მთავარი,სიახლეები

„ნუ დამითვლით ნაოჭებს“ – ნინო საკანდელიძე

30.05.2013 • 1078
„ნუ დამითვლით ნაოჭებს“ – ნინო საკანდელიძე

„ძალიან გთხოვთ, ნუ დაითვლით ჩემს ნაოჭებს“ – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 82 წლის ნინო საკანდელიძე, მაყურებელს და ახლა უკვე მკითხველს საკუთარი წიგნის ფურცლებიდან მიმართავს.

ბათუმის დრამატული თეატრის გვერდით, 12- სართულიანი კორპუსი დგას, რომლის მეთორმეტე სართულზე მსახიობი ცოლ-ქმარი – ნინო საკანდელიძე და მანუჩარ შერვაშიძე – ცხოვრობს.

ინტერვიუს ჩასაწერად მისულს სახლში მხოლოდ ნინო მხვდება. ათასჯერ მაქვს ჩემი ისტორია მონაყოლი, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვყვებიო ამბობს, სავარძელში ეშვება და წარსულის გახსენებას იწყებს.

ნინო საკანდელიძე წარმოშობით ვანიდანაა. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, კინოსა და დრამის ფაკულტეტზე.

„თეატრალურ ინსტიტუტში პირველ წელს არ მიმიღეს. იმიტომ, რომ თავდაპირველად სარეჟისოროზე ვაბარებდი, სამსახიობო კი მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, ვანელებს არ გავეკილე. ინსტიტუტში გავიცანი მანუჩარი,“ – ამბობს ნინო საკანდელიძე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბათუმის თეატრში წამოსვლა გადაწყვიტა. „მანუჩარმა მითხრა, წავიდეთ ბათუმში, ვიცურაოთ რამდენიმე წელი, ერთი წელი, ორი წელი და წამოვიდეთ მერე უკანო. წამოვედით და დავრჩით ბატონო, ვცურაობთ დღემდე,“ – ღიმილით იხსენებს მსახიობი.

„ჩამოსვლის დღიდან ვთამაშობდი გაუთავებლად. ხანდახან ორ პიესაში ვიყავი ერთდროულად დაკავებული. ინტრიგა ყველგან არის, არათუ თეატრში, მაგრამ ეს ისეთი ინტრიგაა, რომ სტიმულს გაძლევს, უკეთესს გხდის. თავიდან საკანდელიძის ქმარიო, მანუჩარზე იძახდნენ.

სამ-ოთხ წელიწადში ისე მოიკიდა მანუჩარმა ფეხი, რომ მერე ამბობდნენ, შერვაშიძის ცოლიო. 200-მდე როლი მაქვს ნათამაშები. არანორმალური შრომა გვქონდა, სამი სპექტაკლი იდგმებოდა ერთ-ორ თვეში. ახლა შეიძლება სამი სპექტაკლი დაიდგას წლის განმავლობაში. სოფლებში დავდიოდით, სპექტაკლი ჩაგვქონდა. მაშინ სანამ ჩაის არ მოკრეფდნენ, ჩვენ სპექტაკლს ვერ დავიწყებდით. ხშირად ღამის თორმეტ საათზეც იწყებოდა წარმოდგენა. მერე დილით ისევ რეპეტიცია გვქონდა.

თქვენ რა გენაღვლებათ, ერთობითო, გვეუბნებოდნენ. ვაი ამისთანა გართობას. ღამე ძილი არა გაქვს, ფიქრობ როლზე, აღარ გშორდება, გინდა, რომ კარგად გაითავისო,“ – ამბობს ნინო საკანდელიძე.

მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა. არაფერზე მწყდება გული, ოთარაანთ ქვრივი რომ ვერ ვითამაშე, მაგაზე ვნაღვლობ მხოლოდო, – ამბობს.

„ბათუმის თეატრში ჩემი მოსვლა კლასიკით დაიწყო. არ გაგიკვირდება კაცო, შემოვდგი თუ არა ფეხი ბათუმის თეატრის სცენაზე 56 წელში, გასტროლით წავედით თბილისში და წავიღეთ „ჰამლეტი“ და „ოტელო“. ძალიან ეხმარება მსახიობს კლასიკის თამაში და როლზე მუშაობა.

უბედნიერესი ქალი ვიყავი. წავიტრაბახებ ნამდვილად. არ დამკლებია არც შექსპირის, არც ლერმონტოვის თამაში. საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, მე რუსთაველის თეატრში მერჩივნა, მაგრამ მე რუსთაველის თეატრში ალალად და გულწრფელად ვამბობ, ამდენ როლს ვერანაირად ვერ ვითამაშებდი. იქ საოცარი მსახიობები იყვნენ და ისინიც კი ვერ თამაშობდნენ ამდენს.

მე ერთადერთო „ოთარაანთ ქვრივზე“ მწყდება გული. ოთარაანთ ქვრივი ახალგაზრდა ქალია. 50 წლის ასაკში შემეძლო, 60 წლის ასაკშიც შემეძლო, ახლა უკვე აღარ. არ დადგმულა ჩემ დროს, თორემ ვითამაშებდი,“ – ამბობს მსახიობი.

თეატრისგან განსხვავებით კინოში მხოლოდ სამი ეპიზოდური როლი აქვს შესრულებული. „კინოგენური არ ვიყავიო“- ამბობს.

საუბარში მანუჩარ შერვაშიძე ერთვება, საქართველოს სახალხო არტისტი და ნინო საკანდელიძის მეუღლე.

„კარგი რა ნინიკო, რა კინოგენური არ იყავი. არ არსებობს კინოგენური. ეგ სიტყვა მე სასაცილოდ არ მყოფნის. მე რა კინოგენური ვარ ერთი ეგ მითხარი,“ – ამბობს მანუჩარი.

„იცი სად მიყვარხარ მანუჩარ ყველაზე მეტად? რეკორდში რომ მოდიხარ და ასე რომ იჯგიმები, რას ჰქვია იქ მეგრული არ ეცოდინებათო. მანუჩარს 35 როლი აქვს ნათამაშები კინოში, მე ორი-სამი ეპიზოდური, ისიც ბათუმში. თეატრი უფრო იყო ჩემი, ვიდრე კინო,“- ამბობს ნინო.

მეუღლეზე საუბრისას თვალები უბრწყინავს, სულ ერთად ვიყავით, ერთად მოვდიოდითო – ამბობს.

„მანუჩარმა გამატარებინა ეს დრო, სიცილში, ხარხარში, მადლობელი ვარ. შენ წარმოგიდგენია, უჟმური კაცი რომ მყოლოდა სახლში, ხომ გადავირეოდი. მახსოვს ერთხელ, ძალიან დაკავებული ვიყავი. მანუჩარს უცდია მჭადი დაეცხო. მჭადი იყო ისეთი დაჯღანული, ისეთი, მაგრამ ისე გემრიელად ვჭამე, დღემდე მახსოვს გემო,“ – იხსენებს მსახიობი.

კარიერაზე საუბრისას ერთ მნიშვნელოვან დეტალს იხსენებს, როცა მთელი ქალაქი აალაპარაკა.

„1962 წელია, „მედაფდაფეში“ მქონდა როლი. ეს იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი პიესა. პიესის მიხედვით დაზვერვაზე იყო ერთი გოგონა შეშვებული გერმანელებთან. მე მქონდა ამ გოგოს როლი.

იეჭვეს გერმანელებმა, რომ საბჭოელი იყო ეს ქალი. პიესაში იყო ერთი მომენტი, თუკი ნამდვილად საბჭოელია, ვუთხრათ გაიხადოს და იცეკვოს მაგიდაზე, საბჭოთა კავშირის ქალი არ გაიხდისო. მეც ვიხდიდი და ვცეკვავდი მაგიდაზე. მეცვა საცურაო კოსტიუმი, ისიც მუხლებამდე, შემოვიხსნიდი იუბკას და ვცეკვავდი.

ფეხზე დადგა ქვეყანა. ეს იყო სასწაული. ხალხი იყო გაჭედილი ჯერ ერთი, და მერე იყო სამარცხვინო, როგორ თუ ქართველი ქალი გაშიშვლდა. დარბაზში იყო ერთი აურზაური, კივილი. დარბაზს თავი დაანებე, მანუჩარი კულისებში იდგა და მაშაყირებდა: „წამოდი ქალო სახლში, წამოდიო“.

ნინო საკანდელიძეს, როგორც მსახიობს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, არის აჭარის და საქართველოს დამსახურებული არტისტი, 1987 წელს კი მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი ჰყავს.

„ჩემს შვილს ეზარებოდა თეატრი, დაიწვას ეგ თეატრიო იტყოდა, იმიტომ, რომ დედა ენატრებოდა, ბოლოს თეატრალურ ინსტიტუტში წავიდა თვითონაც.

ახლა შვილი და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობენ. მე და მანუჩარი ბათუმში ვართ. ორ წელიწადში სამოცი წლის ცოლქმარი ვიქნებით. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ,
გვიყვარს და გვიხარია ერთმანეთი,“ – ამბობს მსახიობი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: