მთიანი აჭარა

კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ

17.06.2013
კორტები და ფრენბურთის მოედანი უფუნქციოდ

ჩოგბურთის შემსწავლელთა ჯგუფი ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე გასული წლის სექტემბერში შეიქმნა. სპორტის ამ სახეობას 16 ქედელი ახალგაზრდა ეუფლება, თუმცა წვრთნები აქ თებერვლის მერე აღარ ჩატარებულა, რადგან კორტის საფარი მწყობრიდან გამოვიდა. მწვრთნელიც და ახალგაზრდა სპორტსმენებიც საფარის აღდგენას რამდენიმე თვეა ელოდებიან.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებელ ფირმას წერილობითი მოთხოვნა საფარის აღდგენასთან დაკავშირებით პირველ აპრილს გაუგზავნა. სამსახურის უფროსი გია გათენაძე ამბობს, რომ ფირმას საგარანტიო ვალდებულება ხუთი წლით აქვს აღებული.

 

 

ჩოგბურთის კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის დამკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოა. სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 84 667 ლარია, ტენდერი საკრებულომ გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ  შპს “გულები ო.დ”-თან მშენებლობის წარმოებაზე ხელშეკრულება 84 667 ლარზე გაფორმდა. კომპანიის დირექტორი ოთარ დიასამიძე აცხადებს, რომ კორტების საფარის დაზიანება სიცივეში ჩატარებულმა სამშენებლო პროცესებმა განაპირობა და დასძენს, რომ გამგეობას სიტყვიერად სატენდერო პირობების გაგრძელება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ობიექტი დროულად ჩააბარა, სიცივესა და ყინვაში შესრულებულმა სამუშაოებმა კი დროთა განმავლობაში საფარის დაზიანება გამოიწვია.

 

 

“ობიექტი სატენდერო პირობების მიხედვით ჩავაბარე, თუმცა გამგეობას დროის გახანგრძლივება ვთხოვე, რადგან ყინვა დაიწყო და გვინდოდა ხარვეზები აგვერიდებინა თავიდან, რაზეც უარი მივიღე. სიცივე ახალდასხმულ ფენას მოერია და ძირი მოიშალა. ექსპერტი მოვიყვანე, სპეციალისტმა მითხრა, საფარი ზაფხულში უნდა გაკეთებულიყოო, მე კი დოკუმენტაციას მივყევი და ამიტომ მოხდა ასე. პირველი შემთხვევაა, როცა ყინვამ ძალიან დამაზარალა.” –  ამბობს ოთარ დიასამიძე.

 

 

ოთარ დიასამიძე ამბობს, რომ მან ობიექტი 2011 წლის ბოლოს ჩააბარა, მაგრამ როგორც კი დათბა, მოედნის ზედაპირი ამოცვივდა. გასულ ზაფხულს კომპანიამ მოედანი გადაღება, თუმცა ამან ხარვეზები ვერ გაასწორა.  “ახლა ისევ გადასაღებია, სანამ გადავღებავთ, მანამდე მოყინული საფარია ამოსატეხი. სამუშაოების დაწყებას მომავალი კვირიდან დავიწყებთ. რაც შეეხება ფრენბურთის მოედანს, პროექტის მიხედვით რაც მევალებოდა, გავაკეთე. მხოლოდ ბადეა გასაბმელი, ეს კი ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩვენ არ გვევალებოდა ინვენტარის შეძენა” – აცხადებს ოთარ დიასამიძე.

 

 

მწვრთნელის მიშა ვაზაგაშვილის თქმით, ჩოგბურთის მოედნის საფარი რომ მწყობრიდან არ გამოვიდეს, საჭიროა კორტების გადახურვა:

 

 

“ჩოგბურთის ჯგუფი სექტემბერში გოგონებით დაკომპლექტდა. თავდაპირველად ჩოგბურთის შესწავლის მსურველი გაცილებით მეტი იყო. ამ ეტაპზე წვრთნები არ ტარდება, კორტები არ არის გამართული და სად უნდა ჩავატარო? საფარი მწყობრიდანაა გამოსული, თავის დროზე, როცა გაიხსნა ჩოგბურთის მოედანი, კარგ მდგომარეობაში იყო, დროთა განმავლობაში გამოვლინდა ხარვეზები.  აუცილებელია მოედნის გადახურვა, საფარი რომ არ დაზიანდეს. როგორც ვიცი, ზაფხულში უნდა გამართონ საფარი და სწავლებასაც სექტემბრიდან დავიწყებთ. ჩვენი მოსწავლეები II-III-IV კლასის მოსწავლეები არიან, სექტემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ვაჟთა ჯგუფის გახსნაც” – ამბობს მიხეილ ვაზაგაშვილი.

 

 

კორტებისგან განსხვავებით ქვიშის ფრენბურთის მოედნით დღემდე არავის უსარგებლია. აქ არც ბადეა გაბმული და არც ჯგუფი ჩამოყალიბებულა. ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი მამუკა დიასამიძე აცხადებს,  რომ თავის დროზე არ იყო გადაწყვეტილი რა ტიპის მოედანი უნდა მოწყობილიყო და რადგან თანხა არასაკმარისი იყო და სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, ვერც ინვენტარი გაითვალისწინეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე, როდესაც ქვიშის ფრენბურთის მოედანი მოეწყო, ინვენტარისთვის საჭირო თანხა ბიუჯეტში არ აღმოჩნდა.

 

 

“ფრენბურთის მოედნის ინვენტარის შეძენისთვის 4-5 ათასი ლარია საჭირო, ეს თანხა ბიუჯეტის კორექტირებისას გავითვალისწინეთ. კორექტირების ზეპირი მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა დაკმაყოფილდება თუ არა მოთხოვნა ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატების გადასაწყვეტია” –  ამბობს მამუკა დიასამიძე.

 

 

კითხვას, რატომ დარჩა უფუნქციოდ ფრენბურთის მოედანი და რატომ ვერ აღჭურვეს დღემდე 2011 წელს ჩაბარებული ობიექტი ინვენტარით, ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი პასუხობს: “ეს არის გასართობი მოედანი, ინვენტარი ადგილზე გვაქვს”, იგი აქვე იმასაც დასძენს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს.

 

 

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გია გათენაძის თქმით, სამომავლოდ ობიექტს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე აღარ ჩაიბარებენ: “გამგებელმა მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნა ხელშეკრულებაში ჩაიდოს, ობიექტები აღარ ჩაბარდება ისე, თუ არ ექნება მას ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, 100%-იანი გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ეს მეტ-ნაკლებად შეამცირებს ხარვეზების შემდეგ გამოვლენას.” –  ამბობს გია გათენაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: