კვირის ამბები

პედაგოგიური საბჭოების დილემა

12.06.2013 • 4714
პედაგოგიური საბჭოების დილემა

ზოია სტურუა

პედაგოგიური საბჭოების მოვალეობაში შედის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცება, სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. ასევე, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით გრიფმინიჭებული სასწავლო სახელმძღვანელოების შერჩევა; პედაგოგიური საბჭო თავის წარმომადგენელს ირჩევს სამეურვეო საბჭოში, რომელიც შეუძლია ვადაზე ადრე გადაირჩიოს.

რამდენად ეფექტურად მუშაობს პედაგოგიური საბჭო და არსებობს თუ არა საკმარისი კომუნიკაცია პედაგოგიურ საბჭოებსა და სკოლის სხვა მმართველ რგოლებს შორის? ამ საკითხებზე „ბათუმელებთან“ მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებმა ისაუბრეს.
ზოია სტურუა ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეა. მისი აზრით, დღეს პედაგოგიური საბჭოები დადგენილი სტანდარტებით მუშაობენ და მათგან ახალი ინიციატივები იშვიათია.

პედსაბჭოს სავალდებულო სხდომა სასწავლო გეგმის დამტკიცების დროს ტარდება მხოლოდ. გეგმას დირექტორი პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენს განსახილველად, შემდეგ კი მას სკოლის სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. ასევე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს მოვალეობაა სემესტრული და წლიური შედეგების განხილვა, ანალიზი და სკოლის აკადემიური მდგომარეობის შემოწმება.

„პედაგოგიურ საბჭოში შედის საგნობრივი კათედრებიც, რომელთა ხელმძღვანელებიც არჩეულნი არიან ორი წლის ვადით. არ ნაზღაურდება არც პედსაბჭოს თავმჯდომარეობა და არც კათედრის ხელმძღვანელებს აქვთ ფინანსური მოტიცავია, ამიტომ, ამ თანამდებობებზე ძირითადად ერთი და იგივე პირები რჩებიან“. _ ამბობს ზოია სტურუა. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებში შედის განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ყველა სიახლის თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის განხილვა.

როგორ აისახება პედსაბჭოს მუშაობა სკოლაზე? ზოია სტურუას თქმით ის, რაც ვერც პედაგოგიურ და ვერც ადმინისტრაციის დონეზე ვერ გვარდება, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზაა. „წესით, ყველა კლასში უნდა იყოს კომპიუტერი, რომ საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელი იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. კომპიუტერული კლასი კი არის ერთი და იქ ყველა გაკვეთილს ვერ ჩაატარებ. დიდი მნიშვნელობა აქვს ინტეგრირებულ სწავლებას, ეს ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ _ ვერა“.

ალეკო ყიფიანი

განსხვავებული რამ, რაც მეოთხე სკოლის პედსაბჭოს გაუკეთებია, სკოლაში გაძლიერებული ინგლისურის შემოღებაა: „პროექტი წარედგინა განათლების სამინისტროს, მოიწონეს და დააფინანსეს. მიდის ასევე მუშაობა სწავლების ხარისხზე საგნობრივ კათედრებთან, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სკოლის დონეზე ვერ გვარდება“. ზოია სტურუას თქმით ეს პრობლემა სახელმძღვანელოებს უკავშირდება. `მაგალითად, ჩვენ ქართულში არჩეული გვაქვს როდონაიასა და მაღლაკელიძის სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს ავტორები ერთმანეთს კი არ აგრძელებენ, არამედ იმეორებენ თემებს და მასალებს, რაც ბავშვისთვისაც მომაბეზრებელია და პედაგოგსაც პრობლემას უქმნის. აუცილებელია ამ ავტორების ერთმანეთთან კომუნიკაცია, რომ თემების ლოგიკური ბმა მოხდეს“. ზოია სტურუას აზრით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად უნდა არსებობდეს რაღაც რგოლი, რომელიც განათლების სამინისტროს ან რესურსცენტრების ბაზაზე იარსებებს. `ჩვენ გვქონდა ერთხელ ამ ავტორებთან შეხვედრა, მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“.

პედაგოგის აზრით, რესურსცენტრებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხითაც. „არ არის საკმარისი ის ინფორმაცია, რასაც მასწავლებლები ვიღებთ. თუ არის რესურსცენტრი ჩვენი რეკომენდატორი, მაშინ ჩვენს განვითარებაზეც უფრო მეტად უნდა იზრუნოს და მოიტანოს ჩვენამდე ყველა სიახლე“. ზოია სტურუა ფიქრობს, რომ კვალიფიკაციის ამაღლებას დაეხმარება ღია გაკვეთილები, რომლებიც შემდეგ შეფასდება და გააანალიზდება.

პედსაბჭოს თავმჯდომარე საუბრობს პედაგოგების გადატვირთულ გრაფიკზეც, რომელიც, მისი აზრით, ცალკე პრობლემაა: „თუ მასწავლებელს 15 საათი აქვს ჩასატარებელი, ამასთან, არის დამრიგებელიც, პედაგოგიური საბჭოს წევრიც, ან კათედრაზე უწევს მუშაობა _ ეს ძალიან რთულია, რადგან ეს სამუშაოები არ არის ანაზღაურებადი, მასწავლებელი კი ცდილობს ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და მუშაობს რეპეტიტორად. ამიტომ პროფესიული განვითარებისთვის დრო აღარ ჰყოფნის. თუ გვინდა მეტი ეფექტი, მაშინ ფინანსური მოტივაციაც უნდა გაიზარდოს“.

ალეკო ყიფიანი პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეა. ის მე-2 საჯარო სკოლაში მუშაობს და მიიჩნევს, რომ პედაგოგიური საბჭოს და სამეურვეო საბჭოს მუშაობაც, ჯერჯერობით ფორმალურ სახეს ატარებს: „ძირითადად პედაგოგიური საბჭოს მუშაობა შემოიფარგლება სასწავლო პროცესის ანალიზით და ვცდილობთ, რომ მომაბეზრებელი არ იყოს მასწავლებლებისთვის და მხოლოდ კონკრეტულ მდგომარეობაზე ვისაუბროთ“.

კანონის თანახმად პედაგოგიურ საბჭოს შეუძლია რიგგარეშე სხდომების მოწვევაც, „თუმცა ასეთი ექსტრემალური საკითხები თითქმის არ ყოფილა განსახილველი. ამიტომ ცალკეული კლასების შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას და მოვითხოვთ კლასის დამრიგებლისგან ანალიზს“.

ალეკო ყიფიანის აზრით დღეს პედაგოგიური საბჭო მხოლოდ სტანდარტული საკითხებით შემოიფარგლება და ნაკლებად მსჯელობს ბავშვისთვის საჭირო საკითხებზე: „მსჯელობს სასწავლო პროცესზე, შედეგებზე, ოლიმპიადებსა და რაღაც ამდაგვარ თემებზე, მაშინ როცა, საბჭო მომავლის საკითხებს უნდა წყვეტდეს, მაგალითად, არ ხდება იმის შესწავლა, რატომ იცვლებიან მოსწავლეები სწავლების მაღალ საფეხურზე, რატომ აღარ არიან ისინი წარმატებულები. პედსაბჭო უნდა ეძებდეს სკოლის სუსტ წერტილს და მის გამოსწორებაზე ფიქრობდეს, რადგან ეს აისახება სწავლების ხარისხზე“.

სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, ალეკო ყიფიანის თქმით, აღმზრდელობითი მეთოდია. „გია მურღულიამ თქვა და მეც ვიზიარებ, რომ სკოლის წარმატებას სამი კომპონენტი განაპირობებს: სწავლების ხარისხი, აღმზრდელობითი სისტემა და სკოლის მართვა. აქედან, ყველაზე მეტად დარღვეულია მეორე კომპონენტი, რისი გამოსწორებაც მარტო სკოლის რესურსით ძალიან ჭირს. რადგან მშობლის ასაკიც გაახალგაზრდავებულია, მოსწავლეს ვერც ოჯახიდან მოაქვს შედეგი და ვერც სკოლა აწვდის“.

ალეკო ყიფიანის მოსაზრებით, თანამედროვე სკოლა ბავშვს მეტ ტექნიკურ დავალებას აძლევს და ნაკლებ დროს უტოვებს მსჯელობისთვის: „მასწავლებლები ვეღარ ვლაპარაკობთ, იმდენი ტესტია შესავსები. აღარც ბავშვებს რჩებათ თხრობის დრო და სიტყვის ხელოვნებაც იკარგება“. ის იზიარებს მოსაზრებას, რომ პრობლემებია სახელმძღვანელოებშიც, რაც ასევე ართულებს მოსწავლის დაინტერესებას: „აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოს შედგენაში ჩაერიონ პედაგოგიკის ინსტიტუტები და ფსიქოლოგები. არ შეიძლება მეშვიდეკლასელ ბიჭებს, რომლებსაც ულვაშები აქვთ უკვე და შეყვარებულები არიან, ბოღრია დათვის ზღაპარი და ჭორიკანა შაშვის ამბავი ასწავლო.“

„სასწავლო გეგმაც და პედაგოგიური საბჭოებიც დემოკრატიის სახელით შენიღბული ფორმალობაა“ _ ამბობს ალეკო ყიფიანი, _ „რა გეგმები უნდა დააწყო, როცა ავტორს გთავაზობს სამინისტრო, მეთოდს გთავაზობს სამინისტრო და პედსაბჭო უძლური ხდება პრობლემების გადაწყვეტაში“.
ალეკო ყიფიანი პრობლემას ხედავს პედაგოგიური საბჭოს სტრუქტურაშიც: „არ შეიძლება 114 მასწავლებლიდან ყველა საბჭოს წევრი იყოს. ვერ მუშაობს ეფექტურად. დაბალი საფეხურის მასწავლებლებს მაღალი კლასის საკითხები არ აინტერესებთ, მაღალს _ დაწყებითის, ამიტომ გავყავი ამ ორი საფეხურის პედაგოგები და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვატარებ გაერთიანებულ სხდომებს. ჩემი აზრით, საბჭოს წევრთა რაოდენობაც უნდა იყოს განსაზღვრული, თუ გვინდა შედეგი“.

საბჭოს თავმჯდომარე უარყოფითად აფასებს სკოლის სამეურვეო საბჭოებსაც: „ესეც ზედმეტი დანამატია. იდეები მათგან არ მოდის და არ ხდება არსებითი მსჯელობა პრობლემებზე. ყველა წევრს იმის მიხედვით ირჩევენ, რამდენად სანდო და საჭიროა იგი დირექტორისთვის. თუ მარტო ფინანსები უნდა აკონტროლონ, არც ეგ აღარ არის საჭირო, რადგან ყველა ხარჯი დევს ელექტრონულად“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის, მანანა რატიანის აზრით, პრობლემების ნაწილი, რომელიც დღევანდელ სკოლაში გვხვდება, სწავლების პარადიგმის ცვლილებითაა გამოწვეული: „როცა ტრადიციული მეთოდი შეცვალა ინტერაქტიულმა და აუცილებელი მოთხოვნა გახდა სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება, ამასთან, აუცილებელი გახდა მასწავლებლების ერთმანეთთან თანამშრომლობა, ამან გამოკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები“.

მანანა რატიანი ამბობს, რომ ძველი თაობის პედაგოგებს არ ჰყოფნით გამოცდილება, რომ ახალ ჩარჩოებში იმუშაონ. „უფრო დიდი პრობლემაა მასწავლებელთა მოტივაცია. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა ეს ასე არ არის. მეორე მხრივ კი, იმდენად ხშირია მიდგომების ცვლილება, ამან მასწავლებელი გახადა რეზისტენტული“.

მანანა რატიანი სხვა რამდენიმე პრობლემასაც გამოყოფს:
„პრობლემაა მასწავლებელთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან მარტო სერტიფიცირება არ არის გამოსავალი. სერტიფიცირებით მოწმდება სხვა ცოდნა და პრაქტიკაში სხვა რამის განხორციელება უწევთ. მასწავლებელთა ყველაზე დიდი ჯგუფი 50-60 წლის ასაკისაა, ამიტომ მათთან რთულია პერმანენტულ განვითარებაზე საუბარი, ახალი კადრების შემოდინება კი სკოლაში არ ხდება. კვლევების მიხედვით 8 000 მასწავლებლის დეფიციტი გვაქვს სკოლაში, მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში მიდიან ადამიანები სკოლაში სამუშაოდ. ამ ეტაპზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი საქართველოს მასშტაბით 120 სკოლაში იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა განვითარებას შეუწყობს ხელს. საპილოტე სკოლებში შეირჩევა შვიდი მასწავლებელი და ერთი სასწავლო ნაწილის გამგე, რომლებიც ითანამშრომლებენ ადგილობრივ კათედრებთან, რათა მოიკვლიონ და დაადგინონ ყველა საჭიროება, რაც სკოლის წინაშე დგას. ამაზე დაყრდნობით კი მომზადდება შეფასების მოდულები, შემდეგ და დაეხმარებიან სკოლას“.


სტატია მომზადებულია პროექტის,,საქართველოს მასწავლებლები ბავშვზე ორიენტირებული სკოლისათვის“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თვალსაზრისს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: