ნეტგაზეთი • RU

წლის ბოლოს ჩემპიონის ქამრისთვის ვიბრძოლებ



K1 ვერსიით მებრძოლი, ბათუმელი რომა აბაშიძე ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, სპარინგ-შეხვედრებს მართავდა და რაც მთავარია, მონაწილეობა მიიღო პროფესიონალურ ტურნირში, რომელშიც რუსეთის მრავალგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ანდრეი ტოფტს შეხვდა. ტოფტს პროფესიულ რინგზე 31 ბრძოლა აქვს ჩატარებული, ამათგან უმეტესობა მოგებული აქვს. მართალია, ჩვენი მებრძოლი დამარცხდა, მაგრამ ისიც მსაჯების ჩარევის შემდეგ, როდესაც გახეთქილი წარბის გამო მას ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩაუთვალეს. რა უსამართლობის წინაშე აღმოჩნდა ბათუმელი მებრძოლი რუსეთში, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად რომა აბაშიძე მოუთხრობს.



რომა აბაშიძე: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსული მხარე საკმაოდ უსამართლოდ მომექცა. იცოდა ჩემი ჩასვლის მიზანი, ისიც იცოდნენ ბრძოლა რომ უნდა გამემართა, ვიზა კი ისე გამოფორმეს, რომ ბრძოლის წინა დღით მოვახერხე ჩასვლა, ისე რომ ადაპტაციისთვის კი არა, დასვენებისთვისაც აღარ მრჩებოდა დრო, რადგან მეორე დღეს უნდა მეჩხუბა. თუმცა ეს არაფერი, მთავარი სიურპრიზი წინ მელოდა. განაცხადში მითითებული იყო, რომ 95 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უნდა მებრძოლა, ადგილზე კი გამომიცხადეს, რომ 86 კგ. წონით კატეგორიაში იჩხუბებო. მართალია, ჩემი წონა 88 კგ. იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორია ბრძოლის წინა დღით, თან მგზავრობის შემდეგ, ორი კილოგრამის დაგდება. თავად მიმითითეს, აგერ „პარნოი“ და დარბაზი, ან დაიგდებ წონას, ან არ იჩხუბებო. ყველაფერმა ამან უარყოფითი გავლენა იქონია ჩემზე, რაც აისახა კიდეც შედეგზე.

 

 

დრო რომ გქონოდა დასვენებისათვის და არც წონის დაგდება დაგჭირვებოდათ, მაშინ?…

 

 

– დასამალი არაა, რომ ჩემი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი იყო, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და შესაბამის ქამარსაც ფლობს. პირველ რაუნდში დომინირებდა კიდეც, თუმცა მეორეში, ასე ვთქვათ, სუსტი წერტილი ვუპოვე. ერთხელ ხელით კარგად დავარტყი, წაბარბაცდა. ამის მერე ხელით ბრძოლას გაურბოდა. ჩემზე გაცილებით მაღალიც იყო და ცდილობდა შორიდან, ფეხით შემოეტია, მე კი დისტანციის შემცირებას ვცდილობდი. ამას მსაჯებიც ხედავდნენ და ხშირად გვაჩერებდნენ. სწორედ მორიგი `შეჩერების~ დროს გამეპარა მუხლით დარტყმა, რის შედეგადაც წარმო გამისკდა და ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩამეთვალა. ისე ნუ გამოგებთ, რომ მასზე ძლიერი ვარ და აუცილებლად დავამარცხებდი. საკუთარ ძალებსაც რეალურად ვაფასებ და ნებისმიერი მეტოქის შესაძლებლობებსაც. უბრალოდ, ყველაფრის გათვალისწინებით, შანსები აშკარად არათანაბარი იყო, სხვა შემთხვევაში, ორთაბრძოლა სხვა სცენარით წარიმართებოდა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ანდრეი ტოფტი, იმ პრომოუტერის საყვარელი მერძოლია, ე.წ. „ლუბიმჩიკი“, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ტურნირს.

 

 

მეორე ბრძოლა თუ გქონდა?

 

 

– რა თქმა უნდა. მეორე შეხვედრა, ოღონდ რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროპის 2010 წლის ჩემპიონ ჩეჩენ გასანოვთან მოსკოვში გავმართე (ტოფტთან ბრძოლა ნიჟნი-ნოვგოროდში შედგა – ი.დ.). პირველ და მეორე რაუნდებში ქულებით ვუგებდი, მესამეში ფეხი მომიქნია, მუხლი დავუხვედრე და წვივი გადაეხსნა, რის შედეგადაც ტრავმა მიიღო. ის ბრძოლა ტექნიკური ნოკაუტით მე მოვიგე. დანარჩენი შეხვედრები უკვე სავარჯიშო სპარინგის ხასიათს ატარებდა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ ორი ორთაბრძოლის შედეგად, რეიტინგში საგრძნობლად წავიწიე წინ და საშუალება მომეცა, ამ ვერსიით ასე ვთქვათ, უმაღლეს ლიგაში ვიასპარეზო.

 

 

რუსეთში მარტო გაემგზავრე?

 

 

– არა, ბათუმელი კრივის მწვრთნელი გელა ჩარგეიშვილი მახლდა თან. ფაქტობრივად, ორ ქართველს მოგვიწია რუსებით სავსე დარბაზთან გამკლავება. მარცხის მიუხედავად, ვფიქრობ, ღირსეულად წარვსდექი. წელს კიდევ ვაპირებ რუსეთში სამი ბრძოლის გამართვას და რაც მთავარია, წლის ბოლოს ვაპირებ კვლავ შევხვდე ანდრეი ტოფტს, ოღონდ ამჯერად საჩემპიონო ქამრისათვის ბრძოლაში.

 

 

დაგითმობს?

 

 

– ვეცდები დავათმობინო.

 

 

ახლა ისვენებ?

 

 

– არა. უნივერსიტეტის დარბაზში ვვარჯიშობ, ჩემი მეგობარი და სპარინგ-პარტნიორი, აკაკი წინწკალაძე მეხმარება, კრივში გოჩა აბაშიძე მავარჯიშებს. ასე რომ დარწმუნებული ვარ, მომავალ ბრძოლებს უკეთეს ფორმაში შევხვდები.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე