, სადაც ბოსტნეული მოჰყავთ გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა და აქ ფასს ის განსაზღვრავს, თუ რამდენად შორს არის სარწყავი სისტემებისგან და ახლოსაა მოსახლეობასთან და გზასთან.
ვაჟა ცუცქირიძე ამბობს, რომ ასეთი მიწების ჰექტარის ფასი 3 000 დოლარიდან 6 000 დოლარამდეა. რაც შეეხება იმ მიწებს, სადაც ხეხილის ბაღებია გაშენებული, აქ მიწის ფასს განსაზღვრავს მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი: „ერთ კვადრატულ მეტრზე ხეხილიანი მიწის ფასი 50 ცენტიდან იწყება და 6 დოლარამდე აღწევს. გამოდის, რომ ერთი ჰექტარის ფასი 5 000 დოლარიდან 60000 დოლარამდეა.“
სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვების სეგმენტში ჩართული რეალთორები ამბობენ, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია კახეთი, ქართლი, გურია და სამეგრელოა. აჭარასა და სვანეთში დარეგისტრირებული მიწების მაჩვენებელი დაბალია.
საქართველოში მიწის ფასის შესახებ განცხადებები.გე–სა და საქმე.გე–ზე მოცემული ინფორმაციით, აჭარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი 3 დოლარია.
ეს ფასები ბევრად ჩამოუვარდება ურბანული მიწის ფასს. აჭარაში ურბანული მიწის ფასი დაახლოებით 100 დოლარია, ყველაზე ძვირი კი საქართველოში თბილისში, ვერაზეა, სადაც ერთი კვადრატული მიწის ფასი 500 აშშ დოლარსაც აღწევს.
მეცნიერ–აგრარიკოსის პაატა კოღუაშვილის თქმით, ფასები სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწაზე, მთელ მსოფლიოში, ურბანული დანიშნულების მიწებთან შედარებით დაბალია: „საქართველოშიც ასეა, ურბანული მიწა უფრო ძვირი ღირს. ეს ასეც უნდა იყოს“.
თუმცა კოღუაშვილი ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი 20-40-ჯერ მეტია, ვიდრე – საქართველოში.
ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასს ხელისუფლების აგრარული პოლიტიკა გააძვირებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლად მოსახლეობას თებერვალში მიწის დამუშავების მიზნით ბარათები დაურიგა. „სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი“ კი ფერმერებსა და აგროსექტორში დასაქმებულ მეწარმეებზე დაბალპროცენტიან სესხებს გასცემს. დაგეგმილია სამაცივრე მეურნეობების განვითარება და რეგიონებში 60 საწარმოს შექმნა, სადაც მიღებული მოსავალი გადამუშავდება.
საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლელა შათირიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მიწის ბაზრის განვითარება შესაძლებელია: „თუ სოფლის მოსახლეობა სწორად მიმართავს ამ თანხებს მათ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად, მათი შემოსავალი უნდა გაიზარდოს, უკეთესი მოსავლის ხარჯზე. თუ გლეხის შემოსავალი გაიზარდა, მას მიწის დამუშავების ინტერესი გაუჩნდება და შესაბამისად მიწას იაფად არ დათმობს“.
ვაჟა ცუცქირიძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს გააქტიურება აგროსექტორში მიწის ბაზრის განვითარებას გამოიწვევს: „გლეხს თავისთავად უფრო გაუჩნდება მიწის დამუშავების მოტივაცია. ჩემი პროგნოზით, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა გაძვირდება. რადგან სახელმწიფო არა მარტო ამ პროგრამას ავითარებს, არამედ დაგეგმილია მოსავლის შესანახი მშრალი და ცივი საწყობების მოწყობა.“
როსტომ აბაშიძის ინფორმაციით, მას მეზობელმა თამაზ ფევაძემ უჩივლა, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მისი მიწის ნაკვეთს ფლობს გიორგი კარბელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე.
„კარბელაშვილმა იქ უდიდესი სახლი ააშენა, რომელიც ვიღაც ქალზე აქვს გაფორმებული. ფევაძე მან გამოიყენა, თორემ სად იყო ფევაძე მთელი ცხრა წელი. ფევაძის განმარტება, რომ ასლან აბაშიძის დროს შიშის გამო იყო ჩუმად, ტყუილია, რადგან აბაშიძე 2004 წელს წავიდა, ფევაძემ კი ჩივილი 2006 წელს დაიწყო. მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაახსენდა, მე რომ ვსარგებლობდი მისი მიწით“.
როსტომ აბაშიძეს მიწის ნაკვეთი ხელისუფლებამ გადასცა, მაშინ ხელვაჩაურის გამგებელი მისი ძმა – ჯემალ აბაშიძე იყო. ყოფილი სპორტსმენი ამბობს, რომ მისი ძმა არაფერ შუაშია და მიწა გონიოში შევარდნაძის ბრძანების საფუძველზე მისცეს.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როსტომ აბაშიძეს ხელისუფლებამ თბილისში ის ბინაც ჩამოართვა, რომელიც მას სახელმწიფომ სპორტული მიღწევების გამო აჩუქა. მაშინ სპორტსმენი ასლან აბაშიძის ოჯახის ახლობლად მიიჩნიეს. თუმცა, ეს შეცდომა მალევე გამოასწორეს და როსტომ აბაშიძეს თავისი ბინა დაუბრუნეს.
როსტომ აბაშიძის თქმით, ახლა მის საჩივარს ხელვაჩაურის პოლიცია სწავლობს.
„ეს ცხოვრების სტილია, ცხოვრების ფილოსოფიაა. დიდი ისტორიის მქონე თევზაობის სტილია. დაახლოებით მეთოთხმეტე-მეთხუთეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ჩვეულებრივი თევზაობისგან არის ის, რომ ვთევზაობთ ხელოვნური მასალების მეშვეობით, მაგალითად, მამლის ბუმბულით. თევზის საკვები ბაზა რაც არის, ღორტავს რომ ეძახიან, ხელოვნური მასალისგან მის მსგავს სატყუარას ვაკეთებთ. არ გამოიყენება ბუნებრივი სატყუარა – ჭიაყელა, პური და სხვა სატყუარები,“ – ამბობს ნიკა ზურაბიშვილი.
ნიკა ზურაბიშვილი
მისი თქმით თევზაობის ამ მეთოდით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ჰემინგუეის მოთხრობების წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა. მოგვიანებით, როცა თევზაობა დაიწყო, ბლოგი შექმნა, სადაც თავისი გამოცდილების შესახებ წერს და სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას თარგმნის. Fly fishing -მა სანამ დღევანდელი სახით ჩამოყალიბდებოდა, განვითარების დიდი გზა განვლო. ამ მეთოდით თევზაობის შესახებ პირველი ინფორმაცია ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხების დამწერლობის ნიმუშებში, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში გვხვდება და ძირითადად ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცნობების სახითაა წარმოდგენილი. უკვე მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში მთელი რიგი ლიტერატურა იქმნებოდა იმდროინდელი სწავლულების მიერ. მათ მიერ დაწერილ წიგნებში იმიტაციების (ხელოვნური სატყუარების) შექმნის და გამოყენების სხვადასხვა მეთოდი იყო აღწერილი.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც ნიკა ზურაბიშვილი ამბობს: „Fly fishing -ის გავრცელებას მეოცე საუკუნის დასაწყისში ფოთში მყოფი ინგლისური საექსპედიციო ძალების ოფიცრებმა დაუდეს სათავე, მაგრამ შემდგომში რა სახის განვითარება ჰპოვა ამ მეთოდმა ჩვენთან, ნამდვილად არ ვიცი, არადა, საინტერესო იქნებოდა ამ ინფორმაციის მოძიება. თუმცა არა მგონია, რამე განსაკუთრებული მოვიძიოთ, არ არსებობდა ადგილობრივი წარმოება და ალბათ თევზაობდნენ ინგლისელების მიერ დატოვებული მასალებითა თუ აღჭურვილობით, ინგლისელებმა კი ფოთი მალევე დატოვეს. მოიპოვება ცნობები, რომ სამეგრელოში დღემდე ე.წ. „ბუნდღაობა“ ეწოდება. მამლის ბუმბულს ახვევენ ნემსკავზე და ამ მეთოდით თევზაობენ მთის მდინარეებში. კლასიკური ფლაიფიშინგის მეთოდი საქართველოში არ არსებობს და ვერ ვიტყვით, რომ გავრცელებულია.“
მაინც რატომ არის საინტერესო და განსაკუთრებული თევზაობის ეს სტილი? ნიკა ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ეს გაძლევს ახლო ურთიერთობის საშუალებას ბუნებასთან.
„სპეციალურად ირთულებს მეთევზე თავის ამოცანას. ჩვეულებრივი სატყუარით დაჭერა ყველას შეუძლია. მეთევზე ჯერ აკეთებს, მაგალითად, ჭიაყელას მსგავს იმიტაციას, სატყუარას, შემდგომ უკვე თევზს ატყუებს მისით. ამასთან ეს მთელი ფილოსოფიაა. თევზისადმი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ის, რომ აი, წავიდა მეთევზე, წამოიღო თევზი და შეწვა ტაფაზე. ჩვენი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თევზს უკან, ბუნებაში ვაბრუნებთ იმისათვის, რომ გამრავლდეს. სწავლობ არა მხოლოდ თევზს, არამედ მდინარეს. რომელი მწერი ბუდობს ამა თუ იმ ადგილას, რა სახის, რა ფერის იმიტაცია უნდა დამზადდეს, რომ თევზი მოიტყუო.
რატომ ვაბრუნებ თევზს უკან მდინარეში? იმდენად მიყვარს ბუნება, არ შემიძლია მოვკლა ეგ თევზი, იმიტომ, რომ ამ თევზთან შეხვედრას ველოდები კვირები და ხანდახან თვეები. მეორეც, საქართველოში სამწუხაროდ იმდენი თევზი აღარაა დარჩენილი, რომ ყველამ სახლში წავიღოთ. ანუ რაც უფრო მეტი თევზი დაბრუნდება მდინარეში, მით უფრო მეტი თევზი იქნება, გამრავლებას და ნორმალური იხტიოფაუნის ჩამოყალიბებას შევუწყობთ ხელს,“- ამბობს ნიკა.
Fly fishing – ის მეთოდით თევზაობა კალმახზე სათევზაოდ არის შექმნილი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, კალმახის ჭერა აკრძალულია, ამ სტილის მიმდევრები სხვადასხვა სახეობებზე თევზაობენ.
„იძულებულები ვართ, ვითევზაოთ სხვადასხვა სახეობის თევზზე. მაგალითად, მე ვიჭერ ხრამულს, სიმორს, წვერას, კარჩხანას. იმდენად უნივერსალური მეთოდია, რომ არა აქვს მნიშვნელობა თევზის სახეობას. ეს მეთოდი „თვითონ ირჩევს“ ადამიანს. პირადად ჩემთვის ეს მეთოდი არის მისაღები,“ – ამბობს ნიკა.
ამ დროისათვის სურიე დიასამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისი თქმით, იგი შიმშილს კვლავ გააგრძელებს.
შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე დღეა, ბათუმის იუსტიციის სახლთან ყოფილი პატიმრები აჭარის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის ავთანდილ კილაძის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ.
როგორც მოშიმშილეები აცხადებენ, ავთანდილ კილაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მან თანამდებობა უნდა დატოვოს, მათივე თქმით, ისინი შიმშილობას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.
ერთ-ერთი მოშიმშილე ეთერ ჯორთმენაძე აცხადებს, რომ ავთანდილ კილაძე ამ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა, რადგან კილაძე მისი თანაკურსელი იყო. მისივე თქმით, ქუცნაშვილს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია კილაძის დანაშაულებების შესახებ და ახლა რეაგირებას ელოდებიან.
ამასთან, ის დასძენს , რომ კილაძე იყო ზურაბ ადეიშვილის თანაკურსელიც და სწორედ ადეიშვილის მფარველობით მოხდა ვარდების რევოლუციის ხელისუფლებაში, ახლა კი ახალ ხელისფლებას აწვდის ცრუ ინფორმაციას და აღნიშნულ თანამდებობას იკავებს.
როგორც ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, კილაძე ორშაბათამდე თანამდებობას დატოვებს.
ყველაფერი ძალიან სპონტანურად დაიწყო. სამი წლის წინ, მეგობართან ერთად „ბერეგზე“ ვიყავი და ვეცადე გუბიდან გადამეღო ფოტო. მერე მომეწონა და ეს ყველაფერი სერიად იქცა. მაშინ ძველი ბათუმით ვიყავი დაინტერესებული, ძველი ბათუმი ერთგვარი მისტიკა იყო ჩემთვის, ქალაქი, რომელიც იყო რაღაც დროსა და სივრცეში და მერე გაქრა. იმ დროს ქრებოდა ქალაქში ძველი შენობები, ბათუმი იცვლებოდა ჩვენ თვალწინ და გაჩნდა ამ სერიის – „2 ცა 1 ბათუმის” იდეა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება ყველაფერი იყოს ორი, მათ შორის ცაც, გარდა ბათუმისა.
ეს არ არის დადგმული კადრები, გადაღებულია ძალიან სწრაფად, ერთ რეჟიმში. მე მგონი ის, რასაც ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ სანაპიროზე, გუბეებიდან სხვაგვარად ჩანს. სამყარო და ქალაქი არ არის მხოლოდ ის, რასაც ვხედავთ. ამ ქალაქის მთავარი ღირსება არის ზღვა და მეთევზეები, რომელიც რაღაც ცალკე სამყაროა. მინახავს, როგორ გადიან ისინი დილით ზღვაში, მომისმენია რაზე საუბრობენ, ეს ეთნიკურად ძალიან ჭრელი ჯგუფია, რაც ამ ამბავს კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს.
ბევრს უნახავს, როგორ ჩადის ბათუმში მზე, მაგრამ ბევრს არ უნახავს როგორ ამოდის მზე. ადრიანი გაზაფხული, ჩრდილების თამაში… მეთევზეები არიან ამ სერიის გმირები და არის ერთი გემი, რომელიც ბევრ ფოტოში ფიგურირებს. არის ფოტოები, როგორ აირეკლება თოვლიანი ბათუმი წყლის გუბეებში.
მე ვთვლი, რომ ეს გამოფენა დედას ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ თემატურად არანაირ კავშირში არ არის და არც ერთი ფოტო, რომელიც გამოიფინა, დედას არ უნახავს არასდროს.
ადგილი, სადაც ვცხოვრობ
ძენწმანი – სოფელი, ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაბაში გავიზარდე, ქედაში, 10 წუთში სოფელში ფეხით ვიყავი და მიმაჩნია, რომ სოფელია ჩემთვის ყველაფერი. სოფელში არის სახლი, 170 წლის წინ აშენებული, როცა იქ ავდივარ, მგონია, რომ დრო გაჩერებულია. განსაკუთრებული ფენომენია, გრძნობ, რომ სხვა კონტაქტია.
„გამახსენდა ზამთარში ძველ სახლში საღამოხანს ბუხარში დანთებულ ცეცხლზე ატკაცუნებული წაბლის შეშა, თოვას მოყოლილი გიჟი ქარი და დიდი სექვიდან დანახული ცეცხლის ალი. გამახსენდა ძველი ხის სარკმლები და სარკმლებიდან სანახევროდ შემოპარული ქარის ზუზუნი. გამახსენდა ორი დიდი აგუზგუზებული ლაზური ბუხარი და ყაბალახიანი კაცები, რომლებიც მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში არსებობენ და რაც მთავარია, გამახსენდა შავშეთისა და მესხეთის ქედებს შორის გაწოლილი აჭარისწყალი და მთელი ხეობის ულამაზესი ხედი.
მერე?
მერე კიდევ ბევრი რამე გამახსენდა.
სულ მერე კი ყველაფერი აირია. აირია და თავის ადგილას დადგა.
ბათუმი – ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმი ჩემთვის. მე ვთვლი, რომ თუ ჩემში რაღაც მნიშვნელოვანი, ღირებული შეიქმნა, ამ ქალაქის დამსახურებაა. და სულ მგონია, რომ ამ ქალაქს უხდება წვიმა. ეს გამოფენა წვიმის დამსახურებაა თავიდან ბოლომდე.
განსაკუთრებით მიყვარს რამდენიმე ადგილი – ძველი ბათუმის ქუჩები, სანაპირო, მერიის წინ ვარდების სკვერი, სადაც მეგობრები ვიკრიბებოდით… ამას აფასებ მაშინ, როცა სხვა ქალაქში გადადიხარ, ხვდები, რომ ეს ყველაფერი გაკლია იქ.
თბილისი – პირველი რაც აღმოვაჩინე თბილისში ჩასვლისას, ეს იყო ხმაური. ზოგადად, ყველა დიდი ქალაქი ხმაურიანი. მერე მივხვდი, რომ არ ვარ ურბანისტი, სოფელი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა თბილისის გარეშე არ შემიძლია ყოფნა, ეს არის ადგილი, სადაც გეძლევა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა. მეორე მხრივ, სულ ვფიქრობ, რომ სოფელში, სადაც ჩემი მიწა მაქვს, წლების შემდეგ, აუცილებლად მექნება ჩემი ხის სახლი.
ძველი წიგნები და სიურპრიზი მეგობრებისთვის
ასზე მეტი ძველი წიგნი მაქვს. წიგნების შეგროვება 2010 წელს დავიწყე. ჰოლანდიაში, ჰააგაში მოვხვდი ძველი წიგნების მაღაზიაში და იქ ვიყიდე „გოეთეს საუბრები ეკერმანთან“. აქედან დაიწყო ყველაფერი. ახლა ძალიან საინტერესო კოლექცია მაქვს.
მას შემდეგ, რაც თბილისში წავედი, მშრალი ხიდი ჩემი საყვარელი ადგილია. იქვე, ახლოს ვცხოვრობ და კვირაში ერთხელ მაინც გავდივარ. ნაცნობები მყავს, რომლებიც მირეკავენ და მეუბნებიან, აი ეს არის გამოსული… ახლა, როცა თბილისში ჩავალ, ძველ ბათუმში გამოცემული წიგნი, ვოლტერის ქართული თარგმანი უნდა ვიყიდო, რომელიც ზაქარია ჭიჭინაძემ თარგმნა. ის სტამბაც აღნიშნულია, სადაც წიგნია დაბეჭდილი. ზოგადად, რაც სიძველეებთანაა დაკავშირებული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია.
ახლა რასაც ვიტყვი, არავისთვის მითქვამს ჯერ. ვაპირებ ჩემი ახლო მეგობრებისთვის გავაკეთო დახურული გამოფენა ჩემთან სახლში, ძველი წიგნების და ძველი ბარათების. ჯერ არ იციან ამის შესახებ. ეს ძალიან კერძო გამოფენა იქნება, მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრისათვის.
პროფესია და ოცნება
არ ვნანობ, რომ იურისტი ვარ. იურიდიულ ნაწილში მაქვს ჩემი სფერო და ის, რაზეც მე ვმუშაობ, არის ძალიან შემოქმედებითი. ბავშვობაში სულ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი არქეოლოგი. ხანდახან ახლაც მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უარი ვთქვა ამ ყველაფერზე და ის ვაკეთო, რაც ძალიან მიყვარს. როცა ბათუმში ვარ და წვიმს, პირველი რაც მახსენდება, არის `ბერეგზე~ გასვლა. ფოტოების სიყვარულსაა მიბმული ძველი წიგნების სიყვარულიც.
ერთადერთი ოცნება მაქვს ცხოვრებაში, მქონდეს წიგნის მაღაზია, სადაც ერთ მხარეს იქნება წიგნები, რომელიც არ იყიდება. ეს იქნება გადაშლილი წიგნები, რომლებიც ყვებიან ისტორიებს. მაგალითად, მაქვს საფრანგეთის ისტორიის ძველი გამოცემა, სამტომეული. ერთ-ერთ ტომში ბასტილიის აღების დღე, რომელიც ყველაზე დიდი დღესასწაულია საფრანგეთში, არის დასურათებული. ეს წიგნი რომ ამ ფურცელზე გადაშლილი დადო, ეს უკვე ნიშნავს, რომ წიგნი ყვება ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას.
დასასრულის მაგიერ
„სადღაც მცხეთის შემდეგ გავიხედე ფანჯრიდან და აღმოვაჩინე, რომ დაბურული მინის მიღმა ღამე დღესთან აპირებდა გაყრას. გარეთ ყველაფერი ნისლში იყო გახვეული.
ყურსასმენები მოვირგე და მუსიკა ჩავრთე. ბრუბეკს ხან ჯობიმი ენაცვლებოდა, ხანაც მეჰლდაუ.
მერე ჩემი ფოტოების საქაღალდეებს მივადექი კომპში. „2ცა 1ბათუმი”, „მერისის ხეობის მთები“, „უცნობი თბილისი“, „უსათაურო ბათუმი“ და უცებ გამახსენდა, რომ მე ხომ ღრმად ჩასასუნთქ ქალაქში ვბრუნდებოდი.
ღრმად ჩასასუნთქი ქალაქის გახსენებაზე ერთად წამოვიდა მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრის სურვილი, წვიმის შემდეგ სველ „ბერეგზე“ ხეტიალი, იქაური ბოტანიკური, ჩემები და საერთოდაც…
„სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელის“ ორგანიზაციის წევრებმა შეხვედრაზე რეგიონალური განვითარების პროცესები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ქვეყნის დეცენტრალიზაციის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ქვეყნის დეცენტრალიზაცია ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან არ შეიძლება ყველა პრობლემა თუ პროექტი ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა მაღალმთიანი რეგიონების პრობლემატიკაზეც იმსჯელეს.
როგორც „სიდას“ რეგიონალური მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი აღნიშნავს, „ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, დეცენტრალიზაციის პროექტი, ქვეყნისთვის არის საკმაოდ აქტუალური, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროცესები თანმიმდევრულად განხორციელდეს და სამოქალაქო საზოგადოება და მედია აქტიურად იყოს ჩართული“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, დავით ბაციკაძის შეფასებით, „ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული კარგი საქმე იქნება არა მომატებული პენსიები, არა სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენება, არამედ შესაბამისი კანონი თვითმმართველობების შესახებ, რადგან ეს კანონი თავისთავად მოიტანს იმ სიკეთეს, რაც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის.“
დეპუტატი დასძენს, რომ თვითმმართველობების განვითარებისათვის აუცილებელია მოხდეს ფინანსური დეცენტრალიზაციაც და სოფელს უნდა ჰქონდეს თანხა იმისათვის, რომ პრობლემები ადგილზე მოგვარდეს.
თვითმმართველობების თემაზე დისკუსია საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მსგავსი დისკუსია უკვე გაიმართა, მცხეთაში, გორში, თელავსა და ახალციხეში, დღეს 16:00 საათზე კი ზუგდიდში გაიმართება.
შეხვედრებში ორმოცდაათამდე რეგიონალური ორგანიზაცია მონაწილეობს.
ბატონო მალხაზ, ითქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გადაკეთდეს თანამედროვე მედიცინის ცენტრად. რამდენად რეალურია ეს, რა რაოდენობის თანხაა საჭირო ამისათვის და საიდან უნდა გამოიყოს ეს თანხა?
რესპუბლიკური საავადმყოფოს 100 პროცენტი წილის მფლობელია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამიტომ თანხის გამოყოფის წყარო და გადაწყვეტილება თანხის თაობაზე ჩემს კომპეტენციას სცდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამედროვე მედიცინის ცენტრად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული, ამ იდეას ემხობა ჯანდაცვის სამინისტროც. ფინანსების მოძიებაზე მთავრობა მუშაობს. საუბარია იმაზეც, რომ ახალი საავადმყოფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2013 წლისა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ წლების მანძილზე იყო შენიშვნები, როგორც პაციენტთა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. როგორ აპირებთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა?
წლების განმავლობაში საავადმყოფო ინახავდა თავს და ემსახურებოდა აჭარის მოსახლეობას, მაგრამ მასში არავითარი თანხის ჩადება არ ხორციელდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი საავადმყოფო აღმოჩნდა. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ამას აქტიური მუშაობა სჭირდება, ჩვენ ამის განსახორციელებლად კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებთ.
წლების მანძილზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს ჰქონდა სასამართლო დავები ყოფილი პაციენტების ოჯახებთან, რომლებსაც გააჩნდათ დავალიანება საავადმყოფოს მიმართ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ამჟამად?
2013 წლის პირველი იანვრისთვის, მოსახლეობის დავალიანება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართ შეადგენს 1 260 000 ლარს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციიდან რომ გითხრათ, მე უნდა შევეცადო ეს თანხა ამოვიღო სამართლებრივი გზით, მაგრამ ამ ვალს აქვს გარკვეული სოციალური დატვირთვა. ეს არის წინა პერიოდის ვალი და აჭარის მთავრობისა და უზენაეს საბჭოს წევრებთან ერთად ვცდილობთ მოვიძიოთ გარკვეული გზები, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა შევძლოთ. ვგულისხმობ მოსახლეობისათვის გარკვეული ფინანსური შეღავათის გაწევას.
რამდენი ადამიანია ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული და როგორია თქვენი სახელფასო პოლიტიკა, რამდენია ექიმისა და ექთნის მაქსიმალური და მინიმალური ხელფასი?
ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 600-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს მონაცემები იცვლება. აქ მუშაობს ბევრი მიმართულების სპეციალისტი _ ექიმები, ექთნები, დიასახლისები… არის დიდი სამეურნეო განყოფილება და აუცილებლად გვჭირდება ბევრი ადამიანი, რომ უზრუნველყონ კორპუსების ფუნქციონირება. რაც შეეხება კონკრეტულად სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, არ შემიძლია კონკრეტული ციფრის დასახელება, რადგან ხელფასი არის გამომუშავებით და პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
არიან თუ არა დასაქმებულები ახალგაზრდა ექიმები თქვენთან და რომელ ნაწილში ძირითადად?
ბოლო ათი წლის განმავლობაში თერაპევტების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მაგრამ ამავე დროს რადიოლოგების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამას ობიექტური მიზეზები აქვს, თანამედროვე მედიცინა ითვალისწინებს ახალი აპარატურისა და ტექნიკის ცოდნას, თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები ეყრდნობა ამ აპარატების მუშაობას და ამ მიმართულებით ხორციელდება ექიმების მომზადება. რაც შეეხება თერაპევტების რაოდენობის შემცირებას, ეს განპირობებულია იმით, რომ არამომგებიანი მიმართულებაა, თუმცა თერაპევტთან პაციენტის მომართვიანობა არის ორჯერ უფრო მეტი. რაც შეეხება ქირურგიულ მიმართულებებს, აქ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ექიმი გვყავს.
ჩვენ გვინდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იქცეს კლინიკურ და საუნივერსიტეტო ბაზად, რათა აქვე მომზადდნენ სპეციალისტები. ჩვენს საავადმყოფოს აქვს გარკვეული მისია _ აქ ისეთი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რომელიც კომერციული კლინიკისთვის შეიძლება იყოს არამომგებიანი და მომხმარებელს არ სთავაზობდეს. ჩვენ უნდა ვიქცეთ მრავალპროფილურ-კლინიკურ საუნივერსიტეტო ცენტრად. იდეის საფუძველშივე დევს, რომ ეს საავადმყოფო უნდა შენარჩუნდეს, როგორც სახელმწიფო მისიის მქონე.
რა მდგომარეობაა აპარატურის მხრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში?
ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა, არ გვაქვს ახალი ტექნიკა. გვაქვს განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველადი საზრუნავი არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საავადმყოფოს შენარჩუნება. მალე უნდა აშენდეს ახალი კორპუსი, რომელიც შესაბამისი ტექნიკითა და აპარატურით იქნება აღჭურვილი, მაგრამ მანამდე საავადმყოფოს ფუნქციონირება და განვითარება არ უნდა შეფერხდეს. ვცდილობთ უწყვეტ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა, მაგრამ საჭიროა ფინანსები. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რომ გარკვეული აპარატურა შევიძინოთ, ასევე გვაქვს რამდენიმე ახალი პროექტი, რომელიც იქნება ნოვატორული და ამას მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარებით განვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაბრუნდა ნეიროქირურგი, პროფესორი ნუგზარ გურგენიძე და ის აქტიურად მუშაობს ინოვაციებზე, რის განხორციელებასაც ვაპირებთ.
აუცილებლად მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არ დგას, მაგრამ რაც შეეხება სერვისის ნაწილს, კომფორტს, ეს პრობლემები ჯერჯერობით არ არის მოგვარებული.
აპირებთ თუ არა რეორგანიზაციას ან თანამშრომელთა შემცირებას?
რაც შეეხება თანამშრომელთა დათხოვნას, ამ კუთხით ცვლილებები არ იგეგმება. მარტში ჩვენ ვაპირებთ ტესტირების ჩატარებას, რათა შემოწმდეს თანამშრომელთა კვალიფიკაცია, გამოიკვეთოს რა ნაკლოვანებები არსებობს და ა.შ., მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ტესტირება მიზნად არ ისახავს თანამშრომელთა გაშვებას და შემცირებას.
ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც მე დამხვდა აქ მოსვლისას, იყო ის, რომ იმ დროს ბათუმში გაიხსნა ორი ახალი კლინიკა და ჩვენი ექიმები მიწვეულნი იყვნენ იქ სამუშაოდ. ადრე მათ საშუალება არ ჰქონდათ, ორივე დაწესებულებაში ემუშავათ, რაც არასწორი მიდგომაა, მე მათ საშუალება მივეცი ორივე ადგილზე იმუშავონ შეთავსებით, ვფიქრობ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მედიცინის მუშაკის მაღალი კვალიფიციური დონის შესაფასებელი ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია პრაქტიკა. ამ მხრივ მე არც კანონმდებლობა მზღუდავს.
როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელმა ხუსეინ სირაბიძემ განუცხადა, დამწვარია ხუთ ჰექტრამდე ტერიტორია.
„ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, პატარა კერებია დარჩენილი რასაც ვაქრობთ ახლა. სოფელს სადაც ხანძარი გაჩნდა ჰქვია ზედა კაპრეშუმი, სოფელ განთიადის საზღვართანაა. ჩაქვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია,“ – განაცხადა ხუსეინ სირაბიძემ.
მისივე თქმით ხანძრის ჩასაქრობად ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის კერა ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზეა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
დღეს აჭარაში ძლიერი ქარია, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. amindi.ge – ს ინფორმაციით ამ დროისათვის ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსია.
19: 00 ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯინჭარაძის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძარი ჯერ სახლის სახურავზე გაჩნდა და მალე სამ სახლს მოედო.
ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მალე მოედო წიწვოვან ხეებს და სწრაფად ვრცელდება. ამ დროისთვის ადგილზე ორი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
როგორც „ბათუმელებს” ჩაქვიდან აცნობეს, ცეცხლი მოედო სასაფლაოს ტერიტორიასაც. მოსახლეობა მეხანძრეებს ეხმარება, თუმცა შიშობენ, რომ ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდება და ისინი დამატებითი ბრიგადების მობილიზებას ითხოვენ. ამ დროისთვის ჩაქვში გამორთულია ელექტროენერგიაც
ბათუმის სახანძრო სამსახურში ამბობენ, რომ ჩაქვის მიმართულებით უკვე გასულია სახანძრო მანქანები.
ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ბათუმელები” განახლებულ ინფორმაციას მალე მოგაწვდით.
ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმრებია აღარ არიან.
გიორგი ჩარკვიანი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი: „2-3 დღის უკან ბათუმის საპყრობილედან მისჯილი პატიმრები გადაიყვანეს გეგუთის დაწესებულებაში, ეგრეთ წოდებულ ზონაზე. ხოლო გუშინ დაიწყო ეგრეთ წოდებული მიუსჯელი პატიმრების ეტაპირება ქუთაისის #2 დაწესებულებაში. ეს ახსნეს იმით, რომ ბათუმის #3 დაწესებულება საჭიროებს სასწრაფო რემონტს და დაიწყება სარემონტო სამუშაოები“.
გიორგი ჩარკვიანის თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში 230-მდე პატიმარი იყო.
ბიძინა ივანიშვილს ეშინია აქციების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბათუმში პარტიის წევრებთან შეხვედრამდე განუცხადა.
როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, დღიდან ნაციონალური მოძრაობა პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, იწყებს შეხვედრებს. მისივე განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კამპანიას, რათა მოსახლეობასთან ერთად იმსჯელონ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, მერაბიშვილის განცხადებით, ნაცმოძრაობა იქნება ძალიან აქტიური და პრემიერ-მინისტრს სწორედ ეს აშინებს.
„ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიური და ივანიშვილს ეს ძალიან აშინებს, მას ეშინია აქციების, მას აშინებს, რომ ნაცმოძრაობის აქციაზე უამრავი ადამიანი მოვა, ივანიშვილს ეშინია დემოკრატიის, სწორედ ამას უკავშირდება მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებები“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
დღესვე, ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრთან მიხეილ მაჭავარიანთან ერთად სამტრედიასა და ბაღდადში გამართავს შეხვედრებს.
ქართულ ვიკიპედიის ცნობით, წითელი ინტელიგენცია მე-20 საუკუნის ლიტერატურისა და ხელოვნების მუშაკთა ჯგუფია, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ კომუნისტურ იდეებს, უმეტეს შემთხვევაში საკუთარი კეთილდღეობის მიზნით ან შიშის გამო. როგორც მახსოვს, ეს ტერმინი ამ დატვირთვით, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა გამოიყენა, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ გაუმართლებელი იყო. რამდენიმე წლის წინ კი მოქმედმა პრეზიდენტმაც ამ ჯგუფს „ჩარეცხილები“ უწოდა, რაც არანაკლებ მიუღებელი იყო პოლიტკორექტულობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, რომ ეს თითიდან გამოწოვილი თემაა და, შესაბამისად, დროის დახარჯვა არ ღირს. სულ ცოტა ხნის წინ მეც ანალოგიურად ვფიქრობდი, სანამ სოციალურ ქსელებში არ გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით „მსახიობები და მომღერლები რუსეთზე“.
ერთი შეხედვით ეს საკმაოდ „უწყინარი“ ღონისძიება იყო, რომელზეც საზოგადოებისთვის ცნობილი (თუმცა მივიწყებული) სახეები შეიკრიბნენ და გამოთქვეს მოსაზრებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. მაგალითად, გაისმა შეძახილი ერთი სიმღერა 15 ტანკის სანაცვლოდ (მქუხარე აპლოდისმენტები), იმპერიის წინაშე ყველა უნდა კრთოდეს (შედარებით მოკრძალებული აპლოდისმენტთა აკომპანემენტი) და ა.შ. ვიდეოს ყურებისას გამახსენდა კარგი ქართველი ბლოგერის სიტყვები, რომ რუსეთის მიმართ პოზიციები ქართულ ინტელიგენციაში სახელმწიფო კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად იცვლება: თუ ხელისუფალი ამბობს „დაგმე რუსეთი“ – გმობენ, ხოლო თუ პირიქით, მათი ქცევაც შესაბამისია. მაგრამ რატომ იქცევიან ასე? ვფიქრობ, ამაზე პასუხი ჯავაჰარლალ ნერუს აქვს, რომლის მიხედვით, „ინტელიგენცია, რომელიც კოლონიზატორების მიერ არის აღზრდილი, საკუთარი ერის მთავარი მტერია“.
ამ ვიდეოში იყო ერთი საინტერესო პერსონაჟი, ახალგაზრდა კაცი, სამოქალაქო აქტივისტი ლევან ყიფიანი, რომელიც გაბრწყინებული თვალებით გვიმტკიცებდა, რომ რუსები ჩვენი ერთადერთი შანსია პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომ ყველაფერი ერთი კაცის ახირების გამო მოხდა და რუსები ჩვენი გადარჩენის და ხსნის უალტერნატივო პირობაა. მას ჟურნალისტმა ისიც კი ვერ წამოაცდინა, რომ მეზობელი ქვეყანა ოკუპანტია. რესპონდენტი უფრო შორსაც წავიდა და ისტორია მოიხმო თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად. პარადოქსია, მაგრამ მახსენდება კიდევ ერთი კაცი, ასევე გვარად ყიფიანი, რომელიც საკმაოდ ხანშიშესული, იმის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ რუსი ეგზარხოსისგან ქართველების წინაშე ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როგორც ჩანს, მართლაც „მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“.
სიმართლე გითხრათ, ბაბუებისა და მამების თაობასთან კითხვის ნიშნები აღარ დამრჩა და ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, ახალგაზრდები რატომ „წითლდებიან“ ან ცდილობენ „გაწითლებას“, ამის ახსნა მიჭირს. მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: თუ რამ ავი დაგვემართა, ისევ ინტელიგენციის წყალობით გვერგო. თევზი თავიდან აყროლდებაო, – ასე დაგვემართა ჩვენც. ვისაც მეტი ერგო, მეტიც მოეთხოვება. ჩვენს სათავეში მოვექეცით ხალხს. ლხინში წინ მივუძღოდით, ჭირში კი კუდში ძლივს მივდევდით“.
გეცნოთ სიტუაცია? სად იყო ეს ხალხი, როცა გვიჭირდა? სად იყვნენ, როდესაც მათ თავიანთი როლი უნდა შეესრულებინათ? ალბათ, სადმე მწერალთა კავშირების სხდომაზე ან ავტომობილ „ვოლგის“ საჭესთან, ან 37-მანეთიანი ბილეთის მოლოდინში ან რომელიმე საბჭოთა კურორტზე, მოკლედ სადღაც, მაგრამ არა იქ, სადაც ჯერ არს. სამწუხაროდ, ჯავახიშვილის პროგნოზი არ გამართლდა და ვერც ისტორიამ შეძლო ჯერჯერობით მათი გასამართლება, რადგან ეს ისტორიაც უსინდისოდ წაგვართვეს და გადაგვიწერეს, ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეს და საამურ კოტლეტად გვიქციეს, რომელიც ჩვენც სიამოვნებით შევახრამუნეთ.
და ბოლოს, მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. მას შემდეგ, რაც ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების სათავეში ვაცლავ ჰაველი მოვიდა, მან საპატიო სტუმრის სტატუსით მოიწვია ცნობილი ამერიკელი გიტარისტი და კომპოზიტორი ფრენკ ზაპა, რომელიც ჰაველს ძალიან უყვარდა. ზაპას ტრაპზე ფეხიც კი არ ჰქონდა დადგმული, რომ თქვა: ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ საბჭოთა სუნი ტრიალებსო.
ეს სუნი დღემდე იგრძნობა ჩვენთან: ბაღებსა და სკვერებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებში. ეს ის სუნია, რომელიც ბებიაჩემის „ნაფტალინით“ გამოტენილი კარადიდან უხვად იფრქვეოდა. შეიძლება ფულს სუნი არა აქვს, მაგრამ საბჭოთა სუნი ჯერ კიდევ უხვად მოაქვს ჩრდილოეთიდან მობერილ ნიავს და ეს სუნი ყველაზე მეტად ქართველ ინტელიგენტებს ასდით. ასე რომ, რაც შეიძლება ხშირად, ღრმად ჩავისუნთქოთ და სუფთა (უსუნო) ჰაერი მივაწოდოთ ჩვენს ისედაც დაავადებულ ფილტვებს.
როგორც დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ დისკუსიაზე ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ბსუ-ს სტუდენტმა ქეთი ფოტოვამ აღნიშნა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს და აპირებენ, რომ შეუერთდნენ სტუდენტთა აქციას, რომელსაც თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები მართავენ. მისივე თქმით, „სტუდენტები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს და არანაირი პოლიტიკური პროცესებს, ეს იქნება პროვოცირებული განათლების სამინისტროდან თუ აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან, არ უნდა შეეწიროს სტუდენტების ინტერესები. ის მიზეზები, რომელიც გახდა აგრარული უნივერსიტეტის დახურვის მიზეზი, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტების 80% პროცენტს აქვს და მაშინ ყველა უნივერსიტეტი უნდა დაიხუროს.“
როგორც დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევის თემა დროულად და კვალიფიციურად უნდა იქნეს შესწავლილი და შესაბამისი დასკვნა დაიდოს.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მაგისტრანტმა, რომელმაც დისკუსიის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს ემიჯნებიან და მათ ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს, „ჰქონდეთ განათლების თავისუფლება“.
დღესვე სტუდენტებმა საქართველოს განათლების მინისტრის სახელზე მიმართვა გაგზავნეს, სადაც ისინი აგრარული უნივერსიტეტისათვის ხელახალი ავტორიზაციის მინიჭებას ითხოვენ.
„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!
12 მარტს, დილის 5 საათზე ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა. სტუდენტთა უმრავლესობა მოითხოვს უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის დაბრუნებას.
სტუდენტები ამბობენ, რომ სასწავლო გარემო, სწავლის ხარისხი და ფასი მათთვის მისაღებია. ჩვენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გვაღელვებს იმ 2000-ზე მეტი სტუდენტის ბედი, ვინც აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლობს.
სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გთხოვთ, უახლოეს მომავალში შეისწავლოთ აგრარული უნივერსიტეტის საჭიროებები, დაეხმაროთ უნივერსიტეტს ავტორიზაციის ხარვეზების გამოსწორებაში და სემესტრის დამთავრებამდე უზრუნველყოთ აგრარული უნივერსიტეტის ხელახალი ავტორიზაცია.“ – ნათქვამია განცხადებაში.
– სამწუხაროდ, წლევანდელი ევროპირველობა ჩვენთვის ვერ გამოდგა წარმატებული. ქალთა (ხათუნა ნარიმანიძე, ასმათ დიასამიძე, ლანა ვერულიძე – ხელვაჩაური) და ვაჟთა (არჩილ ფარსენაძე – ხელვაჩაური, ლაშა ფხაკაძე, ლევან ჩიტიშვილი – თბილისი) ნაკრებიდან მხოლოდ ერთი, ხათუნა ნარიმანიძე მიუახლოვდა საპრიზო სამეულს, თუმცა, საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა. მართალია, კარგი შედეგი არაა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.
–მიზეზი?
– დავიწყებ იმით, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მხოლოდ 15 დღე მქონდა ნაკრების მოსამზადებლად, მანამდე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა და იქ გადაწყდა ჩემი დანიშვნა ნაკრების თავკაცად.
– გეტყვით იმას, რომ ჩემი მწვრთნელობის დროს არაერთი გამარჯვება მოვიპოვეთ, მათ შორის გამორჩეულია ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გუნდური პირველი ადგილი, მსოფლიო რეიტინგში მე-9 პოზიციაზე ვიყავით, მას შემდეგ კი, რაც ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მე გამათავისუფლა და სხვა დანიშნა, ერთი წლის მანძილზე მე-17 პოზიციამდე დავქვეითდით.
– არ შეცვლილა, თუმცა ჩემ წინამორბედს სამწვრთნელო პრაქტიკა არ ჰქონდა. მან 2010 წელს მიიღო მწვრთნელის სერთიფიკატი, რაღაც ხუთდღიანი კურსები გაიარა და ეგრევე საქართველოში მოიწვიეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ის საქართველოში პრაქტიკის გასავლელად ჩამოვიდა.
– ქრისტინე მსოფლიოს ჩემპიონატამდე უშუალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა, ასე რომ, შედეგიც არ არის გასაკვირი. კარგი მწვრთნელი რომ ყოფილიყო, არავინ გაუშვებდა. ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გაუშვეს.
–დამანამდენაკრებისმწვრთნელისგარეშეიყო?
– სამწუხაროდ, დიახ.
–ნაკრებშიშემადგენლობისმხრივცვლილებებსგეგმავთ?
– წინასწარ მაგის განსაზღვრა შეუძლებელია. 15-17 მარტს ვატარებთ აჭარის ღია პირველობას კადეტებს, ახალგაზრდებსა და დიდებს შორის. ტურნირი სამ ეტაპად ჩატარდება და სწორედ მაშინ გაირკვევა ნაკრების შემადგენლობა. დიდების ნაკრები 14-20 აპრილს საფრანგეთის ქალაქ რიომში ევროპის გრანპრისთვის მოემზადება, თუმცა მანამდე, 26-31 მარტს, დიდების ნაკრები ანტალიაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კადეტები და ახალგაზრდები კი მონაწილეობას მიიღებენ ლიუბლიანაში (სლოვენია, 13-20 მაისი) გასამართ ევროპის თასის პირველ ეტაპზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ნაკრების შემადგენლობა აჭარის ღია პირველობაზე დაკომპლექტდება.
–რეიტინგშიარისცვლილებები?
– მსოფლიო რეიტინგში ცვლილებები საფრანგეთის ევროპის გრანპრის მერე შევა. ჩვენი მთავარი მიზანი წლის ბოლომდე საუკეთესო ათეულში მოხვედრაა.
–თქვენპარაოლიმპიელებსაცავარჯიშებთ…
– დიახ, ზვიად დუმბაძესა და ნინო ბარამიძეს. ზვიადმა უკვე მიიღო მონაწილეობა აჭარისა და საქართველოს ჩემპიონატებზე. ამჟამად მათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვამზადებთ, რომელიც ნოემბერში, ტაივანში გაიმართება.
–ინვენტარისმხრივხშირადგქონდათპრობლემები…
– პრობლემები ახლაც გვაქვს, ძალიან ძვირია კარგი მშვილდი, თუმცა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი დაგვპირდა, რომ ოთხ კომპლექტს შეგვიძენს, ერთ კომპლექტს კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ყიდულობს ჩვენთვის, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.
ირაკლიფანცხავა: სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ მე აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავართ, თუმცა მარტო ვერას გავხდებოდი, რომ არა ჩემი მეგობრების, ვეტერანი წყალბურთელებისა და კეთილი ადამიანების დახმარება. გასული საუკუნის 1990-იანი წლებიდან წყალბურთი, როგორც სპორტის სახეობა, თანდათან გაქრა. 2009 წელს კი ჩვენ, მე, კაპიტონ კაზიევმა, ირაკლი ვოლკოვმა, ზურაბ გორდაძემ და ლაშა დიაკონიძემ გადავწყვიტეთ მისი აღდგენა. დავაარსეთ ფედერაცია, რომელსაც სათავეში სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი ზაზა გოგოტიშვილი ჩაუდგა. მისი დახმარებით ჩვენმა გუნდმა უკვე პირველივე წელს შეძლო მონაწილეობის მიღება საქართველოს ჩემპიონატში. მაშინ, 2009 წელს, 9 გუნდს შორის მეექვსე ადგილი დავიკავეთ, თუმცა, საპრიზო ადგილის პრეტენზია არც გვქონდა. პირველი სეზონი იყო და გუნდის ჩამოყალიბებაზე უფრო ვზრუნავდით, ვიდრე – შედეგზე.
–ახლარავითარებაა?
– ამჟამად სამი ასაკობრივი ნაკრები გვყავს, 1995-1996-1997 წლებში დაბადებულების, 1998-1999-წლიანები და 2000-2001 წელს დაბადებულები, რომლებიც 16-წლამდელთა კატეგორიაში გამოდიან. საქართველოს წლევანდელ პირველობაზე პირველი შეხვედრა თბილისის „აკადემიას“ 14:3 მოვუგეთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობამ ჩვენს მოთამაშეს, თორნიკე დიასამიძეს დაადგა თვალი და ნაკრებში მიიწვია, თორნიკე მცველია და კარგი პერსპექტივები აქვს. თუმცა, მის გარდა ნაკრების ხელმძღვანელთა სიმპათია დაიმსახურეს გიორგი ბარაბაძემ, ილო მჟავანაძემ და რეზო ჩავლეიშვილმა. ჩვენი მთავარი ამოცანაც ხომ ესაა, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი წყალბურთელები გავუზარდოთ. მინდა აღვნიშნო ჩვენი მწვრთნელების _ ზურაბ გორდაძისა და ლაშა დიაკონიძის ღვაწლი, რომლებიც ძალას არ იშურებენ სპორტსმენთა მომზადებისთვის.
– დიახ. წარსულში ცნობილი წყალბურთელის ვლადიმერ მამჩინის სახელობის ტურნირს ვატარებთ. პირველ შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიკავეთ, ეს რესპუბლიკური მასშტაბის ტურნირია. გარდა ამისა, ორჯერ ჩავატარეთ გარი მერკვილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, სადაც მოწვეული გვყავდა გუნდები უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ორივეჯერ პირველი ადგილი დავიკავეთ. წელს გვინდა ტურნირის მასშტაბები გავზარდოთ და პოსტსაბჭოური სივრციდან სხვა ქვეყნებიც მოვიწვიოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ წელს ვაპირებთ მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელის, ბათუმელი პეტრე ბრეუსის სახელობის ტურნირის ჩატარებას, სადაც მოვიწვევთ გუნდებს ირანიდან, თურქეთიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, უკრაინიდან, სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვფიქრობ, კარგი ასპარეზობა ჩატარდება.
– საზაფხულო ტურნირებს ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე ვატარებთ, ისე კი „ოაზისის“ აუზში ვთამაშობთ. მადლობას ვუხდი „ოაზისის“ დირექციას თანადგომისათვის.
–ვარჯიშიფასიანია?
– არა, ვარჯიში უფასოა. სპორტსმენებს მხოლოდ მგზავრობის ხარჯის გადახდა უწევთ, დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დიდ დახმარებას გვიწევს ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო, რომლებიც გვაფინანსებენ, აგრეთვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი. აქვე გეტყვით, რომ ფედერაციის გარდა ჩვენთან ფუნქციონირებს (აიპ) „ქალაქ ბათუმის წყალბურთის კლუბი“, რომლის დირექტორიც ასტამურ ჩამბა გახლავთ და ისიც ძალიან გვეხმარება.
–ძირითადპრობლემადმაინცაუზისარქონარჩება…
– ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, ვარჯიშის მსურველი ბევრია, თუმცა ყველას არა აქვს საშუალება ვარჯიშზე ჩაქვში იაროს. კარგი იქნება, თუ ქალაქში გამოგვიყოფენ ადგილს და 35X25-ზე აუზს აგვიშენებენ, ეს ზომები წყალბურთელთათვის სავსებით საკმარისია. იყო ამის შესახებ საუბარი შესაბამის სტრუქტურებთან და ვნახოთ, რა გამოვა.
– ეს ჩვენი მთავარი მიზანია. როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპზე ასაკობრივი ნაკრებები გვყავს, სწორედ ამიტომ ჯერჯერობით აქცენტს თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ოთხი სპორტსმენი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდებიან.
ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავებისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს:
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 და 14 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, ჩამორთმეული იქნა ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული უკანონო, დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც შემდგომში მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.
დღეისათვის აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონების გარკვეული ნაწილი პრივატიზაციის შედეგად წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და გადაცემულია სხვადასხვა უწყებების სარგებლობაში. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთაგანკარგის უფლებაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა, ყველა ღონისძიება გატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.
„ვფიქრობ რომ ჩვენი ეს ნაბიჯი დაფასდება და მოქალაქეებიც შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ. თუ ადრე იყო 25 %იანი ამოღება, ახლა ვვარაუდობთ რომ ამოღება შეიძლება იყოს 40-50 %- ის ფარგლებში. თუ ჩვენ გვაქვს იმის ვალდებულება, რომ გადავიხადოთ მოსაკრებელი, აუცილებლად უნდა გადავიხადოთ. და იმ მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა ვიცხოვროთ, რომლებიც არიან პატიოსანი გადამხდელები,“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.
საკრებულოს მიერ მიღებული ტარიფი გავრცელდება დავალიანების მქონე პირებზეც, რომლებიც არსებულ დავალიანებას ახალი ტარიფის მიხედვით გადაიხდიან.
საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზაციების, დაწესებულებების და სხვა იურიდიული პირებისათვის დასუფთავების არსებული ტარიფების შემცირებაზე.
შს სამინისტრომ გამაქვეყნა ინფორმაცია ხელვაჩაურის გამგებლისა და მისი პირველი მოადგილის დაკავების შესახებ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგ ინფორმაცია:
„შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს. მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.
ხელვაჩაურის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“.
თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმს ახალი მთავარი არქიტექტორი ჰყავს. „რესპუბლიკელი“ გია რამიშვილი ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, ქალაქის მთავარ არქიტექტორად მიმდინარე წლის 4 მარტს დანიშნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, გია რამიშვილის კანდიდატურა ქალაქის მერს თვითონ შესთავაზა:
„კი, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო ყოველთვის, რომ გია რამიშვილი დაენიშნათ არქიტექტორად. ამიტომ, ბათუმელებს ვულოცავ, შეიცვალა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ის აღარ არის მიხეილ სააკაშვილი და არის ცნობილი არქიტექტორი გია რამიშვილი“.
ახალი არქიტექტორის განცხადებით, პირველ რიგში წესრიგშია მოსაყვანი მშენებლობის რეგულირების წესები. მისი განცხადებით, ამას დასჭირდება დრო, ფართო განხილვები და საზოგადოების ჩართულობა. „რეზულტატი კი უნდა იყოს ისეთი, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე“, – აცხადებს გია რამიშვილი, რომელიც ბათუმის მერიაში არქიტექორებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, არქიტექტორებს და, ზოგადად, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, თუ როგორ შეიძლება ბათუმის ურბანული განვითარება, რა ფორმით. ამასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოვისმინოთ არტიქტერორების მოსაზრებები. ვფიქრობ, მათი მოსაზრებები აქტიურად იქნება განხილული“.
„გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 16 ნოემბრის №402 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად გთხოვთ, 2013 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოთ თქვენს მიერ თვითნებურად დაკავებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება.
ამასთან, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ან/და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითნებურად დამკავებელი მოქალაქეების მიმართ გაატარებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
აქვე გაცნობებთ, რომ თუ თქვენ იმყოფებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რეგისტრირებული ხართ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და არ გაგაჩნიათ თავშესაფარი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც დამატებით შეისწავლის თქვენს მდგომარეობას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაგეწევათ შესაძლო დახმარება“.
დღეს ხარიტონ ახვლედიანის ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი ხელოვანის ვარდო დიასამიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენის ავტორმა სტუმრებს 40-მდე ნამუშევარი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტების გარეშე, საქსოვი ძაფითა და ჩხირებითაა შესრულებული.
როგორც ხელოვანი იხსენებს, მისი ნამუშევრები საზოგადოებამ პირველად პროექტ „ნიჭიერის“ კასტინგზე ნახა. მართალია, ის პროექტში არ მიიღეს, მაგრამ ავტორის თქმით, კასტინგზე მისვლა მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან საზოგადოება მისი ნამუშევრებით დაინტერესდა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, ნამუშევრების პრეზენტაცია ბათუმის „პრესკაფეში“ გამართა, თუმცა იქ ნამუშევრების მცირე ნაწილი იყო წარდგენილი, სწორედ ამ დღეს ბათუმის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლის ინგა დიასამიძისგან მიიღო შეთავაზება, რომ პერსონალური გამოფენა გაემართათ.
როგორც მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ინგა დიასამიძე აცხადებს, მას შემდეგ რაც ვარდო დიასამიძის ნამუშევრებს გაეცნო, გაუჩნდა იდეა, რომ „მუზეუმში, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს, ყოფილიყო ქალბატონი ვარდოს ნამუშევრების გამოფენა“.
კითხვაზე სპეცრაზმის გამოყენება თუ იგეგმება ამ ხალხის გამოსახლების პროცესში? – რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს, რომ „ამის გადაწყვეტა მისი პრეროგატივა არ არის“.
რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ თავიანთი მუნიციპალიტეტებს: „ყველა გამგეობას აქვს დავალება, რომ შეისწავლონ ამ ადამიანების მდგომარეობა და აიყვანენ კონტროლზე, ანუ დასახონ შესაბამისი ღონისძიებები. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე“.
რამაზ ჯინჭარაძის თქმით, „ამ დასახლებებში ღამის საათებში თუ გახვალ, იქ არავინ დაგხვდება“. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხის მოსაგვარებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 4500 განცხადებაა შესული. „ბორჯღალოს“ კვლევის მიხედვით კი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, თვითნებურად შესახლებულებს რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა:
2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში გახშირდა მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტები. აღნიშნული ფაქტების განსაკუთრებული სიხშირე დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
2013 წლის 21 თებერვალს ორგანიზაცია „ბორჯღალის” წარმომადგენლებმა მოინახულეს ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე თვითნებური შესახლების სხვადასხვა ობიექტი და გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას.
ზოგადი სურათი ყველა ობიექტზე მსგავსია – მოსახლეობას არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები – გაზი, წყალი, შუქი; მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა, ობიექტებთან მისასვლელი გზა. ეს პრობლემები აწუხებს არა მარტო იმ ოჯახებს, რომელთაც მიწების ან/და ბინების დაკანონების სურვილი აქვთ, არამედ იმათაც, ვისაც სახელმწიფომ უკვე გადასცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. ობიექტებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში თვითნებურად შესახლების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ესენია: სტიქიური უბედურება, მცირემიწიანობა, საცხოვრებელი სახლის არ ქონა და სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა.
უკანონო დასახლება
თვითნებური შესახლების ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთან ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა და არც თვითნებური შესახლების ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის შესახებ სმენიათ რაიმე.
ერთადერთი ობიექტი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ არის ყოფილი სატანკო ბატალიონის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორია ყველაზე დიდია მოცულობით, სადაც უკანასკნელ პერიოდში თვითნებურად შესახლდნენ. აქ მცხოვრები ოჯახები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ“ შეისწავლა და იქ მცხოვრები ოჯახების სია შეადგინა. ობიექტზე არის როგორც შენობები, სადაც ოჯახები არიან შესახლებული, ასევე პატარა ხის კოტეჯები, რომელთა მშენებლობა დღემდე გრძელდება.
იაშა ფარტენაძე მრავალშვილიანი ოჯახის უფროსია. მის ოჯახს დაბა ხელვაჩაურში მდებარე ყოფილი სტამბის შენობაში ფართი აქვს დაკავებული. როგორც თავად აცხადებს, ფართის დაკანონების საკითხი მისი ოჯახისთვის მტკივნეული თემაა და თითქმის ყოველკვირეულად აკითხავს აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას; წერს წერილებს; ითხოვს დახმარებას, პასუხი კი ყველგან ერთნაირია – განვიხილავთ და გადავწყვეტთ.
„ჩემი სახლი ისეთ ადგილას არის, სადაც ქვათაცვენაა განვითარებული. გეოლოგებმა მითხრეს, სანამ სახლი არ დაზიანდება, კატეგორიას ვერ მოგანიჭებთო. რა ვქნა ველოდო უბედურების დადგომას? ათი შვილი მყავს, აქედან 5 მცირეწლოვანი. პატარებს ეზოში გასვლა როგორ ავუკრძალო, ხან სად დარბიან, ხან სად. სულ იმის შიშში ვიყავი, რამე უბედურება არ მომხდარიყო. მე ძლივს გადავურჩი ერთხელ – კინაღამ ჩამიტანა ქვამ. ჩემს შვილებს და ოჯახს საფრთხეს ვერ შევუქმნი. თორემ ისე აქ რა მინდა, მშვენიერი სახლი მაქვს, აქ კიდე უწყლოდ, უშუქოდ და ელემენტარული პირობების გარეშე ვცხოვრობ. დავუთმობ სახელმწიფოს და რაც უნდა ის უყოს იმ კარ-მიდამოს, მე ელემენტარული პირობები შემიქმნას გინდა ქალაქში და გინდა სოფლად, მთავარია მუდმივ შიშში და დაძაბულობაში არ გავატარო ცხოვრება. ბოლო მისვლისას მითხრეს, თქვენი ფართების დაკანონების საკითხი გადაწყვეტილია და თბილისიდან დასტურს რომ მივიღებთ მაშინ გადაწყდებაო“, – განაცხადა იაშა ფარტენაძემ.
როგორც აქ მცხოვრები ოჯახები აცხადებენ, ყოფილი გამგებელი მათ ფართების დაკანონებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა, თუმცა ახალ გამგებელს სხვა პოზიცია აქვს – მან ოჯახებს განუცხადა, რომ წინა ხელისუფლების დაპირებების შესრულებას საკუთარ თავზე ვერ აიღებს, შეისწავლის მათ პრობლემებს და მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს. თუმცა მანამდე გამგებლის განცხადებით, მათ ყოფილი სტამბის შენობის დატოვება მოუწევთ.
ყოფილი სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე 450-მდე ოჯახამდე ცხოვრობს. მათ საკუთარი ინიციატივით აღწერეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები და აქვთ ერთიანი მონაცემთა ბაზა. მოსახლეობა „ბორჯღალის“ წარმომადგენლებთან აცხადებს, რომ ტელევიზიების გარდა, მათთან არავინ ყოფილა და საინფორმაციო ვაკუუმში არიან. რუსუდან ყიფიანი, რომელიც 7 თვის ორსულია და ერთ-ერთ ხის სახლში მეუღლესთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს, ამბობს:
„არავინ მოსულა და არ უკითხავს, რატომ აშენებთ, რა პრობლემა გაქვთ, იქნება ჩვენ დაგეხმაროთ, ამ პირობებში როგორ იცხოვრებთო. უფრო მეტიც, ისიც კი არ უთქვამს არავის უკანონობას ჩადიხართ და აღარ გააგრძელოთ სახლების მშენებლობაო. მე პროფესიით იურისტი ვარ, მართალია უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე სწავლის დასრულება, მაგრამ ვიცი, რომ ეს უკანონობაა. თუმცა, რთულია გლეხს, რომელიც წლებია სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ უკანონობას უყურებს, იმას კანონის დაცვა მოსთხოვო. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ჯერ საკუთარ რიგებში აღმოფხვრან უკანონობა და მერე მოგვადგნენ ჩვენ.
აქ სახლების დაკანონების სურვილი არავის არ აქვს, თქვენი თვალით შეხედეთ, ასე ახლო მდებარე სახლებში როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა. ეს ალბათ ხალხის პროტესტია, რომ ყურედღება მივიქციოთ, ჩვენს პრობლემებზეც იფიქროს ვინმემ. თურმე ჩვენზე ამბობენ სახლი აქვთ, შემოსავალიც და გამორჩენას ელიან სახელმწიფოსგანო. მოვიდნენ ბატონო, რაც გვაქვს წაიღონ და ელემენტარული პირობები დაგვიკმაყოფილონ. მოვიდა კი ვინმე და მოიკითხა ან გაარკვია ვის რა აქვს და რამდენი აქვს შემოსავალი? ჩვენ გვაქვს მონაცემები ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების, წაიღონ და გვითხრან ვის რა აქვს. დამერწმუნეთ, ამდენი ხანია აქ ვარ და დალხენილი მე აქ არავინ მინახავს. წყალი, გაზი, შუქი, ტუალეტი, გზა არ არის და ვის ესიამოვნება აქ ცხოვრება. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ხალხზე ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო. კომფორტულ ცხოვრებას არავინ გაცვლის აქ ცხოვრებაზე და მათხოვრული დახმარების მოლოდინით აქ არ გაჩერდება“.
დაბა ხელვაჩაურის პირველი სკოლის უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ოჯახამდე ცხოვრობს, აქედან 80 ოჯახს უკვე დაკანონებული აქვს მის მიერ აშენებული ქვისა თუ ხის მცირე სახლები.
ლაშა ხალვაში, რომელიც აქ 2012 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს, აცხადებს: „ხელისუფლებას, გინდ ძველი იყოს, გინდ ახალი მხოლოდ არჩევნების წინ ვახსოვართ. ორივე მხარე მოდიოდა არჩევნებამდე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გვპირდებოდა. მე ვიცი, რომ აქ უკანონოდ ვიმყოფები და ამას არც ვუარყოფ. მაგრამ ხელისუფლება ხომ უნდა იქცეოდეს კანონიერად. რატომ მოხდა წინასაარჩევნოდ აქ უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონება? ეს რა უკანონობა არ იყო? ან რაში სჭირდებათ ეს დარჩენილი ტერიტორია. გადახედეთ, ვისაც დაუკანონეს, იმათ ხომ ვერ შეეხებიან, ხოდა დანარჩენების დაკავებული ფართი რაღაში ჭირდებათ. მე მაგათ ადგილას ამ ფართობს დიდი მშენებლობისთვის გამოვიყენებდი. აქ ბევრი კორპუსის აშენება შეიძლება და ბევრი გაჭირვებულის დაკმაყოფილება. რომ იძახიან გავუშვებთო, სად გვიშვებენ, ღია ცის ქვეშ? აქ მყოფთაგან უმრავლესობას საკუთარი ჭერი არ აქვს. ეს ქვეყანა მხოლოდ იმათთვისაა, ვინც ხელისუფლებაშია თუ ხალხსაც ეკუთვნის რაიმე, გაგვარკვიონ და მერე გაგვიშვან. ამ კითხვაზე გაგვცენ ოღონდ პასუხი“.
ფატი ტოგონიძე აღნიშნულ ტერიტორიაზე 2007 წლიდან ცხოვრობს. მას 2012 წლის შემოდგომაზე საცხოვრებელი სახლი დაუკანონეს, თუმცა მას ძალიან აღელვებს იმ ოჯახების ბედი, რომელთა სახლები ჯერ არ დაუკანონებიათ. „მე თუ დაკანონებული მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს ოჯახს პრობლემები არ აქვს, წყალი არაა, გაზი არაა – როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. თუ პირობები არ იყო, რატომ დაგვიკანონეს. მაგათთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს არჩევნებში, რამდენ ხმას აიღებენ. ნორმალურ პასუხსაც არ გაგცემენ, სადაც არ უნდა მიხვიდე – გინდ ჩვენთან და გინდაც თბილისში. რას სწავლობენ ამდენს საინტერესოა. უკანასკნელ თეთრებს ვაგროვებთ, რომ ვინმე თბილისში გავუშვათ და ჩვენი მდგომარეობა გავარკვევინოთ, იქ გვეუბნებიან აჭარის მთავრობა სწავლობს თქვენს საკითხს და ის მიიღებს გადაწყვეტილებასო, აჭარაში გვეუბნებიან თქვენი საბუთები თბილისშია გაგზავნილი. მე ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ“.
ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებური შესახლების ფაქტები 2008 წლიდან დაიწყო. თუმცა, უმრავლესობა 2012 წლიდან ჩასახლდა. ფართების ნაწილი 2012 წლის ივნისში დააკანონეს, მათ ამხანაგობაც აქვთ შექმნილი, სახელად „გორდა“, რომელსაც ნარგიზ აბაშიძე ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2012 წლის შემოდგომადე ამ ტერიტორიაზე 20 ოჯახი ცხოვრობდა, ბოლო თვეებში მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დღემდე მიმდინარეობს შესახლების პროცესი და კოტეჯების მშენებლობა. აქ სხვადახვა პრობლემები აქვს ხალხს – მცირემიწიანობა, სტიქია, გაყოფილი ოჯახები. ჩვენი მხარე მრავალშვილიანობით გამოირჩევა და რა ქნას ხალხმა, სად წავიდეს ამ პატარა მიწაზე, თან შესაძლებლობაც არ აქვს ბევრს. თუ არ უნდათ ჩვენი გამრავლება, შემოიღონ კანონი და აკრძალონ შვილების გაჩენა… საინტერესო ისაა, რომ არავის უთქვამს უკანონობას ჩადიხართო ამ ხალხისთვის. ასე ვიყავით ჩვენც თავის დროზე, 2008 წელს. მაშინ გვითხრეს, უკანონობაა რასაც აკეთებთ, თქვენ აქ მაინც არავინ დაგტოვებთო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უკანონობის დაკანონება შეიძლება. არჩევნები იყო და სჭირდებოდათ ჩვენი ხმები. ეხლაც მასე იქნება. ამდენ ოჯახს რა უნდა უყონ. ადამიანები არიან აქ და ადამიანურად მოექცნენ“.
ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნოდარ დუმბაძის განცხადებას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე გამოეხმაურა.
როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, ამ ეტაპზე სასოფლო სამეურნეო ბარათი მოსახლეობის იმ ნაწილს გადაეცა, ვინც 2500 კვადრატულ მეტრზე მეტ სახნავ-სათეს მიწას ფლობს.
მისივე თქმით, მომავალი კვირიდან სამინისტრო აპირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელ მოსახლეობას ინვენტარისა და სასუქების შესაძენად გადასცეს სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც 100 ლარით იქნება განსაზღვრული.
მინისტრის მოადგილის თქმით, ვაუჩერს მიიღებს მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც ფლობს მრავალწლიან სახნავ-სათეს მიწებს. ამ კატეგორიის მფლობელებს, 2500 კვადრატულ მიწაზე 5100 ლარი გადაეცემა.
აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამჟამად პატიმართა უფლებების დამცველია, ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ დადგინდეს ასლან აბაშიძის ქონების ადგილსამყოფელი, რომელიც თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ე.წ აჭარის რევოლუციის შემდეგ,სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გადაინაწილეს.
„საუბარია რვა ერთეულ ბრონირებულ ჰამერზე და მერსედესის მარკის ავტომობილებზე, ძვირადღირებულ ბიბლიოთეკაზე, იარაღების კოლექციასა და ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც 2004 წლის მაისში, მიხეილმა სააკაშვილმა მაშინდელი სტადიონის ტერიტორიაზე გამოფინა და განაცხადა რომ ეს ქონება გაიყიდებოდა, შემოსავალი კი ხალხს მოხმარდებოდა“.
თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაში თავადაც მონაწილეობდა, „შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია ამ ავტომობილების ღირებულებაც. თითოეული ჰამერების ფასი 200 ათას დოლარზე მეტია, მერსედესების კი 300 ათას დოლარზე მეტი“.
თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ასლან აბაშიძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ ქონებას ამჟამინდელი თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე განაგებდნენ.
„დღემდე ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომანქანებით ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ცოლები სარგებლობდნენ, სხვა ქონების ადგილსამყოფელი კი დაუდგენელია. ამიტომ, ვითხოვთ რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ ქონების ადგილსამყოფელის დადგენაზე იმუშავებს. კომისიაში კი საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ ქონების შესახებ ინფორმაცია ისევ მიუწვდომელი დარჩეს საზოგადოებისთვის და ამით ახალი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ისარგებლონ“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიებს კვლავ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი. შესაბამისად, გაუმართლებელია მათ ვაუჩერები რომ ვერ მიიღონ.
მისი თქმით, შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 11 ათასი ოჯახი იხდის სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადს, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მათ ვაუჩერები უნდა მიიღონ.
ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთხელ გადასცეს სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი. შესაბამისად, მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რატომ არ მისცეს მათ ვაუჩერები.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მოგვიანებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას გამოაქვეყნებს.
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის სოფლები, რომლებიც ბათუმს ესაზღვრებოდა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, 2011 წელს ბათუმს შემოუერთდა.
დღეს 2 სათზე ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის რუსთველის უნივერსიტეტი ატარებს ღია კარის დღეს მე-12 კლასელებისთვის. ეს ამ აქციის დასკვნითი ეტაპია, მანამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს სკოლებში მართავდნენ. „ჩვენ შევხვდით აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ყველა მე-12 კლასელს. გავაცანით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სოციალური, ასევე გაცვლითი პროგრამები და ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს“, – ამბობს ნინო დოლიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
ნინო დოლიძის ინფორმაციით, დღეს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მე-12 კლასელებისთვის ლუკა ზაქარიაძე, თამუნა მიქელაძე, სოფო პაპუაშვილი და სხვები, ანუ ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები იმღერებენ.
სწორედ ამის გამო სამედიცინო სფეროში შეიქმნა არანორმალური სიტუაცია. „ალდაგის“ საავადმყოფო მთლიანად ვერ უმკლავდება პაციენტებს – არ ჰყოფნის აპარატურა თუ სპეციალისტები, მთლიანად რომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. მაშინ, როცა წლების განმავლობაში კარგად აღჭურვილი კლინიკები, რომლებსაც სათანადო გამოცდილებაც აქვთ, უქმად არიან.
რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა? – იმიტომ, რომ რატომღაც ყველა პენსიონერი და უმწეო დაზღვეულია „ალდაგში“. არ ჰყავთ კონკურენტი და ისე იყენებენ ბიუჯეტიდან ხალხისთვის გადარიცხულ თანხას, როგორც მათ მოესურვებათ.~
ამ მხრივ ჩვენ დიდი ხანია გვქონდა პრობლემა სადაზღვევო კომპანიებთან, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცდება! უკმაყოფილოა ხალხი, უკმაყოფილოა ჯანდაცვის სამინისტრო, უკმაყოფილოები ვართ ექიმები. კმაყოფილი მხოლოდ „ალდაგია“.
არსებობს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, სადაც წერია: „პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი“. თუმცა, საქართველოს მთავრობამ ამ კანონის საწინააღმდეგო დადგენილება 2009 წელს მიიღო, სადაც წერია, რომ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია პაციენტი გააგზავნოს იმ კლინიკაში, სადაც მოესურვება. შექმნილია ისეთი სიტუაცია, როცა კანონი ირღვევა, მაგრამ ამას არაუშავს.
თითქმის ყველა ჩემი კოლეგა საუბრობს ამ უსამართლობაზე კულუარებში და გმობს „ალდაგის“ ამ ქმედებას. თუმცა უმეტესობა გაურბის საჯაროდ ამ თემაზე საუბარს. ისინი ფიქრობენ, რომ ნებსით თუ უნებლიედ შეიძლება აწყენინონ „ალდაგის“ საავადმყოფოში მომუშავე კოლეგებს.
ჩემი აზრით, იმ საავადმყოფოში მომუშავე ბევრ ჩემს კოლეგას სულაც არ სჭირდება ძალით მიყვანილი პაციენტი. მათ კვალიფიკაციაშიც არავის შეაქვს ეჭვი. დამერწმუნეთ, არსებული ვითარება მათ უმრავლესობასაც აწუხებს.
მაშ სად არის გამოსავალი და რა ეშველება ამ საქმეს?
მე ხშირად ვსაუბრობ კოლეგებთან ამ თემაზე – ერთადერთი, რაზეც არავინ დავობს, არის ის, რომ უნდა შესრულდეს ზემონახსენები კანონი. პაციენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვისთან მივიდეს. ვერავინ უნდა გაბედოს წაართვას მას ეს უფლება. ეს კანონი არის მედიცინის განვითარების მთავარი სტიმული – ყველა ექიმი და კლინიკა ეცდება გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და ამით მიიზიდოს პაციენტი.
თუ პაციენტს არჩევანის უფლება არ ექნა, მაშინ კლინიკასაც აღარ ექნება ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა და ისევ მივიღებთ დანგრეულ, დაბალი ხარისხის სამედიცინო დაწესებულებებს.
კონკურენტებს ხარისხით უნდა ეჯიბრებოდე და არა კვანტის დადებით. დღეს „ალდაგმა“ და, საერთოდ, ამ სისტემამ მთელს ქართულ მედიცინას დაუდო კვანტი.
დღევანდელი მთავრობის გეგმა სახელმწიფო დაზღვევის შესახებ თითქმის მთლიანად ცვლის არსებულ პრობლემას უკეთესობისკენ. მთავარია, შესრულდეს ის, რასაც მინისტრი დავით სერგიენკო გვპირდება.
იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და ყველაფერი მოგვარდება.
ჩემს პაციენტებს კი, რომლებიც უმეტესად ასაკოვანი ადამიანები არიან და მოუთმენლად ელიან მხედველობის გასაუმჯობესებელ ოპერაციას, ვუსურვებ მოთმინებას. მართალია, მათთვის ერთ დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არაფერი დაშავდება, თუ ისინი რამდენიმე თვეში გაიკეთებენ ოპერაციას.
ვიმედოვნებ, ძალიან მალე ამ „ვიღაცას“ აღარ ექნება თქვენი ჯანმრთელობით მანიპულირების უფლება!
ირაკლინაცვალაძე (აიპ) „ბათუმისსაცხენოსნოკლუბის“დირექტორი: შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ცხენოსნობით დავინტერესდი. ყოფილი გორკის ქუჩის ბოლოში იყო თავლა, იქ გვყავდა 5-6 ცხენი, მართალია, სამოყვარულო დონეზე, მაგრამ მაინც ვიღებდით მონაწილეობას რეგიონალური მასშტაბის შეჯიბრებებში, თუმცა მხოლოდ დოღში ვმონაწილეობდით.
– დიახ, მე და გიორგიმ შევადგინეთ პროექტი, რომელიც საკრებულოს წარვუდგინეთ, მოგვიწონეს, დაგვიმტკიცეს და ფინანსებიც გამოგვიყვეს. პროექტში ასახული იყო სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, ცხენოსნობა მიმზიდველია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ასევე შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აჭარის ისტორიაში პირველად მონაწილეობა მივიღეთ შეჯიბრში, რომელიც კლასიკურ ცხენოსნობას განეკუთვნება, ეგრეთწოდებულ კონკურსს ანუ ბარიერების გადალახვას გულისხმობს. თბილისში ჩატარდა ქალაქის მერიის თასის გათამაშება და გიორგიმ, რომელიც ამასთანავე კლუბის მთავარი მწვრთნელ-ინსტრუქტორია, მერვე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ცხენოსნობა ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი და დარწმუნებული ვართ, მას აჭარაში კარგი მომავალი ექნება.
–სამოყვარულოთუპროფესიონალურდონეზე?
– ჩვენ ვავარჯიშებთ მოყვარულებს, ეს თავიდან, თუმცა, თუ ნიჭი აღმოაჩნდა ვინმეს, პროფესიონალებშიც გადავა…
– კი, სპორტის ეს სახეობა მართლა ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუმცა, ყველანაირად ვეცდებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ვაპირებთ სააბონენტო სისტემის დანერგვას, 12 წლამდე ბავშვი თვეში დაახლოებით 70 ლარამდე გადაიხდის, დიდებისთვის კი აბონემენტის ღირებულება 100-150 ლარი იქნება.
–ბაზათუგაგაჩნიათ?
– ბაზა გვაქვს მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ სამწუხაროდ პირობები ცუდია, პირველი რიგში მანეჟის გრუნტის საკითხია მოსაწესრიგებელი, ქვიშა უნდა დაიყაროს, გრუნტი რბილი უნდა იყოს. გარდა ამისა, ინვენტარიც შესაძენი გვაქვს.
–საკრებულომხომდაგაფინანსათ?
– დიახ, 2013 წლისთვის 150 ათასი ლარი გამოგვიყო, რაც პირველი ეტაპისთვის საკმარისია.
– ასე რომ მივუდგეთ საკითხს, არის ცხენები, რომლებიც რამდენიმე მილიონი ღირს.
–ამჟამადრამდენიცხენიგყავთ?
– ამჟამად 12 ცხენი გვყავს თავლაში, ერთი წელს შევიძინეთ ქალაქის საკრებულოს დახმარებით, 5000 დოლარი გადავიხადეთ, `ზაგრები~ ჰქვია, სწორედ მაგ ცხენით იასპარეზა გიორგიმ თბილისში და ისეთ ცხენებს გაეჯიბრა, რომელთა ფასი 20 ათას ევროზე მეტია.
გიორგიძინძიბაძე, ბათუმისსაცხენოსნოკლუბისმთავარიმწვრთნელი: 15 წელია სპორტის ამ სახეობას მივსდევ. ბავშვობაში სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი. ჩვენი სახლის გვერდით საცხენოსნო კლუბი იყო, იქ დავდიოდი ხშირად და ცხენების მოვლაში ვეხმარებოდი, შემდეგ მწვრთნელმა, სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს, ვარჯიშის საშუალება მომცა, მოგვიანებით ბელორუსში გადავედი, ექვსი თვე იქ დავყავი, საკლუბო შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი, ბოლოს კი თურქებმა შემომთავაზეს მათთან გადასვლა, რათა მათი ცხენები გამეწვრთნა.
–იქაცმონაწილეობდიშეჯიბრებებში?
– რა თქმა უნდა, თუმცა მხოლოდ კლუბის სახელით, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე ვარ, უფლება არ მქონდა იქაურ ჩემპიონატში ან თასის გათამაშებაზე მიმეღო მონაწილეობა, თან მაგას საგანგებო ლიცენზია სჭირდებოდა. ჩამოვედი საქართველოში, სადაც ვაპირებდი ამ ლიცენზიის აღება და სწორედ მაშინ გავიცანი ირაკლი, თურქეთში უნდა გავბრუნებულიყავი, მაგრამ აქ დარჩენა ვამჯობინე. ისე კი, თურქეთში ყოფნისას, საკლუბო დონის ტურნირებზე სხვადასხვა სინჯის 30-ზე მეტი მედალი მაქვს მოპოვებული კლასიკურ სახეობაში ანუ ბარიერების დაძლევაში.
–ვარჯიშისმსურველებიბევრიგყავთ?
– კი, ძალიან ბევრნი არიან. ჩვენც ვარჯიშის ჩვენეული სისტემა გვაქვს, ახალბედებს თანდათან ვაჩვევთ ცხენზე ჯდომას, პირველი ვარჯიშები 20 წუთი გრძელდება. შემდეგ თანდათან იმატებს, პირადად მე 40-45 წუთი ვვარჯიშობ, ამაზე მეტად ცხენის დატვირთვა არ შეიძლება.
–უახლოესმომავალშირამეტურნირზეთუაპირებთგასვლას?
– ფოთში, ერთ კერძო პირს ჰყავს ცხენები და 28 მარტს აპირებს შეჯიბრის ჩატარებას, ბათუმის სახელით ვიასპარეზებ, ეს რაც შეეხება ბარიერების გადალახვას, თუმცა, არ არის გამორიცხული, მარულაშიც (რბოლა) გავიყვანოთ ერთი ცხენი. შემდეგ თბილისში კავკასიის თასის გათამაშება ჩატარდება, სადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.
– სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ, ვინც კლუბს კარგ სახელს შეურჩევს და ჩვენ მოგვეწონება, აბონემენტით დავაჯილდოვებთ, რომლითაც უფასოდ რვა ვარჯიშის საშუალება ექნება. ამ ეტაპზე ირაკლის მიერ შერჩეული სახელი „კვიცი“ „ლიდერობს“.
–ბათუმშითუაპირებთტურნირისგამართვას?
– როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ამის სათანადო ბაზა არ გაგვაჩნია, თუმცა საქმე ისე მიდის, სავარაუდოდ, ერთ ტურნირს ბათუმში ზაფხულში აუცილებლად ჩავატარებთ.
დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაემგზავრნენ. მათი მიზანი, სოფლებში იმ ექიმებისა და ექთნების რაოდენობის დადგენაა, რომლებსაც დაბალი ხელფასები აქვთ. საპარლამეტო არჩევნების შემდეგ კვირას სოფლებში დასაქმებულმა ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ მიზერული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებას.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო პერსონალის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. ამ მიზნით სამინისტროს ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო.
პროგრამის ფარგლებში 27 ექიმი, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვს (ძირითადად ვიწრო სპეციალობის ექიმები), ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს მიიღებენ. „დაბალ ხელფასში იგულისხმება 200-250 ლარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ დაბალ ხელფასზე თითქმის არავინ მუშაობს, რადგან, ჯერჯერობით, სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა“, – ამბობს „ბათუმეელბთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსილელა სურმანიძე.
მოკლედ, ჩახვედი ლონდონში, პირველად რამ მიიქცია შენი ყურადღება?
ყველაფერი ძალიან, ძალიან მაგარი დამხვდა. სიმართლე ითქვას, ასეც ველოდი. უდიდესი სიამოვნებაა იმ ულამაზესი ქუჩების, სახლების, სკვერების დანახვა.
როგორი იყო სკოლაში შენი პირველი დღე?
ის დღე რაღაცნაირად ცივი იყო. იყო თვალების ტრიალი და შენზე მზერის შეჩერება იმიტომ, რომ შენ ახალი ხარ. პრინციპში პირველი დღე არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი სამი თვისაგან. ისინი ისეთივე ცივები დარჩნენ.
ანუ ინგლისელები ცივები არიან?
ოო, რაც შეეხება ხალხს, ისინი ძალიან კონსერვატიულები არიან. ხშირად იცინიან, თუმცა რთულია მათთან კონტაქტში შესვლა. აქვთ ერთი უდიდესი პლუსი, ქართველებისგან განსხვავებით, უდიდეს პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებსა და კულტურას.
იქ ყოფნისას შენთვის მთავარ სირთულეს რა წარმოადგენს?
ალბათ უფრო ენის ფაქტორი და ახლობლებისგან შორს ყოფნა. კიდევ ხალხის სიცივეც.
ოჯახისა და მეგობრების გარდა ყველაზე ძალიან რა გენატრება?
რა თქმა უნდა, ქართული საჭმელი.
სად ცხოვრობ და რომელ სკოლაში დადიხარ?
სწავლას განვაგრძობ ქალაქ კენტში, რომელიც საათნახევრის სავალზეა ლონდონიდან. ეს არის ინტერნაციონალური სკოლა, რომელსაც აქვს თავისი საერთო საცხოვრებელი.
აქამდე სად სწავლობდი და რატომ გადახვედი სხვა სკოლაში?
ქალაქ სიფორდის ნიულენდსის სკოლაში. ეს სკოლა ჩემთვის არ იყო შესაფერისი. მე მჭირდებოდა უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი სკოლა, რასაც ისინი “A დონეს” ეძახიან.
აგვიწერე შენი ერთი ჩვეულებრივი დღე იქ ყოფნისას…
დილით, როცა ვიღვიძებთ, ჯერ კიდევ ღამეა. მერე ვემზადებით და 8-ზე ვსაუზმობთ. 9-ზე გვეწყება სკოლა. სკოლაში ყოველი მეორე გაკვეთილის შემდეგ 30-წუთიანი შესვენებაა. სკოლა 5 საათზე მთავრდება, შემდეგ ერთი საათი ე.წ. “ფანჯარა” გვაქვს. ამ დროს ან სპორტჰოლში მივდივართ ან ფილმს ვუყურებთ. მერე სადილი გვაქვს, თან წიგნებიც უნდა წავიღოთ, ბიბლიოთეკაში მივდივართ და ვმეცადინეობთ. 10 საათზე ვიძინებთ. შაბათ-კვირას ლონდონსა და ლონდონის შემოგარენში ვსეირნობთ.
ალბათ იქ ცხოვრებას ბევრი დადებითიც აქვს. ხომ არ ჩამოგვითვლიდი რამდენიმე მათგანს?
რა თქმა უნდა აქვს. ჯერ მხოლოდ ის რამდენს ნიშნავს, რომ ენის ბარიერი გადავლახე. თან დამოუკიდებლად ცხოვრებასაც ეჩვევი.
სამშობიარო სახლის ტექნიკა 600 000 ლარად კომპანია „ნიუ ლაიფმა“ 2011 წელს შეიძინა, რომელსაც იმავე წელს აჭარის მთავრობამ ანგისაში არსებული „დედათა და ბავშვთა საავადმყოფო“ 1,5 მილიონ ლარად მიყიდა. ხელშეკრულების თანახმად, ახალ მფლობელს, ანგისაში 2012 წლამდე უნდა აეშენებინა 100 საწოლიანი სამშობიარო სტაციონარი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე, ასევე ასსაწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი ბავშვთა სტაციონარი. თუმცა, ბათუმის სამშობიარო სახლის მედპერსონალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მფლობელი ახალ საავადმყოფოში, სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომლის დასაქმებას ვერ უზრუნველყოფდა.
ბათუმის სამშობიარო სახლში 290 ადამიანი მუშაობს. თანაშრომლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, თხოვნით, შეენარჩუნებინათ ბათუმის სამშობიარო სახლი.
„ბათუმის სამშობიარო სახლი სააქციო საზოგადოებამ ჩამოყალიბდა, მათ ექნებათ დამოუკიდებელი მენეჯმენტი და ის ტექნიკა, რომელიც ხელისუფლებამ 600 ათას ლარად მიყიდა კომპანია „ნიუ ლაიფს“. 300 000 ლარის სანაცვლოდ ეს ტექნიკა ისევ სამშობიარო სახლს დაუბრუნდება. როგორც ვიცით ამაზე თანახმაა ინვესტორიც და სამშობიარო სახლის მედპერსონალიც“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მისივე ინფორმაციით, რადგან სამშობიარო სახლის შენობა სახელმწიფო საკუთრებაა და ირიცხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, შენობას სახელმწიფო სამშობიარო სახლს არა უზურფრუქტით, არამედ იჯარით გადასცემს: „საიჯარო თანხა იქნება თვეში 20 ათასი ლარი. ამით მოიგებს სახელმწიფოც და დაკმაყოფილებული იქნება სამშობიარი სახლის მედპერსონალის მოთხოვნაც“.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია „ნიუ ლაიფის“ ვალდებულებაში აღარ იქნება ასსაწოლიანი სამშობიარო სტაციონარის ფუნქციონირება და ის მხოლოდ ბავშვთა პროფილით იმუშავებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება: „ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო საკუთრება, საქციო საზოგადოების საკუთრებაში გადასულიყო. ბათუმის სამშობიარო სახლი არის ბათუმის ისტორიული სახე და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“.
საავადმყოფოს დირექტორი მიშა ართმელაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. პირად საუბარში კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, მუშაობის შეჩერება არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მისივე თქმით, პაციენტები იზოლირებულნი არიან და სარემონტო სამუშაოები თანდათანობით მიმდინარეობს, რათა პაციენტებს დისკომფორტი არ შეექმნათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ მისთვის დეტალურად უცნობია, თუ რა ნორმები არეგულირებს სტაციონარში რემონტის პარალელურად ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მიღებას.
კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია აღნიშნული ფაქტი, მინისტრი აცხადებს: „ეს ნამდვილად არაადეკვატურია. ამ ყოველივეს არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რომელიც თბილისში მდებარეობს. შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში. ბოლო წლებში, რასაც მე ვაკვირდები, მკურნალობის პარალელურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი პაციენტთა უსაფრთხოება, სამედიცინო თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, არ უნდა იყოს მტვერი, ხმაური, სხვა ხელშემშლელი პირობები და პაციენტები სრულიად იზოლირებულნი უნდა იყვნენ სარემონტო სამუშაოებისაგან“.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იმაზეც საუბრობს, რომ თუ კი პაციენტთა მიღება შეწყდებოდა, ამ შემთხვევაში დაზარალდებოდნენ პაციენტები: „როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას იმის თანხაც არ აქვს, რომ თბილისში წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სხვა საავადმყოფოებსაც აქვთ ონკოლოგიური პაციენტების მიღების ლიცენზია, იქ არ კეთდება ის, რაც კეთდება ონკოლოგიურ საავადმყოფოში. აქ არის ოპერაციული მკურნალობა, სხივური თერაპია, რომლებიც სხვა დაწესებულებებს არ გააჩნიათ და პაციენტებიც მოკლებულნი იქნებოდნენ ამ სერვისებს“.
ბათუმში ონკოლოგიურ პაციენტებს სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც შეუძლიათ მომსახურების მიღება, მაგრამ სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეული პაციენტები ამ არჩევანს მოკლებულნი არიან, სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკა ონკოლოგიური საავადმყოფოა და ყველაზე ხშირად სწორედ აქ ამისამართებენ პაციენტს. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ში აცხადებენ, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდებათ: `მაშინ უნდა მოხდეს ამ საავადმყოფოს შეფასება, მედპერსონალის ფასების შედარება და ა.შ. გამიჭირდება ზუსტად თქმა და არ ვთვლი, რომ სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. მე პირადად არ ვარ ნამყოფი ონკოლოგიურ საავადმყოფოში“, – განაცხადა „ბათუმელებთან” მაია ივჩენკომ, „ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
ამ საკითხზე საუბრისას კრიტიკულია „წელფარე ფოუნდატიონ“-ის აღმასრულებელი მდივანი, ჯანდაცვის სპეციალისტი სიმონ გაბრიჭიძე, მისი თქმით, თუ სარემონტო სამუშაოების შედეგად პაციენტის მდგომარეობა უარესდება და გარემო მისი ჯანმრთელობისათვის საზიანო ხდება, მაშინ ირღვევა პაციენტის უფლებები.
„რემონტი რომ დერეფანში მიმდინარეობდეს, ეს ჰიგიენური წესრიგის დარღვევად ჩაითვლებოდა, რაც აკრძალულია. თუმცა გარე რემონტის დროსაც უარესდება პაციენტების მდგომარეობა, მაგრამ კანონში ამის შესახებ ზუსტად არაფერი წერია. ჯანდაცვისა და პაციენტის უფლებების კანონმდებლობა ძალიან ცუდადაა შედგენილი. პაციენტთა შესახებ კანონი, რომელიც მიიღეს 2000 წელს, შევარდნაძის დროს, მას შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა, როცა ყველაფერი შეიცვალა ჯანდაცვაში. აუცილებელია, რომ პაციენტის შესახებ კანონი გახდეს რეალური და არსებულ რეალობაზე მორგებული“, – ამბობს სიმონ გაბრიჭიძე.
ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო გასულ წელს გაიყიდა, იგი ამჟამად კერძო საკუთრებაა.