კვირის ამბები

განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მეშინია მარტოობის

04.06.2013 • 1924
განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, მეშინია მარტოობის

 

 

ამ ყველაფერს კომპიუტერის ფანჯარაში ვხედავ ჩემს პატარა, მყუდრო ოთახში. არ ვიცი ვინ ზის მიკროავტობუსში – ჩემი მეგობარი, მეზობელი, უბრალოდ ნაცნობი ან ადამიანი, ვინც სადღაც მინახავს, მაგრამ ვერასდროს გავიხსენებ მას; შეიძლება ადამიანი, ვისთანაც ჩემი გზა არასდროს გადაიკვეთება. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, იმ მანქანაში ადამიანები სხედან და სხვა ადამიანები სასტიკად უსწორდებიან.

მანქანაში ნებისმიერი შეიძლება იჯდეს.

 

 

17-მდე და 17-ს მერეც ხშირად მესმის: „ვინ უშლით, ვინ უვარდებათ სახლში, ვინ არღვევს მათ უფლებებს?“ მაინტერესებს იმ პოტენციურ მკვლელს, ვინც იმ დღეს ფანჯარა ჩაამტვრია, მიკროავტობუსში ვიღაც ვირტუალური, არაქართველი „პიდარასტის“ მაგივრად თავისი ძმა, შვილი, მეგობარი რომ შერჩენოდა ხელში, რა მოუვიდოდა, გაიმეტებდა მოსაკლავად?

 

 

ერთ დღეს ბედნიერებმა რომ გაიღვიძოთ და საკუთარმა შვილმა გითხრათ, მამა საქმე მაქვს შენთან, იცი მე გეი ვარ, რა მოგივათ, რა დღეს დააყრით, ან თვითონ რა დღეში ჩავარდებით? თუმცა, ეს თქვენ როგორ დაგემართებათ, არადა, ნამდვილად შეიძლება დაგემართოთ…

 

 

ეს ისე, უბრალოდ.

 

 

იმ დღეს, 17 მაისს თბილისში გეიპარადი არ ყოფილა, იმ დღეს ჰომოფობიასთან, ანუ შიშთან ბრძოლის დღე იყო, თქვენ კი ადამიანებს ნამდვილი შიში აჩვენეთ.

წინ სამღვდელოება მიგიძღვოდათ, მათ მოგცეს კურთხევა მკვლელობაზე. სამღვდელოება კი ის ჯგუფია, ვისი საყვარელი სიტყვაც ბოლო დროს შიში გახდა… მათ ეშინიათ იმის, ვინც იძახის არ მეშინია, ვინც იძახის – მიყვარს. თქვენ ყველას რაღაცის, უცხოს, სხვანაირის გეშინიათ, ამ დროს ყველაზე მთავარი გავიწყდებათ – ის, რაც რეალურია, რისიც ნამდვილად უნდა გეშინოდეთ – ტყუილის, ტყუილის, რომელიც შეიძლება შვილებმა, მეგობრებმა გითხრან; ტყუილი, რომლის თქმაც შეიძლება უახლოეს ადამიანებს აიძულოთ. მაგრამ ეს არაა ყველაზე მთავარი შიში, თქვენ მარტოობის გეშინიათ, გირჩევნიათ მასის ნაწილი იყოთ, უმრავლესობის, ბევრის ნაწილი…

 

 

თითქმის არასდროს გამოვსულვარ ჩემი მყუდრო ოთახიდან რაღაცის გასაპროტესტებლად – ერთხელ მაშინ გამოვედი, როცა ციხის კადრები ვნახე და მეორედ 17-ში, იმიტომ, რომ ორივეჯერ ბევრი ცოტას უსწორდებოდა, ორივეჯერ ბევრი და ძლიერი „ცოტას“ ამცირებდა. ოთახში ვერ გავჩერდებოდი, იმიტომ არა, რომ დონ კიხოტი ვარ, ან რაღაც მსგავსი. უბრალოდ, ადამიანი მიყვარს. ეს იმათთვის, ვინც იძახის, ადრე სად იყავითო.

 

 

ეს თქვენთვის, ვინც ზნეობას ადამიანზე მაღლა აყენებთ. იქნება, როგორმე შეძლოთ და გაიგოთ, ადამიანისთვისაა ყველაფერი – სამშობლო, ღმერთი, ოჯახი და არა პირიქით. ეს ყველაფერი ადამიანის გარეშე არაფერია, არ არსებობს და ვერც იარსებებს.

 

 

თქვენ, იმ დღეს არაადამიანურად იქცეოდით, თქვენ ზნეობისა და მართლმადიდებლობის სახელით იმ დღეს სხვა ადამიანები მოკალით (არ აქვს მნიშვნელობა შეძელით ეს თუ ვერა).

 

 

მე მარტოობის მეშინია, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც არაადამიანობის მეშინია. მე თქვენნაირად ყოფნა მეშინია.

და როცა დავინახავ, რომ ბევრი ცოტას უსწორდება, იმედია არ შემეშინდება, ისევ გამოვალ ოთახიდან. მეშინოდეს მარტოობის, მერე რა.

 

 

იმედია, ადამიანად ყოფნის არ შემეშინდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: