ჭოროხი – ჩემი ბავშვობის მდინარე

მდინარის იქით თურქული სოფელია, რომელსაც ხანდახან დურბინდით ვუყურებდი. მახსოვს, ზაფხულში, როცა სამუშაოდ ბაღჩებში გადიოდნენ, ხანდახან თეთრ ქსოვილს ააფრიალებდნენ ხოლმე აქეთა მხარისთვის, იოლად შესამჩნევი რომ ყოფილიყვნენ. ამას მოჰყვებოდა გაურკვეველი შეძახილები საზღვრის იქეთა მხრიდან, შემდეგ იგივე მეორდებოდა საპირისპირო მიმართულებით. სოფელში ყველა ამბობდა, რომ საზღვრის იქით ნათესავი ჰყავდა, იქედანაც ხშირად ისმოდა: “ჰეეეეეეეიიიი გამარჯობა ჭოოოოოო”, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიუჟეტი ზაფხულობით ხშირად მეორდებოდა, ახლა ვხვდები, რომ ჭოროხი ჩემთვის არასოდეს ყოფილა გამყოფი ზოლი, ის სოფლის ცოცხალი ნაწილი იყო, თავისი მოსილული  ნაპირით, რომელზეც ფეხშიშველები დავდიოდით, რომელშიც ქალები მუხლებამდე იკაპიწებდნენ კაბებს და ფეხებს ისველებდნენ – “რევმატიზმს კურნავსო”…

მდინარის ნაპირზე, საზღვართან ახლოს კი, იქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ძველი ხიდი, რომლის ნახევარზეც ქართველი, მეორე ნახევარზე კი თურქი ჯარისკაცები ავტომატებით ხელში “გაჭიმულები” დგანან, ხანდახან მაყვლის საკრეფად გადავდიოდით. მაყვლის კრეფა საზღვრის დიდი მავთულებიანი ჭიშკრის შიგნით ჩვენი საყვარელი რიტუალი იყო. ხიდს რომ ჩავუვლიდით, თურქი ჯარისკაცების გასაგონად საგანგებოდ ვამბობდით ხმამაღლა ყველა იმ თურქულ სიტყვას, რაც ვიცოდით, მათ კი უბრალოდ ეღიმებოდათ და გაუნძრევლად იდგნენ “გაჭიმულები”.

ჭოროხში აღმოჩენილი, ან ჭოროხის მიერ გამორიყული ნივთების პოვნა კი სოფლის ზეიმად გადაიქცეოდა ხოლმე, ვინ იპოვა? როდის? რა არის?…

ერთ მშვენიერ დღესაც, როცა მდინარემ დინება შეწყვიტა და გამოჩნდა კალაპოტი, თეთრი გაპრიალებული ქვები, რომელზე გასეირნებაც კი შევძელით, გულწრფელად გეტყვით, არაფერი მტკენია. არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოუვიდა მდინარეს – ეს ყველაფერი იმდენად უცნაური იყო ჩემთვის, რომ ხიბლში ჩავვარდი. წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებ, მდინარე ჩვეული რეჟიმით მოედინება, ჩქარია, წყალუხვი და ცოტათი საშიშიც კი, შუადღისას კი კალაპოტში წვეთი წყალიც აღარ არის. ადგილ-ადგილ დატოვებული, ულამაზესი მწვანე გუბეები კი თითქოს გეძახის: “მოდი, იჭყუმპალავე.”

ცოტა ხნის წინ კი სულ სხვა რამ მოხდა, მოხდა ის, რომ სახელმწიფომ მდინარეზე კაშხლების აშენება გადაწყვიტა – ამაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე “ბათუმელებში” ბევრჯერ დავწერეთ, მაგრამ რაც იქ, ადგილზე ვნახე, ჩემთვის შოკი იყო. მიმონგრეული, გადათხრილი კალაპოტი, მძიმე ტექნიკა, ახალი ხელოვნური ქვაყრილი, რაღაც არეულ-დარეული და ამბავი ნაწილ-ნაწილ, წვეთ-წვეთად: “ამბობენ, დაბლობი თითქმის აღარ იარსებებს”; “ამბობენ, წყალი გზამდე ამოდისო”, “ამბობენ, კლიმატი შეიცვლება, სოფლები დაიცლებაო”, “იმასაც ამბობენ, სოფლები უნდა დაიცალოს, მაგრამ ხალხი, რომ არ აჯანყდეს ჯერ, არ ამხელენო” – საშინელი ემოცია გამიჩნდა, მაშინ წარმოვიდგინე, რომ ვიღაცამ უხეშად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მზაკვრულად შეცვალა, მოშალა ის, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო.

მე არ ვამბობ –  არ ააშენოს სახელმწიფომ, როცა ამის საჭიროება არსებობს, როცა მეტია სარგებელი, ვიდრე ზიანი, მაგრამ როცა სახელმწიფო ამბობს – მე ვაშენებ და შენი საქმე არ არის რას და რატომ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაშინ გეტყვი, როცა სახელმწიფო ბულდოზერით მოდის ჩემს ჭიშკართან და ჩემი ემოცია (უკვე ასე ვფიქრობ) ფეხზე ჰკიდია …

კი,  ეს ის მომენტია, როცა სახელმწიფომ ადამიანების დამოკიდებულება არად ჩააგდო, სახელმწიფომ გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, რაც ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს და პირობებს უცვლის. სახელმწიფომ იმ სოფლების ცხოვრება შეცვალა, სადაც მცხოვრები ადამიანები ამ დრომდე ნაკლებად ახსენდებოდა…

ამ კვირაში ბევრ დოკუმენტს გავეცანი, ბევრ ადამიანს ვესაუბრე, სტატიას ვამზადებდი იმაზე, თუ ოფიციალურად რა სარგებელს მიიღებდა სახელმწიფო იმისგან, რაც ხალხისგან მალულად წამოიწყო. რა გამოვარკვიე, ამაზე მესამე გვერდზე წაიკითხეთ. მე მხოლოდ ერთს დავამატებ. მახსოვს, ხუთი წლის წინ “ბათუმელებში” სტაჟიორი რომ ვიყავი, რედაქციაში ამბავი მოვიტანე, სოფლებში თურქი სპეციალისტები აზომვით სამუშაოებს ატარებენ-მეთქი, რედაქტორი დამეხმარა – სტატია დავწერეთ სათაურით „საიდუმლო ჰიდროპროექტები აჭარაში“ – მაშინ სახელმწიფომ პასუხისგან თავი შეიკავა.  „ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ გამოაგზავნა ეს ხალხი, გაგვაფრთხილეს, იმუშაონ, ხელი არ შეუშალოთო“ – გვითხრა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულმა, თავად მინისტრმა კი გვითხრა, ამის შესახებ არაფერი ვიციო.

აჭარაში მინერალურ წყალს ჩამოასხამენ

 

 

“სავარაუდოდ ერთ თვეში გავიტანთ მინერალურ წყალს ბაზარზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დანადგარების მონტაჟი, საჭირო დანადგარების ნაწილი ადგილზე მოიპოვება, ნაწილიც საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს” – ამბობს საწარმოს დირექტორი.

 

მეწარმეების განცხადებით საწარმო 20-25 ადამიანს დაასაქმებს და დღის განმავლობაში 10 000 ლიტრ წყლის ჩამოსხმას უზრუნველყოფს. ლევან ძნელაძის თქმით ერთი ლიტრი მინერალური წყლის საბითუმო ღირებულება, სავარაუდოდ, 60 თეთრით, 1,5 ლიტრისა კი –  45 თეთრით განისაზღვრება. წყლის ჩამოსხმა პოლიეთილენის ბოთლში არის დაგეგმილი.

 

“ამ წყალს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს, გამოიყენება ღვიძლის, ჰეპატიტისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. ქედის მოსახლეობა აღნიშნულ წყალს სამკურნალოდ დიდი ხანია იყენებდა. რაც შეეხება წყლის ჩამოსხმას, პირდაპირ ჩამოვასხამთ, ამისთვის რეზერვუარებს არ დავაყენებთ. ჩავატარეთ კვლევა, არსებობს ლაბორატორიული დასკვნები, რომლის შესაბამისადაც მივიღეთ ლიცენზია, რაც წყლის სამკურნალო თვისებებზე მეტყველებს” –  ამბობს ლევან ძნელაძე.

 

 

საწარმოს მფლობელები ადგილობრივი მეწარმეები: ქაზიმ ბალაძე, ლევან ძნელაძე და ანზორ მალაყმაძე არიან.

 

კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე გასული წლის სექტემბერში შეიქმნა. სპორტის ამ სახეობას 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლება, თუმცა წვრთნები აქ თებერვლის მერე აღარ ჩატარებულა, რადგან კორტის საფარი მწყობრიდან გამოვიდა. მწვრთნელიც და ახალგაზრდა სპორტსმენებიც საფარის აღდგენას რამდენიმე თვეა ელოდებიან.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ ფირმას წერილობითი მოთხოვნა საფარის აღდგენასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გაუგზავნა. სამსახურის უფროსი გია გათენაძე ამბობს, რომ ფირმას საგარანტიო ვალდებულება ხუთი წლით აქვს აღებული.

 

 

ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის დამკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 84 667 ლარია, ტენდერი საკრებულომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ  შპს “გულები ო.დ”-თან მშენებლობის წარმოებაზე ხელშეკრულება 84 667 ლარზე გაფორმდა. კომპანიის დირექტორი ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ კორტების საფარის დაზიანება სიცივეში ჩატარებულმა სამშენებლო პროცესებმა განაპირობა და დასძენს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ობიექტი დროულად ჩააბარა, სიცივესა და ყინვაში შესრულებულმა სამუშაოებმა კი დროთა განმავლობაში საფარის დაზიანება გამოიწვია.

 

 

“ობიექტი სატენდერო პირობების მიხედვით ჩავაბარე, თუმცა გამგეობას დროის გახანგრძლივება ვთხოვე, რადგან ყინვა დაიწყო და გვინდოდა ხარვეზები აგვერიდებინა თავიდან, რაზეც უარი მივიღე. სიცივე ახალდასხმულ ფენას მოერია და ძირი მოიშალა. ექსპერტი მოვიყვანე, სპეციალისტმა მითხრა, საფარი ზაფხულში უნდა გაკეთებულიყოო, მე კი დოკუმენტაციას მივყევი და ამიტომ მოხდა ასე. პირველი შემთხვევაა, როცა ყინვამ ძალიან დამაზარალა.” –  ამბობს ოთარ დიასამიძე.

 

 

ოთარ დიასამიძე ამბობს, რომ მან ობიექტი 2011 წლის ბოლოს ჩააბარა, მაგრამ როგორც კი დათბა, მოედნის ზედაპირი ამოცვივდა. გასულ ზაფხულს კომპანიამ მოედანი გადაღება, თუმცა ამან ხარვეზები ვერ გაასწორა.  “ახლა ისევ გადასაღებია, სანამ გადავღებავთ, მანამდე მოყინული საფარია ამოსატეხი. სამუშაოების დაწყებას მომავალი კვირიდან დავიწყებთ. რაც შეეხება ფრენბურთის მოედანს, პროექტის მიხედვით რაც მევალებოდა, გავაკეთე. მხოლოდ ბადეა გასაბმელი, ეს კი ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ გვევალებოდა ინვენტარის შეძენა” – აცხადებს ოთარ დიასამიძე.

 

 

მწვრთნელის მიშა ვაზაგაშვილის თქმით, ჩოგბურთის მოედნის საფარი რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, საჭიროა კორტების გადახურვა:

 

 

“ჩოგბურთის ჯგუფი სექტემბერში გოგონებით დაკომპლექტდა. თავდაპირველად ჩოგბურთის შესწავლის მსურველი გაცილებით მეტი იყო. ამ ეტაპზე წვრთნები არ ტარდება, კორტები არ არის გამართული და სად უნდა ჩავატარო? საფარი მწყობრიდანაა გამოსული, თავის დროზე, როცა გაიხსნა ჩოგბურთის მოედანი, კარგ მდგომარეობაში იყო, დროთა განმავლობაში გამოვლინდა ხარვეზები.  აუცილებელია მოედნის გადახურვა, საფარი რომ არ დაზიანდეს. როგორც ვიცი, ზაფხულში უნდა გამართონ საფარი და სწავლებასაც სექტემბრიდან დავიწყებთ. ჩვენი მოსწავლეები II-III-IV კლასის მოსწავლეები არიან, სექტემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ვაჟთა ჯგუფის გახსნაც” – ამბობს მიხეილ ვაზაგაშვილი.

 

 

კორტებისგან განსხვავებით ქვიშის ფრენბურთის მოედნით დღემდე არავის უსარგებლია. აქ არც ბადეა გაბმული და არც ჯგუფი ჩამოყალიბებულა. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მამუკა დიასამიძე აცხადებს,  რომ თავის დროზე არ იყო გადაწყვეტილი რა ტიპის მოედანი უნდა მოწყობილიყო და რადგან თანხა არასაკმარისი იყო და სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, ვერც ინვენტარი გაითვალისწინეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყო, ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ აღმოჩნდა.

 

 

“ფრენბურთის მოედნის ინვენტარის შეძენისთვის 4-5 ათასი ლარია საჭირო, ეს თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინეთ. კორექტირების ზეპირი მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნა ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატების გადასაწყვეტია” –  ამბობს მამუკა დიასამიძე.

 

 

კითხვას, რატომ დარჩა უფუნქციოდ ფრენბურთის მოედანი და რატომ ვერ აღჭურვეს დღემდე 2011 წელს ჩაბარებული ობიექტი ინვენტარით, ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი პასუხობს: “ეს არის გასართობი მოედანი, ინვენტარი ადგილზე გვაქვს”, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს.

 

 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გია გათენაძის თქმით, სამომავლოდ ობიექტს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აღარ ჩაიბარებენ: “გამგებელმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა ხელშეკრულებაში ჩაიდოს, ობიექტები აღარ ჩაბარდება ისე, თუ არ ექნება მას ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, 100%-იანი გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად შეამცირებს ხარვეზების შემდეგ გამოვლენას.” –  ამბობს გია გათენაძე.

როდის გაიხსნება საბაგირო გზა ბათუმში

 

“საწყისი სადგურის მშენებლობა უკვე დასრულებულია. დარჩა მხოლოდ ლელო სადგურისა და გასართობი ცენტრის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები”  _  ამბობს “ჰესტოკ-ბათუმის” იურისტი რომან ფუტკარაძე.

 

 

ამ დროისთვის მიმდინარეობს საბაგიროს ტესტირება, რასაც ავსტრიული კომპანია “დოპერმაიერი”  ხელმძღვანელობს. “უფრო ადრეც ვაპირებდით დასრულებას, მაგრამ  ქარმა გასართობი ცენტრის ფასადზე მინა ჩაამტვრია. მინის შეკვეთას, ჩამოტანას და დამონტაჟებას გარკვეული დრო დასჭირდა. არის რიგი სამუშაოებიც, რომელიც ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული და ამასაც დრო სჭირდება. თუმცა ყველა სავალდებულო სამუშაო შესრულებულია”  –  ამბობს რომან ფუტკარაძე.

 

 

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, საბაგირო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა გაკეთებული და დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა.

 

 

საბაგიროს ტექნიკურ პერსონალს “დობერმაიერის” სპეციალისტები გადაამზადებენ. კადრების შერჩევაც და მომზადებაც მათ ვალდებულებში შედის. როგორც რომან ფუტკარაძე ამბობს, ამ ეპატისთვის თვრამეტ სპეციალისტს ამზადებენ.

 

 

რაც შეეხება საბაგიროს მუშაობის რეჟიმს, მუშაობის საათები მოთხოვნიდან გამომდინარე დადგინდება.

 

 

“ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ტურისტულ სეზონზე და მომხმარებლის ინტერესზე. თუ იქნება საჭიროება, შეიძლება 24 საათის განმავლობაშიც იმუშაოს”. –  განმარტავს რომან ფუტკარაძე.

 

 

საბაგირო გზით სარგებლობის ფასი ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, კომპანიის იურისტის თქმით, გასართობ ცენტრში ასვლა და ჩამოსვლა ერთი ბილეთით იქნება შესაძლებელი. განსხვავებული ფასები იქნება ბავშვებისთვის.

 

 

საბაგიროთი სარგებლობისთვის პლასტიკური ბარათების შეძენა როგორც ჯიხურებში, ასევე საბაგიროს სადგურებში იქნება შესაძლებელი.

 

 

ფერიის მთაზე მდებარე გასართობ ცენტრ “არგოში” განთავსებულია საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები, საბავშვო გასართობი ცენტრი და რესტორანი.

 

 

კომპლექსს გემის ფორმა აქვს და სახელწოდება “არგოც” აქედან მომდინარეობს.

 

 

არგო
არგო

სახალხო ნათლობა ხულოში

 

ამ წუთებში ხულოს  წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში სახალხო ნათლობა იწყება. მონათვლის სურვილი ამ დროისათვის 1300-მა ადამიანმა გამოთქვა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მონათლავს. მონათვლის მსურველთა უმეტესობა ბავშვია, თუმცა არიან უფროსი ასაკის ადამიანებიც.

 

პატრიარქი აჭარაში კიდევ ორ დღეს დარჩება. იგი 18 ივნისს ხიჭაურის უნივერსიტეტში მივა, სადაც მოსახლეობას და პროფესორ-მასწავლებელებს შეხვდება.     19 ივნისს კი საყოველთაო ნათლობა ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართება.    

დაზიანებული ფიგურა საბაშვილის სახლზე

 

მამუკა ცინცქილაძის ფოტო
მამუკა ცინცქილაძის ფოტო

 

 

ვინ უნდა იზრუნოს ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლის ფასადის მნიშვნელოვანი დეტალის შენარჩუნებაზე?  – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბიძინა აფხაზავას დაუკავშირდა. 

 

 

„კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის რეაბილიტაციისათვის. ამ შემთხვევაში ამაზე უნდა იზრუნოს ქალაქმა ან მეპატრონემ. ჩვენ უკვე მივმართეთ ბათუმის საკრებულოს განცხადებით და რამდენადაც ვიცი, საკითხი უნდა გაიტანონ საკრებულოს სხდომაზე. უნდა გამოცხადდეს ტენდერი სახლის გადასახურავად, რადგან წყალი ჩადის და შენობას აზიანებს. სახლზე დაზიანებულია არა ერთი, არამედ ორი ფიგურა და აუცილებელია შეკეთება, რადგან შესაძლოა ჩამოვარდეს და ქუჩაში ვინმე დააზიანოს. თუ ტენდერი გამოცხადდება, ვეცდები ჩართული იყოს არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელიც ფიგურებს შეაკეთებს.“ –  განაცხადა ბიძინა აფხაზავამ.

 

 

სახლი  მე-19 საუკუნის ბოლო წლებშია აგებული და ბათუმელ კომერსანტს საბაშვილს (საბაევს) ეკუთვნოდა. ქვაში გამოკვეთილი ატლანტის ფიგურები კი იაკობ ნიკოლაძის მოსწავლის, მოქანდაკე პოლოლიკაშვილს ნამუშევარია. 

 

 

 

 

ვარშავა-ბათუმის სეზონური პირდაპირი ფრენები იწყება

 

ფრენები კვირაში ერთხელ  სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. ვარშავა-ბათუმის ავია-ფრენები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ პოლონეთში წარმოებული სარეკლამო კამპანიის ფარგებშია დაგეგმილი. დეპარტამენტი ბათუმის აეროპორტში ჩამოსულ პოლონელ სტუმრებს საზეიმო დახვედრას მოუწყობს.

 

აჭარულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან პოლონელებს, ხოლო დეპარტამენტის თანამშრომლები მათ აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო მასალებს გადასცემენ.

 

ფრენებს ახორციელებს საქართველოს ავიახაზებია პოლონურ კომპანია “Itaka”-ს დაკვეთით.  ჩარტერულ რეისებზე ტურისტებს სამოგზაურო პაკეტები წინასწარ ააქვთ შეძენილი მთელი სეზონისათვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონი ჯერ კიდევ არ შესულა აქტიურ ფაზაში, 2013 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკური მონაცემებით პოლონელი ტურისტების რიცხვი გასული წლის იგივე პერიოდთა შედარებით 46 %-ითაა გაზრდილი. სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ხულოში

უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება, კონსულტაციებს და გამოკვლევებს  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მენგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.  

 

 

 

სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი გიორგაძე დაესწრება.

 

 

 

ანალოგიური აქცია 6 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტში, 27 ივლისს კი ქედის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

სისხლის დონორთა დღე აჭარაში

 

ამ დღეს აჭარაშიც აღნიშნავენ. დღეს სისხლის უანგაროდ გაღების მსურველებს შეუძლიათ აჭარის სისხლის გადასხმის სადგურს მიმართონ. დღესვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურების და სამედიცინო დაწესებულების 80-მდე თანამშრომელი სისხლს უანგაროდ გაიღებს.

 

სისხლის დონორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით 14 ივნისს, 11:00 საათზე სს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“-ს სისხლის ბანკში და შპს „აჭარის სისხლის გადასხმის სადგურში“ სისხლს უანგაროდ გაიღებენ შემდეგი საჯარო უწყებებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები:

 

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
  3. „აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო“
  4. „აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო“
  5. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“
  6. „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო“
  7. შპს „ქ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“
  8. შპს „აჭარის ნარკოლოგიური ცენტრი“
  9. სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი“
  10. შპს „ბათუმის სამშობიარო სახლი“
  11. შპს „ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი“
  12. შპს „რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური კლინიკური საავადმყოფო“
  13. შპს „ბათუმის რეფერალური საავადმყოფო“

 

სისხლის დონორთა საერთაშორისო დღის 2013 წლის კამპანიის თემა: „აჩუქე სიცოცხლე-გაიღე სისხლი“ ეძღვნება უანგარო დონორის მსოფლიო დღის 10 წლისთავს. კამპანიის მიზანია ყურადღება გამახვილდეს გაღებული სისხლის მნიშვნელობაზე, რომლის მეშვეობით ხდება არა მარტო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა, არამედ მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

პედაგოგიური საბჭოების დილემა

ზოია სტურუა

პედაგოგიური საბჭოების მოვალეობაში შედის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცება, სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ასევე, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით გრიფმინიჭებული სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევა; პედაგოგიური საბჭო თავის წარმომადგენელს ირჩევს სამეურვეო საბჭოში, რომელიც შეუძლია ვადაზე ადრე გადაირჩიოს.

რამდენად ეფექტურად მუშაობს პედაგოგიური საბჭო და არსებობს თუ არა საკმარისი კომუნიკაცია პედაგოგიურ საბჭოებსა და სკოლის სხვა მმართველ რგოლებს შორის? ამ საკითხებზე „ბათუმელებთან“ მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებმა ისაუბრეს.
ზოია სტურუა ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეა. მისი აზრით, დღეს პედაგოგიური საბჭოები დადგენილი სტანდარტებით მუშაობენ და მათგან ახალი ინიციატივები იშვიათია.

პედსაბჭოს სავალდებულო სხდომა სასწავლო გეგმის დამტკიცების დროს ტარდება მხოლოდ. გეგმას დირექტორი პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენს განსახილველად, შემდეგ კი მას სკოლის სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ასევე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს მოვალეობაა სემესტრული და წლიური შედეგების განხილვა, ანალიზი და სკოლის აკადემიური მდგომარეობის შემოწმება.

„პედაგოგიურ საბჭოში შედის საგნობრივი კათედრებიც, რომელთა ხელმძღვანელებიც არჩეულნი არიან ორი წლის ვადით. არ ნაზღაურდება არც პედსაბჭოს თავმჯდომარეობა და არც კათედრის ხელმძღვანელებს აქვთ ფინანსური მოტიცავია, ამიტომ, ამ თანამდებობებზე ძირითადად ერთი და იგივე პირები რჩებიან“. _ ამბობს ზოია სტურუა. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებში შედის განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ყველა სიახლის თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის განხილვა.

როგორ აისახება პედსაბჭოს მუშაობა სკოლაზე? ზოია სტურუას თქმით ის, რაც ვერც პედაგოგიურ და ვერც ადმინისტრაციის დონეზე ვერ გვარდება, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა. „წესით, ყველა კლასში უნდა იყოს კომპიუტერი, რომ საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელი იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. კომპიუტერული კლასი კი არის ერთი და იქ ყველა გაკვეთილს ვერ ჩაატარებ. დიდი მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებულ სწავლებას, ეს ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ _ ვერა“.

ალეკო ყიფიანი

განსხვავებული რამ, რაც მეოთხე სკოლის პედსაბჭოს გაუკეთებია, სკოლაში გაძლიერებული ინგლისურის შემოღებაა: „პროექტი წარედგინა განათლების სამინისტროს, მოიწონეს და დააფინანსეს. მიდის ასევე მუშაობა სწავლების ხარისხზე საგნობრივ კათედრებთან, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სკოლის დონეზე ვერ გვარდება“. ზოია სტურუას თქმით ეს პრობლემა სახელმძღვანელოებს უკავშირდება. `მაგალითად, ჩვენ ქართულში არჩეული გვაქვს როდონაიასა და მაღლაკელიძის სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს ავტორები ერთმანეთს კი არ აგრძელებენ, არამედ იმეორებენ თემებს და მასალებს, რაც ბავშვისთვისაც მომაბეზრებელია და პედაგოგსაც პრობლემას უქმნის. აუცილებელია ამ ავტორების ერთმანეთთან კომუნიკაცია, რომ თემების ლოგიკური ბმა მოხდეს“. ზოია სტურუას აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა არსებობდეს რაღაც რგოლი, რომელიც განათლების სამინისტროს ან რესურსცენტრების ბაზაზე იარსებებს. `ჩვენ გვქონდა ერთხელ ამ ავტორებთან შეხვედრა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“.

პედაგოგის აზრით, რესურსცენტრებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხითაც. „არ არის საკმარისი ის ინფორმაცია, რასაც მასწავლებლები ვიღებთ. თუ არის რესურსცენტრი ჩვენი რეკომენდატორი, მაშინ ჩვენს განვითარებაზეც უფრო მეტად უნდა იზრუნოს და მოიტანოს ჩვენამდე ყველა სიახლე“. ზოია სტურუა ფიქრობს, რომ კვალიფიკაციის ამაღლებას დაეხმარება ღია გაკვეთილები, რომლებიც შემდეგ შეფასდება და გააანალიზდება.

პედსაბჭოს თავმჯდომარე საუბრობს პედაგოგების გადატვირთულ გრაფიკზეც, რომელიც, მისი აზრით, ცალკე პრობლემაა: „თუ მასწავლებელს 15 საათი აქვს ჩასატარებელი, ამასთან, არის დამრიგებელიც, პედაგოგიური საბჭოს წევრიც, ან კათედრაზე უწევს მუშაობა _ ეს ძალიან რთულია, რადგან ეს სამუშაოები არ არის ანაზღაურებადი, მასწავლებელი კი ცდილობს ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და მუშაობს რეპეტიტორად. ამიტომ პროფესიული განვითარებისთვის დრო აღარ ჰყოფნის. თუ გვინდა მეტი ეფექტი, მაშინ ფინანსური მოტივაციაც უნდა გაიზარდოს“.

ალეკო ყიფიანი პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეა. ის მე-2 საჯარო სკოლაში მუშაობს და მიიჩნევს, რომ პედაგოგიური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს მუშაობაც, ჯერჯერობით ფორმალურ სახეს ატარებს: „ძირითადად პედაგოგიური საბჭოს მუშაობა შემოიფარგლება სასწავლო პროცესის ანალიზით და ვცდილობთ, რომ მომაბეზრებელი არ იყოს მასწავლებლებისთვის და მხოლოდ კონკრეტულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ“.

კანონის თანახმად პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია რიგგარეშე სხდომების მოწვევაც, „თუმცა ასეთი ექსტრემალური საკითხები თითქმის არ ყოფილა განსახილველი. ამიტომ ცალკეული კლასების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას და მოვითხოვთ კლასის დამრიგებლისგან ანალიზს“.

ალეკო ყიფიანის აზრით დღეს პედაგოგიური საბჭო მხოლოდ სტანდარტული საკითხებით შემოიფარგლება და ნაკლებად მსჯელობს ბავშვისთვის საჭირო საკითხებზე: „მსჯელობს სასწავლო პროცესზე, შედეგებზე, ოლიმპიადებსა და რაღაც ამდაგვარ თემებზე, მაშინ როცა, საბჭო მომავლის საკითხებს უნდა წყვეტდეს, მაგალითად, არ ხდება იმის შესწავლა, რატომ იცვლებიან მოსწავლეები სწავლების მაღალ საფეხურზე, რატომ აღარ არიან ისინი წარმატებულები. პედსაბჭო უნდა ეძებდეს სკოლის სუსტ წერტილს და მის გამოსწორებაზე ფიქრობდეს, რადგან ეს აისახება სწავლების ხარისხზე“.

სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, ალეკო ყიფიანის თქმით, აღმზრდელობითი მეთოდია. „გია მურღულიამ თქვა და მეც ვიზიარებ, რომ სკოლის წარმატებას სამი კომპონენტი განაპირობებს: სწავლების ხარისხი, აღმზრდელობითი სისტემა და სკოლის მართვა. აქედან, ყველაზე მეტად დარღვეულია მეორე კომპონენტი, რისი გამოსწორებაც მარტო სკოლის რესურსით ძალიან ჭირს. რადგან მშობლის ასაკიც გაახალგაზრდავებულია, მოსწავლეს ვერც ოჯახიდან მოაქვს შედეგი და ვერც სკოლა აწვდის“.

ალეკო ყიფიანის მოსაზრებით, თანამედროვე სკოლა ბავშვს მეტ ტექნიკურ დავალებას აძლევს და ნაკლებ დროს უტოვებს მსჯელობისთვის: „მასწავლებლები ვეღარ ვლაპარაკობთ, იმდენი ტესტია შესავსები. აღარც ბავშვებს რჩებათ თხრობის დრო და სიტყვის ხელოვნებაც იკარგება“. ის იზიარებს მოსაზრებას, რომ პრობლემებია სახელმძღვანელოებშიც, რაც ასევე ართულებს მოსწავლის დაინტერესებას: „აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოს შედგენაში ჩაერიონ პედაგოგიკის ინსტიტუტები და ფსიქოლოგები. არ შეიძლება მეშვიდეკლასელ ბიჭებს, რომლებსაც ულვაშები აქვთ უკვე და შეყვარებულები არიან, ბოღრია დათვის ზღაპარი და ჭორიკანა შაშვის ამბავი ასწავლო.“

„სასწავლო გეგმაც და პედაგოგიური საბჭოებიც დემოკრატიის სახელით შენიღბული ფორმალობაა“ _ ამბობს ალეკო ყიფიანი, _ „რა გეგმები უნდა დააწყო, როცა ავტორს გთავაზობს სამინისტრო, მეთოდს გთავაზობს სამინისტრო და პედსაბჭო უძლური ხდება პრობლემების გადაწყვეტაში“.
ალეკო ყიფიანი პრობლემას ხედავს პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურაშიც: „არ შეიძლება 114 მასწავლებლიდან ყველა საბჭოს წევრი იყოს. ვერ მუშაობს ეფექტურად. დაბალი საფეხურის მასწავლებლებს მაღალი კლასის საკითხები არ აინტერესებთ, მაღალს _ დაწყებითის, ამიტომ გავყავი ამ ორი საფეხურის პედაგოგები და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვატარებ გაერთიანებულ სხდომებს. ჩემი აზრით, საბჭოს წევრთა რაოდენობაც უნდა იყოს განსაზღვრული, თუ გვინდა შედეგი“.

საბჭოს თავმჯდომარე უარყოფითად აფასებს სკოლის სამეურვეო საბჭოებსაც: „ესეც ზედმეტი დანამატია. იდეები მათგან არ მოდის და არ ხდება არსებითი მსჯელობა პრობლემებზე. ყველა წევრს იმის მიხედვით ირჩევენ, რამდენად სანდო და საჭიროა იგი დირექტორისთვის. თუ მარტო ფინანსები უნდა აკონტროლონ, არც ეგ აღარ არის საჭირო, რადგან ყველა ხარჯი დევს ელექტრონულად“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის, მანანა რატიანის აზრით, პრობლემების ნაწილი, რომელიც დღევანდელ სკოლაში გვხვდება, სწავლების პარადიგმის ცვლილებითაა გამოწვეული: „როცა ტრადიციული მეთოდი შეცვალა ინტერაქტიულმა და აუცილებელი მოთხოვნა გახდა სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება, ამასთან, აუცილებელი გახდა მასწავლებლების ერთმანეთთან თანამშრომლობა, ამან გამოკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები“.

მანანა რატიანი ამბობს, რომ ძველი თაობის პედაგოგებს არ ჰყოფნით გამოცდილება, რომ ახალ ჩარჩოებში იმუშაონ. „უფრო დიდი პრობლემაა მასწავლებელთა მოტივაცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა ეს ასე არ არის. მეორე მხრივ კი, იმდენად ხშირია მიდგომების ცვლილება, ამან მასწავლებელი გახადა რეზისტენტული“.

მანანა რატიანი სხვა რამდენიმე პრობლემასაც გამოყოფს:
„პრობლემაა მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან მარტო სერტიფიცირება არ არის გამოსავალი. სერტიფიცირებით მოწმდება სხვა ცოდნა და პრაქტიკაში სხვა რამის განხორციელება უწევთ. მასწავლებელთა ყველაზე დიდი ჯგუფი 50-60 წლის ასაკისაა, ამიტომ მათთან რთულია პერმანენტულ განვითარებაზე საუბარი, ახალი კადრების შემოდინება კი სკოლაში არ ხდება. კვლევების მიხედვით 8 000 მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს სკოლაში, მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში მიდიან ადამიანები სკოლაში სამუშაოდ. ამ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი საქართველოს მასშტაბით 120 სკოლაში იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარებას შეუწყობს ხელს. საპილოტე სკოლებში შეირჩევა შვიდი მასწავლებელი და ერთი სასწავლო ნაწილის გამგე, რომლებიც ითანამშრომლებენ ადგილობრივ კათედრებთან, რათა მოიკვლიონ და დაადგინონ ყველა საჭიროება, რაც სკოლის წინაშე დგას. ამაზე დაყრდნობით კი მომზადდება შეფასების მოდულები, შემდეგ და დაეხმარებიან სკოლას“.


სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

ბათუმის მერმა საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა.

ჯემალ ანანიძის განცხადება საკრებულოში დღეს შევიდა. საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით ბათუმის საკრებულოს ბიურო მერის განცხადებას სამსახურიდან გადაყენების თაობაზე ხვალ დილით განიხილავს.

რატომ მიიღო ჯემალ ანანიძემ გადადგომის გადაწყვეტილება ამის შესახებ განცხადებას ის სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთში გააკეთებს.

იღბლიანი სტუდენტები მტირალაზე

 

ბათუმის უნივერსიტეტში კემპინგჯგუფი ტურიზმის ფაკულტეტის სამმა სტუდენტმა, მინდია კურცხალიძემ, რობი ბაქანიძემ და ბესო ბოლქვაძემ შექმნა. სტუდენტები თავად უწევენ ექსკურსიებს ორგანიზებას.

 

სტუდენტები პირველი ტურით დიდაჭარაში იყვნენ: „12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით გავედით, 200 სტუდენტის ტრანსპორტირებისათვის დაგვიფინანსა აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა. მინიმალური თანხებით ვცდილობთ ტურების ორგანიზებას, თითო სტუდენტს მხოლოდ ხუთი ლარის გადახდა მოუწევს. ლოტოტრონის მეთოდს იმიტომ ვიყენებთ, რომ გვინდა სტუდენტები წავახალისოთ, რეგისტრაციის პროცესი უფრო საინტერესო გავხადოთ.“ – ამბობს მინდია კურცხალიძე, ერთ-ერთი ორგანიზატორი. კემპინგჯგუფის ორგანიზებით მალე სხვა ტურებიც გაიმართება.

 

კემპინგჯგუფი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ლოგოს გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული ლოგოს ავტორს კემპინგჯგუფი  უფასო ექსკურსიით დაასაჩუქრებს.                        

ნატოს წარმომადგენლების შეხვედრა მოსწავლეებთან

 

დღეს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში,  სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში დავით დუნდუა და  ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუ  სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნატოს კვირეულის ფარგლებში შედგა, საუბარი იყო საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე, ორგანიზაციის შექმნის ისტორიასა და მთავარ მიზნებზე.

 

უილიამ ლაჰიუმ შეხვედრის აქტიურ მონაწილეებს საჩუქრად ნატო-ს მაისურები და ქუდები გადასცა.

უნივერსიტეტში სუნია

 

 

 

– ეს მიმართვა  სოციალურ ქსელში გავრცელდა. მიმართვის ავტორი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადრესატი უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძეა. ამ და სხვა პრობლემებზე, ვიდეოკადრებს სტუდენტები ფეისბუქის გვერდზე – „ბსუ კულისებში“ ათავსებენ. ირაკლი ჯაფარიძე, მენეჯმენტის I კურსის სტუდენტი, გვერდის ადმინისტრატორია, მან მეგობრებთან ერთად მსგავს პროტესტს მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილობა შენიშნა:  „როცა უნივერსიტეტში ამდენი პრობლემაა და ადმინისტრაციას რეაქცია არ აქვს საყვედურებზე, საჯარო პროტესტზე, შევეცადეთ, რომ პროტესტი სხვანაირი ფორმით გამოგვეხატა. ფეისბუქზე შევქმენით გვერდი, რომელზეც წვდომა ბსუ-ს სტუდენტებს აქვთ, ამ გვერდზე ვათავსებთ ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებს, ვიფიქრეთ, იქნებ ცინიზმმა მაინც გაამართლოს. სტუდენტებს მოსწონთ რასაც ვაკეთებთ, თუმცა მხარდაჭერას არ გამოხატავენ, სულ ოთხნი ვართ, გაჩერებას არ ვაპირებთ. არ ვიცი, დაემთხვა თუ ჩვენი აქტიურობის შედეგია, ფაქტია, ამ ვიდეოების განთავსების შემდეგ სარემონტო სამუშაოები დაიწყო.“

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთ დერეფანში რომ საპირფარეშოს სუნი დგას, ამაზე სხვა სტუდენტებიც საუბრობენ:

 

 

„აუცილებელი არ არის საპირფარეშოში შესვლა, იქედან გამომავალი სუნი ფოიეში მიუთითებს იმაზე, რომ იქ ახლო–მახლო ოთახთაგან ერთ-ერთი საპირფარეშოა.“ = ამბობს „ბათუმელებთან“ სტუდენტი აჩი ხოზრევანიძე.

 

ნათია ქვარცხავა სამართალმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტია. მისი თქმით უნივერსიტეტში სისტემური პრობლემაა: „სასაცილოც კი არის ამ პრობლემის არსებობა, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემა მწვავედ დგას, დერეფნებში სუნია, როგორია ლექციაზე საპირფარეშოს სუნი რომ გაწუხებს. დამლაგებლებზე ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ალაგებენ, პრობლემა უფრო სისტემურია. საპირფარეშოში არ იღებოდა ფანჯრები, რაც პრობლემას ამძაფრებდა, კაბინები არ არის მოწესრიგებული, წყლის ჩაშვება არ შეგიძლია. საერთოდ წყალი უმეტესად არ არის, რაც საშინელ მდგომარეობას ქმნის.“

 

 

სტუდენტი ლაშა მგელაძე ამბობს, რომ ამის შესახებ აქციების გარდა პროტესტს ყველა ფორმით გამოხატავდა: „სოციალების კორპუსში საშინელი მდგომარეობაა, ძველ კორპუსში ჰუმანიტარების მხარე ნორმალურ მდგომარეობაშია და სისუფთავეც არის, ჩვენს კორპუსში კი დერეფანშიც ვერ გაივლი, ჯერ საშინელი სუნია, მერე შიგ ანტისანიტარიაა, როცა შევდივართ, ფეხის წვერებზე დავდივართ, ფეხი რომ არ დაგვესვაროს, ტუალეტის ქაღალდიც არ დევს.  წყალი არ არის, რომ ხელი დაიბანო, მეხუთე სართულიდან ხელების დასაბანად ეზოში გვიწევს ჩასვლა.“

 

 

სტუდენტების პასუხად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ედიშერ ჩავლეიშვილი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და საპირფარეშოების პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება: „სარემონტო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ატარებს. სტუდენტები წუხილს ნამდვილად ხშირად გამოხატავდნენ, ვიდეოები კი არ მინახავს, სოციალურ ქსელებში არ ვნახულობ ვიდეოებს, თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი – მეუბნებიან.  საპირფარეშოების სუნის მიზეზი ის იყო, რომ არ ირეცხებოდა წესიერად, ხარვეზი სისტემური იყო, დამლაგებლები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებდნენ. ახლა არ მინდა ვთქვა, მაგრამ ტუალეტში შესვლის კულტურაც გვაკლია ყველას ალბათ.“

 

23 დღე კარავში, მთავრობის დახმარების მოლოდინში

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ეკომიგრანტები ამბობენ, რომ არ აქვთ არათუ ჰიგიენის დაცვის, არამედ ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილების ელემენტარული პირობებიც. ამის მიუხედავად, მთავრობას ბიოტუალეტების დადგმაზე არ უფიქრია.

აჭარიდან წალკაში ეკომიგრანტები წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით და ინიციატივით ჩასახლდნენ. სახელმწიფომ ისინი საბერძნეთში მიგრირებული ბერძენი ეროვნების მოქალაქეების სახლებში შეასახლა იმ გარანტიით, რომ სახლებს გამოისყიდდა. სახლები დღემდე არ გამოუსყიდიათ. ბოლო ერთი წელია სახლების მესაკუთრეების წარმომადგენლები ჩამოდიან წალკაში და ეკომიგრანტებს თავიანთ საკუთრების დაცლას სთხოვენ.

ეკომიგრანტების ინფორმაციით, წალკაში აჭარიდან ჩასახლებული 3300 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს, მთავრობამ ბერძენი მოქალაქეებისგან მხოლოდ 350 სახლი გამოისყიდა.

აჭარის მოქმედ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეკომიგრანტების პრობლემებზე ზრუნვა მათ კომპეტენციას ცდება და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავია.

განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მეშინია მარტოობის

 

 

ამ ყველაფერს კომპიუტერის ფანჯარაში ვხედავ ჩემს პატარა, მყუდრო ოთახში. არ ვიცი ვინ ზის მიკროავტობუსში – ჩემი მეგობარი, მეზობელი, უბრალოდ ნაცნობი ან ადამიანი, ვინც სადღაც მინახავს, მაგრამ ვერასდროს გავიხსენებ მას; შეიძლება ადამიანი, ვისთანაც ჩემი გზა არასდროს გადაიკვეთება. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, იმ მანქანაში ადამიანები სხედან და სხვა ადამიანები სასტიკად უსწორდებიან.

მანქანაში ნებისმიერი შეიძლება იჯდეს.

 

 

17-მდე და 17-ს მერეც ხშირად მესმის: „ვინ უშლით, ვინ უვარდებათ სახლში, ვინ არღვევს მათ უფლებებს?“ მაინტერესებს იმ პოტენციურ მკვლელს, ვინც იმ დღეს ფანჯარა ჩაამტვრია, მიკროავტობუსში ვიღაც ვირტუალური, არაქართველი „პიდარასტის“ მაგივრად თავისი ძმა, შვილი, მეგობარი რომ შერჩენოდა ხელში, რა მოუვიდოდა, გაიმეტებდა მოსაკლავად?

 

 

ერთ დღეს ბედნიერებმა რომ გაიღვიძოთ და საკუთარმა შვილმა გითხრათ, მამა საქმე მაქვს შენთან, იცი მე გეი ვარ, რა მოგივათ, რა დღეს დააყრით, ან თვითონ რა დღეში ჩავარდებით? თუმცა, ეს თქვენ როგორ დაგემართებათ, არადა, ნამდვილად შეიძლება დაგემართოთ…

 

 

ეს ისე, უბრალოდ.

 

 

იმ დღეს, 17 მაისს თბილისში გეიპარადი არ ყოფილა, იმ დღეს ჰომოფობიასთან, ანუ შიშთან ბრძოლის დღე იყო, თქვენ კი ადამიანებს ნამდვილი შიში აჩვენეთ.

წინ სამღვდელოება მიგიძღვოდათ, მათ მოგცეს კურთხევა მკვლელობაზე. სამღვდელოება კი ის ჯგუფია, ვისი საყვარელი სიტყვაც ბოლო დროს შიში გახდა… მათ ეშინიათ იმის, ვინც იძახის არ მეშინია, ვინც იძახის – მიყვარს. თქვენ ყველას რაღაცის, უცხოს, სხვანაირის გეშინიათ, ამ დროს ყველაზე მთავარი გავიწყდებათ – ის, რაც რეალურია, რისიც ნამდვილად უნდა გეშინოდეთ – ტყუილის, ტყუილის, რომელიც შეიძლება შვილებმა, მეგობრებმა გითხრან; ტყუილი, რომლის თქმაც შეიძლება უახლოეს ადამიანებს აიძულოთ. მაგრამ ეს არაა ყველაზე მთავარი შიში, თქვენ მარტოობის გეშინიათ, გირჩევნიათ მასის ნაწილი იყოთ, უმრავლესობის, ბევრის ნაწილი…

 

 

თითქმის არასდროს გამოვსულვარ ჩემი მყუდრო ოთახიდან რაღაცის გასაპროტესტებლად – ერთხელ მაშინ გამოვედი, როცა ციხის კადრები ვნახე და მეორედ 17-ში, იმიტომ, რომ ორივეჯერ ბევრი ცოტას უსწორდებოდა, ორივეჯერ ბევრი და ძლიერი „ცოტას“ ამცირებდა. ოთახში ვერ გავჩერდებოდი, იმიტომ არა, რომ დონ კიხოტი ვარ, ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ, ადამიანი მიყვარს. ეს იმათთვის, ვინც იძახის, ადრე სად იყავითო.

 

 

ეს თქვენთვის, ვინც ზნეობას ადამიანზე მაღლა აყენებთ. იქნება, როგორმე შეძლოთ და გაიგოთ, ადამიანისთვისაა ყველაფერი – სამშობლო, ღმერთი, ოჯახი და არა პირიქით. ეს ყველაფერი ადამიანის გარეშე არაფერია, არ არსებობს და ვერც იარსებებს.

 

 

თქვენ, იმ დღეს არაადამიანურად იქცეოდით, თქვენ ზნეობისა და მართლმადიდებლობის სახელით იმ დღეს სხვა ადამიანები მოკალით (არ აქვს მნიშვნელობა შეძელით ეს თუ ვერა).

 

 

მე მარტოობის მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც არაადამიანობის მეშინია. მე თქვენნაირად ყოფნა მეშინია.

და როცა დავინახავ, რომ ბევრი ცოტას უსწორდება, იმედია არ შემეშინდება, ისევ გამოვალ ოთახიდან. მეშინოდეს მარტოობის, მერე რა.

 

 

იმედია, ადამიანად ყოფნის არ შემეშინდება.

რა არის შესაცვლელი სკოლაში

იანა ჩადუნელი რვა წელია რაც სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს. იგი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანი ამ ხნის განმავლობაში იყოს მოვალეობის შემსრულებელი, „მაგრამ გარკვეული ჩავარდნები ჰქონდა რეფორმას და ეს ამით იყო განპირობებული“. სკოლის დირექტორობისთვის საჭირო გამოცდები რვა წლის წინ ჩააბარა და არჩევნებზე სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა, სამინისტროში გასაუბრებაზე აღარ დაუბარებიათ, რადგან, როგორც დირექტორი ამბობს, ის და კიდევ რამდენიმე დირექტორი, სიიდან ამოღეს.

იანა ჩადუნელი

„იყო თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ვერ გეტყვით, რადგან მე არ ვიყავი რომელიმე პარტიის წევრი. არც მიზეზები გამირკვევია, რადგან სტრესის ქვეშ ვიყავი“ _ ამბობს იანა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, განათლების სამინისტრომ მე-3 საჯარო სკოლას საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. ის მაშინდელი მმართველი პარტიის _ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი ასმათ დიასამიძე იყო, თუმცა, სამეურვეო საბჭომ სამინისტროს შეთავაზება არ მიიღო. „ამის შემდეგ სამინისტრო იძულებული გახდა, მოვალეობის შემსრულებლად ისევ მე დავენიშნე. ამ უსიამოვნო ფაქტის შემდეგ, სამინისტროს მხრიდან სკოლის სხვა პროცესებში ჩარევა აღარ მიგრძვნია. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელი ვარ“.

ცხრა ივნისს სკოლებში ახალი სამეურვეო საბჭოები აირჩევა, სექტემბერში კი სკოლის დირექტორების არჩევნები უნდა დაინიშნოს. იანა ჩადუნელი მიიჩნევს, რომ ის წარმატებული დირექტორია და სკოლის მართვაშიც დამოუკიდებელია: „იმედი მაქვს, სკოლა კიდევ გამომიცხადებს ნდობას. კარგია, როცა კონკურენცია არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით კონკურენტები არ მყავს. იმედი მაქვს, სამინისტროს მხრიდან აღარ მოხდება ჩარევა და არჩევნები იქნება თავისუფალი“. ჩადუნელის აზრით, სამეურვეო საბჭოს ნება საკმარისია და სამინისტროს მხრიდან გასაუბრება ზედმეტი ბარიერია.

დირექტორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სკოლის ადმინისტრაცია სამინისტროს ჩარევისგან თავისუფალია. თუმცა იგი იხსენებს გასულ წელს დაფიქსირებულ ფაქტს, როცა საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლებში რუსული სექტორების გაუქმება მოითხოვა: „დირექტორები დაგვიბარა და მოითხოვა, ბავშვები აღარ მიგვეღო პირველ კლასში, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა დიდი იყო.“ დირექტორის აზრით, ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „წელს უკვე შეიცვალა სიტუაცია და რუსულ სექტორზე 180 პირველკლასელი მივიღეთ. იმედი გვაქვს, რომ სამინისტრო სახელმძღვანელოებითაც მოგვამარაგებს, რაც ყოველთვის ჭირდა“.

დირექტორი სკოლის საქმეში ჩარევად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, როცა სკოლებში სახელმძღვანელოების გაყიდვა დაიწყეს: „იყო საშინელი რიგები, ხმაური და მოზღვავებულმა ხალხმა კარები შემოამტვრია“.

იანა ჩადუნელის აზრით, სკოლა პოლიტიკისგან იმ შემთხვევაშია თავისუფალი, თუ არსებობს ხელისუფლების ნება. „თუმცა, შიდა საკითხებში, როგორიცაა პედაგოგების დანიშვნა ან გათავისუფლება, სამინისტრო არ ერევა. თანხასაც სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ვხარჯავთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სკოლის საჭიროებებს რაციონალურად მოხმარდეს“.

დირექტორის თქმით, სკოლების დაფინანსების საკითხი იმ შემთხვევაშია პრობლემატური, თუ სკოლა ნაკლებ კონტინგენტიანია: „მე 900 მოსწავლე მყავს. რუსული სექტორის შემდეგ კიდევ გაიზრდება ვაუჩერული დაფინანსება, მაგრამ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გაფართოება ან სერიოზული კაპიტალური ხარჯები, სკოლის ბიუჯეტი ვერ წვდება“.

მე-3 საჯარო სკოლა ყოფილი რუსული ბაზის შენობაშია განთავსებული. დირექტორი ამბობს, რომ შენობა არ არის გათვლილი სკოლაზე, შესაბამისად მას ბევრი ხარვეზი აქვს. „მაგალითად სპორტული დარბაზი მეორე და მესამე სართულებს შორისაა მოქცეული, რაც იწვევს ხმაურს და არაკომფორტულია სასწავლო პროცესის დროს. ეზო გვაძლევს საშუალებას, რომ ფართობი დავამატოთ, გავაკეთოთ კარგი ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასი, რომელიც ახლა ძალიან პატარაა და სპორტული დარბაზიც გადმოვიტანოთ. პროექტი წარვუდგინე განათლების სამინისტროს, თუმცა დაფინანსება ვერ მივიღე“.

იანა ჩადუნელის აზრის, ამ ეტაპზე უპერსპექტივოა სკოლების და ბიზნესის ურთიერთობა. „მქონდა მცდელობა, მაგრამ ბიზნესისთვის უინტერესოა სკოლისთვის ქველმოქმედების გაწევა“. დამატებითი სახსრების მოსაპოვებლად სკოლას ერთადერთი, რაც შეუძლია, ზედმეტი ფართობის გაქირავებაა, რაზეც ნებართვას განათლების და ეკონომიკის სამინისტრო იძლევა. „მშობლების სურვილი იყო და ჩვენიც, რომ სკოლაში უცხო ენების ფასიანი ჯგუფები გაგვეხსნა, თუმცა არც ეს არის საკმარისი იმის გასაკეთებლად, რაც სკოლას სჭირდება განვითარებისთვის“.

გენო გოგიბერიძე მე-5 საჯარო სკოლის დირექტორია. ის ამ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭომ ექვსი წლის წინ აირჩია. ახალ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რადგან კანონით გათვალისწინებულ ასაკობრივ ზღვარს მიუახლოვდა: „65 წლის შევსრულდი, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ნორმა არასწორია, თუ დირექტორი წარმატებულია და მას შეუძლია მართვა, ასაკის გამო ბარიერი არ უნდა შეექმნას. ვფიქრობ სამინისტრომ ამ მუხლის გაუქმებაზე უნდა იფიქროს“ _ ამბობს იგი.

გენო გოგიბერიძე ასევე ფიქრობს, რომ სკოლა წინა ხელისუფლების დროს არ იყო თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან, თუმცა ამაში პედაგოგების როლსაც ხედავს: „პედაგოგები მუშაობდნენ პარტიის კოორდინატორებად, აქტივისტები იყვნენ და ამაში ისინი ანაზღაურებას იღებდნენ. რა თქმა უნდა იყვნენ პედაგოგები, რომლებიც არ მიდიოდნენ პარტიულ შეხვედრებსა და აქციებზე, მაგრამ მათზე დევნა არ ხორციელდებოდა. მე პირადად, რამდენჯერმე ვუთხარი უარი, მაგრამ არ მოუხდენიათ ზეწოლა, ალბათ არჩეული დირექტორი რომ ვიყავი, იმიტომ“.

გენო გოგიბერიძის თქმით, სკოლა კანონმდებლობის დონეზე თავისუფალია, თუმცა პოლიტიკური ნების არქონის შემთხვევაში, ის მაინც განიცდის ზეწოლას. „ეს ისეთი საკითხია, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში იჩენს თავს. შაშკინთან ვიყავით შეხვედრაზე როგორც წარმატებული სკოლის დირექტორები, ჩვენი სკოლა წარმატებულია სპორტში. გამარჯობა არ გვითხრა, ისე დაგვიქნია თითი, მაშინვე გაგათავისუფლებთ ყველას, პროგრამა თუ ჩავარდებაო. ასეთი რამ სკოლისთვის მიუღებელია“.

რა არის შესაცვლელი სკოლაში, რაც როგორც დირექტორს ხელს გიშლით სკოლის წარმატებულად მართვაში? _ამ კითხვაზე პასუხად გენო გოგიბერიძე პრობლემის რამდენიმე ასპექტს გამოყოფს.

„დავიწყოთ მთავარით. დაძველდა სწავლების ფორმა, ახალგაზრდებს აღარ სჭირდებათ ყველა საგანი და მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდებზე ბარიერი გადალახონ, ფორსმაჟორში უწევთ დიდი მასალის ათვისება, რაც საბოლოოდ მათთვის არაფრის მიმცემია“.

დირექტორის განცხადებით, სკოლა მოსწავლისთვის პრაგმატული გარემო უნდა იყოს, რაც მას დროის ფუჭად ხარჯვისა და ფსიქოლოგიური გადაღლისგან დაიცავს: „მთელი სკოლა რეპეტოტირებთან დარბის, რაც საშინელებაა. რეპეტიტორი არ უნდა ჩაერიოს სასწავლო საქმიანობაში, სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს იმ ცოდნას, რომ დაძლიოს ეროვნული საგამოცდო პროგრამა. ამიტომ, X_XI-XII კლასელები იმას უნდა სწავლობდნენ, რაც მათ მომავალს სჭირდება, რაც მათ გეგმებზეა ორიენტირებული და შედეგიც იქნება“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სკოლაში უნდა შეიცვალოს, გაკვეთილების რაოდენობაა. „სისულელეა მეშვიდე გაკვეთილი. აღარ აინტერესებს ბავშვს, ვეღარ ერევა. დღევანდელი ბავშვი არ არის ჯანმრთელი. ნახეთ სამედიცინო შემოწმებები, რამდენი პრობლემა აქვთ, დაქვეითებული მხედველობა, სმენა, აღქმა… _ ეს გადატვირთული რეჟიმის შედეგია. ამას ემატება მძიმე სოციალური გარემო ოჯახში, ვეღარ იტანს ბავშვის ფსიქიკა ამას. ამიტომ, პროფილური სწავლება არის გამოსავალი მოსწავლეებისთვის, რადგან უკვე თაობები იკარგება“.

დირექტორი ამბობს, რომ სკოლა ვერ წყვეტს სახელმძღვანელოების საკითხსაც. „ყველა ცდილობს რაც შეიძლება სქელტანიანი წიგნი გამოსცეს, თუმცა თანამედროვე წიგნი ვერ ასწავლის ბავშვებს თხრობას. სახელმძღვანელოები ბლოკნოტის ჩანაწერებს ჰგავს“. დირექტორის თქმით, სამინისტრო და გამომცემლები შორს დგანან პრაქტიკული ცნობიერებისგან, რაც აზარალებს მოსწავლეს.

გენო გოგიბერიძე

გენო გოგიბერიძე გამოყოფს პედაგოგის პრობლემასაც: „მართალია დირექტორს შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს მასწავლებლის დანიშვნის ან გაშვების საკითხი, მაგრამ ეს რთული პროცესია. ყბადაღებული სერტიფიცირება არ ამართლებს ხშირად. რამდენი სერტიფიცირებული მასწავლებელია, რომელიც ვერ მართავს საგაკვეთილო პროცესს და წივილ-კივილია გაკვეთილზე. არ მინდა ასეთი სერტიფიკატი“. დირექტორი ამბობს, რომ მას ჰქონდა წინადადება განათლების სამინისტროსთან, რომ შექმნილიყო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც პერიოდულად შეამოწმებდა საგაკვეთილო პროცესს და მოისმენდა იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარება დირექტორებს სკოლის განვითარებაში დაეხმარება, თუმცა სამინისტრო მას ჯერ არ გამოხმაურებია.

თამარ ხატიაშვილი, რომელიც USAID-ის განათლების მართვის პროექტში იყო ჩართული და სკოლის დირექტორებს სტანდარტების შემუშავების პროცესში ტრენინგებს უტარებდა, აქცენტს სკოლების დაფინანსებაზე აკეთებს. მისი აზრით, სკოლის დირექტორები კანონით დადგენილი მართვის პრინციპებს ფლობენ და სკოლაშიც ქმნიან მართვის დემოკრატიულ გარემოს, თუმცა, გარკვეულ ნაბიჯებს მაინც ფორმალური სახე აქვს, რადგან ფინანსური რესურსის უკმარისობა მათ ახალ ინიციატივებში ზღუდავს.

განათლების სპეციალისტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნათია ანდღულაძის მოსაზრებით ამ ეტაპზე არარელევანტურია საუბარი სამეურვეო საბჭოების და სკოლების დამოუკიდებლობის ხარისხზე, მაშინ როცა სამეურვეო საბჭოებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა თავიანთი ფუნქციები სრულფასოვნად შეესრულებინათ. „შესაბამისად, არც რეფორმას ჰქონია იმდენი დრო, რომ შედეგი მოეტანა. ამიტომ, ამ ეტაპზე, როცა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველია სამეურვეო საბჭოების როლი, არჩევნების ჩატარება კიდევ ერთ იმედგაცრუებას გამოიწვევს“ _ ამბობს ის.

ნათია ანდღულაძის ინფორმაციით, 2007 წელს როცა ორგანიზაცია „პადეკომ“ (ამერიკული საკონსულტაციო კომპანია) ჩაატარა კვლევა, პედაგოგებმა და მშობლებმა, რეფორმაში სამეურვეო საბჭოების კომპონენტი მეტ-ნაკლებად დადებითად შეაფასეს: „ამ რეფორმის ოპონენტები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოების წევრებს არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია და მოტივაცია, შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულებები, ამ მოტივით სამინისტრო ხშირად ერეოდა სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილებებში. იყო შემთხვევა, როცა სამინისტრომ ვერ გაათავისუფლა სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი, რადგან სამეურვეო საბჭო იყო წინააღმდეგი მისი გათავისუფლების. ამიტომ სამინისტრომ ჯერ სამეურვეო საბჭო დაითხოვა და ასე გაათავისუფლა დირექტორი. მგონია, რომ სამეურვეო საბჭოების მოდელზე უარის თქმა არ ღირს ორი მიზეზის გამო. პირველი _ ქვეყნებში, სადაც მშობლის ინტერესი ბავშვის განათლებისადმი მაღალია, სამეურვეო საბჭო კარგად მუშაობს. ასევე, კვლევები აჩვენებს, რომ სისტემები, სადაც სკოლას უფრო მეტი დამოუკიდებლობა აქვს, უფრო კარგ შედეგებზე გადიან. სინგაპურშიც კი, ნაწილობრივი დემოკრატიის ქვეყანაში მისცეს სკოლებს მეტი თავისუფლება. მეორე _ საქართველოში სამეურვეო საბჭოების მოდელს არ ჰქონია განვითარების შესაძლებლობა. სკოლები ჩავაყენეთ „ჭრელი პეპელას“ მდგომარეობაში. თითქოს, თავისუფლება მივეცით, მაგრამ, ამასთან, რატომღაც ყველა დირექტორს სამინისტროში მოჰქონდა საშტატო განრიგი დასამტკიცებლად. შაშკინის მინისტრობის დროს ათობით დირექტორი მოხსნეს აბსურდული ბრალდებებით. ბუნებრივია, ასეთ პირობებში არავის მოუნდება საბჭოში მუშაობა და სკოლის მართვაში მონაწილეობა. დრო უნდა მივცეთ სკოლებს, რომ ფეხი აიდგან თავისით.

რამდენადაც ვიცი, განათლების სამინისტრო ჯერ არ არის ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს სამეურვეო საბჭო სკოლის მართვაში. ახალ მოდელზე მუშაობენ. სანამ ეს პროცესები არ დალაგდება, სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის პროცესი ფიქტიური დარჩება“ _ ამბობს ნათია ანდღულაძე.

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

 

რას იტყვის დომენტი?!

 

 

ამბობენ, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე უნდა გაიზარდოსო, ზოგი იმასაც ამბობს, ექვს გუნდს დაამატებსო ბატონი დომენტი პირველი ლიგიდან. თუ ასე მოხდა, უმაღლეს ლიგაში ქობულეთის „შუქურასაც“ ვიხილავთ, თუ არა და… ოთხგუნდიანში „დინამო“ მაინც დარჩება. ამას წინათ, „დინამოს“ ერთ-ერთი წევრი შემხვდა, – „კი ვრჩებით, მაგრამ ვაი ასეთ დარჩენას, სხვის სამოწყალოდ რომ გაგვიხდა საქმეო!“… – ვერაფერს იტყვი, მართალია ის კაცი.

 

 

„დინამოს“ დირექტორმა სულხან გოგიბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მილიონ სამასი ათასი ლარი გამოგვიყო მერიამ და აქედან, 700 ათასი ლარი კვლავ ბიუჯეტის ანგარიშზეა, ასე რომ, ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე, უსაფუძვლოაო… ?! კარგია, როდესაც კლუბის ბიუჯეტზე ზრუნავ, მაგრამ როდესაც თანხას გაძლევენ ფეხბურთელების შეძენისა და კლუბის გაძლიერებისთვის, თან როდესაც საქმე ყოფნა-არყოფნას ეხება, მგონი, ეკონომია სრულიად უადგილოა! ეს ისე, ჩემი სუბიექტური აზრია. ვფიქრობ, სამართლიანია გულშემატკივართა მოთხოვნა, რომლებიც კლუბში ცვლილებებს ითხოვენ. მართალია, ბათუმის საკრებულომ განაცხადა, საკითხს შევისწავლით და გასაშვები თუა ვინმე გავუშვებთო, მაგრამ ერთი ნიუანსია აქ – ბათუმის „დინამო“, როგორც შპს, მერიის საკუთრებაა, ასე რომ, ცვლილებები ხელმძღვანელობაში არა საკრებულოს, არამედ უშუალოდ მერიის პრეროგატივაა. გოგიბერიძის პრესკონფერენციას ვესწრებოდი, მაგრამ ის კითხვა, რომელიც მინდოდა დამესვა, მაშინ ჩემთვის დავიტოვე და ახლა დავსვამ: – იღებს თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას კლუბის ხელმძღვანელობა იმის გამო, რაც „დინამოს“ თავს მოხდა და ხდება?! მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არაერთი მაგალითია იმისა, რომ გრანდებიდანაც წასულან მხოლოდ იმის გამო, რომ გულშემატკივართა მოთხოვნა ვერ დაუკმაყოფილებიათ. პირადად მე, როგორც რიგით გულშემატკივარს, რა მინდა? –  კარგი ფეხბურთი და ის, რომ ბათუმის „დინამოს“ არ ჰქონდეს სამოწყალოდ საქმე. უბრალოდ, არ ეკადრება ეს გენო მენაბდის, ვაჟა ჯოხაძის, გარი ქიქავას, ვახტანგ ქორიძის, რევაზ ჩელებაძის, ავთანდილ გორგილაძის, მალხაზ მახარაძისა და კიდევ ბევრი სხვა, კარგი, მართლა კარგი ფეხბურთელების მშობლიურ გუნდს.

 

 

P.S. ნაცმოძრაობის მიერ კომუნისტებისგან გადმოღებულ ყბადაღებულ ფრაზას გავიმეორებ, – „საქმე ლაპარაკის ნაცვლად!“. ხო მართლა, ხომ ვერ მეტყვით, სტადიონს სად აშენებენ?!

ოთხწლიანი პაუზა და პირველი მედალი ეროვნულიდან

თემურ კახიძე: ბილიარდის ფედერაცია აჭარაში 1996 წელს დაარსდა, თუმცა, მაშინ მას ბილიარდის დამოუკიდებელი ფედერაცია ერქვა. ორი წლის განმავლობაში ტურნირები მხოლოდ ბათუმის მასშტაბით ტარდებოდა. საბოლოოდ, მიხვდა მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომ ასე კარჩაკეტილი დიდხანს ვერ იქნებოდა, უბრალოდ, ვერ იარსებებდნენ და ე.წ. „დამოუკიდებელი ფედერაცია“ აჭარის საზღვრებს ვერ გასცდებოდა. სწორედ ამიტომ, 1998 წელს, მათ თხოვნით მიმართეს საქართველოს ბილიარდის ფედერაციას და გაწევრიანდნენ კიდეც ამ ორგანიზაციაში, რის შემდეგაც ჩვენი მობილიარდეები უკვე ეროვნულ ჩემპიონატებსა თუ სხვადასხვა ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას. მართალია, 1997 წლიდან აქ, ბათუმში ვატარებდით ტურნირს რუსული ბილიარდის ერთ-ერთ სახეობაში – თავისუფალ ან კლასიკურ პირამიდაში, თუმცა, ეროვნულ ფედერაციაში გაწევრიანებამ დამატებითი სტიმული მისცა სპორტსმენებს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბილიარდი, როგორც სპორტის სახეობა, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სპორტსმენთა დონეც ამაღლდა, მარტო დავით ფიფიას სახელიც კმარა, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.

 

 

მახსოვს, ლერმონტოვის ქუჩაზე, სადაც ამჟამად ქალაქ ბათუმის მერია მდებარეობს, საკმაოდ კარგი დარბაზი იყო და ტურნირებსაც ხშირად მასპინძლობდით

 

 

– დიახ, თუმცა, მოგვიანებით, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ის შენობაც ჩამოერთვა მობილიარდეებს და მაგიდებიც სადღაც გაქრა (!). არადა, ყველაფერი მართლა ისე იყო მოწყობილი, რომ თავისუფლად შეიძლებოდა მსოფლიო თასის, ასევე სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობა. თითოეულ მაგიდასთან 6-8 ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, მოკლედ რომ გითხრათ, ყველაფერი ევროსტანდარტების დონეზე იყო მოწყობილი. ამას გარდა, საქართველოს უძლიერეს მობილიარდეთა ათეულში ყოველთვის შედიოდა 2-3 კაცი ბათუმიდან. შემდეგ კი იყო უქმად ყოფნის პერიოდი. ფაქტობრივად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სპორტის ეს სახეობა მკვდარი იყო. არც ტურნირი ჩატარებულა და არც ჩვენი სპორტსმენები გამგზავრებულან სადმე. მართალია, იყვნენ ადამიანები, ვინც შეძლებისდაგვარად პატრონობდნენ სპორტის ამ სახეობას და გვერდში უდგნენ სპორტსმენებს, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ადრე საქართველოს ბილიარდის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, სპორტი მიყვარს და გული მტკიოდა, როდესაც ასეთ სავალალო მდგომარეობაში ვხედავდი ამ სახეობას. ასე რომ, შევიკრიბეთ თანამოაზრეები და ფაქტობრივად, თავიდან დავაარსეთ ფედერაცია, ხელახლა დავარეგისტრირეთ 2012 წლის დეკემბერში. პრეზიდენტად მე ამირჩიეს. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის შემდეგ ბათუმში ბილიარდის აღმასვლა დაიწყო. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 2013 წლის იანვარში სარეიტინგო ტურნირი ჩავატარეთ ბათუმში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, შპს „მოდერნის“ დირექტორს გიორგი გუბელაძეს, რომელმაც დააფინანსა ეს ტურნირი. მარტში აჭარის ჩემპიონატი ჩავატარეთ, აპრილში კი ეროვნულ ჩემპიონატზე წარვგზავნეთ ორი მონაწილე – დავით ფიფია და ნუგზარ თებიძე, სადაც ფიფიამ მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული ფედერაციის კვოტით საქართველოს მომდევნო ჩემპიონატზე, რომელიც ახლახან გაიმართა, მხოლოდ ორი ადგილი გვქონდა გამოყოფილი, მაგრამ ორი სპორტსმენი შესარჩევ ეტაპზე გავგზავნეთ, ორივემ გაიმარჯვა და საბოლოოდ, ჩემპიონატზე აჭარამ ოთხი მონაწილე წარადგინა. ტურნირი კომბინირებულ პირამიდაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა დავით ფიფიამ და დავით ჯორბენაძემ 16 მონაწილეს შორის, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს, ეს კი ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. 20 წლის გიორგი დიმიტრაძე კი მეშვიდე ადგილზე გავიდა, სამწუხაროდ, ამ ტურნირზე ნუგზარ თებიძეს ხელი მოეცარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

 

 

 

ამჟამად სად ვარჯიშობენ სპორტსმენები?

 

 

– სამწუხაროდ, სავარჯიშო ბაზა არ გაგვაჩნია. პირადად მე სახლში მიდგას ერთი მაგიდა, სადაც ხშირად მოდიან და ვარჯიშობენ, ამას გარდა, გიორგი გუბელაძესთანაც დადიან და კერძო კლუბებშიც. წარმოიდგინეთ, ორი მაგიდით კონკურენციას ვუწევთ თბილისს, სადაც სულ მცირე, 25 კლუბია.

 

 

არავინ გეხმარებათ?

 

 

– მადლობა ღმერთს, გვაქვს იმის საშუალება, ჩვენს სპორტსმენებს თავადვე ვუპატრონოთ, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აჭარის სპორტის დეპარტამენტმა დაფინანსების სახით 5 ათასი ლარი გამოგვიყო, რისთვისაც მის ხელმძღვანელს მერაბ ნაგერვაძეს მადლობას მოვახსენებ. მართალია, წლიურად ეს თანხა მიზერულია, მაგრამ მთავარი თანადგომა და ყურადღებაა. აგრეთვე, დაგვპირდნენ, რომ თუ დადებითი შედეგი გვექნებოდა, მომავალი წლიდან დაფინანსებასაც გაგვიზრდიდნენ.

 

 

სამომავლო მიზანი და უახლოესი პერსპექტივა

 

 

– პირველ რიგში, გვინდა ის ტრადიცია დავუბრუნოთ ჩვენს ქალაქს, რაც ჰქონდა, ამჟამად საქართველოს 16 საუკეთესოთა შორის სამი ბათუმელია და მათი რიცხვის გაზრდა გვსურს. აგვისტოში აჭარის ჩემპიონატს ჩავატარებთ, სექტემბერში კი საქართველოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ თავისუფალ პირამიდაში. გარდა ამისა, ქალაქ ბათუმის მერიის თანადგომით, ვაპირებთ ბათუმის ღია პირველობის ჩატარებას, სადაც საქართველოს ყველა უძლიერეს მობილიარდეს მოვიწვევთ. მართალია, წელს ეს ტურნირი რესპუბლიკური მასშტაბის იქნება, თუმცა, მომავალი წლიდან ვაპირებთ მისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას.

უფასო გამოკვლევები მოზარდებისთვის

 

 

დღეს ბათუმის  „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“  უფასო გამოკვლევები ტარდება.  ცენტრში მისულ ნებისმიერ 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვსა და მოზარდს უფასო კონსულტაციებს  სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩაუტარებენ.

 

უფასო გამოკვლევები ხვალაც გარძელდება.  1 ივნისს  საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას  „ბათუმის #1 პოლიკლინიკა“, „ბათუმის #4 პოლიკლინიკა“, „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა“ და „მედინა“მიიღენენ. საქველმოქმედო აქციების ერთ-ერთი ინიციატორი სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდია.

 

ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის  რეფერალური საავადმყოფოს ერთობლივი ინიციატივით,  ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო ბავშვთა სახლის აღსაზრედელებს  უფასო სამედიცინო გამოკვლევებს  ჩაუტარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგელაძეც  იღებდა.   ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აჭარის მასშტაბით ბავშვთა სახლის  200-მდე აღსაზრდელს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.  

 

მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.

„ნუ დამითვლით ნაოჭებს“ – ნინო საკანდელიძე

„ძალიან გთხოვთ, ნუ დაითვლით ჩემს ნაოჭებს“ – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 82 წლის ნინო საკანდელიძე, მაყურებელს და ახლა უკვე მკითხველს საკუთარი წიგნის ფურცლებიდან მიმართავს.

ბათუმის დრამატული თეატრის გვერდით, 12- სართულიანი კორპუსი დგას, რომლის მეთორმეტე სართულზე მსახიობი ცოლ-ქმარი – ნინო საკანდელიძე და მანუჩარ შერვაშიძე – ცხოვრობს.

ინტერვიუს ჩასაწერად მისულს სახლში მხოლოდ ნინო მხვდება. ათასჯერ მაქვს ჩემი ისტორია მონაყოლი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვყვებიო ამბობს, სავარძელში ეშვება და წარსულის გახსენებას იწყებს.

ნინო საკანდელიძე წარმოშობით ვანიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, კინოსა და დრამის ფაკულტეტზე.

„თეატრალურ ინსტიტუტში პირველ წელს არ მიმიღეს. იმიტომ, რომ თავდაპირველად სარეჟისოროზე ვაბარებდი, სამსახიობო კი მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, ვანელებს არ გავეკილე. ინსტიტუტში გავიცანი მანუჩარი,“ – ამბობს ნინო საკანდელიძე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბათუმის თეატრში წამოსვლა გადაწყვიტა. „მანუჩარმა მითხრა, წავიდეთ ბათუმში, ვიცურაოთ რამდენიმე წელი, ერთი წელი, ორი წელი და წამოვიდეთ მერე უკანო. წამოვედით და დავრჩით ბატონო, ვცურაობთ დღემდე,“ – ღიმილით იხსენებს მსახიობი.

„ჩამოსვლის დღიდან ვთამაშობდი გაუთავებლად. ხანდახან ორ პიესაში ვიყავი ერთდროულად დაკავებული. ინტრიგა ყველგან არის, არათუ თეატრში, მაგრამ ეს ისეთი ინტრიგაა, რომ სტიმულს გაძლევს, უკეთესს გხდის. თავიდან საკანდელიძის ქმარიო, მანუჩარზე იძახდნენ.

სამ-ოთხ წელიწადში ისე მოიკიდა მანუჩარმა ფეხი, რომ მერე ამბობდნენ, შერვაშიძის ცოლიო. 200-მდე როლი მაქვს ნათამაშები. არანორმალური შრომა გვქონდა, სამი სპექტაკლი იდგმებოდა ერთ-ორ თვეში. ახლა შეიძლება სამი სპექტაკლი დაიდგას წლის განმავლობაში. სოფლებში დავდიოდით, სპექტაკლი ჩაგვქონდა. მაშინ სანამ ჩაის არ მოკრეფდნენ, ჩვენ სპექტაკლს ვერ დავიწყებდით. ხშირად ღამის თორმეტ საათზეც იწყებოდა წარმოდგენა. მერე დილით ისევ რეპეტიცია გვქონდა.

თქვენ რა გენაღვლებათ, ერთობითო, გვეუბნებოდნენ. ვაი ამისთანა გართობას. ღამე ძილი არა გაქვს, ფიქრობ როლზე, აღარ გშორდება, გინდა, რომ კარგად გაითავისო,“ – ამბობს ნინო საკანდელიძე.

მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა. არაფერზე მწყდება გული, ოთარაანთ ქვრივი რომ ვერ ვითამაშე, მაგაზე ვნაღვლობ მხოლოდო, – ამბობს.

„ბათუმის თეატრში ჩემი მოსვლა კლასიკით დაიწყო. არ გაგიკვირდება კაცო, შემოვდგი თუ არა ფეხი ბათუმის თეატრის სცენაზე 56 წელში, გასტროლით წავედით თბილისში და წავიღეთ „ჰამლეტი“ და „ოტელო“. ძალიან ეხმარება მსახიობს კლასიკის თამაში და როლზე მუშაობა.

უბედნიერესი ქალი ვიყავი. წავიტრაბახებ ნამდვილად. არ დამკლებია არც შექსპირის, არც ლერმონტოვის თამაში. საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, მე რუსთაველის თეატრში მერჩივნა, მაგრამ მე რუსთაველის თეატრში ალალად და გულწრფელად ვამბობ, ამდენ როლს ვერანაირად ვერ ვითამაშებდი. იქ საოცარი მსახიობები იყვნენ და ისინიც კი ვერ თამაშობდნენ ამდენს.

მე ერთადერთო „ოთარაანთ ქვრივზე“ მწყდება გული. ოთარაანთ ქვრივი ახალგაზრდა ქალია. 50 წლის ასაკში შემეძლო, 60 წლის ასაკშიც შემეძლო, ახლა უკვე აღარ. არ დადგმულა ჩემ დროს, თორემ ვითამაშებდი,“ – ამბობს მსახიობი.

თეატრისგან განსხვავებით კინოში მხოლოდ სამი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული. „კინოგენური არ ვიყავიო“- ამბობს.

საუბარში მანუჩარ შერვაშიძე ერთვება, საქართველოს სახალხო არტისტი და ნინო საკანდელიძის მეუღლე.

„კარგი რა ნინიკო, რა კინოგენური არ იყავი. არ არსებობს კინოგენური. ეგ სიტყვა მე სასაცილოდ არ მყოფნის. მე რა კინოგენური ვარ ერთი ეგ მითხარი,“ – ამბობს მანუჩარი.

„იცი სად მიყვარხარ მანუჩარ ყველაზე მეტად? რეკორდში რომ მოდიხარ და ასე რომ იჯგიმები, რას ჰქვია იქ მეგრული არ ეცოდინებათო. მანუჩარს 35 როლი აქვს ნათამაშები კინოში, მე ორი-სამი ეპიზოდური, ისიც ბათუმში. თეატრი უფრო იყო ჩემი, ვიდრე კინო,“- ამბობს ნინო.

მეუღლეზე საუბრისას თვალები უბრწყინავს, სულ ერთად ვიყავით, ერთად მოვდიოდითო – ამბობს.

„მანუჩარმა გამატარებინა ეს დრო, სიცილში, ხარხარში, მადლობელი ვარ. შენ წარმოგიდგენია, უჟმური კაცი რომ მყოლოდა სახლში, ხომ გადავირეოდი. მახსოვს ერთხელ, ძალიან დაკავებული ვიყავი. მანუჩარს უცდია მჭადი დაეცხო. მჭადი იყო ისეთი დაჯღანული, ისეთი, მაგრამ ისე გემრიელად ვჭამე, დღემდე მახსოვს გემო,“ – იხსენებს მსახიობი.

კარიერაზე საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს, როცა მთელი ქალაქი აალაპარაკა.

„1962 წელია, „მედაფდაფეში“ მქონდა როლი. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი პიესა. პიესის მიხედვით დაზვერვაზე იყო ერთი გოგონა შეშვებული გერმანელებთან. მე მქონდა ამ გოგოს როლი.

იეჭვეს გერმანელებმა, რომ საბჭოელი იყო ეს ქალი. პიესაში იყო ერთი მომენტი, თუკი ნამდვილად საბჭოელია, ვუთხრათ გაიხადოს და იცეკვოს მაგიდაზე, საბჭოთა კავშირის ქალი არ გაიხდისო. მეც ვიხდიდი და ვცეკვავდი მაგიდაზე. მეცვა საცურაო კოსტიუმი, ისიც მუხლებამდე, შემოვიხსნიდი იუბკას და ვცეკვავდი.

ფეხზე დადგა ქვეყანა. ეს იყო სასწაული. ხალხი იყო გაჭედილი ჯერ ერთი, და მერე იყო სამარცხვინო, როგორ თუ ქართველი ქალი გაშიშვლდა. დარბაზში იყო ერთი აურზაური, კივილი. დარბაზს თავი დაანებე, მანუჩარი კულისებში იდგა და მაშაყირებდა: „წამოდი ქალო სახლში, წამოდიო“.

ნინო საკანდელიძეს, როგორც მსახიობს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, არის აჭარის და საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1987 წელს კი მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს.

„ჩემს შვილს ეზარებოდა თეატრი, დაიწვას ეგ თეატრიო იტყოდა, იმიტომ, რომ დედა ენატრებოდა, ბოლოს თეატრალურ ინსტიტუტში წავიდა თვითონაც.

ახლა შვილი და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობენ. მე და მანუჩარი ბათუმში ვართ. ორ წელიწადში სამოცი წლის ცოლქმარი ვიქნებით. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ,
გვიყვარს და გვიხარია ერთმანეთი,“ – ამბობს მსახიობი.

ხანძარი კურორტ ბეშუმში


კურორტ ბეშუმში ხანძრის შედეგად 9 სახლი დაიწვა, ხანძრის ლოკალიზებას ხულოს, ქედის, შუახევისა და ადიგენის სახანძრო ბრიგადები ამ წუთებშიც აგრძელებენ. შემთხვევის ადგილზე პირველად ადიგენის ბრიგადა მივიდა, ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ადგილზე  შესაბამის სამსახურებთან ერთად ექსპერტკრიმინალებიც მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, სახანძრო ბრიგადების დროულად მისვლა მწყობრიდან გამოსულმა გზამ შეაფერხა.

 

,,მოგეხსენებათ  ცენტრალური გზა რა დღეშიც არის, რამაც  გარკვეულწილად შეაფერხა სახანძრო მანქანების ადგილზე მისვლა. ხანძრის მაშტაბურობა სახლების სიახლოვემ განაპირობა, ხანძარი ერთი სახლიდან მეორეზე გადავიდა… ადგილზე ხუთი ბრიგადა მუშაობს, ამ ეტაპზე ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. არ ვიცით რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამის დასკვნას შესაბამისი სამსახურები დადებენ. რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობას, წინასწარ ვერ გეტყვით როგორ მოხდება მათი დაკმაყოფილება, მაგრამ ვეცდებით მინიმალურად დავეხმაროთ, ვეცდებით მოვიძიოთ თანხა,  საკრებულოსთან ერთად აღვძრათ შუამდგომლობა აჭარის მთავრობასა აღმოგვიჩინონ კანონის შესაბამისი დახმარება“, – აცხადებს გურამ ხოზრევანიძე.

 

ხანძრის შედეგად ადამიანები არ დაზიანებულან. 

ბავშვთა დღე უფასო სამედიცინო გამოკვლევებით


ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები. საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებები მიიღებენ.

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში მითითებულია იმ სამედიცინო ღონისძიებების ჩამონათვალი, რითაც ბავშვები ამ დღეებში ისარგებლებენ:

 

„31 მაისს, 11:00 საათიდან უფასო გამოკვლევები დაიწყება „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“. აქციის ფარგლებში დაგეგმილია აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა სახლის აღსაზრდელების უფასო გამოკვლევები.

 

31 მაისს, 10:00 საათიდან უფასო სამედიცინო მომსახურება განხორციელდება ბათუმის „დედათა და ბავშვთა საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“.

 

1 ივნისს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებენ: „ბათუმის #1 პოლიკლინიკა“, „ბათუმის #4 პოლიკლინიკა“, „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა“ და „მედინა“.

 

უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ 0-დან 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს.

 

საქველმოქმედო აქცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ინიციატივით იმართება“.

 

 

„ოქროს“ კატეგორიის ჯილდო ნავთობტერმინალს


ბათუმის ნავთობტერმინალის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, IQS-ის კომიტეტმა ბათუმის ნავთობტერმინალს ხარსიხის საერთაშორისო სამიტის „ოქროს“ კატეგორიის ჯილდო მიანიჭა:

 

ბათუმის ნავთობტერმინალი
ბათუმის ნავთობტერმინალი


„ორგანიზატორებმა ჯილდო გადასცეს ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველ დირექტორს გიორგი კილაძეს და გენერალური დირექტორის მოადგილეს ნავთობბრუნვის დარგში ლევან ჯობავას.

 

დაჯილდოვების ცერემონიალი ჩატარდა 2013 წლის 27 მაისს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში მდებარე სასტუმრო მარიოტ მარქუისის სამეჯლისო  დარბაზში.

 

„ბათუმის ნავთობტერმინალმა საქართველოში პირველმა გაიარა ერთდროული სერთიფიცირება მენეჯმენტის ISO 9001:2008, ISO 14001:2004 და OSHAS 18001:2007 სისტემების მიხედვით, რაც ჩვენი პერსონალის ძალისხმევისა და მასერთიფიცირებელი ორგანოს „ბიურო ვერიტასის“ დახმარებით მიიღწა. ბათუმის ნავთობტერმინალმა 2012 წელს ასევე მიიღო ISO/TS 29001:2010 სერთიფიკატი, რომელიც განსაზღვრავს ხარისხის მენეჯმენტის მიმართ მოთხოვნებს ნავთობის, ნავთობქიმიისა და აირის მრეწველობაში.

 

2015  წლამდე ვგეგმავთ ენერგომენეჯმენტის  დანერგვის, საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის და „მწვანე ინვესტიციების“ გამოყენების  ღონისძიებების ჩატარებას სასათბურე აირების შესახებ კიოტის პროტოკოლის მექანიზმების საფუძველზე, კლიმატის ცვლილების თაობაზე გაეროს ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში“, – განაცხადა გიორგი კილაძემ.

 

დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესმენებმა 86 ქვეყნიდან.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი დააარსა ლუდვიგ ნობელმა 1883 წელს.

 

მიღების, შენახვის და გადატვირთვის მოხერხებული და კარგად განვითარებული სისტემა უზრუნველყოფს 18-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტის ერთდროულ გადატვირთვას და ერთდროულ ჩატვირთვას 4 ტანკერში. ტერმინალის საპროექტო გამტარუნარიანობა შეადგენს 15 მილიონ ტონას წელიწადში.

 

ბათუმის ნავთობტერმინალი სს ეკ „ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანიის „ყაზტრანსოილის“ საკუთრებაა და თავის მხრივ ფლობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მართვის ექსკლუზიურ უფლებას“.

 

მე უკუმიგრირებული ეკომიგრანტი ვარ

15 წლის შემდეგ სახლის ნამდვილი მეპატრონეები – ბერძნები დაბრუნდნენ და მითხრეს, რომ სახლი დამეცალა. 15 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა ისევ გვეუბნება, რომ კომისიას შექმნიან და საკითხს შეისწავლიან.

 

მე ახლა ბათუმში ვარ. ჩემი ორი შვილი და მეუღლე კი წალკაში ნათესავებს არიან შეხიზნულები.

 

დიდ ხანს ვცდილობდი გამომეცნო, მაინც რატომ არ გვაძლევდა ხელისუფლება მიწას წალკაში (პრეზიდენტის საჩუქარი მიწის სახით ვისაც შეხვდა, მეოთხე ხარისხის, ანუ უვარგისი მიწაა). სიმართლე გითხრათ აქამდე ვერ ვხვდებოდი. ახლაც ვერ ვხვდები, მაგრამ ერთი ამბავი დამეხმარა ამ საკითხზე ჩამოყალიბებაში – ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ ის სასაფლაოები მისცა ინვესტორს იჯარით, სადაც აჭარიდან წალკაში ჩასახლებულები მიცვალებულებს ვკრძალავდით. ახლა ამ მიწის მფლობელი გვეუბნება, რომ ამოვთხაროთ ჩვენი მკვდრები და სხვაგან გადავასვენოთ. ერთი – 2 წლის წინ დაკრძალული ცხედარი უკვე გადმოვასვენეთ აჭარაში.

 

გასულ კვირას სამი „მარშრუტკით“ ჩავედით კანცელარიასთან და ვცდილობდით სასაფლაოს თაობაზე მაინც მიგვეღო რამე პასუხი, მაგრამ არავინ არაფერი გვიპასუხა. აი, ზუსტად ამ ამბავმა მიმახვედრა, რატომაც არ გვიკანონებენ მიწას – არ უნდათ, რომ წალკაში აჭარიდან ჩასული ეკომიგრანტები დავმკვიდრდეთ. ამის შემდეგ რაზე უნდა ვიფიქროთ – დამკვიდრებაზე თუ გადმოსახლებაზე, რაზე ველაპარაკოთ სახელმწიფოს; ვის ველაპარაკოთ, რა თემაზე და რა ენაზე.

 

აი, სულ ეს არის. მე სხვა ვერსია აღარ მაქვს.

 

ბათუმში მე და ჩემი მეზობლები ჩამოვედით – 200-მდე კაცი. აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი და მინისტრის მოადგილე შეგვხვდნენ. კომისიას შევქმნითო. იცი რას აკეთებენ – ურეკავენ ჩვენს გამგებელს, ის კიდევ ეუბნება 99%-ს არავითარი პრობლემა არ აქვს, გამოსახლებულები არ არიანო. ამათაც ჰგონიათ, რომ ჩვენ ვიტყუებით. ამიტომ ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, იქნებ ჩახვიდეთ და ნახოთ, ვინ იტყუება – ჩვენ თუ გამგებელი?!

 

ამ ტყიულ-მართალის გარკვევამდე კი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ჩემს სოფელში, ავრანლოში – მოვიდა ერთ-ერთი ბერძენი და ჩვენ მეზობელ ქალს ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავში პოლის ჯოხი ჩაარტყა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბერძენი იმიტომ იყო გაღიზიანებული, რომ ამდენი ხანი მის სახლში ცხოვრობდა ეს ქალი. ახლა პოლიცია იძიებს ფაქტს, ვნახოთ, რა იქნება.

 

წალკაში 3300 ოჯახი ვცხოვრობთ, აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები. მთავრობამ აქამდე მხოლოდ 350 სახლი გამოისყიდა ბერძნებისგან. ახლა ისინი დაბრუნდნენ, ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო და თავიანთი სახლებიდან გვასახლებენ. ამბობენ, რომ თითქმის ყველა წასული ბრუნდება საქართველოში. ნამდვილად არ ვიცი საქართველოში აპირებენ ცხოვრების გაგრძელებას, თუ სახლებს გაყიდიან და ისევ უკან დაბრუნდებიან.

 

რაც შეეხება სახლების შესყიდვას, ახლა ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია – 15-20 ათას ევროს ითხოვენ. ჩვენ ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ თუნდაც 15 სახლის საძირკველი გაეჭრათ, ანუ ბერძნები თუ დაინახავდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს ეკომიგრანტებზე, ფასი სახლებზე რეალური გახდებოდა. ახლა კი იციან, რომ ან ღია ცის ქვეშ უნდა დავრჩეთ, ან მათი სახლები შევისყიდოთ.

 

არც ერთ ჩვენგანს, ვინც იქ ცხოვრობს, არ გვაქვს იმდენი თანხა, რომ ეს სახლები გამოვისყიდოთ. 

 

შესაბამისად, ჩვენი ხალხი, ერთი ნაწილი, უკვე ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მეორე ნაწილი – ახლობლებს შეეხიზნა.

 

მე ეკომიგრანტი ვარ. სოფელ აგარიდან 15 წლის წინ მეწყრის გამო ავიყარე. აჭარაში სახლი აღარ მაქვს, აქ თუ დავბრუნდები, ღია ცის ქვეშ დავრჩები. თუ დავრჩები, მაინც ღია ცის ქვეშ მომიწევს ცხოვრების გაგრძელება.

 

ჯერ არ ვიცი, რა უნდა ვქნა.

 

ამდენი წელია წალკაში ვცხოვრობ, სახლი გავარემონტე, გავმართე მეურნეობა, მყავს პირუტყვი, ვამუშავებ მიწას… მოკლედ, აქამდე ისე ვცხოვრობდი, რომ არავისზე არ ვიყავი დამოკიდებული. გამოდის, ახლა ისევ თავიდან უნდა დავიწყო ყველაფერი.

 

რამდენიმე თვეა ჩემი 14 და 16 წლის შვილების ყოველდღიური შიში ის იყო, რომ ბერძნები მოვიდოდნენ და უსახლკაროდ დავრჩებოდით. უკვე უსახლკაროები ვართ…

 

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს გამოცდილი უსახლკარობა რაც არის…

 

 

შეგახსენებთ, რომ…

გასულ კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ანგარიშს აბარებდა. სხდომათა დარბაზში რომ შევედი, სესია დაწყებული იყო. დარბაზში ვერც ერთი თავისუფალი სკამი ვერ შევნიშნე. მინისტრი ტრიბუნასთან იდგა,  დარბაზის მიკროფონთან კი – „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კითხვებს სვამდა.

 

დეპუტატების უკან, ფანჯარასთან, კარგა ხანს ფეხზე ვიდექით მე და რამდენიმე  ჟურნალისტი. მერე დავიღალე და იატაკზე დავჯექი, ჩემი კოლეგებიც გვერდით მომისხდნენ.

 

სამუშაო გარემო იყო, დეპუტატები რიგში იდგნენ, კითხვების დასმას აპირებდნენ,  ჩვენც გულდასმით ვუსმენდით და „ბლოკნოტებში“ ვინიშნავდით ინფორმაციას. უცებ სხდომის თავმჯდომარემ, ანუ ავთო ბერიძემ, დარბაზში ყველა გააჩუმა და იკითხა – რატომ ვისხედით ჟურნალისტები იატაკზე. თუ სკამები არაა, შემოიტანეთ, თუ სკამები არის და ჟურნალისტები იატაკზე მაინც სხედხართ, შეგახსენებთ, რომ ეს წმინდა ტბელ აბუსერიძის დარბაზია და წესიერად მოიქეცით.

 

ბრჭყალებში არ ვსვამ ბატონ ბერიძის წინადადებას, რადგან ჩანაწერი არ მაქვს და ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ. ზუსტად მახსოვს ის, რატომაც გავბრაზდი. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე რელიგიურ კუთვნილებას უსვამს ხაზს საჯარო სივრცეში – ჩემთვის ეს არაეთიკური, შეურაცხმყოფელი, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია.

 

ჩემი და ჩემი კოლეგების უწესობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იატაკზე ვისხედით?

მე ასე არ ვფიქრობ. თუ მე კათოლიკე ვარ! არა – მუსლიმანი!  არა – საერთოდაც ათეისტი ვარ, რა ვქნა? მე არ მეკუთვნის ეს საკანონმდებლო ორგანო და ის სხდომათა დარბაზი?

 

წმინდა ადგილი თუ არის, ეჭვი მაქვს მომავალ სხდომებზე შარვლით შესვლას ამიკრძალავენ. ან თავზე დახურვას მომთხოვონ.

 

ერთადერთი დეპუტატი სხდომათა დარბაზში, ვინც ავთანდილ ბერიძის მხრიდან ჟურნალისტების მისამართით გაკეთებული არაკორექტული განცხადება გააპროტესტა, პეტრე ზამბახიძე იყო. იმანაც შენიშვნა მიიღო – რეგლამენტის გარეშე ხმის ამოღება არ შეიძლებაო.

 

დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ჩემმა ერთმა მეგობარმა იკითხა, თუ ეს დარბაზი წმინდაა, დეპუტატები ერთმანეთს შეურაცხყოფას რატომ აყენებენ ან რატომ ჩხუბობენო. მეორე მეგობარი მეხუმრა, გადარჩენილხარ ბერიძემ მეტანიები რომ არ გაგაკეთებინაო.

 

ნუ, თუ წმინდა დარბაზია… შეიძლებოდა, რატომაც არა.

 

დარბაზში, სადაც წესრიგს არ ვარღვევდი, ჩემი ქმედებით, სამუშაო პროცესს ხელს არ ვუშლიდი, შეურაცხყოფა მომაყენეს.

 

ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე ავთო ბერიძის ბოდიში არ მჭირდება, ანუ სასამართლოში არ ვაპირებ ჩივილს, ისე როგორც ეს სხვა ჟურნალისტებმა გააკეთეს ცოტა ხნის წინ…

 

არადა, რა სხვანაირი მახსოვს ავთანდილ ბერიძე – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სულ ცოტა ხნის წინ, როცა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი იყო უმცირესობიდან.

 

და ბოლოს, ვისაც სად გინდათ, იქ ილოცეთ, ოღონდ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულმა დეპუტატებმა კონსტიტუციას პატივი ეცით.

 

სკოლის თვითმმართველობები და მათი უფლებები

საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის ერთ-ერთ მმართველი რგოლია, რომლის ფუნქციებშიც შედის რეკომენდაციების შემუშავება სკოლის შინაგანაწესის შესახებ; უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში. წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით, ქმნის სასკოლო კლუბებს.

სკოლებში, სადაც „ბათუმელები“ თვითმმართველობების წარმომადგენლებს ესაუბრა, მოსწავლეები ამბობენ რომ თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ ტარდება. „თავმჯდომარეს კრეატიულობის, კომუნიკაბელურობისა და ლოგიკის უნარის მიხედვით ვირჩევთ. მან დებატებში კონკურენტების დამარცხება უნდა შეძლოს და გამოირჩეოდეს ლიდერობის უნარით“-ამბობენ ბათუმის მე-11 საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრები. მათი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა რომ მოსწავლე „მაინც და მაინც ათოსანი ან დინჯი იყოს. მთავარია მან შეძლოს თანატოლების დარწმუნება რომ მათ ინტერესებს დაიცავს“.

მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა

რამდენად ახერხებენ თვითმმართველობის თავმჯდომარეები ნდობის გამართლებას და რა წარმოადგენს დღეს მოსწავლეების ინტერესს სკოლაში?
ნინო ივანიაძე მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეა. იგი მუშაობით კმაყოფილიც არის უკმაყოფილოც. ამბობს, რომ ბევრი რამ გააკეთა, „თუმცა გული მწყდება რომ ბევრი იდეა განუხორციელებელი დამრჩა“.

პრობლემები რის მოგვარებასაც იგი ამ ორი წლის მანძილზე ცდილობდა, სკოლის სპორტული დარბაზის კეთილმოწყობისთვის საჭირო ფინანსების მოპოვება იყო: „არც საჭირო ინვენტარი გვაქვს. ამ ხნის მანძილზე ვერ მივაღწიეთ იმას რომ თვითმმართველობას საკუთარი სამუშაო ოთახი ჰქონოდა“. ნინოს და სხვა წევრებსაც მიაჩნიათ რომ სამუშაო ოთახს დიდი მნიშვნელობა აქვს, `რადგან შევძლოთ ერთად დასხდომა, იდეების გაზიარება და საჭირო პრობლემების გაანალიზება“.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რისი მოგვარებაც ვერ შეძლო თვითმმართველობამ, სკოლის ლაბორატორიებისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფაა: „წარმოიდგინეთ, სკოლას ისე ვამთავრებ რომ ქიმიასა და ფიზიკაში ერთი ცდა არ ჩაგვტარებია. მასალები არ არის, გვინდოდა საჭირო დაფინანსების მოძიება, მაგრამ ვერ შევძელით.“ ნინო ივანიაძე ამბობს, რომ სკოლის თვითმმართველობები ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძოდ კი მერიის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან მჭიდროთ თანამშრომლობს: `ეს თანამშრომლობა ძირითადად ღონისზიებების მოწყობაში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში გამოიხატება. ეს პროექტები ჩვენთვისსაც მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ აქტივობებს მერია აფინანსებს და ჩვენ არ გვიწევს თანხების მოძიებაზე ფიქრი, თუმცა ისეთი საკითხები რაც არ შედის მათი ინტერესის სფეროში, თუნდაც ლაბორატორიებისთვის გრანტების გამოყოფა ან სხვა რამ, იქ უკვე ყველა ძაფი წყდება“.

„ჩვენ ძალიან მოგვწონს თვითმმართველობაში მუშაობა, რადგან გვგონია რომ ჩვენც ვმართავთ სკოლას“-გვეუბნება მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე, ეკატერინე გურგენიძე. არის თუ არა სკოლის თვითმმართველი რგოლის უფლებები ფიქტიური და რაში გამოხატება მისი მხრიდან სკოლის მართვა?
„ჩვენ ბევრ გასართობ ღონისძიებებს ვატარებთ. გვაქვს სპორტული ღონისძიებები, ვატარებთ საქველმოქმედო ღონისძიებებს და კონცერტებს. გვაქვს სამოქალაქო, არტ და ლიტერატურული კლუბები. საქველმოქმედო საღამოებით კი უნარშეზღუდულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც ვეხმარებით“-გვიყვება თავიანთი აქტივობების შესახებ, მერვე საჯარო სკოლის მოსწავლე, სალომე დეკანაძე.

მოსწავლები ამბობენ, რომ სამოქალაქო აქტივობის კლუბები და სკოლის თვითმმართველობები აქტიურად თანამშრომლობენ, თუმცა ისინი ცალკ-ცალკე მუშაობენ კონკრეტული დაფინანსების მოპოვებისთვის. `კლუბებს ძირითადად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, არის განათლების სამინისტროს გრანტებიც, მაგრამ პრიორიტეტები მაინც წინასწარ არის განსაზღვრული“.

„ამიტომ, ყველა ბავშვს უნდა რომ გრანტი დაწეროს გარემოს დაცვაზე, ადამიანის უფლებებზე და ა.შ ღონისძიებებიც უფრო გლობალურ საკითხებზეა მორგებული, მაგალითად დედამიწის დღე, წყლის დღე, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება თითქოსდა უმნიშვნელო საკითხები, მაგრამ სკოლისთვის უფრო მნიშვნელოვანი“-გვეუბნება ნინო ივანიაძე.

მერვე საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებიც უფრო გლობალური თემებით არიან დაინტერესებულნი. მაგალითად აკეთებენ შიდსის, თამბაქოსა და ალკოჰოლის საწინააღმდეგო აქციებს. გრანტებით გამოსცემენ ბროშურებს ბავშვთა უფლებებზე, მაგრამ სკოლის ადმინისტრაციასთან ჯერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას თუნდაც ისეთ საკითხზე, როგორიცაა 10 წუთიანი შესვენება, რომელიც მოსწავლეების აზრით მათთვის მნიშვნელოვანია: „სადილობის დროს 5 წუთიანი შესვენება არ არის საკმარისი. ყველა ბავშვი ერთდროულად აწყდება სკოლის ბუფეტს და საკვების აღებას ხშირად ვერ ვახერხებთ. დირექციას ვთხოვეთ იქნებ ერთხელ მაინც დაუშვას ათ წუთიანი დასვენება, მაგრამ ჯერ არ გვთანხმდებიან“-ამბობს სალომე დეკანაძე.
მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი აქტივობის არეალი ძირითადად ნაკარნახევი თემებია. „ჰომოფობია და ქსენოფონია ეს არ არის ჩვენი საქმე. კარგი იქნება ამ თემებზეც რომ იყოს დისკუსიები სკოლაში და მეტი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს მოსწავლეებზე, მაგრამ ამის გაკეთებას გრანტი სჭირდება. ეს თემები კი არც მერიაში აინტერესებთ და არც სამინისტროში. ჩვენ კი აქტივობაში მხოლოდ იმ ღონისძიებებში მონაწილეობა გვეთვლება, რომელიც მერიის ან სამინისტროს მიერ არის დაგეგმილი“- გვეუბნება ნინო ინავიაძე.

მე-8 სკოლის მოსწავლე სალომე ანანიძე კი მიიჩნევს, რომ სკოლას ფსიქოლოგი და ისეთ საკითხებზე ინფორმაციის მიმწოდებელი სჭირდება, როგორიც არის მოზარდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა, კონტრაცეფცია და ა.შ. „ბევრი საკითხი გვაინტერესებს მაგრამ ბიოლოგიის მასწავლებელს კითხვებს ვერ ვუსვამთ. ვფიქრობთ გოგონებს და ვაჟებს ცალკე გაკვეთილები უნდა ჩაუტარდეს ასეთ საკითხებზე. თუმცა ვერც დისკუსიის და ვერც გაკვეთილების დონეზე ამას ვერ ვაღწევთ“.

სალომე ამბობს, რომ სამოქალაქო შეგნების ამაღლებისთვის აუცილებელია ისეთი ტრენინგების ჩატარებაც, რაც მოსწავლეს პიროვნებად ჩამოაყალიბებს: „ტელევიზორში მოვისმინე, რომ ჰოლანდიელი უსინათლო ტურისტები, რომლებსაც გიდობას გაწვრთნილი ძაღლები უწევდათ თბილისში არც მეტროში ჩაუშვეს, არც მაღაზიებში. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთ თემებზე ხშირად უნდა ისაუბრონ მოსწავლეებმა. მეტი პროპაგანდა უნდა დაეთმოს თამბაქო საწინაარმდეგო კამპანიასაც და სასურველია რომ ეს გაკვეთილების დონეზე მოხდეს, იმიტომ, რომ სამოქალაქო კლუბები იქნება თუ თვითმმართველობები, აქ მხოლოდ აქტიური ბავშვები ერთვებიან და დიდი ნაწილი ინფორმაციის გარეშე რჩება“.

მე-8 სკოლის მოსწავლის, ანა ცინცაძის აზრით კი სკოლებში მეტი დრო უნდა დაეთმოს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის თემას: „როცა მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს რომ ნიშანს არ აღირსებს, ეს არის ძალადობა მოსწავლეზე. ასეთი ფაქტები დღემდე გრძელდება თუმცა სკოლის თვითმმართველობის მხრიდან მსჯელობის თემა არ გამხდარა“. მე-11 საჯარო სკოლის მეათე კლასელი მელანო მახარაძე კი მიიჩნევს რომ მეტი დისკუსიაა საჭირო ღირებულებებზე. „ჩვენ გავაკეთეთ ფლეშ-მობი `მოვეფეროთ დედებს. დღეს ბევრი ბიჭი საკუთარ დედაზე იგინება, რაც ძალიან ცუდია და აქედან უნდა მოხდეს ამ პრობლემის გაცნობიერება“.

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობებს უფლება აქვთ თავიანთი რეკომენდაციები სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგინონ, ისინი ამ უფლებით არ სარგებლობენ. არცერთმა მოსწავლემ ვისაც `ბათუმელები~ ესაუბრება, არ აქვს ინფორმაცია სკოლის ბიუჯეტის და მისი ხარჯვის შესახებ: „ეს ჩვებ არ გვეხება არ არც გვაინტერესებს. მე როგორც ვიცი, სკოლა არ არის ვალდებული თვითმმართველობის იდეები დააფინანსოს“-ამბობს ნინო ივანიაძე.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი სწავლობს სკოლის თვითმმართველი რგოლების საქმიანობის შესახებ არსებულ პრობლემებს. ამავე ინსტიტუტის განათლების სპეციალისტის თამარ მოსიაშვილის მოსაზრებით: ,,ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეასუსტა მოსწავლეთა თვითმმართველობები, არადა მოსწავლეებს ბევრი იდეები აქვთ და დიდი ენთუზიაზმითაც ერთვებიან ხოლმე სხვადასხვა იდეების განხორციელების საქმეში. დღეს პრაქტიკულად თვითმმართველობების მთავარი ფუნქცია მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში. არ გამიგია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეები მონაწილეობენ შინაგანაწესის განხილვის ან რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. არადა სკოლის შინაგანაწესი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.

2012 წელს შევისწავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების შინაგანაწესები, ისინი ძალიან გავს ერთმანეთს. როდესაც კითხულობ შთაბეჭდილება გრჩება, რომ სკოლის შინაგანაწესები ცენტრალიზებული გზით შექმნილი დოკუმენტებია. ბევრ სკოლაში მოქმედებს მოსწავლეთა კლუბები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ, ბუნებრივია, პროექტის ფარგლებში მოქმედი საგანმანათლებლო კლუბი ცვლის სკოლის კულტურას, იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა, მაგრამ სკოლის მართვაში მოსწავლეთა მონაწილეობად ვერ ჩაითვლება. სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყო უფრო მეტი მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობითაა შესაძლებელი სკოლაში არსებული პორბლემების გადაჭრა, და ზოგადად სკოლის განვითარება.”

სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

მე ათეისტი ვარ

„სექსუალური უმცირესობის ერთი წარმომადგენელი გვენახა, გამოვიდეს და თავად მოყვეს, ვინ რა პრობლემა შეუქმნა“, _ ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რომელიც ნაცნობთან თუ უცნობთან კამათისას მოვისმინე. მაშინ ვთქვი, რომ ამას ძალადობრივ გარემოში, სადაც ღირებულებები ვერტიკალზეა, ვერავინ გაბედავს. მერე ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ რაც უნდა სახიფათო იყოს, „უმცირესობამ უნდა შეცვალოს უმრავლესობა“. ასე ვფიქრობ ახლა, რადგან შეგუების გზა თავისუფლებასთან ვერ მივა.

 

პროტესტი ამ ძალადობამ საკუთარ თავთანაც გამიჩინა, რადგან მეც შევეგუე და არც ერთი ნაბიჯი არ გადავდგი იქეთკენ, რომ საკუთარი თავისუფლება დამეცვა: როცა ვიგრძენი, რომ საზოგადოება არ იყო მზად, ჩემ შემთხვევაში, ათეისტის მისაღებად, გავჩუმდი. აი, მაგალითად, რომ შემხვედროდით ქუჩაში სააღდგომო დღეებში და გეთქვათ: „ქრისტე აღდგა“, აუცილებლად მოგიგებდით: „ჭეშმარიტად“.

 

ჰო, რთულია, აბა რა.

 

მოდი და თითოეულს აუხსენი, რომ მრევლი არ ხარ და არ არის სავალდებულო ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი იყოს. მოკლედ, ამ თემაზე პასუხის გაცემას და მით უფრო შეკამათებას მას აქეთ შევეშვი, როცა ვიგრძენი, რომ არათუ არ ესმოდათ ჩემი, არამედ პირდაპირ მახლიდნენ: „სექტანტი ხარ?“ „წარმოუდგენელია, ეს როგორ, ქართველ ბიჭს ეს ეკადრება?“ იშვიათ გამონაკლისს იუმორის მქონე ადამიანები წარმოადგენდნენ, ვინც ათეისტობას ჩემს ქობულეთურ წარმომავლობას უკავშირებდა: – ქობულეთელი, აბა, რა იქნებაო.

 

ერთ „ცოდვასაც“ გაგიმხელთ: ამ წლის სააღდგომო ეპისტოლე მამა შიოსთან ერთად განვიხილეთ „დიალოგში“. მეორე დილით ერთ-ერთი სამინისტროს თანამშრომელი ტელეფონით დამიკავშირდა: – ჯაბა, გუშინ მამა შიომ რომ გითხრა დამშვიდობებისას „ქრისტე აღდგაო“, „ჭეშმარიტად“ არ გიპასუხია, თუ მე ვერ გავიგონე?

 

გამომიჭირა.

 

ერთ-ერთი მეგობრის სამეზობლომაც გამომიჭირა. იტალიურ ეზოში ცხოვრობენ და როცა ჩემი აზრი მოისმინეს იმის შესახებ, რომ ძალადობა ცუდია, საღამოს იმ მეგობრის შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე: „ჩემი მეზობლის ქალები ამბობენ, დედა, მაგი ვინ ყოფილაო“.

 

ამეკვიატა აზრი, რომ ძალადობის გარეშე ვერ ვძლებთ, რადგან შეუძლებელია სხვაგვარად შეინარჩუნო ღირებულებები ვერტიკალზე. ვერტიკალი იმიტომ, რომ კოლექტივისტური საზოგადოება ვართ და ინდივიდუალობა ჯერ კიდევ საშიშია. ალბათ, იმიტომ, რომ გააზრება არ გვინდა: რა გვინდა და რატომ გვინდა თავისუფლება.

 

თავისუფლება, რასაც სჭირდება თითქოს ერთი, მარტივი პირობა: „ჩემი ესმით“. 

ადამიანის უფლებათა კომისია უმაღლეს საბჭოში

„წარმომადგენლობითი ორგანო  საკუთარი რეგლამენტით განსაზღვრავს, რა იქნება მისთვის პრიორიტეტული, ამდენი წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭოსთვის ადამიანის უფლებები არ ყოფილა პრიორიტეტული. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჟურნალისტებთან დაკავშირებით, სხვა თემებთან დაკავშირებით, გადამაწყვეტინა, რომ კანონპროექტი უნდა იყოს აუცილებლად ინიცირებული და ხარჯებს აღარ ვუყურებ. უმაღლესი საბჭოს ხარჯებს ეს კომისია დიდად არ გაზრდის – დამატებითი 3-4 თანამშრომელი იმუშავებს ისე, როგორც ნებისმიერ კომისიაში, – ამბობს სულხან ღლონტი. – შეირჩევა კომპეტენტური და პრინციპული კადრები“.

 

სულხან ღლონტი ამბობს, რომ საკუთარ თავს ამ კომისიის თავმჯდომარედ არ განიხილავს. მისი აზრით, უმაღლეს საბჭოს აქვს იმის საშუალება, რომ ამ კომისიის შესაქმნელად უმაღლესი საბჭო გარკვეულ ხარჯებს თავად გამოათავისუფლებს. ამის ერთ-ერთ სავარაუდო წყაროდ ასახელებს გენერატორს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 100 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.

 

დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ კომისიის შექმნის შემდეგ მოამზადებს ინიციატივას პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად.

 

„ეს ცვლილება გამიზნული იქნება იმისკენ, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიეცემათ უფლება შევიდნენ საპატიმრო დაწესებულებებში მონიტორინგის მიზნით“, – ამბობს სულხან ღლონტი.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ იმსჯელეს დეპუტატებმა ორი დღის წინ ჟურნალისტ ტარიელ ცეცხლაძესა და უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, მარინე კუპრეიშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, სულხან ღლონტი პასუხობს: „ამ თემასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ უმრავლესობა და თავმჯდომარეს [ავთანდილ ბერიძე] მოვთხოვეთ კონკრეტული ქმედება. მე ვთქვი, რომ თუ უახლეს პერიოდში არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, ავტონომიურ რეჟიმში გავაკეთებ განცხადებას, რასაც სწორად ჩავთვლი. დეპუტატების მოთხოვნა იყო ძალიან კატეგორიული, პირდაპირ გეტყვით, ასეთი კატეგორიული უმრაველოსობა ჯერ არ მინახავს. ეს ძალიან ბევრისთვის აღმოჩნდა პრინციპული საკითხი“.

 

სულხან ღლონტის ინფორმაციით, მარინე კუპრეიშილმა უკვე დაწერა მოხსენებითი ბარათი, მასზე რეაგირება კი დაევალა უმაღლესი საბჭოს აპარატს. „თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის მზად არის ამ საკითხებზე იმუშავოს და ნდობა უმაღლესი საბჭოს აპარატს გამოუცხადა. ვნახოთ, რა დასკვნას დადებს აპარატი, რის შემდეგაც ჩვენ გვექნება კონკრეტული რეაქცია – ეს დასკვნა ან იქნება მისაღები ან მიუღებელი და ჩვენ შეფასებებს გავაკეთებთ“.

ბოლო გაჩერება – ოლიმპიადა 2020

ფედერაციის დაარსება იმ ფაქტმა ხომ არ განაპირობა, რომ მალე ამ სახეობას ოლიმპიურ ოჯახში სრულფასოვან წევრად მიიღებენ?

 

 

– რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ამ ფაქტორმა ითამაშა. ეს იქნება კონტაქტური კარატეს ერთიანი სისტემა, რომელიც WKF-ის (მსოფლიო კარატეს ფედერაცია) წესდებითა და წესებით იხელმძღვანელებს. რაც შეეხება ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მის შეყვანას, ამის შესახებ საუბარი უკვე დიდი ხანია მიდის და როგორც იქნა, სათანადო გადაწყვეტილებაც მიიღეს.

 

 

ანუ მალე ოლიმპიადაზე ვიხილავთ თქვენს სახეობას

 

 

– აღმოსავლური ორთაბრძოლების სახეობებიდან მხოლოდ ტაეკვონდოა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეყვანილი, ახლა ჩვენს დავემატებით. ფაქტობრივად, ეს უკვე გადაწყვეტილია, თუმცა, ოფიცილაურად ეს სექტემბერში, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გაცხადდება. აქვე გეტყვით, რომ 2015 წელს, ბაქოში ჩატარედება ტურნირი კარატეში, რომელიც, ასე ვთქვათ, ოლიმპიადისწინა გენერალური რეპეტიცია იქნება.

 

 

არჩევნებში ყველა სახეობის წარმომადგენელი მონაწილეობდა?

 

 

– მონაწილეობა ცხრა კლუბის წარმომადგენლებმა მიიღეს. როგორც იცით, მსოფლიო ძირითადად საკლუბო სისტემაზეა გადასული, რაც უფრო მომგებიანია როგორც სპორტული, ასევე კომერციული თვალსაზრისითაც, არც ჩვენ გვინდა ჩამოვრჩეთ. ჩვენი ფედერაციის კარი ღიაა ნებისმიერი სახეობის წარმომადგენლებისთვის, იქნება ეს გოჯურიუ, შოტოკანი, შიტორიუ, კიოკუშინკაი თი რომელიმე სხვა. მთავარია, შეჯიბრებაზე ყველა დაემორჩილოს WKF-ის მიერ აღიარებულ წესებს და ამ წესების მიხედვით იბრძოლოს. არის სიახლეც. ორთაბრძოლისას სპორტსმენებს ექნებათ დამცავი ჟილეტები, რომელიც ტრავმის ალბათობას შეამცირებს.

 

 

აღნიშნული სისტემით თქვენ დიდი ხანია ავარჯიშებთ მოსწავლეებს და არა მგონია, ახლა გაუჭირდეთ

 

 

– მართალია, WKF-ის წესებით დიდი ხანია ვავარჯიშებთ მოსწავლეებს, ასე რომ ამ სისტემას კარგად იცნობენ. კონკურენციაც გაიზარდა. ახალი თაობა წამოვიდა, 15-16 წლის ბიჭები არიან, საქართველოს ჩემპიონები, ბევრი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები, დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა შეძლებს ოლიმპიური თამაშებზე მოხვედრას, თუმცა, ამისთვის ჯერ საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრაა აუცილებელი. ოლიმპიურმა პერსპექტივამ ბიჭებს დამატებითი სტიმული მისცა. ილია გოგიტიძე, დათო მიქაძე, ლაშა ვარშანიძე, გიგლა სურმანიძე, დათო პეტრიძე, მიხადი ბინალიევი და ბევრი სხვაც… ეს ის ბიჭები არიან, ვისაც დიდი გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ.

 

 

დღესდღეობით რამდენი მოსწავლე გყავთ?

 

 

– ამჟამად, აჭარის მასშტაბით ათასზე მეტი მოსწავლე ვარჯიშობს. ახლა ერთ პროგრამაზე ვმუშაობ, რომელსაც მალე წარვუდგენ ეროვნულ ფედერაციას და რომლის მიხედვითაც ხშირად გაიმართება საკლუბო ჩემპიონატები, რაც სპორტსმენის გაზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. თუმცა, მთავარი ტურნირი მათთვის აჭარის პირველობა იქნება, სადაც დაკომპლექტდება აჭარის ნაკრები როგორც დიდებში, ასევე კადეტებსა და იუნიორებში.

WSKU (მსოფლიოს შოტოკან კარატეს გაერთიანება) ერთადერთია სტილობრივ სახეობებში, რომელსაც WKF აღიარებს. ჩვენც ამ სისტემის მიმდევრები ვართ. ყველა სპორტსმენისთვის დავამზადებთ ე.წ. კარატეს ID ბარათებს, რომელიც მათ წევრობას დაადასტურებს არა მარტო აჭარისა და საქართველოს, არამედ მსოფლიო ორგანიზაციაშიც და ისინიც ისეთივე სრულუფლებიანი წევრები იქნებიან, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და თანაბარი უფლებებით ვისარგებლებთ.

 

 

უახლოეს ტურნირს როდის გეგმავთ?

 

 

– ამ დღეებში თბილისი მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს. ჯერ მსაჯთა სემინარები იქნება, რომელსაც მსოფლიოს სამსაჯო კომიტეტის წარმომადგენლები ჩაატარებენ, შემდეგ კი ორი დღე ტურნირს დაეთმობა. ბათუმიდან 10 სპორტსმენითა და 10 მსაჯით ვგეგმავთ გამგზავრებას. ზაფხულში კი ბათუმში ვაპირებთ საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას, ცვლილებებს ვგეგმავთ ამ ტრადიციუ ტურნირზე. ანუ ვაპირებთ სპორტსმენთა რაოდენობა ნაწილობრივ შევზღუდოთ, რათა მონაწილე ქვეყნების რაოდენობა დაემატოს. გარდა ამისა, როგორც თქვენი გაზეთის საშუალებით არაერთხელ განვაცხადეთ, ვაპირებთ ისრაელის მოსადის ინსტრუქტორის გაბი მიხაელის მოწვევას, რომელიც კრავმაგას (თავდაცვისა და თავდასხმის სისტემა) დანერგვაში დაგვეხმარება. ამის შემდეგ კი, ივლის-აგვისტოში, ჩვენ მე, ლევან თედორაძე, გიგლა სურმანიძე და მუხრან ძნელაძე ვაპირებთ ორთვიან შეკრებაზე ისრაელში გამფზავრებას, სადაც კრავმაგას მეთოდით ვივარჯიშებთ და რაც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ გამოგვადგება.

 

გოჩა სურმანიძე და გაბი  მიხაელი
გოჩა სურმანიძე და გაბი მიხაელი

წლის ბოლოს ჩემპიონის ქამრისთვის ვიბრძოლებ

რომა აბაშიძე: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსული მხარე საკმაოდ უსამართლოდ მომექცა. იცოდა ჩემი ჩასვლის მიზანი, ისიც იცოდნენ ბრძოლა რომ უნდა გამემართა, ვიზა კი ისე გამოფორმეს, რომ ბრძოლის წინა დღით მოვახერხე ჩასვლა, ისე რომ ადაპტაციისთვის კი არა, დასვენებისთვისაც აღარ მრჩებოდა დრო, რადგან მეორე დღეს უნდა მეჩხუბა. თუმცა ეს არაფერი, მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა. განაცხადში მითითებული იყო, რომ 95 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უნდა მებრძოლა, ადგილზე კი გამომიცხადეს, რომ 86 კგ. წონით კატეგორიაში იჩხუბებო. მართალია, ჩემი წონა 88 კგ. იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორია ბრძოლის წინა დღით, თან მგზავრობის შემდეგ, ორი კილოგრამის დაგდება. თავად მიმითითეს, აგერ „პარნოი“ და დარბაზი, ან დაიგდებ წონას, ან არ იჩხუბებო. ყველაფერმა ამან უარყოფითი გავლენა იქონია ჩემზე, რაც აისახა კიდეც შედეგზე.

 

 

დრო რომ გქონოდა დასვენებისათვის და არც წონის დაგდება დაგჭირვებოდათ, მაშინ?…

 

 

– დასამალი არაა, რომ ჩემი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი იყო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და შესაბამის ქამარსაც ფლობს. პირველ რაუნდში დომინირებდა კიდეც, თუმცა მეორეში, ასე ვთქვათ, სუსტი წერტილი ვუპოვე. ერთხელ ხელით კარგად დავარტყი, წაბარბაცდა. ამის მერე ხელით ბრძოლას გაურბოდა. ჩემზე გაცილებით მაღალიც იყო და ცდილობდა შორიდან, ფეხით შემოეტია, მე კი დისტანციის შემცირებას ვცდილობდი. ამას მსაჯებიც ხედავდნენ და ხშირად გვაჩერებდნენ. სწორედ მორიგი `შეჩერების~ დროს გამეპარა მუხლით დარტყმა, რის შედეგადაც წარმო გამისკდა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩამეთვალა. ისე ნუ გამოგებთ, რომ მასზე ძლიერი ვარ და აუცილებლად დავამარცხებდი. საკუთარ ძალებსაც რეალურად ვაფასებ და ნებისმიერი მეტოქის შესაძლებლობებსაც. უბრალოდ, ყველაფრის გათვალისწინებით, შანსები აშკარად არათანაბარი იყო, სხვა შემთხვევაში, ორთაბრძოლა სხვა სცენარით წარიმართებოდა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ანდრეი ტოფტი, იმ პრომოუტერის საყვარელი მერძოლია, ე.წ. „ლუბიმჩიკი“, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ტურნირს.

 

 

მეორე ბრძოლა თუ გქონდა?

 

 

– რა თქმა უნდა. მეორე შეხვედრა, ოღონდ რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროპის 2010 წლის ჩემპიონ ჩეჩენ გასანოვთან მოსკოვში გავმართე (ტოფტთან ბრძოლა ნიჟნი-ნოვგოროდში შედგა – ი.დ.). პირველ და მეორე რაუნდებში ქულებით ვუგებდი, მესამეში ფეხი მომიქნია, მუხლი დავუხვედრე და წვივი გადაეხსნა, რის შედეგადაც ტრავმა მიიღო. ის ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მე მოვიგე. დანარჩენი შეხვედრები უკვე სავარჯიშო სპარინგის ხასიათს ატარებდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ ორი ორთაბრძოლის შედეგად, რეიტინგში საგრძნობლად წავიწიე წინ და საშუალება მომეცა, ამ ვერსიით ასე ვთქვათ, უმაღლეს ლიგაში ვიასპარეზო.

 

 

რუსეთში მარტო გაემგზავრე?

 

 

– არა, ბათუმელი კრივის მწვრთნელი გელა ჩარგეიშვილი მახლდა თან. ფაქტობრივად, ორ ქართველს მოგვიწია რუსებით სავსე დარბაზთან გამკლავება. მარცხის მიუხედავად, ვფიქრობ, ღირსეულად წარვსდექი. წელს კიდევ ვაპირებ რუსეთში სამი ბრძოლის გამართვას და რაც მთავარია, წლის ბოლოს ვაპირებ კვლავ შევხვდე ანდრეი ტოფტს, ოღონდ ამჯერად საჩემპიონო ქამრისათვის ბრძოლაში.

 

 

დაგითმობს?

 

 

– ვეცდები დავათმობინო.

 

 

ახლა ისვენებ?

 

 

– არა. უნივერსიტეტის დარბაზში ვვარჯიშობ, ჩემი მეგობარი და სპარინგ-პარტნიორი, აკაკი წინწკალაძე მეხმარება, კრივში გოჩა აბაშიძე მავარჯიშებს. ასე რომ დარწმუნებული ვარ, მომავალ ბრძოლებს უკეთეს ფორმაში შევხვდები.

გოგონების ოქრო და ვაჟების ვერცხლ-ბრინჯაო

აჭარის ნაკრები (მთავარი მწვრთნელი – თემურ დანელია) ძირითადად ხელვაჩაურის სპორტსკოლის სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა, ერთი მებრძოლი, ასლან ქათამაძე, რომელმაც 70 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა, კლუბ „სპარტას“ (პრეზიდენტი – პავლე კარაპეტიანი, მწვრთნელი – სანდრო ტუღუში) წევრია. ვაჟთა შორის სულხან კახიძემ (60 კგ) მე-2 ადგილი დაიკავა, მესამეზე გავიდა მირლანდ ფუტკარაძე, რომელიც აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენეს გოგონებმა. ორივე მათგანი ძიუდოშიც ვარჯიშობს (მწვრთნელი – ნათია აბუსერიძე), რაც წაადგათ კიდეც ტურნირზე. ნათია დიასამიძე და გურანდა აბესლამიძე ორივე 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, თუმცა, გურანდამ 17 წლამდელთა შორის, ნათიამ კი დიდებში იჩხუბა. საბოლოოდ, აჭარის ნაკრების გოგონებმა ყველა ორთაბრძოლა მოიგეს და ბათუმს ჩემპიონის რანგში დაუბრუნდნენ.

Exit mobile version